Menu
RSS

იგეგმება თუ არა სამცხე-ჯავახეთში პროვოკაციები საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ

ვინ არის ენზელ მკოიანი, რეალურად, რა მოხდა ახალქალაქში და რატომ წააგო 28 ოქტომბერი „ოცნებამ“ მარნეულში _ მამუკა არეშიძე სკანდალურ ინფორმაციებს ასაჯაროებს

რამდენიმე დღის წინ, ახალქალაქში ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის მხარდამჭერებს თავს დაესხნენ. დაზარალებულების თქმით, 30-მდე მოქალაქე ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის, ენზელ მკოიანის ძმის ხელმძღვანელობით, იპოზიციის ოფისში შეიჭრა და ნაციონალური მოძრაობის წევრები სცემა. თავდამსხმელები ხელკეტებითა და ჯოხებით იყვნენ შეიარაღებულნი. დაშავდა 5 ადამიანი. ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. ახალქალაქში მომხდარ ძალადობრივ ქმედებებს დაგეგმილს უწოდებს პარლამენტარი ენზელ მკოიანი და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს პროვოკაციულ ქმედებებში ადანაშაულებს. მომხდარზე შსს-მ გამოძიება სს კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ ჩადენილ ხულიგნობას გულისხმობს. 

,,ვერსია'' დაინტერესდა, საარჩევნო პერიოდში ხომ არ არსებობს ჯავახეთში დესტაბილიზაციისა და არეულობის მცდელობის საფრთხე? სამცხე-ჯავახეთში განვითარებული მოვლენები კონფლიქტოლოგსა და ექსპერტ მამუკა არეშიძეს შევაფასებინეთ და ისიც ვკითხეთ, რატომ წააგო არჩევნები ხელისუფლების მხარდაჭერილმა კანდიდატმა გარდაბანში, სადაც საპარლამენტო არჩევნებში თავად არეშიძე კენჭს ,,ქართული ოცნების'' სახელით იყრიდა:

_ საფრთხეები ყოველთვის არსებობს _ ჩვენ ისეთი ჩამოყალიბებული სახელმწიფო ხომ არ გვაქვს, რომელსაც შეუძლია, ასეთი ტიპის საფრთხეებსა და გამოწვევებს ისე გაუმკლავდეს, რომ გაგრძელება და ხმაური არ მოჰყვეს? თუ სეპარატიზმის საფრთხეს გულისხმობთ, ამას ამ ეტაპზე გამოვრიცხავ. 

_ აბა, რა პროცესები მიდის სამცხე-ჯავახეთში? 

_ ეს, ძირითადად, შიდაპარტიული ბრძოლაა. რაც შეეხება ენზელ მკოიანს, მიუხედავად იმისა, რომ ხან რომელ პარტიაშია და ხან _ რომელში, ამ ექსცესში მისი გუნდი ბოლომდე მტყუანიც არ იყო. 

_ რას გულისხმობთ? 

_ ზუსტად ვიცი, როგორ გამოიწვიეს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა პროვოკაციაში, მაგრამ საქმე ისაა, რომ მისი დასჯა დემონსტრაციულად მოინდომეს. ჯობდა, ადგილზე დაეკავებინათ, როცა ისინი ამ პროვოკაციაზე მიდიოდნენ. ენზელ მკოიანის პატიოსნებაზე ლაპარაკს არ დავიწყებ, მაგრამ სიმართლე გითხრათ, იქ ორივე მხარე ერთნაირია. იქ არის ძალიან სერიოზული ხალხი, რომელსაც მართლა შეუძლია, ამინდი შექმნას და ქვეყნისთვის რაღაც გააკეთოს. 

რაც შეეხება სეპარატისტულ მოძრაობას, არ არის, რადგან ამით ერევანი არაა დაინტერესებული, მაგრამ თუ ობიექტურად შევხედავთ, რუსეთმა რომ მოინდომოს, ნებისმიერ წუთში შეუძლია, სერიოზული გართულებები გამოიწვიოს, იმდენად ძლიერია რუსული აგენტურა სომხურ მოსახლეობაში. გავითვალისწინოთ, რომ რუსეთში უამრავი ადგილობრივი, სომხური წარმოშობის ადამიანი, ბიზნესმენი მუშაობს. ისინი მუშაობენ შემდეგი პრინციპით _ ჯავახეთიდან ჩაჰყავთ მუშახელი, ნათესავები, ახლობლები და ამუშავებენ. ჯავახეთის სოფლებში ქორწილი და ჭირის სუფრა არ იმართება, თუ რუსეთიდან ფული არ გამოგზავნეს. კონკრეტული ბიზნესმენი კონკრეტული სოფლის ,,მამაღმერთია''. ასე რომ, თუ მოინდომა ,,ფე-ეს-ბე''-მ, ამ ხალხის მეშვეობით შეუძლია, სიტუაცია სერიოზულად არიოს. 

_ თქვენი აზრით, ამას რუსეთი ახლა მოინდომებს? 

_ არა. საქმე რუსეთის დაინტერესებაში არაა. რუსეთს შეუძლია, სიტუაცია გაართულოს, მაგრამ ერევანმა თუ მხარი არ დაუჭირა, ეს გართულება ჩაცხრება. გავიხსენოთ კუმურდოს ეპიზოდი, სურვილი გაჩნდა, რომ ამ ეპიზოდიდან შეექმნათ დიდი ხმაური, მაგრამ ერევანი არ აჰყვა და ეს ამბავი არც გაგრძელდა. 

_ ხომ არ არის საუბარი ორგანიზაცია ,,ჯავახკის'' გააქტიურებაზე? 

_ არაბიანი, რომელიც ,,ჯავახკის'' ხელმძღვანელია, არაფერს წარმოადგენს. ერთი ტაქსისტი ბიჭია _ მოსკოვში ტაქსაობს, მოსკოვის ფილიალში ჰყავს ორი კაცი. ძალიან საინტერესოა, ეს რისი ფილიალია... ორგანიზაცია ,,ჯავახკი'', რომელიც არსებობს ჯავახეთში, კარგა ხანია, სხვა რელსებზე გადაეწყო, ის კი თავს ამის ფილიალად ასაღებს, არც ,,ჯავახკის'' წესდებას ექვემდებარება, არც _ მის მიზნებსა და ამოცანებს, რომლებიც დეკლარირებულია წესდებით ანუ თავისთვისაა. მის განცხადებებს კი თბილისში სერიოზულად აღიქვამენ. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ჯავახელის ტვინში ეს განცხადებები თავის როლს ასრულებს, ეს ის არ არის, რამაც შეიძლება, რაღაც განსაკუთრებული უბედურება გამოიწვიოს. 

_ მოკლედ, ჯავახეთში მომხდარ ინციდენტს მხოლოდ შიდაპარტიული ნარატივი აქვს და ფიქრობთ, რომ სიტუაცია ჩაცხრება და დალაგდება, არა? 

_ არ ვამბობ, რომ დალაგდება... დაპირისპირება არჩევნების ბოლო წუთამდე გაგრძელდება, სანამ მეორე ტური დამთავრდება. 

_ არჩევნები ახსენეთ და ბარემ, გკითხავთ: გარდაბანში, სადაც წლების წინ კენჭს თქვენც იყრიდით, საპრეზიდენტო არჩევნებში, ზურაბიშვილზე მეტი ხმა გრიგოლ ვაშაძემ მიიღო. მარნეულშიც დაბალი აქტივობა გამოიჩინა ამომრჩეველმა. არადა, წარსულს თუ გადავხედავთ, ეთნიკური არაქართველებით დასახლებული რეგიონები სახელისუფლებო სეგმენდატ ითვლება. როგორ ფიქრობთ, ახლა რა მოხდა? რა მიზეზით დამარცხდა ხელისუფლების რჩეული კანდიდატი? 

_ ყველა ადამიანს აქვს თავმოყვარეობა. აბსოლუტურად მიუღებელი იყო ის ხელმძღვანელი, რომელიც ,,ოცნების'' მხრიდან გარდაბანს დაენიშნა _ ბუდაღაშვილი. ასევე, მიუღებელი იყო დეპუტატი სალავან მირზოევი. ერთიც და მეორეც, 2012 წლის არჩევნების დროს, ნაციონალური მოძრაობის ბანაკში გახლდათ. უზარმაზარი იმედგაცრუებაა ხალხში და თან, პრაქტიკულად, ,,ქართულ ოცნებას'' იქ არ უმუშავია და ვერც იმუშავდებდა, რადგან ,,ოცნების'' ადგილობრივი უჯრედები დაშალეს. 

_ რას ნიშნავს ,,დაშალეს''? 

_ ჩაანაცვლეს პორტირებული ადამიანებით. ,,ქართული ოცნების'' ბოლო ყრილობაზე, გარდაბნის რაიონიდან 9-დან 8 დელეგატი, ყოფილი ნაციონალი იყო. ,,ოცნების'' ჩემმა აქტივისტებმა, ვინც განსაკუთრებით გამოიჩინა თავი და მაშინ ყველაფერს გაუძლო, თავი შეაფარეს ,,პატრიოტთა ალიანსს'' ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ, პოლიტიკური მხარდაჭერა სჭირდებოდათ, რადგან ნაციონალური მოძრაობის იმ აქტივისტებმა, რომლებმაც გადმოინაცვლეს ,,ოცნებაში'', მათ მუქარა დაუწყეს. მოკლედ, ასეთი სურათი იყო _ უყურადღებობა, პორტირება, კოჰაბიტაცია და სამართლიანობის არაღდგენა... ხალხიც შესაბამისად მოიქცა. სხვათაშორის, შაშკინი დარბის იქ, კარგი რუსულით ელაპარაკება აზერბაიჯანელებს, ფულს არიგებს და შესაბამისი რეზულტატიც სახეზეა. 

_ ანუ ნაციონალური მოძრაობა უფრო კარგად აკეთებს პიარს, ვიდრე _ ხელისუფლება? 

_ დიახ. საერთოდ, ნაციონალური მოძრაობა ბევრად უკეთ ორგანიზებული აღმოჩნდა და პროპაგანდის და პიარის სისტემაც უკეთესი აქვს. 

_ მეორე ტურში რა მოლოდინი გაქვთ? შეიცვლება რამე, რაც ნაციონალების პიარს ,,გაანეიტრალებს''? 

_ გარდაბნის არჩევნებში უნდა ჩაერთოს ის ხალხი, ვინც 2012 წელს იბრძოდა, ამ ხალხს სჭირდება ყურადღება და კეთილი სიტყვა, რომ იგრძნოს საკუთარი ძალა და ჩათვალეთ, არჩევნები მოგებულია. არჩევნების მოგებას გარდაბნის რაიონში ერთი კვირა სჭირდება. 

_ გარდაბანში დამარცხების მიზეზად პორტირებულ ნაციონალებსა და ე.წ. კოჰაბიტაციის შედეგს ასახელებთ, თუმცა ჯავახეთშიც პორტირებული ნაციონალები მართავენ სიტუაციას და იქ ხელისუფლებამ ყველა ოლქში გაიმარჯვა... 

_ იქ ცოტა სხვა სიტუაციაა და აგიხსნით, როგორიც: ჯერ ერთი, უფრო კომპაქტურია ჯავახეთი და თან იქ კლანური ცხოვრების წესია ოდითგანვე. მაგალითად, ენზელ მკოიანი დეპუტატობამდეც გავლენიანი იყო, რადგან ბიზნესმენია და მანამდეც სერიოზული გავლენები ჰქონდა. ამიტომაც მოხდა მისი პორტირება უმტკივნეულოდ ,,ქართულ ოცნებაში''. გარდაბანში კი ასეთი სიტუაცია არ არის. ერთი ნიუანსია ძალიან მნიშვნელოვანი: გარდაბნელი მდიდარი ადამიანები ფულს შოულობენ სხვა ქვეყნებში: თურქეთში, რუსეთში, აზერბაიჯანში და ა.შ. რასაკვირველია, იქიდან შეუძლიათ ზემოქმედება მოახდინონ, მაგრამ გადამწყვეტი მაინც _ არა. ჯავახეთში კი ეს კლანები ფულს ადგილზე აკეთებენ. მაგალითად, ენზელ მკოიანი ენერგეტიკული სისტემის რაღაც ნაწილს ფლობს, ასევე გაზგასამართ სადგურებს და რაღაცებს, გარდაბანში კი ასეთი ძლიერი კლანი ერთიც არაა. ამასთან, სომხისა და აზრებაიჯანელის მენტალიტეტი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. აზერბაიჯანლები ბევრად უფრო ,,რბილები'' და მორჩილნი არიან ხელისუფლების მიმართ... 

_ ხომ არ ფიქრობთ, რომ ,,ოცნებაში'' ნაციონალების ,,პორტირება'' მიზანმიმართულად ხდება ანუ მმართველ ძალაში ვიღაც განგებ აკეთებს ყველაფერ ამას? 

_ მგონია, რომ ეს ნაწილობრივ განგებ მოხდა, განსაკუთრებით რეგიონებში. ტექნიკურად არ ვიცი, როგორ, მაგრამ როცა გარედან უყურებ ამ მასიურ ,,პორტირებას'', ხვდები, რომ ეს არ იყო შემთხვევითობა და შთაბეჭდილება გექმნება, რომ რეგიონის დონეზე ეს ვიღაცის ნება-სურვილით ხდებოდა. პატარა რაიონებში ეს ისე არ ჩანს, ცოტაა რესურსია, რომელსაც შეუძლია რაიონის მართვა, ხან ერთ პარტიაში არიან, ხან _ მეორეში. არსებობს ტრადიცია, რომ ხშირად იცვლიან პარტიებს, სამწუხაროდ, საქართველოში დაბალი პოლიტიკური კულტურის გამო, მაგრამ გარდა ამისა, იქ კონკრეტულ თანამდებობაზე ვინ იქნება, ხშირად რთული განსასაზღვრია, უფრო სწორად, ეს ხდება ადგილობრივი ავტორიტეტული ხალხის მიერ. ეტყობა, ის ხალხი თავის დროზე ნაციონალურ მოძრაობას კარგად ჰყავდა მობილიზებული და აქედან გამომდინარე, ეს ადამიანები დღესაც ცდილობენ თავისიანები გაიყვანონ სხვადასხვა პოსტზე. 

ამიტომ ,,ქართული ოცნების'' ლიდერებმა უნდა გადადგან ნაბიჯები იმ ადამიანების შემოსარიგებლად, რომლებიც მათი აქტივისტები იყვნენ 2012 წელს და რომლებიც საკუთარ თავს უწოდებენ 2012-იანელებს. ამ ხალხის მეშვეობით, ,,ოცნებას'' შეუძლია, ყველგან ძალიან სერიოზულ წარმატებას მიაღწიოს. 

განსაკუთრებით რთული და კომიკური ვითარებაა აჭარაში. ბათუმში არათუ ვერ იმუშავა ,,ოცნების'' ადგილობრივმა სამსახურმა, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არ იმუშავა და საერთოდ არაფერი გააკეთა, ამიტომ მიიღეს ის რეზულტატი, რაც უნდა ყოფილიყო. საერთოდ, მიმაჩნია, რომ გადასახედია აჭარის პარტიული ორგანიზაციის შემადგენლობა თავის დეპუტატებიანად. არ შეიძლება, საქართველოს პარლამენტის წევრი, რომელი პარტიიდანაც უნდა იყოს, თავის სოფელში აგებდეს არჩევნებს. ასევე, ფოთში არ უნდა წაეგო ნიკო ნიკოლაძის შვილიშვილს, სალომე ზურაბიშვილს. 

მიდგომებია შესაცვლელი. რა გახდა ამ როინ შავაძის საქმე, ქონებების დაბრუნების საკითხი?.. აჭარაში ტრადიციული ოჯახებია, საკმარისია, ერთს გაუკეთო საქმე და სამართლიანობა აღადგინო, რომ მთელი გვარი შენი იქნება. 

გარდა ამისა, ხალხი უნდა ხედავდეს, რომ ქვეყანა სწორი ეკონომიკური განვითარების გზაზე დგება, რომ ხელისუფლება ზრუნავს, განსაკუთრებით რეგიონებში, სოციალური პრობლემის მოსაგვარებლად. ეს მეორე ტურამდე არ მოესწრება, მაგრამ იქამდე 2012-იანელების მობრუნებაა მთავარი.

თათია გოჩაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში