Menu
RSS

მიშას „ფეიკ“ მუქარა

„მგელი მოდის, მგელი“ ანუ მართლა აპირებს თუ არა საქართველოში ჩამოსვლას, გეგმავს თუ არა სანდრა ზუგდიდის მერობას და რა გეგმები აქვს ექსპრეზიდენტს

ამ დღეებში, საქართველოს ექსპრეზიდენტმა ისევ მიიპყრო ყურადღება. ზოგადად, მიხეილ სააკაშვილი ინტერნეტმომხმარებლებს ე.წ. FACEBOOK Live-ებით ანებივრებს, თუმცა ამჯერად, მიშამ „დამანგრეველი განცხადებები“ სატელევიზიო ინტერვიუში გააკეთა და საკუთარ მიმდევრებს თავი ისე მოაწონა, რომ „მიშისტებმა“ დაფნა-ზურნა დასცეს, ჩვენი გმირი დღე-დღეზე საქართველოში იქნებაო. მაინც, რა თქვა ასეთი სააკაშვილმა? ვიდრე ექსპრეზიდენტის განცხადებებს გაგაცნობთ, აქვე აღვნიშნავთ, რომ ნაციონალების ბელადის ფანტაზია კოსმოსშია გაჭრილი. არ გჯერათ? მაშ, თავად მიხეილს მოვუსმინოთ: 

„ივანიშილი აპირებს, შეზღუდოს FACEBOOK-ზე პოსტები იმიტომ, რომ ზუსტად ეს იყო თავის დასმულ თოჯინას, სალომე ზურაბიშვილს რომ ათქმევინეს, შევზღუდოთ პოსტებიო. ეს ნიშნავს, შეზღუდოს აზრის გამოხატულება... ის, რასაც ის აკეთებს ახლა, რომ თიბისი ბანკს იგდებს ხელში, მე მიმაჩნია, რომ მთელი საბანკო სისტემა საქართველოში არის უსამართლო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველაზე უსამართლომ და მთავარმა ბანდიტმა ჩაიგდოს ხელში ყველაფერი. ამას ხომ იმიტომ არ აკეთებს, რომ სამართლიანობის დამყარება უნდა. ამას აკეთებს იმიტომ, რომ მას უნდა იყოს ერთადერთი მევახშე და მხოლოდ მას ჰქონდეს ჩაყოფილი ქართველების ჯიბეში ხელი. ამიტომ, ის ახლა მასობრივად ყიდულობს, ნახეთ, ყველაფერი კავშირშია: მან აიღო ხელში ცემენტის ბიზნესი და ცემენტის პატარა შემომტანები მოკლა, აიღო ხელში ხე-ტყის ბიზნესი, აიღო ფოთის პორტი, ახლა აიღებს ბათუმის პორტს და ქიმიური ნარჩენების ქარხანას აკეთებს აჭარაში. მას ეზიზღება განსაკუთრებით ბათუმი და აჭარა ბევრი მიზეზის გამო. 

ეს ნარჩენების ქარხანა სჭირდება იმიტომ, რომ ჩაიგდოს ხელში რუსთავის აზოტი, რუსთავის აზოტს ჩაიგდებს ხელში იმ შემთხვევაში, თუ ჩაიგდებს ხელში საქართველოს ბანკს და დაიწყო საქართველოს ბანკის აქციების შესყიდვა. თიბისი ბანკის განადგურებით და დანგრევით, ის აპირებს ხელში ჩაიგდოს ლაზიკას პორტი“, _ განაცხადა სააკაშვილმა „რუსთავი 2“-ზე და ამავე ინტერვიუში არც იმის თქმა დავიწყებია, რომ წელს, მარტში, „ოცნება“ აღნიშნული ტელევიზიის დახურვას აპირებს.

სხვათა შორის, სააკაშვილმა „რუსთავი 2“-ის დახურვაზე მინიშნება უკვე მეორედ გააკეთა და კონკრეტული თარიღიც დაასახელა, მაგრამ რატომ მაინცდამაინც მარტი, ან ექსპრეზიდენტი საიდან ასკვნის, რომ ხელისუფლება სამაუწყებლო კომპანიას ზუსტად მარტში დახურავს და არა, ვთქვათ, აპრილში ან ივნისში? როგორც „ვერსიას“ კონფიდენციალური წყარო ეუბნება, „რუსთავი 2“-ს პრობლემები, შესაძლოა, მართლა შეექმნას, თუმცა ამ პრობლემებში დამნაშავე მმართველი გუნდი კი არ იქნება, არამედ გამოვლინდება გარკვეული ფინანსური დარღვევები, რის შესახებაც სააკაშვილმაც უწყის და ტელევიზიის დახურვაზე მინიშნებას დასავლეთისთვის აკეთებს, რადგან უცხოეთში ფინანსებთან დაკავშირებულ საკითხებს პოლიტიკურ დევნად არ განიხილავენ. შესაბამისად, თუ ტელევიზიას პრობლემები შეექმნება, ნაციონალების ლიდერის აზრით, ფონი მომზადებული იქნება საიმისოდ, რომ ყველაფერი პოლიტიკურ რეპრესიებს დაბრალდეს, მაგრამ ეს ნაცადი ფანდია, რომლითაც ფონს გასვლა, ალბათ, გაჭირდება. 

რაც შეეხება სააკაშვილის სხვა განცხადებებს: ესაო, ისაო, ვენესუელაში რევოლუცია ჩემი მომზადებულიაო, 10 მილიონის ინვესტიციის მობილიზება შემიძლია საქართველოსთვისო. 

ამავე ინტერვიუში, ყოფილი პრეზიდენტი ზუგდიდის ყოფილი მერის, ლაშა გოგიას თემასაც შეეხო და განაცხადა: 

„ზუგდიდის საკრებულოში, სადაც იყო საშინელი კორუფცია, სადაც მერი დაიჭირეს, მერის მოადგილე და ყველაფერი გააფუჭეს, ჩვენს საკრებულოს წევრს შემოუტანეს „ქოცებმა“ და მისცეს ცოცხები. ცოცხები მისცეს 8 წლის თავზე, მოგონილი ცოცხები მისცეს... მე მინდა ვუთხრა მათ, ჩვენ არ გვეშინია ამ ცოცხების სიმბოლოსი იმიტომ, რომ ქართველი ხალხი ამ ცოცხებით გაგხვეტავთ მალე. ცოცხები მართლა გაჩნდება, მოგონილი ცოცხები კი არა, ნამდვილი ცოცხები, პოლიტიკური, რომლითაც ქართველი ხალხი ივანიშვილს და ამ ბანდას, რომელიც მოაჯდა საქართველოს, გახვეტავს საქართველოდან. შემოსვამს ამ ცოცხზე და გააფრენს საქართველოდან და ამოკრავს კიდევ მუჯლუგუნს. ეს ასეც მოხდება, მაგრამ ეს უნდა მოხდეს დანაკარგების გარეშე, ძალადობის გარეშე''. 

უნდა ვივარაუდოთ, რომ მიშამ ზუგდიდი შემთხვევით არ ახსენა. რატომ? იმიტომ, რომ როგორც გავრცელდა ინფორმაცია, მისი მეუღლე, სანდრა რულოვსი ზუგდიდის მერობას უმიზნებს: 

„ზუგდიდის მერობაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, შესაძლოა პრეტენზია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მეუღლემ, სანდრა რულოვსმა განაცხადოს. რულოვსი ზუგდიდს, სავარაუდოდ, მამავალი კვირიდან ეწვევა და მოსახლეობასთან შეხვედრებს დაიწყებს. ყოფილი პრეზიდენტის მეუღლემ, ზუგდიდში ვიზიტის შესახებ, პარტიის ლიდერები უკვე გააფრთხილა. 

„ჯერჯერობით ვერსიის დონეზეა ის, რომ შესაძლოა, სანდრა რულოვსმა ზუგდიდის მერის არჩევნებზე მიიღოს მონაწილეობა, თუმცა პარტიაში განსაკუთრებულად ემზადებიან მასთან შესახვედრად. ქალბატონი რულოვსი ზუგდიდს, სავარაუდოდ, მომავალ კვირას ეწვევა. როგორც მე გავიგე, მან პარტია გააფრთხილა, რომ მოამზადონ შეხვედრები ხალხთან და სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან. ხმამაღლა ამის შესახებ არავინ არ საუბრობს და პარტიის კულუარებში ყველას აფრთხილებენ, რომ აღნიშნულმა ინფორმაციამ ჯერჯერობით არ გაჟონოს“, _ აცნობა სააგენტო შთV-ს, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა აქტივისტმა, რომელმაც საკუთარი ვინაობის დასახელება საჯაროდ არ ისურვა. 

წყაროს განცხადებით, სანდრა რულოვსის სავარაუდო კანდიდატად დაყენებასთან დაკავშირებით, შიდაპარტიული გარჩევები და დაპირისპირებებიც იკვეთება. პარტიის ერთ ნაწილს მერობის კანდიდატად ზუგდიდის ყოფილი გამგებლის, ალექსანდრე ქობალიას დაყენება სურს, თუმცა ქობალია ჯერჯერობით არაფერს ამბობს. 

„არაფერია ცნობილი იმაზე, თუ რა პოზიცია აქვს, თავად ქობალიას ამის შესახებ. შესაძლოა, ალბათ იმიტომ, რომ სანდრა რულოვსი, ალექსანდრე ქობალიას უფროსი შვილის ნათლიაა. თუმცა პარალელურად, არ გამოირიცხება, რომ ალექსანდრე ქობალიამ, ზუგდიდის მერის არჩევნებზე დამოუკიდებლად იყაროს კენჭი, ან რომელიმე სხვა პარტიის სახელით, მაგალითად ,,ევროპული საქართველოდან'', _ აცხადებს წყარო''. 

ეს ინფორმაცია 23 იანვარს გავრცელდა და სწორედ ამის შემდეგ შეეხო სააკაშვილი ზუგდიდის თემას. ამასთან, ექსპრეზიდენტმა აშშ-ში გამართულ ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრაზე ისიც მიანიშნა, რომ თებერვლის შუა რიცხვებში გადაწყდება, თუ როდის ჩამოვა საქართველოში. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მიშა საქართველოში დაბრუნებით იმუქრება. ასე იყო, მაგალითად, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, როცა თქვა, რომ ჩვენი ქვეყნის საზღვრებს ზღვით მოადგებოდა. მაშინ არსებობდა მოლოდინი, რომ ის საზღვარს თურქეთიდან გადმოკვეთდა, თუმცა დაპირება დაპირებად დარჩა _ სააკაშვილის მუქარამ „ჩაილურის წყალი დალია“. 

დიდი ალბათობით, მიხეილი სამშობლოში დაბრუნებას არც ახლა აპირებს, მაგრამ მსგავსი ტიპის განცხადებებით, ალბათ, ცდილობს, რომ საკუთარ მომხრეებზე ფსიქოლოგიური გავლენა მოახდინოს, თან პოლიტიკური დუღილის ტემპერატურაც მაღლა ასწიოს. რაც უნდა იყოს, ყოფილ პრეზიდენტს ვერავინ დაუკარგავს, რომ მას მასებზე ზემოქმედება და ასევე, პოლიტიკური მოვლენების დრამატიზება შეუძლია და ამის ნათელი მაგალითია არა მხოლოდ 2003 წლის ნოემბრის მოვლენები, არამედ მისი უკრაინაში დაბრუნების „ექშენიც“, როცა მიშა, პრინციპში, ვა-ბანკზე წავიდა და იმის მიუხედავად, რომ გრძნობდა დაიჭერდნენ, პოლონეთიდან თავის „მეორე სამშობლოში“ დაბრუნების გადაწყვეტილება მაინც მიიღო. სანაცვლოდ, იმ დღეების მსოფლიო პრესის მთავარ პერსონად იქცა, რაც „ჩამოწერილი“ პოლიტიკოსისთვის ურიგო მოცემულობა ნამდვილად არ არის. 

„უკრაინული დრამის“ გათამაშებას სააკაშვილი, შესაძლოა, ახლა საქართველოში გეგმავს, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ სამშობლოში ჩამოსული მიშა, როგორც პოლიტიკური ფიგურა, მალე აქტუალური აღარ იქნება _ შეიძლება, დაიჭირონ, მაგრამ ეს „ნიუსი“ მედიის თემა რამდენიმე ხანს იქნება, მერე კი ახალი სკანდალი აიწევა და მიშაც ისევე მიეცემა დავიწყებას, როგორც ვთქვათ, ვანო მერაბიშვილი და ბაჩანა ახალაია აღარავის, ან თითქმის აღარავის ახსოვს. ამიტომ, ყოფილი პრეზიდენტისთვის ყველაზე ხელსაყრელი მდგომარეობაა, „მგლის“ როლი მოირგოს, რომლითაც იგივე ხელისუფლება მუდმივად მზადყოფნაში იქნება. სხვათა შორის, „მგელი მოდის“ პრინციპმა, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ კარგად იმუშავა _ ქალაქში გამოფენილმა ნაციონალთა პლაკატებმა ხალხს ის 9 წელი გაახსენა და ამიტომაც, არჩევანი ზურაბიშვილის სასარგებლოდ გააკეთა. 

ერთი სიტყვით, საქართველოში დაბრუნებული და ციხეში გამოკეტილი სააკაშვილი არც „ოცნებას“ აძლევს ხელს. ეს მომავალი, მაინცდამაინც არც თავად ექსპრეზიდენტს უნდა ხიბლავდეს, რადგან შორიდან ბაქი-ბუქი უფრო ადვილია, ვიდრე ადგილზე საქმის კეთება. 

რაც შეეხება იმას, რომ სანდრა რულოვსმა შესაძლოა, ზუგდიდის მერობისთვის იბრძოლოს, 2016 წელს, ქალბატონი რულოვსი ზუგდიდის მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობდა, მაგრამ სასურველი შედეგი ვერ დადო ანუ დეპუტატი ვერ გახდა. მართალია, ამბობენ, რომ ნაციონალებს სამეგრელოში ბევრი მხარდამჭერი ჰყავთ, მაგრამ 2016 წლის მაგალითი მიანიშნებს, რომ სანდრა ზუგდიდის მერი ვერ გახდება და შესაბამისად, ეს „ნიუსიც“ „ფეიკია“, რომლის მიზანიც ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების ტონუსის აწევაა. 

„აქ არის ძალიან მარტივი ტესტი _ 72 საათი ჩემი თავისუფლად სიარული საქართველოში და ივანიშვილი გაქრება საერთოდ, აღარ იარსებებს!“ – თქვა სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ, „რუსთავი 2“-ის გადაცემა „კვირის აქცენტებში“. 

გადაცემის ერთ-ერთმა წამყვანმა, ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ მას მოუწოდა, რომ გაერისკა და ჩამოსულიყო, რაზეც სააკაშვილმა უპასუხა: 

„იმ წუთში, როცა მე ჩავთვლი, რომ საქართველოს საზოგადოებისა და ოპოზიციის აქტიური ნაწილი მზად არის, უზრუნველყოს ჩემი 72-საათიანი თავისუფალი გადაადგილება საქართველოში, მე გავჩნდები მანდ''. 

ამ ციტატიდანაც კარგად ჩანს, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს „ფეიკნიუსების“ შექმნა ეხერხება ანუ მან ძალიან კარგად იცის, რომ საქართველოს მოსახლეობა მისი გულისთვის „ვენებს არ გადაიჭრის“ და შორიდან იმუქრება, ჩამოვდივარ და მიფრთხილდითო, მაგრამ მიშას „ფეიკმუქრა“ ძველი სიმღერაა, რომლისაც აღარავის სჯერა! 

სხვათა შორის, „ვერსიის“ ხელთ არსებული, კულუარული ინფორმაციით, სააკაშვილის განცხადებებს, მაინცდამაინც სერიოზულად, არც თავად ნაციონალები აღიქვამენ. უფრო მეტიც, როგორც ჩვენ გევუბნებიან, იგივე გაერთიანებული ოპიზიციის ლიდერები მიშას ინიციატივებს ბოლო დროს ხშირად ბლოკავენ, რაც ყოფილ პრეზიდენტს ძალიან არ მოსწონს. თუმცა როგორც იტყვიან, დინებას უნდა მიჰყვეს, რადგან თუ ქვას ააგდებს და თავს შეუშვერს, შეიძლება, ისეც მოხდეს, რომ პოლიტიკური მხარდამჭერების გარეშე დარჩეს და მისი, როგორც პოლიტიკური ფიგურის ვარსკვლავი, საბოლოოდ ჩაესვენოს.

ნინო დოლიძე

დაბრუნება დასაწყისში