Menu
RSS

სალომეს დილემა

28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი, რომელმაც ორივე პოლიტიკური ცენტრის გეგმები არია

28 ოქტომბრის არჩევნების ის შედეგები, რაც დაიდო ანუ მეორე ტური მოულოდნელი არავისთვის ყოფილა. მხოლოდ ზომაზე მეტად ოპტიმისტებს სჯეროდათ, რომ ყველაფერი კვირასვე დამთავრდებოდა და გაფრანგებული ქალბატონი ქვეყნის მთავარსარდალი გახდებოდა, მაგრამ იმთავითვე ნათელი იყო, რომ მიზანი საშუალებას ვერ გაამართლებდა.

სხვათა შორის, მმართველი გუნდიდან მომხდარი ყველაზე ადექვატურად და ზუსტად თბილისის მერმა შეაფასა, რომელმაც „ოცნების“ ძალიან ბევრი მიმდევარის სათქმელი ღიად და მიკიბ-მოკიბვის გარეშე თქვა, მეორე ტური იმიტომ გახდა აუცილებელი, რომ „ოცნებამ“ საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა არ წამოაყენა და მხარი დამოუკიდებელ პრეტენდენტს დაუჭირაო. ამასთან, აღსანიშნავია, რომ კალაძემ თავად ზურაბიშვილსაც დაასწრო და ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა. პრეზიდენტობის კანდიდატმა კი არჩევნების მეორე დღეს არათუ ხალხს მიმართა, არამედ მედიასაც ზურგი აქცია და განაცხადა, როცა გადავწყვეტ განცხადების გაკეთებას, „მაშვინ“ გეტყვითო. 

„პირველ რიგში, მთელი ჩვენი პოლიტიკური გუნდის სახელით, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მოქალაქეებს, ამომრჩეველს, ვინც მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოიჩინა და მივიდა არჩევნებზე. ასევე, მადლობა დამკვირვებლებს, უცხოელ პარტნიორებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, სამართალდამცავებს, საარჩევნო ადმინისტრაციასა და მედიას. 

განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენს ერთგულ ამომრჩეველს, რომელმაც ოპოზიციის უპრეცედენტოდ ნეგატიური კამპანიის მიუხედავად, ჩვენს მხარდაჭერილ კანდიდატს მისცა ხმა. 

საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებმა არაერთი მნიშვნელოვანი რამ ცხადჰყო. 

ქართველ ხალხთან ერთად, სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში მოხერხდა, რომ ვცხოვრობთ დემოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ მოსახლეობას არჩევნებისადმი ნდობა და არჩევანის თავისუფლება დაუბრუნა. 

 

საპრეზიდენტო არჩევნებზე გამარჯვებულის გამოსავლენად, მეორე ტურის დანიშვნის საჭიროება, საქართველოში ჩვენ მიერ დამკვიდრებულ მაღალ პოლიტიკურ სტანდარტზე მიუთითებს და ამას მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა და თითოეული მოქალაქე ნათლად ხედავს. სწორედ „ქართული ოცნება“ არის და იქნება გარანტი, რომ საქართველოში არჩევნები არასდროს გაყალბდება! 

რაც მთავარია, ამ არჩევნებით ხალხმა გამოგვიგზავნა შეტყობინება, რისი შეგრძნება გარკვეულწილად ყველას გვქონდა, რომ ქვეყანაში ბევრი რამე შესაცვლელია, შესაცვლელია სწრაფად, ეფექტურად და თითოეული მოქალაქის ინტერესის გათვალისწინებით. 

სამწუხაროდ, როგორც ყველა ხელისუფლებას, ჩვენც ძალაუფლების კონცენტრაციამ, შეიძლება ითქვას გადაჭარბებული თვითდაჯერებულობა შეგვმატა და შესაბამისად, მთელ რიგ შემთხვევებში არ ხდებოდა ადეკვატური უკუკავშირი, კომუნიკაცია საზოგადოებასთან. 

ამის შედეგი იყო ისიც, რომ მხოლოდ შიდა კვლევების მონაცემებს ვეყრდნობოდით, რამაც კიდევ უფრო შეასუსტა განწყობების აღქმა. თუმცა ყველა ჯანსაღი პოლიტიკური ორგანიზაციისთვის მსგავსი „გამოფხიზლება“, ახალი და ეფექტური რეაგირების, სწრაფი ცვლილების დასაბამია. 

სწორედ ამაზე საუბრობდა ბიძინა ივანიშვილიც, პარტიის თავმჯომარის პოსტზე დაბრუნებისას: 

გუნდში გასაძლიერებელია პოლიტიკური მენეჯმენტი, გასაძლიერებელია კომუნიკაცია, გასაძლიერებელია ინსტიტუტები, გადაწყვეტილებები უნდა გახდეს უფრო სწრაფი და ეფექტიანი, შედეგზე, ადამიანების რეალური პრობლემების გადაწყვეტაზე ორიენტირებული. 

გზავნილი მიღებულია და ჩვენ მზად ვართ ქმედითი ნაბიჯებით ვუპასუხოთ ამ გამოწვევას. 

ბუნებრივია, ჩვენ ვართ თვითკრიტიკულები, ვიღებთ პასუხისმგებლობას ყველა სუბიექტური ფაქტორის აღმოფხვრაზე, თუმცა პრობლემებს აქვს ობიექტური მიზეზებიც _ მძიმე ეკონომიკური ვითარების ფონზე, ბოლო რესურსებით ამუშავებულმა პროპაგანდისტულმა მანქანამ და სრულად ნეგატიურმა კამპანიამ თავისი შედეგი გამოიღო. ჩვენ საპასუხო რეჟიმში ვეკონტაქტეთ ჩვენს ოპონენტებს, რა დროსაც, საზოგადოების რეალური პრობლემები გვერდით დარჩა. სწორედ ის პრობლემები, რომელთანაც მხოლოდ ერთად დგომით შევძლებთ გამკლავებას. 

არჩევნების შედეგში ჩვენი ამომრჩევლის ნაკლები მობილიზაციის ერთ-ერთ მიზეზად იმასაც განვიხილავთ, რომ პარტიამ არ წარადგინა საკუთარი კანდიდატი და დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერამ შეასუსტა ჩვენი ამომრჩევლების მობილიზაციის პროცესი. 

დარწმუნებულები ვართ, რომ მეორე ტურში, როცა ნათლად გამოიკვეთა ორი პოლუსი, როცა არჩევანი გასაკეთებელია სიცრუესა და სიმართლეს, ძალადობასა და თავისუფლებას შორის, მოხდება მაქსიმალური კონცენტრაცია და ჩვენ ერთად, აუცილებლად გავიმარჯვებთ საპრეზიდენტო არჩევნებში და რაც მთავარია, ერთად აუცილებლად დავძლევთ ყველა გამოწვევას“, _ ესაა თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ არჩევნების მეორე დღეს, 29 ოქტომბერს გაკეთებული განცხადების სრული ვერსია. 

და იმ დროს, როცა კალაძე იმის მიზეზებს ხსნიდა თუ ეძებდა, თუ რატომ მივიდა საქმე მეორე ტურამდე, „ოცნების“ ზოგიერთი წარმომადგენელი, ცოტა არ იყოს, ასტრალში გასულის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ასე, მაგალითად, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ ისეთი რამ თქვა, რომ ღიმილი თავად მმართველი გუნდის მხარდამჭერებშიც გამოიწვია. 

,,ამის არც ხალხზე და არც ნაცებზე გადაბრალება არ იქნება სწორი... ეს არის დიდი გაფრთხილება, რომ ჩვენ არ ავცდეთ ჭეშმარიტ გზას, რომელიც ხალხს სიკეთეს მოუტანს... ყველაფერი უფლის ნებით ხდება'', _ ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდის დეპუტატი, სოფო კილაძე ,,ფეისბუქზე'' 28 ოქტომბრის არჩევნებს და დასძინა, რომ ეს შედეგები გუნდის მიერ დაშვებული შეცდომებიდან გამომდინარეობს. 

რა იყო მმართველი გუნდის მთავარი საარჩევნო შეცდომა? ამის შესახებ ცოტა ქვემოთ ვისაუბროთ. მანამდე კი იმ დარღვევებს გავეცნოთ, რომელიც ქართველმა თუ უცხოელმა დამკვირვებლებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა 28 ოქტომბერს დააფიქსირეს. 

დავიწყოთ „გამჭირვალობა საქართველო _ საქართველოს“ მიერ გამოვლენილი დარღვევებით, რომელიც საარჩევნო უბნების დახურვიდან მალევე საზოგადეობას ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა გააცნო:. 

„ჩვენ მიერ დაფიქსირდა 90-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა. ჩვენი დამკვირვებლების მიერ დაიწერა 9 საჩივარი. მეტ-ნაკლებად სერიოზული დარღვევებიდან აღსანიშნავია შემდეგი ფაქტები: 

ამომრჩეველთა აქტიური მობილიზაცია და ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა: 

თითქმის ყველა საარჩევნო უბნის გარეთ შეიმჩნევა საპრეზიდენტო კანდიდატების კოორდინატორების დიდი კონცენტრაცია, მათ შორის ბევრი მათგანი დგას ავტომობილით, სადაც სხვადასხვა პირები სხდებიან და მცირე ხნის შემდეგ გადმოდიან. არსებობს ეჭვი, რომ შესაძლოა ხდებოდეს ამომრჩევლის მოსყიდვა. ზოგიერთი უბნის გარეთ ჩვენმა დამკვირვებლებმა ფულის გადაცემის რამდენიმე შესაძლო ფაქტიც დააფიქსირეს. კერძოდ, ასეთი შემთხვევები შეგვხვდა შემდეგი უბნების გარეთ: #24 დმანისის საარჩევნო ოლქის #2, 10, 20 და 32; #5 ისნის საარჩევნო ოლქის #32; #12 გურჯაანის საარჩევნო ოლქის #2 

აგიტაციის წესების დარღვევა 

#12 გურჯაანის საარჩევნო ოლქის #25 საარჩევნო უბანზე ერთ-ერთმა კომისიის წევრმა კაბინის გარეთ მისცა ხმა, ანუ შემოხაზა სასურველი კანდიდატი. 

არჩევნების სავარაუდო გაყალბება 

#67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #94 საარჩევნო უბანზე ჩვენმა დამკვირვებელმა დაინახა, თუ როგორ ჩააგდო საარჩევნო ყუთში რამდენიმე კონვერტი საარჩევნო ყუთის ზედამხედველმა კომისიის წევრმა. პროტესტის გამოხატვის შემდეგ კომისიის თავმჯდომარემ და სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელმა უბნის გარეთ გაიყვანეს ჩვენი დამკვირვებელი, სთხოვეს თვალი დაეხუჭა ამ ფაქტზე და პირობა მისცეს, რომ აღარ განმეორდებოდა მსგავსი შემთხვევა. ეს ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას დაინტერესდეს ამ შემთხვევით და მიიღოს შესაბამისი ზომები. 

ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა 

#59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #47 უბანზე კომისიის წევრებმა ამომრჩეველს მისცეს ბიულეტენი, რომელსაც არ ჰქონდა რეგისტრატორის ხელმოწერა და ბეჭედი. მას შემდეგ, რაც ეს ამომრჩეველი გამოვიდა კაბინიდან, კომისიის წევრებმა გამოართვეს უკვე შემოხაზული ბიულეტენი, გაფუჭებულად მიიჩნიეს და სხვა ბიულეტენი მისცეს. 

ერთი და იმავე უბანზე ერთი ორგანიზაციის რამდენიმე დამკვირვებელი 

#22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #55 საარჩევნო უბანზე ერთი და იმავე სადამკვირველო ორგანიზაციის ორი წარმომადგენელი იმყოფებოდა. ჩვენი დამკვირვებლის მითითების მიუხედავად, კომისიის თავმჯდომარემ დიდი ხნის განმავლობაში არ აღმოფხვრა ეს პრობლემა. მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა #5 ისნის საარჩევნო ოლქის #21 საარჩევნო უბანზე. 

დამკვირვებლების არშეშვება საარჩევნო უბნებზე 

#41 ნინოწმინდის საარჩევნო ოლქის #2 საარჩევნო უბანზე და #56 ჭიათურის საარჩევნო ოლქის #26 უბანზე გარკვეული დროის განმავლობაში კომისიის თავმჯდომარეები უბანზე არ უშვებდნენ დამკვირვებლებს. მცირე ხნის შემდეგ აღმოიფხვრა ეს პრობლემა. 

კომისიის წევრის მიერ ფუნქციათა გადასანაწილებელ წილისყრაზე უარის თქმა 

#10 გლდანის საარჩევნო ოლქის #100 უბანზე, #32 გორის საარჩევნო ოლქის #88 უბანზე, #79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #7, 25, 89 უბნებზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ დანიშნულმა კომისიის წევრებმა უარი თქვეს გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრების გამოსავლენ წილისყრაში მონაწილეობაზე. 

მარკირების გარეშე ხმის მიცემა 

#64 სენაკის საარჩევნო ოლქის #37 უბანზე ერთ-ერთი რეგისტრატორი მარკირების გარეშე აძლევდა ამომრჩეველს ბიულეტენს. 

რეგისტრატორის მიერ ბეჭდის არასწორი გამოყენება 

#24 დმანისის საარჩევნო ოლქის #32 უბანზე ერთ-ერთი რეგისტრატორი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ბიულეტენებზე ბეჭედს უკუღმა არტყამდა, რაც შეიძლება ბიულეტენების ბათილობის საფუძველი გახდეს. 

ნაკადის მომწესრიგებლის არასათანო ქცევა 

#5 ისნის საარჩევნო ოლქის #21 უბანზე ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრი რეგისტრატორთან ერთდროულად ორზე მეტ ამომრჩეველს უშვებდა. არაერთი მოწოდების მიუხედავად, კომისიის თავმჯდომარემ არ აღმოფხვრა ეს დარღვევა. 

#20 ისნის საარჩევნო ოლქის #76 უბანზე ნაკადის მომწესრიგებელი ერთ-ერთ დამკვირვებელს კარნახობდა მოსული ამომრჩევლის რიგითი ნომრებს. ჩვენი დამკვირვებლის მიერ შენიშვნის მიცემის შემდეგ, მან განაცხადა, რომ საკუთარი ცოლის საქმეს აკეთებდა, რომელიც პარტიის კოორდინატორი არის. 

გადასატანი საარჩევნო ყუთის პრობლემები 

#12 გურჯაანის საარჩევნო ოლქის #3 უბანზე და #59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #21 უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის უბანზე დაბრუნებისას აღმოჩნდა, რომ გაცემულ ბიულეტენებს თითო ცალი აკლდა.“

გარკვეული დარღვევები უცხოელმა დამკვირვებლებმა აღმოაჩინეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი 28 ოქტომბერს მომხდარ რამდენიმე ინციდენტზე გამოძიება დაიწყო. 

„ჩვენ ვცდილობდით, როგორც არჩევნებამდე პერიოდში, ისე მთელი მიმდინარეობის დროს, რომ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპი, როგორც სამართალდამცავ უწყებას, შეგვენარჩუნებინა. მარნეულში მომხდარ ინციდენტზე ორი პირი იმ დღესვე დავაკავეთ, ერთი იყო ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი, მეორე „ქართული ოცნების“. გამოძიებები მიმდინარეობს, ჩვენ ახლა ვაწარმოებთ იმ პირების გამოკითხვას, ვინც არჩევნების დროს უბრალოდ არ მოვწყვიტეთ სამსახურს, რადგან არ გვინდოდა პროცესების ჩაშლა. ამომრჩევლისთვის ფულის დარიგების საკითხთან დაკავშირებით მედიაში გავრცელდა ინფორმაცია. შესწავლა მიმდინარეობს, თუ ფაქტები დადასტურდება, რეაგირება პროკურატურამ უნდა მოახდინოს“, _ განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა. 

დარღვევები, ცხადია, ყველა არჩევნებს ახლავს და შესაბამისად, ამ მხრივ იდეალური არც 28 ოქტომბერი ყოფილა, მაგრამ წლევანდელი არჩევნები საქართველოს უახლეს ისტორიაში, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ერთი რამის გამო შევა _ არც აქამდე და არც ამის შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური არ ჩატარებულა და არც ჩატარდება. რატომ არ ჩატარდება? _ ამ კითხვაზე პასუხი უმარტივესია: შემდეგ, ესე იგი, მეექვსე პრეზიდენტს საქართველოს მოსახლეობა პირდაპირი არჩევნების წესით აღარ აირჩევს, რაც იმას ნიშნავს, რომ მეხუთე მთავარსარდლის შემცვლელის არჩევის პრეროგატივა მხოლოდ რამდენიმე ასეულ ხმოსანს ექნება. 

ამასთან, ისიც მნიშვნელოვანია, თუ რა მოხდება მეორე ტურში, თუმცა მოვლენები უფრო დრამატულად მანამდე განვითარდება. ამ „დრამატულად განვითარებაში“ ყველაზე კულმინაციური ის იქნება, მმართველმა გუნდმა რომ განაცხადოს, ზურაბიშვილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატია. ჰოდა, ნება იბოძოს და მეორე ტურში ჩვენს გარეშე შეებას ვაშაძესო. ცხადია, ეს ასე არ მოხდება, რადგან ზურაბიშვილისგან ამ ეტაპზე გამიჯვნა „ოცნების“ მხრიდან კაპიტულაციის გამოცხადება იქნება, თუმცა თბილისის მერმა, როგორც წერილის დასაწყისში აღვნიშნეთ, ღიად მიანიშნა, რომ „ოცნების“ მთავარი შეცდომა სწორედ ზურაბიშვილისთვის მხარდაჭერა იყო. ხმა დადის, რომ ამის გამო ზურაბიშვილი განაწყენდა, თუმცა სჯობს, ზურაბიშილი დარჩეს განაწყენებული, ვიდრე საზოგადოებას აღარ ჰქონდეს იმ პარტიის ნდობა, რომელსაც 2012 წელს აბსოლუტური მხარდაჭერა გამოუცხადა. 

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, დღეს ყველაზე აქტუალურია კითხვა _ იყო თუ არა „ოცნების“ მხრიდან წამგებიანი ზურაბიშვილის, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდაჭერა და პოლიტიკურად წარუმატებელი ნაბიჯი? როგორც ამბობენ, ამ კითხვაზე „ოცნების“ კულუარებშივე პასუხობენ და ამბობენ, რომ სალომესთვის კარტ-ბლანში არ უნდა მიეცათ. მართალია, წარსულში დაბრუნება შეუძლებელია, მაგრამ შესაძლებელია შეცდომის გამოსწორება, რაც შესაძლოა იმაში გამოიხატოს, რომ მმართველი ელიტა მეორე ტურის საარჩევნო კამპანიაში ღიად აღარ ჩაერიოს და გარკვეული დისტანცირება მოახდინოს. ამის გამო „დაფრანგებული დიაცი“, რასაკვირველია, განაწყენდება, მაგრამ სჯობს, ერთი ქალი დარჩეს ნაწყენი, ვიდრე _ მთელი ქვეყანა ანუ ხალხი, რომელსაც იმედი აქვს, რომ „ოცნება“ ქვეყანაში სამართლიანობას აღადგენს და სახელმწიფოს იმ ყბადაღებულ „9-წლიან რეჟიმში“ აღრ დააბრუნებს. 

ასევე, არათუ კარგი იქნება, არამედ აუცილებელიცაა, რომ მმართველმა გუნდმა ზოგიერთი სახე, რომელიც მოსახლეობაში აბსოლუტური უავტორიტეტობით სარგებლობს, ცოტა ხნით მაინც „გადამალოს“. გარდა ამისა, დეპუტატებმა ისეთი განცხადებები არ უნდა გააკეთონ, რომელიც ხელისუფლების წისქვილზე არ ასხამს წყალს. 

ამ კონტექსტში შეგვიძლია, მოვიყვანოთ პარლამენტის წევრის _ გედევან ფოფხაძის განცხადება, რომელმაც, პრაქტიკულად, სამოქალაქო ომი დააანონსა: 

„თუ გრიგოლ ვაშაძე საპრეზიდენტო არჩევნებს მოიგებს, ეს რეალური ნაბიჯი იქნება სამოქალაქო ომის დაწყების, ამაში დარწმუნებული ვარ. ამის თქმის საფუძველს ის მაძლევს, რომ ნაციონალურ მოძრაობას რევანშისტული განწყობა და მიზანი აქვს, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოიყვანოს, ციხიდან მერაბიშვილი და ახალაია გამოიყვანოს. ეს ყველაფერი მიმართული იქნება იმ პოლიტიკური ოპონენტების ლიკვიდაციისკენ, რომელიც სააკაშვილისთვის და მისი პოლიტიკური რეანიმაციისთვის პრობლემას წარმოადგენს. ფიზიკურ ლიკვიდაციას არც ერთი ქართველი სახლში არ დაელოდება. ამ საფრთხის წინაშე ყველა გავერთიანდებით და იმ წყენას დავივიწყებთ, რაც შეიძლება ერთმანეთთან მიმართებაში ექვსი წლის განმავლობაში გვქონოდა“. 

ფოფხაძე, შესაძლოა, სიმართლეს ამბობს, მაგრამ მოცემულ ვითარებაში, ასეთი ხისტი პოზიცია საზოგადოების გაღიზიანებას შუწყობს ხელს. პრაქტიკულად, იგივეს ამბობს ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია: 

„2012 წელს დადგა ის მოცემულობა, რომ რამდენიც გინდა ეძახა მიშა სააკაშვილს, შევარდნაძის დროს სიბნელე იყო, უგზოობა და კორუფციაო, არ უშველა... დამარცხდა... თუმცა, რაღაცებში მართალი იყო... მაგრამ, ხალხი სხვა რამეს უპროტესტებდა და იმ სხვა რამეს მიშა და ნაციონალური მოძრაობა არ აღიარებდა, ამიტომაც დამარცხდა, შემდეგ წლებში კი მხოლოდ ემატებოდა მარცხის ხარისხი, რომ არა დღევანდელი ხელისუფლება. 

ჰოდა, ახლაც თქვენც, „ოცნებავ“, რამდენიც გინდა იძახოთ, მიშა ბოროტებაა, სიბნელე და ელიტური კორუფციაო, დღეს ეს ტექსტები აღარ გიშველით. ხალხი სხვა რამეს გიპროტესტებთ, თქვენ კი ჯიუტად მიჰყვებით ამ უნიჭო პროპაგანდას.“ 

იმას რომ პიარის კუთხით, ასევე მენეჯმენტში შეცდომებია დაშვებული, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეც აღიარებს. ყოველ შემთხვევაში, საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, სატელევიზიო ინტერვიუს დროს, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ერთ წელიწადში ყველაფერი შეიცვლება და იგივე „ოცნებაშიც“ ახალი სახეები გამოჩნდებიან: 

„მე, სამწუხაროდ, დავბრუნდი პოლიტიკაში და მოვახერხებ, რომ გუნდში ვერტიკალი დავამყარო, ნიჭიერები უფრო წინ წამოვიდნენ და უფრო აქტიურები გახდნენ... უფრო მკაცრი მოთხოვნები იქნება „ქართული ოცნების“ ყველა წევრის მიმართ. პარტიაც გაძლიერდება და მე მოვახერხებ იმას, რომ მაქსიმუმ, ერთ წელიწადში ჩვენს საზოგადოებაში ყველას თავისი სახელი ერქმევა და ყველას თავისი ადგილი ექნება“. 

ერთი წელი პოლიტიკური ისტორიისთვის დიდი დრო არ არის, მაგრამ ერთი წლის შემდეგ, შესაძლოა, ქვეყანა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების კამპანიაში იყოს ჩართული. ყოველ შემთხვევაში, მხოლოდ დამოუკიდებელი ექსპერტები კი არა, არამედ ისინიც -ვისაც მმართველ გუნდთან პირდაპირი თუ ირიბი შეხება აქვთ, ვარაუდობენ, რომ მიუხედავად იმისა, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძე გაიმარჯვებს თუ სალომე ზურაბიშვილი, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება. ამასთან, იმის შესახებაც დადის ხმა, რომ ნოემბრის ბოლომდე გარკვეული ცვლილებები განხორციელდება და ის სუბიექტები, რომლებიც ნაცმოძრაობიდან გადმოპორტირდნენ, „ოცნებას“ დაემშვიდობებიან. თუ ეს მოხდა, ცხადია, მმართველი გუნდი ე.წ. კოჰაბიტაციის სინდრომისგან გათავისუფლდება და განაწყენებული მხარდამჭერების ნდობასაც დაიბრუნებს. 

ისე, სამართლიანობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ 28 ოქტომბრის შედეგმა ორივე პოლიტიკური ცენტრის გეგმები თავდაყირა დააყენა. ყოველ შემთხვევაში, გაერთიანებულ ოპოზოციას, ალბათ, ვერ წარმოედგინა, რომ სალომე ზურაბიშვილს ერთი პროცენტით აჯობებდა. ,,ოცნება'' კი იმედოვნებდა, რომ მეორე ტური არ იქნებოდა, მაგრამ ახლა სხვა მოცემულობაა _ მეორე ტურში ორივე კანდიდატი გამარჯვებასთან ძალიან ახლოსაა, თუმცა გადამწყვეტი სიტყვა მაინც ამომრჩეველს ეკუთვნის. ასე რომ, ქალბატონებო და ბატონებო, ხალხით მანიპულირება შესაძლოა, ძვირი დაგიჯდეთ! 

P.S. გაზეთი დასაბეჭდად მზად იყო, როცა „ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, ორდღიანი დუმილის შემდეგ, 28 ოქტომბრის არჩევნების შედეგებსა და მეორე ტურზე პირველი საჯარო კომენტარი გააკეთა. ამ კომენტარს „ვერსია“ უცვლელად და უკომენტაროდ გთავაზობთ: 

„მინდა, უღრმესი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მოვიდა არჩევნებზე, ვინც დამიჭირა მხარი, ვინც ხმა მომცა, ვინც ძალიან დიდხანს _ ბოლო სამი თვე ასე აქ¬ტიურად იღებდა მონაწილეობას ამ კამპანიაშ, რომელიც ადვილი არ იყო _ ,,ოცნებას'', ჩემი შტაბის მხარდამჭერებს და, უბრალოდ, ადამიანებს. ყველა ამ ადამიანის გამარ¬ჯვებაა ის, რაც მოხდა 28 ოქტომბერს. შეიძლება, ვიღაცამ იფიქროს, რომ ეს არ არის ის გამარჯვება, მაგრამ პირველ ტურში პირველი ადგილი არის გამარჯვება, ყველაფრის მიუხედავად, ყველა იმ მეთოდის, რომელიც ეკუთვნის რუსულ ტექნოლოგიას, მაინც პირველი ადგილი პირველ ტურში. ,,რუსთავი 2'' ფიქრობს და აჯერებს ხალხს, რომ შეიძლება, მოვხსნა კანდიდატურა და რატომ? _ ვაშაძეს და რუსეთს დავუთმო ქვეყანა? და რა? მხარდამჭერები და თან-ამებრძოლები მივატოვო შუა ბრძოლაში? არა! მე მგონი, არ მიცნობენ, კახელიც ვარ და მეგრელიც. ჯიუტი, ბოლომდე წამსვლელი, ჩემიხ ხალხის და ქვეყნის ერთგული. ამიტომ, მზად ვარ მეორე ტურისთვის, მზად ვართ ბრძოლისთვის იმიტომ, რომ მჯერა თქვენი, ვინც დღეს გვისმენთ, მჯერა თქვენი არჩევანის, სიბრძნის, იმის, რომ იცით, რა გინდათ საქართველოსთვის, თქვენც კარგად ხვდებით, რომ დღეს არ არის არჩევანი ორ კანდიდატს თუ ორ პარტიას შორის, დღეს არის არჩევანი ორ საქართველოს შორის, ჩვენ ეს არჩევანი უნდა ერთად გავაკეთოთ, მე მჯერა თქვენი, მი¬ვდივარ ბრძოლაში, ყველანი მივდივართ ერთად, რადგან ჩვენს მხარეს არის სიმართლე, ევროპა და საქართველოს თანამდროვე მომავალი, ერთად საქართველოსთვის“!

ნინო დოლიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში