Menu
RSS

„ოცნებაზე“ მასობრივი „შტურმი“ დაიწყო!“

ვახტანგ ძაბირაძის საარჩევნო პროგნოზები

საპრეზიდენტო არჩევნების კამპანია აქტიურ ფაზაში შედის და პოლიტიკური პროცესებიც უფრო მწვავდება. სხვათა შორის, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ბოლოჯერ ტარდება, შემდეგ კი პრეზიდენტს, ხალხის ნაცვლად, პარლამენტი აირჩევს. ამჟამად ქვეყნის პირველი პირის სტატუსის მოსაპოვებლად 25 ადამიანი იბრძვის, თუმცა აქტიურ კამპანიას მხოლოდ რამდენიმე მათგანი ატარებს. საარჩევნო კამპანიის პარალელურად, ორ კვირაზე მეტია, შვილმოკლული მამები _ ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი საპროტესტო აქციებს ატარებენ და ხელისუფლების გადაყენებას ითხოვენ. ჯერ კიდევ არ მინელებულა მარიხუანას კულტივაციის ინიციატივით გამოწვეული ვნებათაღელვა. ისიც ნათელია, რომ ამ საარჩევნო კამპანიაში ,,შავი პიარიც'' ,,მოსულა'' და სხვისი ,,გაშავებით'' საკუთარი თავის ,,გათეთრებაც''. ზოგი კანდიდატი პენსიის გაზრდას გვპირდება, რაც მის კომპეტენციაში ნამდვილად არ შედის. ზოგი კი გვირჩევს, უარყოფითი ემოციების ,,კანალიზაციას'' მივმართოთ... ყველაფერ ამის შეფასება ,,ვერსიამ'' ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძეს სთხოვა: 

 

_ მესმის, რაც ხდება რუსთაველზე, მაგრამ ამ აქციების დაანონსებისას, როგორც ჩანს, არ გაითვალისწინეს მნიშვნელოვანი რამ _ არჩევნები. იმ ფონზე, როცა ბრძოლა მიდის პარტიებს შორის, სოლიდარობა შვილმკვდარი მამების მიმართ ძალიან დაბალია. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამას ზოგი ნაციონალური მოძრაობის აქციად აღიქვამს, ამიტომ ნეიტრალურ საზოგადოებასთან ერთად, პარტიებიც თავს იკავებენ, რადგან მიიჩნევენ, რომ ერთმანეთის კონკურენტები არიან და ამ აქციის წარმატება ბუნებრივად იმუშავებს ნაციონალებზე და არა _ სხვაზე. ამიტომ მოსალოდნელი იყო, რომ ეს აქცია ამ მიმართულებით წავიდოდა. მოკლედ, არასწორადაა დრო შერჩეული. სხვათა შორის, გირგვლიანის საქმის დროსაც აქციები დაიწყო და ნელ-ნელა მინავლდა, დავიწყებას კი არ მიეცა, მაგრამ აქტუალობა, რომ პროტესტი ქუჩაში ყოფილიყო გამოხატული, დაკარგა. ამ ანალოგიით, ეს აქციაც ასეთი მილევადი ხასიათის იქნება, მაგრამ თემა, რა თქმა უნდა, მუდმივად დარჩება აქტუალური. 

რაც შეეხება არჩევნებს, ეს საკითხი დღეს მედიის და საზოგადოების ყურადღების ცენტრშია სხვა თემებთან ერთად, როგორიცაა მარიხუანას, ტელეკომპანია ,,იბერიას'' და ,,ომეგა ჯგუფთან'' დაკავშირებული სკანდალები. ეს საშინაო პოლიტიკაში იმდენად ძლიერი რყევებია, რომ მასობრივი ,,შტურმი'' დაიწყო ,,ქართული ოცნების'' წინააღმდეგ და სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, საზოგადოება ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს და ჯერჯერობით მხოლოდ მაყურებლის როლშია. ,,ქართულმა ოცნებამ'' დიდი შეცდომები დაუშვა საარჩევნო პერიოდში _ ცდილობს, რადაც არ უნდა დაუჯდეს, სალომე ზურაბიშვილი გახდეს პრეზიდენტი. ძნელი სათქმელია, ეს როგორ დამთავრდება, ზოგი ,,შავ პიარს'' მიაწერს და ზოგი _ რას, მაგრამ საზოგადოებაში მის მიმართ არაა კეთილგანწყობილი დამოკიდებულება. რაც დროზე აღიქვამს ამ რეალობას ,,ქართული ოცნება'', მით უკეთესი მისთვის. არჩევნებში შეიძლება, გაიმარჯვოს, მაგრამ ეს იქნება საზოგადოებაზე ზეწოლისა და ძალმომრეობის შედეგი, რაც კარგ შედეგს არ მოუტანს ,,ქართულ ოცნებას'' 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. პოლიტიკური პროცესი, სამწუხაროდ, ამ მიმართულებით მიდის და ხელისუფლებასაც ასე მიჰყავს, რაც ცოტა გაუგებარია. 

_ ბევრმა ვერც ის გაიგო, რატომ დასჭირდა ხელისუფლებას არჩევნების წინ მარიხუანას კულტივაციის წამოწევა, რასაც დიდი პროტესტი მოჰყვა... 

_ რა თქმა უნდა, ეს საკითხი გარკვეულწილად შეთანხმებული იქნებოდა ბიძინა ივანიშვილთან, მაგრამ ხელისუფლებაში ხომ სხვადასხვა დაჯგუფებებია და საინტერესოა, რომელმა მხარემ იჩქარა. მარიხუანას კულტივაცია არცთუ ცუდი ბიზნესია, ამ ქვეყანაში კი, სამწუხაროდ, ბიზნესის გადანაწილება და მონოპოლიზება მიდის. აჩქარების შედეგი იყო ისიც, რაც მოხდა. შესაძლოა, არ ელოდნენ ასეთ მკვეთრ რეაქციას, რადგან ეს პროცესი კარგა ხანია, დაიწყო. ჯერ ,,გირჩმა'' დათესა და მოიყვანა მარიხუანა, ამას მოჰყვა საკონსტიტუციო სასამართლოს უცნაური გადაწყვეტილება. ერთმანეთში აირია დეკრიმინალიზაციისა და ლეგალიზაციის საკითხები, შემდეგ ,,ბასიანთან'' დაკავშირებული აქციები იყო. თითქოს ერთიანი ჯაჭვი იკვეთება და შესაძლოა, ვიღაცამ ჩათვალა, საზოგადოების ნაწილი ყველაფერ ამისთვის მზადააო, მაგრამ ამას მკვეთრი რეაქცია არა მხოლოდ ეკლესიის, არამედ, საზოგადოების უმრავლესობის მხრიდანაც მოჰყვა. როცა ამ საკითხზე კანონპროექტი შეაჩერეს და არ გაიწვიეს პარლამენტიდან, ესეც ერთგვარი ლაკმუსია, რომ ხელისუფლება საზოგადოებას თითქოს ჯიბრში უდგება, რომ ამ საკითხს მაინც გაიტანს, თორემ ამხელა პროტესტის ფონზე რა უდგას წინ კანონპროექტის გაწვევას და ახალი კანონის შემოტანას? _ ასეთი , პირველ რიგში, ,,ქართულ ოცნებას'' არ არგებს. 

_ წეღან თქვით, ხელისუფლების მიმართ ,,შტურმი'' ხორციელდებაო. ფიქრობთ, პროცესები ვადამდელი არჩევნებისკენ მიდის? 

_ რაც დრო გავა, მით უფრო შეუძლებელი გახდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. გასულ გაზაფხულზე ეს ხელისუფლებისთვის იქნებოდა მომგებიანი, ახლა კი ვითარება საკმაოდ გართულდა. ვამბობდი, რომ ,,ქართულ ოცნებას'' აქვს ერთი წელი, ცუდი მიმართულებით მიმდინარე პოლიტიკური პროცესი როგორმე შემოაბრუნოს და მიმაჩნდა, რომ ეს უნდა გაეკეთებინა ივანიშვილს, წლის ბოლომდე არის დრო და შემდეგ, ეს შეუძლებელი გახდება-მეთქი. მაგრამ მას შემდეგ ,,ქართულმა ოცნებამ'' რამდენიმე შეცდომა დაუშვა. 

პოლიტიკისთვის მნიშვნელობა არ აქვს, მართალია თუ არა, რასაც ,,ომეგა ჯგუფი'' ავრცელებს. პროპაგანდის, საზოგადოებაზე ზემოქმედების თვალსაზრისით და თუ მოსახლეობის სოციალურ და ეკოონომიკურ მდგომარეობასაც გავითვალისწინებთ, საზოგადოებას ამაზე ანტისახელისუფლებო რეაქცია აქვს. რას და როგორ დაადგენს სასამართლო, ეს წმინდა სამართლებრივი საკითხია, რომელსაც მოსახლეობაზე ნაკლები ზეგავლენა ექნება. საზოგადოებამ იმდენად დაუშვა ამის შესაძლებლობა, რომ ახლა საწინააღმდეგოც რომ დაამტკიცოს ხელისუფლებამ, ხალხი იმას კი არ ჩათვლის, რომ ხელისუფლება მართალია, ჩათვლის, რომ ზეგავლენა მოახდინა სასამართლოზე და ამიტომაც მიიღო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება. ამასთან, გულწრფელად რომ გითხრათ, მეც არ ველოდი, რომ ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანია ამდენად ნეგატიური იქნებოდა. როცა ,,ოცნებამ'' მხარი დაუჭირა, ვთქვი, გარანტირებული აქვს, მინიმუმ, მეორე ტურში გასვლა და იქ მოიგებს-მეთქი, მაგრამ ყველაფერმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. რამდენიც უნდა თქვას ხელისუფლებამ ეს ,,შავი პიარიაო'', ის განცხადებები, რომელიც , მაინც ცუდად აღიქვა საზოგადიოებამ და ,,შავი პიარი'', უბრალოდ, დამატებაა. ეს პროცესი განსაზღვრავს იმ მიმართულებას, რომ ,,ქართული ოცნება'' ნელ-ნელა კარგავს რეიტინგს და დღეს კითხვის ნიშანია, რიგგარეშე არჩევნებში მოიგებს კი ,,ქართული ოცნება''? გაზაფხულზე ნამდვილად მოიგებდა, ეჭვიც არ მეპარებოდა, მაგრამ დღეს უკვე კითხვები ჩნდება... 

_ კი, მაგრამ მმართველი პარტიის შემცვლელი ალტერნატიული ძალა ჩანს? 

_ როგორც ჩანს, ნაციონალური მოძრაობა ცდილობს თავისი იმიჯის შელამაზებას საზოგადო მოღვაწეთა შემოკრებით. ასეთ კატეგორიას ნოდარ ნათაძე ,,ლამაზებს'' უწოდებდამ, ეს ის ხალხია, სია რომ უნდა ,,გაალამაზონ''. 

ნაციონალურ მოძრაობასაც აქვს თავისი პრობლემები, განსხვავებით ევროპული საქართველოსგან. საკმაოდ დეფიციტს განიცდის კადრებისას, რომლითაც დააკომპლექტებს პირველ 15 ადგილს თავის სიაში. 

_ ბატონო ვახტანგ, საინტერესოა, როგორ შეაფასებთ გიორგი მარგველაშვილის საპრეზიდენტო მოღვაწეობას? 

_ მარგველაშვილს ჰქონდა საკმაოდ რთული მისია. მისი, როგორც პრეზიდენტის უფლებამოსილებები და მოსახლეობაში პრეზიდენტის აღქმა რადიკალურად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. მოსახლეობა მისგან ითხოვდა, რასაც ითხოვდნენ წინა პრეზიდენტებისგან, მაგრამ მარგველაშვილს ამის შესაძლებლობა არ ჰქონდა. რთული მისია ის იყო, რომ მას უნდა დაეწყო საპარლამენტო პრეზიდენტის ინსტიტუტის ჩამოყალიბება. მიმაჩნია, რომ ეს მისია შეასრულა. სწორი ნაბიჯები გადადგა, არასდროს გასულა თავისი უფლებამოსილების ჩარჩოდან. ასე რომ, მარგველაშვილის საპრეზიდენტო მოღვაწეობას უარყოფითად არ შევაფასებდი. დაიწყო ამ ინსტიტუტის სწორი მიმართულებით ჩამოყალიბება და თუ ამ მიმართულებას ექნა ნორმალური გაგრძელება, მაშინ მართლა მივიღებთ რეალურ საპარლამენტო პრეზიდენტს და არა _ ოპოზიციის ლიდერს ან სოციალური დაკვეთის შემსრულებელს, რისი უფლებებიც ამგვარ პრეზიდენტს არ აქვს. 

_ აკრიტიკებენ იმის გამო, რომ არ გამოირჩეოდა პრინციპულობით და არ გადადგა მკვეთრი ნაბიჯები პოლიტიკური პროცესების გასაუმჯობესებლად. მასთან აქვთ კითხვები შეწყალებასთან, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებითაც... 

_ შეწყალება მისი დისკრეციული უფლება იყო და ეს გამოიყენა. ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას _ არა. ეს არაა განხილვის თემა, რადგან ვერც ერთი პრეზიდენტი ვერ განახორციელებს შეწყალებას ისე, რომ აბსოლუტური მოწონება დაიმსახუროს. ეს არაა ინსტიტუციური შეცდომა, პიროვნება იღებს გადაწყვეტილებას. მეც არ მომწონს, რომ არ ჩაერთო საკონსტიტუციო განხილვებში, მაგრამ აირჩია მეორე გზა. უფლებამოსილებების ფარგლებში მოქმედებდა თუ არა, ესაა დღეს შეფასების საგანი და არა ის, ვიღაცას მოსწონს თუ არა. მარგველშვილი სამართლებრივად სწორად იჯდა თავის უფლებამოსილებებში. სამწუხაროდ, ხელისუფლება ითხოვდა უტყვ მორჩილებას, ოპოზიცია კი _ ,,ხმალამოღებულ ბრძოლას'' ხელისუფლების წინააღმდეგ, მარგველაშვილმა არც ერთი გააკეთა და არც _ მეორე. სწორედ ესაა ის ნიშა, სადაც უნდა მოქმედებდეს საპარლამენტო მმართველობის პირობებში პრეზიდენტი.

თათია გოჩაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში