Menu
RSS

ვის ხვდება ჯო ბოლტონი საქართველოში და რა ძირითადი საკითხები განიხილება მაღალი დონის შეხვედრებზე

აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში, რუსეთსა და კავკასიაში ტურნეს საქართველოში დაასრულებს

რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის შემდეგ, აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველი, ჯო ბოლტონი საქართველოს ეწვევა და ტურნეს სწორედ აქ, რეგიონში აშშ-ს სტრატეგიულ პარტნიორთან დაასრულებს.

საქართველოსა და აშშ-ს შორის უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობა, უკვე წლებია, ეფექტურად მიმდინარეობს. 26 ოქტომბერს, თბილისში, შედგება უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩევლის, ჯო ბოლტონის ოფიციალური შეხვედრა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან, ვიცე-პრემიერ გიორგი გახარიასთან. ვიზიტის ფარგლებში, ბოლტონი ასევე შეხვდება პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს, საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს ვახტანგ გომელაურსა და საქართველოს თავდაცვის მინისტრს ლევან იზორიას. შეხვედრების ფარგლებში, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები და მიმდინარე გლობალური პროცესების გათვალისწინებით, რეგიონში არსებული გამოწვევები განიხილება. 

„ვერსიის“ ინფორმაციით, ვიცე-პრემიერი გიორგი გახარია, ბოლტონს შინაგან საქმეთა სამინისტროში უმასპინძლებს, ხოლო მხარეები ერთ-ერთ მთავარ საკითხად, უსაფრთხოების მხრივ, ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს, რეგიონულ საფრთხეებსა და ამ კუთხით, ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს განიხილავენ. 

ბოლო პერიოდში, შინაგან საქმეთ სამინისტრომ, სტრატეგიულ პარტნიორებთან და განსაკუთრებით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობა გააძლიერა. ამის ნათელი დასტურია ის ფაქტი, რომ ერთი კვირის წინ, აშშ-ს მთავრობამ ქართულ მხარეს, „აილანდის“ კლასის ორი ხომალდი გადმოსცა, რომლის საშუალებით, გაძლიერდა საქართველოს სანაპირო უსაფრთხოების თავსებადობა ნატოსთან. ამასთან, საქართველოს სანაპირო დაცვის ძალებს სამომავლოდ შესაძლებლობა მიეცემათ, მონაწილეობა მიიღონ შავ ზღვაზე უსაფრთხოების ერთობლივ სწავლებებსა და წვრთნებში. 

ხომალდების _ „დიოსკურიასა“ და „ოჩამჩირეს“ გადმოცემის ცერემონია ფოთში გაიმართა. როგორც აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ამერიკის დახმარება ამ ხომალდების გადმოცემით არ დასრულდება: „ვაფასებთ თქვენს არჩევანს. ამ ხომალდების გადასაცემად უკეთეს ქვეყანას ვერ ავარჩევდით. ჩვენი დახმარება ამ ხომალდების გადმოცემით არ დასრულდება, ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს საზღვაო უსაფრთხოების მხარდაჭერას, უზრუნველვყოფთ სწავლებებსა და საზღვაო-ოპერაციული ცენტრის მხარდაჭერას“. 

საქართველოში ჯო ბოლტონის ვიზიტი, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის თვისობრივად ახალ ეტაპზე გადასვლის ფონზე ხორციელდება, რასაც ადასტურებს მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტები, აშშ-ს მხარდაჭერა ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკაში, ასევე ვაშინგტონის ჩართულობის მასშტაბები საქართველოს მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობების განვითარებაში, სამხედრო-ტექნიკურ სფეროსა და საზღვრის დაცვის მიმართულებით თანამშრომლობაში. 

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი დადებითად აფასებს იმ რეფორმებს, რომლებიც უკანასკნელ პერიოდში, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს, მათ შორის, პოზიტიურად, კონკრეტულად, საზღვრის უსაფრთხოებისა და საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის შექმნის ღონისძიებები შეფასდა. ამის დასტურია 19 სექტემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში, ქვეყნებში ტერორიზმის შესახებ, სადაც ხაზგასმულია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, აქტიურად აწარმოებს საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის საპილოტე პროგრამის წინამოსამზადებელ სამუშაოებს. უახლოეს მომავალში, პროგრამა ამოქმედდება თბილისის ერთ-ერთ უბანში, რომლის მიზანია, არსებული ხარვეზების იდენტიფიცირება პროექტის წარმატებით განხორციელების ხელშესაწყობად. 

2018 წლის ივლისში, საქართველოს ვიცე-პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც აშშ-ს ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელს, კრისტოფერ რეის შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, ტრანსსასაზღვრო ორგანიზებული დანაშაულისა და კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში. ასევე განისაზღვრა სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები _ შსს-ს ხელშეწყობა გამოძიების ხარისხის გაუმჯობესებაში და ქართველი პოლიციელების სწავლება ფედერალური ბიუროს აკადემიაში. ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელი და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი შეთანხმდნენ, რომ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის გამომძიებლებს, გამოძიების ფედერალური ბიუროს აკადემიაში, საგამოძიებო მიმართულებით გადაამზადებენ. 

განსაკუთრებით აღსანიშნავია ის რეფორმები, რომლებიც მიმდინარე წელს, საგამოძიებო მიმართულებით მიმდინარეობს და რაშიც საქართველო აშშ-სგან, უდიდეს მხარდაჭერას გრძნობს. წელს, შინაგან საქმეთა მინისტრმა ბათუმში, საექსპერტო-კრიმინალისტური სამსახურის ახალი შენობა გახსნა. როგორც გიორგი გახარიამ პრეზენტაციაზე აღნიშნა, საგამოძიებო მიმართულებით, ამ შენობაში განთავსებულ ლაბორატორიებსა და ტექნიკურ შესაძლებლობებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან საექსპერტო ლაბორატორიები, ბალისტიკური ექსპერტიზის ტირი, ნარკოლოგიური შემოწმების კაბინეტი, საცავები და საოფისე სივრცე, საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებს სრულად შეესაბამება. 

საექსპერტო-კრიმინალისტური სამსახურის ახალი შენობა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავი პროგრამების საერთაშორისო ბიუროსა (INL) და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მხარდაჭერით, თანამედროვე აპარატურით აღიჭურვა. INL-მა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ, შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტურ დეპარტამენტს საჩუქრად გადასცა ნარკოტიკებისა და უცნობი ნივთიერებების მაღალი სიზუსტის კვლევის 2 სისტემა. დეპარტამენტმა კრიმინალისტური ჯგუფების შემთხვევის ადგილზე გადასაადგილებლად, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავი პროგრამების საერთაშორისო ბიუროსგან, „ტოიოტა ფორტუნერის“ მოდელის 2 ავტომანქანაც მიიღო. 

შენობის გახსნის ღონისძიებას, აშშ-ს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავი პროგრამების საერთაშორისო ბიუროსა და FBI-ს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. 

აშშ საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია, ხოლო ბოლტონის ვიზიტი, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აშშ-ს ადმინისტრაციის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს მთავრობისადმი. აშშ-ს პრეზიდენტის მრჩევლის ვიზიტი, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცებას ემსახურება. 

აშშ-ს პრეზიდენტის მრჩევლის, ჯო ბოლტონის რეგიონული ტურნე რუსეთის ფედერაციაში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და საქართველოში, სამუშაო ვიზიტებს მოიცავს და მისი მთავარი მიზანია, რუსეთიდან მომავალი საფრთხეების შესწავლა-გაანალიზება. ამასთან, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში, აშშ-ს ფართო და სტრატეგიული ინტერესის კკაფიო დემონსტრირებაა. აუცილებლად აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველი, ტურნეს საქართველოში ასრულებს, რაც სავარაუდოდ, სწორედ იმაზე მიგვანიშნებს, რომ საქართველო რეგიონში, აშშ-ს ყველაზე სანდო პარტნიორია!

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში