Menu
RSS

ოქრუაშვილიდან „ოცნებამდე“ _ ეკა ბესელიას აღზევება და დაცემა

„კანონიერი ქურდები“, პოლიტპატიმრების სკანდალი და სხვა საქმეები _ „ოცნების“ ექსფავორიტის X-ფაილი

ბოლო წუთამდე მმართველი პარტიის „მარიამ სტიუარტად“ ითვლებოდა და საზოგადოების გარკვეულ წრეებში არსებობდა მოსაზრება, რომ უბატონოდ ხმას ვერავინ გასცემდა, რადგან „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის უპირობო კეთილგანწყობით სარგებლობდა და ვინც მას აწყენინებდა, საქმე პირდაპირ ბიძინა ივანიშვილთან ექნებოდა, მაგრამ ყოველთვის ისე არ ქუხს, როგორც წვიმს. ზოგადად, ქუხილისა და წვიმის მითი პოლიტიკაში აბსურდულია, რადგან მოწმენდილ ცაზე შეიძლება, ისე კოკისპირულად დასცხოს, რომ პოლიტსუბიექტები დასველებისგან ქოლგამ კი არა, მყარსახურავიანმა სახლმაც ვერ იხსნას. ასე მოხდა ახლაც ანუ ზუსტად მაშინ, როცა ეკა ბესელიას ეგონა, რომ ლელო გაიტანა და „ოცნების“ ე.წ. ახალგაზრდები „მიაჩმორა“, ბიძინა ივანიშვილმა, როგორც იტყვიან, თერთმეტმეტრიანი დაარტყა. ამ თერთმეტმეტრიანმა ქალბატონი ეკას არათუ ოცნებები დაამსხვრია, არამედ მისი მუქარაც, ყველაფერს ნათელს მოვფენო, გააუფერულა და, როგორც პარლამენტის კულუარებში ამბობენ, შესაძლოა, ისეც მოხდეს, რომ ერთ დროს „ოცნების“ ვარსკვლავი გრძელვადიან პოლიტიკურ შვებულებაში წავიდეს.

სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ, გრძელვადიან შვებულებაში წასვლა არც თავად ბესელიამ გამორიცხა. ყოველ შემთხვევაში, მაშინ, როცა „ოცნების“ ახალგაზრდულ ფრთასთან მისი დაპირისპირების შესახებ გახდა ცნობილი, განაცხადა: 

„მზად ვარ, წავიდე სახლში, წავიდე პოლიტიკიდან, თუ ეს არ გაამრუდებს სამართლიანობისთვის ბრძოლის იდეას და კომიტეტს არ დავტოვებთ, მაგალითად, ზარდიაშვილის ხელში. როცა საუბარია ძველებისა და ახლების დაპირისპირებაზე, ეს ასე არაა, რეალურად, ეს არის ფასეულობათა და ღირებულებათა წინააღმდეგობა. ვინც კაბინეტით ზომავს და მლიქვნელობით გამოხატავს თავის ერთგულებას, მე ვერ ჩავთვლი, რომ ის ჩემი თანაგუნდელია“. 

ვის თვლიდა და თვლის ეკა ბესელიათAთანაგუნდელად? _ ეს ცალკე საუბრის თემაა. ფაქტი კი ისაა, რომ იმ დროს, როცა დასავლეთში მივლინებით იმყოფებოდა, იურიდიული კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს კაბინეტი დააცლევინეს და სხვა სამუშაო ადგილი მიუჩინეს. ბესელიას ახალი კაბინეტი, როგორც ამბობენ, პარლამენტის იმ ფლიგელში მდებარეობს, რომელ ფლიგელშიც, როგორც წესი, „ჩამოწერილები“ საქმიანობენ. როცა არცთუ შორეულ წარსულში დიდი საპარლამენტო თანამდებობა გეკავა, მერე რაღაც აირევა და მაშინვე ელიტურ კაბინეტს დაგატოვებინებენ, თან ისე, რომ საკუთარი ნივთების შეგროვების საშუალებასაც არ მოგცემენ, ეს ერთგვარი მესიჯია, მესიჯი, რომელიც კარგად უნდა გააანალიზო და დასკვნები გამოიტანო. ჰოდა, როგორც ჩანს, დასკვნები ქალბატონმა ეკამაც გამოიტანა და დაანონსებული, „ბევრ რამეს ვიტყვიო“, გადადო ანუ ბოლო წუთას თქვა, რომ პროფესიული ეთიკა უფლებას არ აძლევს, რაღაცებზე ხმამაღლა ილაპარაკოს. „პროფესიულ ეთიკაში“ კი ის იგულისმებოდა, რომ „პირსისხლიანი“ ნაციონალების ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო ჟამს, ეკა ბესელია ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი იყო. 

ისე, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ბიოგრაფიას თვალს თუ გადავავლებთ, არაერთი ცნობილი ადამიანის, მათ შორის, პოლიტიკოსის ადვოკატი ყოფილა. უფრო მეტიც, 90-იანი წლების მიწურულსა და 2000-იანების დასაწყისში, მას ნორმალური ურთერთობა ჰქონდა მოქკავშირის ახალგაზრდულ გუნდთან, თუმცა ვიდრე ამ დეტალებს გავიხსენებთ, მოდით, „ოცნების“ ექსპრივილეგირებული სახის ოფიციალურ ბიოგრაფიას გადავხედოთ. 

ეკა ბესელია 1971 წლის 6 ნოემბერს დაიბადა. მის ბიოგრაფიაში წერია, რომ მხოლოდ იურისტი კი არა, პოლიტიკოსიცაა. ასევე, ოფიციალურ ბიოგრაფიაში ნათქვამია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთვრებულია. 

სხვათა შორის, ბესელიას იურიდულ ფაკულტეტზე ჩაბარება ერთგვარ სკანდალთან გახლდათ დაკავშირებული. კერძოდ, ის უმაღლეს სასწავლებელში 80-იანი წლების მიწურულს აბარებდა. ამ დროს საქართველოში ეროვნული მოძრაობა აქტიურობდა. ასევე, ასპარეზზე ჩანდნენ ე.წ. არაფორმალები. იმ წელს, როცა ბესელია აბიტურიენტი გახლდათ, მისაღებ გამოცდებზე რაღაც მოხდა _ აბიტურიენტების ნაწილი, მიუხედავად იმისა, რომ გამოცდები ჩააბარა, ვერ ჩაირიცხა და ამის გამო საპროტესტო ტალღა აგორდა. ერთ-ერთ ინტერვიუში ბესელია იხსენებდა, რომ ამ საპროტესტო ტალღის ავანგარდში იდგა. ასე იყო თუ ისე, ბესელიამ თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტი დაამთვრა და 1998 წელს, საადვოკატო ფირმა _ „ეკა და კომპანია“ დააფუძნა, რომელსაც 2008 წლამდე ხელმძღვანელობდა. 

2000-2011 წლებში, ის გახლდათ „კავკასიის უნივერსიტეტის“ ასოცირებული პროფესორი; 2004-2005 წლებში _ UNDP-ის ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრეცენდენტული სამართლისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტის ექსპერტი; 2005 წელს, იუსტიციის სამინისტროს მოწვეული ლექტორი. 

ამასთან, სხვადასხვა დროს საქმიანობდა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ გამგეობასა და „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ ეთიკის კომისიაში (გახლდათ კომისიის თავმჯდომარე). 

ბესელიას, როგორც ადვოკატის შესახებ ფართო საზოგადოებამ 90-იანი წლების მიწურულს გაიგო _ იმხანად საქართველოში ჯერ კიდევ არსებობდა სასჯელის უმაღლესი ზომა _ დახვრეტა და, როგორც საზოგადოებას ახსოვს, ზუსტად ბესელია იყო ის ადვოკატი, რომელმაც მოახერხა და პიროვნება, ვისაც სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა, ამ სასჯელისგან იხსნა. შესაბამისად, ბესელიას პოპულარობის შკალა თანდათან მაღლა იწევდა და ის წლის ადამიანიც კი გახდა. 

ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევდა აღმავლობისკენ ბესელიას პოპულარობა და ის დროც გემახსოვრებათ, როცა „ვარდების რევიოლუციის“ წინ, მისი სიმპათიები უფრო მოქკავშირის ახალგაზრდული ფრთისკენ იხრებოდა, ვიდრე _ შევარდნაძის ხელისუფლებისკენ. მართლია, მაშინ აქტიურ პოლიტიკაში არ ერეოდა, მაგრამ როგორც უფლებადამცველი, ქვეყანაში გამეფებულ ყველანაირ უსამართლობას ენერგიულად აპროტესტებდა და მხოლოდ პოლიტიკაში ჩართულებს კი არა, რიგით ადამიანებსაც ჰქონდათ იმედი, რომ იმ შემთხვევაში, თუ შევარდნაძის კორუმპირებული სისტემა მათ წინააღმდეგ გაილაშქრებდა, ბესელია ხმალს იშიშვლებდა და უსამართლო თემიდას შეებრძოლებოდა, მაგრამ მოგეხსენებათ, ამ ცისქვეშეთში მუდმივი არაფერია. ჰოდა, ამ შემთხვევაშიც პოლიტიკური ბედის ბორბალი უკუღმა დატრიალდა _ ხელისუფლებაში ნაცები მოვიდნენ, მიხეილ სააკაშვილსა და მის გარემოცვას ცა ქუდად არ მიაჩნდათ, დედამიწა _ ქალამნად და ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვასაც არ ერიდებოდნენ. 

ვერ გეტყვით, ეს გახდა მიზეზი თუ სხვა რამ, მაგრამ ნაციონალების ხელისუფლებაში მოსვლიდან დიდი დრო არ იყო გასული, როცა ეკა ბესელია ოპოზიციონერ ადვოკატად მოგვევლინა. პრინციპში, ამაში გასაკვირი არაფერი უნდა ყოფილიყო, რადგან ადვოკატი, თავისი არსებით, დიახაც, ოპოზიციონერი უნდა იყოს, თუმცა მაშინვე ითქვა, რომ ბესელიას გაოპოზიციონერებას გარკვეული პოლიტიკური სარჩული ჰქონდა. 

ეს სარჩული, შესაძლოა, ის იყო, რომ რევოლუციამდელ საქართველოში ბესელია, უმეტესად, ე.წ.„კანონიერი ქურდების“ ინტერესებს იცავდა. მიშამ კი, მოგეხსენებათ, ქურდების წინააღმდეგ „ჯვაროსნული ლაშქრობა“ გამოაცხადა და ბესელიაც, როგორც ადვოკატი, იძულებული გახდა, არსებულ პოლიტიკურ რეჟიმს კრიჭაში ჩასდგომოდა. 

„კანონიერი ქურდების“ ოჯახებს საქართველოს დატოვება მოსთხოვეს“ _ ასე ჰქვია სტატიას, რომელიც 2002 წლით თარიღდება და რომელშიც ვკითხულობთ: 

„ანტიკრიმინალური ოპერაციის ეგიდით, თბილისში 80-მდე ჩეჩენი ეროვნების და არამარტო ჩეჩენი ეროვნების მოქალაქეები იქნენ პოლიციაში მიყვანილი და უფლებაშელახული. რაც შეეხება ორი დღის წინ, შინაგან საქმეთა მინისტრის ანტიკრიმინალურ ქუთაისურ გასეირნებას, ამან თბილისისგან განსხვავებით, გაცილებით სხვა სახე მიიღო და მას ძირითადად კრიმინალების ანუ „შავი სამყაროს“ წარმომადგენელთა ოჯახებისა და სახლების დარბევა მოჰყვა. შედეგი _ დამტვრეული კარ-ფანჯრები, დამსხვრეული მინები და დაწიოკებული ოჯახები. 

როგორც ცნობილია, ძალოვანი უწყებების ამ ოპერაციას წინ უძღოდა პრეზიდენტის 7 დეკემბრის მიმართვა საქართველოს მოსახლეობისადმი, სადაც ედუარდ შევარდნაძე მძიმე კრიმინოგენული ვითარების ფონზე აძლევს მითითებას ძალოვან უწყებებს, განახორციელონ ანტიკრიმინალური ოპერაციები. პრეზიდენტი ამავე დროს მასმედიისგან და საზოგადოებისგან ამ ოპერაციის თაობაზე მხარდაჭერას ითხოვს. 

_ პრეზიდენტისგან წახალისებული ძალოვნების მიერ ჩატარებულმა ე.წ. „სპეცოპერაციამ“, როგორც თბილისში, ასევე, ქუთაისში აშკარად დანაშაულებრივი ხასიათი მიიღო, რაც გამოიხატა მოქალაქეთა ოჯახებში უკანონოდ ჩატარებულ ჩხრეკებში, სახლების დარბევაში, კარ-ფანჯრების დამტვრევაში, _ აცხადებს ადვოკატი ეკა ბესელია, რომელსაც არაერთი „შავი სამყაროს“ ოჯახის წარმომადგენელი დაუკავშირდა ანტიკორუფციული მარშის გამო და სამართლებრივი დაცვა სთხოვა. მისი თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრ კობა ნარჩემაშვილის განცხადება, თითქოს ქუთაისში განხორციელებული ანტიკრიმინალური ოპერაცია _ ეს იყო პოლიციის მხრიდან პრევენციული ზომების მიღება დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, არასწორია. 

„პოლიციის მოქმედება კობა ნარჩემაშვილმა მონათლა პრევენციულ ღონისძიებად, რეალურად კი ეს იყო პოლიციის მხრიდან ძალის დემონსტრირება“, _ აცხადებს ბესელია და მიაჩნია, რომ ამ განცხადებით ნარჩემაშვილმა პოლიციელები წაახალისა. 

მისი თქმით, პოლიციამ, პრაქტიკულად, დაარბია კუპრაშვილისა და იმედაძის სახლები. 

ბესელიას თქმით, პრევენციული ზომების ეგიდით მოქმედმა ნიღბიანმა პოლიციელებმა, ქუთაისში, ძირითადად ე.წ. „კანონიერი ქურდების“ ოჯახები დაჩხრიკეს და ამჯერად „შავი სამყაროს“ წარმომადგენლები ძღვენის _ იარაღისა და ნარკოტიკების _ გარეშე დატოვეს. თავად „კანონიერი ქურდები“ პოლიციის მიერ არ იქნენ დაპატიმრებულნი, რადგან მათ მოახერხეს უსაფრთხო ადგილას დაბინავება. მათ ოჯახებს კი პოლიციამ ერთადერთი მოთხოვნა წაუყენა _ უპირობოდ დატოვონ ქალაქი. პოლიციის მოთხოვნა „კანონიერი ქურდების“, ტარიელ ფოცხვერიას, ალეკო იმედაძის, ზვიად დარსაძის, გია ზვიადაძისა და ზაზა ამბროლაძის ოჯახის წევრებისთვის მიუღებელია. ისინი ითხოვენ განმარტებას, რატომ უნდა დატოვონ ქალაქი, რა, კანონიერი ქურდების ოჯახის წევრებს ქუთაისში არ ეცხოვრებათ! 

„აიძულებენ ჩვენს ოჯახებს, სხვა ქვეყნებში წავიდნენ საცხოვრებლად. რატომ უნდა დავტოვოთ ქუთაისი და ქვეყანა, როცა კონკრეტული სამხილი და დანაშაულებრივი ფაქტი ამ პიროვნებების მიმართ არ არსებობს!“ _ აცხადებენ „კანონიერი ქურდების“ ოჯახის წევრები. 

_ პოლიცია „კანონიერ ქურდებზე“ ნადირობდა თუ ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქეების ბინებსაც ჩხრეკდა? 

_ თითქმის ყველა „კანონიერი ქურდის“ სახლი დაარბიეს, მათ შორის დაზარალდნენ არაქურდებისა და არაკრიმინალების ოჯახებიც. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ის ტენდენცია, რაც ქუთაისშია „კანონიერი ქურდების“ მიმართ, მართლაც შემაშფოთებელია. ის ეწინააღმდეგება ცივილიზებულ ფორმებს და დემოკრატიის პრინციპებს. 

_ რაიმე კანონსაწინააღმდეგო თუ აღმოაჩინა პოლიციამ კრიმინალების ოჯახებში? 

_ არც ერთი მათგანის სახლში რაიმე კანონსაწინააღმდეგო არ უპოვიათ. თვითონ „კანონიერი ქურდები“ დაკავებულნი არ არიან, რადგან მათ იცოდნენ, რომ შესაძლებელი იყო, ანტიკრიმინალური ოპერაცია ქუთაისშიც ჩატარებულიყო. ამიტომ თავიდანვე გაარიდეს თავი“.

მართალია, 2002 წლიდან ბევრი დრო გავიდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც „ოცნება“ ხელისიუფლებაში მოვიდა და ეკა ბესელია მმართველი პარტიის ერთ-ერთი მთვარი სახე გახდა, ოპოზიცია ანუ ნაციონალური მოძრაობა მას ხშირად მოიხსენიებდა და მოიხსენიებს, როგორც ქურდების მფარველს. ამასთან, ერთ-ერთი, ყველაზე დიდი სკანდალი, რომელიც ბოლო წლებში ბესელიასთან ასოცირდება, ამნისტია და პოლიტპატიმრების სიაა. დიახ, ოპოზიცია ირწმუნება, რომ აღნიშნულ სიაში ბესელიამ ძველი ნაცნობები გარკვეული ინტერესების სანაცვლოდ შეიყვანა. 

პოლიტპატიმრების სკანდალი რამდენიმე წლის წინ, ალეკო ელისაშვილმა გახეთქა, რომელმაც ბესელია და აწ უკვე ყოფილი დეპუტატი მანანა კობახიძე, კორუფციაში დაადანაშაულა. ეს სკანდალური განცხადება ელისაშილმა 2015 წლის მიწურულს გააკეთა: 

„შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, ალექსანდრე ელისაშვილის განცხადებით, ის პოლიტიკოსები, რომლებიც მისგან „კოკაინის საქმის“ ფიგურანტების შეწყალებას ითხოვდნენ, ეკა ბესელია და მანანა კობახიძე არიან“, _ იუწყებოდა 2015 წლის 22 დეკემბერს, ქართული ინტერნეტგამოცემა „ნეტგაზეთი“. ამავე სტატიაში ნათქვამი იყო: 

„ვასახელებ ორი მიზეზის გამო: ერთი, რომ არის არნახული საზოგადოებრივი ინტერესი და მეორე, რომ უკვე ნულოვანი ნდობა მაქვს პროკურატურის მიმართ, ჩაფარცხვაზე მუშაობს. ვაზუსტებ, რომ ეკა ბესელიასა და მანანა კობახიძეს ჰქონდათ ძალიან არაჯანსაღი, დაჟინებული და კატეგორიული ინტერესი მხოლოდ და მხოლოდ კოკაინის საქმის ფიგურანტების შეწყალებასთან დაკავშირებით. მათ სხვა მსჯავრდებულების შეწყალება არ აინტერესებდათ. არადა, ათასობით მსჯავრდებული იჯდა საპატიმროებში. მათ მხოლოდ კოკაინის საქმის ფიგურანტების შეწყალება აინტერესებდათ“, _ განაცხადა ელისაშვილმა. 

„მხოლოდ და მხოლოდ ამ ადამიანების შეწყალებას ითხოვდნენ დაჟინებით: მირეკავდნენ, მესიჯებს მიგზავნიდნენ, კატეგორიული ტონით მესაუბრებოდნენ. ამის პარალელურად იყო ინფორმაცია, რომ ამ არაჯანსაღი ინტერესის მიღმა სხვა დაინტერესება და ანგარებაც იმალებოდა“, _ განაცხადა ელისაშვილმა და დასძინა, რომ „სხვა ინტერესისა“ და „ანგარების“ შესახებ მას ეს ინფორმაცია თანამდებობის პირმა მიაწოდა, თუმცა მის გვარს არ ასახელებს: 

„მე წყარო რომ დავასახელო, მასზე ზეწოლა განხორციელდება. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. ეს ადამიანი თანამდებობის პირია. ახლა სხვა თანამდებობას იკავებს, მაშინ სხვა პოსტზე მუშაობდა. საუბარია ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. ამ ეტაპზე ჩემთვის არსებითია, რომ პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას. მე მზად ვარ ვითანამშრომლო“,_ თქვა ელისაშვილმა. 

„კოკაინის საქმე“ 

ანასტასია ზაუტაშვილი და კიდევ სამი პირი, 2010 წელს, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება კოკაინის ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის, ასევე სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, ჯგუფურად, შეკვეთით, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მომზადების, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, ტარებისა და გასაღების ბრალდებით დააკავეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2010 წლის 4 ივნისს, გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც ასახულია ანასტასია ზაუტაშვილის შეხვედრა „კილერთან“. შსს-ს ცნობით, რომან მუსემიანს _ კილერს, კურიერის მკვლელობას ავალებს, რომელმაც დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთი წევრისგან, ნუგზარ ბოჭორიშვილისგან ფულის გამოძალვა განიზრახა. შსს-ს მიერ გავრცელებულ ვიდეოში ასევე ნაჩვენებია ნარკოკარტელის ერთ-ერთი წევრის, მევლუდ სვანიძის მანქანის ჩხრეკის კადრები, საიდანაც სამართალდამცველებმა 180 გრამი კოკაინი ამოიღეს. სვანიძის სახლიდან აგრეთვე ამოღებულია ეზოში ჩამარხული 1 700 000 ევრო. 

საბოლოოდ, აღნიშნულ საქმეზე ანასტასია ზაუტაშვილს, გიორგი ჩეჩელაშვილსა და რომან მუსემიანს ფოთის საქალაქო სასამართლომ 30-30-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მევლუდ სვანიძეს სასჯელის ზომად 24 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ხოლო თეიმურაზ გავაშელიშვილს _ 16-წლიანი პატიმრობა. 2012 წლის შემდეგ მიღებული ამნისტიით, ანასტასია ზაუტაშვილის სასჯელი 12 წლამდე შემცირდა, იგი სასჯელს მეხუთე წელია იხდის და კიდევ 8 წელზე ოდნავ მეტი დარჩა მოსახდელი. 

მანანა კობახიძისა და ეკა ბესელიას პასუხები 

თავის დროზე, „კოკაინის საქმის“ ფიგურანტებს მანანა კობახიძე იცავდა, რომელიც იმხანად საადვოკატო საქმიანობას ეწეოდა. სწორედ მას ადანაშაულებს ზეწოლაში ელისაშვილი: 

„არ ვაპირებდი კომენტარს ალეკო ელისაშვილის განცხადებებზე, მაგრამ ეს კითხვები მეც მიჩნდება და ვფიქრობ, საჭიროა დავწერო: ბატონო ალეკო, როგორც „რუსთავზე“ განაცხადეთ, ორ პიროვნებას რომ მიყევით მათ პირად საქმეზე მთავარ პროკურორთან, თუ მის მოადგილესთან იმიტომ, რომ საქმის გამოძიება არ გაჭიანურებულიყო, იმიტომ, რომ მათი უფლებები არ დარღვეულიყო, ეს ხომ არ შეიძლება ვინმემ ზეგავლენით ვაჭრობად ჩაგითვალოთ, ან ეჭვი შეიტანოს თქვენს უანგარობასა და კეთილსინდისიერებაში?! თქვენ მეტყვით, რომ დეპუტატი ხართ და თქვენს ამომრჩეველს მიყევით, ხოდა მეც, როგორც დეპუტატმა, თუ პატიმრების საქმის ბედი მოვიკითხე, იმ საქმის, სადაც დღემდე ადამიანები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ და საქმე სააკაშვილის რეჟიმის „შეკერილია“, მოვიკითხე იმიტომ, რომ პატიმარს უფლება აქვს, მისი საკითხი განიხილონ და უარი მაინც აცნობონ დროულად, რადგან არ შეიძლება დაუსრულებელი მოლოდინის რეჟიმში ამყოფო ადამიანები! მე არავის მივყოლივარ პროკურატურაში და არც თქვენთან, მე შეწყალების კომისიისგან მხოლოდ საქმის შესწავლა და განხილვა ვითხოვე მსჯავრდებულთა არაერთგზის მომართვის შემდეგ და მე ამას ვაკეთებ დიახ, იმავე მოტივითა და საფუძვლით, როგორითაც თქვენ, როცა პროკურატურაში მოქალაქის უფლებების დასაცავად მიაშურებთ, ამიტომ მე არ ვიღებ თქვენს არცერთ გამონათქვამს და საჯაროდ ვაცხადებ, რომ ყოველთვის ძალიან აქტიურად, ზედმიწევნით და უკანდაუხევლად გავაგრძელებ ჩემს საქმიანობას და ჩემი შუამდგომლობებით, მიმართვებით, განცხადებებით ძალიან ხშირად „შევაწუხებ“ პროკურატურასაც, შეწყალების კომისიასაც, პრეზიდენტსაც და ყველას, ვისაც ეს ეხება, ადამიანის უფლებების დასაცავად!!! რაც შეეხება რაღაც გაურკვეველ 200 000-ს, ბოლომდე ვიბრძოლებ იმის გასარკვევად, ვინ, რა მიზნით და როდის აიღო ეს თანხა, ის აუცილებლად დაისჯება კანონის მთელი სიმკაცრით, პროკურატურამ აუცილებლად, დროულად უნდა დაადგინოს ვინ არიან ის სამარცხვინოები, ვინც პატიმრებით ფულის „კეთებას“ ცდილობდნენ. ისე მართალი თუ გნებავთ იყოთ, ნურც თქვენს ახლობლებს აფარებთ ხელს, ვინც თურმე გირეკავდათ და გაწუხებდათ, ნურც იმათ, ვინც მამათქვენს და თქვენ ქრთამს გთავაზობდათ, როგორც ჩანს, ბევრი დანაშაული დაგიფარავთ ალეკო და ყველაფრის თქმა მოგიწევთ, თუ გამოძიებაა, უნდა იყოს ყველაფრის და არა იმის, რაც თქვენ გსურთ, ან შეიძლება ვინმემ დაგავალათ კიდეც, ან ისე შეგძინათ ბინძური ჭორების გამავრცელებლის ფუნქცია, რომ ამას ვერც ხვდებით და გგონიათ კორუფციას ებრძვით, ეს იმან, ვისაც უბრალოდ არ აწყობს აქტიური დეპუტატები, რომლებიც კონკრეტული საქმეების გამოძიებას დღემდე ვითხოვთ, ამასაც აუცილებლად გავარკვევთ“, _ დაწერა კობახიძემ Facebook-ზე, 13 დეკემბერს. 

რაც შეეხება ეკა ბესელიას, იგი ელისაშვილთან დებატებს ითხოვს: 

„პირდაპირ და ნათლად ვაცხადებ: მე ვითხოვ მატყუარა, ფლიდი და მართლაც კორუმპირებული ელისაშვილი დაჯდეს ჩემთან, პირდაპირ ეთერში. ალეკო ელისაშვილო, მე გიწვევ შენ პირდაპირ ეთერში“, _ ამბობს ბესელია“. 

შეგახსენებთ: ეს სტატია 2015 წლის 22 დეკემბერს, „ნეტგაზეთმა“ გამოაქვეყნა. მას შემდეგ სამი წელი გავიდა, მაგრამ იმის გამო, რომ ელისაშვილმა ბესელიას ცილი დასწამა, თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი არავის დაუსჯია. 

სხვათა შორის, მას შემდეგ, რაც უმრავლესობის ახალგაზრდებთან დაპირისპირებულმა ბესელიამ ტონი შეარბილა და „ბევრ რამეს ნათელი არ მოჰფინა“, ითქვა, რომ ის „ოცნებამ“ კომპრომატებით გააჩუმა. პოლიტიკურ ლაბირინთებში რა ხდება, ამის ზუსტი გაგება შეუძლებელია, მაგრამ ბესელიას გარშემო რომ შავი ღრუბლები შეიკრიბა, ფაქტია. 

ზოგადად, ეკა ბესელიას პოლიტიკურ ბიოგრაფიაში პირველი შემთხვევა არ არის, როცა იმ ადამიანებს უპირისპირდება, ვისთვისაც მზად იყო, ნებისმიერი წინააღმდეგობა დაეძლია. ასე მოხდა, ვთქვათ, ირაკლი ოქრუაშილის შემთხვევაშიც, რომლის ჯერ ადვოკატი იყო, შემდეგ კი ოქრუაშვილის პარტიის ლიდერიც გახდა, რომელსაც 2010 წლამდე ხელმძღვანელობდა. 2010 წლის 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ ბესელია ოქრუაშვილს განუდგა. 

„ეკა ბესელიამ ირაკლი ოქრუაშვილის პარტია _ „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“ დატოვა“, _ იუწყებოდა მაშინდელი ქართული მედია და იმასაც აღნიშნავდა, რომ ბესელიასა და ოქრუაშვილის პოლიტიკური განქორწინების საბაბი უთანხმოება გახდა. 

„როგორც ბესელიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მის მიერ დაფუძნებულ საზოგადოებრივ მოძრაობას მეტი აქტიურობა სჭირდება და ადამიანის უფლებების დაცვა უფრო პრიორიტეტულად მიაჩნია. 

„ამ საკითხზე განსხვავებული შეხედულებები გვაქვს მე და ირაკლი ოქრუაშვილს. ამიტომ, მივიღე პარტიის გენერალური მდივნობის თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება“, _ განაცხადა ბესელიამ და აღნიშნა, რომ პოლიტიკიდან საერთოდ წასვლას არ აპირებს. 

ბესელიასა და პარტიის წევრ თეო ტლაშაძეს შორის დაპირისპირებისა და პარტიიდან წასვლის შესახებ ინფორმაციები ადრეც გავრცელდა, თუმცა ბესელია ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფდა. 

ბესელია პარტიის გენერალური მდივანი იყო. რამდენიმე ხნის წინ, მან საზოგადოებრივი მოძრაობა დააფუძნა, რომელიც, მისივე თქმით, უკანონო პატიმრების საკითხზე იმუშავებს“, _ ნათქვამია 2010 წლის 23 თებერვლის „ნიუსში“. 

უკანონო პატიმრები ის საკითხი იყო, რომელიც ეკა ბესელიას მთავარ სკანდალად იქცა ანუ როგორც აღვნიშნეთ, დღემდე არსებობს მოარული ხმა იმის შესახებ, რომ პოლიტპატიმრების სიის შედგენისას, მისმა ავტორებმა მერკანტილურად იხელმძღვანელეს, თუმცა თავად ბესელია მიიჩნევს, რომ ამ სიის მიღებით ნაციონალური მოძრაობის, როგორც რეჟიმის არსებობა დადასტურდა და სწორედ ამიტომაა სააკაშვილის გუნდის წევრთა მუდმივი თვდასხმის ობიექტი. 

რაც შეეხება თავდასხმებს, ეკა ბესელია წნეხის ქვეშ ნაციონალების ხელისუფლების დროსაც იმყოფებოდა _ დაიჭირეს მისი შვილი და ძმა. ბესელია დღემდე ამბობს, რომ ეს დაჭერა მის პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირდებოდა ანუ სააკაშვილი იმედოვნებდა, რომ ბესელიას ოჯახის წევრებით დაპატიმრებით დააშანტაჟებდა და გააჩუმებდა, მაგრამ ასე არ მოხდა. 

ისე, უცნაურია: მოსამართლეები, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად ბესელიას ოჯახის წევრების საქმეებში ფიგურირებდნენ, ახლაც განხეთქილების ვაშლის ფუნქციას ასრულებენ _ ბესელიას „ოცნება“ იმიტომ დაუპირისპირდა, რომ ჩინჩალაძისა და სხვა „უვადოების“ კანდიდატურები გააპროტესტა, თუმცა აქვე, უნდა გავიხსენოთ, რომ რამდენიმე წლის წინ, როცა მურუსიძე „ოცნების“ სტაფმა ნაციონალების სისტემის მსხვერპლად შერაცხა, ეს შეფასება ბესელიას არ გაუპროტესტებია. 

ასეა თუ ისე, დღეს ეკა ბესელიას პოზიციები შესუსტებულია _ ის „ოცნების“ კვარცხლბეკზე აღარ დგას, არადა, ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, ის იშვიათთაგანი იყო, რომელიც 2016 წლის საპარლამენტო სიაშიც შეიყვანეს და, მართალია, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თვმჯდომარეობა აღარ მისცეს, მაგრამ იურდიული კომიტეტი ჩააბარეს, რომელიც არანაკლებ მნიშნელოვანია. 

ბესელიას აღზევება და დაცემა იმის ნათელი მაგალითია, რომ ამქვეყნად მუდმივი არაფერია და მეფენი კი არა, დრონი მეფობენ! ასე რომ, ბესელიას თავგადასავალი სხვებისთვის შესაძლოა, ქრესტომათიადაც იქცეს და როცა ჩათვლიან, რომ მათ უბატონოდ ხმასაც ვერავინ გასცემს, აი, ზუსტად მაშინ უნდა გაიხსენონ, რომ წუთისოფლის, უფრო სწორად, პოლიტიკური ღმერთების ნდობა არ შეილება!

ნინო დოლიძე

დაბრუნება დასაწყისში