Menu
RSS

ნაციონალების ფარული საარჩევნო სცენარი

სალომე ზურაბიშვილი, დავით ბაქრაძე თუ გრიგოლ ვაშაძე _ ვის რა შანსი აქვს და იქნება თუ არა მეორე ტური?!

ქართულ პოლიტიკაში მოვლენები, პრაქტიკულად, ელვისებურად ვითარდება ანუ დეპუტატ ნატო ჩხეიძის მიერ პატრიოტთა ალიანსის დატოვებამ მთავარი პოლიტინტრიგა ანუ ის, თუ რა მოხდება 28 ოქტომბერს და ვინ გახდება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, თითქოს გადაფარა, მაგრამ პატრიოტების დაშლა მთავარი ნიუსი დიდხანს არ იქნება. ისე, ჩვენში დარჩეს და, საინტერესოა, ინაშვილ-თარხან-მოურავის ტანდემმა პრეზიდენტობის კანდიდატი რატომ არ დაასახელა?

 

ასეა თუ ისე, არჩევნებს ნელ-ნელა ვუახლოვდებით. ცხადია, ყველას, ვინც ცესკო-ში რეგისტრაცია გაიარა, იმედი აქვს, რომ მთვარსარდლის „ქუდს“ დაიხურავს, მაგრამ მოდით, ვიყოთ გულწრფელები და ვაღიაროთ, რომ 28 ოქტომბერს, ფინიშთან მისვლის რეალური შანსი სამ სუბიექტს _ სალომე ზურაბიშვილს, გრიგოლ ვაშაძესა და დავით ბაქრაძეს აქვს, თუმცა ფინიშთან მისვლა გამარჯვებას არ ნიშნავს. შესაბამისად, ექსპერტები და ანალიტიკოსები იმის გარკვევას ცდილობენ, ამ სამიდან ვინ გახდება გიორგი მარგველაშვილის მემკვიდრე. 

სალომე ზურაბიშვილი, რომელიც არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით მონაწილეობს, მმართველი ძალის, ასე ვთქვათ, რჩეულია, რაც ბუნებრივია, იმას ნიშნავს, რომ „ოცნების“ პარტიული რესურსი „გაფრანგებულის“ საარჩევნო კამპანიაზე დაიხარჯება, თუმცა მიუხედავად ამისა, იმის ერთმნიშნელოვნად თქმა, რომ ზურაბიშილი დიდი ხნის ოცნებას აიხდენს და საქართველოს ისტორიაში ისე შევა, როგორც პირველი ქალი პრეზიდენტი, ძნელი სათქმელია! 

ვინ, ვინ და, ყველაზე კარგად სწორედ ზურაბიშილმა უწყის, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მისდამი სიმპათიით არ არის განწყობილი. სხვათა შორის, კულუარებში იმასაც ამბობენ, რომ მმართველმა ძალამ საკუთრ მხარდამჭერებსა თუ აქტივისტებს ე.წ. თავისუფალი ცურვის საშუალება მისცა, რაც იმას ნიშნავს, რომ „მეოცნებეებს“ სრული უფლება აქვთ, პარტიის პოზიციის მიუხედავად, 28 ოქტომბერს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღონ და საარჩევნო ბიულეტინში ის კანდიდატი შემოხაზონ, რომელიც „ევასებათ“. 

თუ ეს კულუარული ინფორმაცია სიმართლეს კოჭამდე მაინც მისწვდება, მაშინ გამოდის, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გარდაუვალია. ჩვენში დარჩეს და, მეორე ტურზე პოლიტიკურ წრეებშიც აქტიურად საუბრობენ და როგორც ხელისუფლება, ასევე, ოპოზიციაც სწორებას სწორედ მეორე ტურზე აკეთებენ ანუ, გასაგებად რომ ვთქვათ, ერთმანეთთან ანტაგონისტურად განწყობილი ძალები იმაზე „ჩალიჩობენ“, რომ მეორე ტურში გავიდნენ. 

პოლიტიკური პროცესებისადმი საზოგადოებრივი ნიჰილიზმის გათვალისწინებით, მეორე ტური ცხელი პოლიტიკური შემოდგომის ყველაზე ლოგიკური კულმინაცია იქნება, რის შემდეგაც, შეიძლება ითქვას, რომ მძაფრსიუჟეტიანი ფილმის მეორე სერია დაიწყება. 

როგორი იქნება ამ პოლიტიკური კინოს ფინალი? 

მოდით, განვიხილოთ რამდენიმე ვერსია -წარმოვიდგინოთ, რომ მეორე ტურში ერთმანეთს დავით ბაქრაძე და გრიგოლ ვაშაძე ერკინებიან. 

ეს იქნება ყველაზე მაგარი პოლიტცირკი, რომელიც ოდესმე გვინახავს. იკითხავთ, რატომო? რატომ და, _ მოგეხსენებათ, არცთუ შორეულ წარსულში ბაქრაძე და ვაშაძე თანაგუნდელები იყვენ და ორივე ერთად მიხეილ სააკაშვილს მზედ, მთვარედ და ლამის სამყაროს საწყისად მიიჩნევდა, მაგრამ ამქვეყნად მუდმივი არაფერია, მათ შორის, არც _ „მიშიზმი“. ჰოდა, დღევანდელი მოცემულობა ასეთია _ ვაშაძე და ბაქრაძე ბარიკადების სხვადასხვა მხარეს დგანან. 

უფრო კონკრეტულად, ვაშაძე ისევ მზგნებარე მიშისტია, ბაქრაძე კი იმ გუნდს წარმოადგენს, რომლის არაოფიციალურ მმართველ-ლიდერადაც თამარ ჩერგოლეიშვილი ითვლება. ეს ის თმარ ჩერგოლეიშვილია, რომელიც ყოველდღე თუ არა, ორ დღეში ერთხელ მაინც, ექსპრეზიდენტზე ღადაობს და ამის დასტურად ეს ციტატაც გამოდგება: 

„ცირკის გარდა ჯერჯერობით ვერსად ივარგებს: აი, თუ რაღაც თერაპიას გაივლის, თავს უშველის, დაწყნარდება და მეგალომანიას დაამარცხებს, შეიძლება, რაღაც შეძლოს“. 

ცნობისთვის: ეს შეფასება ჩერგოლეიშვილმა სააკაშვილზე იმ დროს გააკეთა, როცა ამ უკანასკნელს უკრაინაში პრობლემები ჰქონდა _ მოგეხსენებათ, ვიდრე უკრაინიდან გააძევებდნენ, ექსპრეზიდენტი რამდენჯერმე დაიჭირეს და გაათავისუფლეს. ერთი სიტყვით, ვაშაძე-ბაქრაძის მეორე ტურში შერკინება მესამე მსოფლიო ომის დაწყების ტოლფასი არ იქნება, მაგრამ აშკარად კარგი სანახაობის მოწმენი გავხდებით _ სხვა თუ არაფერი, იმაზე სასეირო რაღა უნდა იყოს, ექსთანამოაზრეები ერთმანეთს „გრეხებს“ რომ გაუხსენებენ და რაღაცებს წამოაძახებენ. ამიტომაც, ვაშაძე და ბაქრაძე ალბათ, სანთელს სანთელზე ანთებენ და პოლიტიკურ ღმერთებსა თუ დემონებს სთხოვენ, ოღონდ მეორე ტურში ერთმანეთს არ შევხვდეთ და ჯანდაბას, ისევ სალომე გახდეს პრეზიდენტიო. 

რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ მეორე ტურში ერთმანეთის პირისპირ ზურაბიშვილი და ბაქრაძე აღმოჩნდებიან? _ ასეთი მოცემულობის პროგნოზირება გაცილებით ადვილია და აი, რატომ: 

მართლია, ამომრჩევლის სიმპათიით არც ზურაბიშვილი სარგებლობს და არც _ ბაქრაძე, მაგრამ ხალხი ბაქრაძისადმი უფრო ანტაგონისტურად არის განწყობილი. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, აგვისტოს ომის დროს, სწორედ ის იყო პარლამენტის სპიკერი ანუ ქვეყნის მეორე პირი და მოგვიწოდებდა, მტრისგან თვი ჯაყვებით დაიცავითო. თავის დროზე, ზურაბიშვილსაც ეკავა უმაღლესი თანამდებობა _ საგარეო საქმეთა მინისტრი გახლდათ, მაგრამ მისი გაკეთებული ან გაფუჭებული საქმეებიდან ბევრი არაფერი გვახსოვს. ისე, ზურაბიშილი თავს იწონებს, საქართველოდნა რუსის ჯარი მე გავიყვანე და პუტინთან ფარულ მეგობრობას ნაცები მიგონებენო, მაგრამ ქალბატონი ზურაბიშვილი ჯარების გაყვანის საკითხში, მინიმუმ, ცრუობს, რადგან იმის თაობაზე, რომ რუსეთის სამხედრო ბაზები საქართველოს ტერიტორიას დატოვებდნენ, შეთნხმება ჯერ კიდევ „ვარდების რევოლუციიამდე“, ცხონებული ედუარ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს იქნა მიღწეული. აი დასტურიც, ერთ-ერთ ინტერნეტსაიტზე ვკითხულობთ: 

„1999 წლის 17 ნოემბერს, სტამბოლის სამიტზე ევროპის ჩვეულებრივი შეიარაღების ხელშეკრულების ადაპტაციის შესახებ უნდა შემდგარიყო შეთანხმება. ეუთოს ამ სამიტზე საქართველომ დღის წესრიგში დააყენა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიიდან რუსული ბაზების ნაწილის (გუდაუთისა და ვაზიანის რუსული სამხედრო ბაზების) დაშლა და გაყვანა. ჩვენი დელეგაციის წარმომადგენლები (საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე, საგარეოს საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი, თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე, პარლამენტის უშიშროებისა და თავდაცვის კომიტეტის თავჯდომარე რევაზ ადამია, ბათუ ქუთელია, ნიკა ვაშაკიძე, დავით ბაქრაძე) სამი დღის განმავლობაში აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ რუს კოლეგებთან. საბოლოოდ გადაწყდა პირველ ეტაპზე ვაზიანიდან და გუდაუთიდან სამხედრო ბაზების გაყვანა, ამ გადაწყვეტილებას ასევე, დაერთო დოკუმეტი, რომელმაც რეალურად დაუდო საფუძველი შემდეგი ორი ბაზის გაყვანასაც. 2001 წელს ეს პროცესი მთლიანად უნდა დამთავრებულიყო. იმჟამად ეს იყო ქართული დიპლომატიის უდიდესი გამარჯვება _ ჩვენმა დიპლომატებმა შეძლეს რუსეთის იმპერიული ზრახვების დამარცხება“ 

ასეა თუ ისე, ზურაბიშილ-ბაქრაძის შერკინების შემთხვევაში, პოლიტიკური ფორტუნა ალბათ, უფრო „გაფრანგებულს“ გაუღიმებს, მაგრამ არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ მეორე ტურში ზურაბიშვილისა და ბაქრაძის გასვლით ქვეყანაში პოლიტიკური დუღილის ტემპერატურამ კიდევ უფრო აიწიოს, რაც პირველ რიგში, ალბათ, ე.წ. გაერთიანებულ ოპოზიციას ანუ ვაშაძის ანკლავს აწყობს. 

რატომ? _ ეს კითხვა ,,ვერსიამ'' იმ ანალიტიკოსებს დაუსვა, რომლებთანაც მეორე ტურის შესახებ ტეტ-ა-ტეტ საუბრობდა. 

მოკლედ, როგორც პოლიტიკის კულუარებში ჩხედულები გვიხსნიან, ზურაბიშვილ-ბაქრაძის მეორე ტურში გასვლა შესაძლოა, რევოლუციური პროცესების დაწყების საბაბი გახდეს. რევოლუცია კი ყველაზე მეტად ხელს სწორედ სააკაშვილს აძლევს. 

რატომ ისმევა მახვილი რევოლუციაზე? _ ამ კითხვაზე პასუხი, დაახლოებით, ასეთია: დღევანდელი მოცემულობით, ზურაბიშვილსა და ბაქრაძეს ვაშაძე, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი, რეიტინგით არათუU ჩამოუვარდება, არამედ, ცალკეულ რეგიონებში, შესაძლოა, ასწრებს კიდეც. შესაბამისად, ვაშაძის თამაშგარე მდგომარეობაში დატოვება ხალხს სამართლიან პროტესტს გაუჩენს და შელახული არჩევანის აღდგენას შეეცდება. 

„დიახ, დაკვირვება მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ 28 ოქტომბრის შემდეგ მოვლენები შესაძლოა, „ვარდების რევოლუციის“ სცენარით განვითრდეს ანუ საუბარი იქით მიმყავს, რომ გაერთიანებული ოპოზიცია შეეცდება, ხალხის მობილიზება მოახდინოს, ქუჩა აითვისოს და ყველაფერი გააკეთოს, რომ ხელისუფლებას არათუ ვადამდელი საპრეზიდენტო, არამედ, საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა აიძულოს. კი ბატონო, ნაციონალებს დღეს არც ძალაუფლება აქვთ და არც _ გავლენა, მაგრამ იმას, რომ ქვეყანაში თუნდაც სოციალური უკმაყოფილება სახეზეა, ვერსად გავექცევით. ამას ემატება შვილმოკლული მამების პროტესტი, რაც მოსახლეობიაში უსამართლობის განცდას აჩენს. 

ყველაფერი ეს შესაძლოა, წვრილმანებია, მაგრამ ნათქვამია, ეშმაკები წვრილმანებში სხედანო. ჰოდა, სწორედ ეს წვრილმანებია გასათვალისწინებელი, რაზეც მმართველი გუნდი აუცილებლად უნდა დაფიქრდეს და ბეწვის ხიდზე გაიაროს, რომ ქუჩა ოპოზიცას არ დაუთმოს“, _ ამბობს „ვერსიასთან“ საუბრისას ანალიტიკოსი, რომელიც გარკვეული მოსაზრების გამო, ვინაობის გამხელისგან თავს იკავებს. 

აქვე, ხაზგასასმელია ერთი გარემოებაც, რომელსაც ხელისუფლებაც აღიარებს: ნაციონალებს საერთშორისო არენაზე გაცილებით მეტი მხარდამჭერი და ლობისტი ჰყავთ, ვიდრე _ დანარჩენ ოპოზიციურ ძალებს. საერთოდ, „ოცნების“ ერთ-ერთი მთვარი სტრატეგიული შეცდომა სწორედ ის არის, რომ თავიდანვე საგარეო პიარსა და ლობისტებზე უარი თქვა. ამ მხრივ კი ნაციონალებს, როგორც იტყვიან, თავი ქუდში აქვთ _ დასავლელი პარტნიორების წყალობით, ცივილურ მსოფლიოს ლამის იმას აჯერებენ, რომ საქართველოში პირველყოფილი თემური წყობილებაა. აქედან გამომდინარე, ექსებს არც იმის გაპიარება გაუჭრდებათ, რომ ყველაზე გავლენიანი ოპოზიციონერი კანდიდატი გრიგოლ ვაშაძეა. ჰოდა, იმ შემთხვევაში თუ მეორე ტურში სალომეს ვაშაძე კი არა, ბაქრაძე შეერკინება, გავლენიანი საერთშორისო ორგანიზაციები, მინიმუმ, იკითხავენ, როგორ მოხდა, რომ გავლენიანი ოპოზიციონერი მეორე ტურში ვერ გადავიდაო? 

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, თამამად შეიძლება ითქვას, რომ 28 ოქტომბრის მოახლოებასთან ერთდ, პოლიტიკური ტემპერატურა მოიმატებს. ამასთან, 28 ოქტომბრამდე იმის შანსიც არსებობს, რომ ოპოზიციამ დაძაბულობის პატარ-პატარა კერები შექმნას. სხვათა შორის, ამის მოწმენი, მაგალითად, წინა კვირას უკვე გავხდით _ გორის რაიონში გარდაცვლილი 18 წლის მოზარდის ოჯახის წევრები ქუჩაში გამოვიდნენ. ჭირისუფლების პროტესტს ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილიც შეუერთდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ამ საპროტესტო აქციაზე პოლიტიკოსები არ გამოჩენილან, ითქვა რომ გამწარებული მშობლების გამოყენებას თითქოს ოპოზიცია ცდილობს. 

ზემოხსენებულ წვრილ-წვრილ ,,შპილკებს'' ყურადღება რომ არ მივაქციოთ, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ წლევანდელი არჩევნები ერთობ უღიმღამოა ანუ ქვეყანაში არც წინასაარჩევნო კამპანია იგრძნობა და არც ელექტორატს აქვს იმის განცდა, რომ მეხუთე პრეზიდენტის არჩევით რაიმე უკეთესობისკენ ან უარესობისკენ შეიცვლება. 

ამასთან, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ საზოგადოებამ, კონკრეტულად, რომელიმე პოლიტიკური ძალის კი არა, საერთოდ, პოლიტიკური სპექტრის მიმართ დაკარგა ნდობა. ეს ყველაზე დამაფიქრებელია, რადგან შეიძლება ისე მოხდეს, რომ 28 ოქტომბერს, საარჩევნო უბნებზე, ამომრჩევლის აქტივობა ძალიან დაბალი იყოს, რაც საქართველოს, როგორც ევროპული ქვეყნის იმიჯზე უარყოფითად იმოქმედებს. 

ისე, არჩევნებს კომუნისტებიც ატარებდნენ, მაგრამ მაშინ კენჭისყრა ფორმალობა იყო და ყველამ იცოდა, რომ ხალხს არავინ არაფერს ეკითხებოდა. ჰოდა, ისე არ უნდა მოხდეს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლიდან ორი ათეული წლის მერეც ცივილურმა მსოფლიომ იფიქროს, მზიან საქართველოში მზე ისევ ჩრდილოეთიდან ამოდისო. თუ ასეთი აზრის კულტივირება მოხდა, ევროატლანტიკურ სტრუქტურებს დიდი ხნით გამოვემშვიდობებით და ის სიკეთე, რაც თანამედროვე მსოფლიოსთვის ხელმისაწვდომია, შორს, ბუზისტოლადაც აღარ გამოჩნდება! 

ასე რონ, ქალბატონებო და ბატონებო, მნიშვნელობა არ აქვს, ვისი მომხრე ან მოწინააღმდეგე ხართ. მთვარია, ჩვენ, ყველანი არჩევნებზე მივიდეთ და თუნდაც ბიულეტინში ჩამოწერილი ყველა კანდიდატი გადავხაზოთ! 

პროტესტის ეს ფორმა უფრო გამართლებული იქნება, ვიდრე ის, რომ შინ დავრჩეთ და ხელი ჩავიქნიოთ! 

ეს ქვეყანა მხოლოდ პოლიტიკოსების კი არა, ჩვენიცაა და დროა, საკუთარი მომავალი ჩვენ თვითონვე შევქმნათ! 

ჰოდა, ასე: 28 ოქტომბერს, ყველანი არჩევნებზე!

ნათია დოლიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში