Menu
RSS

„მედიამონიტორინგის შედეგები ადასტურებს, რომ მიმდინარეობს Btain washing ანუ ე.წ. ტვინის გამორეცხვის კამპანია!“

ირაკლი კობახიძე წინასაარჩევნო კამპანიას აფასებს

16 ოქტომბერს, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ მიმდინარე საარჩევნო პროცესი შეაფასა. „ვერსია“ გთავაზობთ ირაკლი კობახიძის ბრიფინგს მცირე შემოკლებით.

„არასრული ორი კვირაა დარჩენილი არჩევნებამდე და გვინდა, კიდევ ერთხელ გაგიზიაროთ ინფორმაცია მიმდინარე საარჩევნო პროცესის თაობაზე. ჩვენი მთავარი ამოცანაა თავისუფალი, სამართლიანი და მშვიდობიანი არჩევნების უზრუნველყოფა, ასეთი არჩევნების ჩატარება. ეს არის ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა და, 2012 წლის შემდეგ, სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებშია უზრუნველყოფილი არჩევნების ასეთ რეჟიმში ჩატარება. ჩვენ აღვკვეთეთ არჩევნების გაყალბების პრაქტიკა ჩვენს ქვეყანაში და, შესაბამისად, ეს მიზანი და ამოცანა გვაქვს დასახული ამ საპრეზიდენტო არჩევნების პირობებში. 

ჩვენ შევთავაზეთ ოპონენტებს ევროპული სტილის საარჩევნო კამპანიის ჩატარება. ეს შეთავაზება ასევე გააკეთა ჩვენს მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც სწორედ ასეთი სახის _ ევროპული სტილის წინასაარჩევნო კამპანიას ატარებს. თუმცა ოპონენტებისგან პასუხად ვიღებთ სხვა რამეს _ ისეთ კამპანიას, რაც შორს არის ევროპული, დასავლური პოლიტიკური და საარჩევნო კულტურისგან. 

ძალიან მოკლედ მინდა ჩამოვთვალო ის ძირითადი დარღვევები, რაც თან სდევს ამ წინასაარჩევნო კამპანიასა და საარჩევნო პროცესს _ ეს არის, პირველ რიგში, ჩვენს მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის შეურაცხყოფა სხვადასხვა, აბსოლუტურად მიუღებელი ფორმით. მეორე მნიშვნელოვანი დარღვევა-გადაცდომაა კანდიდატის მხარდამჭერებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მცდელობა _ ხაზს ვუსვამ მცდელობას, რადგან ეს მცდელობა არ არის წარმატებული და ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის კამპანიაში ფართოდ არიან ჩართულნი ჩვენი საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლები. მესამე _ ეს არის დესტრუქცია, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის მიერ გამართულ აბსოლუტურად ყველა შეხვედრაზე და რაც განსაკუთრებით შემაშფოთებელი მოვლენაა. აქვე უნდა აღვნიშნო აბსოლუტურად პოპულისტური და ცრუ დაპირებები, რომელსაც გასცემენ ოპოზიციური კანდიდატები (თუნდაც დაპირება პენსიის თაობაზე), რომელთა შესრულების არავითარი რესურსი არ აქვს მომავალ პრეზიდენტს სხვადასხვა მიზეზის გამო _ ეს პოპულიზმიც ამ კამპანიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. კიდევ ერთი დარღვევა ისაა, რომ ჩვენი ოპონენტების მიერ ხდება ფიქტიური პარტიების მეშვეობით, უფასო საეთერო დროისა და საბიუჯეტო სახსრების მიტაცება _ საუბარია მილიონობით ლარზე და ბოლოს _ ტოტალური პროპაგანდა, რომელსაც აწარმოებს პარტიული ტელევიზია, ეს არის კიდევ ერთი დარღვევა, რომელიც უნდა ცალკე გამოიყოს. ჩვენ ყველა ამ დარღვევის შესახებ სრულ ინფორმაციას მივაწვდით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებსა და საერთაშორისო დამკვირვებლებს. 

ცალკე მინდა გამოვყო ის, რომ პარტიულ ტელევიზიას _ რუსთავი2-ს აქვს სინამდვილის დამახინჯების, მოქალაქეებზე ზეწოლისა და მაყურებლის მძევლად აყვანის ერთგვარი მცდელობა. კერძოდ, რუსთავი2 აწარმოებს რუსული სტილის ტვინის გამორეცხვის პოლიტიკას, რომელიც ზუსტად შეესატყვისება პროპაგანდისტული რუსული არხების „საუკეთესო პრაქტიკას“. ჩვენ ვაწარმოებთ მედიამონიტორინგს ანუ საუბარია როგორც თვისობრივ მონაცემებზე, ასევე რაოდენობრივ კვლევაზე და, ბუნებრივია, ამ მედიამონიტორინგის შედეგებსაც მივაწვდით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. მედიამონიტორინგის ეს შედეგები ადასტურებს იმას, რომ წარმოებს სწორედ Btain washing-ის ანუ ე.წ. ტვინის გამორეცხვის კამპანია. ეს ჩვენ გვახსოვს 2016-2017 წლებიდან, თუმცა ვხედავდით ასევე იმასაც, რომ ყოველთვის ეს Btain washing-ი ანუ ტვინის გამორეცხვა ასევე იყო წარუმატებლობისთვის განწირული, რასაც ობიექტური მიზეზი აქვს _ ვერანაირი Btain washing-ი, ბუნებრივია, სიმართლეს ვერ დაფარავს. აქამდე თუ იყო რუსთავი2 ნაციონალური მოძრაობის დანამატი ანუ პარტიის დანამატი, ახლა რეალურად ტელევიზიამ სრულად შეითავსა პოლიტიკური პარტიის როლი და ფუნქცია. ეს არის დღევანდელი რეალობა. 

მე შეგახსენებთ ორ ძირითად საქმეს, რომელზეც არსებითად აგებული იყო ბოლო დროს ეს Btain washing-ი, ანუ, ტვინის გამორეცხვა. ერთი იყო „ომეგას“ საქმე, ანუ პირველი სპექტაკლი, რომელიც შემოგვთავაზა ჩვენ რუსთავი2-მა. დადასტურდა სხვადასხვა _ მათ შორის ექსპერტიზის მონაცემებით, რომ ეს იყო სპექტაკლი და ეს სპექტაკლიც ძალიან მალევე ჩავარდა, როგორც კი საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა სიმართლე და საბოლოოდ გაირკვა, რომ ერთ კონკრეტულ ადამიანს სურდა, ბიუჯეტში ათეული მილიონის გადახდაზე უარის თქმა. ეს არის ხალხის ფული, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გადახდილი და აქ მოკავშირედ გაიხადა ნაც. მოძრაობა და მისი პარტიული ტელევიზია _ რუსთავი2. გამომდინარე იქიდან, რომ სიმართლე ყველასთვის გახდა ცხადი, ბუნებრივია, ეს სპექტაკლი ჩავარდა და ეხლა დაიწყო მეორე სპექტაკლი, რომელსაც ისევე გაეცემა პასუხი, როგორც გაეცა პასუხი პირველი სპექტაკლის ფარგლებში დასმულ შეკითხვებს. 

კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენო, რა რეალობაში ვცხოვრობთ _ დღეს არის რეალობა, სადაც აღიკვეთა ის დანაშაულები, რომელსაც ჩადიოდა ხელისუფლება 9 წლის განმავლობაში. ეს დანაშაული იყო წამება, გაუპატიურება, ზეწოლა, რეკეტი, რომელსაც ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებდა მაშინდელი ხელისუფლება. ჩვენ, ეს ძალადობრივი რეჟიმი და სისტემა ჩავაბარეთ წარსულს და გამოვირჩევით ზუსტად იმით, რომ დღეს ეს პრაქტიკა თავიდან ბოლომდე აღკვეთილია, რაც დასტურდება საზოგადოების განწყობით. ეს არის რეალობა, რომელიც იყო 2012 წლამდე და არის დღეს. სწორეთ ამ რეალობის დამსახურებაა ის, რომ Btain washing-ის _ „ტვინის გამორეცხვას“ არ აქვს ის ეფექტი, რომელსაც ელიან მისი ავტორები. 

აქვე ხაზი უნდა გაესვას კიდევ ერთ გარემოებას _ რუსთავი2-ის წარმომადგენლები თავს იკავებენ ჩვენი წარმომადგენლების ეთერში მიწვევაზე, რადგან ყველამ ვიცით, რომ მათ ინფორმაციას მხოლოდ ცალმხრივი გაშუქების პირობებში აქვს ძალა. გუშინ იყო ბოლო ასეთი შემთხვევა, როდესაც ჩვენ შევთავაზეთ ჩვენი წარმომადგენლის მონაწილეობა ეთერში, რაზეც უარი მივიღეთ. მიზეზი მარტივია _ სიმართლე ერთია და, ბუნებრივია, როდესაც ცალმხრივად ხდება გაშუქება ის მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დაამახინჯო. ჩვენ, მოვუწოდებთ „ნაციონალურ მოძრაობას“, პარტიულ ტელევიზიას, რომ დაძლიონ სიმართლის შიში და მინიმალურ დონეზე მაინც დაიცვან მედიასტანდარტი, რათა ფორმალურად მაინც იყოს დაცული ის წესები, რომელიც კულტურულ, ევროპულ სივრცეში, თანამედროვე განვითარებულ ქვეყნებში მოქმედებს. 

და ბოლოს _ ეს არჩევნები დასრულდება ლოგიკური შედეგით, რაზეც ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ და ეს დასტურდება ჩვენი შიდაკვლევებითაც. არჩევნები დასრულდება ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის დამაჯერებელი გამარჯვებით და კიდევ ერთხელ გაეცემა საკადრისი პასუხი „ნაციონალურ მოძრაობას“ ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც ჩამოვთვალე, კიდევ ერთხელ გავიმეორებ _ ეს იყო ყაჩაღობა, ძალადობა, რეკეტი და ეს იყო ჩვენი ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია, ეს იყო ასობით ადამიანის დაღუპვა, რაშიც ბრალი მიხეილ სააკაშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ მიუძღვის, ეს იყო ასეულობით სოფლის დაკარგვა და ეს იყო ის უბედურება, რომელიც დაატრიალა ამ პარტიამ 2012 წლამდე.

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში