Menu
RSS

„ოცნება“ ზურაბიშვილს უნდა გაემიჯნოს, რადგან მხარდამჭერებში პრობლემა სწორედ მის გამო აქვს!“

რატომ მივედით მეორე ტურამდე _ საპრეზიდენტო არჩევნებს ექსპერტი ლევან ალაფიშვილი აფასებს

საპრეზიდენტო არჩევნებში 50%-იანი ბარიერი ერთმა კანდიდატმაც ვერ გადალახა, რის გამოც მეორე ტური, მაქსიმუმ, 2 დეკემბერამდე გაიმართება და ერთმანეთს ,,ოცნების'' მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე დაუპირისპირდებიან _ სალომე ზურაბიშვილმა ხმათა 38.64%, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ 37.74% აიღო. ,,ვერსიამ'' საარჩევნო პროცესი და შედეგი კონსტიტუციონალისტს, ექსპერტ ლევან ალაფიშვილს შეაფასებინა:

_ საარჩევნო კამპანიის გარემო თავისუფალი არ იყო ანუ ამომრჩეველს შინაარსობრივი არჩევანის გაკეთებისა და შინაარსობრივ თემებზე საუბრის, დებატების მოსმენის საშუალება არ ჰქონდა და გარკვეულწილად, ,,პოლიტიკურ რინგს'' უყურებდა, ვინ უფრო მეტს და უკეთესად დაარტყამდა. 

_ თქვენი აზრით, ეს რამ განაპირობა? 

_ ალბათ, ჩვენი საზოგადოების ბრალია _ ჯერ ვერ ან რთულად მივდივართ კლასიკური, განვითარებული დემოკრატიისკენ, მაგრამ თუ არ არსებობს მოთხოვნა და ინტერესი, ბუნებრივია, ისე ვერ მოიქცევიან მიმწოდებლები, ამ შემთხვევაში _ პოლიტიკოსები. 

რაც შეეხება შედეგს, ეს არის თავდაჯერებულობა, ჩაკეტილობა ანუ ხალხთან კომუნიკაციის არარსებობა და საკუთარ ხელში ყველაფრის გადაჭარბებული კონცენტრაცია. როცა არათუ სცილდები ამომრჩეველს, არამედ არც კი ითვალისწინებ, რომ ის საერთოდ არსებობს, უნდა ელოდო, რომ ამომრჩეველი აუცილებლად მოგთხოვს პასუხს და არჩევნების დღეს იმოქმედებს კიდეც. 2016 წელს და შემდეგ, როგორც იქცეოდა ,,ქართული ოცნება'', ვფიქრობ, მისთვის უცხო არ უნდა იყოს ეს შედეგი. გავიხსენოთ თუნდაც საკონსტიტუციო პროცესი _ როგორ წარმართა კანონზე, კონსტიტუციაზე ძალადობის აბსოლუტურად დახურული პროცესი ისე, როგორც თვითონ უნდოდა. შესაბამისად, ძნელი სავარაუდო არ იქნებოდა, რომ კონსტიტუციაზე ასეთი ტიპის ძალადობა და ძალაუფლების კონცენტრაცია სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების შენარჩუნებაზე ზრუნვა და ამას ამომრჩეველი გამოიცნობდა. ,,ქართულოცნებას'', რომელმაც 2016 წელს პროპორციული წესით არჩევნებში 48% აიღო და კონსტიტუციური უმრავლესობა გაიფორმა, ეგონა, რეალურად მართლა ჰქონდა უმრავლესობა ელექტორალური თვალსაზრისით. ამომრჩეველმა კი შეახსენა, წარმმართველი მაინც მე ვარ და მოდი, ცოტა სხვაგვარად მომეპყარიო! 

_ როგორ ფიქრობთ, შედეგებზე რამდენად იმოქმედა სალომე ზურაბიშვილის პერსონამ ანუ ხალხმა დამოკიდებულება ,,ოცნების'' მიმართ გამოხატა, თუ კონკრეტულად ზურაბიშვილის მიმართ? 

_ ყველაფერი ეს ერთად იყო _ ამ შედეგის დიდი ნაწილი, რა თქმა უნდა, განაპირობა სალომე ზურაბიშვილმა თავისი ქმედებებით, განცხადებებით, თუ საქართველოს საზიანო პოტენციის მქონე საქმეებით. ეს დამალული არაა და მგონი, პარტიის თავმჯდომარემაც აღიარა ბოლო ინტერვიუში, რომ სალომე ზურაბიშვილი იყო ის ფაქტორი, რომელმაც პარტია, პრაქტიკულად, დაშლის პირას დააყენა. დღესაც მიადევნეთ თვალყური, სოციალურ სივრცეში რა ხდება პარტიის წევრებს შორის და რას ამბობენ. ,,ქართული ოცნების'' კანიდიდატი მათთვის მისაღები იყო? _ არა. ოღონდ, მხოლოდ ეს არ არის... ,,ოცნებამ'' ბევრი კი იძახა, ზურაბიშვილი დამოუკიდებელი კანდიდატიაო, მაგრამ მისი ქმედებები ხომ აბსოლუტურად სხვა რამეს ადასტურებს, თუნდაც კენჭისყრის შემდეგ, რა განცხადებებს აკეთებენ პარტიის ლიდერები? ეს ნიშნავს, რომ დამოუკიდებელი კი არაა, ის ,,ოცნების'' კანდიდატია და შესაბამისად, ასეთ კანდიდატს და გადაწყვეტილებას, პირველ რიგში, ,,ქართული ოცნების'' პარტიის წევრებმა და ამომრჩევლებმა უთხრეს უარი _ ჩვენ არ გვინდა არც სალომე ზურაბიშვილი და არც ასე ძალადობით მართვაო. ესაა მთავარი გზავნილი პარტია ,,ქართული ოცნებისთვის'' საკუთარი ამომრჩევლის მხრიდან. 

_ საბოლოო ჯამში, ,,ოცნების'' დამარცხების მიზეზად იმას მიიჩნევთ, რომ პარტია საკუთარ ამომრჩეველს დაშორდა, არა? 

_ დიახ. გარდა ამისა, ყველაფერი გააკეთა, რომ შეენარჩუნებინა ხელისუფლება და გაეხანგრძლივებინა საკუთარი პოლიტიკური მომავალი და პოლიტიკური ცხოვრება, თავისი კეთილდღეობა ხალხისა და ბიუჯეტის ხარჯზე, რაც ქართველმა ამომრჩეველმა არ დაუშვა. 

_ ამ ფონზე, როგორ მეორე ტურს უნდა ველოდოთ? 

_ თუ ,,ოცნებას'' უნდა, პარტიად დარჩეს და ასე მიაღწიოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, ვფიქრობ, უნდა განიხილოს რამდენიმე სცენარი, რომელიც ყველაფერ ზემოთქმულს რეალურად გაანეიტრალებს. 

_ მაინც, რა სცენარებს გულისმხობთ? 

_ ხომ ამბობენ, დამოუკიდებელი კანდიდატია ზურაბიშვილიო? ჰოდა, ერთი სცენარი შეიძლება იყოს ასეთი _ მართლაც, როგორც დამოუკიდებელ კანდიდატს ,,ჩაეხსნება'' ,,ოცნება'' და თუ წააგებს, სალომე წააგებს და არა _ ,,ქართული ოცნება''. მეორე სცენარი _ ,,ოცნებაც'' და სალომე ზურაბიშვილიც ეთიშებიან მეორე ტურს ისე, რომ არც კი გადიან კენჭისყრაზე. შეიძლება, კიდევ იყოს სხვა ვარიაციები, მაგრამ ერთი რამ არის _ თუ ,,ოცნება'' მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილის შენარჩუნებით წარსდგება, მერწმუნეთ, ეს ძალიან დააჩქარებს შიდაპარტიულ დეზინტეგრაციას, რომელიც აუცილებლად აისახება პარლამენტზეც და მთავრობის სტაბილურობაზეც, რადგან პრობლემა დღეს ,,ოცნებას'' პარტიასა და მთავრობაში ანუ საკუთარ მხარდამჭერებშივე, სალომე ზურაბიშვილის გამო აქვს. 

თუ ზურაბიშვილი ,,ოცნების'' მხარდაჭერით მიიღებს ისევ მონაწილეობას, მმართველი პოლიტიკური ძალა უნდა მოემზადოს კიდევ ერთი მარცხისთვის სალომესთან ერთად. ამ შემთხვევაში, ძალიან დიდი კატასტროფა გაფორმდება დეკემბერშივე, რადგან იქვე ვნახავთ პარტიის წევრთა შორის ხელჩართულ ,,პოლიტიკურ ომს'' ანუ შესაძლოა, გამარჯვება უფრო უარესი იყოს მათთვის, ვიდრე საერთოდ არმონაწილეობა. მეორე ტურში ერთად გასვლის შემთხვევაში, გამარჯვებაც და დამარცხებაც ორივე საზიანოა პარტია ,,ქართული ოცნებისთვის''. სალომე ზურაბიშვილი კი ისევ იმღერებს _ ,,ძიალოგიო, ძიალოგიო...'' იგი ისარგებლებს ამით, ოღონდ მმართველი პოლიტიკური ძალა რა ფასს გადაიხდის, აი, ეს არის მნიშვნელოვანი. ზურაბიშვილს სულ არ აინტერესებს ,,ოცნება''. შეგახსენებთ, 2013 წელს ევაჭრებოდა და აშანტაჟებდა ,,ქართულ ოცნებას'' და მის ლიდერს, რაც არ გაუვიდა და ეს კოალიციის წევრთა დამსახურებაა. ამის შემდეგ, 2016 წელს, საპარლამენტო არჩევნების დროს აშანტაჟებდა და მიაღწია, რომ ,,ოცნებამ'' კანდიდატურაც არ დაუსახელა და თვითონ ,,ოცნების'' აქტივისტები ამუშავა სალომე ზურაბიშვილზე. ასე რომ, ,,ოცნების'' პარტიული აქტივი სალომე ზურაბიშვილს სულაც არ აინტერესებს და ეს კარგად უნდა გააცნობიეროს პოლიტიკური გადაწყვეტილებების დროს, მმართველი პოლიტიკური ძალის ლიდერთა ჯგუფმა. 

_ ბატონო ლევან, გიორგი მარგველაშვილის საპრეზიდენტო ვადა ამოიწურა. როგორ აფასებთ მის საპრეზიდენტო წლებს, რით დაამახსოვრა მარგველაშვილმა თავი საზოგადოებას? 

_ სამწუხაროდ, არ გვაქვს საშუალება, რომ გიორგი მარგველაშვილი შევადაროთ სხვა რომელიმე პრეზიდენტს, რადგან ამ უფლებამოსილებით, ამ მართვის კონსტიტუციურ მოდელში, არც ერთ სხვა პრეზიდენტს არ უმოღვაწია. შესაბამისად, გვიწევს საუბარი გიორგი მარგველაშვილზე, რომელიც დარჩება ერთადერთ ამ უფლებამოსილების მატარებელ პრეზიდენტად. შეიძლება სუბიექტური მსჯელობა და შეფასება, რა მოგვეწონა და რა _ არა. ერთ რამეში ვერავინ შეედავება _ ხშირად ცდილობდა საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ისეთი გადაწყვეტილებები მიეღო, ისე ემოქმედა და ისე დაეყენებინა ყველაფერზე ზემოთ სახელმწიფოებრივი საკითხები, რომ დიდ ნაწილთან ამის სანაცვლოდ, კონფრონტაციაზე წასულიყო და თავისი პირადიც კი სერიოზული საფრთხის ქვეშ დაეყენებინა. გავიხსენოთ თუნდაც ჟურნალისტებთან დაკავშირებით, ფარული ჩანაწერის გავრცელების მუქარა რომ იყო, როგორ მოიქცა, ან მაშინ როგორ მოიქცა კონსტიტუციურ პროექტთან დაკავშირებით. 

_ ისე, მარგველაშვილმა კონსტიტუციას ჯერ ვეტო დაადო შემდეგ კი, მოულოდნელად ხელი მოაწერა... 

_ დიახ, კონკრეტული პროცესის მონაწილის თვალით დანახული ყველაფერი ეს აუხსნელია, მაგრამ წარმოიდგინეთ, გვაქვს კონსტიტუცია, რომელშიც წერია პრეზიდენტის უფლებამოსილებები, რომლის მატარებელიც ხარ და არ ეთანხმები, მაშინ რატომ ხარ თანამდებობაზე?... 

_ მარგველაშვილმა საპრეზიდენტო ვადა ისე დაასრულა, რომ შეწყალების საკითხთან დაკავშირებით, კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა _ გორში მომხდარი საზარელ მკვლელობაში ბრალდებულის წლების წინ შეწყალებაც მას ,,ბრალდება''... 

_ ეს ,,ოცნებისა'' და მისი მხარდამჭერების მცდელობა იყო, რომ საარჩევნო პერიოდში ყურადღება გიორგი მარგველაშვილზე გადაეტანათ და მისთვის ,,ლაფი მიესხათ'', რადგან ყველაზე კარგად მათ იციან, რომ 2012 წელს, ცნობილი ამინისტიით შეუმცირეს იმ ადამიანს სასჯელი და სწორედ ამის გადასაფარად ,,ტალახი ისროლეს'' გიორგი მარგველაშვილის მიმართ. შეწყალება ყოველგვარი წინაპირობის გარეშეც კი, ყველა სახელმწიფოში ჰუმანური აქტია, რომლის კომპეტენცია მხოლოდ სახელმწიფოს და აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს მეთაურს აქვს ანუ გიორგი მარგველაშვილი კი არა, სახელმწიფო იჩენს მოწყალებას. ამასთან, შეწყალება შეუზღუდავი უფლებაა პრეზიდენტისა, თუმცა კომისია აქვს შექმნილი და მის გარეშე არ იღებს გადაწყვეტილებას. 

_ კი ბატონო, მაგრამ არ შეიწყალა, მაგალითად, დეკანოზი გიორგი მამალაძე ანუ საზოგადოება ფიქრობს, რომ შეწყალების ბერკეტს არასწორად იყენებდა... 

_ ვინც საკუთარ თავს იმის უფლებას აძლევს, ასე იმსჯელოს, ძალიან სცოდავს სახელმწიფოსა და კონსტიტუციის წინაშე. ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში შეწყალების უპირობო უფლება აქვს პრეზიდენტს. ეს სახელმწიფოს ჰუმანურობის აქტია და როდესაც აფასებ ჩემს შეუზღუდავ კომპეტენციას შენი პოლიტიკური გემოვნებით, ბოდიში მომითხოვია, მაგრამ შენთვის შეინახე შენი პოლიტიკური, თუ პერსონალური შეხედულებები.

თათია გოჩაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში