ბრიუს უილისის დიაგნოზი საბოლოოდ დადგინდა - ოჯახი დასკვნას აქვეყნებს

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

"შვებაა ის, რომ საბოლოოდ ვიცით ზუსტი დიაგნოზი". - წერს სოციალურ ქსელში ბრიუს უილისის ოჯახი და, მათი თქმით, მსახიობს ფრონტტემპორალური დემენცია აქვს.

67 წლის მსახიობს გასული წლის გაზაფხულზე დაუსვეს აფაზიის დიაგნოზი - რაც მეტყველების გაძნელებას იწვევს. ოჯახის განმარტებით, დაავადება პროგრესირდებოდა და ახლა მათ ზუსტი დიაგნოზი იციან.

ოჯახის განმარტებით, ფრონტტემპორალური დემენცია 60 წლამდე ადამიანებში დემენციის ყველაზე გავრცელებული ფორმაა.

"ბრიუსი ასრულებს კარიერას, რომელსაც მისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ჩვენ ოჯახს რთული დრო დაუდგა, ვაფასებთ თქვენს სიყვარულს, თანაგრძნობას და მხარდაჭერას". – წერია განცხადებაში.

აქამდე ყვითელ პრესაში არაერთხელ დაიწერა, რომ უილისს ტექსტის დამახსოვრების პრობლემა აქვს და ხშირ შემთხვევაში გადასაღებ მოედანზე ყურის მიკროფონს იყენებს, რომელიც სუფლიორის ფუნქციას ასრულებს. 2021 წლის დასაწყისში მსახიობი აფთიაქიდან პირბადის გარეშე ყოფნის გამო დაცვამ გაიყვანა. მოწმეების თქმით უილისს კისერზე ბენდენა ეკეთა და შენიშვნის მიუხედავად სახე არ დაიფარა, რამდენიმე მათგანის თქმით მსახიობი ძალიან დაბნეული იყო და თითქოს ვერ მიხვდა რას ითხოვდნენ მისგან აფთიაქის თანამშრომლები. მეორე დღეს უილისმა საქციელისთვის ბოდიში მოიხადა.

რამდენიმე კინოკრიტიკოსმა ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ბოლო წლებში უილისი ბევრ უხარისხო, მაგრამ ფინანსურად მომგებიან ფილმში თამაშობს. მათი აზრით მსახიობი მცირე დროში დიდი ანაზღაურების მოპოვებას ცდილობს. ფული შესაძლოა ძვირადღირებული მკურნალობისთვის სჭირდება.

 

უილისი ცნობილი გახდა 1980-იან და 90-იან წლებში მას შემდეგ, რაც ითამაშა ისეთ წარმატებულ ფილმებში, როგორიცაა Die Hard, The Sixth Sense, Armageddon და Pulp Fiction.