Menu
RSS

800-მილიონიანი „ბოროტების ბუდე“, რომელიც პოლიტიკური დაპირისპირების საბაბი გახდა

პრეზიდენტის ავლაბრის სასახლის სკანდალური X-ფაილი

ყველა ნორმალურ ქვეყანაში, რომელსაც პრეტენზია ცივილურობაზე აქვს, პრეზიდენტი და, შესაბამისად, მისი რეზიდენცია ერთგვარად ეროვნული ღირსების ციტადელად ითვლება. ამასთან, ცივილური ადამიანები საკუთარ პრეზიდენტსაც, რომელიც უპირველესად, მთავარსარდალია, პატივს სცემენ და შესაძლოა, მისი ზოგიერთი ქმედება არ მოსწონდეთ, მაგრამ კრიტიკის დროს არც შეურაცხყოფაზე გადადიან და არც ქვებსა თუ კვერცხებს ესვრიან ხოლმე, თუმცა ყველაფერი ეს ნორმალურ და განვითარებულ ქვეყნებში. საქართველო კი, მოგეხსენებათ, განვითარებადია. ჰოდა, ჩვენთან პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართაც ისეთი დამოკიდებულება არსებობს, რომლითაც მსოფლიოს ნამდვილად ვაოცებთ. ახლა, იკითხავთ, ასეთი უტრირება და დრამატიზება რა საჭიროაო, მაგრამ თუ ჩვენი ბედკრული სამშობლოს და, პარალელურად, მისი პირველი პირების მოღვაწეობას თვალს გადავავლებთ, მივხვდებით, რომ თავად უახლესი ისტორიაა დრამატული.

 

დავიწყოთ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან, როცა ბოლშევიკური მმართველობის შემდეგ, დემოკრატიის, მრავალპარტიულობის გოლგოთას შევუდექით და პირველი პრეზიდენტი ავირჩიეთ. ახლა, იმის შესახებ არ დავიწყებთ მსჯელობას, თუ როგორი პრეზიდენტი იყო ზვიად გამსახურდია. ამჯერად „ვერსია“ ყურადღებას საქართველოს მთავარსარდლების სამუშაო რეზიდენციებზე გაამახვილებს. 

ზოგადად, ეს თემა აქტუალური გიორგი მარგველაშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ გახდა ანუ მოგეხსენებათ, თავდაპირველად „მარგველა“, რომელიც დიდ პოლიტიკაში ფეხის შედგმამდე წინდების ქსოვით იყო გატაცებული და თავს „პლასტელინას“ ეძახდა, პირობას დებდა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ აშენებულ პრეზიდენტის ე.წ. ავლაბრის რეზიდენციაში, ქუდი, გნებავთ, წინდაც რომ შეეგდოთ, არ შევიდოდა, მაგრამ მთავარსარდლის სტატუსი გაინაღდა თუ არა, „პლასტინკა“ ამოატრიალა და ბინა „გეენების ბუდეში“ დაიდო. სწორედ ეს გახდა მარგველაშილისა და „ოცნების“ დაპირისპირების მიზეზი. 

რატომ ეძახდა „ოცნების“ ლიდერშიფი პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციას „გეენების ბუდეს“? _ ამის შესახებ საუბარი მხოლოდ და მხოლოდ ხალხურ მითოსზე დაყრდნობით შეიძლება ანუ ჯერ კიდევ ნაციონალების მმართველობის დროს ვრცელდებოდა ლეგენდა, რომ ავლაბრის რეზიდენციაში უხამსი რაღაცები ხდებოდა, თუმცა ზუსტად არავის უთქვამს, ეს „უხამსი რაღაცები“ რას ნიშნავდა. 

ისე, ისტორიის თანახმად, პრეზიდენტის აღნიშნული რეზიდენცია თავიდანვე შავი პიარისთვის იყო განწირული. ყოველ შემთხვევაში, ვალერი გელაშვილის სასტიკი ცემის საბაბ-მიზეზი, სწორედ ეს სასახლე გახდა. ყველაფერი კი, დაახლოებით, ასე დაიწყო: 

2002 წელს, ვალერი გელაშვილმა, რომელიც იმხანად სამშენებლო კომპანია „ევრას“ ხელმძღვანელობდა, ავლაბარში, საგზაო პოლიციის ძველი შენობის გვერდით, 2,300 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი შეისყიდა და კერძო სახლის მშენებლობა დაიწყო. 2004 წელს, გელაშვილს „ვარდების ხელისუფლებამ“ სთხოვა, ეს შენობა სახელმწიფოსთვის გადაეცა. ამ დროისთვის უკვე გადაწყვეტილი იყო, რომ საგზაო პოლიციის შენობა პრეზიდენტის რეზიდენციად უნდა გადაკეთებულიყო. გელაშვილი შეთავაზებას დასთანხმდა, თუმცა სანაცვლოდ მოითხოვა, რომ პრეზიდენტის რეზიდენციის სამშენებლო სამუშაობს მისი ფირმა განახორციელებდა. ნაციონალებმა ეს პირობა მიიღეს და კომპანია „ევრა“ სამშენებლო სამუშაოებს შეუდგა. 

გამოხდა ხანი და გელაშვილმა საზოგადოებას ამცნო, რომ მთავრობა „ევრასთვის“ ფულის გადახდაზე უარს ამბობდა. ამავე პერიოდში, გელაშვილი რესპუბლიკურ პარტიაში გაწევრიანდა და გაჩნდა ეჭვი, რომ ამ ნაბიჯით ის თავის დაცვას ცდილობდა. პარალელურად, „ევრას“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომ კომპანია ავლაბარში განთავსებულ სახლს ყიდდა, რომლის საერთო ფართიც 1,345 კვადრატულ მეტრს შეადგენდა. 

„სახლს ბრონირებული ფანჯრები აქვს. საწყისი ფასი _ 5 000 000 აშშ დოლარი“, _ ნათქვამი იყო განცხადებაში. 

მოგვიანებით, „ევრა“ გამოვიდა ინიციატივით, რომ მზად იყო, პრეზიდენტის რეზიდენციის მშენებლობის უფლება ინვესტორისთვის იმ პირობით მიეცა, თუ ის იმ ხარჯებს აანაზღაურებდა, რაც კომპანიამ სამშენებლო სამუშაოებისთვის გაიღო. 

2005 წლის 14 ივლისს, ვალერი გელაშვილს თავს დაესხნენ. თავდასხმიდან მალევე, გელაშვილმა ჟურნალისტებს მოკლე ინტერვიუ მისცა და კითხვაზე, ფიქრობს, თუ არა, რომ თავდასხმის მიზეზი პრეზიდენტის რეზიდენციასთან დაკავშირებული დაპირისპირება იყო, უპასუხა: „დიახ. სხვა რა მიზეზი შეიძლება იყოს?!“ 

აი, ზუსტად ამის შემდეგ დაიწყო პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციის დემონიზაცია. მოგეხსენებათ, ენას ძვალი არ აქვს და რაღას არ ამბობდნენ, ესაო, ისაო, ბოროტების ბუდეაო (პრეზიდენის რეზიდენციასთან მიმართებაში, ტერმინი „ბოროტების ბუდე“, პირველად გიორგი მარგველაშვილმა გამოიყენა). 

სანამ რეზიდენციის არქიტექტურულ მხარეს შევეხებით, ზემოთ დაწყებულ აზრს გავაგრძელებთ და ორიოდ სიტყვით გეტყვით, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია პარლამენტის შენობაში მუშაობდა და ხანმოკლე პრეზიდენტობის დროს, მშობლიურ სახლში _ „კოლხურ კოშკში“ ცხოვრობდა. იმას ახნა არ სჭირდება, რატომ არ შევიდა ზვიად გამსახურდია სამუშაოდ იმ შენობაში, სადაც ათეული წლების განმავლობაში, საბჭოთა ბელადები ისხდნენ _ კანცელარიის შენობას ხალხი დღესაც ხომ „ქაჯეთის“ ციხეს“ ეძახის. 

რაც შეეხება თბილისის ომის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, მოსკოვიდან დაბრუნებულმა ედუარდ შევარდნაძემ, როგორც სახელმწიფოს მეთაურმა, ბინა ჯერ „იმელის“ შენობაში დაიდო. მოგვიანებით კი, როგორც პრეზიდენტმა, მოღვაწეობა სახელმწიფო კანცელარიაში გააგრძელა ანუ შევარდნაძე რაღაცნაირად, წარსულში დაბრუნდა _ ცეკა-ს მდივნობის დროსაც, ზუსტად ამ შენობაში „იჯდა“. საბჭოთა კაშირის დაშლის შემდეგ კი, უბრალოდ, სტატუსი შეეცვალა _ პრეზიდენტი დაერქვა, თორემ სამუშაო გარემო იგივე დარჩა, ესე იგი, ბოლშევიკების მიერ წამოჭიმული, პირქუში მრავალსართულიანი შენობა. 

მოგეხსენებათ, მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა მცდელობა, საქართველოს ისტორია ახლიდან დაეწერა და საზოგადოება დაერწმუნებინა, რომ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს არსებობა 2003 წლის 23 ნოემბრიდან ანუ „ვარდების რევოლუციიდან“ იწყებოდა. ამასთან, მიშას იმთავითვე ჰქონდა პრეტენზია, რომ დასავლური ყაიდის ლიდერი იყო და, შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ საპრეზიდენტო რეზიდენციის მშენებლობა განიზრახა, სადაც ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი არათუ იმუშავებდა, არამედ იცხოვრებდა კიდეც. 

იმაში გასაკვირი არაფერია, რომ ქვეყანაში პრეზიდენტის სასახლე არსებობდეს _ ეს, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ჩვენს საგარეო იმიჯზეც დადებითად მოქმედებს, მაგრამ საინტერესოა, ნაციონალებმა, რომლებიც ყველაფერ ძველს ებრძოდნენ, რატომ გადაწყვიტეს, რომ რეზიდენცია, მაინცდამაინც იმ ადგილას აეშენებინათ, სადაც კომუნისტების დროს, „გაი“ მდებარეობდა? სხვათა შორის, მიშას ხალხი „გაი“-ს ხმალამოღებული ებრძოდა და შესაძლოა, „გაი“-ს შენობის ადგილას პრეზიდენტის რეზიდენციის წამოჭიმვაშიც, ერთგვარი, სიმბოლური ხრიკი იყო ჩდებული. 

ასე იყო თუ ისე, ავლაბარში პრეზიდენტის სასახლე აშენდა, რომელსაც ოფიციალურად „ავლაბრის სახელმწიფო მართვის ადმინისტრაციის კომპლექსი“ დაერქვა. 

„საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური რეზიდენცია მდებარეობს დედაქალაქ თბილისში, ძველი თბილისის რაიონში, ისტორიულ ავლაბარში (აქედან მომდინარეობს სახელიც), მ. აბდუშელიშვილის ქუჩა №1. სასახლე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, 2004-2009 წლებში აშენდა. მასზე რამდენიმე არქიტექტორი მუშაობდა. პროექტის ავტორია, არქიტექტორი გიორგი ბათიაშვილი, თუმცა საბოლოო სახე, მას იტალიელმა მიკელე დე ლუკიმ შესძინა, რომელსაც ასევე, ეკუთვნის საქართველოს შსს-ს ახალი შენობა ისან-სამგორის რაიონში და შედარებით მოგვიანებით აგებული მშვიდობის ხიდი. რეზიდენცია ოფიციალურად 2009 წლის 12 ივლისს გაიხსნა. იგი წარმოადგენს ერთ კვარტალში გაერთიანებულ, განსხვავებული არქიტექტურის შენობათა კომპლექსს, რომელიც შიდა ეზოს ირგვლივ ერთიანდება. პრეზიდენტის სასახლე ბარათაშვილის აღმართისკენ, უშუალოდ, კლდეზე გამოდის და მთაწმინდისკენ იხსნება თავისუფალი ხედით. სასახლის კომპოზიცია კლასიკურია — სამპორტიკიანი ჰორიზონტალური შენობა, ცენტრში გუმბათით სრულდება. მის სამხრეთ-აღმოსავლეთით დგას მარტივი მოცულობის, გეგმაში „Γ“-ს ფორმის შენობა, განკუთვნილი პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის (კანცელარიისთვის), რომელიც სპეციალური გადასასვლელით უკავშირდება პრეზიდენტის სასახლეს'', _ ნათქვამია ქართულ „ვიკიპედიაში“. 

ისტორიულად, საქართველოში, ქვეყნის მმართველთა რეზიდენციები ყველა დროსა და ეპოქაში არსებობდა, თუმცა ფეოდალური ხანის მეფეთა რეზიდენციებიდან, მხოლოდ მცირედია შემორჩენილი. მათ შორისაა თბილისში მდებარე დარეჯანის სასახლე, რომელიც XVIII საუკუნეში, ერეკლე II-ს მეუღლეს, დარეჯან დედოფალს ეკუთვნოდა, ამჟამად კი ბაგრატიონთა სახლის კუთვნილებაა. გვიანი შუასაუკუნეების მეფეთა რეზიდენცია, რომელიც ზემო კალაში მდებარეობდა, აღა მაჰმად ხანის შემოსევისას, 1795 წელს განადგურდა. ამ ადგილზე, რუსეთის იმპერიის მმართველობის ხანაში, კავკასიის მთავარმმართებლის რეზიდენცია აიგო. მოგვიანებით, ახალი რეზიდენცია აიგო კალას გარეთ, დღევანდელი რუსთაველის გამზირზე, რომელსაც რეზიდენციის გამო, სასახლის ქუჩა ეწოდა. დღეს აქ საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლეა განთავსებული. 

საბჭოთა პერიოდში, კრწანისში, რესპუბლიკის პირველი პირებისთვის ანუ კომპარტიის პირველი მდივნებისთვის აიგო რეზიდენცია, რომელიც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ქვეყნის პრეზიდენტთა რეზიდენცია გახდა. 

პრეზიდენტის სასახლის ავლაბარში აშენების იდეა, როგორც აღვნიშნეთ, მიხეილ სააკაშილს ეკუთვნის. ასევე, აღვნიშნეთ, რომ ეს სასახლე „გაი“-ს ყოფილი შენობის ადგილას აღიმართა. 

„საგზაო ინსპექციის შენობა XIX საუკუნის მეორე ნახევარში იყო აგებული მეფის ჟანდარმერიისთვის. საბჭოთა დროიდან მოყოლებული, იქ სახელმწიფო ავტოინსპექცია (მოგვიანებით საგზაო პოლიცია) იყო განთავსებული. ნეოკლასიციზმის სტილში გამართული ორსართულიანი შენობა, დორიული კოლოსალური ორდერის სამი პორტიკით გამოდიოდა ალვანის ქუჩაზე და, დანარჩენ დამხმარე შენობებთან ერთად, მთელ კვარტალს აერთიანებდა.

თავიდან იგეგმებოდა შენობის რეკონსტრუქცია, თუმცა შენობის მდგომარეობამ, მისი მთლიანად დაშლა და თავიდან აგება გახადა აუცილებელი. შედეგად, გაიზარდა მშენებლობის ბიუჯეტი და ვადები. პირველი ბლოკი, რომელშიც სახელმწიფო ადმინისტრაცია განთავსდა, ექსპლუატაციაში 2008 წლის აპრილში შევიდა... კომპლექსის პროექტი დამუშავდა დეველოპერული კომპანია „არსის“ საპროექტო სტუდიაში. მასვე ეკუთვნის სახელმწიფო ადმინისტრაციის კორპუსის პროექტიც. საპრეზიდენტო სასახლის ავტორია, არქიტექტორი გიორგი ბათიაშვილი, რომელსაც ავტოინსპექციის შენობის გადაკეთების იდეა, ჯერ კიდევ 1980-იან წლებში დაბადებია, ამ საკითხზე აქტიური მუშაობა კი 2004 წლიდან დაიწყო. 

„მისი გადაკეთების იდეა დამებადა, ჯერ კიდევ 80-იანი წლების მიწურულს, როცა ძალიან აქტიურად მიმდინარეობდა ძველი თბილისის რეკონსტრუქცია-რეგენერაცია... ჩემი აზრით, საქართველოს სჭირდებოდა „საქართველოს სახლი“ ისევე, როგორც მთელ რიგ სხვა ქვეყნებს... ჩემთან, სახელოსნოში რომ მოვიდა ბატონი მიხეილი, ის შენობა ფანჯრიდან დაინახა, ჩემს პროექტსაც გაეცნო და, მგონი, სწორედ მაშინ ჩაუვარდა გუნებაში თავისი რეზიდენციის იქ განთავსება. ამ ვიზიტის შემდეგ, ძალიან სწრაფად გაპრეზიდენტდა და პირველი, რაც გააკეთა, მოითხოვა ჩემი ეს პროექტი'', _ იხსენებდა მოგვიანებით არქიტექტორი ბათიაშვილი. 

2007 წლიდან, პროექტზე სამუშაოდ მოიწვიეს იტალიელი არქიტექტორი და დიზაინერი მიკელე დე ლუკი, რომელიც ამბობდა: „იდეა იყო, რომ ეს ნეოკლასიკური შენობა, რომელიც იყო საკმაოდ ტრადიციული, გაგვეხადა ისეთი, რომელიც შიდა ინტერიერით იქნებოდა თანამედოროვე, მარტივი, არც ძალიან ძვირფასი, არც _ ისეთი... უბრალოდ, იყოს სასიამოვნო, ისეთი, რომელიც იქნებოდა ძალიან ფუნქციონირებადი ყველასთვის და ამავდროულად, ყოფილიყო ამ ახალი საქართველოს სახე''. 

არქიტექტორის ცვლამ, შესაბამისი ასახვა ჰპოვა სასახლის არქიტექტურაზე. ასე, მაგალითად, თავიდან სამივე პორტიკი ფრონტონით სრულდებოდა ისე, როგორც საგზაო ინსპექციის ძველ შენობაზე, თუმცა შემდგომ, ფრონტონი მხოლოდ ცენტრალურს დაუტოვეს. მოგვიანებით გიგა ბათიაშვილმა აღნიშნა, რომ ახალი არქიტექტორისთვის პროექტის გადაცემა, მასთან შეუთანხებლად მოხდა. 

2009 წელს, მიხეილ სააკაშილმა განაცხადა: „სასახლის აშენება დაჯდა, დაახლოებით, პროცენტის მეხუთედზე ნაკლები მთელი საბიუჯეტო ხარჯების, რომელიც გაწია ჩვენმა ქვეყანამ ბოლო 5 წლის განმავლობაში''. 

სააკაშვილმა ეს განცხადება იმ პრეტენზიების საპასუხოდ გააკეთა, რომელიც რეზიდენციის მშენებლობის დიდ ხარჯებთან დაკავშირებით გაჩნდა. სხვადასხვა მონაცემებით, პრეზიდენტის სასახლის მშენებლობაზე 40 მლნ. დოლარი დაიხარჯა, თუმცა სახელდება სხვა ციფრიც, კერძოდ, 800 მლნ. დოლარზე მეტი. 

რეზიდენცია ოფიციალურად 2009 წლის 12 ივლისს, სპეციალური ცერემონიით გაიხსნა, რომელსაც 1 600-მდე სტუმარი ესწრებოდა. გახსნაზე მიწვეულები იყვნენ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II, საქართველოში აკრედიტებული ელჩები, პარლამენტარები, მთავრობის წევრები და კულტურის მოღვაწეები. 

2012 წლის წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ქვეყნის ახალმა მთავრობამ გადაწყვიტა, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენცია ათონელის 25-ში გადაეტანა, სადაც წინა ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დაგეგმილი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის რეზიდენციის მშენებლობა... საქართველოს ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ უარი თქვა ავლაბრის რეზიდენციაში მუშაობაზე და ახალი რეზიდენციის სამშენებლო სამუშაოების დასრულებამდე, დროებით, სახელმწიფო კანცელარიის შენობაში გადავიდა სამუშაოდ, თუმცა 2014 წლის ზაფხულში, პრეზიდენტმა დატოვა კანცელარიის შენობა და ადმინისტრაცია კვლავ ავლაბრის რეზიდენციაში გადავიდა. ამ ფაქტს დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა მთავრობისა და ზოგადად, მმართველი პარტიაში. 

„ავლაბრის რეზიდენციაში შესვლა იყო გარკვეული პოლიტიკური ნაბიჯი იმასთან დაკავშირებით, რათა ნათლად მეთქვა, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი არ არის ინსტიტუტი, რომელსაც შენ დასვამ ორ ოთახში და არ გადაიყვან, დასვამ ორ ოთახში და ეტყვი _ ეს არის შენი სამუშაო ადგილი'', _ განაცხადა მარგველაშვილმა. 

ცნობისთვის: სახელმწიფო მართვის ადმინისტრაციის კომპლექსი ანუ პრეზიდენტის სასახლე, დაახლოებით, 22 000 კვ.მ. ფართობის მქონე ტერიტორიაზეა განთავსებული, აქედან 1 500 კვ.მ. უშუალოდ, საპრეზიდენტო სასახლეს უკავია, დაახლოებით, ამდენივე კი _ პრეზიდენტის კანცელარიის კორპუსს. 

„პრეზიდენტის სასახლე ყველა ქვეყანაში სახელმწიფოს ავტორიტეტს გამოხატავს, ამიტომ ჩვენ სპეციალურად ავირჩიეთ კლასიკური არქიტექტურის ნაზავი, ბერძნულ-რომაული სტილი, იტალიური რენესანსის ელემენტებით. ევროპაში თითქმის ყველა სამთავრობო შენობა კლასიკური არქიტექტურით არის აგებული _ დიდი სვეტებითა და გუმბათით'', _ ამ სიტყვების ავტორია, სასახლის არქიტექტორი მიკელე დე ლუკი. 

რაც შეეხება პრეზიდენტის სასახლის ინტერიერს, მარცხენა ფლიგელში განთვსებულია პრეზიდენტის სამუშაო კაბინეტი, სათათბირო ოთახები; მარჯვენა ფლიგელში _ პრეზიდენცის კანცელარია და მოსასვენებელი. ცენტრალურ ნაწილში კი _ ჰოლი, რომლის სივრცეს, შუაში, კვეთს ფლიგელების შემაერთებელი შუშის მოაჯირებიანი, ქვევიდან ხით შემოსილი ხიდი. ჰოლში განთავსებულია XI საუკუნის ხელნაწერი ბიბლია, მოოქროვილი და ძვირფასი ქვებით მოოჭვილი ყდით (საზღვარგარეთ, საქართველოს პრეზიდენტის ერთ-ერთი ვიზიტის დროს, ემიგრაციაში მყოფმა ბაგრატოვანთა შთამომავალმა, ბიბლია საჩუქრად გადასცა პრეზიდენტს). ჰოლის თავზე, მესამე სართულზე, გუმბათქვეშა სივრცე განკუთვნილია სხვადასხვა ღონისძიებებისთვის. აქედანვე ხდება ასვლა გუბათქვეშა პანდუსზე. 

შენობის ფასადები მთელ სიბრტყეზე, ჰორიზონტალურადაა დაყოფილი სართულშუა სარტყელებით. ფასადების ჰორიზონტალურ დაყოფას, ხაზს უსვამს ფანჯრების მონოტონური რიგები ყველა სართულზე. შენობის სამი სართული, ერთი, მძლავრი კარნიზით სრულდება. გუმბათის მარჯვნივ და მარცხნივ, შენობის მე-4 სართულია ამოყვანილი, ის ოდნავ შეწეულია დასავლეთის ფასადის სიბრტყიდან და ტერასას ქმნის. განაპირა ნაწილებში, აქაც პორტიკებია მოწყობილი (ასევე, შეწეული). 

შენობის ცენტრალური პორტიკი დასავლეთ ფასადზე, ფრონტონით სრულდება, რომლის ცენტრშიც საქართველოს ფერადი, რელიეფური სახელმწიფო გერბია მოთავსებული. პორტიკის ფრიზი მხატვრული მოზაიკითაა დაფარული, რომელზეც მხედრული ანბანით წარწერილია „ვეფხისტყაოსნის“ აფორიზმი _ „ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია“. 

შენობის აღმოსავლეთ ფასადი, შედარებით უფრო მონოტონურია, რადგან ფასადის სიბრტყეს არღვევს მხოლოდ ერთი, ცენტრალური პორტიკი, ისიც ფრონტონის გარეშე. განაპირა ნაწილებში, პორტიკების ილუზიას ქმ¬ნის დორიული პილასტრები. აქაც ფასადის კომპოზიცია იქმნება ჰორიზონტალური, სართულშუა სარტყლებით და ფანჯრების რიგებით, რაც ორი, მძლავრი კარნიზით სრულდება (მე-3 და მე-4 სართულზე). ამასთან, მე-4 სართული ფასადის სიბრტყიდან შეწეული არაა. სამხრეთისა და ჩრდილოეთის ფასადებიც ასევე, დორიული პილასტრებითაა გაწყობილი. 

სასახლის პირველ სართულზე მუზეუმია განთავსებული, სადაც გამოფენილია სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებისა და საქართველოს საპატიო სტუმრების მიერ, საქართველოს პრეზიდენტისათვის საჩუქრად მიძღვნილი ნივთები. მეორე სართულზე მდებარეობს ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის დარბაზი, რომელიც განკუთვნილია ოფიციალური და სხვა მნიშვნელოვანი შეხვედრებისთვის. 

საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ოთახი შედგება კაბინეტისა და ბიბლიოთეკისგან და განლაგებულია ორ სართულზე. 

სასახლის გუმბათი, შენობის კოპოზიციაში დომინანტი ელემენტი, შესრულებულია ლითონსა და მინაში. მინა სფერული სეგმენტების სახითაა ჩასმული ლითონის კარკასში. გუმბათი დამზადებულია გერმანიაში და ქართველი არქიტექტორის, ვახტანგ ზესაშვილისა და იტალიელი არქიტექტორის, ფრანკო ძაგარის ერთობლივი ნამუშევარია. 

საპრეზიდენტო სასახლის სამხრეთ-აღმოსავლეთით, დგას პრეზიდენტის კანცელარიის კორპუსი, რომელიც სამხრეთ ფასადთან, გამჭვირვალე ხიდით უკავშირდება პრეზიდენტის სასახლეს. შენობა მარტივი მოცულობისაა, სამსართულიანი, გეგმაში „Γ“-ს ფორმის. თეთრი, მობათქაშებული სიბრტყეები დაყოფილია კვადრატული ფანჯრებით. შენობის ექსტერიერი შექმნილია, ერთგვარი მემბრანული ფასადით, რომელიც ჰორიზონტალურად ეკვრის შენობას გარკვეულ დისტანციაზე და შეღებილია შავ-რუხ ფერებში (დამპროექტებელი „სტუდია არსი“). 

სასახლის ეზოში განთავსებულია რამდენიმე, მცირე არქიტექტურული ფორმა: მოძრავი მონუმენტი გამოხატავს ხელისუფლების სამ შტოს _ საკანონმდებლოს, აღმასრულებელსა და სასამართლოს (ავტორი: გერმანელი მოქანდაკე გაბრიელა ვან ჰაბსბურგი), საქართველოს მრავალეთნიკურობის ამსახველი მონუმენტი _ შექმნილი გულის ფორმის, 67 გამჭვირვალე შუშით (ავტორი, ესპანელი მოქანდაკე ალბერტო დომინგო), წყლის სარკე _ მოზაიკური კომპოზიცია _ „ვინ ვართ, საიდან მოვდივართ“, საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი ფრაგმენტებით (კომპოზიციის ავტორი, მხატვარი ნატა ამირეჯიბი)“, _ ასეა აღწერილი პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენცია ქართულ „ვიკიპედიაში“. 

პრინციპები კარგია, მაგრამ ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ცოტა არ იყოს, გაუგებარია, რატომ უნდა გაუქმდეს პრეზიდენტის პომპეზური სასახლე, რომელიც, წერილის დასაწყისში როგორც აღვნიშნეთ, ქვეყნის ერთგვარი იმიჯი და სახეა? იმის ძახილი, რომ ავლაბრის რეზიდენცია, მიშას პრეზიდენტობის დროს, „ბოროტების ბუდე“ იყო, რასაკვირველია, უტრირებულია. თუ ბოროტებაზეა საუბარი, მაშინ რა გარანტია არსებობს, რომ თუნდაც იმ ტერიტორიაზე, სადაც ორბელიანების სასახლეა განთავსებული და სადაც მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშილი აპირებს მუშაობას, ოდესმე, რამე ისეთი არ მომხდარა, რაც ადამიანურ, მორალურ, პოლიტიკურ და რელიგიურ პრინციპებთან წინააღმდეგობაში არ მოვა? პომპეზური სასახლიდან, პრეზიდენტის „გამოპანღურება“ იმის ხაზგასმა ხომ არ იქნება, რომ ისედაც უფლებაშეკვეცილი მთავარსარდლის სტატუსის დაკნინება ხდება? _ კითხვა ბევრია, თუმცა მთავარია, ქვეყანას ეშველოს და ადამიანი ანგარიშს არც ამ კითხვებს გაუწევს და არც კიდევ იმას, თუ სად იმუშავებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, რომელიც ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეებმა ანუ იმ ადამიანებმა, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტს ვქმნით, ბოლოჯერ ავირჩიეთ _ 6 წლის შემდეგ, როცა სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო ვადა ამოეწურება, ახალ, მეშვიდე პრეზიდენტს, ე.წ. ხმოსნები აირჩევენ. 

როგორი პრეზიდენტი იქნება, ქალბატონი ზურაბიშვილი? _ ამას დრო გვიჩვენებს და წინასწარ ვერაფერს ვიტყვით. ამჯერად, დანამდვილებით მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენცია, პოლიტიკური ბატალიების საბაბი კიდევ არაერთხელ გახდება. 

P.S. ბოლო ინფორმაციით, ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი, უფლებამოსილების შესრულებას დაუსრულებელ რეზიდენციაში შეუდგება ანუ ათონელის ქუჩაზე მდებარე შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება ინაუგურაციამდე, 16 დეკემბრამდე ვერ მოესწრება. ალბათ, რაღაც მისტიკური, ფატალური ამაშიც არის.

ნინო დოლიძე

დაბრუნება დასაწყისში