Menu
RSS

არჩევნებიდან არჩევნებამდე

საარჩევნო ქვების სროლის, ცემა-ტყეპისა და დედის გინების ანატომია

არჩევნები ქართული საზოგადოებისთვის ის ვირუსია, რომლისგან განკურნებაც არასოდეს გვიწერია. ახლა, წესიერ ქვეყანაში რომ ვცხოვრობდეთ, არჩევნების კი არ უნდა გვეშინოდეს, არამედ, ამ დღეს იმედით აღვსილნი უნდა ვუყურებდეთ, რადგან წესით და კანონით, არჩევნები იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის სათავეში ისეთი ადამიანები მოვიდნენ, რომელთაც სახელმწიფოს წინსვლაზე გული შესტკივათ, მაგრამ ჩვენთან არჩევნები _ არც მეტი, არც ნაკლები _ ცემა-ტყეპასთან, დედის გინებასა და ბულინგთან ასოცირდება. დიახ, დიახ, საქართველოს ძენო და ასულნო, კონკურენტები ერთმანეთს ლამის დუელში იწვევენ. შესაბამისად, ქვების, კვერცხების სროლა და ასევე, გინება ჩვენებური არჩევნების მთვარი ნარატივია.

ისე, წელს ცემა-ტყეპების ტრადიაცია რატომღაც დაირღვა. ყოველ შემთხვევაში, საპრეზიდენტო კანდიდატების მომხრეებს ერთმანეთი ჯერ არ გაუსილაქებიათ. სამაგიეროდ, უხვადაა სალანძღავი კომენტარები და შიგადაშიგ კომპრომატებიც გამოჩნდება ხოლმე, თუმცა ეს კომპრომატები, როგორც ირკვევა, უმეტესად შეთითხნილია. 

მაინც, რა გზას გავდივართ არჩევნებიდან არჩევნებამდე ანუ იხვეწება თუ არა ჩვენი საარჩევნო კულტურა? იქიდან გამომდინარე, რომ საარჩევნო მუშტი-კრივი ჯერ არ გამართულა, შეიძლება ვთქვათ, რომ ამ კუთხით დავიხვეწეთ, თუმცა რაკიღა მომავალი წარსულზე დგას, ამიტომ, მოდით, თვალი გადავავლოთ, თუ როგორ მოვედით დღევანდელობამდე. 

დავიწყოთ შორეული 90-იანი წლებიდან, როცა საარჩევნო ცემა-ტყეპამ „ფეხი აიდგა“. ამ მხრივ ერთ-ერთი გამორჩეული ლაგოდეხის არჩევნები გალხდათ, როცა მაშინდელი მმართველი გუნდის, ესე იგი, მოქკავშირის ახალგაზრდულმა ფრთამ, აწ განსვენებული ვახტანგ რჩეულიშვილი გალახა. 

ამის შემდეგ იყო 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდი, როცა მარნეულში ჩასულ მიხეილ სააკაშვილს, მის მომხრეებსა და ადგილობრივებს შორის, დიდი „ბათქი აიწია“. 

საერთოდ, მარნეული ქართული არჩევნების ერთ-ერთი ყველაზე „სუსტი წერტილია“. ყოველ შემთხვევაში, მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ამ რაიონში არჩევნებს ცემა-ტყეპისა და დედის გინების გარეშე არ ჩაუვლია. 

ნათქვამის ობიექტურობაში ეჭვი რომ არ შეგეპაროთ, შეგიძლიათ, Gოოგლ-ის საძიებო სისტემაში ორი სიტყვა _ „მარნეული“ და „არჩევნები“ ჩაწეროთ და იმდენ კოშმარულ „ნიუსს“ ნახავთ, რომ თმა ყალყზე დაგიდგებათ. 

ასე, მაგალითად: 2016 წელი, 8 ოქტომბერი: 

„ქვების სროლა მარნეულში _ 48 საარჩევნო უბანთან ხელჩართული ჩხუბია. მობილიზებულია საპატრულო პოლიცია''. 

2016 წელი, ოქტომბერი: „მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში, #48 საარჩევნო უბანზე ვითარება არჩევნების მიმდინარეობის დროს, დღის ხუთ საათზე დაიძაბა. უბნამდე მისასვლელი გზა რამდენიმე საათის განმავლობაში პარალიზებული იყო. მოსახლეობის ნაწილსა და საპატრულო პოლიციის მანქანებს უბნამდე მისასვლელი გზა თითქმის გადაკეტილი ჰქონდათ. 

ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი უბანზე ბლოკის „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ მაჟორიტარობის კანდიდატის ისრაფილ ბაირამოვისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატის ახმედ იმამყულიევის გამოჩენას მოითხოვდა. ისინი აცხადებდნენ, რომ მათი პროტესტი მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან ამომრჩევლებზე განხორციელებულმა ზეწოლამ გამოიწვია. როგორც მათ გვითხრეს, ადგილობრივ მოსახლეობას „ქართული ოცნების“ აქტივისტები და სხვა გაურკვეველი პირები აიძულებდნენ, ხმა „ქართული ოცნების“ კანდიტატის სასარგებლოდ მიეცათ. პროტესტის მონაწილეთა თქმით, მათ საარჩევნო კომისიის წევრებს მოუწოდეს, აღეკვეთათ მსგავსი ტიპის ქმედებები, რაზეც პასუხი ვერ მიიღეს და მათივე განცხადებით, სწორედ ამიტომ დაიწყეს საარჩევნო უბნისთვის ქვების სროლა. 

უბანზე მობილიზებულ პოლიციასა და ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილს შორის ამის შემდეგ ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო. შედეგად დაზარალდა შვიდი ადამიანი, მათ შორის ადგილობრივი პოლიციის უფროსი, რამილ ისმაილოვი და ერთი მოქალაქე. 

მოსახლეობის მოთხოვნის გამო, საარჩევნო უბანზე ჯერ ისრაფილ ბაირამოვი მივიდა, ხოლო შემდეგ – ახმედ იმამყულიევი. კანდიდატები ადგილობრივ მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებდნენ და ხელისუფლებისგან ითხოვდნენ, რომ გაუქმებულიყო მარნეულის #36 მაჟორიტარული ოლქის შედეგები. ახმედ იმამყულიევის განცხადებით, მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ ხშირ შემთხვევაში ერთი და იგივე ადამიანი რამდენჯერმე აძლევდა ხმას. 

#48 საარჩევნო უბანზე კანდიდატებისა და ადგილობრივი მოსახლეობის საუბრის დროს შემოვიდა სპეციალური დანიშნულების რაზმი და მოსახლეობა ძალისმიერი მეთოდებით გაიყვანა უბნის ეზოდან. ამის შემდეგ უბანი საარჩევნო კომისიის წევრებმაც დატოვეს. 

მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობა კიდევ რამდენიმე წუთის მანძილზე რჩებოდა. მათ უბანი ახმედ იმამყულიევთან ერთად დატოვეს და მისი ოფისისკენ გაემართნენ. ისინი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი შეძახილებით მიემართებოდნენ ოფისისკენ და გზად „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პლაკატებს ხევდნენ. 

ახმედ იმამყულიევი მედიის წარმომადგენლებთან პერმანენტულად აკეთებდა კომენტარს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართავდა მოთხოვნით, მარნეულის მუნიციპალიტეტში არჩევნების შედეგები გაუქმებულიყო. მომხდარშიც ის მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ ადანაშაულებდა და პასუხისმგებლობასაც მას აკისრებდა. 

ადგილობრივმა თვითმმართველობამ კი მომხდარში ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატ ახმედ იმამყულიევს დააკისრა პასუხისმგებლობა. 

ახმედ იმამყულიევის მხარდამჭერები განაგრძობდნენ შტაბთან შეკრებას და წინასწარი შედეგებით გამარჯვებას ზეიმობდნენ. მთელი ღამის განმავლობაში „ქართული ოცნებისა“ და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები ელოდებოდნენ ცესკო-ს ოფიციალურ მონაცემებს, თუმცა ჩვენთან საუბარში ორივე მათგანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები აღნიშნავდნენ, რომ არჩევნებში გაიმარჯვეს. 

ახმედ იმამყულიევი 9 ოქტომბერს მედიასაშუალებებს შეხვდა და 8 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების შესახებ კომენტარი გააკეთა. 

„მე მთლიანად ვაკისრებ პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“, რადგან ისინი ძალადობდნენ მოსახლეობაზე. მოქალაქეებს არ ჰქონდათ საშუალება, საკუთარი არჩევანი თავისუფლად დაეფიქსირებინათ. სწორედ ამიტომ ადგილობრივებმა დაიწყეს ამ ფორმით პროტესტის გამოხატვა, ეს კი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. 

მე, ჩემი მხრივ, დამემუქრა სუს-ის უფროსი ილია ძამაშვილი და მითხრა, გავჩერებულიყავი, თორემ ცუდად წამივიდოდა საქმე“, – აღნიშნა ახმედ იმამყულიევმა მედიასთან საუბრის დროს. 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებით, მარნეულის მუნიციპალიტეტის #36 მაჟორიტარულ ოლქში ვერც ერთი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატმა ვერ გადალახა ბარიერი. შესაბამისად, მარნეულის #36 მაჟორიტარულ ოლქში, სადაც შედიოდა #48 საარჩევნო უბანი, არჩევნების მეორე ტური დაინიშნა. #48 უბანის შესახებ კი ცესკო-მ გამოაქვეყნა შემაჯამებელი ოქმი, რის მიხედვითაც ერთიანი სიით ამ უბანზე ამომრჩეველთა რაოდენობა იყო 14 36, სპეციალური სიით – 9. 12.00 საათისთვის საკუთარი არჩევანი დაფიქსირებული ჰქონდა 317-ს, 17:00 საათის მონაცემებით – 494-ს, არჩევნებში კი 617 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. 210 ხმა მიიღო ახმედ იმამყულიევმა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ხოლო 298 ხმა – თამაზ ნავერიანმა, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა''. 

ესაა არასრული ინფორმაცია მარნეულში გამართული საარჩევნო ბატალიებიდან, თუმცა სხვადასხვა არჩევნების დროს, ცემა-ტყეპა უცხო არც სხვა რაიონებისა თუ რეგიონებისთვის ყოფილა. 

ამ მხრივ ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი „გამიშვი-დამიჭი“ კორცხელში „მოეწყო“, როცა ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ნიკანორ მელია, ასევე, სხვა მოქმედი თუ ყოფილი ნაცები ადგილობრივებმა „გაალამაზეს“. 

,,ზუგდიდში, კორცხელში, სადაც საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს, საარჩევნო უბანთან ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. 

ნაცემია ნაციონალური მოძრაობის რამდენიმე წარმომადგენელი, მათ შორის, გიგა ბოკერია და ნიკა მელია. 

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ ნიკა მელიას ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა. მოსახლეობის თქმით, ნაციონალურ მოძრაობას ხალხთან შეხვედრისა და გასაუბრების მორალური უფლება არ აქვს'', _ იუწყებოდა ქართული ინტერნეტმედია 2016 წლის მაისში. 

კორცხელამდე იყო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები, როცა მაშინდელი ხელისუფლება ანუ ნაციონალური მოძრაობა ყველაფერზე მიდიოდა, რომ „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო შეხვედრები ვერ გაემართა. 

ასე, მაგალითად, 2012 წლის 26 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილის ავტომანქანას ქვები და ბოთლები დაუშინეს. 

„სიღნაღში, ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებმა პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს, „სირცხვილის დერეფანი“ მოუწყვეს და მის ავტომანქანას ქვები და ბოთლები დაუშინეს. 

„სირცხვილის დერეფნის“ მოწყობაში აქტიურად მონაწილებდა სიღნაღის მაჟორიტარი დეპუტატი ნუგზარ აბულაშვილი. 

აქტივისტები სკანდირებდნენ „წადი, წადი“, „გაუმარჯოს მიშას“.

 

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა აქტივისტმა „ქართული ოცნების“ ავტოკოლონაში მყოფ მანქანას მუშტი ჩაარტყა, რის შედეგაც შუშა ჩაიმტვრა და ახალგაზრდას ხელი გაეჭრა. 

ივანიშვილის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობისა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შორის, დაპირისპირების გამომწვევია ისაა, რომ ნაციონალური მოძრაობის მომხრეები გაღიზიანებულები არიან, რადგან 1 ოქტომბერს არჩევნებს წააგებენ“, _ ნათქვამი იყო საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, კერძოდ, აგვისტოში, კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულმა ჯგუფმა გორში აქცია _ „იცნობდეთ ზონდერებს“ _ მოაწყვეს. 

„ახალგაზრდებმა იმ საჯარო მოხელეების ფოტოები დაბეჭდეს, რომლებიც მერეთის და კარალეთის დევნილთა დასახლებაში მომხდარ ინციდენტებში იღებდნენ მონაწილეობას. 

აქციის მონაწილეები ამ ფოტოებს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში არიგებენ და მოსახლეობას ეუბნებიან, რომ ამ საჯარო მოხელეებმა მშვიდობიანი აქციები დაარბიეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტებს. გორელებს პლაკატებზე გამოსახული ადამიანები ტელევიზორში ჰყავთ ნანახი. 

კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ლექსო ვალიაური აცხადებს, რომ ამ აქციით მათ სურთ საზოგადოებამ გაიცნოს ის საჯარო მოხელეები, რომლებიც საფრთხეს ქმნიან გარშემომყოფებისთვის. 

პლაკატის ცენტრში ყველაზე დიდი ადგილი ლიახვის ხეობის მაჟორიტარი დეპუტატის ბადრი ბასიშვილის ფოტოს უკავია, სხვა საჯარო მოხელეების ფოტოები კი მას ისრებით უკავშირდება. ბადრი ბასიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ მის მიმართ „ქართული ოცნება“ შავ პიარს აგორებს და პლაკატებზე გამოსახული ადამიანების ნაწილს საერთოდ არ იცნობს. 

კოალიციის ახალგაზრდული ჯგუფის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გორის რაიონში ყველას გააცნობენ ეგრეთ წოდებული ზონდერების საქმეებს. 

პირველი ინციდენტი 26 ივნისს გორის რაიონის სოფელ მერეთში კოალიციის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის სტუმრობისას მოხდა. აქციის ჩატარებას ხელს რეგიონის სამაშველო სამსახურის უფროსი კახა ლომიძე და მისი თანამშრომლები უშლიდნენ. შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, დაშავდა არაერთი ადამიანი, მათ შორის ჟურნალისტები. 

...კოალიციის ლიდერებსა და ადგილობრივი მოსახლეობის მცირე ჯგუფს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. ჩხუბის შემდეგ ხელისუფლების მომხრეებმა ოპოზიციის წარმომადგენლებს ქვები დაუშინეს. აქაც 15-მდე ადამიანი დაშავდა, სასტიკად გაუსწორდნენ იქ მყოფ ჟურნალისტებსაც. ამ ინციდენტში აქტიურობდნენ დასახლების მამასახლისები, ერედვის და ქურთის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები. 

ამ ორივე ინციდენტის შემდეგ სამართალდამცავებმა ერთგვარი პარიტეტი დაიცვეს და ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლები თანაბარი რაოდენობით დააკავეს. სასამართლომ მათ ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ყველა მათგანმა წინასწარი დაკავების იზოლატორი უკვე დატოვა'', _ წერდა 6 წლის წინ „რადიო თავისუფლება“. 

როგორც აღვნიშნეთ, არჩევნებიდან არჩევნებამდე ე.წ. საარჩევნო დაძაბულობის ფორმები მეტ-ნაკლებად იხვეწება ანუ შეიძლება, ქვები და კვერცხები აქტუალური აღარ არის, მაგრამ სიძულვილის ენა კვლავ მოდურია. 

ასე, მაგალითად, ორი დღის წინ, რუსთავში ჩასულ პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც მხარდაჭერას მმართველი პარტია უცხადებს, სულ „განგრენა“ და „მოღალატე“ ეძახეს. 

ყოველივე ზემოთქმულიდან ნათელი ხდება, რომ საქართველოში მოქმედი პარტიები, ასევე, მათი დეპუტატობისა თუ პრეზიდენტიბის კანდიდატები აქცენტს საარჩევნო პროგრამაზე კი არა, არამედ, აგრესიაზე აკეთებენ. შესაბამისად, ზოგჯერ ისეც ხდება, რომ პოლიტიკურ სუბიექტებს ლამის არჩევნების დღემდე პროგრამაც კი არ აქვთ ხოლმე დაწერილი. 

„ძალიან იშვიათად გვხვდება პარტია, რომელსაც შეუძლია, ეფექტურად და კომპეტენტურად იმუშაოს იმ საკითხების ერთობლიობაზე, რომლებიც ქვეყანას აწუხებს, _ ამბობს „ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის“ წარმომადგენელი ლევან ცუცქირიძე და დასძენს, _ პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა დახარჯონ მეტი ენერგია, უნდა დახვეწონ საკუთარი კომუნიკაციის ფორმები იმისთვის, რომ საკუთარი პოლიტიკური ხედვები მიაწოდონ საზოგადოებას. არ მგონია, რომ ბევრი იყოს ისეთი ამომრჩეველი, რომელიც 100-გვერდიან პროგრამას წაიკითხავს _ ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემა არაა, მაგრამ მნიშვნელოვანი აქ სხვა რამეა _ შემდეგში როგორ მოხდება ამ პროგრამის სწორი კომუნიკაცია. 

ის, რომ ამომრჩეველს პროგრამა არ აინტერესებს, არასწორია. ამომრჩეველს არ აინტერესებს გრძელი, მოსაწყენი ტექსტების კითხვა. ამომრჩეველს აინტერესებს, რას ფიქრობს პოლიტიკური სპექტრი ისეთ საკითხებზე, როგორიცაა, მაგალითად: ჯანდაცვის რეფორმა, განათლება, ბიუჯეტი, ეკონომიკა; რას ფიქრობენ გარემოს დაცვით საკითხებზე. ეს აინტერესებს და არა _ სქელტანიანი ტომების კითხვა. 

ერთ-ერთი დიდი სისუსტე ქართული პოლიტიკური პარტიებისა ისიც არის, რომ ზოგ მათგანს არ აინტერესებს, ზოგიერთს არ შეუძლია პროგრამის ამომრჩევლამდე მიტანა, მიზეზები სხვადასხვაა. მათ უჭირთ და არ ახორციელებენ ამომრჩეველთან სათანადო კავშირსა და ურთიერთობას არჩევნებიდან არჩევნებამდე. ეს, ერთი მხრივ, იწვევს იმედგაცრუებას, მეორე მხრივ კი, ასუსტებს პოლიტიკური პარტიებს, რადგან ისინი კარგავენ კავშირს იმ ინტერესებთან, რომელიც საზოგადოებას გააჩნია და ვეღარ ახერხებენ დროულად ამ ინტერესების პოლიტიკურ ენაზე გადათარგმნას. ამის მიზეზი ბევრი ობიექტური პრობლემაა, მაგალითად, დაფინანსების საკითხი _ ყველაფერ ამას ხარჯები სჭირდება. საქართველოში არჩევნები საკმაოდ ძვირი ჯდება. ეს ქართული პოლიტიკური სისტემის ერთ-ერთი დიდი პრობლემაა _ არჩევნები ძვირია და ძალისხმევაა გასაწევი, რომ ხარჯები შემცირდეს''. 

ქართული არჩევნების კიდევ ერთი თავისებურება ისაა, რომ პოლიტიკოსებს დაპირებები მხოლოდ არჩევნების წინ ახსენდებათ, არჩევნების დასრულების შემდედგ კი, ამნეზია ემართებათ და აზრზე ვერ მოდიან, ხალხს რას ჰპირდებოდნენ. სწორედ ამის გამოა, რომ ელექტორატს პოლიტიკური ელიტის მიმართ ნდობა აქვს დაკარგული და საარჩევნო მარათონს ეჭვის თვალით უყურებს. საბოლოო ჯამში, ისე გამოდის, რომ საქართველო გრძელვადიან შედეგზე ორიენტირებული ქვეყანა კი არა, არამედ, ისეთი სახელმწიფოა, რომელიც არჩევნებიდან არჩევნებამდე დაპირებებსა და იმედგაცრუებაში ცხოვრობს! ასე კი ევროპული ქვეყანა, რასაკვირველია, არ აშენდება და თუ პოლიტიკოსებმა რამე არ შეცვალეს, მუდმივად პოსტსაბჭოთა რესპუბლიკა ვიქნებით, რომელსაც ბანანიზაციისკენ უფრო აქვს მიდრეკილება, ვიდრე _ ცივილური სამყაროსკენ!

ნინო დოლიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში