Menu
RSS

რა გავლენას მოახდენს საქართველოზე უკრაინა-რუსეთის განახლებული კონფლიქტი

„გონს მოეგეთ და შეწყვიტეთ ბოროტება!“ _ პატრიარქ ფილარეტის საგანგებო მიმართვა და შეშფოთებულ-აღშფოთებული ევროპა

 

26 ნოემბერს, მარიუპოლიდან ოდესის პორტისკენ მიმავალ უკრაინულ გემებს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს. შედეგად, სამი გემი და ათეულობით მეზღვაური დატყვევებულია. აღსანიშნავია, რომ ექვსი უკრაინელი მეზღვაური დაიჭრა (ორი მათგანი მძიმედაა). ამის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა, უკრაინის შეიარაღებული ძალები საბრძოლო მზადყოფნაზე გადავიდნენ, ქვეყნის პატრიარქმა კი მოსახლეობას მოუწოდა, ვისაც იარაღის ხელში აღება შეგიძლიათ, სამშობლო დაიცავითო.

 

„მივმართავ პოლიტიკოსებს: გვერდზე გადადონ უთანხმოება და გაერთიანდნენ. თუ მტერი ჩვენს სახელმწიფოებრიობას გაანადგურებს _ რა თანამდებობეზე უნდა იზრუნოთ, სადღა შეძლებთ მართვას? მოვუწოდებ უკრაინელ ერს გაერთიანებისკენ, რადგან გამარჯვების გარეშე არც ნამდვილი მშვიდობა იქნება, არც _ ბედნიერი მომავალი თითოეული ჩვენგანისთვის. კვლავ მივმართავ ძმათამკვლელებს _ ახალ კაენებს, რომლებიც ჩვენს ერს მათ ძმას უწოდებდნენ, მოვიდნენ ჩვენს სახლში, რათა დაღვარონ სისხლი: გონს მოეგეთ და შეწყვიტეთ ბოროტება! დამალეთ თვენი ხმალი და დაბრუნდით თქვენს სახლში“, _ ნათქვამია პატრიარქის განცხადებაში. 

პარალელურად, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რუმინეთში ნატო-ს ბაზებზე დიდი ოდენობით შეიარაღება შევიდა და გაერო-ს უშიშროების საგანგებო სხდომაც იქნა მოწვეული. ევროპელმა ლიდერებმა რუსეთის ქმედება დაგმეს და ისიც თქვეს, რომ შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების შემთხვევაში, უკრაინას სრულ მხარდაჭერას გამოუცხადებდნენ და რუსეთს მორიგ სანქციებს დააკისრებდნენ, თუმცა სიტუაცია რადიკალურად რამდენიმე საათში შეიცვალა. 

ჯერ იყო და, პოროშენკომ უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია, რომლის დასრულების შემდეგაც განაცხადა, საომარი მდგომარეობის გამოცხადება არ ნიშნავს რომელიმე ქვეყანასთან ომის დაწყებასო ანუ ეს იმისთვის გააკეთა, რომ საკუთარი ქვეყანა დაიცვას და არა _ რომელიმე სახელმწიფოს დაესხას თავს. 

ევროპული ქვეყნების ლიერებსაც სიბრაზე აღშფოთება-შეშფოთებაში გადაეზარდათ და რუსეთისა და უკრაინის ლიდერები სასაუბროდ მიიწვიეს. ყველაფერ ამას კი წინ უძღოდა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ერთწინადადებიანი განცხადება. 

,,ჩვენ არ გვეშინია სანქციების, რომელიც, თურმე, უნდა დაგვაკისრონ, რადგან ჩვენი შეიარაღებული ძალები მოიქცნენ ისე, როგორც უნდა მოქცეულიყვნენ'', _ თქვა ლავროვმა და ამის შემდეგ ტონი და ფერი, როგორც უკრაინამ, ისე ევროპამაც იცვალა. 

იმის მიუხედავად, რომ პოროშენკო ამტკიცებდა, აღნიშნული სამი გემის გავლა შეთანხმებული იყო რუსულ მხარესთანო, რუსეთმა დადო დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც, გემებმა ე.წ. წითელი ზოლი გადაკვეთეს და ცეცხლიც მხოლოდ ამის შემდეგ გაიხსნა ანუ ამ შემთხვევაში, რუსეთი მართალია, მაგრამ... 

ის წითელი ზოლი, რომელიც თურმე, უკრაინულმა გემებმა გადაკვეთეს, ცოტა ხნის წინ სწორედ უკრაინას ეკუთვნოდა, მაგრამ ყირიმში დაწყებული კონფლიქტის დროს რუსეთმა გაუკეთა ოკუპაცია და საკუთარ ტერიტორიად თვლის. 

რა გამოდის? _ ევროპა არ აღიარებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს, პირიქით, უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს, მაგრამ იქვე ამბობს, რომ თუ უკრაინულმა გემებმა ოკუპირებული ზოლის მიღმა გადაცურეს, მაშინ რუსეთის ქმედება ბოლომდე დასაგმობი არ არის. ეჭვგარეშეა, რომ ზამთრის მოახლოების პარალელურად, რუსულ გაზზე დამოკიდებულ-ჩამოკიდებულ ევროპას ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის განაწყენება არ აწყობს. ეს რუსეთმაც კარგად იცის და სწორედ ამიტომ, რუსული მხარე ვა ბანკზე მიდის და ნამოქმედარის ,,გაპრავებას'' ცდილობს. 

,,გვსურს, გავაფრთხილოთ უკრაინული მხარე, რომ აშშ-სა და ევროკავშირთან კოორდინაციაში კიევის მიერ გატარებული პოლიტიკა, რომელიც მიმართულია აზოვისა და შავი ზღვების აკვატორიაში რუსეთთან კონფლიქტის პროვოცირებაზე, სერიოზულ შედეგებს გამოიღებს. რუსეთის ფედერაცია მკაცრად აღკვეთს მისი სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების ნებისმიერ ხელყოფას'', _ ეს არის რუსეთის საგარეო უქწყების ოფიციალური განცხადება. 

მოკლედ, რუსეთი არ მალავს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებს თავისად თვლის და ვაი, რომ მას წინააღმდეგობას, პრაქტიკულად, ვერავინ უწევს. 

რეალობა ასეთია: რუსეთი ზუსტად ისე იქცევა, როგორც საქართველოში და მცოცავი ოკუპაცია ახლა უკრაინის პრობლემაცაა. ამის გამო, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები აღშფოთება-შეშფოთებას გამოხატავენ და მეტს არაფერს აკეთებენ. ვერ ვიხსენებთ ერთ ქმედით ნაბიჯსაც კი, რომელიც ამ მცოცავ ოკუპაციას რაიმე ფორმით მაინც შეაჩერებდა და ზუსტად ანალოგიური სიტუაციაა უკრაინაშიც. ნატო-სა და ევროკავშირის ლიდერები მხარდაჭერას უცხადებენ პოროშენკოს, მაგრამ საქმით ეს არ ჩანს. მხოლოდ განცხადებებით კი, შეშინებული რუსეთი აქამდე არ გვინახავს და ეჭვი გვაქვს, ვერც მომავალში ვნახავთ. 

რა შეიძლება მოუტანოს ყველაფერმა ამან საქართველოს?! პირველ რიგში ის, რომ ნებისმიერი დიდი კონფლიქტის დროს, საქართველო შესაძლოა, ისე მიაყოლოს რუსეთმა ,,ხურდაში'', ვერც ვერავინ გაუწიოს წინააღმდეგობა. 2008 წლის ომის დროს, მთელი მსოფლიოს ყურადღება ოლიმპიადისკენ იყო მიმართული და ოლიმპიადის გახსნას თვალი რომ მოსწყვიტეს ევროპის ლიდერებმა, საქართველოს 150 სოფელი აღარ ჰქონდა და, ჯარისკაცებთან ერთად, მშვიდობიანი მოსახლეობაც იყო შეწირული სამდღიან ომს. 

ახლაც, როცა მთელი ყურადღება უკრაინისკენაა მიმართული, უფრო ზუსტად, 40-მილიონიანი უკრაინისკენ, რომელიც ევროპულ ეკონომიკაში სერიოზულ როლს თამაშობს, რუსეთმა 3-მილიონიანი საქართველოს გადაყლაპვა რომ მოინდომოს, გვეეჭვება, ვინმემ სერიოზულად შეუშალოს ხელი. მით უმეტეს, წინასაარჩევნოდ, რუსეთი საქართველოს მიმართ ძალიან გააქტიურდა. ეგ კი არა და, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადებას სიუჟეტები მიუძღვნეს, საკუთარი მოსაზრებებიც დააფიქსირეს რუსმა ექსპერტებმა და არც ის გამორიცხეს, რომ ჩვენთან შეიძლება, სიტუაცია აირიოს. 

 

ცნობილია, როცა საქმე საქართველოს ეხება, აქაურ მღვრიე წყალში, ყველაზე ბევრ თევზს ჩრდილოელი მეზობელი იჭერს. 

ამიტომ, საინტერესოა, რას ფიქრობენ ქართველი პოლიტიკოსები ამ მიმართულებით? _ ხელისუფლების განწყობა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა დააფიქსირა: 

,,ვგმობთ აზოვის ზღვაში რუსეთის აგრესიულ ქმედებებს და მხარდაჭერას ვუცხადებთ ჩვენს მეგობარს და პარტნიორს. უკრაინავ! საქართველო შენს გვერდით არის!'' 

რა თქმა უნდა, საქართველო აგრესორის და ოკუპანტის მხარეს ვერ დაიჭერს, თუმცა სწორედ ამ მხარდაჭერისა და პარტნიორობის გამო, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი რომ გამწვავდეს და ჩვეულებრივი სამამულო ომი დაიწყოს (რისი წინაპირობაც აშკარად არის), ჩვენ, როგორც უკრაინის პარტნიორს, ჩრდილოელი მეზობელი ზუსტად ერთ დღეში ისე გადაგვყლაპავს, ხელში მხოლოდ შეშფოთება-აღშფოთება შეგვრჩება. არ ვამბობთ, რომ სირაქლემას პოზიცია უნდა ავირჩიოთ, მაგრამ აუცილებელია, რომ საქართველოს პოზიცია არ იყოს აგრესიული. ჩვენი თავი გვყავს მოსავლელი, ბატონებო, და მხოლოდ საკუთარი თავის იმედად რომ უნდა ვიყოთ, ეს ათი წლის წინაც ნათლად გამოჩნდა.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში