Menu
RSS

ბინძური პოლიტიკური თამაშები და სააკაშვილ-პატარკაციშვილის ფარული საუბრის სტენოგრამა

ოლიგარქის გარდაცვალების სკანდალური X-ფაილი 

ქართულ პოლიტიკაში, სიცოცხლეშიც, გარკვეულწილად ,,რუხი კარდინალის'' როლს თამაშობდა და, ბოლოდროინდელი მოვლენებით თუ ვიმსჯელებთ, პოლიტიკურ პროცესებს, პირდაპირ თუ ირიბად, გარდაცვალების მერეც მართავს. ყოველ შემთხვევაში, მმართველი გუნდის მხარდამჭერები თვლიან, რომ ,,ოცნების'' პროკურატურამ, ოლიგარქ ბადრი პატარკაციშვილის საქმის გაცოცხლებით, ყოფილ ხელისუფლებას, ესე იგი, ნაცმოძრაობას გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა. ერთი შეხედვით, მართლაც ასეა და აი, რატომ: ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მას შემდეგ, რაც თაროდან პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ,,ქეისი'' იქნა ჩამოღებული, გარდაცვლილი ბიზნესმენის დედა, ნათელა პატარკაციშვილი, გულის შეტევით, საავადმყოფოში მოხვდა ანუ ისეთი ფონი შეიქმნა, რომ ათი წლის წინანდელი არჩადენილი დანაშაულის გამომზეურებამ, პატარკაციშვილის ოჯახის წევრებზე ემოციურად იმოქმედა. დიახ, რეალურად ძნელი მოსასმენია, როცა იგებ, რომ გარკვეული სუბიქეტები ადამიანის მოწამვლას ამზადებდნენ, თან ისიც გასათვალისწინებლია, რომ ეს ადამიანი ცოცხალი აღარ არის და, მიუხედავად იმისა, რომ სხვა დროსა და სხვა ქვეყანაში გარდაიცვალა, ძალაუნებურად ჩნდება კითხვა _ ნეტავ, ბუნებრივი სიკვდილით მოკვდა, თუ მოკლეს?

საერთოდ, პატარკაციშვილის გარდაცვალებაზე კითხვები, ბრიტანეთის საგამოძიებო უწყების დასკვნის მიუხედავად, იმთავითვე არსებობდა. ამ კითხვებისთვის კი ნიადაგი იმანაც შექმნა, რომ სიკვდილის წინა პერიოდში, პატარკაციშვილსა და სააკაშვილს ძალიან ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ ანუ უფრო ნათლად და გასაგებად რომ ვთქვათ, ოლიგარქი იმხანად, პრაქტიკულად, ერთადერთი იყო, რომელსაც ნაცმოძრაობის დამხობა შეეძლო. დამხობისკენ პატარკაციშვილმა გარკვეული ნაბიჯებიც გადადგა _ 2007 წლის ნოემბრის მოვლენებს, რომლის ავანგარდშიც, სწორედ მიშას ექსმეგობარი ბადრი იდგა, ოპოზიციური მიტინგის სისხლიანი დარბევა მოჰყვა, რის გამოც სააკაშვილი იძულებული გახდა, არათუ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაენიშნა, არამედ პრეზიდენტობიდან გადამდგარიყო და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებიც გამოეცხადებინა. არადა, სანამ 2007 წელი დადგებოდა, ბადრი და მიშა ,,გადაფსკვნილი'' მეგობრები იყვნენ. ყოველ შემთხვევაში, არსებობს დაუდასტურებელი ინფრომაცია, რომ იგივე ,,ვარდების რევოლუციაში'' არცთუ მცირე ინვესტიცია პატარკაციშვილმაც ჩადო. საერთოდ, 90-იანი წლების ბოლოდან მოყოლებული ანუ მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთიდან საქართველოში დაბრუნდა, პოლიტიკურ კულუარებში ხშირად ვრცელდებოდა ხმა, რომ პატარკაციშვილი ყველა ყაიდის პოლიტიკურ ძალას ,,გასამრჯელოს'' აძლევდა. პარტია ახალი მემარჯვენეები კი, როგორც მოგვიანებით გაირკვა, პირდაპირ პატარკაციშვილის პროექტი იყო. 

ამასთან, ოლიგარქს კარგი ურთიერთობა ჰქონდა აწ გარდაცვლილ ზურაბ ჟვანიასთანაც. ისე, მოვლენების ქრონოლოგიას თუ გავიხსენებთ, პატარკაციშვილსა და სააკაშვილის გუნდს შორის ურთიერთობა სწორედ მას შემდეგ დაიძაბა, როცა პრემიერი ჟვანია ტრაგიკულად დაიღუპა ანუ ბადრიმ ნაციონალების მიმართ პრეტენზიები სწორედ ამის მერე გამოხატა და, პარალელურად, საკუთარ პოლიტიკურ ამბიციებზეც მიანიშნა. 

ის, რომ მიშა პატარკაციშვილის მართვას ცდილობდა, იმ ფარული ვიდეოჩანაწერიდანაც ირკვევა, რომელიც ინტერნეტში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, კერძოდ, სექტემბერში გამოჩნდა. ამ ფარულ ვიდეოჩანაწერში მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, გიგი უგულავა, ვანო ჩხარტიშვილი, ბადრი პატარკაციშვილი, ეროსი კიწმარიშვილი და ზურაბ ჟვანია მედიაბიზნესზე საუბრობენ. როგორც მაშინ ითქვა, ვიდეო ,,ვარდების რევოლუციის'' შემდგომ პერიოდშია ჩაწერილი (ისე, სიმბოლურია, რომ ჩხარტიშვილი ,,ომეგა ჯგუფის'' საქმეზე, ახლახანს გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებშიც ფიგურირებს ანუ ეს პიროვნება ყველა დროსა და სიტუაციაში, როგორც ჩანს, ბიზნესდამლაგებლის ფუნქციას ასრულებს). 

ვიდეოს თანახმად, ვანო მერაბიშვილი ბადრი პატარკაციშვილს, ტელეკომპანია ,,იმედის'' შესახებ ესაუბრება და ეუბნება, რომ მას ,,იმედის'' ყურება დისკომფორტს უქმნის. ბადრი პატარკაციშვილი ვიდეოში ამბობს, რომ ის ვერ მიუთითებს ჟურნალისტებს, თუ როგორ იმუშაონ, რადგან მას თავისუფალი სიტყვის ჩახშობაში დაადანაშაულებენ. ასევე, პატარკაციშვილი ამბობს, რომ ამის მოტივაცია არ გააჩნია, რადგან ხელისუფლების მხრიდან მხარდაჭერას ვერ გრძნობს: 

,,მთავარია, მე ვიგრძნო სულ ცოტა, რომ მე არ მებრძვიან, მე რასაც ვგრძნობ დღეს, რომ ნებისმიერი ჩემი ნებისმიერი გაფათურება ნებისმიერ მხარეს ხვდება მილიონ წინააღმდეგობას, მილიარდს, მილიონს და ერთს კი არა, მილიარდ წინააღმდეგობას'', – ამბობს ბადრი პატარკაციშვილი. 

მიხეილ სააკაშვილი: ,,უნდა მოხდეს ინტეგრაცია. მე და ჟვანიასაც გვქონდა პრობლემები ერთმანეთთან, მაგრამ როცა ყველაფერი „გაიასნდა“, პირველი და მეორე თანამდებობა. ეს რომ „ჩაფლავდეს“, მე ვარ დაღუპული. ეს სხვა ამბავია, ჩვენ მეგობრები ვართ, მაგრამ მტრებს შორისაც შეიძლება ასეთი ურთიერთობის დამყარება. ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ, მერე ისე რომ არ მოხდეს, რომ ისეთი სიუჟეტი გავიდეს და მოხდეს ყველაფრის „აფეთქება“. 

ბადრი პატარკაციშვილი: ,,აბსოლუტურად პასუხს ვაგებ ყველა ჩემს სიტყვაზე, რასაც ვიტყვი, რომ პრობლემა არ იყოს. რეალურად არსებობს ბაზარი. ფულის აღება შეიძლება პოზიციისა და ოპოზიციისაგან. იმისთვის ვზივარ აქ, რომ შეთანხმებას მივაღწიოთ''. 

სააკაშვილი პატარკაციშვილს ეუბნება, რომ ის არ გადაიბირებს ინგა გრიგოლიას: ,,შენ ხომ გქონდა ივანიშვილთან ასეთი შეთანხმება''. 

ბადრი პატარკაციშვილი: ,,რა, ეროსისთან არ მქონდა? ჩემთან იმიტომ წამოვიდნენ ჟურნალისტები, რომ აქ უფრო მეტი ხელფასია. მე რას უნდა ვუყურო, აბა, საბაზრო ეკონომიკა არ გვიშენებია და გადავიდეთ ისევ ძველ რეჟიმზე. 

კიწმარიშვილი: ,,რა გარანტია მაქვს?'' 

პატარკაციშვილი: ,,ჩვენი ერთადერთი გარანტია არის ეს ხალხი''. 

კიწმარიშვილი: ,,ყველაფერს აქვს თავისი ახსნა, მე რა გარანტია მაქვს? იქით კონკურენციაა, აქეთ _ სახეში დაბოლება''. 

ამ ფარული ჩანაწერზე კომენტარი არც მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა და არც ვანო მერაბიშვილმა, რომელიც ჩანაწერების გამოქვეყნების დროს, უკვე პრემიერის პოსტს იკავებდა. ასევე, კომენტარის გაკეთება არ ისურვეს გიგი უგულავამ და ეროსი კიწმარიშვილმა. ჩხარტიშვილმა კი მედიას განუცხადა, რომ კადრებში ასახული შეხვედრა მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, 2003 წლის მიწურულს შედგა: ,,ის ჯერ კიდევ არ იყო პრეზიდენტი, მაგრამ უკვე ნათლად ჰქონდა ჩამოყალიბებული დამოუკიდებელი მედიის განადგურების გეგმა. ეს კარგად ჩანს აღნიშნულ კადრებში''. 

ასე იყო თუ ისე, სააკაშვილისა და პატარკაციშვილის გზები საბოლოოდ გაიყო და ისინი ერთმანეთის მტრებად იქცენენ. ,,მტრები'' ფიგურალური ნათქვამი ნამდვილად არ არის და ამას საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ, ახლახან გასაჯაროებული ფარული აუდიოჩანაწერიც მოწმობს. 

„საქართველოს პროკურატურის მიერ გახსნილია ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტი. სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე, დაკავებულია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს პირველი სამსახურის ყოფილი უფროსი გ.მ., მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილეს ლ.ქ.-ს და ამავე სამმართველოს მეორე სამსახურის უფროსს რ.შ.-ს კი წარედგინათ ბრალდებები. 

ჩატარებული გამოძიებით დადგენილია: საზოგადოებისთვის კარგად ცნობილ ე.წ. „ფარული კადრების ჩამწერი პირების საქმეზე“, ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის დროს, აღმოჩენილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ხმის ჩამწერი მოწყობილობა, რომელზედაც ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ 2007 წლის 4 და 5 თებერვლის ორი ჩანაწერი, კონკრეტული პირის ლიკვიდაციის მომზადების საკითხს შეეხებოდა. 

კერძოდ, 2007 წლის 4 თებერვლის ჩანაწერში, კუდის მაღალჩინოსანი გ.დ. ესაუბრება ბადრი პატარკაციშვილის დაცვის წევრს და მის გადმობირებას ცდილობს. საუბრისას გ.დ. ადასტურებს, რომ მკვლელობის მომზადების საკითხი სანქცირებულია საქართველოს იმდროინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ, რადგან ბადრი პატარკაციშვილი მათი პოლიტიკური ოპონენტი და ხელისუფლების დაუძინებელი მტერია. ჩანაწერის მიხედვით, ასევე დგინდება, რომ ლიკვიდაცია კუდმა უნდა განახორციელოს. 

რაც შეეხება მეორე ჩანაწერს, რომელიც 2007 წლის 5 თებერვლით თარიღდება, მასში ასახულია ე.წ. „მოდულის“ შენობაში გამართული თათბირი, რა დროსაც კუდის მაღალჩინოსანი გ.დ., მის დაქვემდებარებაში მყოფი, ასევე კუდის თანამშრომლები და ამჟამად ბრალდებულები ლ.ქ.; რ.შ. და გ.მ., პოლიტიკური სივრციდან ჩამოშორების მიზნით, ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობას ამზადებენ. საუბრის მიხედვით, ისინი განიხილავენ პატარკაციშვილის ლიკვიდაციისთვის შესაბამისი პირობების შექმნას, მათ შორის დაცვის თანამშრომელთა სიის მოპოვებისა და პერსონალის შესახებ ინფორმაციის შეგროვების შესაძლებლობებს. ასევე, მსჯელობენ მკვლელობის სხვადასხვა გზებზე, კერძოდ, მისი ისეთი ნივთიერებით მოწამვლაზე, რაც ბუნებრივი სიკვდილის ეფექტს გამოიწვევს. ამავე საუბრის თანახმად დგინდება, რომ ყველა საკითხი, მათ შორის ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაციის შესაბამისი მეთოდები, თანხმდება კუდის იმდროინდელ ხელმძღვანელ დათა ახალაიასთან. 

საქმეზე დაკითხული არაერთი მოწმის ჩვენებით და მოპოვებული წერილობითი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მკვლელობის მოსამზადებლად მუდმივად კონტროლდებოდა ბადრი პატარკაციშვილის გადაადგილების მარშრუტი, მათ შორის აეროპორტის ის გასასვლელები, რომლითაც იგი სარგებლობდა. 

ამასთან, გარდა იმისა, რომ რ.შ. სისტემატურად აგროვებდა დაცვის წევრების შესახებ მონაცემებს, ასევე, კუდის თანამშრომლები, მათ მიერვე დაკავებულ პატარკაციშვილის დაცვის რამდენიმე წევრს, მკვლელობის მომზადებისთვის საჭირო პირობების შექმნის სანაცვლოდ, მათ მიმართ დაწყებული დევნის ნაწილში, სხვადასხვა სახის შეღავათებს სთავაზობდნენ. 

პროკურატურის მიერ მხილებული, ჩანაწერის მონაწილე კუდის სამი მაღალჩინოსნის მიმართ სისხლისამართლებრივი დევნა მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 18, 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ, თექვსმეტიდან ოც წლამდე ვადით, თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

რაც შეეხება კუდის კიდევ ერთ ყოფილ მაღალჩინოსანს გ.დ.-ს, საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქართველოში მისი ექსტრადირება ნიდერლანდების სამეფოში დაკავების შემდეგ განხორციელდა. შესაბამისად, მის მიმართ დევნის დაწყებისა და ექსტრადირების განმახორციელებელი ქვეყნის თანხმობის მისაღებად, პროკურატურა საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ პრაქტიკას გამოიყენებს. 

ამ ეტაპზე, საქმეზე გრძელდება გამოძიება დანაშაულის ჩადენაში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-მხილების მიზნით“, _ განაცხადეს მთავარ პროკურატურაში, მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე. 

იმის მტკიცება, რომ ნაციონალების ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ოლიგარქის მოკვლა არ იგეგმებოდა, ცხადია, არ შეიძლება, მაგრამ საინტერესოა, ,,ოცნებამ'' ეს საქმე, მაინცდამაინც საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, რატომ გააცოცხლა? ნებისმიერი დანაშაული, რასაკვირველია, გამოძიებული უნდა იყოს, მაგრამ იგივე 2012 წლის შემდეგ, ქვეყანაში არაერთი კრიმინალი მოხდა, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ბიზნესმენი ბესიკ ხარძიანი მოკლეს, თუმცა სამართალდამცავებმა ხარძიანის მკვლელობის ვერც შემკევთი დაადგინეს და ვერც _ შემსრულებელი. ამ ფონზე, ცხადია, ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ არჩადენილი დანაშა

ულის გამომზეურებას რაღაც პოლიტიკური საფანელი აქვს, თუმცა ამ თემის სიღრმისეულად განხილვისგან, ,,ვერსია'' ამ ეტაპზე, თავს შეიკავებს. ასე რომ, ისევ ოლიგარქისა და ნაციონალების ურთიერთობას დავუბრუნდეთ. 

მოკლედ, 2007 წლის 2 ნოემბერს, პარლამენტის წინ მიმდინარე მიტინგზე, ბადრი პატარკაციშვილი სიტყვით გამოდის და ამბობს, რომ თანამდებობა არ სჭირდება, მაგრამ ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნას უერთდება: 

,,მოგესალმებით ქართველებო, დღეს სპეციალურად ჩამოვედი იმისათვის, რომ მეთქვა მადლობა ღმერთისთვის ამ ადგილიდან, რომ მან მომცა მე უფლება ძნელბედობის ჟამს, ჩემი ხალხის გვერდით ვიდგე. 

ქართველმა ხალხმა დიდი ხნის წინ დაამტკიცა, რომ ის არის ბრძენი ხალხი. რა თქმა უნდა, ჩვენ დღეს ყველა, ვინც აქ ვართ, შეწუხებული ვართ იმით, რაც ქვეყანაში ხდება. 

ძალიან გთხოვთ, კიდევ ერთხელ დავამტკიცოთ ჩვენი სიბრძნე და კიდევ მაქსიმალურად ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რათა ხელისუფლება წამოვიდეს დიალოგზე და ჩვენ პოლიტიკური იმ გზით, რომელიც ჩვენ დიდი ხანია დავგეგმეთ, მივაღწიოთ იმას, რომ ქვეყანაში მოვიდეს ის ხელისუფლება, რომელიც ხალხის ხელისუფლებაა. 

დღეს ყველაზე ნაკლებად ქვეყანას სჭირდება ბელადები. 

ჩვენ რამოდენიმე წელიწადში ერთხელ გვეძლევა საშუალება, გამოვხატოთ ჩვენი აზრი და ჩვენ გვინდა ეს აზრი გამოვხატოთ კონსტიტუციურად, ამიტომ ჩემი მოთხოვნა უერთდება იმ მოთხოვნას, რომელიც კონსტიტუციურ ვადებში, არჩევნების დანიშვნას ითხოვს. 

ნამდვილად არ ვარ ადამიანი, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს მიტინგებში მონაწილეობის მიღების, მაგრამ ჩემი დღევანდელი აქ მოსვლა გამოიწვია იმან, რომ თქვენთვის თვალებში ჩამეხედა და მეთქვა: ხალხო, თუკი ბადრი პატარკაციშვილს აქვს რაიმე ამბიცია, ეს არის ამბიცია იყოს ამ ქვეყნის ერთ-ერთი ქართველი, ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც ამ ქვეყანაში რეალურად გაბრწყინებულ, აღორძინებულ, გაერთიანებულ საქართველოს ააშენებს. 

არ არის იმაზე დიდი თანამდებობა, ვიდრე თანამდებობა, იყო რიგითი ჯარისკაცი შენი ქვეყნის მოსახლეობას შორის. მე არ მჭირდება არავითარი თანამდებობა ამ ქვეყანაში, გარდა ამისა. მიმაჩნია, რომ გვეყოფა სიბრძნე იმისათვის, რომ პოლიტიკურად მოვაგვაროთ ყოველგვარი პრობლემა. საქართველო გაბრწყინდება''. 

სხვათა შორის, მიტინგზე სიტყვით გამოსვლამდე უკვე ცნობილი იყო, რომ ათი ოპოზიციური პარტიის ორგანიზებულ საპროტესტო აქციებს, რომლის მთავარი მოთხოვნაც საპარლამენტო არჩევნების შემოდგომაზე ჩატარება იყო, სწორედ პატარკაციშვილი აფინანსებდა. 

2 ნოემბრის შემდეგ, მოვლენები ფატალურად განვითარდა: 7 ნოემბერს, ნაციონალებმა საპროტესტო აქცია რამდენჯერმე, უსასტიკესად დაარბიეს, რის გამოც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სააკაშვილი იძულებული გახდა, თანამდებობიდან გადამდგარიყო და, ვადამდელ საპარალამენტოსთან ერთად, საპრეზიდენტო არჩევნებიც დაენიშნა. გაერთიანებულმა ოპოზიციამ, რომელსაც პატარკაციშვილი აფინანსებდა, პრეზიდენტობის კანდიდატად ,,გრეჩიხა'' ანუ ლევან გაჩეჩილაძე დაასახელა. არადა, ამ დროს პატარკაციშვილს უკვე გაცხადებული ჰქონდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობას. 

,,ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა, 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის საჭირო ოფიციალური პროცედურების განხორციელება დაიწყო. ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ვალერი გელბახიანმა და ზურაბ ჟვანიას ძმამ გოგა ჟვანიამ, პატარკაციშვილის სახელით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცსკ) ის ბლანკი სთხოვეს, რომელიც 50 000 მხარდამჭერის ხელმოწერის მოსაგროვებლადაა საჭირო. პრეზიდენტობის კანდიდატმა ათი დღის ვადაში უნდა მოაგროვოს ხელმოწერები, რათა კანდიდატად დარეგისტრირდეს. 

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 7 ნოემბერს, ბადრი პატარკაციშვილის წინააღმდეგ, სისხლის სამართლის საქმე აღძრა. იგი ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულების დაგეგმვაშია ეჭვმიტანილი'', _ იუწყებოდა 2007 წლის 26 ნოემბერს, ინტერნეტ-გამოცემა civil.ge. 

მოკლედ, იმთავითვე ნათელი გახდა, რომ ე.წ. გაერთიანებულმა ოპოზიციამ პატარკაციშვილი, სააკაშვილთან პირისპირ დატოვა. რატომ? _ ეს რიტორიკული კითხვაა, რომელსაც პასუხი, ალბათ, კიდევ დიდხანს არ გაეცემა. 

ყველაფრის მიუხედავად, პატარკაციშვილი საპრეზიდენტო მარათონში ჩაერთო, თუმცა საარჩევნო კამპანიას, როგორც კანდიდატი, ზუსტად ერთ თვეში გამოეთიშა. არქივში ინახება პატარკაციშვილის განცხადება, რომელიც 2007 წლის 27 დეკემბრით თარიღდება და რომელშიც პატარკაციშვილი ამბობს, რომ მხოლოდ სააკაშვილმა კი არა, არამედ თავად ოპოზიციამაც მოსთხოვა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ეთქვა: 

,,მე არ მიჭირს ამ გადაწყვეტილების მიღება, რადგანაც არასდროს დამიყენებია საკუთარი ინტერესები ქვეყნის ინტერესებზე მაღლა. მადლობას ვუხდი ყველას, ვისაც სჯეროდა და სჯერა ჩემი, ისინი გაწბილებული არ დარჩებიან, მე ძალაში ვტოვებ ყველა იმ ძირითად დაპირებას, რომელიც ქართველ ხალხს მივეცი''. 

სხვათა შორის, პატარკაციშვილის ამ განცხადებას ლევან გაჩეჩილაძის განცხადება უსწრებდა. 

,,27 დეკემბერს, ოპოზიციური კოალიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი და ბადრი პატარკაციშვილი, ორივე ,,ბინძურ თამაშს'' თამაშობენ, რათა ,,დაასამარონ არჩევნები და მედიის დისკრედიტაცია'' მოახდინონ. 

ერთი დღით ადრე, 26 დეკემბერს კი ტელეკომპანია ,,იმედის'' ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ არხი დროებით წყვეტს მაუწყებლობას, რათა გაემიჯნოს ,,ბინძურ პოლიტიკურ თამაშებს'' ტელეკომპანიის მფლობელის, ბადრი პატარკაციშვილისა და ხელისუფლების წინააღმდეგ, პროტესტის ნიშნად. ამ განცხადების გაკეთებამდე, ტელეკომპანია ათობით წამყვანმა ჟურნალისტმა დატოვა. 

ყველა ამ მოვლენას წინ უძღოდა საქართველოს ხელისუფლების მიერ, მაკომპომეტირებელი ვიდეო და აუდიო მასალის გამოქვეყნება, რომლის თანახმადაც ბადრი პატარკაციშვილი და მისი მოკავშირეები, ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულებას ამზადებდნენ. აუდიო ჩანაწერში, პატარკაციშვილი 100 მილიონ აშშ დოლარს სთავაზობს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანს ერეკლე კოდუას, მასთან თანამშრომლობის, მათ შორის _ შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ,,ნეიტრალიზების'' საქმეში, დახმარების სანაცვლოდ. 

27 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში, ბიზნესმენი ასევე აღნიშნავს, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც სურს გახდეს უმაღლესი ხელისუფალი, საზოგადოებისთვის უნდა იყოს ,,უმწიკვლო რეპუტაციის მქონე''. 

,,მე მინდოდა გადამეხადა ფული იმაში, რომ ხელისუფლებას ჩემი ხალხისთვის არ ესროლა, ხოლო ისინი კი ფულის გადახდას ჩემს მოკვლაში აპირებდნენ'', _ აღნიშნავს პატარკაციშვილი. იგი იმ აუდიო ჩანაწერს გულისხმობდა, რომელშიც, სავარაუდოდ, შსს-ს თანამშრომელი ჩეჩენ მებრძოლთან, პატარკაციშვილის ლიკვიდაციის გეგმას განიხილავდა. 

,,პატარკაციშვილი არ აკონკრეტებს, თუ პრეზიდენტობის რომელი კანდიდატის სასარგებლოდ ხსნის კანდიდატურას'', _ იუწყებოდა ცივილ.გე 2007 წლის 27 დეკემბერს. 

მართალია, ,,გრეჩიხა'' იმუქრებოდა, მიშა, მოვდივარო, მაგრამ როგორც მოსალოდნელი იყო, 2008 წლის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში სააკაშვილმა გაიმარჯვა. ე.წ. გაერთიანებულმა ოპოზიციამ განაცხადა, რომ არჩევნები გაყალბდა. შესაძლოა, არც უამისობა იყო, მაგრამ ახლა, ამ დეტალებზე საუბარი არ ღირს. 

2008 წლის 13 თებერვალია. დილა. მახსოვს, ტელეფონის ზარმა გამაღვიძა. მეგობარი მირეკავს. ნეტავ, ამ უთენია რა საქმე აქვს-მეთქი? _ გავიფიქრე და უხალისოდ ვუპასუხე. 

_ გაიგე? _ ცოტა არ იყოს, უცნაური ხმით მეკითხება მეგობარი. 

_ რა უნდა გამეგო? 

_ პატარკაციშვილი ლონდონში გარდაიცვალა... 

მომენტალურად გამოვფხიზლდი... ტელევიზორი ჩავრთე... 

,,დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში, ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების თაობაზე'', _ იუწყება ახალი ამბების გამოშვება. 

სხვა ნიუსებსაც ვეცნობი და ვიგებ, რომ პატარკაციშვილი ლონდონთან ახლოს, სურეის დასახლებაში, საკუთარ ვილაში გარდაიცვალა. 

,,ისევე, როგორც სხვა მოულოდნელ გარდაცვალებას, ამ შემთხვევასაც განვიხილავთ, როგორც საეჭვოს... გვამის ექსპერტიზა ჩატარდება დღეს, მოგვიანებით, რათა დადგინდეს გარდაცვალების მიზეზი'', _ იტყობინება times-ი, სურეის პოლიციის წარმომადგენელზე დაყრდნობით. 

პატარკაციშვილის პოლიტიკური მოკავშირე ნონა გაფრინდაშვილი, ჟურნალისტებს ეუბნება, რომ გარდაცვალების მიზეზი თითქოს გული გახდა, მაგრამ იქვე დასძენს, რომ ბიზნესმენი არ ავადმყოფობდა და კარგად იყო. 

,,ეს მოხდა 11 საათზე (გასულ საღამოს), ბადრის სახლში, ლონდონთან ახლოს. რამდენადაც მე მისი ნათესავებისგან ვიცი, მიზეზი გული იყო'', _ აცხადებს ,,როიტერთან'' სატელეფონო საუბარში, პატარკაციშვილის მეგობარი და ბიზნესპარტნიორი ბორის ბერეზოვსკი, რომელიც აღნიშნავს, რომ 12 თებერვალს, გარდაცვალებამდე ნახა პატარკაციშვილი, რომელიც არ იყო ავად, თუმცა გულს უჩიოდა. 

პატარკაციშვილის პოლიტიკური პარტიის _ ,,ჩვენი საქართველოს'' წარმომადგენელები ეჭვობენ, რომ მათი ლიდერი მოკლეს. მაგალითად, დავით შუკაკიძე მედიას ეუბნება: ,,ყველა შემთხვევაში, მკვლელობაა, მიუხედავად იმისა, რა დასკვნას დადებს ექსპერტიზა''. 

სხვათა შორის, გასულ წელს, კერძოდ, 2017 წლის ზაფხულში, პოპულარული ამერიკული გამოცემა _ Buzzfeed news, სკანდალურ ჟურნალისტურ გამოძიებას აქვეყნებს. გამოძიებაში, რომელიც დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე, ცნობილი ადამიანების გარდაცვალება-დაღუპვის გარემოებებს ეხება, პატარკაციშვილიც არის ნახსენები: 

,,არ იქნა ბოლომდე გამოძიებული ბადრი პატარკაციშვილის სიკვდილი, რომელიც, ოფიციალური ცნობის მიხედვით, 2008 წელს, გულის შეტევით გარდაიცვალა... 2006 წელს, ლონდონში, რუსეთიდან გაქცეული ალექსანდრე ლიტვინენკო მოწამლეს. მას დიდ ბრიტანეთში, ბორის ბერეზოვსკი და ბადრი პატარკაციშვილი მფარველობდნენ. მილიონერი სკოტ იანგი შეძრწუნებული იყო ალექსანდრე ლიტვინენკოს მკვლელობით. მას განსაკუთრებით აშინებდა და აეჭვებდა ის, რომ ოლიგარქთა წრეებში იყო პიროვნება, რომელიც, სავარაუდოდ, მკვლელის როლს შეასრულებდა. მოგვიანებით გაირკვა, ეს პიროვნება ანდრეი ლუგოვი იყო, რომელიც ადრე ბორის ბერეზოვსკისა და ბადრი პატარკაციშვილის კომპანიების უსაფრთხოების სამსახურში მუშაობდა. იგი შეგზავნილი პიროვნება აღმოჩნდა. 

2007 წლის იანვარში, ლონდონში, იური გოლუბევი, „იუკოს“-ის თანადამფუძნებელი, თავის ბინაში მკვდარი იპოვეს _ მოსკოვიდან მისი წამოსვლიდან, რამდენიმე კვირის შემდეგ. სკოტლანდ-იარდმა გამოაცხადა, რომ მისი სიკვდილი ბუნებრივია და საეჭვო არაფერი არ არისო, მაგრამ უცნაურია, რატომ თქვა პირიქით მაშინ, რუსეთის გენერალურმა პროკურორმა იური ჩაიკამ _ „არსებობს ეჭვები, რომ იგი მოკლესო?“ აშშ-ის დაზვერვის ერთ-ერთმა წყარომ აღნიშნა, რომ ამგვარი განცხადებები ერთ რამეს მიანიშნებს: მოსკოვი რუსეთიდან გაქცეულებს და დაუმორჩილებელ ოლიგარქებს აფრთხილებს, თუ კრემლს არ გაუგონებთ, სიცოცხლეს გამოესალმებითო. 

2007 წლის დეკემბერში, ბადრი პატარკაციშვილმა სკოტლანდ-იარდს აცნობა, რომ დაგეგმილია მისი მკვლელობა, საქართველოში პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით. 2008 წლის 12 თებერვალს, ბადრი პატარკაციშვილმა თავი ცუდად იგრძნო, წამოწვა საწოლზე, შემდეგ კი ნათესავებმა გარდაცვლილი ნახეს. როგორც აშშ-ის სადაზვერვო სამსახურების თანამშრომლები ამბობენ, ბრიტანულმა სპეცსამსახურებმა საიდუმლოდ სთხოვეს ამერიკელ კოლეგებს ინფორმაცია, ჰქონდა თუ არა რუსეთთან რაიმე კავშირი, იური გოლუბევისა და ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებას. „თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ მათ აქვთ დოსიეები, სადაც დიდ ბრიტანეთში მომხდარი მკვლელობების შესახებ ინფორმაცია ინახება. ბადრი პატარკაციშვილის სიკვდილთან დაკავშირებით, ეჭვები ძალიან ძლიერია, _ უთხრეს Buzzfeed news-ის ავტორებს, აშშ-ის სადაზვერვო სამსახურის მაღალჩინოსანმა თანამშრომლებმა''. 

მიმდინარე წლის მარტში, ცნობილი გახდა, რომ ბრიტანელი დეპუტატები იმ 14 ადამიანის, მათ შორის, ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების ფაქტის გამოძიებას ითხოვდნენ, რომლებიც ინგლისში გარდაიცვალნენ. 

,,ამ ადამიანების უმრავლესობა რუს ბიზნესმენ ბორის ბერეზოვსკისთან, ან რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ თანამშრომელ ალექსანდრე ლიტვინენკოსთან იყვნენ დაკავშირებულები. ქართველი ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი, ბორის ბერეზოვსკის საქმიანი პარტნიორი და მისი უახლოესი გარემოცვის წევრი იყო. 2001 წლის ივლისში კი რუსეთის მთავარმა პროკურატურამ, პატარკაციშვილი კომპანია „აეროფლოტის“ გენერალური დირექტორის ყოფილი მოადგილის, ნიკოლაი გლუშკოვის ციხიდან გაქცევის ორგანიზებაში დაადანაშაულა. 

ამის შემდეგ, ბადრი პატარკაციშვილი საქართველოში გაემგზავრა, რუსეთის ხელისუფლებამ კი მასზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. საქართველომ პატარკაციშვილის გადაცემაზე უარი თქვა. 2008 წლის თებერვალში კი ის ლონდონში, საკუთარ სახლში, გულის შეტევის შედეგად გარდაიცვალა. 

პატარკაციშვილის გარდა, სიაში არიან რუსი ოლიგარქი ბორის ბერეზოვსკი, რადიაციის საკითხებში ექსპერტი მეთიუ პანჩერი, ბრიტანელი ბიზნესმენი სკოტ იანგი, რუსი ბანკირი ალექსანდრე პერეპილიჩნი, იურისტი სტივენ მოსი, თიმე-ის ჟურნალისტი დენიელ მაკგრეგორი, ერთ-ერთი ნავთობკომპანიის დამფუძნებელი იური გოლუბევი და კიდევ რამდენიმე პირი'', _ იუწყებოდა ,,ბი-ბი-სი''. 

საგულისხმოა, რომ არც გასულ წელს და არც წელს, მარტში, ქართველ სამართალდამცავებს მსოფლიო მედიით გავრცელებულ ეჭვებზე რეაქცია არ ჰქონიათ ანუ თუ არსებობდა გონივრული ვარაუდი, რომ პატარკაციშვილის მოკვლა ჯერ კიდევ 2006-2007 წლებში იგეგმებოდა, ძალოვანებმა ამ კუთხით გამოიძიება იმის პარალელურად რატომ არ დაიწყეს, როცა მსოფლიო გავლენიანმა მედიასაშუალებებმა, ოლიგარქის ბუნებრივი გზით გარდაცვალება ეჭვქეშ დააყენეს? 

წეღანდელი თქმისა არ იყოს, დანაშაულის გახსნა გვიანი არასოდესაა, მაგრამ ქართველ ძალოვანებს პატარკაციშვილის შესაძლო ლიკვიდაციის გეგმა, იგივე მიმდინარე წლის მარტში რომ გაესაჯაროვებინათ, ყველაფერ ამას სხვა რეზონანსი ექნებოდა და არც საზოგადოების ნაწილი განიხილავდა არჩევნების კონტექსტში.

ვანო პავლიაშვილი

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში