Menu
RSS

„ხელისუფლებაზე შტურმს, თავისი პოლიტიკით, თავად ხელისუფლება ახორციელებს!“

რატომ არ ჰყავთ საპრეზიდენტო კანდიდატი რესპუბლიკელებს და როგორ აფასებს პოლიტიკურ პროცესებს დავით ზურაბიშვილი

საპრეზიდენტო არჩევნებამდე ცოტა დროღა რჩება და პოლიტიკური ტემპერატურაც პიკს აღწევს. თითქმის ყოველ დღე ახალი სკანდალური ფარული ჩანაწერი ვრცელდება და ხელისუფლების წინააღმდეგ შტურმიც გრძელდება. ,,ომეგა ჯგუფის'' გარშემო ატეხილ სკანდალს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის, მირზა სუბელიანისა და პარლამენტარ ვიქტორ ჯაფარიძის საკანში ჩაწერილი საუბარი მოჰყვა, რამაც პოლიტიკურ სივრცეში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ზოგი მიიჩნევს, რომ ეს პროცესი გარკვეული პოლიტიკური ძალის, მაგალითად, ნაციონალური მოძრაობის მიერაა დაწერილი და მთავარი ოპოზიციური ძალა ხელისუფლებაზე შეტევას არჩევნების წინ მიზანმიმართულად ახორციელებს. ზოგი კი ფიქრობს, რომ ხელისუფლებაში კრიზისი დიდი ხანია, არსებობს, უბრალოდ, ყველაფერი ეს ზედაპირზე ახლა ამოვიდა და არსებული მდგომარეობით ნაციონალური მოძრაობა ქულების დაწერას ცდილობს. ,,ვერსიამ'' შექმნილი ვითარება რესპუბლიკური პარტიის წევრ დავით ზურაბიშვილს შეაფასებინა და ჰკითხა, თუ ყველაფერი, მართლაც, გარკვეული სცენარით მიდის, რა შედეგსა და როგორ კულმინაციას უნდა ველოდოთ:

_ არ მგონია, ახლა რამე არსებითი ცვლილება მოხდეს. რაც გარანტირებულად მიმაჩნია ისაა, რომ იქნება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, რადგან ხელისუფლების კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი პირველ ტურში ნამდვილად ვერ მოიგებს. არც იმას გამოვრიცხავ, რომ სალომე ზურაბიშვილი მეორე ტურში საერთოდ ვერ გავიდეს, თუმცა ხელისუფლების შეცვლას ახლა არ ველოდები. არც იმას ველი, ხელისუფლება მივა იმ ჭკუამდე, რომ ადეკვატური რეაგირება მოახდინოს, სიტუაცია მეტნაკლებად განმუხტოს და ცივილიზებულ კალაპოტში ჩააყენოს. ძალიან ბევრი რამ იმ პოლიტიკურ ძალებზეა დამოკიდებული, რომლებიც ამ ორ პოლიტიკურ პოლუსს შორის არ არიან, ანუ არ არიან ნაციონალური მოძრაობის ფლანგზე, სადაც, პრინციპში, შეგვიძლია, ევროპული საქართველოც მოვიაზროთ. კი აცხადებს, რომ შუა ცენტრია, მაგრამ რეალურად, საზოგადოების აღქმის თვალსაზრისით, ისიც ნაციონალური მოძრაობის ფლანგია. ასევე არსებობს ხელისუფლების, ბიძინა ივანიშვილის ფლანგი. ამ ორი პოლუსის გარდა არ არსებობს გავლენიანი პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეიძლება, რეალური მიზიდულობის ცენტრის ნიშა ჰქონდეს. ასეთ პოლარიზებულ სიტუაციაში პროცესების ნორმალური განვითარება ვერ მოხდება და აქედან კარგი არაფერი გამოვა. არსებულმა ხელისუფლებამ, ნაციონალური მოძრაობის ,,საფრთხობელას'' ხარჯზე შეიძლება, გაიხანგრძლივოს წლები, 2020 წლამდე მიფორთხდეს და შემდეგაც გადაფორთხდეს, მაგრამ მერე, კაცმა არ იცის, რა იქნება. საბოლოო ჯამში, თუ ორპოლუსიანობა არ დაირღვა, ძველი ხელისუფლების მობრუნება გარდაუვალი გახდება. ყოველ შემთხვევაში, რაღაც ფორმით მაინც. სულ 9 წელზე აპელირება შეუძლებელია იმიტომ, რომ საზოგადოების ძალიან დიდ სეგმენტს იდეოლოგია, ავტორიტარიზმი და დემოკრატია ნაკლებად ენაღვლება, რადგან აქვს უმძიმესი სოციალური პირობები. ეს ასიათასობით ადამიანი ჯერჯერობით ხელისუფლების მხარდამჭერია, მაგრამ თუ ხელისუფლებამ ეს პრობლემები ვერ მოაგვარა, ცხადია, ფარცხალაძის სარდაფებითა და სუბელიანის ,,ავტომატჩიკებით'' არ მოგვარდება. ამიტომ დადგება დრო, როცა ეს ადამიანები გადაიხრებიან მეორე პოლიტიკური ძალისკენ. ერთი პოლუსი წააგებს, მეორე მოიგებს და ა.შ., თუმცა ნაციონალური მოძრაობის მობრუნების შემთხვევაში, ,,ქართული ოცნება'' საერთოდ გაქრება პოლიტიკური ასპარეზიდან, რადგან ეს, რეალურად, ერთი ადამიანის ძალა-უფლების ვერტიკალია. 

_ ამბობთ, რომ ხელისუფლების ცვლილებას ახლა არ ელოდებით, თუმცა ვხედავთ, რომ ოპოზიციური ,,მანქანა'' ამუშავდა და ,,ოცნებაზე'' ძლიერი ,,შტურმი'' ხორციელდება. ზოგი ფიქრობს, რომ ყველაფერ ამის უკან დგას ნაციონალური მოძრაობა და არჩევნების წინ ქულებს იწერს...… 

_ ასე ნამდვილად არ ჩანს. რა თქმა უნდა, ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში მობრუნებას ცდილობს და ეს გასაკვირი არავისთვისაა, მაგრამ თუ ვინმე ხელისუფლებაზე შტურმს ახორციელებს, მგონი, პირველ რიგში, თავისი საქციელითა და პოლიტიკით, თავად ხელისუფლებაა. ხელისუფლებისთვის მთავარი პრობლემა ნაციონალური მოძრაობა კი არაა, არამედ, პირიქით, ნაციონალური მოძრაობა აქამდე ,,ოცნებისთვის'' მთავარი ,,მაშველი რგოლი'' იყო. 

_ თუ ამ ლოგიკას გავყვებით, აქამდეც იყო პრობლემები ხელისუფლებაში, მაგრამ ახლა რატომ გამოაშკარავდა? 

_ კრიზისი ხომ მზარდია _ ნელ-ნელა, თანდათანობით, არასწორი პოლიტიკითა და არაფორმალური ურთიერთობები წამოვიდა წინა პლანზე და ვიღაც ბიჭებს რაღაც პრობლემები უნდა მოეგვარებინათ. პრაქტიკულად, ბიძინა ივანიშვილმა დაამყარა, რომ აბსოლუტურად ყველაფერი ემართა თვითონ, მისი ყოფილიყვნენ მემარცხენეები, მემარჯვენეები, ფაშისტები, პრორუსები, პროდასავლელები და ყველაფერი თვითონ ეკონტროლებინა. ამასობაში, ხეები ჩამოეზიდა უცხოეთიდან. ყველაფერმა ამან, რა თქმა უნდა, გამოიწვია ქაოსური ვითარება და მან გადაწყვიტა, ხელისუფლებაში დაენიშნა ადამიანები, რომლებსაც პოლიტიკური გამოცდილება და უნარები არ გააჩნიათ. ამ ადამიანებმა მიიღეს ეს თანამდებობები, როგორც ჯილდო და ცდილობენ, იცხოვრონ კომფორტში და იმას კი არ ფიქრობენ, პოლიტიკა აწარმოონ, არამედ იმას _ რა შეჭამონ, დალიონ, სად დაისვენონ, ფული სად გააკეთონ და ვინ სად მოაწყონ. ასე შევიდა ქვეყანა კორუფციაში, მივიდა იქამდე, რომ რაღაც გაერთიანებები, ვიღაც სუბელიანისმაგვარი ტიპები გაჩნდნენ და ამ მძიმე სიტუაციით დღემდე მოვედით. მოკლედ, ჩანს, რომ ყველაფერ ამის მოგვარების უნარი არ აქვთ. 

_ ბევრი ელოდება ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ექსპერტები ამბობენ, რომ ივანიშვილმა სასწრაფოდ უნდა შეცვალოს სიტუაცია. ფიქრობთ, რომ მართლაც, ახალ ძალას შემოიყვანს ხელისუფლებაში და იმ პირებს დასჯის, რომელთაც დანაშაული მიუძღვით? 

_ აბსოლუტურად არ ველოდები მარტივი მიზეზის გამო _ ბიძინა ივანიშვილის აზრით, 2016 წელს, მან ხელისუფლებაში ახალი ძალა მოიყვანა. ამ ხალხის 80% 2012 წელს არ ყოფილა ,,ქართული ოცნების'' კოალიციაში. რესპუბლიკური პარტია, თავისუფალი დემოკრატები, ეროვნული ფორუმი და კიდევ ბევრი სხვა პარტია მეორე პლანზე იქნა გადაწეული და მოვიდა სრულიად სხვა ხალხი და, ივანიშვილის თვალით რომ შევხედოთ, ამან მოიტანა წარმატება და მიიღო საკონსტიტუციო უმრავლესობა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებშიც დიდი უპირატესობით გაიმარჯვა და სულაც არ ფიქრობს, რომ ცუდად არის საქმე, თავისთვის ზის და აფრიკიდან ბაობაბი მოაქვს. 

_ გგონიათ, რომ ახლა, როცა მოვლენები უკიდურესად იძაბება, ყველაფერს ასე მარტივად უყურებს? 

_ ხედავს, რომ საქმე მთლად კარგად არ არის, მაგრამ ყველაფერს პიროვნული ურთიერთობების ჭრილში უყურებს. რასაც ის ლაპარაკობს, იმასვე იმეორებს ხელისუფლება. ჩათვალეთ, რომ ამათი პირით ის გველაპარაკება. ირაკლი კობახიძემ, მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა კაცია, შეუძლებელია, არ იცოდეს, რომ ნაციონალური მოძრაობის დროს ,,მაესტრო'' არ იყო მიხეილ სააკაშვილის. როცა ამას ამბობს, ე.ი. ზემოდან ვიღაცამ უთხრა, რომ ასე ეთქვა. კობახიძეზე მაღლა ვინ დგას, მარტივი მისახვედრია. ბიძინა ივანიშვილი საჯაროდ ასეთ რამეებს არ ლაპარაკობს, ესენი გამოდიან, მის აზრებს ახმოვანებენ და შემდეგად ასეთი კრიზისული ვითარება იქმნება. 

_ მოკლედ, გამორიცხავთ, რომ არსებობდეს რაღაც სცენარი, რომელიც არჩევნების წინ დაიწერა და რომელიც მიზანმიმართულად ხორციელდება? 

_ ასეთი სცენარების არათუ ამ შემთხვევაში, არამედ, საერთოდ არ მჯერა. რაც პოლიტიკაში ვარ, ასეთი რამ არ მინახავს, თან პოლიტიკაში კარგა ხანია, ვარ. ერთადერთი ადამიანი ბიძინა ივანიშვილია, რომელსაც შეუძლია, მიზნად დაისახოს და ამ მიზნის განხორციელებისთვის ხანგრძლივი დროის განმავლობაში იბრძოლოს. მაგალითად, სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა შერჩეული ჰყავს სწორედ ასეთი დიდი ხნის ფიქრის და განსჯის შედეგად. ერთადერთი მას სჩვევია ასეთი ხანგრძლივი რაღაცების დაგეგმვა. სხვა მხრივ, ქართულ პოლიტიკაში 90% ხდება სპონტანურად და ზოგჯერ ისეთი უმნიშვნელო და მეორეხარისხოვანი დეტალების გამო მიღებულა ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელსაც ქვეყანაში მნიშვნელოვანი როლი უთამაშია _ ამის მომსწრე არაერთხელ უშუალოდ ვყოფილვარ. 

_ საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტია მონაწილეობას რატომ არ იღებს? 

_ პარტიის წევრებმა გადავწყვიტეთ, რომ არჩევნებზე ინდივიდუალური არჩევანი გავაკეთოთ. არც ჩვენი კანდიდატი გვყავს და არც ისეთი, რომელსაც მხარს სრულად დავუჭერთ და ჩავთვლით, რომ ამ ვითარებაში მისი გამარჯვება ყველაზე კარგი იქნება. 

_ თქვენი ყოფილი პარტიელი, დავით უსუფაშვილი იყრის კენჭს... 

_ არ მგონია, წარმატებას მიაღწიოს. მიუხედავად იმისა, რომ კვალიფიკაციით ხელისუფლების კანდიდატს ბევრად აღემატება. მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილის შანსი დიდია, თუ ადმინისტრაციული რესურსის მხარდაჭერა ექნა. არ გამოვრიცხავ, რომ ფინალში ვაშაძე და ბაქრაძე გავიდნენ, მაგრამ უფრო მეტად სავარაუდოა, რომ მეორე ტურში ვიხილოთ ვაშაძე და სალომე ზურაბიშვილი. ასეთ სიტუაციაში კი, ვფიქრობ, ხელისუფლების კანდიდატს აქვს უპირატესობა. შიში იმისა, ნაციონალური მოძრაობა არ დაბრუნდეს ხელისუფლებაში, კიდევ არსებობს, თუმცა თუ სუბელიანის ამბის მსგავსი რაღაცები აკეთეს ყოველ კვირას, კაცმა არ იცის, რა მოხდება.

თათია გოჩაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში