Menu
RSS

არშემდგარი „ზილების რევოლუციიდან“ დაანონსებულ მძიმე გაზაფხულამდე _ „ოქროს“ ძველი და ახალი სკანდალური X-ფაილი

ამ ადამიანის პოლიტიკური აურა აშკარად შავია. ყოველ შემთხვევაში, უახლოეს წარსულს თუ თვალს გადავავლებთ, გაგვახსდენდება, რომ ყველა ან თითქმის ყველა პოლიტიკური რყევების დაწყება ზუსტად მის სახელთან ასოცირდება. თუ ვერ მიხვდით, გეტყვით, რომ თავდაცვის ექსმინისტრზე, ირაკლი ოქრუაშვილზე ვსაუბრობთ. დიახ, ის რომ არა, შესაძლოა, არც სისხლიანი 7 ნოემბერი ყოფილიყო და 2011 წელს, ალბათ, არც „ზილების რევოლუციის“ საბაბით დაიჭერდნენ ადამიანებს. ახლაც, როგორც ჩანს, „ოქრომ“ რაღაც ჩაიფიქრა. ეს ჩანაფიქრი რეალობად იქცევა თუ არა, ამის შესახებ საუბარი ჯერ ნაადრევია. ფაქტი ის არის, რომ სააკაშვილის ყოფილი მეგობარი, რომელიც ბოლო დროს ისევ ნაციონალებთან მეგობრობაში იმხილება, ამბობს, რომ გაზაფხულზე პოლიტიკური პროცესები ძალიან, ძალიან გამწვავდება.

ვინ არის ირაკლი ოქრუაშვილი და რა მისია აქვს ქართულ პოლიტიკაში? _ ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, მოდით, თვალი ჯერ მის ოფიციალურ ბიოგრაფიას გადავავლოთ: 

ქართულ „ვიკიპედიაში“ წერია, რომ ირაკლი ოქრუაშვილი ქართველი პოლიტიკოსია, რომელსაც 2004 წელს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი ეკავა, 2004-2006 წლებში _ თავდაცვის მინისტრის, 2006 წელს კი, რამდენიმე თვის განმავლობაში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი იყო. 

„ირაკლი ოქრუაშვილი დაიბადა 1973 წლის 6 ნოემბერს, ცხინვალში. 1995 წელს, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი, რის შემდეგაც, 2000 წლამდე, ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას. 

2001 წელს, დაინიშნა საქართველოს იუსტიციის მინისტრის, მიხეილ სააკაშვილის, მოადგილედ და ამ თანამდებობაზე 2002 წლამდე მუშაობდა. 

საქართველოს 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებში დასახელებული იყო გორის მაჟორიტარობის კანდიდატად ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან და გახდა გორის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში. 

ირაკლი ოქრუაშვილი აქტიურად მონაწილეობდა 2003 წლის ნოემბერში, „ვარდების რევოლუციაში“, რის შემდეგაც, იმავე წლის 2 დეკემბერს, დაინიშნა შიდა ქართლის გუბერნატორად. ამ თანამდებობაზე ოქრუაშვილი 2 თვე მუშაობდა, 2004 წლის 14 იანვარს კი ის საქართველოს გენერალურ პროკურორად დანიშნეს. 

2004 წლის 7 ივნისს, შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა, 16 დეკემბერს კი თავდაცვის მინისტრის პოსტზე გადაინაცვლა. 

ამ პერიოდში ვრცელდებოდა ხმა ოქრუაშვილის შესაძლო დაპირისპირებაზე თავის თანაგუნდელებთან, მათ შორის, შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილთან. 

2005 წელს, კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების საბაბით, შიდა ქართლის რეგიონის პოლიციაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა, რაც ზოგიერთმა გამოცემამ ოქრუაშვილის გავლენის შესუსტებისაკენ მიმართულ კამპანიად ახსნა, თუმცა მთავრობის წევრებმა უარყვეს ეს მოსაზრება. 

მოგვიანებით, 2005 წლის ივლისში, გაზეთ „რეზონანსთან“ ინტერვიუში, ირაკლი ოქრუაშვილმა მის წინააღმდეგ აგორებულ ინტრიგებზე ისაუბრა. 

2006 წლის 10 ნოემბერს, მთავრობაში ცვლილებების შედეგად, ირაკლი ოქრუაშვილმა თავდაცვის მინისტრის პოსტი დატოვა და ეკონომიკური განვითარების მინისტრი გახდა. 

პრეზიდენტ სააკაშვილის სიტყვებით, ეს გადაადგილება „განაპირობა იმ ფაქტმა, რომ რუსეთის მთავარი სამიზნე საქართველოს ეკონომიკაზე შეტევაა“. 

ზოგიერთმა ოპოზიციურმა ძალამ და პოლიტოლოგმა კი ოქრუაშვილის გადაყენება, მის მიერ ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე კონტროლის აღდგენის ვადების თაობაზე კატეგორიულ განცხადებებს დაუკავშირა. 

ერთი კვირის შემდეგ, 17 ნოემბერს, ოქრუაშვილმა ეკონომიკური განვითარების მინისტრის თანამდებობა თავისი სურვილით დატოვა. 

2007 წლის 25 სექტემბერს, ოქრუაშვილმა პრეზიდენტი სააკაშვილი ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებსა და მკვლელობების შეკვეთებში დაადანაშაულა. ორი დღის შემდეგ, მის მიერვე შექმნილი პარტიის _ ერთიანი საქართველოსთვის ოფისში დააკავეს. 

ექსმინისტრს თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში, ფულის გამოძალვასა და სამსახურეობრივ გულგრილობაში დასდეს ბრალი. 

მოგვიანებით, ოქრუაშვილმა უარყო სააკაშვილის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები და აღიარა დანაშაული, რის შემდეგაც 2007 წელსვე, იძულებით იქნა დეპორტირებული საქართველოდან და ცხოვრობდა საფრანგეთში, სადაც მიიღო პოლიტიკური თავშესაფარი. 

2012 წლის 20 ნოემბერს, დაბრუნდა საქართველოში და დაპატიმრებული იქნა, რის შემდეგაც გლდანის ციხეში გადაიყვანეს. 

2013 წელს, ირაკლი ოქრუაშვილი სცნეს პოლიტიკურ დევნილად, სასამართლომ ყველა ბრალდება მოუხსნა და დარბაზიდან გაათავისუფლეს'', _ იუწყება ქართული „ვიკიპედია“ ოქრუაშვილზე. 

ამ მშრალი ფაქტების მიღმა ოქრუაშვილის რეალური პიროვნება იმალება ანუ უფრო ნათლად და გასაგებად რომ ვთქვათ, ოქრუაშვილი, მას შემდეგ, რაც სააკაშვილს გაემიჯნა და ის კრიმინალურ მანკიერებებში ამხილა, ლამის ეროვნულ გმირად შეირაცხა, თუმცა „ციხის აღიარებამ“ მისი, როგორც გმირის იმიჯი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. ზოგი ამტკიცებდა, რომ ოქრუაშვილს ციხეში ოჯახის წევრებით დაემუქრნენ და ამიტომ გახდა იძულებული, რომ ის, რასაც დაკავებამდე ამტკიცებდა, უკანვე წაეღო. ზოგი კი იზიარებდა ვერსიას, რომ აღიარებითი ჩვენება ექსჩინოსანს ნარკოტიკების საშუალებით მიაცემინეს. 

ასე იყო თუ ისე, „ოქროს“ ათი წლის წინანდელი ეპოპეა იმით დამთავრდა, რომ მან საქართველო დატოვა. ნაციონალების მმართველობის დროს, სისტემისთვის მიუღებელი ადამიანები საზღვრებს ასე იოლად ვერ კვეთდნენ. შესაბამისად, მაშინვე ითქვა, რომ ოქრუაშვილის უცხოეთში წასვლას „ხელი“ მიშამ მოაწერა. ამასთან ის ვერსიაც გავრცელდა, რომ მან საზღვარგარეთ თითქოს დიდძალი თანხა წაიღო, რომელსაც ნაციონალები საჭიროების დროს გამოიყენებდნენ. 

ყველაფერი ეს მოარული ინფორმაცია იყო და მეტი არაფერი, მაგრამ თავისთავად საგულისხმოა, რომ ოქრუაშვილს მისმა ყოფილმა გუნდმა ქვეყნის დატოვების საშუალება მისცა. გამოდის, რომ ან ეს ნაციონალებისვე ინტერესებში შედიოდა, ან დღევანდელი გადასახედიდან, როცა „ოქრო“ ხელმეორედ „განაციონალდა“, მისი საფრანგეთში გაფრენა დიდი პოლიტიკური სცენარის ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი იყო. 

ამ მოსაზრებას ამყარებს თუნდაც 2011 წლის მოვლენები, როცა ირაკლი ოქრუაშვილმა „ზილების რევოლუცია“ დააანონსა. ამ დროისთვის მას უკვე ჰქონდა ახალი პარტია _ ქართული პარტია, რომელშიც ლევან გაჩეჩილაძე, სოზარ სუბარი, სოფიო ხორგუანი, აწ განსვენებული ეროსი კიწმარიშვილი და ის სხვა ადამიანები იყვნენ, რომლებიც დღეს „ოცნებას“ უჭერენ მხარს. 

„ზილების რევოლუციის“ დაანონსებას ნინო ბურჯანაძის მიერ ორგანზიებული მიტინგები უსწრებდა, რომელიც თავდაპირველად საბურთალოზე, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, დღეების განმავლობაში იმართებოდა. პარალელურად, ოქრუაშვილმა გვამცნო, რომ მალე საქართველოში ჩამოვიდოდა და სააკაშვილს პოლიტიკურ მოუსავლეთში გაისტუმრებდა. 

2011 წელს გამოცემულ ერთ-ერთ ქართულ გაზეთში ვკითხულობთ: 

„მოსკოვი (ამჯერად უკვე) სისხლიანი რევოლუციისთვის ემზადება. ერთ-ერთი ინფორმაციით, საინფორმაციო მხარდაჭერა „მაესტრომ“ უნდა უზრუნველყოს, 

ოქრუაშვილის აქტივისტები კი პროვოკაციებისთვის ემზადებიან _ ჩვენი ინფორმაციით, ორი რევოლუციური ფლანგიდან ქუჩაში პროცესებს პირველად „გრეჩიხას“ „სასტავი“ უხელმძღვანელებს. 

ბურჯანაძის „სახალხო კრებას“ დროებით გვერდით ჩააჩოჩებენ. გეგმის მიხედვით, ლოკალურ აქციებს ახალგაზრდების ის ჯგუფი დაიწებს, რომელიც წლების განმავლობაში ცნობილია თავისი რადიკალიზმით. საუბარია იმ ბიჭებზე, რომლებიც ყოველთვის, წარსულშიც და ახლაც, „გრეჩიხას“ ორბიტაზე მოიაზრებიან. ამ ჯგუფის მონაწილეობით, იწყება ხელისუფლების მაღალჩინოსნების სახლებში მივარდნები. თავდასხმის ობიექტები წინასწარაა განსაზღვრული: წყნეთის სამთავრობო აგარაკები, სახელმწიფო დაწესებულებები, ცენტრალური მაგისტრალები. 

ხელისუფლების მხრიდან არასანქცირებული აქციის აღკვეთას კი უნდა მოჰყვეს ფართომასშტაბიან მიტინგებზე ხალხის მოპატიჟება. 

გამოცხადდება კონკრეტული თარიღიც.…

აქ, საქმეში უკვე ე.წ. 50-ათასიანი ჯარი ერთვება, რომლის ფორმირებასაც ქართული პარტია ბოლო რამდენიმე თვეა, აქტიურად ცდილობს. ფართომასშტაბიანი აქცია ტრადიციულად, რუსთაველზე, პარლამენტის წინ იღებს სტარტს. 

პარალელურად, ლიდერები საზოგადოებას სამოქალაქო დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებენ. ერთდროულად ხდება რამდენიმე სტრატეგიული ობიექტისა და ცენტრალური ქუჩის პიკეტირება. 

სამიზნე ობიექტებს შორისაა საქართველოს პარლამენტი, პრეზიდენტის სასახლე, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“. ასევე, განიხილება რკინიგზის გადაკეტვაც. მოვლენების პიკზე, წინასწარ შერჩეული ჯგუფი ახდენს პრეზიდენტის სასახლეში შეჭრის იმიტაციას, რა დროსაც ხდება გასროლა! 

მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ცეცხლის გახსნა უნდა გახდეს საერთო აჯანყების, მასობრივი არეულობისა და სახალხო მღელვარების საბაბი. ამ სცენარის ავტორები, აქ უკვე სხვა ოპოზიციური ძალების ჩართვასაც ვარაუდობენ. გათვლა მარტივია: ხელისუფლების მიერ გამოვლენილი უპრეცედენტო ვანდალიზმით აღშფოთებული უბრალო მოქალაქეები იწყებენ პოლიციასთან დაპირისპირებას. 

ერთ-ერთი ვერსიით, სწორედ ამ არეულობის პერიოდში იგეგმება საქართველოში ამბოხების მთავარი ავტორის, ირაკლი ოქრუაშვილის ჩამოსვლა, რომელიც ვანო მერაბიშვილს იარაღის დაყრისკენ, პრეზიდენტს კი, პოსტის დატოვებისკენ მოუწოდებს. დედაქალაქში მიმდინარე სროლებს, თითქმის უწყვეტ რეჟიმში გადასცემს ტელეკომპანია „მაესტრო“.… 

მოკლედ, ამ გეგმის ერთგულები რეალურად საქართველოში, არაბულ ქვეყნებში განვითარებული პროცესების განმეორებას ვარაუდობენ. სახიფათო თამაშები კი შესაძლოა, საბოლოო ჯამში, საერთოდ არ შედგეს. 

პოლიტოლოგები არ გამორიცხავენ, რომ სანამ „ძარღვებში სისხლი აჩუხჩუხდება“, საზოგადოებამ კიდევ ერთი ფარული ჩანაწერი იხილოს“. 

ზოგადად, ბოლო წლებში იმდენი ფარული ჩანაწერი მოვისმინეთ, რომ სათვალავი აგვერია, მაგრამ ოქრუაშვილთან მიმართებაში, ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ფარული ჩანაწერი 2015 წლის თებერვალში გავრცელდა. როგორც მაშინ ითქვა, ეს ჩანაწერი, სავარაუდოდ, 2011 წელს, ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განცხადების გამოქვეყნების შემდეგ გაკეთდა. ჩანაწერში უშიშროების ყოფილი მინისტრის, ვალერი ხაბურძანიასა და თავდაცვის ექსმინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის ხმები ისმოდა. ოქრუაშვილი ყვებოდა, რომ სავარაუდოდ, რუსეთის სპეცსამსახურებმა იარაღი და მანქანები აყიდინეს, რომლითაც საქართველოში უნდა შემოსულიყო. ოქრუაშვილი ჩანაწერში რუსულ ენაზე გაურკვეველ პირს უკავშირდება და შეხვედრაზე უთანხმდება. 

„ირაკლი ოქრუაშვილი: _ მომისმინე, მოდი, ასე ვთქვათ, მე ამათ კი მითხრეს, რისიც არ მჯერა, პრინციპში, რომ თუ დადგა ვადამდელი არჩევნების ამბავი, ჩვენ მაშინ აქ მაშინ ნამეტანი ავატალახებთ, ...ლეზე მკიდია, მარტო მე მაინც არ მინდა გარევა და არ აღმოჩნდეს ზემოთ მზაობა, ჩვენ მაინც ავატალახებთ სიტუაციას, მაინც გადავწყვიტავთ, მაგისი არ მჯერა მე, მაგრამ დავუშვათ და მოხდა და მიშამ დანიშნა არჩევნები, ესენი გაყურსულები არიან, თავის იმაში ჩაფლულები არიან, მაშინ რას ვშვებით? მე მაგისი მეშინია, მაგის დედაც მო...ნ, კაი, იარაღიც მაყიდინეს, მანქანებიც მაყიდინეს, ამდენი ხალხი აქ მიყრია, ამხელა ზარალი მივიღე, გაბანკროტების დონე, ზარალი მივიღე. ,,ხ..ი სნიმ''. ფეხებზე მკიდია ეგ. სიტუაცია რომ ხელიდან გავუშვა და კიდევ არ გამიტარონ, მერე უკვე დანძრეული მაქვს. დამთავრებული ამბავია, იქ ისე შეიფუთება ერთ თვეში, ორ თვეში სიტუაცია, მერე გინდა უკაკუნე ,,კრიშაზე'', გინდა ,,გრანატამიოტზე'' ესროლე, არაფერი აღარ გამოვა. 

ვალერი ხაბურძანია: გუბაზი რაღას ელოდება, იმას რა... შენ რომ უთხარი, ეტყობა. 

ირაკლი ოქრუაშვილი: გავაკეთებ, შენ მაგისგან, თევზივით არ უნდა მოიქცეს, რა მერე.... შენ მაგის განწყობები და ყველაფერი გაიგე. 

ვალერი ხაბურძანია: მე შენ გეუბნები ყველაფერს, დასკვნები უნდა გააკეთო შენ, იმიტომ, რომ აქვს რა მომენტები, მე ხომ ვიცი... 

ირაკლი ოქრუაშვილი: ახლა რომ დავბრუნდები, მე ერთ კვირაში 10 ათას დოლარს გავუგზავნი. თუ წავედი ორშაბათს, დაახლოებით, იმ კვირის ბოლომდე. სამშაბათსაც თუ წავედი, იმ კვირის ბოლომდე გავუგზავნი შენი სახელით, ვისთან აქვს ურთიერთობა ჩვენებიდან, ან გოგია, ან თეო, ის, რომ წინა დღით გაგაგებინებ შენ და შეუთვალე, რომ იმათ ისაქნას. დანარჩენი მერე შეხვედრაზე, რაც ადრე გამოიყვან, ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ იმას არ ვჩქარობთ, არ განვიხილავთ კოალიციის თემას, ლაპარაკია საინტერესო, რომ ამ ლაპარაკით მე იმ დედამოტყნულებთან მივიდე, ბურჯანაძეებთან, იმათთან ლაპარაკის მერე გუბაზს მოვუტან და ავდგებით მერე და ერთად ვნახავთ, რა იქნება მაგიდაზე, კუკავას თემა გარკვეული მაქვს, ახლა უყურე, რა, როგორი რაღაცაა, წეღან ჰედლაინებში მოვკარი თვალი, რომ ბიძინას კარზე რიგი დადგებაო. ახლა მანდ არის ეიფორია, დედის ტ...ვნა იქნება, ყველა ახლა ფიქრობს, რომ იქნებ ამას ტ...ში შევუძვრე და პატარა ფული მომცეს, მოდი, ორივე ვარიანტი ავიღოთ-მიშას თამაშია არ მიიღებენ, მიშას თამაში თუ არაა, ყველას მიიღებენ, ანუ ბიძინა ისეთ ფულს დაყრის, მანდ კონკურენციის გაწევა ჩემი ფეხები, ერთადერთი ჩვენი გამოსავალი მაგ სიტუაციაში არის ,,ობში'' კანდიდატის პოვნა, საპრეზიდენტო კანდიდატის, მანდ ახლა გუბაზა რომ გამქაჩავი არა არის, ხო შანსი არაა. საკითხი დგება ისევ და ისევ ამ დედამოტყნულ ქალზე. ამ დროს უკვე ჩვენი და გუბაზის ინტერესებში შედის, რომ ის ქალი მოვითრიოთ, რომ ბიძინამ ფუკასავით არ აგვახიოს მთელი პოლიტიკური სიტუაცია. თუ ბიძინასთან მიდიხარ...“ 

2015 წელს ანუ მაშინ, როცა ზემოხსენებული ფარული ჩანაწერი განსაჯაროვდა, ოქრუაშვილი საქართველოში, ლამის სამი წლის დაბრუნებული იყო. ამ დროისთვის, მის მიმართ სამართალდამცავებს კითხვები უკვე აღარ ჰქონდათ, თუმცა ოქრუაშვილი, მის ყოფილ ადვოკატს, ეკა ბესელიას უკვე პოლიტიკურ მტრად მიიჩნევდა. 2012 წელს ისიც ითქვა, რომ „ოქროს“ პოლიტდევნილთა სიაში შეყვანა, თითქოს ბესელიამ დაბლოკა. ამ ორ ადამიანს შორის მტრობა კი ჯერ კიდევ სააკაშვილის მმართველობის დროს დაიწყო. 

2010 წელს, ერთ-ერთი ქართული გაზეთი წერდა: 

„ევროპიდან გაჟონილი კულუარული ინფორმაციის თანახმად, საფრანგეთში თავშეფარებულ ექსმინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს გარკვეულ წრეებში უთქვამს, ამ ქალებს ცოტა ხანი გამოვიყენებ და მერე მოვიშორებო. ეს ხმები მაშინ გავრცელდა, როცა ოქრუაშვილმა პოლიტიკურად გააქტიურებისათვის იქაური ემიგრანტების მხარდაჭერის მოპოვება მოინდომა. „ქალებში“ ოქრუაშვილი შესაძლოა, ეკა ბესელიასა და თეო ტლაშაძეს გულისხმობდა. ეს გადაწყვეტილება კი იმისთვის უნდა მიეღო, რომ ემიგრაციიდან სერიოზული დარტყმისათვის ემზადებოდა და ზვიად გამსახურდიას მომხრეებზე აკეთებდა გათვლას''. 

რამდენიმე ეპიზოდი წარსულიდან იმიტომ გავიხსენეთ, რომ ოქრუაშვილის დღევანდელი, მეტ-ნაკლებად სრულყოფილი X-ფაილი შევქმნათ. 

რატომ არის ახლა ოქრუაშვილი აქტუალური? _ რომ არა ბუტა რობაქიძის საქმეზე რამდენიმე დღის წინ გამოტანილი განაჩენი, თავდაცვის ექსმინისტრის არსებობა ისევ არავის გაახსენდებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც სასამართლომ გურამ დონაძეს და სხვებს პატიმრობა მიუსაჯა, გაჩნდა მოლოდინი, რომ გამოძიება შესაძლოა, ოქრუაშვილის წინააღმდეგაც დაიწყოს _ სწორედ ის იყო შს მინისტრი იმ დროს, როცა სრულიად ახალგაზრდა ბუტა რობაქიძე მოკლეს. 

ეჭვმა, რომ რობაქიძის საქმის კონტექსტში ოქრუაშვილის წინაღმდეგ შესაძლოა, გამოძიება დაიწყოს, „ოქრო“ ავანსცენაზე გამოაჩინა და მან სკანდალური განცხადებები არათუ შვილმოკლული მამის, სოსო რობაქიძის წინააღმდეგ გააკეთა, არამედ, ბიძინა ივანიშილსაც დაარტყა. კერძოდ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს მძიმე პოლიტიკური გაზაფხული უწინასწარმეტყველა და არც იმის თქმას მორიდებია, რომ ამ პროცესების ერთ-ერთი აქტიური ლიდერი თავად იქნება. 

რას აპირებს ოქრუაშვილი? _ ამას გაზაფხულზე ვნახავთ, მაგრამ ამ კონტექსტში საგულისხმოა, რომ პოლიტიკურად ცხელ გაზაფხულზე პოლიტიკურ კულუარებშიც ლაპარაკობენ. ყოველ შემთხვევაში, არსებობს მოსაზრება, რომ 2019 წლის გაზაფხულზე „რაღაც უნდა მოხდეს“. 

ასევე, გასათვალისწინებელია, რომ ჩვენმა ამერიკელმა მეგობრებმაც 28 ნოემბრის არჩევნების შემდეგ მინიშნება ამ კუთხით გააკეთეს ანუ თქვეს, რომ პროცესებს მომავალი წლის პირველ ნახევრამდე დააკვირდებიან. 

მოგეხსენებათ, პოლიტიკა ზუსტი მეცნიერება არ არის და რაღაც პროცესები შესაძლოა, სპონტანურადაც დაიწყოს, მაგრამ ყველაფერ ზემოთქმულის ერთობლიობა აჩენს განცდას, რომ იგივე ოპოზიცია რაღაცისთვის ემზადება, თუმცა ანალიტიკოსები არც იმას გამორიცხავენ, რომ ოპოზიციას თავად მმართველმა გუნდა დაასწროს და რადიკალური ნაბიჯები გადადგას, რაც პროტესტის წრეს შეამცირებს. 

„რადიკალური ნაბიჯები“ კი, ერთი ვერსიით, შესაძლოა, ის იყოს, რომ „ოცნებაში“ შიდა წმენდა დაიწყოს. ეს ვერსია ლოგიკასთან ახლოს არის, რადგან საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ ერთ წელში, ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. „სახელის დარქმევა“, შესაძლოა, ის იყოს, რომ ვიღაცები სამთავრობო თაბამდებობებს დაემშვიდობონ. ასევე, არ არის გამორიცხული და მოლოდინიც არსებობს, რომ „ოცნებაში“ პარტიული როტაციაც მოხდება და რებრენდირებული მმართველი პარტია ქვეყნის მმართვას განახლებული ენერგიით შეუდგება. 

ამას გარდა, ზოგი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებსაც არ გამორიცხავს, თუმცა ეს ალბათ, უფრო მოლოდინია, ვიდრე _ უტყუარი პროგნოზი. 

ასეა თუ ისე, ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ 2019 წელი პოლიტიკურად ძალიან საინტერესო იქნება.

ნინო დოლიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში