Menu
RSS

სახელმწიფო ბიუჯეტში 5 მილიარდ 727 მილიონ ლარზე მეტია მობილიზებული

უმაღლეს საგანმანათლებლო, სამედიცინო და ფარმაცევტულ დაწესებულებებში თამბაქოს მოხმარებაზე შეზღუდვა მოიხსნება

2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის მიმოხილვა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განიხილეს. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, რომ მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდა 4.6%-ით დაიგეგმა და ბიუჯეტიც ამ პარამეტრს დაეფუძნა, თუმცა შვიდი თვის მდგომარეობით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 5.7%-ია... ვიდრე კომიტეტის წევრები სახელმწიფო ბიუჯეტის ექვსთვიან მონაცემებს განიხილავდნენ, პარტია ,,თავისუფალი საქართველოს'' თავმჯდომარეს, პრეზიდენტობის კანდიდატს, კახა კუკავას მოუსმინეს.

26 სექტემბერს, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 8 საკითხი განიხილა. სხდომას პარტია ,,თავისუფალი საქართველოს'' თავმჯდომარე კახა კუკავა ესწრებოდა, რომელმაც ,,ომეგა ჯგუფთან'' დაკავშირებულ პრობლემებთან დაკავშირებით კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძეს, ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის საკანონმდებლო ორგანოში მისვლა მოსთხოვა. ,,ომეგა ჯგუფის'' სკანდალზე კუკავამ ოფიციალური განმარტება, პირადად მინისტრისგან მოითხოვა. 

„თუ სახელმწიფომ ,,ყაზტრანსგაზს'' 100 მილიონის დავალიანება ჩამოაწერა, რატომ არ შეიძლება, ,,ომეგა ჯგუფის'' დავალიანება გაიწეროს? ჩვენთვის ეს საკითხი იმ კუთხითაა მნიშვნელოვანი, რომ ტელევიზია არ გაჩერდეს. რაც მთავარია, ქარხანაში, რომელიც დაყადაღებულია, 1 500 ადამიანი მუშაობს და ისინი უმუშევრად არ უნდა დარჩნენ. ამიტომ გთხოვთ, დაიბაროთ პარლამენტში ფინანსთა მინისტრი, რათა ამ კითხვებს პასუხი გასცეს''. 

ირაკლი კოვზანაძემ კუკავას განუმარტა, რომ დადგენილი წესით, კომიტეტი მხოლოდ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელებდა, თუმცა პრეზიდენტობის კანდიდატს დაპირდა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ფინანსთა მინისტრს პარლამენტში დაიბარებენ, რათა დეპუტატების კითხვებს პასუხები გაეცეს. 

ამის შემდეგ, კახა კუკავამ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა დატოვა, ტრიბუნასთან კი ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე მივიდა. მისი თქმით, 2018 წლის ექვსი თვის მდგომარეობით, წლიური ინფლაცია 2.2%-ია, შვიდი თვის მაჩვენებელი _ 3.1%. კაკაურიძის განცხადებით, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 5 441 800 400 ლარით განისაზღვრა. 

,,საანგარიშო პერიოდში, მობილიზებულია 5 727 345 700 ლარი ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 105.2%. რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესრულებას, წლიური გეგმა 12 459 500 000 ლარია, ექვსი თვის დაზუსტებული გეგმა კი 5 748 000 000 ლარი იყო. აქედან, საკასო შესრულება 5 465 000 000 ლარი ანუ დაგეგმილი მაჩვენებლის 95.1%-ია. უკვე რვა თვის მდგომარეობით, შესრულება 7 195 600 000 ლარი იყო, რაც წლიური გეგმის 58%-ია'', _ აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ. 

გიორგი კაკაურიძის თქმით, უკვე რვა თვის მონაცემებით, ფულადი გზავნილები ქვეყანაში 18%-ით გაიზარდა, ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 2 232 000 000 დოლარია, ვიზიტორების რაოდენობა კი _ 5 684 000. 

საპარლამენტო უმცირესობის, ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა, რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ 9 თვე გავიდა, პარლამენტი კი სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ექვსთვიან მონაცემებს იხილავს. მისი თქმით, ბიუჯეტის 9 თვის გეგმის შესრულებას 1 მილიარდი ლარი აკლია ხარჯვით ნაწილში, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის აღებულ სესხებს სახელმწიფო ვერ ხარჯავს. რომან გოცირიძე დაინტერესდა, როგორ აპირებს მთავრობა გეგმის შესრულებას და რა მოუვა ლარს, როდესაც ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის დანაკლისი _ 1 მილიარდი ლარი, წლის ბოლომდე, სხვადასხვა მუხლზე გადანაწილდება. 

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ 2018 წლის ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მონაცემები სამინისტროს თვის ბოლომდე ექნება, თუმცა წინასწარი მონაცემებით, ელიან, რომ ბიუჯეტის 9 თვის გეგმა 95%-ით შესრულდება. რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებისთვის აღებულ სესხებს, კაკაურიძის განცხადებით, ეს დონორი ორგანიზაციების მიერ გადარიცხული თანხებია, რაც ეტაპობრივად, ტრანშების სახით ირიცხება, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, ამ პროცესს ლარის კურსზე გავლენა თეორიულადაც კი ვერ ექნება. 

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტიც განიხილა. როგორც ცვლილებების ინიციატორმა, კახაბერ კუჭავამ აღნიშნა, ამ კანონპროექტით, ქვეყანაში, ელექტროძრავიანი ავტობუსებისა და მიკროავტობუსებისთვის შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმი შეიქმნება, რაც ხელს შეუწყობს ელექტროძრავაზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობის ზრდას: „საბოლოოდ, ყველაფერი ეს ,,მწვანე ეკონომიკის'' ზრდასა და მდგრად განვითარებას ემსახურება, რაც თავის მხრივ, საქართველოსა და ევროკავშირს შორის 2014 წელს დადებული ასოცირების შეთანხმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა''. 

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა, საკანონმდებლო ინიციატივის წესით, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს წარუდგინა ცვლილებები პროექტი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“. ახალი ცვლილებებით, სასაზღვრო კონტროლის ზონაში არსებულ თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში რეალიზაციისა და განლაგებისას, სასურველია, რომ თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე არსებული სამედიცინო გაფრთხილება ინგლისურ ენაზეც განთავსდეს. მომხსენებელ ლევან კობერიძის განცხადებით, ცვლილებები ყალიბდება ისე, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო, პროფესიული, სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული შეზღუდვა მოიხსნება: ,,ამ მიზნით გარკვეული პირობები დგინდება. კერძოდ, აღნიშნული დაწესებულებების ტერიტორიაზე, თამბაქოს მოწევა დასაშვებია ხელმძღვანელის მიერ სპეციალურად განსაზღვრულ ადგილზე, რომელთა რაოდენობა დაწესებულების ტერიტორიაზე არ უნდა აღემატებოდეს სამს, ხოლო თითოეული ადგილის ფართობი 20 კვადრატულ მეტრზე მეტი არ უნდა იყოს''. 

თამბაქოს მოხმარებაზე შეზღუდვა სათამაშო აპარატების სალონებშიც მოიხსნება. ლევან კობერიძემ განმარტა, რომ მათი მოწყობის ნებართვისთვის, კანონპროექტით, სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთიც დადგინდა და არანაკლებ 200 000 ლარით განისაზღვრა. გარდა ამისა, ცვლილებით, თამბაქოს მოწევა დასაშვები გახდება პროფესიული თეატრის მუდმივი სარგებლობისთვის განკუთვნილ შენობა-ნაგებობაში, მხოლოდ მსახიობის ან/და შემსრულებლის მიერ, სპექტაკლის ან/და თეატრალური წარმოდგენის მიმდინარეობის დროს, რეჟისორის შემოქმედებითი ჩანაფიქრის განხორციელების მიზნით. ამასთან, სპექტაკლის, ან თეატრალური წარმოდგენის დაწყების წინ, მაყურებელს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია თამბაქოს ნაწარმის მავნე ზემოქმედების შესახებ. 

კომიტეტმა „მაუწყებლის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის'' კანონპროექტზეც იმსჯელა. როგორც კანონპროექტის ინიციატორმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა, არაწინასაარჩევნო პერიოდში, პოლიტიკურ პარტიებს შესაძლებლობა უნდა მიეცეთ, რათა მაუწყებლებისგან პოლიტიკური შინაარსის რეკლამის მომზადებისა და გავრცელების მომსახურება შეიძინონ. 

კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის შეფასებით, ,,ეს კანონპროექტი სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების შემცირებას არ იწვევს. თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს შენიშვნები არ გააჩნია“. შესაბამისად, კომიტეტმა ირმა ინაშვილის წარდგენილ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. 

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატების _ რომან გოცირიძის, სალომე სამადაშვილის, ნიკანორ მელიასა და თინათინ ბოკუჩავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტებიც განიხილეს. კერძოდ, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, თანმდევ საკანონმდებლო პაკეტთან ერთად. 

,,ვერსია'' უკვე წერდა, რომ ნაციონალური მოძრაობა ბიზნესომბუდსმენის აპარატის გაუქმებასა და ამ ფუნქციის სახალხო დამცველის აპარატში გაერთიანებას ითხოვს. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომას სახალხო დამცველის საპარლამენტო მდივანიც ესწრებოდა. მისი განმარტებით, მართალია, ცალკეულ შემთხვევებში, სახალხო დამცველის აპარატი საკუთრების უფლების შელახვის ფაქტებსაც განიხილავს, მაგრამ პრიორიტეტი ადამიანის უფლებების დაცვაა. შესაბამისად, მიზანშეწონილი არ არის, რომ ბიზნესომბუდსმენის ფუნქციები სახალხო დამცველმა შეითავსოს. 

მართალია, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ამ საკანონმდებლო ინიციატივას მხარი არ დაუჭირა, მაგრამ ირაკლი კოვზანაძემ დააზუსტა, რომ ეს ხელს არ უშლის ნაციონალურ მოძრაობას, რომ აღნიშნული ინიციატივა პარლამენტის სესიაზე განსახილველად გაიტანოს.

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში