Menu
RSS

ბიზნესის ნაციონალური ,,დარეკეტების'' სკანდალური ანატომია

როგორ ართმევდნენ ბიზნესმენებს ქონებას ,,ვარდსონები'' _ ,,ღამეული ჩუქებების'' X-ფაილი

ბიზნესის ,,წილში ჩაჯდომა'', თუ ბიზნესმენზე ზეწოლა საქართველოში, ,,ახალი ხილი'' ნამდვილად არ არის. ამ მანკიერმა პრაქტიკამ ჩვენს ბედკრულ სამშობლოში თავი ჯერ კიდევ შავ-ბნელ 90-იან წლებში იჩინა, როცა ,,მხედრიონი'', თუ სხვა სახის გაურკვეველი წარმოშობის შეიარაღებული დაჯგუფებები, ბიზნესმენებს პირდაპირ სახლებში უვარდებოდნენ და აიძულებდნენ, რომ ქონება დაეთმოთ, ან საუკეთესო შემთხვევაში, ყოველ თვე მათთვის გადასახადი გადაეხადათ. ,,ვარდების რევოლუციის'' დროს, ,,შავებსა'' და კანონსამოფარებულ მძარცველებისგან შეწუხებულ საქმოსნებს იმედი გაუჩნდათ, რომ ახალგაზრდების გუნდი, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლას ცდილობდა, ამ მარაზმს ბოლოს მოუღებდა და სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მსხვილმა, თუ წვრილმა ბიზნესმენებმა ,,ვარდების რევოლუციას'' არათუ მხარი დაუჭირეს, არამედ, როგორც ხმა დადის, ნაციონალურ მოძრაობას აფინანსებდნენ კიდეც. თუმცა მას შემდეგ, რაც ,,შევარდნაძის რეჟიმი'' წარსულს ჩაბარდა ანუ მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტობა გაინაღდა, ნაციონალები კი სამთავრობო თანამდებობებზე ,,მოხსდნენ'', მოვლენები უფრო დრამატულად განვითარდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ საქმოსანი, თუ ის ახალ ხელისუფლებასთან ურთიერთობას არ დაალაგებდა, შავ დღეში აღმოჩნდებოდა. იმ შემთხვევაში კი, თუ გაჯიუტდებოდა, შესაძლოა, ,,ვირის აბანოშიც'' აღმოჩენილიყო.

შესაბამისად, 2003-დან 2012 წლამდე, არაერთი ბიზნესმენი გახდა ნაციონალური რეპრესიების მსხვერპლი. ამავე პერიოდში, თავი იჩინა ბიზნესის ,,დარეკეტების'' ახალმა ფორმამ, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ თითქმის ყველა მეწარმე საკუთარ ქონებას სახელმწიფოს ,,ნებით'' უფორმებდა ანუ სქემა ასეთი იყო: ბიზნესმენი შუაღამისას სანდო ნოტარისუთან მიჰყავდათ და აიძულებდნენ, ბიზნესი დაეთო. სამართლებრივად, ყველაფერ ამაში დარღვევა არ ჩანდა, მაგრამ სხვა საკითხია, ქონების მფლობელზე რა სახის ზეწოლა ხორციელდებოდა. 

ქონების იძულებით დათმობის თითქმის ყველა ქეისში ერთი და იგივე ადამიანები ფიგურირებენ _ კეზერაშვილი, კოდუები, ახალაიები... სხვათა შორის, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, მთავარ პროკურატურაში სპეციალური დეპარტამენტიც შეიქმნა, რომელსაც მსგავსი საქმეების შესწავლა დაევალა, თუმცა ნაციონალების დროს ქონების წართმევას ისეთი მასშტაბური სახე ჰქონდა, რომ დღემდე სულ რამდენიმემ მოახერხა წართმეულის უკან დაბრუნება. 

სხვათა შორის, ჯერ კიდევ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია _ ,,წართმეულია!'' დაიწყეს, რაც იმას ნიშნავდა, რომ ახალგაზრდები ,,დარეკეტებულ'' შენობებსა, თუ ბიზნესოფისებთან მიდიოდნენ და წარწერას _ ,,წართმეულია!'' ტოვებდნენ. 

ერთ-ერთ სტატიაში, რომელიც 2012 წლის შემოდგომით თარიღდება, ვკითხულობთ: 

,,შვეიცარიაში გაქცეული ბიზნესმენის, დავით ბეგიაშვილის ქონების წართმევაში საქართველოს პრეზიდენტი, ხუთი მინისტრი, მათი მოადგილეები, მოსამართლეები და სახელმწიფო უწყების 90 თანამშრომელი ფიგურირებდა,'' _ აცხადებს უფლებადამცველი და აქციის ,,წართმეულია'' საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი, დაჩი ცაგურია. 

ცაგურიას ეს ინფორმაცია ორგანიზაციამ – ,,ბიზნესმენები საქართველოში თავისუფალი ბიზნესისათვის'' მიაწოდა. 

ორგანიზაციამ, რომლის ხელმძღვანელიც დავით ბეგიაშვილია, საკუთარი მოკვლევის საფუძველზე, გამოარკვია, რომ დავით ბეგიაშვილისთვის ბიზნესის ჩამორთმევა ეკონომიკური განვითარების მინისტრის ვერა ქობალიას, იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ვლადიმერ ვარძელაშვილის, ფინანსთა მინისტრის დიმიტრი გვინდაძისა და შინაგან საქმეთა ვანო მერაბიშვილის დახმარებით განხორციელდა. 

ამ დროისთვის ვანო მერაბიშვილი, საქარველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზეა, ხოლო დიმიტრი გვინდაძე _ საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე. 

სია, რომელიც დაჩი ცაგურიამ მედიის წარმომადგენლებს გადასცა დღეს, სახალმწიფო უწყებების 90 თანამშრომლისაგან შედგება. ეს სია ,,ალბატროსის'' ვიტრაჟზეც განთავსდა. 

საინიციატივო უფლებადამცველთა ჯგუფი დღეიდან, 4 სექტემბრიდან, კამპანიას იწყებს, რომლის ფარგლებშიც, ხელისუფლების მიერ წართმეულ ობიექტებთან მივლენ და გააკეთებენ წარწერას _ ,,წართმეულია''. 

საინიციატივო ჯგუფის წევრებმა, დღეს, ჭავჭავაძის 44-ში მდებარე კომპანია ,,ალბატროს დელუქსის'' მფლობელობაში არსებულ ,,ალბატროსის'' მაღაზიას აპლიკაციები მიაწება, წარწერით: _ ,,წართმეულია''. შენობებზე ასეთივე წარწერა წითელი და შავი საღებავებითაც გაკეთდა. 

,,წართმეული ობიექტები, სამწუხაროდ, ამ ხელისუფლების პირობებში ძალიან ბევრია. ბოლო 8 წლის განმავლობაში, ხელისუფლების მხრიდან ქართული ბიზნესის დატერორების ერთ-ერთი, კლასიკური მაგალითია ჰოლდინგური კომპანია ,,ვაკე 5'' და ,,ალბატროს ჯგუფი''. მაღალი საქმიანი ავტორიტეტის მქონე, დიდი გამოცდილების კომპანიების დამფუძნებლის, დავით ბეგიაშვილის მიმართ ხელისუფლებამ ტრადიციად ქცეული მეთოდები გამოიყენა და უკანონოდ მიითვისა მისი ბიზნესები,'' – აცხადებს დაჩი ცაგურია. 

მისი თქმით, აქცია ,,წართმეულია'' გაგრძელდება: ,,ალბატროსიდან ვიწყებთ ამ აქციას. მივალთ ყაჩაღურად მითვისებულ ობიექტთან. ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, როცა დილით ადამიანები მოდულის შენობაში იღვიძებენ, შემდეგ კი მილიონად შეფასებულ ქონებას სახელმწიფოს ჩუქნიან. მაქვს ინფორმაცია ხელისუფლების მიერ ბიზნესისათვის წართმეული 80 ობიექტის შესახებ, სადაც მომავალში მს¬გავს წარწერებს გავაკეთებთ.'' 

დაჩი ცაგურია ამბობს, რომ შესაბამის ინფორმაციას მას ხელისუფლების მიერ წართმეული ბიზნესების შესახებ, კომპანიების მფლობელების ოჯახის წევრები აწვდიან. შემდეგი აქცია ქიბარ ხალვაშის კუთვნილ ობიექტებთან გაიმართება, რომელიც აქციის ორგანიზატორების თქმით, მას ხელისუფლებამ წაართვა. 

საქართველოდან შვეიცარიაში გადახვეწილმა ბიზნესმენმა დავით ბეგიაშვილმა, 2012 წლის აგვისტოში, ადგილობრივი მედიასაშუალებებით, ბიზნესმენებს გაერთიანებისკენ და ,,კრიმინალური რეჟიმის'' შეჩერებიკენ მოუწოდა. 

დავით ბეგიაშვილი ჰოლდინგური კომპანია ,,ვაკე-5''-ისა და ,,ალბატროს ჯგუფის'' დამფუძნებელია. ის ღიად აცხადებს, რომ მისი ბიზნესის ხელში ჩაგდებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ვანო მერაბიშვილია დაინტერესებული და ამის გამო იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა. 

,,ჩემი დღევანდელი მდგომარეობაა: განადგურებული ბიზნესი, ჩამორთმეული, თუ დაყადაღებული ქონება, ვარ ბრალდებული რამდენიმე მძიმე მუხლით, იძულებით ემიგრირებული და ძებნილი'', – აღნიშნავს ბეგიაშვილი. 

დავით ბეგიაშვილმა თავის მიმართვაში ხელისუფლებისგან რეპრესირებული კომპანიები დაასახელა: „დაჯარიმებული და შეზღუდული კომპანიებია: ლუდისა და ღვინის მწარმოებლები – „ყაზბეგი“, „ბადაგონი“, „ქართუ ჯგუფი“, მედიაოპერატორები – „გლობალ-ტვ“ და „მაესტრო“, კორპორაცია „ჩემი სახლი“. 

ქართული ბეჭდური და ინტერნეტმედიის არქივის თანახმად, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნების მოთხოვნით, პროკურატურას ასეულობით ადამიანმა მიმართა. უწყებაში განსაკუთრებით დიდი რაოდენობის საჩივარი ჩამორთმეული მანქანების საქმეზე შევიდა. საგამოძიებო მასალების თანახმად, ავტომობილების უკანონო ჩამორთმევაში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის მაღალჩინოსნები იყვნენ ჩართულნი. 

,,2010 წლის ივნისში, შსს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ავტომანქანის სარკის ქურდობაზე, თენგიზ ბურჯანაძე დააკავეს. პროკურატურის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა კი, დაკავებულის დედას ხათუნა საგანელიძეს, საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, 21 000 დოლარად შეფასებული ,,ტოიოტა ავენსისი 1.8''-ისა და 47 197 ლარად შეფასებული ,,ჰიუნდაი სონატა''-ს სახელმწიფოსთვის

საჩუქრად გადაცემა მოსთხოვა. ავტომობილების შესყიდვისა და დათმობის შემდეგ, საპროცესო შეთანხმება გაფორმდა და დაკავებულს 50 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. 

,,2010 წლის ოქტომბერში, შსს-ს რაიონული სამართველოს თანამშრომლებმა, ხე-ტყის ქურდობის ფაქტზე დამაკავეს და მალევე, პროკურატურაში ჩემი ძმა დაიბარეს. როგორც ჩემს ძმას უთხრეს, თუ საპროცესო შეთანხმების გაფორმება მინდოდა, ოჯახს სახელმწიფოსთვის საჩუქრად 47 000 ლარად ღირებული, ავტომანქანა ,,ჰიუნდაი IX35'' უნდა გადაეცა. სხვა გზა არ მქონდა, უნდა დავთანხმებულიყავი _ მანქანა დავთმეთ, სანაცვლოდ 5 000-ლარიანი საპროცესო გამიფორმეს. ,,მოლაპარაკებებში'' საქმის ზედამხედველი, რაიონული პროკურატურის პროკურორი იყო ჩართული'', _ იხსენებს ერთ-ერთი დაზარალებული, გიორგი ჭოხონელიძე. 

საგამოძიებო მასალების თანახმადვე, მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩამორთმევის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ყოფილი თანამდებობის პირებიც არიან მხილებულნი. ასე მაგალითად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი თანამდებობის პირმა, 2010 წლის 9 თებერვალს, თაღლითობისათვის ბრალდებულ გივი ღუჭაშვილს, თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ ძიმცეიშვილის მოთხოვნა გადასცა, ,,ნისან მურანოს'' მარკის ავტომანქანა თავდაცვის სამინისტროს უსასყიდლოდ უნდა გადასცეო. ღუჭაშვილმა უსასყიდლოდ გადაუფორმა ავტომანქანა თავდაცვის სამინისტროს, რომლითაც სამხედრო პოლიციის თანამდებობის პირები სარგებლობდნენ. სანაცვლოდ, მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს,'' _ ვკითხულობთ ერთ-ერთ საგაზეთო სტატიაში. 

საარქივო მასალებიდან ნათელი ხდება, რომ ნაციონალების ბიზნესტერორს ვერც შპს ,,ავტოსერვის ცენტრი+''-ის დამფუძნებლები _ კახა ყველაშვილი და მამუკა იობაშვილი გადაურჩნენ, რომლებსაც ნაციონალების სასამართლომ 500 000 ლარი, ყოველგვარი საფუძვლისა და დანაშაულის დამტკიცების გარეშე გადაახდევინა. 

,,ნაციონალებმა ქონება წაგვართვეს, ყველაფერი გაგვაყიდინეს, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, პირველ რიგში, მაინც გამართლება გვჭირდება. ბოლოს და ბოლოს, ხალხმა ხომ უნდა იცოდეს, რომ პატიოსანი ბიზნესმენები ვართ და არა _ ვიღაც კრიმინალები?'' _ აცხადებდნენ რამდენიმე წლის წინ დაზარალებული ბიზნესმენები. 

,,ვმუშაობდით და ბრუნვაც ნორმალური გვქონდა, თუმცა 2011 წლის სექტემბერში, რატომღაც ციხეში აღმოვჩნდით. ვიდრე ეს ამბავი მოხდებოდა, ორი თვით ადრე, სააკაშვილის სამადლობელი წერილი მოგვივიდა, სადაც მადლობას გვიხდიდა იმის გამო, რომ კარგი გადამხდელები ვიყავით. ამის შემდეგ კი სრულიად მოულოდნელად, ციხეში ჩაგვსვეს. ციხეში ჩვენი ადვოკატებისაგან გავიგეთ, რომ კონტროლის პალატას ჰქონდა დაწერილი რაღაც დასკვნა და იქ ჩვენი ფირმაც იყო მოხსენიებული. დაგვაბრალეს, რომ სახელმწიფო ორგანიზაციებთან გვქონდა გარიგებები და ამ გარიგებების შედეგად, უკანონოდ ვიგებდით ტენდერებს. ამას სიმართლესთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. მოგვიანებით, შესაბამისი მტკიცებულებებიც დავუდეთ, რომ ასეთი რამ გამორიცხული იყო. თავდაპირველად გვეგონა, რომ ყველაფერი გაირკვეოდა, მაგრამ ციხეში მივხვდით, რასთან გვქონდა საქმე. 

ამაო იყო რაღაცის მტკიცება, ან საკუთარი სიმართლისთვის ბრძოლა. ამიტომ ციხეში ერთადერთი სურვილი გვამოძრავებდა: რაც შეიძლება მალე დაგვეღწია თავი იმ ჯოჯოხეთიდან, ნებისმიერი თანხის სანაცვლოდ. ამ პროცესში ჩვენი ოჯახები, მთელი სამეგობრო და სანათესაო იყო ჩართული. 

მე, მამუკა იობაშვილი და ლავრენტი სიხარულიძე, 6 თვის ვადით ვისხედით გლდანის მერვე საპყრობილეში. მოგვიანებით, კიდევ ერთი თანამშრომელი დააკავეს. მერე საპროცესო შეთანხმება გაფორმდა და ამ შეთანხმების საფუძველზე გაგვათავისუფლეს, რის სანაცვლოდაც 500 000 ლარი გადაგვახდევინეს. ეს თანხა ჩვენმა კომპანიამ გაინაწილა, ბანკიდან ავიღეთ სესხები, გავყიდეთ უძრავ-მოძრავი ქონება და ყველაფერი, რაც კი შეგვეძლო. ამას დავუმატეთ ახლობლებისაგან ნასესხები თანხა და ნახევარი მილიონი როგორღაც შევაგროვეთ. დღემდე ვიხდით ბანკის პროცენტებს. მოგვიანებით ისევ სესხები ავიღეთ, რომ ჩვენი ბიზნესი როგორმე შეგვენარჩუნებინა. ვალების გამო, დღემდე ურთულეს სიტუაციაში ვართ. 

საბედნიეროდ, არავის ვუცემივართ იმიტომ, რომ მალევე მივხვდით _ წინააღმდეგობასა და ბრძოლას აზრი არ ჰქონდა. თუმცა ამ საქმეს ჯანმრთელობა შევწირეთ: პირადად მე, ციხიდან რომ გამოვედი, კარგა ხანს ვმკურნალობდი. ყველაზე ძნელი მაინც ფსიქოლოგიური წნეხი იყო, რომელიც გამოვიარეთ. ექვსი თვის განმავლობაში მიდიოდა ვაჭრობა თანხაზე: თავიდან გვითხრეს, რომ 200 000-ს გადავიხდიდით და ციხეში ორი წელი ვიქნებოდით, ბოლოს 500 000-ზე ,,შევთანხმდით''. ვიდრე ჩვენ ციხეში ვიყავით, ოფისიდან კომპიუტერები და საბუთები წაიღეს, სრულიად პარალიზებული იყო აქაურობა. სხვათა შორის, ვინც გვიცნობდა, თუნდაც ძველი სახელმწიფო სტრუქტურების თანამშრომლები, ვისაც ვემსახურებოდით, ყველას ძალიან უკვირდა. მტკიცებულებებიც დავდეთ, მაგრამ მაინც ვერაფერს მივაღწიეთ, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში, ჩვენს წინააღმდეგ ერთი მოწმეც ვერ წარმოადგინეს'', _ ყვებიან ნაციონალების დროს დარეკეტებული ბიზნესმენები ერთ-ერთ ინტერვიუში, რომელიც 2015 წლის აპრილით თარიღდება. 

სხვათა შორის, ნაციონალური ბიზნეს-რეკეტის თითქმის ყველა ქეისში, ნოტარიუსი გინტური ფიგურირებს. ორი წლის წინ, კერძოდ, 2016 წლის გაზაფხულზე ითქვა, რომ გინტურს სამწლიანი პატიმრობა ემუქრებოდა. 

,,ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სამსახურებრივი უფლებამისილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, ნოტარიუსი ნუნუ გინტური და აღნიშულ დანაშაულში თანამონაწილე ია იაშვილი, ბრალდებულის სახით, სისხლის სამართლის პაუსიხგებაში მისცეს. 

გამოძიების ნოტარიუსმა ნუნუ გინტურმა და მისმა თანამზრახველმა ია იაშვილმა, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, ერთ-ერთი ბინათმშენებლობის ამხანაგობის თავმდჯომარესა და კიდევ ერთ მოქალაქეს მისცეს პირობა, რომ დაეხმარებოდნენ შეღავათიანი სესხის მიღებაში, რისთვისაც მოტყუებით, სასურველ პირზე გააცემინეს უძრავი ქონების მინდობილობები, მათ შორის, თბილისში, ოჟიოს ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის განკარგვის შესახებ. 

„რეალურად, ბრალდებულებმა სესხის ხელშეკრულების ნაცვლად, გააფორმეს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რის შემდეგაც უკანონოდ გაყიდეს აღნიშნული უძრავი ქონება. საერთო ჯამში, დაზარალებულთა მიმართ მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 604 736 აშშ დოლარი. დღეის მდგომარეობით, ნუნუ გინტურს ჩამორთმეული აქვს სანოტარო უფლებამოსილება. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით, 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს'', _ აღნიშულია საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში. 

ცნობილია, რომ ნოტარიუსს, რომლის სახელი არაერთ სკანდალურ საქმეს უკავშირდება, იუსტიციის მინისტრმა 2014 წლის მაისში, უფლებამოსილება შეუჩერა. ნუნუ გინტურის სახელი ბევრ საქმეში ფიგურირებდა და როგორც დაზარალებულები ამტკიცებდნენ, გინტური „წართმეულ ბიზნესსა და ქონებას ნაციონალურ მოძრაობას უფორმებდა და ბიზნესმენებს ციხეში უშვებდა, ან ციხეში შედიოდა შუაღამისას და „წილის გაჩუქებაზე'' პატიმრებს ხელს აწერინებდა'', _ წერდა 2016 წლის 27 აპრილს, ქართული ინტერნეტგამოცემა ,,პოლიტკომერსანტი'', რომელიც იქვე, ქონების წართმევის რამდენიმე გახმაურებულ საქმესაც იხსენებდა: 

,,ერთ-ერთი ასეთი საქმე, ტელეკომპანია „რუსთავი 2''-ის ბინზესწილებს ეხება, რომელზეც დავა სასამართლოში მიმდინარეობს. ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის მტკიცებით, 2006 წელს, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ტელეკომპანიების _ „მზისა'' და „რუსთავი 2''-ის წილის დათმობა მოსთხოვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქონებისა და თავისუფლების დაკარგვით დაემუქრნენ. ბიზნესმენი გარიგებას დათანხმდა, მაშინდელი კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ, დიმიტრი ქიტოშვილმა დაურეკა და ნოტარიუსთან დაიბარეს. წილი გადააფორმეს, ნოტარიუსი კი ნუნუ გინტური იყო... 

ნუნუ გინტურის მიმართ პრეტენზიები ჰქონდა ბიზნესმენ თამაზ გელაშვილსაც. მისი თქმით, ის საქართველოში პირველი ჰიდროელექტროსადგურების მეიჯარე, შემდგომში კი მეპატრონე იყო. მისი მტკიცებით, „ნაციონალური მოძრაობის'' დროს, ის აიძულეს ჰესი ბენდუქიძის დისთვის მიეყიდა. ბიზნესმენის თქმით, ჰესი „ჩალის ფასად გააყიდვინეს'', მერე თვითონ 20 მილიონ დოლარად გადაყიდეს. როგორც გელაშვილი ამბობდა, ფული „ქართული არმიის განვითარების ფონდში'' შეატანინეს, მისი ქონება კი ნუნუ გინტურის ბიუროში გადააფორმეს. ბიზნესნესმენი ამბობდა, რომ გინტურს ადეიშვილი მფარველობდა''. 

აქვე ,,ვერსია'', ინტერნეტმასალებზე დაყრდნობით, 2004- 2005 წლებში ანუ ნაციონალების მმართველობის დროს, იძულებით წართმეული ქონების არასრულ ჩამონათვალს გთავაზობთ: 

1. შპს ,,ზემელი 2003'', ბავშვთა მეთოდური ცენტრის დაუმთავრებელი შენობა. დაკავებულ მიწის (3 461 კვ.მ), ნაკვეთთან ერთად. თბილისი, მაიაკოვსკის ქ. #2/4. 

2. ს/ს ,,ორპირის'' ჩაი აქციები _ 6 388 აქცია. გასხვისების განკარგულება #200407-60. 

3. ს/ს ,,ტრაქტორის'' აქციები _ 99 967 აქცია. გასხვისების განკარგულება #3790-1-2. 

4. ს/ს ,,საქტრაქტორი'', აქციები _ 24 5253 აქცია. გასხვისების განკარგულება #3789-1 

5. შპს ,,იმერეთი+''-ის კუთვნილი 100% წილი. საჯარო რეესტრში რეგისტრაციის #1-4736. 

6. შპს ,,არენა''-ს კუთვნილი 60% წილი. საჯარო რეესტრში რეგისტრაციის #1-4686. 

7. ს/ს ,,ელექტრომექანიკოსი'', აქციები _ 222 411 აქცია. გასხვისების განკარგულება #3790-1-2. 

8. იზოლდა შალიკიანი კურორტ საირმეში მდებარე, სანატორიუმ ,,საირმეს'' შენობა-ნაგებობები. მთლიანი ფართი _ 3 649 კვ.მ. რეგისტრაციის #1-4739. 

9. როზეტა ბეშკენაძე (შალიკიანი). ქუთაისი, ნიკეას ქ. #42-ში მდებარე 1 513.38 კვ.მ. მიწის ფართი. რეგისტრაციის #1-4937. 

10. შპს ,,ბიტმაგი''. რუსთავი, გაგარინის ქ. #12-ში მდებარე მიწა (14 661.2 კვ.მ.), ფართი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობანი. 

11. ს/ს ,,ქუთაისის ავტოქარხანა'', აქციები _ 1 მილიონ 600 ათასი აქცია. 

12. თამთა ბახტურიძე. გარდაბნის რაიონი, სოფელ წავკისში მდებარე 0.15 ჰა მიწის ფართი (ნაკვეთის #436), #1-4747. სოფელ წავკისში მდებარე 1.15 ჰა მიწის ფართი (ნაკვეთის #437). სოფელ წავკისში მდებარე 0.06 ჰა მიწის ფართი (ნაკვეთის #438), მასზე განთავსებული სახლი. სოფელ წავკისში მდებარე 0.06 ჰა მიწის ფართი (ნაკვეთის #439) 

13. ს/ს ,,ქუთაისის ავტოქარხანა'', აქციები _ 1 მილიონი აქცია. 

14. შპს კორპორაცია ,,ივერია პლუსი'' _ უძრავი ქონება. გორგასლის ქ. #16-ში მდებარე 8 496 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართის მიმდებარე მიწის ნაკვეთი. რეგისტრაციის #1-3966. 

15. შპს ,,გაზაფხული''. თბილისი, ჟიული შარტავას ქ. #35. უძრავი ქონება (მიწა 2 832 კვ.მ.). 

16. შპს ,,სმარტი''. თბილისი, ვეკუას ქ. #3. უძრავი ქონება (არასაცხოვრებელი ფართი 1 279.16 კვ.მ.). 

17. შპს ,,სნაიპერი'', 500 პისტოლეტი ,,იერიხო''. 

18. შპს ,,კავკასიონი-იბერია'', მე-3 კლასის ჯავშანჟილეტი, 10 ცალი. 

19. ჯავშანჩაფხუტი (მაკედონიის წარმოების), 15 ცალი. 

20. ნიკოლოზ ქურდაძე. ავტომანქანა ,,ლანდ როვერ დეფენდერ''. მწვანე ფერის. 

21. მამუკა კოსტავა. ავტომანქანა ,,VEჩთღA 2, 1-ს'', გამოშვების წელი _ 1993. 

22. თენგიზ კვიჟინაძე. ავტომანქანა ,,ვაზ 2107 თეთრი ფერის. გამოშვების წელი _ 2005. 

23. მ. ბურჯანაძე. ავტომანქანა ,,ოპელ ასტრა''. მუქი წითელი. 

24. გ. აბუთიძე. ავტომანქანა ,,ნივა'' 21214. თეთრი ფერის. გამოშვების წელი _ 2005. 

25. ავტომანქანა ,,ნივა'' 21214. სახ. # ძOძ 496. თეთრი ფერის, გამოშვების წელი _ 2005. 

26. ავტომანქანა ,,ნივა'' 21214. თეთრი ფერის. 

27. ავტომანქანა ,,ნივა'' 21214. თეთრი ფერის. 

28. შპს ,,მუხა''. თბილისი, ვანის ქ. #4-ში მდებარე 857 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები. 

29. კობა საური. ავტომანქანა ,,ოპელ ვექტრა''. 1993 წლის გამოშვება. ფერი _ ღია რუხი. 

30. საქართველოს ხორბლისა და პურპროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია. ავტომანქანა ,,ვაზ-21'', 6 ცალი. 

31. თეიმურაზ მესხი. ავტომანქანა ,,BMჭ ვ5''. გამოშვების წელი _ 2004. ფერი _ შავი. 

32. თამაზ წაქაძე. ავტომანქანა ,,BMჭ 523''. გამოშვების წელი _ 1996. ღია რუხი ფერის. 

33. ბესიკ გალუაშვილი. ავტომანქანა ,,BMჭ 530''. გამოშვების წელი _ 1993. მწვანე მუქი ფერის. 

34, შპს ,,ჟინერი'' _ 100%. დუშეთი. 

35. სს ,,ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხანა''. 2 887 895 ცალი, 1 აშშ დოლარის ნომინალი აქცია _ 42%. 

36. სს ,,ელმავალმშენებელი'' _ 19 777 275 აქცია, 39%. 

37. შპს ,,პერჯორჯო და თემური''. 10 ავტომანქანა. ორიგინალი. 

38. შპს ,,ოლიმპი''. თბილისი, დავით აღმაშენებლის #73-ში მდებარე მიწის ნაკვეთი (20 155 კვ.მ.) და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა. ამჟამად მუნიციპალურ საკუთრებაშია.

ნინო დოლიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში