Menu
RSS

გადმოთბილისელებული პარლამენტის დილემა და გამოწვევები

გაუქმდება თუ არა არჩევნების მაჟორიტარული სისტემა და რა ელის „პატრიოტთა“ რეზოლუციას, რომელიც სააკაშვილ-ბოკერიას მმართველობის რეჟიმად გამოცხადებას ითვალისწინებს

7-წლიანი ტაიმ-აუტის შემდეგ, საქართველოს მრავალნატაჯი უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო დედაქალაქში დაბრუნდა ანუ უფრო ნათლად და გასაგებად რომ ვთქვათ, ამიერიდან პარლამენტის პლენარული სხდომები ისევ თბილისში გაიმართება. პარლამენტის „გადმოთბილისელებას“ ბევრი მომხრეც ჰყავს და ბევრი მოწინააღმდეგეც, თუმცა დღეს ამის შესახებ არ ვაპირებთ საუბარს, მაგრამ ამ კონტექსტში ერთს მაინც შევნიშნავთ: ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საკანონმდებლო ორგანო მამაქალაქში ანუ ქუთაისში გადაისროლა ის იყო, რომ მიშას და, საერთოდ, ნაციონალებს, როგორც მაშინ ამბობდნენ, სახალხო პროტესტის ეშინოდათ. ახლა, არ იკითხოთ, სად პარლამენტი და სად _ სახალხო პროტესტიო, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის აქციას აზრი და მიზანი მაშინ აქვს, თუ ეს აქცია შუა რუსთაველზე, კერძოდ, იმ ადგილას იმართება, სადაც 1921 წლის თებერვალში, რუსმა ოკუპანტებმა ქართველი იუნკრები ამოწყვიტეს.

დიახ, ქალბატონებო და ბატონებო, პარლამენტის აწ უკვე რეინკარნირებულ შენობას და მის მიმდებარე ტერიტორიას ჩვენთვის, ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ერთგვარად საკრალური დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს _ ყველა მნიშვნელოვანი ამბავი და მოვლენა, თუ უახლეს ისტორიას გადავხედავთ, სწორედ აქედან იღებს სათავეს. შორს რომ არ წავიდეთ, იგივე ნაციონალების მმართველობის დასასრულის დასაწყისსაც, საფუძველი აქ ჩაეყარა _ 2007 წლის 7 ნოემბერს, ხელისუფლებაში რევოლუციურ ლექსს მოყოლილმა ახალგაზრდებმა, ხალხი ზუსტად აქ დაარბიეს. მას შემდეგაც პარლამენტის წინამდებარე ადგილი არაერთხელ გამხდარა მანიფესტაციის ეპიცენტრი. ამ მხრივ, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული 2009 წელი გახლდათ, როცა მაშინდელმა ოპოზიციამ იქაურობა „საკნების ქალაქად“ აქცია (სხვათა შორის, პარლამენტის წინ ახლაც კარვებია გაშლილი). 

ერთი სიტყვით, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ სააკაშვილი საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისში გადატანას აპირებდა, ანალიტიკოსთა ნაწილმა განაცხადა, ამ ნაბიჯით მიშას უნდა, პროტესტი განმუხტოს ანუ უკმაყოფილოხალხის ლიხს იქით მობილიზება გაჭირდება და თბილისში დარჩენილი ნაციონალებიც მშვიდად იქნებიანო, მაგრამ 2012 წელს მოვლენები ისე განვითარდა, როოგორც განვითარდა _ ნაციონალებმა არჩევნები წააგეს და მამაქალაქში „გადაცხოვრება“, „ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობას მოუწია. 

და აი, ასე: უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს 7-წლიანი ქუთაისური „გასტროლი“ დასრულებულია _ 2019 წლის საგაზაფხულო სესიები დეპუტატებმა ისევ თბილისში, პარლამენტის აწ უკვე ისტორიულ შენობაში გახსნეს, თან წეღანდელი თქმისა არ იყოს, საგაზაფხულო სესიები პროტესტის ფონზე გაიხსნა _ პარლამენტის წინ, რამდენიმე თვეა, ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილს, მომხრეებთან ერთად, კარვები აქვთ გაშლილი. ასევე, სხდომების გახსნის წინა დღეს, საპატრიარქოსთან კარავი გაშალეს დაჭერილი დეკანოზის ოჯახის წევრებმა და მიმდევრებმა. ორივე საპროტესტო აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან სამართლიანობის აღდგენას ითხოვენ. 

ისე, სიმბოლურია, რომ „ოცნების“ მთავარი დაპირება, როცა ეს გუნდი ხელისუფლებაში მოსასვლელად ემზადებოდა, ზუსტად სამართლიანობის აღდგენა იყო, მაგრამ საქართველო ხომ ის ქვეყანაა, სადაც სამართალი ურმით დადის და სადაც სიმართლის საპოვნელად ადამიანმა ერთი კი არა, რამდენიმე წყვილი რკინის ქალამანი უნდა გაცვითოს! 

სამართლიანობის აღდგენა ვრცელი თემაა, ამიტომ ამ თემაზე დეტალურად, სხვა დროს ვისუაბროთ. ახლა კი იმ გამოწვევებსა და, ასე ვთქვათ, საფრთხეებზე გავამახვილოთ ყურადღება, რომლის წინაშეც, შესაძლოა, თბილისში გადმოპორტირებული უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო დადგეს. 

„ოცნების“ საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის ერთ-ერთი მთავარი დილემა ის მილიონიანი ხელმოწერა იქნება, რომლის შეგროვებასაც ოპოზიცია გეგმავს ანუ ვიდრე საზაფხულო სესიები გაიხსნებოდა, გაერთიანებული ოპოზიცია შეიკრიბა და საზოგადოებას ამცნო, რომ საარჩევნო სისტემის შეცვლის მოთხოვნით, კარდაკარ სიარულსა და მილიონი ხელმოწერის შეგროვებას იწყებს. 

„იმ 25 პარტიას შორის, რომელთაც იმედი აქვთ, რომ ხელისუფლებას მალე მილიონზე მეტ ხელმოწერას დაუდებენ, არიან ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო, ახალი მემარჯვენეები და სხვები. 

„ჩვენი საარჩევნო გარემო უნდა გახდეს უფრო დემოკრატიული და გადავიდეთ 100%-იან პროპორციულ სისტემაზე.…პროპორციული სისტემა, დიდწილად, გამორიცხავს საქართველოში ერთპარტიული ან ერთპიროვნული მმართველობის განმეორებას. ის იმის გარანტიას მოგვცემს, რომ ჩვენ საგარეო პოლიტიკურ მიზნებს უფრო დაჩქარებული ტემპებით მივაღწიოთ“, _ განაცხადა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ. 

„მაჟორიტარული სისტემა არის უსამართლო, რომლის შენარჩუნება ხმების მოპარვის საშუალებას იძლევა“, _ ამ სიტყების ავტორის, „ახალი მემარჯვენეების“ წევრის, მამუკა კაციტაძის განცხადებით, 30 იანვარს საინტერესო პროცესი იწყება. მისი სიტყვებით, 73-ვე მუნიციპალიტეტმა უნდა გაიგოს, რომ საქართველოში მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნება სიმახინჯეა. 

ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგი უგულავამ კი თქვა, რომ ოპოზიცია შეაგროვებს მილიონზე მეტს ხმას, რის შემდეგაც ხელისუფლებას მოუწევს შეცვალოს სიტემა, რომელიც არის ყველა პოლიტიკური, თუ ეკონომიკური უბედურების წყარო'', _ ეს ინფორმაცია ქართულმა ინტერნეტგამოცემებმა, მიმდინარე წლის 30 იანვარს გაავრცელეს. 

სხვათა შორის, კულუარებიდან ცნობილია, რომ საარჩევნო სისტემის შეცვლას, ოპოზიციის კვალდაკვალ, ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც ითხოვენ. 

რას გულისხმობს საარჩევნო სისტემის შეცვლა? _ ამ ეტაპზე, უმეტესად იმის თაობაზეა ლაპარაკი, რომ ხელისუფლებამ უნდა გამოიჩინოს პოლიტიკური ნება და მაჟორიტარულ არჩევნებზე უარი თქვას. 

სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მაჟორიტარული სისტემის გაუქმება დგება დღის წესრიგში. იგივე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, როცა დღევანდელი ხელისუფლება ანუ „ოცნების“ კოალიცია მძლავრი ოპოზიციური გაერთიანება იყო, ერთმნიშვნელოვნად აცხადებდა, როგორც კი ხელისუფლებაში მოვალ, მაჟორიტარებს წითელს ავუნთებო, მაგრამ შვიდი წელია, „ოცნება“ ქვეყანას მართავს, მაჟორიტარებისთვის კი ბუზიც არავის აუფრენია. 

რატომ? _ ეს რიტორიკული კითხვა სულაც არ არის, რადგან ბავშვმაც კი იცის, რომ მაჟორიტარული სისტემა ხელისუფლების მყარად ყოფნის ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტია. ჯერ კიდევ ცხონებული შევარდნაძის ეპოქიდან მოყოლებული, პოლიტიკაში ჩახედული ადამიანები ხუმრობენ, ვისაც მაჟორიტარები კარგი თვალით უყურებენ, ხელისუფლების სადავეებიც სწორედ მის ხელშიაო. 

რატომ არის ასე? 

იმიტომ არის, რომ მაჟორიტარებად კენჭს, როგორც წესი, ფულიანი და შეძლებული ადამიანები იყრიან, რომლებიც ამომრჩეველზე ფინანსურად ზემოქმედებენ. ხალხს კი ჰგონია, რომ თუ რაიონის დეპუტატი „ფულოსანი“ გახდება, მაშინ ბედნიერ ცხოვრებამდე, ერთი ნაბიჯიღა დააშორებს. 

რაში სჭირდებათ დიდი ფულის პატრონებს დეპუტატის მანდატი? _ ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, რთული მათემატიკური განტოლების ამოხსნა არ დაგვჭირდება: მდიდრები, როგორც წესი, ბიზსნემენები არიან. მართალია, საქართველოს კანონმდებლობით დეპუტატს ეკრძალება, რომ ბიზნესში მონაწილეობდეს, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ეს ადამიანები საკუთარ ბიზნესებს არც გამაჟორიტარების შემდეგ ტოვებენ ანუ ფორმალურად წილებს ცოლზე, სიდედრსა, თუ ოჯახის სხვა წევრებზე აფორმებენ. სინამდვილეში კი, საკუთარ ქონებას ისევ თავად განკარგავენ და დეპუტატის მანდატიც, სლენგით რომ ვთქვათ, „დასაკრიშად“ სჭირდებათ. 

ცხადია, არ ვამტკიცებთ და ამის ფაქტებიც არ გვაქვს, რომ მაჟორიტარები არალეგარულ ბიზნესსაქმიანობას ეწევიან, მაგრამ დეპუტატისთვის ყველა სამთავრობო უწყების კარი ღიაა. ამას გარდა, მაჟორიტარებს არც პარტიული ვალდებულებები აქვთ და თუ მმართველი გუნდი რომელიმე მათგანს მაინცდამაინც კუთხეში მიამწყვდევს და აიძულებს, გინდა თუ არა, ფეხი უნდა აგვიწყო და ის გააკეთო, რასაც გეტყვითო, მაჟორიტარი, პარტიული სიით გადეპუტატებულისგან განსხვავებით, „ზემდგომებს“ იქით დაუწყებს „კაჩავს“, ხომ არაფერი გეშლებათ, პარლამენტში თქვენი ლამაზი თვალების კი არა, ჩემი ჯიბის წყალობით მოვხვდი და აბა, ახლა, ცოტა „დაასტოპეთ“, თორემ დედას გიტირებთ _ უმრავლესობიდან გავალ და თქვენი უძლეველობის მითიც უცებ გაცამტვერდებაო. 

მაშასადამე, მაჟორიტარებსა და მმართველ ელიტას შორის, როგორც წესი, ანგარებიანი დამოკიდებულება არსებობს და ასეა ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან მოყოლებული. ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ ზოგიერთისთვის მაჟორიტარობა უკვე პროფესიად იქცა. 

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, თუ რატომ ამბობს ყველა ტიპის ხელისუფლება არჩევნების მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე უარს. 

ისე, შეიძლება, საკანონმდებლო ორგანოს უმაღლეს თანამდებობის პირებს სურთ კიდეც, რომ მაჟორიტარები გრძელვადიან შვებულებაში გაუშვან, მაგრამ 70 ადამიანის განაწყენება, უმრავლეობის დაშლის პირდაპირპროპორციულია. 

შესაბამისად, ოპოზიცია საწადელს ვერც ერთი ხელისუფლების დროს ვერ აღწევს და აგერ, უკვე 20 ათეულ წელზე მეტია, არჩევნები ორი _ პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით ტარდება. 

დავუშვათ, ამჟამინდელმა ოპოზიციამ მილიონი ხელმოწერის შეგროვება შეძლო და პარლამენტსაც წარუდგინა, მაგრამ მერე რა ხდება, როგორ ვითარდება პროცესები? _ პარლამენტმა განსახილველად, შესაძლოა, მიიღოს კიდეც მაჟორიტარული სისტემის გაუქმება, მაგრამ კენჭისყრაზე ეს საკითხი იგივე მიზეზით ჩავარდება ანუ 70 მაჟორიტარი ხმას საწინააღმდეგოდ მისცემს, თუმცა დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, არსებობს ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი და ეს ნიუანსი _ არც მეტი, არც ნაკლები _ დასავლეთია. 

როგორც წერილის დასაწყისში აღვნიშნეთ, ოპოზიციის მოთხოვნას, რომ საარჩევნო სისტემა შეიცვალოს, მხარს ევროკავშირი და სხვა გავლენიანი უცხოური ინსტიტუტებიც უჭერენ. 

ამას გარდა, იმ შემთხვევაში, თუ მილიონი ხელმოწერის პროექტი ჩავარდება, ოპოზიცია მარტო ჩვენს საკონსტიტუციო სასამართლოს კი არ მიმართავს საკუთარი უფლებების დასაცავად, არამედ სტრასბურგის კარსაც აატალახებს, მოგვხედე, გვიშველე, თორემ ახალგაზრდა ქართული დემოკრატია საფრთხეშიაო. 

საქართველოს მოქმედი ხელისუფლება ამბობს, რომ დემოკრატიის ხაზს ატარებს. ამ ფონზე, ცხადია, არ ექნება სურვილი, რომ ევროსასამართლომ დემოკრატიის ხარვეზებზე მიუთითოს. ამიტომ უნდა, თუ არა, თავად უნდა მიიღოს დემოკრატიული გადაწყვეტილება, რაც იმაში იქნება გამოხატული, რომ მაჟორიტარულ სისტემას გააუქმებს. ყოველ შემთხვევაში, ოპოზიციურ ფლანგს დიდი იმედი აქვს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარდება. 

სხვათა შორის, გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, იგივე ოპოზიციის კულუარებში იმის ალბათობას უშვებდნენ, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით, ნაახალწლევს მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყებოდა, მაგრამ დღეს „ანტიოცნებელები“ ვადამდელ არჩევნებზე მინიშნებითაც აღარაფერს ამბობენ. 

ამ დუმილს თავისი მიზეზები აქვს. კერძოდ: 

გაერთიანებულ ოპოზიციაზე საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებმა დამანგრევლად იმოქმედა ანუ პირველი ტურის შემდეგ, სააკაშვილის ორბიტას იმედი გაუჩნდა, რომ პრეზიდენტი გრიგოლ ვაშაძე გახდებოდა, მაგრამ ეს რომ ილუზია იყო, იმთავითვე ცხადი გახლდათ.

ზუსტად ამ ილუზიის გამო, ოპოზიციამ მთელი ფინანსური და ადამიანური რესურსის მობილიზება მოახდინა. შესაბამისად, ახლა ოპოზიციისთვის ფინანსებიც პრობლემა უნდა იყოს და ადამიანური რესურსებიც. 

ამას გარდა, პრაქტიკულად, შემოდგომაზე, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების კამპანია უნდა დაიწყოს. შესაბამისად, ახლა ვადამდელის მოთხოვნა და ამაზე კონცენტრაცია პოლიტიკური სიბეცე იქნება და მეტი არაფერი. 

ისე, ვადამდელის ალბათობას, როგორც „ვერსიას“ კულუარებში ეუბნებიან, ერთხანობას მმართველი გუნდიც უშვებდა, რადგან ფიქრობდა, რომ „ოცნებაში“ დაწყებულ გაუგებრობას ამით აღმოფხვრიდა, მაგრამ ბოლო დღეების მოვლენებს თვალს თუ გადავავლებთ, სხვა რეალობა შეიქმნა _ ისინი, რომლებიც წასასვლელები არიან, მმართველი ელიტიდან ვადამდელის გარეშეც წავლენ და ამას მოწმობს, თუნდაც გედევან ფოფხაძის განცხადება. 

„მე საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებ ჩემს მეგობრებთან ერთად. მგონია, რომ ჩვენ ღირებულებებით ძალიან დავშორდით ერთმანეთს. ეს რეალობაა და ფაქტობრივად, ეს ასეც ფიქსირდება უმრავლესობის სხდომებზე მათი მხრიდან, ვისაც გვაქვს ასეთი პრინციპულად განსხვავებული პოზიცია და შეურიგებლები ვართ იმ ტენდეციების მიმართ, რომლებიც ფიქსირდება სასამართლოებთან მიმართებაში. ჯერ დანამდვილებით გადაწყვეტილებას ვრ გეტყვით, მაგრამ ამ ეტაპზე, ჩემი განწყობა იხრება იმისკენ, რომ ხალხთან ბოლომდე ვისაუბრო ყველაფერ იმაზე, რაზეც გუნდურობის პრინციპის დარღვევის გამო ვერ ვსაუბრობ. 

მგონია, რომ თუ ჩვენ მორალური არჩევანის წინაშე ვდგებით, ეს არჩევანი გასაკეთებელია. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ პროცესი იყოს სწორი. უნდა ჩამოვყალიბდეთ ბოლოს და ბოლოს, ვინ სად რჩება, ვის რა ღირებულებები გვაქვს და მივიღოთ ეს გადაწყვეტილებები. 

მე შეიძლება წასვლის ნაბიჯი არ გადავდგა, მაგრამ მაინც გამრიცხავენ. აქ საუბარია, ვინ ვის დაასწრებს“, _ ეს განცხადება ფოფხაძემ მას შემდეგ გააკეთა, რაც „ოცნების“ ბოლო პოლიტსაბჭოს განცხადება გავრცელდა. 

ზოგადად, ფოფხაძეს მუქარანარევი საუბარი უყვარს. ყოველ შემთხვევაში, ის უმრავლესობის დატოვების შესახებ, გასული წლის აპრილშიც იმუქრებოდა. მაშინ ფოფხაძე იმაზე განაწყენდა, რომ პარლამენტმა ნინია კაკაბაძე „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად აირჩია. იმხანად „პატრიოტებს“ იმედი გაუჩნდათ, რომ „ოცნებიდან“ წასული გედევანი მათ რიგებში შევიდოდა, მაგრამ მოულოდნელად, ფოფხაძემ წასვლა გადაიფიქრა. 

ჩვენში დარჩეს და, ,,პატრიოტთა ალიანსს'' ფოფხაძე, ან ვინმე ახლა უფრო ჰაერივით სჭირდება, რადგან ცნობილია, რომ ისნის მაჟორიტარი, დავით ჭიჭინაძე „პატრიოტების“ ფრაქციას დღე-დღეზე დატოვებს და თუ მის შემცვლელს ვერ იშოვიან, აღნიშნული ფრაქცია დაიშლება. შესაბამისად, ირმა ინაშვილიც ვეღარ იქნება ვიცე-სპიკერი. არადა, „პატრიოტებს“ საგაზაფხულო სესიებზე სულ სხვა გეგმები ჰქონდათ. ყოველ შემთხვევაში, იმედოვნებდნენ, რომ სწორედ საგაზაფხულო სესიების დროს განიხილავდა პარლამენტი მათ ინიციატივას, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დამნაშავე რეჟიმად გამოცხადებას გულისხმობს. საამისოდ, ამ პარტიამ ხელმოწერებიც შეაგროვა და პარლამენტსაც წარუდგინა. 

2018 წლის ოქტობრის დასაწყისში, ქართულმა მედიამ შემდეგი „ნიუსი“ გაავრცელა: 

„მე დღეს წამოვიღე 300000 ხელმოწერა, ეს არის საქართველოს მოქალაქეების მიერ დადასტურებული ხელმოწერები რეზოლუციაზე, რომელიც ითვალისწინებს მიეცეს სამართლებრივ-პოლიტიკური შეფასება „სააკაშვილი-ბოკერიას“ მმართველობას 2004-დან 2012 წლების ჩათვლით“, _ ამის შესახებ“პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა, საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. 

ირმა ინაშვილმა, მმართველ გუნდს პარლამენტის იურიდიულ სხდომაზე, მათ მიერ წარდგენილი რეზოლუციის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. 

„ქართულ ოცნებას“ 2012 წლის შემდეგ ვეუბნებით, რომ დამნაშავეები უნდა დასაჯონ. დამნაშავეები რომ დაგესაჯათ, დღეს არ იქნებოდით იმ ვითარებაში, რა ვითარებაშიც ხართ და არ მოგიწევდათ ამ რეჟიმში ყოფნა, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ ჩვენს რეზოლუციას, რომელიც გუშინ განიხილა პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა. მე დღეს წამოვიღე 300000 ხელმოწერა, ეს არის საქართველოს მოქალაქეების მიერ დადასტურებული ხელმოწერები რეზოლუციაზე, რომელიც ითვალისწინებს, მიეცეს სამართლებრივ-პოლიტიკური შეფასება „სააკაშვილ-ბოკერიას“ მმართველობას 2004-დან 2012 წლების ჩათვლით. 

არ დავიღლები ამის გამეორებით, ვიდრე პლენარულ სხდომაზე არ გამოვა ეს რეზოლუცია და არ იქნება მხარდაჭერილი. დავარქვათ სახელი, რა ერქვა იმ მმართველობას, ჩვენ თუ არ დავარქმევთ სახელს, არ შევაფასებთ და არ ვიტყვით, რომ ის იყო რეჟიმი, მუდმივად იქნებით იმ ვითარებაში, რა ვითარებაშიც ხართ, ეს „ქართულ ოცნებაზე“ ახია. კიდევ ერთხელ ვამბობ, ღირსი ხართ იმისი, რომ დღეს ორივე განშტოება „ნაციონალური მოძრაობის“ გეძახით ტერორისტებს, ყველანაირი ბრალდება მოდის თქვენზე და ღირსი ხართ იმის გამო, რომ თავის დროზე, ხელიდან გაუშვით შესაძლებლობა, დაგესაჯათ ეს კონკრეტული დამნაშავეები, აქაც რომ სხედან დარბაზში. არც ახლაა გვიან, მხარი დაუჭირეთ ამ რეზოლუციას. ნუ იმალებით, მეგობრებო (ქართული ოცნება), დაესწარით ხვალ იურიდიული კომიტეტის სხდომას, თორემ ამ ქვეყანაში უკვე მიდის ფარული სამოქალაქო ომი, ამას მე ვამბობ პარლამენტის ტრიბუნიდან. აუცილებელია, მხარი დაუჭიროთ ჩვენს რეზოლუციას, თორემ თვითონ ბიზნესის დამტერორებელმა, თქვენ აღარ გითხრათ, ამას ატერორებთ, იმას ატერორებთ და ასე შემდეგ. თუმცა თუ ვინმეს ატერორებთ, უნდა დაისაჯოთ, დღევანდელ ვითარებაში და მე მომხრე ვარ, რომ გამოძიება წარიმართოს სამართლიანად და თუკი ვინმემ, სადმე კანონს გადაუხვია, ყველა იყოს მხილებული და დასჯილი, არავითარ შემთხვევაში, არანაირ კოჭს „ქართულ ოცნებას“ არ გავუგორებ, თქვენი ვალი ჩვენ არა გვაქვს, ქართველი ხალხი მეცოდება“, _ განაცხადა ირმა ინაშვილმა''. 

გასული წლის მიწურულს, კერძოდ, 27 დეკემბერს, ირმა ინაშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართა, რომელზეც განაცხადა: 

„წელია, პარლამენტში ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ სახელით, შემოსულია რეზოლუცია, რომელიც ითვალისწინებს სააკაშვილ-ბოკერიას მმართველობის დანაშაულ რეჟიმად გამოცხადებას. იურიდიულ კომიტეტში იყო განხილვები, მომზადდა სათანადო დასკვნა და პლენარული სხდომების დღის წესრიგში გადმოინაცვლა. 

რეზოლუციას საზოგადოებაში დიდი მხარდაჭერა აქვს, 400 ათასმა ადამიანმა მოაწერა უკვე ხელი. მე 300 ათასი ხელმოწერა წარმოვადგინე პარლამენტში, ჩვენ ამ 400 ათასსაც წარმოვადგენთ. იმასაც შევახსენებ საზოგადოებას, 2018 წლის 25 ნოემბერს, თავისუფლების მოედანზე, აქციაზე, რომელშიც 100 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, მათ საჯარო მხარდაჭერა გამოუცხადეს და მხარდაჭერის ნიშნად, წითელი ბარათები აღმართეს და პარლამენტს რეზოლუცის მიღებისკენ მოუწოდეს. ეს იყო სახალხო საჯარო კენჭისყრა. კარგი იქნება, ყველას ახსოვდეს, ხალხის მხარდაჭერის შედეგად ვართ პარლამენტის წევრები და ვალდებულნი ვართ, მათი ნება გამოვხატოთ. რამდენიმე ხნის მანძილზე, რეზოლუცია პლენარული სხდომების დღის წესრიგში იყო განსახილველი, მაგრამ სხდომაზე არ გამოდიოდა. დღეს ბიუროს სხდომაზე დავაყენეთ საკითხი, რომ წელს, ბოლო სხდომებზე გამოტანილი ყოფილიყო რეზოლუცია. მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ და ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება, ეს რეზოლუცია დღეს გამოვიდეს სხდომაზე. ეს არის მნიშვნელოვანი და ამ პროცესს ქვია ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა. 

მსჯელობა თებერვალში გაგრძელდება. კონკრეტული შედეგით დასრულდება, რაც ითვალისწინებს დამნაშავეების დასჯას და კოჰაბიტაცის დასრულებას''. 

ამ განცხადებიის მიხედვით, პარლამენტმა, სწორედ მიმდინარე თვეს უნდა იმსჯელოს ,,პატრიოტების'' ინიციატივაზე, მაგრამ ასე მოხდება თუ არა, არავინ იცის, რადგან უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს სხვა „თავის ტკივილები“ აქვს.

ნინო დოლიძე

დაბრუნება დასაწყისში