Menu
RSS

„გული მერევა!“ _ კოლექტიური მეჩითოვების მოდელირებული რეალობა

„ინწელიგენციის“ ორმაგი სახე და კრემლის დამპლური თამაშები _ ვინ და რატომ გადაწყვიტა 9 აპრილის ტრაგედიის გაყალბება

საქართველოს ისტორიას თუ თვალს გადავავლებთ, დავრწმუნდებით, რომ ჩვენი ერი მოღალატეებისა და რენეგატების ნაკლებობას არასოდეს განიცდიდა. მეტიც, თითქმის ყველა ომი, რომელიც ქართველ მეფეებს წაუგიათ, სწორედ ასეთი გამყიდველების კისერზეა. ამის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი დასტური და მაგალითი კრწანისის ბრძოლაა, როცა აღა-მაჰმად-ხანს მოღალატე ქართველებმა აცნობეს, მეფე ერეკლეს მეზარბაზნეები აღარ ჰყავსო და მტერი უკან დაბრუნდა. ის, რაც მესურათე იური მეჩითოვმა 1989 წლის 9 აპრილზე თქვა, დიახ, სწორედ ანალოგიური ღალატის ტოლფასია! წარმოიდგინეთ, მეჩითოვს იმდროინდელ საქართველოში რომ ეცხოვრა, როგორ მოიქცეოდა _ მეფეს, ერს, მამულს მიწასთან იმის იმედით გაასწორებდა, რომ აღა-მაჰმად-ხანის ფეხის ნაბანი წყალი დაელია, თუმცა ვინმე მეჩითოვი არც დღეს ამბობს უარს, თანამედროვე საქართველოს ყველაზე დიდ მტერსა და ოკუპანტს გუნდრუკი უკმიოს და პუტინის ნავში ჩაჯდომა-ჩახტომის იმედით, ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის ისტორია გააყალბოს!

ერეკლეს ეპოქაში კოლექტიურ მეჩითოვებს მოღალატეები ერქვათ. დღეს კი ამ კატეგორიის ხალხი „მეხუთე კოლონად“ იწოდება, თუმცა საქმე სახელში კი არა, მენტალიტეტსა და აზროვნებაშია ანუ გადის წლები, საუკუნეები, იცვლება ეპოქა და დრო, მტრის მეხოტბე „პატრიოტები“ კი „უცვლელნი არიან მარად და მარად!“ აი, ეს არის სენი, რომელიც არ იკურნება და საქართველოს სახელმწიფოებრიობას ძირს უთხრიდა და უთხრის! 

ახლა, ზოგმა, ესე იგი, მან, ვისაც მესურათის მსგავსი აზროვნების დიაპაზონი და „მეხუთე კოლონობისკენ“ მიდრეკილება აქვს, მეჩითოვის დაცვა-გამართლება სცადოს და, „ჩემი კუკარაჩას“ მსგავსად დაგვემუქროს -ენა ჩაიგდეთ, დიახაც, რუსეთი ჩვენი დედა, მამა და ღვიძლი ძმა არისო, მაგრამ იურებსა და „ჩემ კუკარაჩებს“ ისტორია საკადრის განაჩენს გამოუტანს! ამ წერილის მიზანიც ის გახლავთ, რომ ჩვენი ბედკრული სამშობლოს ისტორიის გადაწერის, უფრო სწორად, შეცვლის უფლება არავის, მათ შორის, არც მათ მივცეთ, ვინც თავს საკუთარი შემოქმედებით იწონებენ! 

მართალია, მხოლოდ საქართველოს მოსახლეობამ კი არა, უკვე მთელმა მსოფლიომ იცის, მესურათე იურა 9 აპრილზე რასაც „ბლადუნობს“, მაგრამ მისი სახე კიდევ ერთხელ რომ გაჩვენოთ, ტელეკომპანია „ალ ჯაზირასთვის“ მიცემული ინტერვიუდან ფრაგმენტებს მაინც შემოგთავაზებთ. ისე, საინტერესოა, მესურათე იურა რომელი ისტორიკოსი ან, სულაც, მემატიანეა, რომ „ალ ჯაზირამ“ 9 აპრილის თემაზე აზრი მაინცდამაინც მას ჰკითხა და ეს მაშინ, როცა მაგალითად, ილია ჭავჭავაძის საზოგადოების ლიდერი, თამარ ჩხეიძე ცოცხალია? _ მოგეხსენებათ, 1989 წლის აპრილის აქციების ერთ-ერთი და მთავარი ორგანიზატორი სწორედ ილია ჭავჭავაძის საზოგადოება იყო. ჰოდა, როცა უცხოური მედია ამბის მთავარ მონაწილეს „აიგნორებს“ და მესურათის მოსაზრებებით ინტერესდება, სწორედ ეს აჩენს კითხვის ნიშანს! 

რაც შეეხება მესურათე იურას განცხადებას, 10 ნოემბერს „ალ ჯაზირა“-ს ეთერში გავიდა გადაცემა, რომელიც საქართველოში საბჭოთა არქიტექტურის კვალს დაეთმო. გადაცემის ერთ-ერთ ნაწილში საქართველოს კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ფოტოგრაფი იური მეჩითოვი საბჭოთა წარსულსა და 9 აპრილის მოვლენებზე საუბრობს: 

„აქციის მონაწილეები 13-დან 25 წლამდე იყვნენ ძირითადად. მხოლოდ ახალგაზრდები. მონაწილეების 90% შეიკრიბა იმიტომ, რომ 9 აპრილი შოუ იყო და ისინი შოუს მონაწილეები იყვნენ. ეს იყო კრიმინალური აქტი, აქციის ორგანიზატორების მხრიდან, რათა მიეღოთ ასეთი შედეგი. ეს იყო გეგმა ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად. არავის სურდა ვინმეს მოკვლა. ისინი ყველა ჭყლეტაში დაიღუპნენ. 20 ქალი ასფიქსიით გარდაიცვალა. ჭრილობები ჰქონდათ, მაგრამ ისინი განზრახ არავის მოუკლავს. 

რა გაქვთ საბჭოთა კავშირის საწინააღმდეგო -არ ვიცი. ხალხი ისეთი ბედნიერი იყო. საკუთარი თვალით მაქვს ნანახი. 

რა გაქვთ რუსეთის საწინააღმდეგო? 200 წელი ვიყავით რუსეთის ქვეშ და ვიყავით აყვავებულები,“ _ დაგვმოძღვრა „ალ ჯაზირას“ ეთერიდან მესურათე იურამ. 

მის ამ ამორალურ განცხადებებს, რასაკვირველია, ქართული საზოგადოების სამართლიანი აღშფოთება მოჰყვა, თუმცა აღშფოთებულ ერსა და ბერს რეჟისორმა ქეთი დოლიძემ შეუტია და სოციალურ ქსელში დაწერა: 

„იურა, ისინი ყვირიან და ხავიან, ვინც ყველაზე კარგად იცის, რაც და როგორ მოხდა 9 აპრილს! ის ახსნან, ირაკლი ბათიაშვილის გარდა, ყველა უვნებელი რომ გამოძვრა!!! 

სამარცხვინოდ: 22 ქალი და ორი მილიციელი! 

ხომ დაირტყით უკანალზე ფეხები და შეატოვეთ ეს ქალები და შეწირეთ მსხვერპლად! ენა ჩაიგდეთ! იურა მეჩითოვი კი ჩვენი მემატიანეა!“ 

ეჰ, ქალბატონო ქეთი, „ჩემი კუკარაჩა“ იქით იყოს და, ნეტავ, თუ აცნობიერებთ და ხვდებით, რომ თქვენდაუნებურად იმათ რიგებს ამაგრებთ, რომელთაც მეფე ერეკლეს დროს მოღალატეებს ეძახდნენ, დღეს კი „მეხუთე კოლონა“ ჰქვიათ? 

ირაკლი ბათიაშვილს ახსენებთ თქვენს არაპატრიოტულ სტატუსში, ქალბატონო ქეთი და, აბა, მოუსმინეთ, როგორ აფასებს თავად ბათიაშვილი მესურათე იურას განცხადებას: „გული მერევა ამ სიტყვებზე!“ 

„ზვიად გამსახურდიასთან, მერაბ კოსტავასთან, ირაკლი წერეთელთან და გია ჭანტურიასთან ერთად, მე გახლავართ ერთ-ერთი ორგანიზატორი 1989 წლის 9 აპრილის მასშტაბური, ეროვნული დაუმორჩილებლობის აქციის. ქართველი ხალხის ამ დიდმა შემართებამ, სადაც უდიდესი ტრაგედია მოხდა, ჩვენი ხალხის სისხლი დაიღვარა, ამავე დროს ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ 9 აპრილი იყო უდიდესი მორალურ-პოლიტიკური გამარჯვება, რამაც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა მოიტანა. 

9 აპრილს ჰქონდა უდიდესი რეზონანსი მსოფლიოში, ამ კადრებმა მოიარა მთელი მსოფლიო და გაიგო, რომ ქართველი ხალხი იბრძოდა თავისუფლებისთვის, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისთვის. 

როცა 9 აპრილზე ვმსჯელობთ, ცოტა უნდა დავფიქრდეთ... ეს არის ჩვენი უახლესი ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა. რა შოუ... რა ნიჩბები არ ყოფილა?! მე თვითონ ვიყავი გარდაცვალებულთა შორის... მე ვიცი, რითაც მოდიოდნენ რუსები _ ალესილი ნიჩბებით და ხელკეტებით... ჩაგვქოლეს და მოგვკლეს. როგორ შეიძლება ამაზე ასე აგდებით ლაპარაკი, განცვიფრებული ვარ... გული მერევა იურა მეჩითოვის ამ სიტყვებზე,“ _ განუცხადა ირაკლი ბათიაშვილმა „ნიუპოსტს“. 

ყველა ლოგიკით, მეჩითოვის სიტყვებზე გული გოგა ხაინდარავსაც უნდა არეოდა, რომლის კინოკამერამაც სისხლიანი 9 აპრილის კადრები შემოუნახა შთამომავლობას, მაგრამ ხაინდრავა ამ დრომდე დუმს! 

რატომ? _ პასუხი არ არის!

როდის იყო გოგა ხანიდრავა გულწრფელი _ მაშინ, როცა 9 აპრილის საშინელებას ფირზე აღბეჭდავდა თუ ახლა, როცა მესურათის „გადაწერილ ისტორიას“ თვალს უხუჭავს და ყურს უყრუებს? 

პასუხი არც ამ კითხვაზეა! 

სამაგიეროდ, პასუხგაცემული და ამოხსნილია ამოცანა, რომელიც 1989 წლის 9 აპრილის წინა დღეს, ცეკას აქტივის კრებაზე გაცხადდა _ მაშინდელი პარტიული ნომენკლატურის უმაღლესი თანამდებობის პირები დაჟინებით ითხოვდნენ, რომ კრემლს თბილისში საბჭოთა არმია გამოეგზავნა და რუსთაველზე მიმდინარე მშიდობიანი აქცია განსაკუთრებული სისასტიკით დაერბია! პრაქტიკულად, ერთადერთი ადამიანი, რომელიც ამ შეკრებაზე ჯარის შემოყვანის წინააღმდეგი იყო და პარტიულ თუ შემოქმედებით აქტივს მიმართა, ხალხო, რას აკეთებთო, პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი გახლდათ, მაგრამ „ჰიმნი თავისუფლების“ ავტორი უმცირესობაში აღმოჩნდა. შესაბამისად, მოხდა ის, რაც მოხდა _ რუსთაველზე საბჭოთა არმიამ თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველების სისხლი დაღვარა! 

სისხლიან 9 აპრილამდე კი მოვლენები ასე ვითარდებოდა: 

1989 წლის მარტში, აფხაზეთში ე.წ. ლიხნის ასამბლეა ჩატარდა, რომელზეც საქართველოს აფხაზი მოსახლეობის ნაწილმა საქართველოსგან გამოყოფა და რესპუბლიკის სტატუსი მოითხოვა. 

ამერიკის შეერთებული შტატების საარქივო დოკუმენტებში, რომლებიც ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა გამოითხოვა, წერია, რომ 1989 წლის 15 მარტს, აფხაზეთის კომუნისტური პარტიის თავმჯდომარე ბორის ადლეიბამ, ხელი მოაწერა პეტიციას საბჭოთა კავშირისა და საქართველოს უმაღლესი საბჭოს სახელზე, რომელიც აფხაზეთისთვის საკავშირო რესპუბლიკის სტატუსის მინიჭებას, ან მოსკოვის პირდაპირ დაქვემდებარებაში გადასვლას მოითხოვდა. 

აფხაზეთში სეპარატისტული განწყობების გაძლიერების პარალელურად, სეპარატიზმისა და მოსკოვის ანტიქართული პოლიტიკის წინააღმდეგ მშვიდობიანი აქციები დაიწყო. 4 აპრილს, მთავრობის სახლის წინ, ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა. აქციის ნაწილმა შიმშილობა დაიწყო, მეორე დღეს მოშიმშილეთა რაოდენობა გაიზარდა. 

5 აპრილს, თბილისი პარალიზებული იყო _ გაიფიცნენ მუშები, დაიხურა სასწავლო დაწესებულებები. ქართულ მედიას იმ დღეს მიმდინარე აქციები არ გაუშუქებია. ადგილობრივმა საბჭოთა ხელისუფლებამ სიტუაციაზე კონტროლი დაკარგა. 

აშშ-ს სახელმწიფო არქივში დაცული 1989 წლის 7 აპრილის დოკუმენტის თანახმად, 6 აპრილს, საოლქო კომიტეტმა, აფხაზეთისთვის დამოუკიდებლობის მინიჭების მოთხოვნის გამო, თანამდებობიდან გადააყენა აფხაზეთის პირველი მდივანი ადლეიბა, რასაც 7 აპრილს, აფხაზეთში მისი მხარდამჭერი აქცია მოჰყვა. აღნიშნულ დოკუმენტში საუბარია დემონსტრაციის ქართველ ლიდერებს შორის შეუთანხმებლობაზე. მოძრაობა „ილია ჭავჭავაძის საზოგადოება“ და „რუსთაველის საზოგადოების“ ლიდერები მიიჩნევდნენ, რომ აქციის დროს პროტესტის მთავარი თემა უნდა ყოფილიყო აფხაზეთის საკითხი, ხოლო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიისა და ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის წარმომადგენლები მოითხოვდნენ, რომ კონცენტრირება მომხდარიყო ერთ _ საქართველოს სსრკ-დან გამოსვლის მოთხოვნაზე. 

7 აპრილს, საქართველოს კომპარტიის პირველმა მდივანმა, ჯუმბერ პატიაშვილმა მოსკოვში, საბჭოთა ხელმძღვანელობას წესრიგის აღსადგენად დამხმარე ძალების გამოგზავნა სთხოვა. იმავე დღეს პერმსა და ვორონეჟიდან თბილისში შემოვიდნენ საგანგებო დანიშნულების მილიციის რაზმები. 8 აპრილს, აშშ-ს საიდუმლო სამსახურების სახელზე გაგზავნილ დაშიფრულ ცნობაში წერია, რომ საქართველოში არსებობს ეთნიკური კონფლიქტის საფრთხე. დოკუმენტში პარალელია გავლებული მთიანი ყარაბაღის გარშემო დაწყებულ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტთან. 

9 აპრილს, 11 საათზე, თბილისში კომენდანტის საათი გამოცხადდა. ამის შესახებ ცნობა მოსახლეობამ 22 საათსა და 15 წუთზე მიიღო. ქალაქის სამხედრო კომენდანტად დაინიშნა საბჭოთა არმიის გენერალი იგორ როდიონოვი. სწორედ ის იყო 9 აპრილის სადამსჯელო ოპერაციის ხელმძღვანელი. 

9 აპრილს, გამთენიისას, რუსულმა არმიამ რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტების დაშლა დაიწყო. აქციის დარბევისას საბჭოთა ჯარმა გამოიყენა მომწამლავი ქიმიური საშუალებები, ცეცხლსასროლი იარაღი, სასანგრე ბარები, ჯავშანტრანსპორტიორები და ტანკები. იმ ღამის სასტიკ დარბევას 20 ადამიანი ემსხვერპლა, ერთი მოქალაქე კი კომენდანტის საათის დროს მოკლეს რუსმა ჯარისკაცებმა. 

9 აპრილს ასობით ადამიანი დასახიჩრდა, დემონსტრანტების დიდი ნაწილი მოიწამლა. ამ დრომდე უცნობია დაზარალებულების ზუსტი რიცხვი და ასევე, არავინ იცის, რა ზიანი მიადგა მათ ჯანმრთელობას. 

მიუხედავად ამისა, მესურათე იურა და მისი თითო-ოროლა მიმდევარი ამტკიცებს, რომ 1989 წლის 9 აპრილს, ადამიანები ასფიქსიით დაიხოცნენ. ზოგი კი ჭყლეტვის გამო მოკვდა. სხვათა შორის, ჭყლეტვის ნარატივი საბჭოთა ხელისუფლებისგან მოდის _ კრემლი მაშინვე აცხადებდა, რომ ხალხმა ერთმანეთი გადათელა! 

მართალია, საბჭოთა კავშირი ორ ათეულ წელზე მეტია, აღარ არსებობს, მაგრამ რუსეთუმე „მესურათეები“ იგივე „ჩვენებას“ აწვებიან და არც იმის თქმას ერიდებიან, რომ ყველაფერი, რაც 9 აპორილს მოხდა, ულტრანაციონალების ანუ ეროვნული მოძრაობის ბრალი იყო! 

„რუსი ჯარისკაცები, კაცებს რომ ვერ მოერივნენ, ქალებსა და ბავშვებს ნიჩბებს თავში ურტყამდნენ. სისხლის გუბეში ვიდექი და მათ იმიტომ ვერ ვშველოდი, რომ ოთხი რუსი ჯარისკაცი ცემით სადღაც მიმათრევდა. თავის დაღწევა მოვახერხე და ოთხი კილომეტრი ფეხშიშველმა ვირბინე სახლამდე,“ _ გაიხსენებს წლების მერე 9 აპრილის მონაწილე და დაზარალებული, შოთა ჟვანია. 

ასევე, დაზარალებული გელა არაბული კი იტყვის: „როდესაც ლენინის მოედნიდან ჯავშანტრანსპორტიორები წამოვიდნენ, მთავრობის სასახლის მარჯვენა მხარეს, კიბეზე ვიდექი. ჯარისკაცები მოდიოდნენ ფარებით, ნიჩბებითა და ხელკეტებით. ხალხი წყნარად იჯდა, არავინ არაფერს აშავებდა, არავინ დგებოდა, ხმას არავის სცემდა. დაახლოებით, ხუთი წუთი იდგნენ ჯარისკაცები. უცბად დაიწყეს ხალხის ცემა. მალე მათ ჩიტაძის ქუჩიდან ჩამოეშველნენ სხვა ჯარისკაცები“. 

„ცხრა აპრილს, სისხამ დილით გავედი მთავრობის სახლთან. შემზარავი სანახაობა გადამეშალა თვალწინ: კიბეზე, ქვაფენილზე, ქუჩებზე, მარადმწვანე ბუჩქებზე, ყველგან და ყველაფერზე, რასაც მზერა სწვდებოდა, მიმოფანტულიყო ტანსაცმლის ნაგლეჯები, ფეხსაცმელები, ძირითადად _ ქალის, ქუდები, ქაღალდის ნაკუწები, ერთმანეთში არეული, ალუფხული ხელჩანთები, ხელჩანთებიდან წამოყრილი სავარცხლები, პატარა სარკეები, ცხვირსახოცები; თავსაფრები, გაზეთების ნაფლეთები, დანაკუწებული ქურთუკები, პარფიუმერიის ნამსხვრევები, ნაირგვარი ფერის ქსოვილის ნახევები, ბიჟუტერია. ასფალტზე ჯერ კიდევ ჩანდა ჯავშნიანი მანქანების მუხლუხების კვალი, ქვაფენილზე კი შემზარავად მბზინავი სისხლის ლაქები“, _ იხსენებს სოსო პაიჭაძე. 

მესურათე იურა ყველაფერ ამის თვითმხილველი გახლდათ _ სწორედ მან გადაიღო დარბევის ფოტოები, მაგრამ დღეს სხვანაირად „მღერის“. 

რატომ? 

ეს რიტორკული კითხვა არ არის. ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი არსებობს: 

ვიღაცას და ეს ვიღაცა, ცხადია, კრემლია, უნდა, საქართველოს დამოუკიდებლობის ბრძოლა გააფერმკრთალოს და 1989 წლის 9 აპრილამდე არსებული სტატუს-ქვო აღადგინოს ანუ შექმნას იმის განცდა და ილუზია, რომ ყოფილი საბჭოთა ხალხები, ამ შემთხვევაში, ქართველები, სსრკ-ს დაშლას დიდ გეოპოლიტიკურ შეცდომად მიიჩნევენ და იმ ტოტალიტარულ „სამშობლოს“ მისტირიან! 

სხვათა შორის, თავის დროზე საბჭოთა კავშირის დაშლას უდიდესი შეცდომა ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინმა უწოდა. გასაგებია, ოკუპანტი რუსეთის პრეზიდენტი „ერთა მძლე კავშირს“ რატომ მისტრის, მაგრამ სხვა საქმეა, როცა ბოლშევიკურ „სამშობლოს“ დამონებული ერების წარმომადგენლები მისტირიან. სწორედ ამისთვის სჭირდებოდა თავის დროზეც კრემლს ე.წ. მეხუთე კოლონა _ ეს ხალხი იმ მესიჯებს უშვებდა და უშვებს, რაც „ერთმორწმუნე ძმას“ სჭირდებოდა და სჭირდება! 

დღეს მესურათე იურა და მისი იდეური ძმანი და დანი 9 აპრილის გაბაიბუნებას ცდილობენ. რა იქნება მათი შემდეგი ნაბიჯი? _ ალბათ ის, რომ გამოვლენ და იტყვიან, დიდი ამბავი, თუ ე.წ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოები იქნებიან. სამაგიეროდ, „მოსკოვებში 37 მანეთად“ ვიფრენთ და რუს „ნაშებშიც“ გავიგულავებთო. 

მერე კი ის მოხდება, რომ კრემლი საქართველოს მსხნელად მოევლინება _ აი, „ინწელიგენცია“ და ერის ნაღები საზოგადოება ითხოვს, რომ საქართველომ ევროატლანტიკურ სივრცეზე უარი თქვას, რუსეთს მიეკედლოს და მე რა უფლება მაქვს, „ულტრანაციონალისტების“ მცირე ჯგუფისგან დამონებული ხალხი არ ვიხსნაო. ჰოდა, ახლა თუ თბილისიდან 40 კილომეტრში დგანან ოკუპანტები, თუ კრებსითი იურა იაქტიურებს, ხვალ-ზეგ შესაძლოა, ზედ რუსთაველზე გამოგვეცხადონ ოკუპანტები! 

ყველაფერი ეს არც შეთქმულების თეორიაა და არც _ მოდელირებული რეალობა. ეს არის ის, რასაც დიდი ალბათობით, მესურათის მიერ წამოწყებული კამპანია ემსახურება, თორემ წერილის დასაწყისშიც ვიკითხეთ და ახლაც ვსვამთ კითხვას: 

სისხლიანი 9 აპრილის ტრაგედიიდან 29 წელი გავიდა. დღეს საქართველო არანაკლები გამოწვევების წინაშე დგას და საკითხავია, ვის ინტერესშია, 29 წლის წინანდელი უსასტიკესი ტრაგედია ხელახლა დაწეროს? ამ კითხვაზე პასუხი ნათელია _ კრემლი დამპლურ თამაშებზე უარს არ ამბობს და იმისთვის, რომ საქართველო კვლავ თავისი გავლენის ქვეშ მოაქციოს „ინწელიგენციის“ ნაწილის ორმაგ სახეს იყენებს!

ნინო დოლიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში