Menu
RSS

გიორგი გახარია პარლამენტში წლიური ანგარიშით წარსდგა

„ჩვენ დღეს აქ ვიმყოფებით მწვავე დისკუსიისთვის და არა _ პოლიტიკური ცეკვებისთვის კამერების წინ და არც ფსევდო ინტელექტუალური, ფუჭი, უმიზნო დებატებისთვის“, _ ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოს პარლამენტის წინაშე ანგარიშით გამოსვლისას განაცხადა.

`ჩვენ არასოდეს შეგვშინებია მწვავე კიხვების და მწვავე დისკუსიების. რაც მთავარია, ჩვენ ყოველთვის გვესმოდა პარლამენტის მაკონტროლებელი ფუნქცია და პატივს ვცემდით და ვცემთ ინსტიტუტებს. სწორედ ამიტომ ვართ დღეს აქ, რომ პასუხი გავცეთ ერთი წლის განმავლობაში დაგროვილ მწვავე შეკითხვებს და აბსოლუტურად მზად ვართ, ასევე, დისკუსიისთვის. თუმცა, ასევე, მინდა გითხრათ და ერთმნიშვნელოვნად აღვნიშნო, რომ ზუსტად 1 წლის წინ, ჩვენ აქ ავიღეთ გარკვეული ვალდებულებები 2018 წელზე და ვთვლით ჩვენ თავს ვალდებულად, გარკვეული ანგარიში ჩავაბაროთ პარლამენტს, მაგრამ გპირდებით, რომ ეს იქნება სტრუქტურირებული, ძალზე მოკლე, კონკრეტულ შედეგებსა და კონკრეტულ გეგმებზე ორიენტირებული მოხსენება. 

ჩვენ საუბარი დავიწყეთ ერთი წლის წინ და მაშინ განვაცხადეთ, რომ ვხედავთ სისტემური რეფორმირების აუცილებლობას და ამ რეფორმირების ნაწილში ჩვენ გამოვყავით რამდენიმე ძირითადი მიმართულება: ეს გახლავთ სტრუქტურული რეფორმირება, შინაარსობრივი რეფორმა, საკანონმდებლო რეფორმა და რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურა. ამიტომ, როგორც მოგახსენეთ და დაგპირდით, მე აბსოლუტურად მოკლედ ვეცდები, მოგახსენოთ 2018 წლის ის შედეგები, მიღწეული კონკრეტული შედეგები, რომლებიც უკვე გვაქვს და ის მიზნები, ასევე, კონკრეტული, რომლებიც 2019 წლისთვის გვაქვს დასახული. 

საპატრულო პოლიციის ნაწილში, ჩვენ მოგეხსნებათ, რომ ვაგრძელებთ რეფორმირების შემდგომ ეტაპს და ეს რეფორმები შეეხება, პირველ რიგში, როგორც ეფექტურობის ამაღლებას, ასევე, ადმინისტრაციული პროცედურების ავტომატიზებას და მათ სრულყოფას. ამ რეფორმის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი გახლავთ ერთიანი მომსახურების ცენტრი, რომელიც საპატრულო პოლიციაში შეიქმნა. მსგავსი რამ საერთოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ფარგლებში, არ არსებობდა და დღეის მდგომარეობით, შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი მოქალაქეები, დაახლოებით, 50-ზე მეტი მომსახურებას იძენენ აბსოლუტურად ერთი ფანჯრის პრინციპით, ერთ ადგილას, მარტივად, იმის მაგივრად, რომ მოძრაობდნენ ქალაქის სხვადასხვა ბოლოში და ამაზე დროს ხარჯავდნენ. შემდეგი ეტაპი, მოგეხსნებათ, ჩვენი მნიშვნელოვანი მიმართულების გახლავთ საზღვრის დაცვა -სასაზღვრო პოლიცია. აქ მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ინტეგრირებული საზღვრის მართვა არის უდიდესი გამოწვევა ქვეყნისთვის. ჩვენ გვაქვს სერიოზული დახმარება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების. ვიმედოვნებთ, რომ ეს დახმარება გაგრძელდება. მოგეხსენებათ, რომ გაჩნდა ახალი მიმართულება და ახალი სფერო -ეს გახლავთ სანაპირო დაცვის კომპონენტი. დღეის მდგომარეობით, ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა ჩვენ გადმოგვეცა აილენდის კლასის ორი გემი და ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს აძლევს საშუალებას, შევიდეს შავი ზღვის ფარგლებში უსაფრთხოების ახალ ფორმატებში და გახსნას ნატოსთან თანამშრომლობის ახალი მიმართულება, რაც აქამდე შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ქვეყნისთვის არ არსებობდა. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ გადამზადების იმ ფორმატებით, რომლებიც გააჩნია სასაზღვრო პოლიციას, უახლოეს პერიოდში, 2019 წლიდან, საქართველოს სასაზღვრო პოლიცია შავ ზღვაზე ნატოს ფორმატში გამართულ წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს. 

ასევე, მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო ადამიანების უფლებების დაცვის დეპარტამენტი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნა. დღეის მდგომარეობით, ჩვენ უკვე გვაქვს გარკვეული მიღწევები, ეს მიღწევები ძირითადად ეხება ყველა სახის დისკრიმინაციის საფუძველზე ჩადენილი დანაშაულის, სენსიტიური დანაშაულების გამოვლენას. ამ მიმართულებით, შემიძლია გითხრათ, რომ კრიტიკულად შემცირდა ქალთა მკვლელობების მაჩვენებელი და 2018 წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა არც ერთი ფაქტი, როდესაც ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისგან რეაგირება არ ყოფილა. მსგავს დანაშაულებში დისკრიმინაციის მოტივის გამოვლენა ორჯერ გაიზარდა, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია და ზრდის ხარისხს. ასევე, 19 დღის განმავლობაში ამუშავდება პრევენციის ეფექტური მექანიზმები და რისკის გაზომვის შედეგად მიღებული მონაცემების საფუძველზე ამოქმედდება ელექტრონული სამაჯურები. რა თქმა უნდა, ცალკე არის გამოსაყოფი არასრულწლოვნების მიერ და არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი დანაშაული. აქაც საკმაოდ სერიოზული წარმატებები გვაქვს და რეალურად ეს სტატისტიკაშიც აღინიშნება. 

კიდევ ერთი მიმართულება _ ეს გახლავთ დროებით მოთავსების იზოლატორები, სადაც, ფაქტობრივად, ინფრასტრუქტურულ ნაწილში გადახალისდა მათი ინფრასტრუქტურული კომპონენტი. დღეის მდგომარეობით, როგორც ჩვენ თავიდანვე დაგპირდით, არ არსებობს არც ერთი დროებითი მოთავსების იზოლატორი, სადაც ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა სრულად არ ფუნქციონირებს. უფრო მეტიც, დღეის მდგომარეობით, 24 საათის მაგივრად, ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის მონაცემები ინახება 120 საათის განმავლობაში. ასევე, დროებით მოთავსების იზოლატორების ნაწილში ჩვენ გვქონდა გარკვეული პრობლემები მუდმივი სამედიცინო მომსახურების კონტექსტში. 7-დან 14-მდე გაიზარდა იმ დაწესებულებების რიცხვი, სადაც უკვე არსებობს მუდმივი სამედიცინო მომსახურება, ხოლო წლის ბოლომდე, 2019-ის ბოლომდე, ყველა -29-ვე დაწესებულებაში იქნება მუდმივი სამედიცინო მომსახურება, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის. ასევე, მინდა, აღვნიშნო, რომ რუსთავის დროებითი მოთავსების იზოლატორში, სპეციალურად არასრულწლოვნებისთვის მოეწყო შესაბამისი სივრცე. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის ინფრასტრუქტურულ ნაწილში, 2019 წელს დაიწყება თბილისში ახალი, დროებითი მოთავსების იზოლატორის მშენებლობა, რომელიც განთავსდება ავჭალაში და გათვლილი იქნება, დაახლოებით, 200 ადამიანზე... 

ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია პოლიციელების და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების სოციალური უზრუნველყოფა. ჩვენ გარკვეულწილად მოვახერხეთ მათი სახელფასო ანაზღაურების გაზრდა 2018 წელს. ასევე, მინდა გითხრათ, რომ ეს პროცესი 2019 წელსაც გაგრძელდება, თუმცა ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ის სოციალური პორტფელი, რომელსაც ეს ადამიანები იმსახურებენ. მე ვფიქრობ, რომ აქ იქნება სოციალური უზრუნველყოფის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი კომპონენტები -ბინათმშენებლობიდან დაწყებული, სამედიცინო მომსახურებით დამთავრებული, განათლებით გაგრძელებული და ასე შემდეგ. ამ მიმართულებით, რესურსულად, შინაგან საქმეთა სამინისტრო სრულად იქნება მობილიზებული, რამეთუ ამ ადამიანებს გრძელვადიან პერსპექტივაში აბსოლუტურად სწორი და პროგნოზირებადი წარმოდგენა ჰქონდეთ თავიანთ მომავალზე, განსაკუთრებით იმ ახალგაზრდებს, რომლებიც სისტემაში იწყებენ მუშაობას. 

ჩვენი 2018 წლის მუშაობის შედეგების ძალზე მნიშვნელოვანი კომპონენტი _ ეს გახლავთ საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც თქვენ მიერ იყო მხარდაჭერილი. შსს-ს მიერ ინიცირებული იყო 9 კანონპროექტი, მათ შორის, ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებით და კანონიერი ქურდების წინააღმდეგ შექმნილი კანონი, რომელიც ფაქტობრივად, თავიდან დაიწერა იმ ცვლილებებით, რომლებმაც, რეალურად, მოგვცა საშუალება, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში 200-ზე მეტი ადამიანი მიგვეცა პასუხისგებაში ქურდული მენტალიტეტის და კრიმინალური მენტალიტეტიდან გამომდინარე. გამკაცრდა ცრუ ჩვენების, ჩვენებაზე უარის თქმის, დანაშაულის დაფარვის და შეუტყობინებლობის ნაწილი. ასევე, გამკაცრდა და ცვლილებები განხორციელდა ოჯახში ძალადობის კონტექსტში. მოგეხსენებათ, რომ თქვენთან ერთად ვიმუშავეთ მარიხუანასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებზე, რაც ძალზე მნიშვნელოვანი იყო. ცვლილებები განხორციელდა და ფაქტობრივად, პრინციპულად შეიცვალა მანდატურების მარეგულირებელი კანონმდებლობა, წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელების კანონიერი მოთხოვნისთვის დაუმორჩილებლობის ნაწილი. ახლა, რაც შეეხება 2019 წელს -იმედი გვაქვს, რომ ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება. უახლოეს პერიოდში ჩვენ წარმოგიდგენთ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც მოახდენს ქუჩური გარჩევის კრიმინალიზებას, ასევე, ვფიქრობთ, რომ უახლოეს პერიოდში წარმოვადგენთ საკანონმდებლო ცვლილებებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რომლებიც გამომძიებელსა და პროკურორს შორის პირდაპირი უფლება-მოვალეობის უფრო მკაფიო გამიჯვნას შეუწყობს ხელს. აგრეთვე, მოვახდენთ საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებას პოლიციის და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შესახებ საქართველოს კანონმდებლობაში და რაც მთავარია, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ძირეული გარდაქმნის მიმართულებითაც წარმოგიდგენთ ჩვენ ინიციატივებს. უახლოეს პერიოდში წარმოდგენილი იქნება ცივი იარაღის მარეგულირებელი კანონმდებლობა. ეს ის ძირითადი საკანონმდებლო ცვლილებებია, რომლებზეც ჩვენ თქვენთან ერთად ვისაუბრებთ 2019 წლის განმავლობაში. 

სულ მოკლედ გეტყვით, რომ სამთავრობო სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროში თავი მოიყარა მიგრაციასთან დაკავშირებული პოლიტიკის განსაზღვრის გარკვეულმა ნაწილმა, იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებთან ერთად. ეს ჩვენთვის ახალი გამოწვევაა და ამ მიმართულებასთან დაკავშირებით, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ გვექნება საშუალება, კიდევ ერთხელ, ცალკე წარმოგიდგინოთ ჩვენი ხედვა და ის გეგმები, რომლების განხორციელებასაც ვაპირებთ 2019 წლის განმავლობაში~, _ განაცხადა პარლამენტში გამოსვლისას შს მინისტრმა. 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში