Menu
RSS

„იარაღს არ დავყრი. დედას ვუტირებ მე მაგას!“ _ თბილისის ომის ისტორიული პარალელები

რა მსგავსებაა 1991 წლისა და წლევანდელ დეკემბერს შორის და იმეორებს თუ არა პოლიტიკური ელიტა ძველ შეცდომებს

და აი, ისევ დეკემბერია, თვე, რომელმაც 27 წლის წინ, საქართველოს უახლესი ისტორია წითლად შეღება _ 1991 წლის 22 დეკემბერს, ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის დედაქალაქში ტყვია გავარდა და... თბილისის, უფრო ზუსტად, ძმათამკვლელი ომიც დაიწყო! ვინ გაისროლა პირველი ტყვია, ვის კისერზეა მოძმეთა ცოდვა და, საერთოდ, რა მოხდა 1991-92 წლებში? _ ამის შესახებ ბევრი თქმულა და დაწერილა, ალბათ, კიდევ ბევრი ითქმება და დაიწერება, თუმცა იმდროინდელ მოვლენებს სამართლებრივი შეფასება ორი ათეული წლის შემდეგაც არ მისცემია. რატომ? _ აი, ეს არის ერთ-ერთი მთვარი კითხვა, რომელზეც პასუხი მაშინდელი დაპირისპირებული მხარეების წარმომადგენლებს აინტერსებთ. რატომ? _ ეს არის კითხვა, რომელიც დღეს არანაკლებ აქტუალურია, რადგან კარგად თუ დავაკვირდებით, საზოგადოებაში დაპირისპირების მუხტი ისევ მაღალია. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ საქმე ისევ იარაღამდე არ მივა და ქართველები ერთმანეთის სისხლს ისევ არ დავღვრით, თუმცა არც იმაზე შეიძლება წაყრუება, რომ ქვეყანა, როგორც მაშინ, ახლაც „იმისტებად“, „ამისტებად“, „შუაშისტებად“ არის გაყოფილ-დანაწევრებული და იმ შემთხვევაში, თუ ვინმე უკეთური ჩვენს წაკიდებას მოისურვებს, მიზანს აუცილებლად მიაღწევს!

ვინ არის ეს უკეთური? _ ამაზე მარჩიელობა არც ღირს, რადგან ყველამ, დიდმა თუ პატარამ, ლამის დაზუსტებით ვიცით, რომ ჩვენი ერის გათიშვით ყველაზე მეტად ჩვენი ჩრდილოეთელი მეზობელი ხეირობს ხოლმე. ცალკეული ანალიტიკოსები ე.წ. რუსულ სცენარზე ახლაც საუბრობენ, მაგრამ იმედია, ქართველებს დღეს მაინც გვეყოფა გონიერება და კრემლის მუსიკაზე არ ვიცეკვებთ! 

 

ახლა, რაც შეეხება თბილისის ომს, მოდით, ჯერ ქრონოლოგიას მივყვეთ და შემდეგ, დღევანდელობასთან გარკვეული პარალელებიც გავავალოთ. ასევე, მოვისმინოთ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას უფროსი ვაჟის, კონსტანტინე გამსახურდიას შეფასებებიც. 

სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ, კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიებმა საქართველოს მთავარ პროკურატურასთან პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს _ შიმშილობა დაიწყეს. საქმე ისაა, რომ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეს ხანდაზმულობა ეწურება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ საგამოძიებო უწყება იმის გარკვევას არ დაიწყებს, რა მოხდა 1993 წლის ზამთარში, სოფელ ძველ ხიბულაში, ისტორიაში ჩაიწერება, რომ ზვიად გამსახურდიამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ეს გადაწერილი ისტორია იქნება და მეტი არაფერი, რადგან სხვადასხვა ჟურნალისტური გამოძიებებით, ასევე საპარლამენტო კომისიის დასკვნით, რომელსაც კონსტანტინე გამსახურდია ხელმძღვანელობდა და რომელსაც საგამოძიებო ფუნქცია არ ჰქონდა, დადგენილია, რომ ზვიად გამსახურდია მოკლეს. ეჭვის დონეზე ცნობილია, ვის შეიძლება გაეცა მკვლელობის ბრძანება. ასევე, ეჭვის დონეზე იმ ადამიანთა ვინაობებიც სახელდება, რომლებიც მონაწილეობდნენ პირველი პრეზიდენტის ლიკვიდაციაში, თუმცა ეს ეჭვები ოფიციალურად უნდა დადასტურდეს და შეიძლება, დამნაშავეები ვეღარ დაისაჯონ, რადგან მათგან ზოგი ცოცხალი აღარ არის, მაგრამ ამ გამოძიებით ისტორიული სამართლიანობა აღდგება. ამასთან, იმის დიდი შანსი და ალბათობაც გაჩნდება, რომ წარსულში დაშვებული შეცდომები აღარ დავუშვათ! 

თბილისის ომის ქრონიკა კი ასეთია: 

1990 წლის 28 ოქტომბერს, საქართველოში პირველი მრავალპარტიული არჩევნები ტარდება, რომელშიც ეროვნული მოძრაობა, კერძოდ, „მრგვალი მაგიდა“ იმარჯვებს და ხელისუფლებაში ზვიად გამსახურდიას გუნდი მოდის. 

1991 წლის 31 მარტს, დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, რეფერენდუმი ტარდება. რეფერენდუმში მონაწილეთა 97% მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას უჭერს. 

იმავე წლის 9 აპრილს, 1918 წლის კონსტიტუციის საფუძველზე, საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ცხადდება. 

პარალელურად, რუსეთი დსთ-ს ანუ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას ქმნის, რომელშიც დამოუკიდებლობაღმდგარი საქართველო, ცხადია, არ შედის. 

1991 წლის 21 დეკემბერს, ყაზახეთში დსთ-ს პირველი სამიტი იმართება და ცნობილი ხდება, რომ ახალ გაერთიანებას 11 წევრი ჰყავს. საქართველოს უარი რუსეთის პოლიტიკურ გეგმებს ეწინააღმდეგება, რადგან დსთ, პრაქტიკულად, მოდერნიზებული სსრკ-ია ანუ საქართველოს უარით, კრემლი ოფიციალურ თბილისზე კონტროლს კარგავს. ამიტომ სრულიად მოსალოდნელი იყო, რომ რუსული პოლიტიური ელიტა ვითარების გამწვავებაზე წავიდოდა და საიმისოდ, რომ საქართველო კვლავ საკუთარ კლანჭებში დაეტოვებინა, უარს სისხლიან სცენარზეც არ იტყოდა. პრაქტიკულად, ასეც მოხდა _ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაზე ადგილობრივი ოპოზიცია ჯერ პატარ-პატარა დარტყმებს ახდენდა, 1991 წლის 22 დეკემბერს კი, თბილისში ე. წ. „სახალხო აჯანყება“ დაიწყო, თუმცა იმთავითვე ყველამ იცოდა, რომ იმას, რაც რუსთაველზე ხდებოდა, აჯანყებასთან საერთო არაფერი ჰქონდა და ყველაფერი ეს, ჩვეულებრივი სახელმწიფო გადატრიალება იყო. 

„1991-92 წლების მოვლენები სამოქალაქო კი არა, რუსეთ-საქართველოს ომი იყო. 22 დეკემბერს იმიტომ ისროლეს, რომ წინა დღეს, მსოფლიო რუკიდან საბჭოთა კავშირი გაქრა. ეს გადაწყვეტილება ალმა-ატას შეხვედრაზე მიიღეს, რომელსაც 11 რესპუბლიკის პრეზიდენტი ესწრებოდა. საქართველოს მე და გურამ აბსანძე წარმოვადგენდით. 21 დეკემბერს, საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე, შეიქმნა დსთ, მხოლოდ საქართველომ თქვა უარი დსთ-ში შესვლაზე. ყაზახეთიდან გამომგზავრების წინ ელცინმა გვითხრა, დილის 8 საათამდე გამსახურდიას ზარს ველოდები, თუ არადა, პრობლემები შეგექმნებათო. 

22 დეკემბერს, გამთენიისას დავბრუნდით თბილისში და დაიწყო კიდეც შეიარაღებული დაპირისპირება. ბევრი მათგანი, ვინც ხელისუფლებას აუჯანყდა, მისდა უნებურად ანუ ისე, რომ არც იცოდა, რუსეთის ჯარისკაცად იქცა“, _ იტყვის წლების შემდეგ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ნემო ბურჭულაძე. 

თბილისის ომი მეამბოხეთა გამარჯვებით დასრულდა _ 1992 წლის 6 იანვარს, საქართველოს კანონიერი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია და მისი გარემოცვა იძლებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა. სახელმწიფოს მართვა ხელში ე.წ. სამხედრო საბჭომ აიღო. ამით კიდევ უფრო ნათელი გახდა, რომ ზვიად გამსახურდიას ხალხი კი არ აუჯანყდა, არამედ ყველაფერი ეს კლასიკური სამხედრო გადატრიალება იყო, რომლის უკანაც, დიდი ალბათობით, უცხო ქვეყნის, კერძოდ, რუსეთის სპეცსამსახურები იდგნენ. 

რუსული სპეცსამსახურების თემა მოგვიანებით კიდევ უფრო აქტუალური გახდა ანუ თბილისის ძმათამკვლელი ომის დასრულების შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია და ამის თაობაზე, თავად ომში ჩართულებიც საუბრობდნენ, რომ იარაღს ორივე მხარეს, ზუსტად რუსული სამხედრო მაღალჩინოსნები აძლევდნენ. ესე იგი, ეს იყო კლასიკური „გათიშე და იბატონე“, რომლითაც მოგებული დარჩა ერთადერთი მხარე _ კრემლი. 

ასევე, დღევანდელი გადასახედიდან იმის თქმაც დანამდვილებით და უტყუარად შეიძლება, რომ თბილისის ომით, „ერთმორწმუნე“ რუსეთმა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა დასაჯა, დასაჯა იმ ურჩობისთვის, რასაც დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა ჰქვია! ეს დასჯა საქართველოს ძვირი დაუჯდა _ 15-დღიან ძმათამკვლელ ომს 113 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, თუმცა მორალური ზარალი და დანკარგი, რომელიც ქვეყანამ მიიღო, როგორც იტყვიან, აუწონელია. უფრო მეტიც, ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ერი თბილისის ომის კოშმარიდან დღემდე ვერ გამოსულა და ყველა ან თითქმის ყველა უბედურება, რომელიც დღესაც გვჭირს, სწორედ ამ ომის შედეგია! 

თბილისის ომის დაწყების საბაბი პრემიერობიდან თენგიზ სიგუას გადადგომა და პრეზიდენტის მიერ, „გე-კა-ჩე-პე-ს პუტჩის~ დროს, ეროვნული გვარდიის სარდლის თანამდებობის გაუქმება გახდა. ამის გამო გვარდიის ნაწილი, დაახლოებით, 15 ათასი კაცი, თენგიზ კიტოვანის ხელმძღვანელობით, ჯერ რკონის ხეობაში, შემდეგ კი თბილისის ზღვის მახლობლად დაბანაკდა. 

„გადაეცით, რომ მე იარაღს არ დავყრი. დედას ვუტირებ მე მაგას, იცოდეთ. ბოლომდე ვიბრძოლებ, სანამ მე ცოცხალი ვარ და ერთი გვარდიელი მაინც იქნება, სისხლს ამოვუღებ“, _ განაცხადა მაშინ თენგიზ კიტოვანმა. 

„რაც არ უნდა დაირქვან მათ, გინდ დემოკრატიული ოპოზიცია, გინდ ანგელოზების ფრთებგამობმული ოპოზიცია, ყველამ იცის, რომ ისინი მკვლელები არიან, მოღალატეები და გამყიდველები არიან!“ _ ამბობდა საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია. 

წლების შემდეგ, ზვიად გამსახურდიას პირველი ვაჟი, კონსტანტინე გამსახურდია კი იტყვის: 

„არ ვიტყოდი, რომ ეს ომი იყო. იმისათვის, რომ ვისაუბროთ ომზე, საჭიროა ერთ მხარეზე _ მეომარი პარტიის მხარეზე _ იყოს, მინიმუმ, 20 პროცენტი მოსახლეობისა. ეს იყო სამოქალაქო დაპირისპირება, რამაც შედეგად მოიტანა თბილისის ცენტრის დანგრევა, საქართველოს არაერთი პროვინციის აოხრება, უმძიმესი კვალი დაამჩნია საქართველოს ისტორიას, რის შედეგებსაც დღესაც ვიმკით“... 

სხვათა შორის, 2005 წლის 11 მარტს, პარლამენტმა დადგენილება მიიღო და 1991-1992 წლების მოვლენები დაგმო: 

„დაიგმოს 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული გადატრიალება. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე“, _ ნათქვამია დადგენილებაში, რომელსაც ხელს აწერს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, მიხეილ მაჭავარიანი, მაგრამ დადგენილება დადგენილებას არ გასცდენია ანუ არ გამოძიებულა 1991-92 წლების მოვლენები საფუძვლიანად და ობიექტურად. 

„ვერსიის“ არქივში ინახება ზვიად გამსახურდიას უფროსი ვაჟის, კონსტანტინე გამსახურდიას ინტერვიუ, სადაც ის ასეთ ფრაზას ამბობს: 

„ზვიად გამსახურდიას საზოგადოების საკმაოდ მცირე ნაწილი დაუპირისპირდა“. 

„ვერსიის“ შენიშვნას, რომ ამ სიმცირის მიუხედავად, ქვეყანა სამოქალაქო ომამდე მივიდა, კონსტანტინე გამსახურდია ასე პასუხობს: 

„_ სამოქალაქო ომამდე იმიტომ მივედით, რომ საზოგადოების ამ მცირე ნაწილს რუსეთი შეიარაღებით დაეხმარა. კიტოვანი და სიგუა ღიად ამბობენ, რომ ღამეს „ზაკვოს~ შენობაში ათევდნენ. ირაკლი ბათიაშვილი სტატიაში _ „მანკიერი წრე“, პირდაპირ საუბრობს იმ სპეცსამსახურულ მხარდაჭერაზე, რომელიც რუსეთმა „გადამტრიალებლებს“ აღმოუჩინა. აფანასიევი და ბონერი კი პირდაპირ ასახელებენ იმ თანხას, რომლის ინვესტირებაც რუსეთიდან საქართველოში, სახელმწიფო გადატრიალებისთვის მოხდა. 

_ ორივე _ სიგუაც და კიტოვანიც პოლიტიკურ ასპარეზზე მამათქვენმა გამოიყვანა. ეს მისი შეცდომა იყო? 

_ კადრები მხოლოდ ზვიად გამსახურდიას კი არა, ყველა ხელისუფლების პრობლემაა. საქმე მაგაში არაა, რომ კიტოვანი და სიგუა იქ იყვნენ, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი, რომელსაც პროფესიონალიზმს ვერ დაუწუნებდი, ზვიად გამსახურდიას თანამშრომლობაზე უარს ეუბნებოდა. 

_ რატომ, ეშინოდათ? 

_ არა მხოლოდ ეშინოდათ, არამედ მოწინააღმდეგე ბანაკს, რომლისთვისაც ეროვნული მოძრაობა ჩვეულებრივი ბოლშევიზმი იყო, ანგარიშს უწევდნენ. გარდა ამისა, ალბათ, არ სჯეროდათ, რომ საბჭოთა კავშირი შეიძლება, დანგრეულიყო. აქედან გამომდინარე, თანამდებობაზე ბევრი ვიგინდარა მოხვდა. სხვათა შორის, ისეც არ გამოდიოდა, რომ ნდობა არავისთვის გამოგეცხადებინა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, კადრების გარეშე დარჩებოდი. არადა, კადრების დანიშვნა და გადაწყვეტილებების მიღება სასწრაფო იყო. საერთოდ, ასეთ პერიოდს „ელვისებური პარირებების“ პერიოდი ჰქვია. მტერს არ ეძინა _ 1990 წლის 14 ნოემბრის სესიიდან დაწყებული ბოლომდე, გამუდმებული დესტრუქციისა და, გნებავთ, ობსტრუქციის მცდელობა იყო. მაგალითად, იგივე 14 ნოემბერს, მხედრიონმა კახეთში პოლიციის, პრაქტიკულად, ყველა საგუშაგო დაცხრილა~... 

ამავე ინტერვიუში „ვერსიამ“, კონსტანტინე გამსახურდიას სიტყვა იმის შესახებაც ჩამოუგდო, თუ როგორ შეაფასებს ისტორია ზვიად გამსახურდიას: 

„კონსტანტინე გამსახურდია: _ ზვიად გამსახურდია, რა თქმა უნდა, ლეგენდაა და როგორც მერაბ კოსტავამ დაუწერა, ისე იქნება: „გადაიჭრები გზნებით მყოფადში, დაემკვიდრები ხალხში მითივით, ზეაღმართული ჩვენს ეპოქაში, მიქელანჯელოს კუშტ დავითივით...~ 

_ გროზნოდან დაბრუნება ზვიად გამსახურდიას შეცდომა იყო? 

_ ის, რაც ზვიად გამსახურდიას ცხოვრებაში შეცდომად ჩანს, შეცდომა კი არა, არჩევანი იყო!

_ ანუ რუსულმა სპეცსამსახურებმა არ წაუფითილეს, საქართველოში დაბრუნდიო? 

_ არ მგონია, ოდესმე რუსული სპეცსამსახურების დაკვეთითა, თუ შეგდებული იდეით მოქმედებდა. ის ყოველთვის რისკზე მიდიოდა! ვერ წარმომიდგენია, ზვიად გამსახურდია გროზნოში მჯდარიყო და იქიდან ეყურებინა, სოხუმში ქართველები როგორ იჟლიტებოდნენ! 

_ იცოდით, რომ საქართველოში ბრუნდებოდა? 

_ არა, პოსტ-ფაქტუმ გავიგე~... 

ზვიად გამსახურდიას საქართველოში დაბრუნება, დღევანდელი გადასახედიდან თუ ვიმსჯელებთ, თბილისის ომის ერთგვარი ლოგიკური გაგრძელება იყო ანუ პრეზიდენტი მოკლეს. ეს მიზანი კი კრემლს შესაძლოა, 1991-92 წლებშიც ჰქონდა. კრემლი გასაგებია, მაგრამ მას შემდეგ საქართველოს სათავეში არაერთი, რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკური მსოფლმხედველობის ხელისუფლება მოვიდა, თუმცა ზვიად გამსახურდიას მკვლელობა ოფიციალურად, როგორც აღვნიშნეთ, დღემდე არ გამოძიებულა. 

რატომ? _ ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს! 

მიმდინარე წლის 14 დეკემბერს, კონსტანტინე გამსახურდიამ სოციალურ ქსელში დაწერა: 

„ძვირფასო მეგობრებო! მოგმართავთ ყველას! 

დღემდე არსებულმა ხელისუფლებებმა და კონკრეტულად დღევანდელმა ხელისუფლებამ, ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების საქმე მოიყვანეს იმ კრიტიკულ წერტილამდე, როდესაც იგი შეიძლება, სულ რაღაც, 2 კვირაში, 31 დეკემბერს, დაიხუროს ხანდაზმულობის გამო. 

დიახ, კანონით ასეა. 

მიუხედავად იმისა, რომ იყო საკმარისი სამხილები მაშინდელი, ჯერაც საბჭოთა КГБ-ს კადრებით დაკომპლექტებული, ფორმით ქართული, შინაარსით კი რუსული სპეცსამსახურების იმ კადრების წინააღმდეგ, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ზვიად გამსახურდიას დევნასა და მკვლელობაში, საქართველოს პროკურატურას საქმის გაწელვის გარდა, არაფერი ქმედითი არ გაუკეთებია დღემდე. 

ახლაც დაიბარეს ასეთივე კალიბრის კონკრეტული მაღალჩინოსანი, რომელიც გამოკითხვისას, რასაკვირველია, ყველაფერს უარყოფს, თავად საგამოძიებო უწყება კი ვერ ბედავს კრიტიკულად შეხედოს ან ეჭქვეშ დააყენოს მისი ჩვენების სისწორე. 

უნიათობა თუ რეაგირება პოლიტიკური ნების არარსებობაზე? _ ისმის კითხვა. 

ალბათ, _ ერთიც და მეორეც, არის პასუხი. 

დღესაც, პროკურატურაში მოსულთ იგივე სიტუაცია დაგვხვდა, ამიტომაც ვაცხადებთ შიმშილობას, პროტესტის ნიშნად, მთავარი პროკურატურის მისაღებში, ვახტანგ გორგასლის ქ. #24, რათა ბოლოს და ბოლოს, სამართალი აღსრულდეს და ეს საქმე გამოძიებულ იქნეს. 

უშუალოდ მკვლელის, ასევე მკვლელობაში ჩართული პირების წინააღმდეგ, სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას! 

ასევე, შევიდეს ცვლილება ორგანულ კანონში, რათა განსაკუთრებულ შემთხვევებს არ შეეხოთ ეს ხანდაზმულობა. 

იძულებული ვარ, გადავდგა ეს ნაბიჯი, მიუხედავად ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობისა!“ 

ამ განცხადების გავრცელებიდან ორი დღის შემდეგ, კერძოდ, 16 დეემბერს, კონსტანტინე გამსახურდიამ ასევე, საჯარო განცხადებით მიმართა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. 

„მინდა მივმართო სალომე ზურაბიშვილს: 

ქალბატონო პრეზიდენტო, 

დავეყრდნობი თქვენს განცხადებას, გაკეთებულს საარჩევნო კამპანიაზე, რომ აუცილებლად დაინტერესდებით ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიებით და ეს საქმე ფინალამდე უნდა მივიდეს. 

მოგახსენებთ, რომ აღნიშნული საქმე დახურვის პირასაა, რამდენადაც 2018 წლის 31 დეკემბერს, გადის ამ დანაშაულის ჩადენის 25 წლისთავი. ორგანული კანონით, თუკი ამ ხნის მანძილზე მიმდინარე გამოძიებისას ბრალი არავის წარედგინა, საქმე იხურება. მთავარმა პროკურატურამ დღემდე არსებული ყველა ხელისუფლების პირობებში, საქმე აქამდე მოიყვანა, რის გამოც ჩვენ, მე და ჩემი ძმა, იძულებულნი გავხდით, მთავარი პროკურატურის მისაღებში გამოგვეცხადებინა შიმშილობა. 

ველოდებით თქვენს ჩართვას“. 

უცნაურია, მაგრამ კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიების პროტესტს ოფიციალური თბილისი არ გამოხმაურებია. 

რატომ? _ ეს ამ საქმეში კიდევ ერთი პასუხგაუცემელი კითხვაა, კითხვა, რომელიც გარკვეულწილად, დღევანდელ პოლიტიკურ რეალობასაც განსაზღვრავს. 

ეს რეალობა კი, ვინმე აღიარებს თუ არა, ასეთია _ სახეზეა პოლიტიკური კრიზისის ნიშნები. 

კრიზისის ნიშნები 1991 წლის შემოდგომაზეც იყო და ამას ადასტურებს თუნდაც ის, რომ მაშინდელი ხელისუფლება ოპოზიციას სრულიად აიგნორებდა. უფრო მეტიც, 1991 წლის 2 სექტემბერს, კინოს სახლთან, ოპოზიციის მისამართით ცეცხლიც კი გაიხსნა. 

იყო თუ არა 2 სექტემბერი, ასევე რუსული პროვოკაცია? _ ამ თემაზე მსჯელობისას, სხვადასხვა ვერსიას ანვითარებენ. ჯაბა სამუშიას წერილში კი ვკითხულობთ: 

„2 სექტემბერს, დღის მეორე ნახევარში, კინოს სახლთან, დაგეგმილი იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის საინფორმაციო მიტინგი. მომიტინგეებს შეკრების საშუალება არ მისცა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა, რომელსაც დაკავებული ჰქონდა კინოს სახლის შესასვლელთან არსებული ტერიტორია. პირველი ინციდენტი მოხდა სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებსა და მიტინგის ორგანიზატორებს შორის, რომელთაც ხმის გამაძლიერებელი აპარატურის დადგმის მცდელობა ჰქონდათ. სწორედ იმ დროს, როდესაც პოლიციელები ცდილობდნენ მომიტინგეებისათვის ხელის შეშლას, იქ მყოფმა ჟურნალისტებმა დაიწყეს ამ მოვლენის ფოტოზე აღბეჭდვა. ფოტორეპორტიორებს მილიციის თანამშრომლებმა აუკრძალეს ამ კადრების გადაღება. ამან კიდევ უფრო დაძაბა ვითარება. გარკვეული პერიოდის შემდეგ, მომიტინგეთა ძირითადი მასა უკვე შეკრებილი იყო კინოს სახლის მიდამოებში. ისინი ძალით შეეცადნენ მიტინგისათვის საჭირო ტერიტორიის დაკავებას. სწორედ ამ დროს მოხდა პირველი სერიოზული შეხლა-შემოხლა მომიტინგეებსა და სპეციალური დანიშნულების რაზმს შორის. ვითარება უკიდურესად დაიძაბა და ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზარდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს დამატებითი ძალები დისლოცირებული იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შენობის ეზოში (ფუნიკულიორის საბაგიროს ქვემო სადგურთან). კონფლიქტის გაღვივებისას, ნაწილი პოლიციელებისა ჩაერთო მომიტინგეების დაშლის ოპერაციაში, მაგრამ ამჯერადაც ვერ მოხერხდა რამდენიმე ასეული მომიტინგის გაფანტვა. ამასობაში, საქმეში ჩაერია შინაგან საქმეთა სამინისტროს პირადი შემადგენლობის დანარჩენი ნაწილი და მხოლოდ მათი საშუალებით, მიტინგი დაიშალა. სამწუხაროდ, მილიციელებმა ამ მომენტში იარაღი გამოიყენეს და გაისმა რამდენიმე გასროლა ჰაერში. მოგვიანებით, ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ თითქოსდა, ამ გასროლის შედეგად იყვნენ დაჭრილები. მაგრამ ეს ინფორმაცია არ შეეფერებოდა სიმართლეს, რადგან დაშავებულმა მომიტინგეებმა შეხლა-შემოხლისას მიიღეს ტრავმები და მათ სასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები არ აღენიშნებოდათ. 

მომიტინგეების დარბევის შემდეგ, ინციდენტი არ ამოიწურა. დემონსტრანტებმა ქვები დაუშინეს მილიციას. ამასთანავე, რუსთაველის მეტროს მიდამოებში აუარებელმა ხალხმა მოიყარა თავი. მიტინგის დაშლის ამბავი მალე ოპოზიციის სხვა ლიდერებისთვის გახდა ცნობილი. დაახლოებით 1-2 საათის შემდეგ, შოთა რუსთაველის ძეგლთან მაინც გაიმართა მიტინგი, რომელსაც გაცილებით უფრო ბევრი ხალხი დაესწრო. 

როდესაც ვსაუბრობთ 2 სექტემბრის მიტინგზე, უპირველესად უნდა გავარკვიოთ ერთი საკითხი. რატომ და ვის მიერ იყო ორგანიზებული იგი? ზოგიერთი მეცნიერის აზრით, მიტინგი ქვეყნის გარედან იმართებოდა. ვფიქრობთ, ამ პრობლემის გარკვევა, ნაწილობრივ ნათელს მოჰფენს 2 სექტემბრის მოვლენებს. 

1991 წლის დასაწყისში, საქართველოში პოლიტიკური ვითარება ერთობ დაძაბული იყო. პოლიტიკური პარტიები და ხელისუფლება ერთმანეთს მიტინგების საშუალებით ესაუბრებოდნენ. საქართველოს პარლამენტის წინ, ხელისუფლების მომხრეები მართავდნენ აქციას. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, კინოს სახლთან კი _ ოპოზიციის წარმომადგენლები. 1991 წლის გაზაფხულზე, ყოველ ორშაბათს, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია კინოს სახლთან, საინფორმაციო მიტინგებს აწყობდა. ივნისში, ბოლო ასეთ შეხვედრაზე გადაწყდა, ივლის-აგვისტოში მიტინგები შეწყვეტილიყო და იგი განახლებულიყო სექტემბრის პირველ ორშაბათს, რომელიც სწორედ, 2 სექტემბერს დაემთხვა. ამდენად, ამ დღეს მიტინგის ჩატარება რამდენიმე თვით ადრე იყო დაგეგმილი და არანაირ მოულოდნელობას არ წარმოადგენდა. თავისთავად, მიტინგი-დემონსტრაცია პოლიტიკური უფლებაა და მისი აკრძალვა დემოკრატიის პრინციპებს ეწინააღმდეგება. 

როგორც ითქვა, მიტინგებს მართავდა ხელისუფლებაც და ოპოზიციაც. ვფიქრობთ, უკვე ამაში იყო დაშვებული შეცდომა. ახალი პოლიტიკური რეალობა ითხოვდა პარტიების საქმიანობაში გარკვეული ცვლილებების შეტანას. მიტინგი იმ პერიოდისათვის პოლიტიკურ ორგანიზაციებს ესაჭიროებოდათ საზოგადოებისათვის ინფორმაციის მისაწოდებლად. პრესისა და ტელევიზიის როლის გაზრდის შემთხვევაში, ასეთი სახის შეკრებებიც თავის ფუნქციას დაკარგავდა. 

ჯერ კიდევ 1990 წელს, სააღდგომო ეპისტოლეში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II აღნიშნავდა: „ვფიქრობ, სასწრაფოდ უნდა შედგეს ყველა პარტიისა და საზოგადოების წარმომადგენელთა კრება, რომელიც გამოიმუშავებს პარტიების კამათის ეთიკის კანონებს, რომლის დაცვაც აუცილებელი იქნება ყველასთვის... მიმაჩნია, რომ მიტინგებისა და გაფიცვების სახით, ევროპიდან შემოსულმა პროტესტის თუ აზრის გამოთქმის ამ ფორმამ დრო მოჭამა. ხალხი შეეჩვია მას, დაიღალა და უკურეაქცია გაჩნდა“. 

2 სექტემბრის მიტინგი შეიძლება, საქართველოს ისტორიაში არც შესულიყო, რომ არა ძალის გამოყენება, რაც ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ იყო ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომა. შეიძლება ჩვენ ვისაუბროთ გარკვეულ პროვოკაციაზე ოპოზიციის მხრიდან, ვიფიქროთ, რომ ყოველივე დაგეგმილი იყო ქვეყნის გარედან, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, 2 სექტემბერს ვიღაცამ გასცა ბრძანება და მომიტინგეებს შინაგან საქმეთა სამინისტროს პირადი შემადგენლობა დაუპირისპირდა. ბუნებრივია, ხელისუფლების ამ რგოლის ქმედებაზე ვიღაცას უნდა ეგო პასუხი. იარაღიანი ხალხის გამოყენება მიტინგის დასაშლელად არც ოპოზიციის ბრძანებით შეიძლება მომხდარიყო და არც ქვეყნის გარედან. ასეთ გადაწყვეტილებას უშუალოდ საქართველოს ხელისუფლება იღებდა. და თუ ხელისუფლებაში ვინმე იყო პროვოკატორი, ეს უპირველესად, ხელისუფლების პრობლებას წარმოადგენდა და „განტევების ვაცის“ სხვაგან ძიება არ მიგვაჩნია მართებულად. 

2 სექტემბრის ინციდენტში მომიტინგეებსაც მიუძღვით გარკვეული ბრალი. სამართალდამცველთა მიერ აკრძალვის შემთხვევაში, მათ მიტინგი სხვა ადგილას უნდა გაემართათ. მაგრამ იმ პერიოდში, მთელი საქართველო უკიდურესი რადიკალიზმის სენით იყო დაავადებული. თვით მიტინგის აკრძალვაც, ეროვნული ხელისუფლების მხრიდან უცხო იყო. ამიტომაც ეს თითქოსდა ჩვეულებრივი შეკრება დაპირისპირებაში გადაიზარდა. უარყოფითად უნდა შეფასდეს მომიტინგეთა მიერ, მილიციისათვის ქვების დაშენის ფაქტიც, რომელიც სამართალდარღვევა იყო“. 

სხვათა შორის, 2 სექტემბრის, რბილად რომ ვთქვათ, კომპლექსი, თავად მაშინდელ ხელისუფლებასაც ჰქონდა და ეს ჩანს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ, 1991 წლის 15 სექტემბერს მიღებულ დადგენილებაში: 

„ა. წ. 2 სექტემბერს, ქ. თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მოხდა შეტაკება მიტინგის მონაწილეებსა და მილიციის ნაწილს შორის, რომლის შედეგადაც დაშავდნენ, როგორც მომიტინგეები, ასევე მილიციის მუშაკები. ითვალისწინებს რა ადამიანის უფლებათა დაცვისა და დემოკრატიის აღიარებული პრინციპების მოთხოვნებს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ამ ფაქტს მიიჩნევს ქართველი ერის ინტერესების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად და აქედან გამომდინარე ადგენს: 

1. დაიგმოს ა. წ. 2 სექტემბერს, ქ. თბილისში, რუსთაველის მოედანზე მიტინგის დროს ძალის გამოყენების ფაქტი. 2. მიღებულ იქნეს ცნობად, რომ ამ ფაქტის გამო, თბილისის პროკურატურამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე და აწარმოებს გამოძიებას. 3. მომხდარი ფაქტის გარემოებათა ყოველმხრივი შესწავლისა და სათანადო დასკვნის გამოტანის მიზნით, შეიქმნას საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს კომისია ყველა რეგისტრირებული პარტიის, აგრეთვე საზოგადოების წარმომადგენელთა მონაწილეობით. 4. კომისიამ თავისი დასკვნები წარუდგინოს უზენაეს საბჭოს“. 

ამ მოვლენებიდან ორ ათეულ წელზე მეტი გავიდა, მაგრამ როგორც ჩანს, იგივე მოჯადოებულ წრეზე ვტრიალებთ: ცალკე ხელისუფლების მომხრეები მართავენ აქცია-მიტინგებს და ცალკე _ ოპოზიციის მიმდევრები. ამასთან, ისევ აქტუალურია ოპოზიციის აქციების „მუჭში მოქცევა“ _ ავიღოთ, თუნდაც 16 დეკემბრის მოვლენები. ორი ათეული წლის შემდეგაც, ისევ საუბარია იმაზე, რომ ოპოზიცია კანონიერი ხელისუფლების დამხობას ცდილობს და ხელისუფლებაც ისევ ცდილობს ოპოზიციის დემონიზებას. არადა, ორივე მხარეს საქართველოს მოქალაქეები არიან. მათ შორის განსხვავება პოლიტიკურ გემოვნებაშია, თორემ იმის მტკიცება, რომ რომელიმე მათგანს ქვეყანა არ უყვარს, სიტუაციის ესკალაცია იქნება და მეტი არაფერი! 

ასე რომ, ქალბატონებო და ბატონებო, ყველაფერს სჯობს, ჩვენს უახლოეს წარსულს თვალი დაკვირვებით გადავავლოთ, 90-იანებში დაშვებული შეცდომები გავაანალიზოთ და ისე მოვიქცეთ, რომ ისტორიის ჩარხი კვლავ უკუღმა არ დავატრიალოთ!

ნინო დოლიძე

დაბრუნება დასაწყისში