Menu
RSS

7 ნოემბრის გაკვეთილები

რა დასკვნები გამოიტანა 11 წლის წინანდელი 7 ნოემბრიდან და გაიმეორებს თუ არა იგივე შეცდომებს ქართული პოლიტიკური ელიტა

7 ნოემბერი საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი, ყველაზე სისხლიანი და ტრაგიკული თარიღია. დიახ, 2007 წლის 7 ნოემბერს, როგორც ექსპერტთა ნაწილი ამბობს, სააკაშვილის ხელისუფლების დასასრულის დასაწყისი დაიწყო ანუ უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, მრავალათასიანი მიტინგების დარბევით იმ დღეს ნაციონალურმა მოძრაობამ პოლიტიკური სამარე საკუთარი ხელითვე გაითხარა, რასაც მალევე მიხვდა და შექმნილი მდგომარეობის გამოსწორებას შეეცადა _ მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტობიდან გადადგა და ვადამდელ საპრეზიდენტოსთან ერთად, საპარლამენტო არჩევნებიც დანიშნა. მართალია, 2008 წლის იანვარში, მიხეილი პრეზიდენტი ისევ გახდა და იმავე წლის მაისში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზეც ნაცმოძრაობამ საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობა მიიღო, მაგრამ „ვარდოსნებს“ ამ „ხელოვნურმა სუნთქვამაც“ არ უშველათ და მხოლოდ ის მოახერხეს, რომ პოლიტიკურ ავანსცენაზე ყოფნა რამდენიმე, კერძოდ, ოთხი წლით გაიხანგრძლივეს.

2007 წლის სისხლიანი 7 ნოემბრიდან 11 წელი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში ქვეყანაში ბევრი რამ შეიცვალა, სხვა თუ არაფერი, ხელისუფლება „ოცნებამ“ გადაიბარა, მაგრამ დღეს, როცა ემოციები ასე თუ ისე დამცხრალია, შეგვიძლია, მაშინდელი მოვლენები ცივი გონებით შევაფასოთ და კითხვაც დავსვათ _ რა ისწავლა 7 ნოემბრის სისხლისღვრით ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამ? თუმცა, ვიდრე ამ კითხვაზე გავცემთ პასუხს, მოდით, ცოტა ხნით წარსულში დავბრუნდეთ და მაშინდელი მოვლენები ქრონოლოგიურად გავიხსენოთ. 

11 წლის წინანდელი ნოემბრის მოვლენები ქართულ „ვიკიპედიაში“ „პოლიტიკური კრიზისის“ სახელითაა შეტანილი. იქვე წერია: 

„ყველაფერი განპირობებული იყო რიგი მოვლენებით, რომლებიც 3 ნოემბერს დაწყებულ სახალხო საპროტესტო აქციას უძღოდა წინ. აქცია დასრულდა პოლიციის მიერ მის მონაწილეთა დაშლით ცრემლსადენი აირის, ხელკეტების, რეზინის ტყვიების, აკუსტიკური თოფებისა და წყლის ჭავლის გამოყენებითა და ქვეყენაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით. 

კრიზისის საპასუხოდ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები და რეფერენდუმი გამოაცხადა, რომელიც 2008 წლის იანვარში ჩატარდა''. 

აქვე, მოკლედ მიმოვიხილოთ ის ძირითადი მოვლენები, რომლებმაც პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია: 

12 სექტემბერი _ შიდა ქართლის რეგიონის გუბერნატორმა მიხეილ ქარელმა, რომელიც თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილთან დაახლოებული პირი იყო, თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც ადგილობრივი გამგეობის რამდენიმე მაღალჩინოსანი კორუფციის ბრალდებით დააპატიმრეს. 

14 სექტემბერი _ ორმა დეპუტატმა _ თეო ტლაშაძემ და ქეთევან მახარაშვილმა, რომლებიც ასევე, ირაკლი ოქრუაშვილთან დაახლოებული პირები იყვნენ, მმართველი პარტია ანუ ნაციონალური მოძრაობა დატოვეს. 

25 სექტემბერი _ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, დიმიტრი ქიტოშვილი გამოძალვის ბრალდებით დააპატიმრეს. იმავე დღეს, შემოსავლების სამსახურმა ირაკლი ოქრუაშვილის ახლო მეგობრის, ქიბარ ხალვაშის ბიზნესსაქმიანობის შესწავლა დაიწყო. 

იმავე დღეს, ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ აფუძნებდა პოლიტიკურ პარტიას _ მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის. მან პრეზიდენტი სააკაშვილი „ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯების გადადგმასა“ და ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის დაკვეთაში დაადანაშაულა. 

„25 სექტემბერს, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში _ „ღია ეთერი“, გააკეთა განცხადება, რომ სააკაშვილმა ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობა დაუკვეთა. მანვე პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ოფიციალური ვერსია კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა და, ასევე, ისაუბრა სამხრეთ ოსეთის დაბრუნების განუხორციელებელ გეგმებზე. ოქრუაშვილმა ასევე, იერიში მიიტანა მმართველი პარტიის გავლენიან დეპუტატ გიგა ბოკერიაზე. 

„ღია ეთერში“ საუბრისას, ოქრუაშვილმა განაგრძო თავისი ყოფილი მოკავშირის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ დილით დაწყებული კამპანია, რომელიც მისი, ახალი პოლიტიკური პარტიის _ მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის პრეზენტაციას დაამთხვია. 

პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ, ოდესმე გაჟღერებულ ყველაზე სერიოზულ ბრალდებად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ ოქრუაშვილის თქმით, 2005 წლის ივლისში, მას პრეზიდენტმა პირადად დაუკვეთა ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაცია. ოქრუაშვილის თქმით, სააკაშვილს ამის „კონკრეტული გეგმაც“ ჰქონდა შემუშავებული. 

„სააკაშვილმა მითხრა, რომ თავიდან უნდა მოგვეშორებინა პატარკაციშვილი იმ გზით, რა გზითაც ეს მოხდა რაფიკ ჰარირის შემთხვევაში'', _ განაცხადა ოქრუაშვილმა. 

ოქრუაშვილმა ასევე, აღნიშნა, რომ ერთი პიროვნების საშუალებით, რომლის დასახელებისგანაც მან თავი შეიკავა და რომელიც, მისი თქმით, საქართველოს მოქალაქე არ არის, მან გადასცა ინფორმაცია ამერიკელებს სააკაშვილის გეგმის თაობაზე. „მას შემდეგ სააკაშვილს ჩემთან ამ საკითხზე არ უსაუბრია'', _ განაცხადა ოქრუაშვილმა. 

„იგი კვლავაც მიიჩნევს პატარკაციშვილს საფრთხედ'', _ დასძინა მან. 

ერთ დროს, ამ ხელისუფლების ერთ-ერთმა გავლენიანმა წარმომადგენელმა ასევე, განაცხადა, რომ სააკაშვილის დაკვეთით მოხდა რესპუბლიკური პარტიის ყოფილ დეპუტატ ვალერი გელაშვილზე თავდასხმა. გელაშვილს 2005 წლის ივლისში, თბილისის ცენტრში, შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს. 

„სააკაშვილს არ დაუკვეთია მისი თავიდან მოშორება. მან მხოლოდ დაავალა ასეთი სახით გასწორება და ეს დავალება ბრწყინვალედ შეასრულა მერაბიშვილმა'', _ განაცხადა ოქრუაშვილმა. 

„ღია ეთერში“ საუბრისას ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების მტკიცებულება გამოიგონეს: „არ მინდა ამ თემაზე სპეკულირება და არ ვიტყვი, რომ ჟვანია მოკლეს. მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ჟვანიას გვამი მიიტანეს იმ ადგილას, სადაც შემდეგ აღმოაჩინეს“. 

ოქრუაშვილმა, რომელიც ჟვანიას გარდაცვალების დროს თავდაცვის მინისტრი იყო, განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მეტს არაფერს იტყვის ამ საქმესთან დაკავშირებით. 

ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილის ადმინისტრაციაში ყოფნის დროს, ის თვალს ხუჭავდა უსამართლობაზე მხოლოდ იმიტომ, რომ მას იმედი ჰქონდა, რომ თავდაცვის მინისტრის რანგში მიაღწევდა, სულ ცოტა, ერთ მთავარ მიზანს მაინც და ეს მიზანი იყო სამხრეთ ოსეთის დაბრუნება. 

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ასევე, განაცხადა, რომ მას ჰქონდა გეგმა „მცირე ოპერაციისა, რომელსაც მხოლოდ მინიმალური დანაკარგი მოყვებოდა“. მისი თქმით, ეს არ იყო ფართომასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირების გეგმა. 

„მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა იცოდა ამის შესახებ: მე, სააკაშვილმა, მერაბიშვილმა და ადეიშვილმა. ბოკერია შეიძლება იყო, შეიძლება არა, ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა'', _ აღნიშნა მან. 

მისი თქმით, გეგმა მიზნად ისახავდა სამხრეთ ოსეთის დაბრუნებას 2006 წლის გაზაფხულზე. 

„შემიძლია განვაცხადო, რომ მაშინ სავსებით შესაძლებელი იყო ამის გაკეთება მცირე ოპერაციით, მაგრამ ახლა ეს შეუძლებელია, რადგანაც სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას მნიშვნელოვანი სამხედრო ზრდა აქვს'', _ განაცხადა ოქრუაშვილმა. 

ოქრუაშვილმა ასევე, განაცხადა, რომ სააკაშვილმა ვერ შეძლო იმ შეთანხმებების დენონსირება, რომლებიც საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში რუსი სამშვიდობოების ლეგალური ყოფნის საფუძველს წარმოადგენს. 

„გაერო-ში გამოსვლისას, 2006 წელს, სააკაშვილს უნდა მოეხდინა ამ შეთანხმებების დენონსირება, თუმცა ბოლო მომენტში გადაიფიქრა'', _ აღნიშნა ოქრუაშვილმა და იქვე გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლება სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, დიმიტრი სანაკოევის წინ წამოწევის გამო. 

მისი თქმით, სანაკოევი რეგიონის ადგილობრივი მოსახლეობის პატივისცემით არ სარგებლობს: „სანაკოევს ჯერ ერთი ოსიც არ გადმოუბირებია ცხინვალიდან, გარდა ძმები ქარქუსოვებისა''. ოქრუაშვილს მხედველობაში ჰყავდა ურუზმაგ ქარქუსოვი, საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე და მისი ძმა ჯემალ ქარქუსოვი, შინაგან საქმეთა მინისტრი სანაკოევის ადმინისტრაციაში. 

„ჩვენ ვნახავთ, რა შედეგს მოიტანს სანაკოევი _ აბსოლუტურად არაფერს'', _ დასძინა მან. 

ოქრუაშვილის თქმით, ქვეყანაში გადაწყვეტილებებს, ძირითადად, ორი ადამიანი იღებს: პრეზიდენტი სააკაშვილი და მისი „მთავარი იდეოლოგი“ გიგა ბოკერია. 

მისივე თქმით, პირადად ბოკერიას გადაწყვეტილებით მოხდა აჭარაში ეკლესიის დანგრევა. 

ოქრუაშვილმა ასევე, განაცხადა, რომ სააკაშვილის ოჯახმა „მილიარდები“ იშოვა მისი გაპრეზიდენტების შემდეგ. მისი თქმით, საქართველოს რკინიგზა გადაეცა სააკაშვილის „კარის ბიზნესმენ“ რეზო შარანგიას; სააკაშვილის ბიძაშვილი ნიკა ალასანია კი შეიარაღებული ძალებისთვის იარაღის შემოტანას აკონტროლებს: „იმ იარაღს, რომელიც ისრაელიდან შემოდის, პირადად ის აკონტროლებს'', _ წერდა 2007 წლის 26 სექტემბერს, ქართული ინტერნეტპორტალი civil.ge.

ოქრუაშვილის ზემოხსენებული სკანდალური ინტერვიუს შემდეგ, ყველა _ დიდი და პატარაც ხვდებოდა, რომ ქართული პოლიტიკური ელიტის თავზე შავი ღრუბლები შეიკვრნენ, თუმცა სამხუწაროდ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ სააკაშვილის ხელისუფლება საკუთარ ხალხს უსასტიკესად დასჯიდა. 

ისე, ხალხის ქუჩაში გამოსვლის პროვოცირება ოქრუაშვილის დაპატიმრებით მოხდა _ 27 სექტემბერს, სააკაშილმა თავისი ყოფილი „ძმადნაფიცი“, თავდაცვის მინისტრობის დროს ფულის გამოძალვის, ფულის გათეთრების, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით დააპატიმრა. მეორე დღესვე ანუ 28 სექტემბერს, პარლამენტის წინ ოქრუაშვილის გათავისუფლების, ვადამდელი არჩევნებისა და საპრეზიდენტო მმართველობის გაუქმების მოთხოვნით, ათასობით ადამიანი შეიკრიბა. 

29 სექტემბერი _ პრეზიდენტმა სააკაშვილმა, ოქრუაშვილის შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ბრალდებები, რომელიც მის მიმართ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა გააჟღერა, ყალბია. 

8 ოქტომბერი _ ოქრუაშვილმა უარყო სააკაშვილის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები და განაცხადა, რომ მისი ბრალდებები „პოლიტიკური დივიდენდების მიღებას“ ისახავდა მიზნად მისთვის და ბადრი პატარკაციშვილისთვის. გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში ოქრუაშვილმა ასევე, აღიარა დანაშაული ფულის გამოძალვასა და სამსახურეობრივ გულგრილობაში. მოგვიანებით, 10 მილიონი ლარის ოდენობის გირაოს გადახდის შემდეგ, „ოქრო“ გაათავისუფლეს, თუმცა დღემდე გაურკვეველია, ვინ გადაიხადა გირაო. 

გამორიცხული არ არის, რომ გირაო აწ განსვენებულ ოლიგარქს, ბადრი პატარკაციშვილს გადაეხადა. ამ ვერსიას არსებობის უფლება თუნდაც იმიტომ აქვს, რომ პოლიტიკური კულუარებიდან გამოჟონილი ინფორმაციით, 11 წლის წინ, ოქრუაშვილმა სააკაშილის წინააღმდეგ შეთქმულება, სწორედ პატარკაციშვილთან ერთად დაგეგმა. სხვათა შორის, ოქრუაშვილის იმ განცხადეებით თუ ვიმსჯელებთ, რაც ზემოთ გაგაცანით, შესაძლოა, მართალაც ასე იყო. უფრო მეტიც, „ოქროს“ დაჭერა-გათავისუფლების შემდეგ, პატარკაციშვილი პოლიტიკურ არენაზე ღიად გამოჩნდა და ერთმნიშნელოვნად განაცხადა, ქვეყანაში არსებული რთული სიტუაცია მაიძულებს, პოლიტიკაში მოვიდეო. ეს განცხადება ოლიგარქმა 10 ოქტომბერს გააკეთა, მეორე დღეს კი ცნობილი გახდა, რომ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. 

სევ მშრალი ფაქტები: 17 ოქტომბერი _ ათი ოპოზიციური პარტია, რომელიც ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით ერთობლივ კამპანიას აწარმოებს, თავის პრიორიტეტებს 12-პუნქტიან მანიფესტში ახმოვანებს. 

19 ოქტომბერი _ ქუთაისში ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაზე, ათასობით ადამიანი იკრიბება. იმავე დღეს ცნობილი ხდება, რომ 2 ნოემბერს თბილისში, პარლამენტის წინ, ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართება. 

23 ოქტომბერი _ რამდენიმე ათასი ადამიანი მონაწილეობს ბათუმში, ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაში. 

25 ოქტომბერი _ პარტიების _ საქართველოს გზა, თავისუფლება და რესპუბლიკური პარტია ლიდერები ანუ სალომე ზურაბიშვილი, კონსტანტინე გამსახურდია და დავით უსუფაშვილი ბრიუსელში, ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელს, ხავიერ სოლანას ხვდებიან. 

28 ოქტომბერი _ ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციას დააფინანსებს, რათა აქციები ცივილიზებული გზით გამართოს. 

ეს ის დროა, როცა ანტინაციონალური აქციები პერმანენტულად, მთელ ქვეყანაში იმართება. ერთ-ერთ ასეთ აქციაზე, კერძოდ ზუგდიდში, ნაცმოძრაობის მხარდამჭერები თავს აქციის მონაწილეებს ესხმიან და მომიტინგებთან ერთად, ორ დეპუტატსაც სცემენ... 

სისხლიან 7 ნოემბრამდე 8 დღეღაა დარჩენილი... 1 ნოემბერს, რეგიონებიდან ათასობით ადამიანი თბილისისკენ დაიძრა... 2 ნოემბერს თბილისში, პარლამენტის წინ, ათიაათასობით პროტესტანტია თავმოყრილი. მომიტინგეების მთავარი მოთხოვნა არჩევნების თარიღის შეცვლაა, თუმცა ნინო ბურჯანაძე, რომელიც მაშინ პარლამენტის თავჯდომარე და სააკაშვილთან დაახლოებული გახლდათ, ამბობს, რომ არჩევნების თარიღი არ შეიცვლება... 3 ნოემბერს, მრავალათასიან აქციაზე უკვე ახალი მოთხოვნა ისმის _ გადადგეს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი... 

7 ნოემბერი... დილა... თბილისში წვიმს... პარლამენტის შენობასთან, სადაც საპროტესტო აქციის მხოლოდ რამდენიმე მოშიმშილე წევრი იმყოფება, დედაქალაქის მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები მიდიან. პოლიცია კი, იქიდან გამომდინარე, რომ აქციაზე ხალხი კანტი-კუნტადაა, გადაკეტილი რუსთაველის გახსნის გადაწყვეტილებას იღებს. ამის გამო პროტესტანტები ღიზიანდებიან და პირველი ფიზიკური შეხლა-შემოხლაც ხდება... წინააღმდეგობის მიუხედავად, პოლიცია რუსთაველის გამზირს აქციის მონაწილეებისგან სრულად ათვისუფლებს... ცოტა ხანში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას სააკაშვილის მომხრეები იკავებენ. თავად სააკაშვილი კი ქვეყნის მოსახლეობას ტელევიზიით მიმართავს და ოპოზიციას რუსეთის სპეცსამსახურებისგან მართულს უწოდებს: 

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს პოლიციას არ აქვს გამოცდილება, მოვიქეცით ზუსტად ისე, როგორც მოიქცეოდა ყველა ცივილიზებულ დემოკრატიულ ქვეყანაში _ ევროპასა თუ ამერიკაში“. 

სააკაშვილის ამ განცხადებამ ვითარება კიდევ უფრო დაძაბა _ ძალოვანებმა რიყეზე შეკრებილი ოპოზიციის მრავალათასიან მომხრეებზე ნადირობა დაიწყეს. დღის ბოლოს კი, სპეცრაზმი ტელეკომპანია „იმედში“ შევიდა და ჟურნალისტებსაც გაუსწორდა. პარალელურად, პრემიერმა ზურაბ ნოღაიდელმა, დედაქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა: 

„დროებითი შეზღუდვები წესდება მანიფესტაციებსა და შეკრებებზე, ასევე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში არეულობის, ძალადობისა და ხელისუფლების ძალით დამხობის მოწოდებებზე, სხვა მხრივ სიტყვის თავისუფლება არ იზღუდება“. 

შეიძლება, არავინ ვაღიარებთ, მაგრამ ქვეყანაში დღესაც პოლიტიკური კრიზისის ნიშნებია. ყოველ შემთხვევაში, სისხლიანი 7 ნოემბრიდან 11 წლის შემდეგ, თბილისში ისევ აქციები იმართება და საზოგადოების ნაწილი გამოდის ლოზუნგით _ „არა მიშას!“ ამასთან, პარლამენტის წინ შვილმოკლული მამები, 40 დღეზე მეტია, პროტესტს გამოთქვამენ. ისინი კი, რომლებიც თავს 7 ნოემბრის მსხვერპლად მიიჩნევენ, დღეს, ესე იგი, 2018 წლის 7 ნოემებრს, რუსთაველის თეატრში შეკრებას და ნაცრეჟიმის გაპროტესტებას აპირებენ. 

ისიც ფაქტია, რომ „ოცნება“ საკუთარ შეცდომებს აღიარებს და საკუთარ რიგებში გარკვეულ როტაციას იწყებს. ჩვენში დარჩეს და, ალბათ, სიმბოლურია, რომ 11 წლის წინანდელი მოვლენების ფიგურანტები დღესაც პოლიტიკური ვერტიკალის მთავარი ფიგურანტები არიან. აი, მაგალითად, სალომე ზურაბიშვილი, რომელიც მაშინ ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ, დღეს პრეზიდენტობის კანდიდატია და საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, კვლავ სააკაშვილსა და ნაცმოძრაობას ებრძვის. 

ირაკლი ოქრუაშვილიც გააქტიურდა, რომელიც იმდროინდელი მოვლენების მთავარი პერსონაჟი გახლდათ _ რამდენიმე დღის წინ, თავდაცვის ექს-მინისტრი, რომელიც ამ წლების განმავლობაში სააკაშვილის „ჩაქვესკნელებით“ იყო დაკავებული, გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს შეხვდა და, როგორც გაირკვა, ძველი წყენა „ოქრომაც“ დაივიწყა და მიშამაც. 

მართალია, პატარკაციშილი ცოცხალი აღარ არის, მაგრამ მისი ჩრდილი დღევანდელ ქართულ პოლიტიკაში ისევ ჩანს _ 28 ოქტომბრის არჩევნების წინ, ძალოვანებმა გვამცნეს, რომ პატარკაციშვილის მკვლელობის მცდელობა გახსნეს, რომელსაც ნაციონალები წლების წინ გეგმავდნენ. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ როგორც 2007 წელს, ახლაც ამ დიდ პოლიტიკურ ორომტრიალში „ტელეიმედი“ ჩაერთო _ იმის შიშით, რომ ნაცმოძრაობა არ დაბრუნდეს ხელისუფლებაში, ტელევიზია მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. 

ყველაფერ აქედან გამომდინარე, შეიძლება, ითქვას, რომ ისტორია მეორდება, უფრო სწორად, სისხლიანი 7 ნოემბრის გაკვეთილებიდან, ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა დასკვნები ან ვერ გამოიტანა, ან გამოიტანა, მაგრამ მაინც „ძველი გზით“ მიდის და არ უნდა, თავისი მოქმედება გადაახალისოს. 

დიახ, წეღანდელი თქმისა არ იყოს, 7 ნოემბერი სააკაშვილის ხელისუფლების დასასრულის დასაწყისად იქცა და ამას არც ანალიტიკოსები უარყოფენ. ასე, მაგალითად, გასულ წელს ანუ 7 ნოემბრის 10 წლისთავზე, ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი აცხადებდა: 

„7 ნოემბერს, ყველაფერი მივიდა პიკზე. არ უნდა გვქონდეს იმის ილუზია, რომ ვინმეს შეუძლია ხელოვნურად ამ მასშტაბის პროცესები წარმართოს. საერთო ჯამში, ყველაფერს წყვეტს ხალხი. თუ არ არის საზოგადოებაში სათანადო განწყობა, მაშინ ხელოვნურად კრიზისის ფორმირება შეუძლებელია. ფაქტობრივად, 7 ნოემბერს მთლიანად გაშიშვლდა რეჟიმი _ გამოჩნდა, რომ მეფე შიშველია და დაიწყო შეუქცევადი პროცესები“. 

პოლიტილოგ თორნიკე შარაშენიძის თქმით კი, 7 ნოემბრის შეუქცევადმა პროცესებმა, ნაციონალური მოძრაობა ჩიხში შეიყვანა და 2008 წლის აგვისტოს ომიც, ამ ჩიხში მოძრაობის გაგრძელება იყო: 

„ამ პროცესებს მოჰყვა ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალება და ასპარეზიდან გაქრობა ერთ-ერთი ძლიერი მოთამაშისა. ამის შემდეგ დარჩა ორი პოლუსი _ სააკაშვილი ანუ ნაციონალური მოძრაობა და ივანიშვილი. ივანიშვილის საბოლოო გამარჯვება განაპირობა იმ ფაქტმა, რომ 7 ნოემბერი გამოდგა პატარკაციშვილისთვის ფალშ-სტარტი, რომლის შედეგად პროცესები ლოგიკურად წარიმართა და დასრულდა 2012 წლის არჩევნებით“. 

„რაც შეეხება 7 ნოემბრის გაკვეთილებს, გია ხუხაშვილის თქმით, ცხადი გახდა, თუ როგორ შეიძლება დაამთავროს ავტორიტარული მიდრეკილების მქონე ხელისუფლებამ. თორნიკე შარაშენიძის თქმით კი, დასავლეთის რეაქციამ აჩვენა, თუ რამდენად მიუღებელია დემოკრატიულ სამყაროში მედიის თავისუფლების ხელყოფა, თუმცა 2007 წლის ნოემბრის საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე, დავით ზურაბიშვილი, მიიჩნევს, რომ 7-მა ნოემბერმა ვერაფერი ასწავლა ვერც ყოფილი ხელისუფლების წევრებს და ვერც ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც 7 ნოემბერს სააკაშვილს ებრძოდნენ, ახლა კი ხელისუფლებაში არიან. 

„ეს ხელისუფლება მთლად ისე არ გვარბევს, მაგრამ აგრძელებს განსხვავებული აზრის იგნორირების პოლიტიკას და ცდილობს გამოგაცხადოს მტრად. ადრე თუ იყავი ,,ბადრი'' და ოლიგარქის მონა, ახლა ხარ ნაცმოძრაობასთან შეკრული და მრავალმნიშვნელოვნად გეკითხებიან, სისხლიანი ცხრა წლის განმავლობაში სად იყავიო და ასე შემდეგ. ამ მხრივ, დიდად არაფერი შეცვლილა, თუმცა ტელევიზიაში იარაღით შევარდნა აღარ მოხდება, ამდენი ჭკუა ვისწავლეთ“, _ ციტირებდა დავით ზურაბიშვილის სიტყვებს შარშან, ზუსტად ამ დროს, „რადიო თავისუფლება“. 

ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად შეიძლება იმის თქმა, რომ 7 ნოემბერმა საქართველოს დასავლური განვითარება გარკვეულწილად დააპაუზა. ამ დაპაუზებაში კი თავისი წილი „ცოდვა“ მხოლოდ მაშინდელ ხელისუფლებას კი არა, ოპოზიციასაც მიუძღვოდა. ამიტომაც, კარგი იქნება, თუ დღევანდელი პოლიტიკური სპექტრი 7 ნოემბრის პოლიტიკურ ანატომიას კარგად შეისწავლის და ყველაფერს გააკეთებს, რომ ქვეყანა კიდევ ერთხელ არ „დააპაუზდეს“. 

ასე რომ, ქალბატონებო და ბატონებო, წარსული მხოლოდ იმიტომ არ უნდა დავივიწყოთ, რომ მომავლის აშენება არ გაგვიჭირდეს!

ნინო დოლიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში