Menu
RSS

ანდრო გოცირიძე: „ძალიან ცუდი დასანახი იყო ჩვენი პარტნიორებისა და საქართველოს იმიჯისთვის ეს ძალადობრივი ქმედებები!“

„ადამიანი, თუ კანონი დაარღვია, გამოძიებამ უნდა იაროს თავის გზით და არ აქვს მნიშვნელობა, პოლიტიკური პარტიის წევრია თუ ლიდერია!“

16 დეკემბერს, საქართველოს მეხუთე არჩეული პრეზიდენტის ინაგურაციის დღეს, კახეთში, კერძოდ, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხესთან, ოპოზიციის მხრიდან განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება ექსპერტი ანდრო გოცირიძე, რომელიც 2014-2016 წლებში, გახლდათ თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორი. ასევე, სხვადასხვა დროს მუშაობდა თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექტორად, სადაზვერვო სამსახურების, ასევე საბანკო სექტორის უსაფრთხოების ხელმძღვანელ თანამდებობებზე. მისი უშუალო მონაწილეობით დამუშავდა საქართველოს უშიშროების სამინისტროს რეფორმა (2001-2004 წლბეში) და საპატრულო პოლიციის ჩამოყალიბების კონცეფცია (შსს რეფორმის კონცეფცია _ 2004 წელი). არის უსაფრთხოების თემაზე სტატიებისა და სხვა პუბლიკაციების ავტორი, წიგნის „კიბერთავდაცვა“ თანაავტორი.

_ პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს, კახეთში განვითერბულ ძალადობრივ ქმედებებს გამოეხმაურა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში. როგორ შეაფასებდით დიპლომატის განცხადებას და რა სიგნალი დაინახეთ ამ განცხადებაში? 

_ გავეცანი განცხადებას და, პრინციპში, აქ ის ჩანდა, რომ სამართალმა უნდა იმოქმედოს რეალურად და ძალიან ცუდი დასანახი იყო ჩვენი პარტნიორებისთვისაც და ზოგადად, საქართველოს სახელმწიფოს იმიჯისთვის ის ძალადობრივი ქმედებები, რაც ხდებოდა. ვფიქრობ, არჩევნების შედეგები უნდა იყოს აღიარებული და მეორე, თვითონ ეს პროტესტის ფორმა უნდა იყოს მშვიდობიანი. ყველა ქვეყანაში და ყველა პარტნიორის გადასახედიდან, სამართალდამცავ სისტემაზე თავდასხმა არის დასჯადი. 

_ რაც შეეხება 16 დეკემბერს, პოლიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროს ღონისძიებებს, როგორ შეაფასებთ კრიზისულ სიტუაციებში ძალოვანი უწყების ხელმძღვანელების მოქმედებებს და სტრატეგიას?

 

_ ფაქტია, კრიზისი რეალურად განიმუხტა და მეორეც, ბოლოსდაბოლოს უნდა დამთავრდეს პოლიტიკის გამო, როგორც დაჭერა, ისე _ არდაჭერა. 

თუ ადამიანმა დაარღვია კანონი და მით უმეტეს, სამართალდამცავ სტრუქტურაზე თავდასხმა არის კატეგორიულად წარმოუდგენელი რამ, რაც ძალადობრივი დანაშაულია და ამის ნიშნები არსებობს, გამოძიებამ უნდა იაროს თავის გზით, არ აქვს მნიშვნელობა პოლიტიკური პარტიის წევრია, ლიდერია, ხელმძღვანელია თუ ასე შემდეგ. 

_ ასევე, უნდა გკითხოთ დავით კირკიტაძის დაკავების შესახებ. უშუალოდ 16 დეკემბერს, შს მინისტრმა თქვა, რომ სამართლებრივი შეფასება და რეაგირება მოჰყვებოდა თითოეულ ძალადობრივ ქმედებას. 17 დეკემბერს დააკავეს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი. თქვენ როგორ შეაფასებთ, როგორც უსაფრთხოების სფეროს ექსპერტი, შს მინისტრის ამ ქმედებების თანმიმდევრობას? ოპოზიცია ამბობს, რომ ეს იყო პოლიტიკური შურისძიება... 

_ რასაც ვუყურე, იქ პირდაპირ დანაშაულის ნიშნები ჩანს, კონკრეტული თავდასხმა და ქონების განადგურება. პოლიციაზე თავდასხმა და სამართალდამცავი ორგანოების შეურაცხყოფა, ასევე დასჯადია და თავისთავად ცხადია, ამას სჭირდება რეაგირება. 

რაც შეეხება სამინისტროს მუშაობას, რასაკვირველია, დანაშაული უნდა აღიკვეთოს, უფრო მეტიც, პოლიციის დანაყოფების უფლებაც არის და მოვალეობაც, რომ დანაშაული აღკვეთოს და მეორეც, არ მოხდეს დაპირისპირება. განსაკუთრებით, ქვეყნისთვის ასეთ მნიშვნელოვან დღეებში. შესაბამისად, ამ მხრივ, ვფიქრობ, რაღაც ნაბიჯები გადაიდგა იმ თვალსაზრისით, რომ პოლიცია და განსაკუთრებით საზოგადოებრივი წესრიგის დამცავი დანაყოფები ნაკლებად პოლიტიზირებული უნდა იყოს მართლწესრიგის და მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის სამსახურში და უნდა დასრულდეს პოლიტიკური ნიშნით არათუ დაჭერა, არამედ არდაჭერაც. კანონმა უნდა იმოქმედოს ყველასთვის ერთნაირად.

ინგა უჯმაჯურიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში