Menu
RSS

„კარგად მომისმინე და დამაკვირდი“ _ რას ჰყვება თაკო ჩარკვიანზე თავდასხმის თვითმხილველი

გახდება თუ არა სალომე ზურაბიშვილი „გულების პრეზიდენტი N2“ და რატომ უქმდება პრეზიდენტის ფონდი

ხელისუფლების მხარდამჭერებისთვის ის „გულების პრეზიდენტია“. ოპოზიცია კი უნდობლობას უცხადებს და ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტი არ ჰყავს. ასეა თუ ისე, რეალობა რეალობაა _ სალომე ზურაბიშვილის, როგორც პრეზიდენტის ლეგიტიმურობას დასავლეთი ეჭვქვეშ არ აყენებს და გამარჯვებაც მსოფლიოს არაერთმა ლიდერმაც მიულოცა. საერთაშორისო ასპარეზი გასაგებია, მაგრამ მთავარი მაინც, საშინაო ასპარეზია, სადაც ისეთი ეპითეტები, როგორიც მაგალითად, „გულების პრეზიდენტია“, მაინცდამაინც არ ამართლებს. რატომ არ ამართლებს? _ იმიტომ არ ამართლებს, რომ ზურაბიშვილი, რიგით მეორე „გულების პრეზიდენტია“. ამ „ტიტულის“ პირველი მფლობელი კი ლევან გაჩეჩილაძე, იგივე „გრეჩიხა“ უფროსი გახლდათ, რომელიც 2008 წლის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების წინ, მიხეილ სააკაშვილს ემუქრებოდა, მიშა, მოვდივარო. გაჩეჩილაძე არჩევნებში დამარცხდა, მაგრამ მისმა „ფანებმა“ სააკაშვილი არჩეულ პრეზიდენტად არ აღიარეს და ათასობით ადამიანი ზუსტად მაშინ, როცა მიშას ინაუგურაცია იმართებოდა, იპოდრომზე შეიკრიბა ანუ სააკაშვილის მეორე ვადით პრეზიდენტობა არცთუ სასიამოვნოდ დაიწყო.

ასევე, მაინცდამაინც სასიამოვნოდ არ იწყება სალომე ზურაბიშვილის მთავარსარდლობა _ გარდა იმისა, რომ იგივე ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მყოფმა ქართველი სამხედროების ნაწილმა მას უნდობლობა გამოუცხადა, არჩევნების დასრულების შემდეგ უფრო მძიმე ამბებიც მოხდა. ამ მხრივ კი ყველაზე შემაშფოთებელი პუბლიცისტ თაკო ჩარკვიანსა და მის ოჯახზე თავდასხმაა, რასაც თაკო ჩარკვიანი პოლიტიკური მოტივით ხსნის. 

ქუთაისის აეროპორტში მომხდარ თავდასხმას პოლიტიკური ელფერი თბილისის მერის განცხადების მერე, ორმაგად მიეცა. მოგეხსენებათ, მომხდარის შეფასებისას კახა კალაძემ განაცხადა: 

„რაც მოხდა, ძალიან ცუდი ფაქტია. ძალადობა არავისთვის მისაღები არ არის. კატეგორიულად მიუღებელია ის, რაც ხდებოდა მთელი არჩევნების განმავლობაში. როგორი ბილწსიტყვაობა მიმდინარეობდა. პირდაპირი ეთერიდან, დედის გინებაზე იყვნენ გადასულნი და ახლა, არავის უნდა გაუკვირდეს, რომ ვიღაცა ვიღაცას შეურაცხყოფას მიაყენებს... რასაც დასთეს, იმას მოიმკი _ ხომ იცით ეს გამონათქვამი. კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის ძალადობა, კატეგორიულად მიუღებელია ადამიანის ბულინგი, რასაც თქვენი გენერალური დირექტორი აკეთებს ყოველდღიურ რეჟიმში, მხედველობაში მყავს გვარამია, ყოფილი გენპროკურორი, რასაც ის აკეთებდა ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის და მისი მხარდამჭერების მიმართ, ემუქრებოდა ჩარეცხვით, იმუქრებოდა, ყველას დაგთვლითო, ვინ უნდა დათვალოს, ან ვინ უნდა ჩარეცხოს გვარამიამ?“ 

როცა საქმე ძალადობას ეხება და ამ ძალადობის ამსახველი ვიდეოკადრებიც არსებობს, სახელმწიფო თანამდებობის პირისგან მსგავსი განცხადებები, ალბათ, ცეცხლზე ნავთის დასხმის მსგავსია, თან ისიც გასათვალისწინებელია, რომ თავდასხმაში მონაწილე ერთ-ერთი პირი, დავით მაჭავარიანი, თბილისის საკრებულოს პროტოკოლის სამსახურის უფროსია. მაჭავარიანი ამბობს, რომ ის დაპირისპირებულ მხარეებს მხოლოდ აშველებდა, თუმცა თაკო ჩარკვიანის ინფორმაციით, ზუსტად მაჭავარიანმა ურჩია, რომ მან და მისმა ოჯახმა საქართველო უნდა დატოვონ. 

ამ ინფორმაციას თავდასხმის ერთ-ერთი თვითმხილველიც ადასტურებს _ მურმან ყურაშვილმა მაჭავარიანის მისამართით სოციალურ ქსელში დაწერა: 

„კარგად მომისმინე და დამაკვირდი: არ გეცნობი? ზუსტად შენი (უხეშობა არ მახასიათებს, მაგრამ სხვა ფორმას არ იმსახურებ) პროვოცირებული იყო უკვე ჩამცხრალი კონფლიქტის მეორე ფაზა. გვერდით ვიდექი, როცა მოხვედი და ქალბატონ თაკოს მიმართე, თავიდან ვიფიქრე, გასამხნევებლად და მათ მაგივრად ბოდიშის მოსახდელად მოხვედი, მანერამ შემიყვანა შეცდომაში! ზუსტად შენ უთხარი, რომ მათ ოჯახმა უნდა დატოვოს საქართველო, ეხლა რომ იფიცები და უტიფრად იტყუები, არ მითქვამს ეს სიტყვებიო, ეს იმას ნიშნავს, რომ გაცნობიერებული გქონდა, რას ნიშნავდა ეს სიტყვები და ოჯახში აღზრდილი ადამიანი ამას არც თავის ოჯახს აკადრებდა და არც საკუთარ თავს... იმის მეათასედი მაინც უნდა გქონდეს ქვეყნის წინაშე დამსახურება, როგორიც სულმნათ ბატონ ჯანსუღს და მის ოჯახს. ასეთმა ხალხმა რომ მართლა დატოვოს ქვეყანა, საქართველო თქვენნაირ ნაძირლებს დარჩებათ. ამის უფლებას კი მათ ისევ ერის წინაშე პასუხისმგებლობა არ მისცემს. არც იოცნებოთ! 

შენ ოჯახის სახელის დარდი არ გაქვს, რომ გქონოდა, ასე არ მოიქცეოდი, შენ სამსახურის დაკარგვის გეშინია. 

P.s. ეს კომენტარი დავუწერე მის პოსტზე, სადაც უტიფრად იტყუებოდა და თავის გამართლებას ცდილობდა. კომენტარის შემდეგ პოსტი წაშალა მთლიანად, ამიტომ ჩემ კომენტარს ჩემს გვერდზე პოსტად ვდებ! 

P.P.s. ხელნაწერები არ იწვიან''. 

პოლიტიკაში ცრურწმენა შესაძლოა, არ „მოსულა“, მაგრამ წმინდა პრაგმატული თვალსაზრისითაც, წლების მერე, როცა ახლანდელი საქართველოს ისტორია დაიწერება, ჟამთააღმწერლები აუცილებლად იტყვიან, რომ ზურაბიშვილის პრეზიდენტობის პირველსავე საათებში, მის პოლიტიკურ ოპონენტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ეს შეფასება კი მითსა და ილუზიას, რომ ქართველი ემიგრანტების შთამომავალი „გულების პრეზიდენტი #2“-ია, რაღაცნაირად ჩრდილს აყენებს! 

ამბობენ, რომ პოლიტიკა მარტო წინააღმდეგობების კი არა, მოულოდნელობების ხელოვნებაც არის. ამიტომაც, ისეც შეიძლება მოხდეს, რომ ზურაბიშვილი, რომელსაც ამომრჩევლის არცთუ პატარა ნაწილმა ნდობა არ გამოუცხადა, რეალურად, „გულების პრეზიდენტი“ გახდეს. მთავარი მიზეზი, რაც საზოგადოების ნაწილს ზურაბიშვილის მიმართ უარყოფითად განაწყობდა, მის მიერ გაკეთებული განცხადებებია, რომლებიც აგვისტოს ომსა და რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებს ეხება, თუმცა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ, ერთ-ერთმა გავლენიანმა დასავლურმა მედიასაშუალებამ ზურაბიშვილთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც გიორგი მარგველაშვილის შემცვლელი, აბსოლუტურად სხვა განცხადებებს აკეთებს: 

„რუსეთი საოკუპაციო ძალაა და უდიდესი შეშფოთების საგანია, რომ ის არაპროგნოზირებადია. როდესაც გყავს მტერი, რომელიც პროგნოზირებადია, იცი, რა იქნება შენი მომდევნო ნაბიჯები. ამ შემთხვევაში, გულწრფელად გითხრათ, არ ვიცი, რა უნდა იყოს საქართველოს შემდგომი ნაბიჯები რუსეთთან ურთიერთობებში. ის მეტად არაპროგნოზირებადია და ჩვენ ტერიტორიაზე ზედმეტადაა წარმოდგენილი. 

გავხადოთ საქართველო უფრო მეტად აქტუალური, ეს ასევე არის გზა, რომ ევროპელ პარტნიორებთან ჩვენს ურთიერთობებზე რუსეთს ნაკლები გავლენა ჰქონდეს. დარწმუნებული ვარ, ჩვენ შეგვიძლია, მეტი ვთხოვოთ ევროპელ პარტნიორებს და ჩემი განზრახვაა, ვიყო უფრო მომთხოვნი პარტნიორი ევროპელებისადმი და ასევე, ჩვენი „ნატოელი“ პარტნიორებისადმი. 

ჩემი მიზანია, შევარიგო საქართველოს დაყოფილი საზოგადოება. ზუსტად ეს სურს რუსეთს _ დაყოფილი და დასუსტებული ქვეყანა, დისკრედიტებული პრეზიდენტით, რომლის ლეგიტიმაციაზე შეტევა ხორციელდება''. 

ისინი, ვინც ზურაბიშვილს ახლოს იცნობენ, ამბობენ, რომ ხისტი ხასიათი აქვს და მისი მართვაც შეუძლებელია. ეს კი იმის სიგნალი შეიძლება იყოს, რომ ზურაბიშვილისა და „ოცნების“ გზები გაიყოს, მიუხედავად იმისა, რომ ზურაბიშვილის პრეზიდენტად არჩევას მმართველი გუნდი ღირსების საკითხად მიიჩნევს. 

ზოგადად, „ოცნებას“ პრეზიდენტებში არ უმართლებს და ამის ნათელი მაგალითია გიორგი მარგველაშვილიც, რომელიც თავის დროზე ქვეყნის მთავარსარდალი ერთადერთი ნიშნით გახდა _ მხარს თავად ბიძინა ივანიშვილი უჭერდა, თუმცა მმართველი პოლიტიკური ძალის „ლიდერშიფმა“ მალევე აღიარა, რომ მარგველაშვილის გაპრეზიდენტება შეცდომა იყო. განმეორდება თუ არა ეს სცენარი ზურაბიშვილის შემთხვევაშიც? _ ამას დრო აჩვენებს, მაგრამ იმისთვის, რომ პრეზიდენტი მასებისთვის მისაღები იყოს, მას ან ქარიზმა უნდა ჰქონდეს, ან, ვთქვათ, საქველმოქმედო საქმიანობას უნდა ეწეოდეს, თუმცა სახეზე არც ერთია და არც _ მეორე. კერძოდ, ცნობილი ხდება, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება, თითქმის 4 მილიონი ლარით მცირდება, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი კი მთლიანად უქმდება. 

„პარლამენტში შესული 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტის მიხედვით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება განსაზღვრულია 6 მილიონი ლარით მაშინ, როცა ბიუჯეტის პროექტის თავდაპირველი ვარიანტით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საბიუჯეტო დაფინანსება არ იცვლებოდა და ის 2018 წლის მსგავსად, 2019 წელსაც 9 800 000 ლარით იყო განსაზღვრული. 

ასევე, ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელთა რაოდენობა 140-დან, 60 ადამიანამდე შემცირდება“, _ იუწყებიან ქართული საინფორმაციო სააგენტოები. 

პრეზიდენტის ფონდის გაუქმებას თვით ისეთი ანალიტიკოსებიც კი არ მიესალმებიან, რომლებიც „ოცნების“ მიმართ ლოიალურად არიან განწყობილები. მაგალითად, რამაზ საყვარელიძე ამბობს: „ამ ფონდის დატვირთვა ძალიან სერიოზული იყო და მისი გაუქმება ძალიან მცდარ ნაბიჯად ჩაითვლება. მით უმეტეს, რომ ახლადარჩეულ პრეზიდენტს დამოუკიდებლობისთვის, რაღაც ნაბიჯების გადადგმისთვის, მატერიალური საფუძველი უნდა. მართლაც, მეტისმეტად შევიწროება და ამ თანამდებობის ანულირება გამოდის, რომელსაც ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლია და აკეთებდა კიდეც. ეს პოლიტიკურად წამგებიანი იქნება თვითონ მათ მიერ შეთავაზებული და მათ მიერ გაყვანილი პრეზიდენტის იმიჯისათვის. რატომღაც მეჩვენება, რომ ბოლომდე ჯერ კიდევ არ გვაქვს ინფორმაცია, რა ხდება ამასთან დაკავშირებით“. 

სხვათა შორის, ამ თემაზე ჟურნალისტებმა კითხვა თავად ზურაბიშვილსაც დაუსვეს, რომელმაც მედიას ასე მიმართა: „ნუ დარბიხართ, ვეღარ მიეჩვიეთ, რომ პრეზიდენტი ვარ?“ აი, კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც ზურაბიშვილმა ყურადღება უნდა მიაქციოს, თორემ მედიის მიმართ ასეთი დამოკიდებულება წყალს მის წისქვილზე აშკარად არ დაასხამს, რადგან მედიას არ უყვარს, როცა უხეშად ექცევიან და კითხვებზე არ პასუხობენ. ამასთან, ისიც ფაქტია, რომ „მეოთხე ხელისუფლების“ მიმართ ასეთ დამოკიდებულებას, თავად ტრამპსაც არ პატიობენ. 

ასე რომ, ადამიანების გულებამდე გზა ძალიან, ძალიან ეკლიანი იქნება...

ნინო დოლიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში