Menu
RSS

სექსი და... საპრეზიდენტო არჩევნები

როგორ ცდილობენ კანდიდატები ხალხის დაბოლებას _ აბსურდული სლოგანების „კანალიზაცია“

პიარსპეციალისტები ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო სუბიექტი სლოგანს სწორად შეარჩევს და შესაბამისად, საარჩევნო კამპანიასაც სწორად დაგეგმავს, არჩევნები, შეიძლება, უპირობოდ ვერ მოიგოს, მაგრამ იმდენს მაინც შეძლებს, რომ კონკურენეტებს ,,პრუწუნ-პრუწუნი'' დააწყებინოს. მართალია, ორ ათეულ წელზე მეტია, საქართველოში მრავალპარტიული არჩევნები ტარდება, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ვერ ვიტყვით, რომ ჩვენებური პოლიტიკური ელიტა ან სლოგანების ძალას ჩასწვდა ან საარჩევნო კამპანიას უშეცდომოდ გეგმავს. ამ მხრივ, მოგვწონს თუ არა, ლოკომოტივი მიხეილ სააკაშვილი იყო, რომელიც პიარის ღმერთებს მეტ-ნაკლებად ემორჩილებოდა და ცდილობდა, მასებზე ზეგავლენა მოეხდინა. პიარის ღმერთების მოთხოვნა კი ასეთია ანუ პოლიტლექსიკონში სიტყვა სლოგანი ასეა განმარტებული:

,,კომპანიის ძირითადი დაპირების სიტყვიერი გამოხატულება. სლოგანი რაც შეიძლება, ლაკონური, გასაგები და ემოციურად დატვირთული უნდა იყოს. ყურადღება სლოგანის ხმოვანებასა და მის გრაფიკულ გამოსახულებასაც უნდა მიექცეს. სლოგანის შექმნა ბრენდის შემდგომ წარმოჩენას ძლიერ აადვილებს. ის საშუალებას იძლევა, მაყურებელს კომპანიის მთავარი დაპირება მეხსიერებაში ადვილად ჩავუბეჭდოთ.'' 

საქართველოში ხალხს პოლიტიკოსებზე გული ისე აქვს აცრუებული, რომ სლოგანებით კი არა, პოლიტიკურ ფიგურებზე გული მას მერეც არ მოუბრუნდება, ამ უკანასკნელებმა ამომრჩეველს ხელის გულზე სულ ერბოკვერცხი რომ შეუწვან, მაგრამ ნათქვამია, ცდა ბედის მონახევრეაო. ჰოდა, წლევანდელმა საპრეზიდენტო არჩევნებმა სტარტი აიღო თუ არა, პრეზიდენტობის მოსურნეებმაც აღარ იციან, მოსახლეობას თვალში როგორ ,,მოხვდნენ''. ამ კუთხით, ყველაზე ,,ბეჯითი'' საპრეზიდენტო კანდიდატი ,,გაფრანგებული'' ქალბატონია. 

სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური საარჩევნო სლოგანი ასეთია _ ,,ერთად საქართველოსთვის!'' ახლა, წმინდა პიარულად რომ მივუდგეთ, ძნელი გასაგებია, რა დედააზრი დევს ამ სლოგანში ანუ რას ნიშნავს ერთად საქართველოსთვის? ქალბატონ ზურაბიშვილსა და მის მრჩევლებს, ალბათ, იმის თქმა უნდოდათ, რომ საქართველოს უკეთესი მომავლისთვის ყველამ ერთად უნდა ვიშრომოთ და ვიზრუნოთო. კეთილი და პატიოსანი ანუ ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ ზურაბიშვილის სლოგანი ისეთივე გაუგებარი და ზოგადია, როგორც მისი საჯარო განცხადებები. 

დიახ, ქალბატონებო და ბატონებო, ქალბატონი ზურაბიშვილი, სხვა თუ არაფერი, საქართველოს ისტორიაში თავისი უცნაური გამონათქვამებით მაინც შევა. მისი ფრაზების მოკლე ჩამონათვალი კი ასეთია: 

 

,,სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო!'' 

,,თავს ისე ვგრძნობ წყალში, როგორც თევზი იმიტომ, რომ თევზი ვარ ჰოროსკოპით!'' 

,,ავლაბრის რეზიდენციის აურა და ჰავა არ მიხდება, ორბელიანის სასახლე სჯობია ფსევდორაიხსტაგს!'' 

,,პრეზიდენტი უნდა იყოს ხალხთან, მაგრამ მაინც ზევით უნდა იყოს!'' 

,,ეს ის კითხვებია, რასაც ანალისტები და ჟურნალისტები უნდა სვამდნენ!'' 

,,უკვე არის ნათქვამი და ცოტა ჟურნალისტებმაც ტვინი გაანძრიეთ და ჩაიხედეთ, სად არის ნათქვამი!'' 

,,ახალი პრეზიდენტი არ უნდა იყოს ვეტომდებელი, უნდა იყოს იდეამდებელი!'' 

,,აგრესიის კანალიზაცია ხდება ფიზიკური აღზრდით და ვარჯიშით!'' 

,,ჯანსაღი ცხოვრება არის წინანდარი ჯანსაღი სულის!'' 

ერთი სიტყვით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქალბატონი ზურაბიშვილი წლევანდელი საარჩევნო კურიოზების უპირობო ლიდერია, რომელსაც კვალდაკვალ მიჰყვება ,,გირჩელი'' ზურაბ ჯაფარიძე. ახლა, იკითხავთ, რატომო? რატომ და, ჯერ ერთი, ზურაბ ჯაფარიძე, თავიდან ბოლომდე, პოლიტიკური ცირკია ანუ უფრო ნათლად და გასაგებად რომ ვთქვათ, ეს ადამიანი ისეთ განცხადებებს აკეთებს, რომ გინდა თუ არა, ,,ნიუსების'' ავანგარდში ხვდება. 

ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ,,ჯაფარამ'', იმისთვის რომ ცესკო-ს საპრეზიდენტო კანდიდატად დაერეგისტრირებინა, ,,გირჩი'' ოფიციალურად დაირქვა. მანამდე, ,,ჯაფარამ'' ახალი რელიგია ჩამოაყალიბა, რომელსაც ,,ბიბლიური თავისუფლება'' დაარქვა. ამ დღეებში კი, საარჩევნო შემოწირულობების შეგროვების ორიგინალური ხერხი გვამცნო: 

„10 000-ზე მეტი მღვდელმსახურის არსებობის მიუხედავად, რაც, თავისთავად, ნებისმიერი ეკლესიისთვის დიდი სიმდიდრეა, არ გაგვაჩნია მუდმივი სალოცავი ადგილი და შეკედლებულები ვართ გირჩის ოფისის ღია სივრცეს, რომელიც მღვდელმსახურთა შეკრებისთვის მხოლოდ ზაფხულობით თუ გამოდგება. ყოვედღიურ წირვაზე მომსვლელთა რაოდენობა, სახელმწიფოს არაჰუმანური პოლიტიკის გამო, განუხრელად იზრდება, გირჩს კი არ აქვს საშუალება ზამთრის ცივი დღეების დადგომის შემდეგ ოფისის დახურული სივრცე დაუთმოს საეკლესიო მსახურებას. 

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, ეპისკოპოსთა 36-ე კრებაზე ეკლესიამ მიიღო გადაწყვეტილება ტაძრის მშენებლობის შესახებ, რათა შემოდგომის მეორე ნახევრიდან, ამინდის გაუარესების კვალდაკვალ, მღვდელმსახურთა ყოველდღიური კრების ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს და ამან ადამიანთა დიდ ნაწილს სულიერ დისკომფორტთან ერთად, თავისუფლების დისკომფორტი არ შეუქმნას. 

მეორე მხრივ, როცა ქვეყანაში ასეთი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა და ჩვენ საკუთარი თვალით ვხედავთ ყოველდღიურ ტრაგიკულ რეალობას, რომ ადამიანთა უდიდესი ნაწილი, 20 ლარიან შემოწირულობასაც კი არ/ვერ იხდის ნებაყოფლობით, ასეთ დროს ეკლესია არ უნდა ისწრაფვოდეს პომპეზურობისა და მონუმენტური ტაძრების მშენებლობისკენ. ამიტომ გადავწყვიტეთ ტაძარი განთავსდეს „გირჩის“ ეზოში არსებულ ავტოფარეხში, რომელსაც შევძენთ ტაძრისთვის აუცილებელ მისტიურობას, მყუდროებასა და კომფორტს. ამ მიზნის მისაღწევად ხვალიდან, 26 სექტემბრიდან, წირვაზე დასწრების საფასურად დგინდება 20 ლარი, რომელიც შეგიძლიათ ჩააგდოთ ეზოში არსებულ ,,თავისუფლების ტაძრის“ მშენებლობის შესაწირ ყუთში ან გადარიცხოთ იმავე მიზნით შექმნილ ანგარიშზე... 

შეგახსენებთ, მღვდელმსახურთა მწუხრის ლოცვა იწყება 5 საათზე, ამავე ლოცვაზე წყდება მღვდელმსახურის მოწმობის გაცემის საკითხი.“ 

,,ჯაფარას'' საპრეზიდენტო ფანტაზიები უფრო შორსაც წავიდა და, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატმა, ბანერი პორნოსაიტებზე გამოფინა, რაც პრაგმატულად ახსნა: 

,,ერთი მომხმარებელი საქართველოდან, საშუალოდ, 8-9 წუთს ატარებს პორნოჰაბის საიტზე. მთელი ამ დროის განმავლობაში შეიძლება, პერიფერიული მზერით ხედავდეს ჩემს ბანერს. ჩემი აზრით, ათასჯერ უფრო ეფექტური რეკლამაა, ვიდრე ერთად აღებული ყველა სხვა კანდიდატის სატელევიზიო, თუ ქუჩის რეკლამა-სპექტაკლები!'' 

აქვე, შეგახსენებთ, რომ ,,ჯაფარამ'' პორნოსაიტზე ორი ბანერი განათავსა სხვადასხვა წარწერით: 

,,არ გპირდებით ზომის გაზრდას!'' და ,,მეტი სექსი, მეტი თავისუფლება!'' 

,,8 სექტემბერს განთავსებულ ბანერებს ოთხ საათში, 40 ათასამდე ჩვენება ჰქონდა,'' _ იუწყება ,,ონ.გე''. 

საარჩევნო კამპანიაში პორნოსაიტების გამოყენება აშკარად ქართული ნოუჰაუა. ასევე, ჩვენებური ნოუჰაუა ისიც, რომ იგივე ,,ჯაფარამ'' საარჩევნო კამპანია აუზში დაიწყო ანუ მხარდამჭერებთან ერთად, წყალში იჭყუმპალავა. 

,,ჯაფარასგან'' განსხვავებით, აკადემიური საარჩევნო სლოგანი და ასევე, საარჩევნო კამპანია აქვს პარლამენტის ყოფილ თავმდჯომარეს, პრეზიდენტობის კანდიდატ დავით უსუფაშვილს.Nთუმცა თუ დავაკვირდებით, მასაზე ,,ჯაფარას'' ,,მეტი სექსი'' უფრო ,,იმუშავებს'', ვიდრე უსუფაშვილის _ ,,მეტი შეგვიძლია!'' თან, ეს ,,მეტი შეგვიძლია'', ერთობ ორაზროვანია ანუ ზოგმა შეიძლება იფიქროს, მეტი შეგვიძლია, რომ ქვეყანა დავაქციოთ, ან მეტი შეგვიძლია, რომ ერთმანეთი ტალახში ამოვთხვაროთო. 

ზოგადად, უსუფაშვილი შემდგარი პოლიტიკოსია, მაგრამ მშიერმუცელა ხალხს უფრო მემარცხენე დაპირებები და შესაბამისად, აგრესიული საარჩევნო კამპანია უფრო ხიბლავს, ვიდრე _ მშვიდი და გაწონასწორებული. 

რაკიღა მემარცხენეობა ვახსენეთ, სამართლიანობა მოითხოვს, პრეზიდენტობის ლეიბორისტ კანდიდატზეც ვთქვათ ორიოდ სიტყვა. ახლა, ეს არც პირველი შემთხვევაა და, ალბათ, არც ბოლო იქნება, როცა შალვა ნათელაშვილი, როგორც კანდიდატი, საპრეზიდენტო მარათონში ერთვება. ამ კაცს რომ უშრეტი ენერგია აქვს, ცნობილია და არც ისაა გასაკვირი, რომ ყველა არჩევნებზე ახალ-ახალი ლოზუნგებით გამოდის. ნამდვილად არ მახსოვს, რა იყო წინა საპრეზიდენტო არჩევნების დროს შალვას სლოგანი, მაგრამ მთელი უბედურება ისაა, რომ ნათელაშვილის ვერც ამჟამინდელ სლოგანს მოგახსენებთ, რამეთუ როგორც ,,ვერსიამ'' ლეიბორისტულ პარტიაში გაარკვია, შალვა ნათელაშვილს სლოგანი ჯერ არ მოუფიქრებია. არადა, არჩევნებამდე ერთი თვეა დარჩენილი. რა ხდება, ნათელაშვილს იდეები გამოელია, თუ უცებ ისეთ სლოგანს ,,შემოაგდებს'', რომელსაც ატომური ბომბის აფეთქების ეფექტი ექნება?

 

ვნახოთ, დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას... 

სხვათა შორის, შალვა ნათელაშვილი ერთ-ერთი პირველი გახლდათ, რომელმაც ქვეყნის მთავარსარდლობის სურვილი გამოთქვა. ამის შესახებ მან განცხადება ჯერ კიდევ გასული წლის მიწურულს, კერძოდ, 2017 წლის დეკემბერში გააკეთა და საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა: 

„ბევრი ვიფიქრე, როგორ მიმელოცა ჩემი ხალხისთვის ახალი წელი და ეს ბრწყინვალე დღესასწაულები. დღეს იმაზე დიდი მილოცვა, ვიდრე თავგანწირული ბრძოლისთვის მზადყოფნის გამოხატულებაა, ჩვენ ქვეყანაში არ არსებობს. მომავალ წელს ტარდება უკანასკნელი საპრეზიდენტო არჩევნები ხალხის მონაწილეობით. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს იყოს უკანასკნელი არჩევნები ბანკირი ოლიგარქებისთვის. ამდენად, არჩევნებამდე 10 თვით ადრე, მე ვიღებ პასუხისმგებლობას, როგორც ყოველთვის და ვაცხადებ მსოფლიოს გასაგონად, რომ ვიწყებ საქართველოს პრეზიდენტობისთვის ბრძოლას. მზად ვარ, დავუბრუნო ხალხს დაკარგული დემოკრატია, სამართლიანობა, თანასწორობა, ახალგაზრდას _ წარმატება, ავადმყოფს _ წამალი.“ 

ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ ევროპული საქართველო ძველ ,,პესნიას'' წაიღიღინებდა და 2013 წლის მსგავსად, წელსაც პრეზიდენტობის კანდიდატად დავით ბაქრაძეს დაასახელებდა. უფრო სწორად, 2013-ში, ევროპული საქართველო არ არსებობდა და ექს-სპიკერი ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატი გახლდათ. 

ისე, ბაქრაძეს არჩევნები არცთუ კარგად აქვს დაცდილი. ყოველ შემთხვევაში, 2014-ში, მისი ძმა და მეგობარი, რომელიც ადგილობრივი არჩევნების დროს, მაშინდელი ,,ნაცების'' საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა, დააკავეს. დღეს მოვლენები ასე აღარ განვითარდება. უფრო მეტიც, იმასაც კი ამბობენ, რომ ბაქრაძე შესაძლოა, მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილს შეერკინოს. გამორიცხული არაფერია, მაგრამ საინტერესოა, ბაქრაძემ ელექტორატის გული რითი უნდა მოიგოს? რითი და, ემიგრანტებს საზღვარგარეთ დასაქმებას ჰპირდება ანუ როგორც ჩანს, ბატონ ბაქრაძეს ჰგონია, რომ სამყაროს მბრძანებლად ირჩევენ და დედამიწაც ტრიალს მის გარშემო დაიწყებს. 

ამასთან, ევროპული საქართველოს საპრეზიდენტო კანდიდატი პენსიონერების გულის მოგებას ცდილობს და ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი გახდება, პენსიას გაზრდის, მაგრამ ეს მტკნარი წყლის სიცრუეა, რადგან პრეზიდენტს პენსიის გაზრდას არავინ ეკითხება! 

არანაკლებად ირიალური დაპირებები აქვს ,,შტაბკვარტირას'' ანუ გრიგოლ ვაშაძესაც, რომელმაც მოსახლეობასთან ერთ-ერთ შეხვედრაზე პირობა დადო, რომ მისი გაპრეზიდენტების შემდეგ, სწრაფი ნაბიჯებით დაიწყებს რეგიონში ინვესტიციების მოძიებას, სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი პროგრამებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. ვაშაძის ეს დაპირება, ბაქრაძის დაპირებისა არ იყოს, სიცრუეა, რადგან საქართველოს პრეზიდენტს, კონსტიტუციის თანახმად, ასეთი უფლებამოსილება არ აქვს. 

კონსტიტუციით, საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტია, რომელიც კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, უზრუნველყოფს სახელმწიფო ორგანოთა გამართულ ფუნქციონირებას. ამასთან, პრეზიდენტი არის საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში და მთავრობასთან შეთანხმებით, აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. 

ასევე, მთავრობის წარდგინებით, ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს ელჩებს და სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლებს; მთავრობასთან შეთანხმებით იღებს სხვა სახელმწიფოთა და საერთაშორისო ორგანიზაციათა ელჩებისა და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლების აკრედიტაციას; საქართველოს სახელმწიფოს სახელით დებს კონსტიტუციურ შეთანხმებას საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან; 

კონსტიტუციით განსაზღვრულ შემთხვევებში წამოაყენებს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას და ნიშნავს პრემიერ-მინისტრს; კონსტიტუციით განსაზღვრულ შემთხვევებში მთავრობას აკისრებს მოვალეობის შესრულებას მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე; კონსტიტუციით განსაზღვრულ შემთხვევებში პარლამენტს წარუდგენს, ნიშნავს, ათავისუფლებს და გადააყენებს თანამდებობის პირებს; კანონით დადგენილი წესით ნიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს; ორგანული კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით მონაწილეობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებისა და თავმჯდომარის თანამდებობაზე განწესებაში; მთავრობასთან შეთანხმებით პარლამენტს წარუდგენს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების წევრთა კანდიდატურებს; ნიშნავს ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრებს, მთავრობასთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან გადააყენებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, სხვა მხედართმთავრებს; ნიშნავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 3 წევრს; საქართველოს პარლამენტს ასარჩევად წარუდგენს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატურებს; საქართველოს პარლამენტს ასარჩევად წარუდგენს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს; ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთაგან თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს; თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს, განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სტრუქტურას და საქმიანობის წესს; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობიდან 10 დღის ვადაში, უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციის შემდეგ, საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობით, უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას; საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში აცხადებს საომარ მდგომარეობას, სათანადო პირობების არსებობისას დებს ზავს და ამ გადაწყვეტილებებს არა უგვიანეს 48 საათისა, წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად; 

ომიანობის თუ მასობრივი არეულობის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის, სამხედრო გადატრიალებისა და შეიარაღებული ამბოხების, ეკოლოგიური კატასტროფისა და ეპიდემიის დროს, ან სხვა შემთხვევებში, როდესაც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები მოკლებული არიან კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა ნორმალური განხორციელების შესაძლებლობას, აცხადებს საგანგებო მდგომარეობას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, ან მის რომელიმე ნაწილში და ამ გადაწყვეტილებას არა უგვიანეს 48 საათისა, წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად. საგანგებო უფლებამოსილებანი ვრცელდება მხოლოდ იმ ტერიტორიაზე, სადაც ამ ქვეპუნქტში აღნიშნულ მიზეზთა გამო, გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა; საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს, გამოსცემს კანონის ძალის მქონე დეკრეტებს, რომლებიც მოქმედებს შესაბამისად საომარი, ან საგანგებო მდგომარეობის დამთავრებამდე; ახორციელებს საგანგებო ღონისძიებებს; 

უფლებამოსილია მთავრობის წარდგინებით, პარლამენტის თანხმობით, შეაჩეროს თვითმმართველობის ან ტერიტორიული ერთეულების სხვა წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობა, ან დაითხოვოს ისინი, თუ მათი მოქმედებით საფრთხე შეექმნა ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა კონსტიტუციური უფლებამოსილებების განხორციელებას; იღებს გადაწყვეტილებას სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ და 48 საათის განმავლობაში შეაქვს იგი საქართველოს პარლამენტში დასამტკიცებლად. საერთაშორისო ვალდებულებათა შესასრულებლად, სამხედრო ძალთა გამოყენება დაუშვებელია საქართველოს პარლამენტის თანხმობის გარეშე; იღებს გადაწყვეტილებას ქვეყანაში სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალის შემოყვანის, გამოყენებისა და გადაადგილების თაობაზე და დაუყოვნებლივ წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად; ამტკიცებს სამხედრო ძალების სტრუქტურას; ხელმძღვანელობს ეროვნული უშიშროების საბჭოს; კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოსცემს დეკრეტს, ბრძანებულებას, განკარგულებას, აგრეთვე, როგორც საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, – ბრძანებას; ხელს აწერს და აქვეყნებს კანონს კონსტიტუციით დადგენილი წესით; ხელს აწერს და აქვეყნებს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონს; უფლებამოსილია მიმართოს ხალხს და პარლამენტს. წელიწადში ერთხელ, იგი პარლამენტს წარუდგენს მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე; 

ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტისა და წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებს კონსტიტუციითა და კანონით დადგენილი წესით; 

უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის მოთხოვნით, დანიშნოს რეფერენდუმი კონსტიტუციითა და კანონით განსაზღვრულ საკითხებზე, მისი ჩატარების მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში; 

ნიშნავს ახალარჩეული საქართველოს პარლამენტის პირველი სხდომის დღეს; 

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარის, პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის მოთხოვნით, ან მთავრობის წარდგინებით პარლამენტის სესიებს შორის პერიოდში, იწვევს რიგგარეშე სესიას, ხოლო მორიგი სესიის მიმდინარეობისას – რიგგარეშე სხდომას; 

დაითხოვს პარლამენტს კონსტიტუციით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით; 

პარლამენტის მიერ მთავრობისა და მისი სამთავრობო პროგრამისათვის ნდობის გამოცხადების შემდეგ, მთავრობის თავდაპირველი შემადგენლობის ერთი მესამედით, მაგრამ არანაკლებ მთავრობის 5 წევრით განახლების შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტი ერთი კვირის ვადაში წარუდგენს პარლამენტს ნდობის მისაღებად მთავრობის შემადგენლობას; 

უფლებამოსილია მოითხოვოს ცალკეულ საკითხთა მთავრობის სხდომაზე განხილვა და მონაწილეობა მიიღოს ამ განხილვაში, რომელსაც ასევე ესწრებიან ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი და სხვა წევრები; 

წყვეტს მოქალაქეობის, თავშესაფრის მიცემის საკითხებს; 

ანიჭებს სახელმწიფო ჯილდოებს, უმაღლეს სამხედრო, სპეციალურ და საპატიო წოდებებს, უმაღლეს დიპლომატიურ რანგებს; შეიწყალებს მსჯავრდებულთ. 

ერთი სიტყვით, პრეზიდენტობის კანდიდატები დაპირებებს უხვად გასცემენ და ცდილობენ, ხალხი ,,დააბოლონ'', მაგრამ კარგი იქნება, პრეზიდენტის ზემოთმოყვანილ უფლება-მოსილებაში გაერკვნენ და ბრტყელ-ბრტყელი განცხადებები ისე გააკეთონ, თორემ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ამომრჩეველი ,,ბნელი'' არ არის, ყველაფერი ესმის და ყველაფერს ხედავს. ჰოდა, ბატონებო, ჯობია, ტვინი გაანძრიოთ და რეალური დაპირებები გასცეთ, თორემ არჩევნებს რომ წააგებთ, მერე თქვენი ვაი-ვიში არ გავიგოთ!

ნინო დოლიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში