Menu
RSS

როგორ მანიპულირებს სააკაშვილი ემიგრანტებით

ლიეჟის ხმაურიანი შეხვედრის შუქ-ჩრდილები და ექსპრეზიდენტის ახალი ავანტიურა

ამ დღეებში, ქართული პოლიტიკის სიმძიმის ცენტრმა ჩვენი ქვეყნის დედაქალაქიდან შუაგულ ევროპაში გადაინაცვლა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მთელი ქართული მედია ბელგიის ერთ პატარა ქალაქში იყო დისლოცირებული და ,,ლაივ-რეჟიმში'' იმ მოვლენებს აშუქებდა, რომელიც ლიეჟში ვითარდებოდა. ისე, ობიექტურად რომ ვთქვათ, ლიეჟში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა _ საქართველოს ექსპრეზიდენტს რამდენიმე ათეული ემიგრანტი შეხვდა და, როგორც ბელადომანიით შეპყრობილ ადამიანებს სჩვევიათ, მიხეილ სააკაშვილს ლამის ფეხები დაუკოცნა.

მიშა ბედნიერი ჩანდა, აი, ხალხს როგორ ვუყვარვარო, მაგრამ რეალურად, ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური მირაჟი იყო და მეტი არაფერი. რატომ? იმიტომ, რომ ჯერ ერთი, იმდენ ხალხს, რამდენსაც მიხეილმა ლიეჟში მოუყარა თავი, ნებისმიერი მარიფათიანი ადამიანი, დაბადების დღის სუფრაზე აგროვებს ხოლმე. მეორეც, მოლოდინი, რომ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნების თარიღს ამცნობდა საკუთარ მიმდევრებს, ამაო აღმოჩნდა ანუ მან თქვა, რომ სამშობლოში დაბრუნებას არ აპირებს. 

„მეუბნებიან, ბატონო მიხეილ, როდის ჩამოდიხართ საქართველოში? ამაზე პასუხი არის ძალიან მარტივი, რა თქმა უნდა, ჩვენ ჩავდივართ საქართველოში, მაგრამ მინდა გკითხოთ თქვენ, ახლა სიტუაცია მომზადებულია, რომ ჩვენ ყველა ერთად წავიდეთ? დღეს არ არის სიტუაცია მზად, მაგრამ თუ დღეს სიტუაცია არ არის მზად, უახლოეს კვირეებში და თვეებში, ჩვენ ეს უნდა მოვამზადოთ. არ შეიძლება, აქედან უყურო შენი ქვეყნის განადგურებას, არ შეიძლება, აქედან უყურო იმ ბავშვის მოკვლას, რომელიც შენ შობე და გაზარდე, ამიტომ ძალიან მარტივია ჩვენთვის არჩევანი. ყოველდღიურად ჩვენ გვართმევენ საქართველოს ნაწილს... 

იქით არის ბოღმა და აქეთ არის ნათელი სახეები ინტელექტუალური ადამიანების, აქეთ არის მომავალი, იქით კი ტყუილი... აქ ჩამოვიდა ხალხი ძალიან შორიდან, თვითმფრინავებით, ავტობუსებით, ზოგი ავტოსტოპით. წამოვიდნენ, რათა შევხვდეთ და ვიმსჯელოთ ჩვენი სამშობლოს ბედზე'', _ უთხრა სააკაშილმა ემიგრანტებს და მითი, რომ დღე-დღეზე, ყოფილი პრეზიდენტი საქართველოს საზღვრებს მოადგება, ისევ მითად დარჩა. 

სხვათა შორის, ბელგიის ქალაქ ლიეჟში მარტო ემიგრაციის მცირერიცხოვანი წარმომადგენლები კი არა, არამედ საქართველოდან ნაციონალური მოძრაობის ლიდერები და ამავე პარტიის აქტივისტებიც ჩავიდნენ. შეხვედრას 

ვერ დაესწრნენ ის ემიგრანტები, რომელთაც განსხვავებული აზრი ჰქონდათ. 

ზოგადად, ყოფილ მთავარსარდალს მითების შეთხზვა და, მოგვიტევეთ, ხალხის „დაბოლება“ უყვარს _ ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა, როცა მიხეილმა საქართველოში დაბრუნება ჯერ დააანონსა, შემდეგ კი უცებ გადაიფიქრა. ასე იყო, მაგალითად, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინაც, როცა ნაციონალებს იმედი ჰქონდათ, რომ ზუსტად არჩევნების დღეს, სააკაშვილი ქვეყანაში ზღვით შემოვიდოდა და „ოცნებას“ კუდით ქვას ასროლინებდა, მაგრამ ნათქვამია, ნეტარ არიან მორწმუნენიო. ჰოდა, მიშას ფანები დგანან და ელიან მიშას. არადა, უსაზღვროა მათი მოლოდინი, თუმცა ამჯერად სააკაშვილის ფანკლუბის არსსა და რაობაზე კი არა, ზოგადად, ემიგრაციის როლსა და ძალაზე გავამახვილებთ ყურადღებას. 

დიახ, ყველამ, ვისაც პოლიტიკური ცხოვრების ანა-ბანა გაეგება, იცის, რომ ემიგრაცია დიდი ძალაა. ყოველ შემთხვევაში, ცივილიზებულ ქვეყნებში ასეა. სხვათა შორის, ემიგრაციის ძალა ჩვენმა მეზობელმა სომხეთმაც ძალიან კარგად იცის _ შესაძლოა, ამის შესახებ ოფიციალური მონაცემები არ არსებობს, მაგრამ ყურმოკვრით ყველას გაუგია, რომ იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებში, სომხური ლობი ძლიერია. თვალსაჩინოებისა და საკითხში უკეთ გარკვევის მიზნით, შემოგთავაზებთ ამონარიდებს სტატიიდან _ „დიასპორა _ სომხეთის მთავარი დასაყრდენი“, რომელიც ერთ-ერთ ქართულ ინტერნეტ-პლატფორმაზე, 2016 წლის შემოდგომაზე გამოქვეყნდა. აღნიშნულ წერილში ნათქვამია: 

„...სომხეთის მმართველი რესპუბლიკური პარტიის მე-16 ყრილობაზე, ქვეყნის პრეზიდენტმა, რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა, სერჟ სარგსიანმა, თავის სიტყვაში, მოულოდნელად დიდი დრო დაუთმო დიასპორასთან ურთიერთობაზე მსჯელობას და, მიუხედავად იმისა, რომ არაფერი კონკრეტული არ უთქვამს, ყურადღების ასეთი გამახვილება შეფასდა, როგორც სერჟ სარგსიანის განზრახვა, „გააერთიანოს“ სომხეთი და დიასპორა და „ერის მამად“ იქცეს. 

2008 წლიდან, შეუდგა თუ არა თანამდებობრივი მოვალეობის აღსრულებას, სერჟ სარგსიანი აუჩქარებლად, თუმცა მტკიცედ ავითარებდა ეროვნული სახელმწიფოს იდეას, და აცხადებდა, რომ მთელ მსოფლიოში მცხოვრები 10 მილიონი სომეხის პრეზიდენტობა სურდა და არა მხოლოდ – სომხეთში მცხოვრები 3 მილიონის. ამ იდეამ სერჟ სარგსიანის 8-წლიანი პრეზიდენტობის განმავლობაში, სამართლებრივი დადასტურება ვერ ჰპოვა; ასევე, ვერ მოიფიქრეს სომხეთის ცხოვრებასა და სახელმწიფო გადაწყვეტილებებში დიასპორის მონაწილეობის მექანიზმები, მაგრამ სარგსიანის საპრეზიდენტო ვადის მიწურულს არ გამორიცხავენ, რომ შეიქმნება ეროვნული „ქსელური“ ორგანო, რომლის სათავეშიც თავად ის აღმოჩნდება. 

დღემდე სომხური დიასპორა, რომელიც კომპაქტურად არის ჩასახლებული რუსეთში (ზოგიერთი მონაცემით, 3 მლნ. ადამიანი), აშშ-ში (2 მლნ), საფრანგეთში (500 ათასი), ახლო აღმოსავლეთში, ირანში _ სომხეთის ცხოვრებაში მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკურად იღებს მონაწილეობას, ძირითადად – შემოწირულობების დონეზე. 

ამავე დროს, სომხეთის საგარეო საქმეთა თითქმის ყველა მინისტრი (რაფი ოვანისიანი, ვაან პაპაზიანი, ვარდან ოსკანიანი), განსაკუთრებით სომხეთის დამოუკიდებლობის საწყის ეტაპზე, დიასპორის წარმომადგენელი იყო, რომლებიც ქვეყნის საგარეო პოლიტიკას გლობალური პოლიტიკის სისტემაში განიხილავდნენ და არა – პოსტსბჭოთა სივრცეში. ეს იყო სომხეთის სუვერენიზაციის ეპოქა და დიასპორა, ხელისუფლებასთან აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, სიამოვნებით აბანდებდა ინვესტიციებს სომხეთში. თუნდაც ამერიკელი მილიარდელის, კირკ კრკორიანის ფონდ „ლინსისგან“ მიღებული დახმარება რად ღირს, რომელმაც რამდენიმე წლის განმავლობაში, უანგაროდ ჩადო სომხეთის ეკონომიკაში 220 მლნ. დოლარი. 

გარდა ამისა, ლაპარაკია მძლავრი სომხური ლობის შესახებ აშშ-ში, რიგ ევროპულ ქვეყნებში, აგრეთვე – ლიბანსა და ირანში. სომხური ლობი არამარტო ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა გენოციდის საერთაშორისო აღიარების იდეის წამოწევით იყო დაკავებული, არამედ სუვერენული სომხეთისთვის ეკონომიკური და პოლიტიკური დახმარების გაწევითაც. თურქეთი და აზერბაიჯანი არ მალავენ, რომ თავიანთ მოწინააღმდეგეებად იმდენად სომხეთის რესპუბლიკას არ აღიქვამენ, რამდენადაც – დიასპორას. 

„დიასპორად“, როგორც წესი, არა „საბჭოთა“ სომხები მოიაზრებიან. სომხები, რომლებიც პოსტსაბჭოთა სივრცეში ცხოვრობენ, როგორც წესი, ასიმილირებულები არიან, არავითარი გავლენა არ აქვთ იმ ქვეყნების პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, სადაც ცხოვრობენ და დიდად არც ისტორიულ სამშობლოსთან კავშირი აინტერესებთ. განსაკუთრებულად ეს ეხება რუსეთს, სადაც დიასპორა სომხეთზე მოსკოვის ზეგავლენის მოსახდენი ბერკეტი უფროა, ვიდრე _ რუსეთში სომხების ეროვნული ინტერესების დამცავი. მეორე მხრივ, ბოლო წლებში, რუსეთმა პოსტსაბჭოთა სივრცეზე თავისი გავლენის აღდგენაზე დაიწყო ზრუნვა და სომხეთში რუსეთიდან სულ უფრო მეტი შეძლებული სომეხი გამოჩნდა, რომლებიც ბუნებრივად ეწერებიან პოლიტიკურ სისტემაში. მაგალითად, 2015 წელს, კომპანია „სომხური ელექტროქსელები“, რუსული „ინტერ რაო''-სგან იყიდა რუსმა მილიარდერმა, სამველ კარაპეტიანმა (კომპანია „ტაშიირის“ ჯგუფი). 

უფრო ადრე კი სომხეთის განათლებასა და ტურიზმში აქტიურად აბანდებდა ფულს ცნობილი ინვესტორი და მეცენატი, რუბენ ვარდანიანი. 2016 წელს, სომხეთის პრემიერ-მინისტრად დაინიშნა რუსული „გაზპრომის“ მენეჯერი, კარენ კარაპეტიანი. 

ამგვარად, ბოლო წლებში, სომხეთის საქმეებში დიასპორის მონაწილეობის დიდი წილი რუსეთიდან მოდის, თუმცა დასავლური დიასპორა აგრძელებს მნიშვნელოვანი საქმის კეთებას და სომხეთისთვის ეკონომიკური და პოლიტიკური დახმარების გაწევას''...

მართალია, ზემოხსენებული სტატია 2016 წლით თარიღდება და მას შემდეგ სომხეთში ბევრი რამ შეიცვალა _ სხვა თუ არაფერი, ხავერდოვანი რევოლუცია მოხდა და ქვეყნის მართვის სადავეები პაშინიანმა აიღო, მაგრამ ყურადღება თუ მიაქციეთ, წერილი სარგსიანის სურვილით იწყება, რომ მას უნდოდა, მხოლოდ სომხეთის კი არა, არამედ სომხური დიასპორის პრეზიდენტიც გამხდარიყო. 

მოდით, სომხეთს თავი დავანებოთ და სარგსიანის ეს იდეა-სურვილი ქართულ რეალობაზე გადმოვიტანოთ ანუ ნათლად ჩანს, რომ დღეს, მიხეილ სააკაშვილი გაკოტრებული თუ არა, ხელმოცარული პოლიტიკური ფიგურაა _ გარდა იმისა, რომ მასზე სამშობლოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, პატიმრობა ელოდება, მიხეილის უკრაინული ფურორიც კრახით დამთავრდა. კი ბატონო, ერთხანობას ის უკრაინული პოლიტიკის გავლენიანი ფიგურა იყო და ოდესის გუბერნატორიც გახდა, მაგრამ ყველაფერი ეს უკვე წარსულია _ არცთუ ცოტა ხანია, სააკაშვილი უკრაინაში პერსონა ნონ-გრატას სტატუსით სარგებლობს და შესაბამისად, ძალიანაც რომ მოისურვოს, კიევის პოლიტიკურ თამაშებზე გავლენას ვერ მოახდენს. 

დღევანდელი მონაცემებით, სააკაშვილი ევროპაში ცხოვრობს და პერიოდულად აშშ-შიც ჩადის, მაგრამ ის კერძო პირია, რომელიც შეიძლება, ლექციებს კითხულობს, მაგრამ, როგორც პოლიტიკური მოთამაშე, დასავლური პოლიტიკისთვის საინტერესო აღარ არის. მიშას პოლიტიკურ კარიერაზე თავის კვალი იმანაც დატოვა, რომ რამდენიმე ხნის წინ, ამერიკელი სენატორი, ჯორჯ მაკკეინი გარდაიცვალა, რომელსაც ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, მამობილად მიიჩნევდა. 

დასამალი არ არის, რომ აწ განსვენებულ მაკკეინს, თეთრ სახლზე მეტ-ნაკლები გავლენა ჰქონდა და თუ შეთქმულების თეორიებით ვიხელმძღვანელებთ, სააკაშვილსაც, იგივე ოკეანის გაღმა, ზუსტად ის ლობირებდა, მაგრამ ამ მოცემულობით, მიხეილს პოლიტიკური მამობილი აღარ ჰყავს. შესაბამისად, ილუზია, რომ მსოფლიო პოლიტიკის გრანდები მას ისევ მიიჩნევენ ახალი დემოკრატიის ახალ ლიდერად, არავის აქვს. 

ამას გარდა, საშინაო პოლიტიკაშიც აღარ არის სააკაშვილი ერთპიროვნული ბატონი ანუ კი შექმნა გაერთიანებული ოპოზიცია, მაგრამ „ძალა ერთობაშია“-ს გაერთიანებული პირობითად ჰქვია, რადგან ნაციონალური მოძრაობის გარდა, ამ ბლოკში შემავალი პარტიების უმეტესობა რამდენიმეკაციანია, მათ კი, ვისაც თავი დიდი სტრატეგები და პოლიტიკური ფიგურები ჰგონიათ, ოჯახის წევრების გარდა, ბევრი-ბევრი, იმ სადარბაზოს ხალხი იცნობდეს, სადაც ცხოვრობენ. ამ მოცემულობით, სააკაშვილი ერის მამად ნამდვილად არ წარმოჩინდება, თან როგორც „ვერსიას“ ეუბნებიან, იგივე გაერთიანებულ ოპოზიციაში მიხეილს უსიტყვოდ არ ემორჩილებიან და უფრო მეტიც, შიდა შეხვედრებზე, თურმე, ისეთი მომენტებიც არის, როცა მას ურჩევენ, გაჩუმდეს. 

რასაკვირველია, თავს ვერ დავდებთ, რომ თანამოაზრეები სააკაშვილის „დაჩმორებას“ ახერხებენ, მაგრამ ასეა თუ ისე, ყოფილი პრეზიდენტისთვის, რომელიც პოლიტიკურ ხვრელებში კარგად ერკვევა, ერთადერთი გამოსავალი და დასაყრდენი არსებობს, რაც მოცემულ შემთხვევაში, ემიგრაციაა. 

ემიგრანტები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს თვალს, როგორც წესი, ონლაინით ადევნებენ, მათ ინფორმაციას, ცხადია, სამშობლოში დარჩენილი ახლობელ-ნათესავებიც აწვდიან, მაგრამ საკუთარი თვალით ნანახი, მაინც სულ სხვა რამეა. ამიტომ ქვეყნიდან, თუნდაც ლუკმა-პურისთვის წლების წინ გადახვეწილი ადამიანები, ალბათ, თვლიან, რომ საქართველო უფსკრულის პირას დგას და ერთადერთი, ვისაც გადარჩენა შეუძლია, სააკაშვილია. ამით უნდა აიხსნას ის გარემოება, რომ ზოგი ემიგრანტისთვის მიხეილი მზეა, ზოგისთვის _ მთვარე და ზოგისთვის _ მესია. 

არავინ ამბობს, რომ საქართველოში უპრობლემო ცხოვრებაა, მაგრამ იგივე 2012 წელთან შედარებით, ადამიანებს შიშის განცდა არ აქვთ და თუნდაც ხელისუფლების კრიტიკის არ ერიდებათ, რაც 2012 წლამდე, ნამდვილ გმირობად ითვლებოდა. ეკონომიკური მდგომარეობა, შესაძლოა, სტაბილური არ არის და ეროვნული ვალუტაც უფასურდება, მაგრამ ანალოგიური პრობლემები ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებშიც არის ანუ ვერ ვიტყვით, რომ ყველაფერი ჩვენი ხელისუფლების ბრალია, თუმცა სააკაშვილი, თავის გარემოცვასთან უნისონში, ცდილობს, „ოცნების“ მმართველობა აპოკალიფსს შეადაროს და ეს თუ არ გამოსდის საქართველოში, სამაგიეროდ, მეტ-ნაკლებად გამოსდის უცხოეთში. ალბათ, ამით უნდა აიხსნას თუნდაც ის გარემოება, რომ სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც, სხვათა შორის, ემიგრაციაში დაიბადა და გაიზარდა, საპრეზიდენტო არჩევნების ორივე ტური ემიგრაციაში წააგო. 

ყოველივე ზემოთქმულის გარდა, სააკაშვილს „ექშენი“ უყვარს და მიდრეკილება პოლიტიკური „ქრაშისკენაც“ აქვს. ერთ ადგილზე ჯდომა, დაგვეთანხმებით, ,,ექშენი'' არ არის. აი, ევროპის ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში სიარული კი პოლიტიკურ თავგადასავლებს უკავშირდება, მით უმეტეს, იმ შემთხვევაში, თუ გვერდით ისეთი ადამიანი გიდგას, როგორი „კაზანტიპისტიც“ გიორგი სიგუაა. 

ისე, ვისაც მოკლე პოლიტიკური მეხსიერება აქვს, შევახსენებთ, რომ თავის დროზე, სიგუა სააკაშვილის დაუძინებელი მტერი იყო, დღეს კი მისი გადაფსკვნილი ძმაკაცია და სოციალურ ქსელში, ყოფილ პრეზიდენტთან გადაღებული სელფებითაც იწონებს თავს. 

რა საერთო აქვთ სააკაშვილსა და სიგუას? _ არსებული ინფორმაციით, ორგანიზაციის _ „ერთად სახლში“, ერთ-ერთი სულისჩამდგმელი, ზუსტად ეს სიგუაა ანუ ეს ახალგაზრდა კაცი, ყოფილი პრეზიდენტის ახალი პარტნიორია ემიგრანტების მობილიზების საკითხებში. როგორც ცნობილია, თავის დროზე, სიგუა „ქართულ ოცნებასაც“, სწორედ ემიგრანტების თემით დაუკავშირდა _ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, ის საზღვარგარეთ, „ოცნების“ მხარდასაჭერად, ქართველების შეკრებებს აორგანიზებდა. მოგვიანებით, სიგუა აშშ-ში, ყოფილმა საპატიო კონსულმა, ფულის გამოძალვაში დაადანაშაულა, სხვა ემიგრანტები კი ამბობდნენ, რომ აქციების ორგანიზებისთვის, თითოეულ ადამიანზე კონკრეტულ თანხას ითხოვდა. 

ემიგრაციის თემაში სიგუა არცთუ მნიშვნელოვანი ფიგურააა. ამიტომ მასზე ყურადღების დიდად გამახვილება არც ღირს, თუმცა ერთი აუცილებლად აღსანიშნავია: სააკაშვილი სახლში დაბრუნებას სიგუასთან ერთად რომ გადაწყვეტს, აი, აქ შეგვიძლია, უბრალოდ, გავიღიმოთ. 

რაც შეეხება ზოგადად ემიგრაციასა და ემიგრანტებს, ყველამ კარგად იცის, რომ ემიგრაცია ძალიან დიდი ძალაა, ძალა, რომელსაც პოლიტიკურ პროცესებზე სერიოზული ზეგავლენის მოხდენა შეუძლია. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ემიგრანტები მარტო ისინი არ არიან, რომლებიც საქართველოს საზღვრებს გარეთ ცხოვრობენ. გარკვეულწილად, მათი ოჯახის წევრებიც ემიგრანტები არიან. 

მეორეც, უკვე წლებია, ქართული ემიგრაციის ხარჯზე გააქვს ქვეყნის ნახევარზე მეტს თავი _ არ არსებობს ოჯახი, თუ ადამიანი, რომლის ერთი ახლობელიც არ იყოს უცხოეთში, ლუკმა-პურის საშოვნად წასული. 

მესამეც, ემიგრაციას, უნდა თუ არა, შეხება უცხოეთის პოლიტიკურ და ფინანსურ ინსტუტუტებთან აქვს. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ძალიან ბევრი ქართველი ემიგრანტი რუსეთში, ევროპასა, თუ აშშ-ში ძალიან წარმატებულია და ბევრს იმის სურვილიც აქვს, სამშობლოში არათუ თავისი უცხოური გამოცდილებით დაბრუნდეს, არამედ სოლიდური ინვესიტიციაც განახორციელოს. 

სხვათა შორის, ზუსატად ამ კონტექსტში თქვა საააკაშვილმა, რომ ათი მილიონი ინვესტიციის მობილიზება შეუძლია. 

ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ინვესტიციების მობილიზებას სააკაშვილი ემიგრანტების ხარჯზე აპირებს ანუ ის ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს დაჰპირდება, რომ თუ ისინი სამშობლოში ხელისუფლების შეცვლაზე იმუშავებენ, ყველანაირ პირობას შეუქმნის, რათა ემიგრაციიდან დაბრუნდნენ და საკუთარი ბიზნესი ააყვავონ, მაგრამ ეს მხოლოდ დაპირებაა და მეტი არაფერი. 

რაც შეეხება ემიგრაციის პოლიტიკურ ფაქტორს, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია იმიტომ, რომ ემიგრანტებში არიან ისეთებიც, რომლებიც გავლენიან დასავლურ ინსტიტუტებში ან მუშაობენ, ან ცალკეულ გავლენიან ფიგურებთან პირადი ნაცნობობა აკავშირებთ. უცხოეთში პოლიტიკური ფონის შესაქმნელად, ეს ერთ-ერთი კარგი გზა და საშუალებაა, რომლის გამოყენებაზეც უარს არც ერთი ადგილობრივი პოლიტიკური ძალა ამბობს. როგორც ჩანს, სააკაშვილი ახლა სწორედ ამ თამაშს თამაშობს, თუმცა თუ ლიეჟის შეხვედრის რიცხოვნობით ვიმსჯელებთ, ვერ ვიტყვით, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა მთელი ქართული ემიგრაციის გულის მოგება შეძლო. 

 

და ბოლოს, ერთი ისტორიული პარალელი: საბჭოთა ხელისუფლებას, ადგილზე მოქმედი დისიდენტებისა და იატაკქვეშა ორგანიზაციებზე მეტად, 1921 წლის ანუ როგორც ამბობენ, პირველი ქართული ემიგრაციის ეშინოდა. დიახ, კომუნისტებმა ძალიან კარგად იცოდნენ, რა ძალა აქვს ემიგრაციას და ამიტომაც იყო, რომ იგივე საფრანგეთის ქართველობაზე, გაათმაგებული თვალთვალი იყო დაწესებული. ამ კონტექსტში უნდა გავიხსენოთ ექვთიმე თაყაიშვილის დასაფლავებაც თბილისში, როდესაც პროცესიას, სულ რამდენიმე ადამიანი მიჰყვებოდა, თურმე. 

P.S. ბელგიის ქალაქ ლიეჟში გამართულ ემიგრანტთა შეხვედრას უხმაუროდ არ ჩაუვლია _ ნაციონალები და ისინი, რომლებიც სააკაშვილის მიმართ ანტაგონისტურად არიან განწყობილნი, ხმაურის დაწყებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ვინ დაიწყო დებოში? _ ამის გარკვევას აზრი, შესაძლოა, არც აქვს. ფაქტი ის გახლავთ, რომ ქართველებმა, ჩვენი პოლიტიკური ტემპერამენტით მთელი ევროპა თუ არა, ბელგია მაინც გავაოცეთ. ახლა მთავარია, ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდეს და რომელიმე ევროპელმა პოლიტიკოს-დიპლომატმა ევროკავშირს არ ჩააწვეთოს, ეს ერი ვიზალიბერალიზაციას არ იმსახურებსო. არადა, ჩვენ, ქართველები, ხომ პირველი ევროპელები ვართ!

ნინო დოლიძე

დაბრუნება დასაწყისში