Menu
RSS

თიბისი ჯგუფი უძრავი ქონების ციფრული ეკოსისტემის განვითარებას იწყებს

ALLPROPERTY.GE-ს 90%-იანი წილი თიბისიმ იყიდა

თიბისი ჯგუფი და ALLPROPERTY.GE, საქართველოში უძრავი ქონების ციფრული ეკოსისტემის განვითარებას იწყებენ. ამ მიზნით, თიბისი ჯგუფმა უძრავი ქონების პლატფორმა ALLPROPERTY.GE-ს 90%-იანი წილი შეიძინა. 24 დეკემბერს, მხარეებს შორის პარტნიორობა ოფიციალურად გაფორმდა _ ხელშეკრულებას თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, თორნიკე გოგიჩაიშვილმა და ALLPROPERTY.GE-ს გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ჩუმლაშვილმა მოაწერეს ხელი.

უახლოეს მომავალში, ციფრულ პლატფორმა _ ALLPROPERTY.GE-ს ბევრი ახალი ფუნქციონალი დაემატება, რაც მომხმარებლებს უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას გაუმარტივებს. პლატფორმა ღია იქნება, როგორც ბინის გაყიდვის მსურველი ფიზიკური პირებისთვის, ასევე დეველოპერებისთვის. თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, თორნიკე გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, რომ ALLPROPERTY.GE-ზე, მხოლოდ გადამოწმებული და სანდო ინფორმაცია განთავსდება უძრავი ქონების შესახებ: 

,,ციფრული პლატფორმის განსავითარებლად, თიბისი ჯგუფმა უძრავი ქონების პლატფორმა _ ALLPROPERTY.GE-ს 90%-იანი წილი შეიძინა. ეს კომპანია 6 წლისაა, რომელიც ჩვენი აზრით, ერთ-ერთი გამორჩეული პლატფორმაა უძრავი ქონების ინდუსტრიაში. 2019 წლის თებერვლიდან, აქტიურად შევუდგებით ახალი, დამატებითი ფუნქციების დამატებას ამ პლატფორმაში. ციფრული უძრავი ქონების ეკოსისტემა აბსოლუტურად ღია და სარგებლიანი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული მხარისთვის. ვგულისხმობთ, როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს, მათ შორის, დეველოპერებს, ბროკერებს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და სხვა სერვისის მიმწოდებელ კომპანიებს, რომლებსაც ამა თუ იმ ფორმით შეხება აქვთ უძრავი ქონების ყიდვასთან და სხვადასხვა სერვისებთან'', _ განაცხადა თორნიკე გოგიჩაიშვილმა. 

მისი თქმით, უძრავი ქონების ყიდვით დაინტერესებული პირი დისტანციურად, სახლიდან გაუსვლელად მიიღებს შემდეგ სერვისებს: მოძებნის უძრავ ქონებას; შეადარებს სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით; შეაფასებს; მიიღებს დაფინანსებას; გადაიფორმებს უძრავ ქონებას; დაგეგმავს რემონტს; შეიძენს ავეჯს. თუმცა ეს მომსახურების სრული ჩამონათვალი არაა. თორნიკე გოგიჩაიშვილის განმარტებით, ციფრული პლატფორმა მიზნად ისახავს ყველა იმ სერვისისა, თუ ფუნქციონალის განვითარებას, რაც შესაძლოა, უძრავი ქონების ყიდვით დაინტერესებულ პირს ბინის ყიდვიდან, მასში საცხოვრებლად გადასვლამდე დასჭირდეს. 

ALLPROPERTY.GE-ს დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, გიორგი ჩუმლაშვილი მრავალი, საინტერესო სტარტაპ-წამოწყების ინიციატორია: 

,,ამიერიდან, ჩვენი კომპანია თიბისი ჯგუფის პარტნიორია, რაც იმას გულისხმობს, რომ ჩვენ, ერთად ავაშენებთ უძრავი ქონების ეკოსისტემას, რომელიც საქართველოში პირველი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ უკვე 6 წელია, რაც ALLPROPERTY.GE ბაზარზეა, რომელიც უამრავ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს ახვედრებს და ჩვენი დახმარებით, მრავალი ტრანზაქცია განხორციელდა, ამიერიდან სხვა ეტაპზე გადავდივართ. ეს ნიშნავს, რომ ALLPROPERTY.GE-ზე მომხმარებელს შეეძლება, თავისი მომსახურების სრული ციკლი მიიღოს, მათ შორის, დაფინანსების მოძიება, საჯარო რეესტრში სმარტ-კონტრაქტების ონლაინ-გაფორმება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენ ვიქნებით ღია პლატფორმა და ამ დიდი პარტნიორობის ხედვა, რომელიც თიბისი ჯგუფთან შედგა, გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერი დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირისთვის, ეს პლატფორმა ღია იქნება'', _ განაცხადა გიორგი ჩუმლაშვილმა. 

თიბისისა და ALLPROPERTY.GE-ს შორის თანამშრომლობა, მხარეებს შორის ანალიტიკური ინფორმაციის გაცვლას უზრუნველყოფს, რაც კომპანიებს მომხმარებლების სურვილებისა და საჭიროებების უკეთ გაგებასა და მათზე მორგებული შეთავაზებების გაკეთებაში დაეხმარება. თავის მხრივ, ALLPROPERTY.GE-ის განვითარება თიბისი ჯგუფის იმ სტრატეგიის ნაწილია, რაც ციფრული ეკოსისტემების შექმნას გულისხმობს და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. 

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში