Menu
RSS

ფარული სცენარი _ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე სკანდალური ვიდეოკადრების გავრცელება იგეგმება?

ნაციონალები სამეგრელოსა და ეთნიკური არაქართველებით დასახლებული რეგიონების ასაფეთქებლად ემზადებიან

წინასაარჩევნო კამპანია გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. არჩევნებამდე ორ კვირაზე ნაკლებია დარჩენილი და დუღილის ტემპერატურამ საკმაოზე მეტად აიწია. გარდა იმისა, რომ საპრეზიდენტო კანდიდატები ერთმანეთის წინააღმდეგ სალანძღავ სიტყვებს არ იშურებენ, ბრძოლა ხელისუფლების წინააღმდეგაც მიმდინარეობს, აქაოდა, ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი არ აირჩიოთ, თორემ უარესი დაგვემართებაო.

ფარული ჩანაწერების ომი აუცილებლად გაგრძელდება და, სავარაუდოდ, კულმინაცია ამ კვირის უქმეები იქნება, რადგან შემდეგ უქმეებზე უკვე არჩევნებია. რას ინახავენ ოპონენტები ერთმანეთის საწინააღმდეგოდ? _ ეს სწორედ ამ შაბათ-კვირას გამოჩნდება, მანამდე კი ის ვთქვათ, რას შეიძლება ველოდოთ სამი ძირითადი კანდიდატიდან ერთ-ერთის გამარჯვების შემდეგ ანუ, ცხადია, რომ არჩევნებს ან სალომე ზურაბიშვილი მოიგებს, ან გრიგოლ ვაშაძე, ანაც დავით ბაქრაძე. ძალიან დიდი ალბათობით, მეორე ტური იქნება და მეორე ტურში ვინ გააღწევს, ეგეც საკითხავია. 

 

ნაციონალური მოძრაობა არჩევნების მოსაგებად ყველაფერზე რომ არის წამსვლელი, ნათლად გამოჩნდა, თანაც ნაციონალებს ერთი დიდი კოზირი აქვთ _ მათ გვერდით ყველაზე რეიტინგული ტელევიზია უდგათ და ყველაზე რეიტინგული იმიტომ, რომ ხელისუფლების კონტროლირებადი მედია არასოდეს ყოფილა რეიტინგული. ისე, თუ გახსოვთ, ნაციონალების ზეობის ბოლო პერიოდში, მთელი საქართველო ,,კავკასიასა'' და ,,მაესტროს'' უყურებდა. 

მაშ ასე: სალომე ზურაბიშვილის გამარჯვების შემთხვევაში, ძალიან დიდი ალბათობით, კაბიან მარგველაშვილს მივიღებთ. ვინც დამოუკიდებელ კანდიდატს კარგად იცნობს, დაგვეთანხმება, რომ ქალბატონი სალომე არ არის მარტივი ხასიათის ადამიანი და ნებისმიერ დროს შეიძლება, ისეთი გადაწყვეტილება მიიღოს, უახლოესი გარემოცვაც კი პირღია დატოვოს. შესაბამისად, მისი კონტროლი და მისთვის ლაგამის ამოდება ურთულესი იქნება და გვერწმუნეთ, ეს ყველაზე კარგად ივანიშვილმა იცის. 

მაშ, რატომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მმართველმა გუნდმა სწორედ ზურაბიშვილს დაუჭიროს მხარი?! 

პირველ რიგში, იმიტომ, რომ ეს დემოკრატიის მაჩვენებელია და უცხოელი პარტნიორები ვერ იტყვიან, ხელისუფლება უზურპირებულია ერთი პარტიის მიერო. 

მეორე ის, რომ ახალი კონსტიტუციით, პრეზიდენტი, პრაქტიკულად, უუფლებოა და ზურაბიშვილი ვერ მოახერხებს ისეთი პრობლემების შემქნას, როგორსაც მარგველაშვილი ქმნის და მესამე _ რეალურად, ივანიშვილისთვის სულ ერთია, ვინ იქნება ქვეყნის პრეზიდენტი, რადგან ძალაუფლება მაინც მთავრობასა და პარლამენტს აქვს. 

თამამად შეიძლება ითქვას, რომ დავით ბაქრაძის გაპრეზიდენტების შემთხვევაში, განსაკუთრებული არაფერი მოხდება _ კონსტრუქციული ოპოზიციის სახელს ამოფარებული ევროპული საქართველო, სიტუაციის გამწვავებაზე არ წავა და იმაზე დაიწყებს ფიქრს, როგორ მოახერხოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ისე მოიქცეს, რომ პარლამენტში, მინიმუმ, მთავარი ოპოზიციური ძალა გახდეს, მაქსიმუმ კი, იმდენი დეპუტატი გაიყვანოს, რომ მმართველ გუნდთან ერთად, კოალიციური მთავრობა ჩამოაყალიბოს. 

კოალიციური მთავრობა საქართველოსთვის უცხო ხილი არ არის _ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მთავრობაში ერთბაშად რამდენიმე პარტიის მინისტრი დაინიშნა. მართალია, კოალიციას ,,ქართული ოცნება'' ერქვა, მაგრამ მინისტრები აშკარად კონკრეტულ პარტიებს წარმოადგენდნენ, თუმცა თუ ივანიშვილის ტერმინს გამოვიყენებთ, შემდეგ პოლიტიკური ვენახი გაიკრიფა და ახლა ხელისუფლება მთლიანად ,,ქართული ოცნებით'' არის დაკომპლექტებული, იმ კოალიციიდან კი, არათუ მთავრობაში, არამედ პარლამენტშიც, ერთი ხელის თითებზე ჩამოსათვლელი ხალხი დარჩა. 

შესაბამისად, ბაქრაძის პრეზიდენტობა ხელისუფლებას ეგებ, ზურაბიშვილის პრეზიდენტობაზე მეტად აწყობდეს! 

სხვა შემთხვევაა გრიგოლ ვაშაძე. მის უკან მიხეილ სააკაშვილი დგას, კაცი, რომელსაც ერთი სული აქვს, საქართველოში დაბრუნდეს, ხელში ძალაუფლება ჩაიგდოს და... ვისაც ჰგონია, რომ ნაციონალების დაბრუნების შემთხვევაში, ისინი ოპონენტებს ფერებას დაუწყებენ, ძალიან, ძალიან ცდება. 

ბრძოლა იმაზე დაუნდობელი იქნება, ვიდრე 2003 წელს იყო და თან ნაციონალებს ახლა მეტი გამოცდილება აქვთ, წარსულის შეცდომებს აღარ გაიმეორებენ და როგორც ადრე ამბობდნენ, ხელისუფლებაში დარჩენას უახლოესი 40 წლის განმავლობაში შეეცდებიან. 

ვაშაძე იმ ადამიანების შეწყალებას აანონსებს, რომლებიც ამ ხელისუფლებამ დააპატიმრა და, პირველ რიგში, მერაბიშვილი-ახალაიას გვარებს ახსენებს. ვერ გეტყვით, რამდენად მომგებიანია ნაციონალების ოდიოზური ფიგურების ხსენება, რადგან თავის დროზე, ორივეს დაპატიმრებას, ლამის მთელი საქართველო ითხოვდა. 

არსებობს მოსაზრება, რომ მეორე ტურში, შესაძლოა, ზურაბიშვილი-ბაქრაძის წყვილი გავიდეს (რამდენიმე გამოკითხვით ეს დასტურდება კიდეც). ასეთ შემთხვევაში, ნაციონალები ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებენ და რამდენიმე რეგიონის აფეთქების იმედი აქვთ. 

პირველ რიგში, ასაფეთქებლად გამზადებულ რეგიონებში ეთნიკური უმცირესობით დასახლებული მუნიციპალიტეტები იგულისხმება. არავინ მალავს, რომ ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში, ნაციონალები მოსახლეობას ამისთვის ამზადებენ, ადგილებზე მყოფ პარტიის ლიდერებს კონკრეტული დავალებებიც აქვთ მიცემული, ასე განსაჯეთ, ტრანსპორტიც კი შეგულებული ჰყავთ, რათა პირველივე დაძახილზე, თბილისისკენ ადამიანების ტალღა დაიძრას, ნაწილი კი ადგილზე დარჩეს და სამთავრობო შენობების ბლოკირება მოახდინოს. ამისთვის მოსახლეობაც მზად არის, ჩვენ ხომ ის ერი ვართ, რომელსაც რევოლუციისკენ მიდრეკილება გვაქვს და ათ წელიწადში ერთხელ, ქუჩაში გამოსვლა და ყვირილი გვინდა. 

ნაციონალები აგრესიულ წინასაარჩევნო პოლიტიკას აწარმოებენ და ამომრჩევლის მიყვანას უბნებზე ქეჩოთი აპირებენ. შესაბამისად, უკან არაფერზე დაიხევენ და ისიც ისმის, რომ საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალური შენობების შტურმით აღება იგეგმება. 

კიდევ ერთი რეგიონი, რომლის ,,აფეთქებაც'' იგეგმება, სამეგრელოა. სამეგრელოში ახალაიების მომხრეები ისევ მრავლად არიან და ესეც არ იყოს, სამეგრელოს მთავარი ქალაქის, ზუგდიდის მერის გათავისუფლებამ ამომრჩეველზე ძალიან ცუდად იმოქმედა. სამეგრელოში ზურაბიშვილის მხარდამჭერები კი არა, ,,ოცნების'' მომხრეებიც სანთლით საძებარნი არიან და ეს ნაციონალურმა მოძრაობამ კარგად იცის. 

ისე, ცნობისთვის: ნაციონალებს პარლამენტის წინ ადგილი უკვე დაბევებული აქვთ _ იქ შვილმკვდარი მამები დგანან, რომლებსაც ზურგს სწორედ ეს პარტია უმაგრებს და სხვა ძალებს იქ მისვლა გაუჭირდებათ. 

ნელ-ნელა იქითკენ მივდივართ, რომ წინასაარჩევნოდ მთავარი კანდიდატების პროგრამა კი არა, ის არის, რა ჩანაწერს გაავრცელებს ესა თუ ის ტელევიზია. 2012 წელს, წინა ხელისუფლებას განაჩენი ციხეში გადაღებულმა კადრებმა გამოუტანა და ჩვენი ინფორმაციით, სწორედ არჩევნების წინ, ოპოზიციური პარტიები აუდიოს ნაცვლად, საზოგადოებას ვიდეოჩანაწერს ანახებენ, სადაც ისეთი კადრები იქნება, რომლებიც მოსახლეობას ქუჩაში გამოიყვანს. რა აქვს მოფიქრებული საამისოდ ხელისუფლებას, ნამდვილად ვერ გეტყვით, მაგრამ სერიოზული ეჭვი გვაქვს, ხელისუფლებას ნაკლებად ადარდებს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული, რადგან ახალი კონსტიტუციით, პრეზიდენტი ვერაფერს შეცვლის. 

ასეა თუ ისე, წინასაარჩევნოდ სიტუაცია ძალიან დაიძაბა და მორიგი არეულობა ისევ იმ წრეზე წაგვიყვანს, სამჯერ თუ ოთხჯერ რომ გავიარეთ და მაინც არაფერი გვეშველა. 

საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში, პრაქტიკულად, ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც პოლიტიკური ვითარება ვერა და ვერ დაალაგა და ყოველი არჩევნების წინ, სიტუაცია დენთის კასრს ემსგავსება, ასანთი კი ვის უჭირავს, კაცმა არ იცის.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში