Menu
RSS

ვინ არის ალექსანდრე ხოჯევანიშვილი და განიხილება თუ არა მისი კანდიდატურა სუს-ის უფროსის მოადგილის პოსტზე?

კულუარული ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საკადრო ცვლილებებია. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვახტანგ გომელაურის მოადგილის ვაკანტურ თანამდებობაზე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი ინიშნება. მართალია, ინფორმაციას ოფიციალურად არც სუს-ში და არც შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერ არ ადასტურებენ, მაგრამ არც მისი უარყოფა უცდიათ.

„ვერსია“ შეეცადა მოეძია ინფორმაცია, ვინ არის ალექსანდრე ხოჯევანიშვილი და რა გავლენა აქვს დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში. ოფიციალური ინფორმაციით, ხოჯევანიშვილი ამჟამად შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსია. ის შინაგან საქმეთა სამინისტროში 2017 წლის ნოემბერში, მინისტრად გიორგი გახარიას დანიშვნის შემდეგ მოვიდა და ცალსახად, გახარიას სანდო კადრია, რომელიც, შესაძლოა, სწორედ ამიტომ, არაერთხელ მოექცა მედიის ყურადღების ცენტრში. 

ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა საერთაშორისო სამართლის და ურთიერთობების მიმართულებით და 2001 წელს კარიერა საგარეო საქმეთა სამინისტროში სტაჟიორად დაიწყო. 

კარიერის სტაჟიორად დაწყებიდან რამდენიმე წელში, 2004-2005 წელს, ხოჯევანიშვილი უკვე უშიშროების მინისტრის მოადგილის თანაშემწედ მუშაობდა, თუმცა ამ უწყებაში მან მხოლოდ 6 თვე დაჰყო და, 2005-2006 წლებში, კონტრდაზვერვის დეპარტამენტში გააგრძელა სამსახური, თუმცა განსაკუთრებული თანამდებობა არ ჰქონია და საშუალო რგოლის მენეჯერი იყო. 2006 წლიდან 2009 წლამდე კი თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში მუშაობდა.

ასეთია მისი შრომითი პროფილი ძალოვან უწყებებში. მისი სამუშაო გამოცდილების დინამიკა და უწყებების ცვლილებები, დაკავებული თანამდებობების პროფილი ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მას განსაკუთრებული ინტელექტუალური და ანალიტიკური მონაცემები უნდა ჰქონოდა იმისათვის, რომ მისი შესაძლებლობები განსაკუთრებით „მოხოვნადი“ ყოფილიყო უსაფრთხოების სფეროში. 

2009 წლიდან ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა დატოვა ძალოვანი უწყებები და ჯერ ეკონომიკის, შემდეგ კი სოფლის მეურნეობის სფეროში გადაინაცვლა. ასე გაგრძელდა წლების განმავლობაში მანამდე, სანამ 2014 წელს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, არ დაბრუნდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. 

2017 წლამდე ის მსახურობდა სუს-ში, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ. სწორედ ამ პოსტიდან გადავიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელად, სამინისტროში გიორგი გახარიას მოსვლის შემდეგ. 

გიორგი გახარიამ ალექსანდრე ხოჯევანიშვილს ჩააბარა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დანაყოფი _ გენერალური ინსპექცია, რომელსაც პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დაანონსებული რეფორმებისა და სამინისტროს გარდაქმნის პროცესში. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს კულუარებში ამბობენ, რომ სამინისტროს გარდაქმნის პროცესშიცა და მიმდინარე საკითხებზეც ხოჯევანიშვილი გახარიას დასაყრდენ კადრს წარმოადგენდა, ამიტომ მისმა გვარმა, ერთი წლის განმავლობაში, სამინისტროსთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან მომენტში გაიჟღერა. სხვათაშორის, საზოგადოებას კარგად უნდა ახსოვდეს ალექსანდრე ხოჯევანიშვილი და მისი პრინციპული პოზიცია ტატუნაშვილის საქმეზე, ასევე მისი თანადგომა ოჯახის მიმართ.

რუსუდან ხავთასი

დაბრუნება დასაწყისში