Menu
RSS

პრეზიდენტობის ოთხი კანდიდატის დოსიე

სასარგებლო იდიოტები, „შემოგდებულები“, სამსახურის მაძიებლები და ღარიბები _ მრავალფეროვანი საპრეზიდენტო მენიუ ანუ გაანძრიეთ ტვინი, ანალისტებო!

დემოკრატიისა რა გითხრათ და, მსოფლიოს პრეზიდენტობის მსურველთა რაოდენობით კი ვაოცებთ. საერთოდ, ყველა ქართველში რომ ფარული პოლიტიკოსი და, მეტიც, მხედართმთავარი იმალება, ახალი ამბავი არ გახლავთ, მაგრამ წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის თავი მაინც „ნამეტნავად“ გავიგიჟეთ და „პირველი ავლაბრელის“, ესე იგი, პრეზიდენტობის მსურველთა რიცხვმა ოთხ ათეულს გადააჭარბა. არადა, ამ ოთხი ათეული მსურველიდან უმეტესობას საკუთარი ოჯახის წევრები და, ბევრი-ბევრი, მეზობელ-ნათესავები თუ იცნობენ! ასეა თუ ისე, საპრეზიდენტო მარათონი დაიწყო და საპრეზიდენტო მენიუც მრავალფეროვანია _ პოლიტიკურად გამოცდილები, გამოუცდელები, სასარგებლო იდიოტები, „შემოდგებულები“, სამსახურის მაძიებლები, ღარიბები... ერთი სიტყვით, მთავარია, გული გულობდეს, თორემ ამ ფართო ასორტიმენტიდან „ანალისტები“, ესე იგი, ამომრჩევლები, გაანძრევენ (ცუდი არაფერი იფიქროთ, სალომეს სწავლებანის მიხედვით, განძრევა მხოლოდ ტვინის შეიძლება) და ერთ კანდიდატს მაინც „გასთხრიან“ (ესეც ქალბატონი ზურაბიშვილის სწავლებიდანაა).

მაინც, ვინ არიან და რატომ აქვთ ქვეყნის პირველკაცობაზე, გნებავთ, პირველქალობაზე პრეტენზია ამ ოთხ ათეულზე მეტ ტიპს? _ არ დაგიმალავათ და, ეს, ცოტა არ იყოს, რიტორიკული კითხვაა, თუმცა მოდით, ზოგიერთის ბეგრაუნდს თვალი მაინც გადავავლოთ. 

ვინაიდან და რადგანაც სალომე ზურაბიშვილის დოსიე „ვერსიის“ წინა ნომერში გაგაცანით, „პარიჟანკას“ ანალიზზე დროს აღარ დავკარგავთ და რაღაც-რაღაცეებს ე.წ. გაერთიანებული ოპოზიციის ანუ „ძალა ერთობაშიას'' რჩეულს, გრიგოლ ვაშაძეს ამოვუქექავთ. 

ქართული „ვიკიპედიის“ თანახმად, გრიგოლ ვაშაძე „დაიბადა თბილისში, ნოდარ ვაშაძისა და ელენე ბაქრაძის ოჯახში. 1975 წელს დაამთავრა ქ. თბილისის 61-ე საშუალო სკოლა. 1981 წელს წარმატებით დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი, საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი. 1981-1988 წლებში მუშაობდა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში საერთაშორისო ორგანიზაციების განყოფილებაში, შემდგომ _ კოსმოსის და ბირთვული შეიარაღებების განყოფილებაში. 1988-1990 წლებში იყო დიპლომატიური აკადემიის ასპირანტი. 1990-დან 2008 წლამდე ვაშაძე დაკავებული იყო კერძო ბიზნესით და ხელმძღვანელობდა მის მიერ დაარსებულ კომპანიებს _ „Georgia Arts Management“ და „Gregory Vashadze and BR and BR“. 2008 წლიდან ისევ დაუბრუნდა სახელმწიფო სამსახურს _ 6 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშვნა. 2008 წლის 2 ნოემბერს კი _ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრად. 2008 წლის 6 დეკემბრიდან 2012 წლამდე იყო საგარეო საქმეთა მინისტრი. ჰყავს მეუღლე ნინო ანანიაშვილი და ორი შვილი – ნოდარი და ელენე. ფლობს რუსულ, ინგლისურ, პორტუგალიურ, იტალიურ, ესპანურ, ფრანგულ ენებს. მინიჭებული აქვს სრულუფლებიანი და საგანგებო დესპანის დიპლომატიური რანგი.“ 

ისე, სიტყვამ მოიტანა და, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო პიარ-კლიპი თავიდან ბოლომდე მეუღლის, ნინო ანანიაშვილის წარმატებებსა და მიღწევებზეა აგებული ანუ დაუფიქრებელმა ადამიანმა, შესაძლოა, ისიც იფიქროს, პატივცემულმა გრიგოლმა ქვეყნის თავკაცობა გადაიფიქრა და, „ზამენას პონტში“, პრეზიდენტობის კანდიდატობა მეუღლეს, ნინო ანანიაშვილს გადაულოცაო. ჩვენში დარჩეს და, შესაძლოა, ურიგო არც იყოს, რომ პრიმამ მოისურვოს _ ჩვენს ბედკრულ სამშობლოში ადამიანები, როგორც წესი, მოჟამული სახეებით დადიან და ყველაზე მეტად რაც გვაკლია, კარგი განწყობაა. ამასთან, სულიერების ნაკლებობაც გვაქვს და განათლებსაც. ბალეტი კი, ადამიანს კარგ განწყობაზეც აფიქრებს, ე.წ. სულიერ თემებზეც და განათლებასაც აძლევს. ჰოდა, წარმოიდგინეთ, პრეზიდენტი, რომელიც ყველა სატელევიზიო გამოსვლასა თუ ოფიციალურ შეხვედრა-ვიზიტს ცეკვა-ცეკვით იწყებს და „გედების ტბიდან“ რომელიმე პარტიას ასრულებს! 

ხუმრობა იქით იყოს და, არცთუ შორეულ წარსულში გვქონდა შანსი, მთელი ერისთვის ბალეტის შესწავლა სავალდებულო გამხდარიყო. გაგახსენებთ: იმ დროს, როცა მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ცეცხლითა და მახვილით მართავდა, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ანუ პიონერთა სახლის გაყიდვა-გასხვისების საკითხი დადგა დღის წესრიგში. მაშინ ითქვა, რომ აღნიშნული ობიექტი ნინო ანანიაშვილის საბალეტო სასწავლებელს უნდა გადასცემოდა. შესაბამისად, დამონებულ, მშიერ და გაუბედურებეულ ელექტორატს იუმორის გრძნობამ არ უმტყუნა და იხუმრა _ აწი, ყველას, ვისაც ბალეტი არ ეცოდინება, ვირის აბანოში გაუშვებენო. 

საერთოდ, ქართველებს ერთი კარგი თვისება გვაქვს _ ძნელბედობის ჟამს, იუმორი არ გვღალატობს ხოლმე, თუმცა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, სახუმაროდ არავის გვეცალა. სამაგიეროდ, მალევე გაირკვა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ე.ი. გრიგოლ ვაშაძე რუსეთის მოქალაქე გვყავდა, იმ რუსეთისა, რომლის პირველ პირსაც ნაციონალური ელიტა „ლილიპუტინს“ ეძახდა. ახლაც კი, როცა აგვისტოს მძიმე დღეებიდან ათი წელია გასული, კითხვა კითხვად რჩება _ როგორ მოხდა, რომ სააკაშვილმა ოკუპანტი რუსეთის მოქალაქე მთავრობაში გააჭაჭანა? 

სიტყვამ მოიტანა და, სააკაშვილს პასუხი, ალბათ, იმის გამოც უნდა მოვკითხოთ, თუ რატომ „გაგვთხარა“ სალომე ზურაბიშვილი, მაგრამ ეს ცალკე საუბრის თემაა. 

სხვათა შორის, თუ Gოოგლე-ის საძიებო სისტემაში ჩაწერთ _ „გრიგოლ ვაშაძე+კომპრომატები“, ერთი საინტერესო სტატია „ამოვარდება“. კერძოდ, რამდენიმე წლის წინ, ვაშაძეს ინეტრვიუ „რადიო თავისუფლებისთვის“ აქვს მიცემული, სადაც ამბობს: 

„რუსეთი არის ჩემი ცხოვრების შემადგენელი ნაწილი, არ აქვს მნიშვნელობა, მე ჯიბეში რუსეთის პასპორტი მედება თუ არა. და მე დარწმუნებული ვარ, რომ ოდესმე, უკვე როგორც მარტო საქართველოს მოქალაქე, აუცილებლად ჩავალ მოსკოვში. და დავთმე იმიტომ, რომ მე მოვითმენდი ყველაფერს, გარდა იმისა, რომ მოლაპარაკე თავები სახელმწიფო დუმაში დაიწყებდნენ ჩემთვის ჩემი პასპორტის წართმევის მოთხოვნას. 

_ ანუ, პროვოცირება მოხდა იმით, რომ დუმაში დაიწყო ამაზე ლაპარაკი? 

_ აბსოლუტურად. 

_ თორემ დღემდე შეიძლებოდა გქონოდათ რუსეთის პასპორტი? 

_ აბსოლუტურად. დღემდე მექნებოდა პასპორტი და, სიმართლე გითხრათ, 

არავისი აზრი არ მაინტერესებს ამ საკითხთან მიმართებაში. საერთოდ, რაც შეეხება ჩემს პირად ცხოვრებას, არავისი აზრი არ მაინტერესებს.“ 

ერთ-ერთი ქართული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში კი კავკასიის საკითხების ექსპერტი მამუკა არეშიძე ამბობს: 

„რაც შეეხება გრიგოლ ვაშაძეს, ვფიქრობ, ის სააკაშვილმა მხოლოდ ნინო ანანიაშვილის მიმართ მისი პირადი განწყობის გამო დანიშნა. ვაშაძე არაფერს მნიშვნელოვანს არ წყვეტდა. თავიდან ეკა ტყეშელაშვილის მოადგილე იყო ისევე, როგორც გიგა ბოკერია. ვაშაძე თავად ამბობს, რომ რუსეთთან კარგი ურთიერთობები ჰქონდა. ის იყო ერთი ცნობილი კაცის სიძე. ეს კაცი რუსეთის ფინანსთა მინისტრი გახლდათ, ახლა მისი გვარი არ მახსოვს. როგორც კი ის კაცი გადააყენეს, მაშინვე დაშორდა მის ქალიშვილსაც... 

...ასე ყვებიან მოსკოვში. იქ ბევრი ქართველია და მათგან ასე ვიცი. ეს იყო 1987-88 წლებში. ვაშაძეს მოსკოვში აქვს დიპლომატიური კავშირები, თუმცა, როგორც ქართველებისგან ვიცი, ეს დიპლომატები მას დიდად არ აფასებენ. ასე რომ, როგორც გითხარით, აქ მთავარი როლი სააკაშვილის ანანიაშვილის მიმართ პირადმა განწყობამ ითამაშა. 

საინტერესოა, რომ თუ არ ვცდები, დღემდე ნინო ანანიაშვილი ბიძინა ივანიშვილისგან იღებს თანხას. 2012 წელს კი, როცა სააკაშვილმა ივანიშვილის ანგარიშების დაყადაღება დაიწყო და საზოგადოებამ გადაწყვიტა მისთვის ფულის შეგროვება, სპეციალურად გახსნილ ანგარიშზე ანანიაშვილის მამამაც შეიტანა ფული _ თუ არ ვცდები 500 ან 1000 დოლარი. მაშინ ანანიაშვილმა თქვა: ბიძინა წლებია მეხმარება და მე არ მაქვს უფლება, ახლა არ დავეხმაროო. დიახ, ეს მისი ფული იყო, მამამისმა _ ვახტანგ ანანიაშვილმა, შეიტანა. 

საინტერესოა, რომ ომის შემდეგ, მედვედევთან შეხვედრაზე, მიშამ სწორედ გრიგოლ ვაშაძე წაიყვანა და არა _ ეკა ტყეშელაშვილი, თუმცა მაშინ ისიც მოსკოვში იმყოფებოდა. როგორც ჩანს, მიშას მოტივი სწორედ ვაშაძის რუსული კავშირები იყო. 

სხვათა შორის, რამდენიმე ხნის წინ, მაქსიმ შევჩენკომ გაახმაურა და თქვა, რომ გიგა ბოკერია და არკადი დვორკოვიჩი ომის შემდეგ, ერთმანეთს ხვდებოდნენო. დვორკოვიჩი ცნობილი მოჭადრაკის შვილია, მას კარგად იცნობდა ნანა ალექსანდრია (დვორკოვიჩი მედვედევის მრჩეველი გახლდათ). ეს შევჩენკომ თქვა. ამით სულაც არ მინდა იმაზე მინიშნებაც კი, რომ ვიღაც მოღალატეა...'' 

გრიგოლ ვაშაძის მსგავსად, მამხილებელი მასალები ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატ დავით ბაქრაძეზეც „ვედრო მანეთადაა“. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ეს ის დავითია, რომელიც აგვისტოს ომის დროს, პარლამენტის თავმჯდომარე იყო და რიგით მოქალაქეებს გვმოძღვრავდა, თავშიც ქვა გიხლიათ, მე ჩემი თავი გამჭირვებია და თქვენ, თუ გინდათ, მტერს ჯაყვებით გაუმკლავდითო. ევროპელების საპრეზიდენტო „ჯილაც“ კომუნისტური ეპოქის პირმშოა _ ქართული „ვიკიპედიის“ თანახმად, ბაქრაძე 1972 წლის 1 ივლისს თბილისში დაიბადა. „დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ფიზიკოსისა და სახელმწიფო მართვის ინსტიტუტი სახელმწიფო მოხელის სპეციალობით. არის ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა კანდიდატი. 

1998-2002 წლებში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. 2002 წლიდან ეროვნული უშიშროების საბჭოში გადავიდა. 2004 წელს გახდა პარლამენტის დეპუტატი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სიით. იყო ევროინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე. 2008 წლის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში იყო მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო შტაბის უფროსი. 2008 წლის იანვარში დაინიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად. 2008 წლის ივნისიდან 2012 წლის 21 ოქტომბრამდე იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. 2012 წლიდან არის პარლამენტის დეპუტატი ნაციონალური მოძრაობის სიით. 2017 წლის იანვრიდან ევროპული საქართველოს თავმჯდომარეა.“ 

თავის დროზე ხმა დადიოდა, რომ ბაქრაძე ნინო ბურჯანაძის „პროტეჟე“ იყო და სწორედ ამ გზით მოხვდა ნაციონალურ მოძრაობაში, თუმცა საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ ბარქაძემ ბურჯანაძეს ზურგი აქცია და წლების განმავლობაში მიშაზე დიდი მიშისტი იყო. მერე კი, ბურჯანაძის მსგავსად, სააკაშვილიც უარყო და დღეს მართლმორწმუნე „ჩერგოლეიშვილისტია.“ მოგეხსენებათ, პოლიტიკურ წრეებში დადის ხმა, რომ ევროპული საქართველოს არაფორმალური მმართველი გიგა ბოკერიას მეუღლე თამარ ჩერგოლეიშვილია. მეტიც, ბაქრაძეს არავინ არაფერს ეკითხება და რასაც უბრძანებენ, იმას აკეთებსო. შეიძლება, ეს ბოროტი ენების გავრცელებული ხმაა, მაგრამ რაც უნდა იყოს, ერთი რუსული გამოთქმა ევროპეების საპრეზიდენტო კანდიდატზე ზედგამოჭრილია, „ნი რიბა, ნი მიასააო“. 

პრეზიდენტობის მსურველთა გრძელ სიაში, ზემოხსენებული სუბიექტების და, პლუს, სალომე ზურაბიშვილის გარდა, სანთლითაც რომ ეძებოთ, საინტერესო და ცნობად სახეს ვერ იპოვით, თუმცა გატყუებთ: ამ სიაში იმერეთის ყოფილი გუბერნატორი თემურ შაშიაშვილიც შეგხვდებათ და გიორგი ანდრიაძეც. თემურ შაშიაშვილი რომ ქართული პოლიტიკის კოლორიტული სახეა, ამას წყალი არ გუავა. ეს პერსონა ლამის უხსოვარი დროიდან პოლიტიკაშია და, შესაბამისად, მის შესახებ ყველამ ყველაფერი იცის, თუმცა სტატიის მრავალფეროვნებისთვის რამდენიმე ამონარიდს შემოგთავაზებთ ინტერვიუდან, რომელიც თემურ შაშიაშვილმა „ვერსიას“ შარშან მისცა: 

,,_ ...ჩვენს ქვეყანაში ხალხი გაჭირვებულია, ყველა ხელისუფლება კი თვითკმაყოფილი _ მხოლოდ დღევანდელი კი არა, რაც მახსოვს, ყველა ხელისუფლება ამბობდა, კარგად ვმუშაობო, მაგრამ თუ ხელისუფლება კარგად მუშაობს, ცუდად რატომ ვცხოვრობთ? მოკლედ, საქართველოში ხალხი ცუდად ცხოვრობს, ხელისუფლება _ კარგად და თვითკმაყოფილია, ოპოზიცია გაბოროტებულია, ინტელიგენცია დუმს, საინფორმაციო სივრცე კი ქართული არაა. ამიტომ დიდი ქართული ბრძოლაა საჭირო, რასაც ფული კი არა, უფრო გაცნობიერება უნდა! 

პოლიტიკოსი ისაა, ვინც პროგრესის მატარებელია, ხალხს ზემოდან არ უყურებს და თავისკენ მიჰყავს! ყველა პოლიტიკოსი სოციალური დემაგოგი გახდა, ყველა ჟურნალისტი ინტრიგაზეა აგებული, მაგრამ ის, რაც ხალხს მოსწონს, ერისთვის ყოველთვის კარგი არაა!.. ყოველგვარი პარტიული მივატოვე და ინტელიგენციის დიდ მოძრაობას _ ქართული ერთობის დარბაზს შევუერთდი. დღეს ქვეყანას პოლიტიკოსების იმედი არ უნდა ჰქონდეს! დღეს პოლიტიკოსობა სირცხვილია, ინტელიგენტობა კი, კარგი გაგებით, საშური, მაგრამ პოლიტიკოსობა ადვილია და ყველა იქით გარბის, ინტელიგენტობაა ძალიან ძნელი. დღეს ქვეყანას ასეთი ავადმყოფობა სჭირს: პოლიტიკოსებში უზნეობა გაძლიერდა. 

_ ჩაგეკითხებით: უზნეობაში კონკრეტულად რას გულისხმობთ? 

_ ყველაფერს _ ცხოვრების წესს, სკამისთვის ბრძოლას და ა.შ. ესე იგი, პარტიებში ზნეობის დეფიციტია, ზნეობრივ ადამიანებში კი პარტიების მიუღებლობა. აი, რისი დაძლევაა საჭირო.

ჭკვიან ადამიანებს ანუ ინტელიგენციას პარტიებში შესვლა არ უნდათ. არადა, თუ პარტიის წევრი არ ხარ, არჩევნებში ვერ მონაწილეობ, ამიტომ ძალიან ბევრმა ასპარეზი პოლიტიკოსებს დაუთმო, რაც დიდი შეცდომაა. მირჩევნია, მხარს რამდენიმე პროგრესული ადამიანი მიჭერდეს, ვიდრე ათასობით ტაშს ბრმად მიკრავდეს... 

...შუბლი რომ გამესქელებინა, ივანიშვილზე მდიდარი ვიქნებოდი _ ჭიათურასა და ზესტაფონში ყველამ ფული იშოვა. მე კი წესიერად, პატიოსნად ვიმუშავე და დედამიწის ზურგზე არ არსებობს ადამიანი, თუ ნორმალურია, რომ რაღაც ბრალი დამდოს, თითქოს საქმე ჩავაწყე...“ 

წლევანდელი საპრეზიდენტო მარათონის ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი კანდიდატი გიორგი ანდრიაძეა. რატომ იდუმალი? რატომ და, Gოოგლე-ის საძიებო სისტემასა თუ ქართულ „ვიკიპედიაში“ მისი ოფიციალური ბიოგრაფიაც კი არ მოიძებნება. სამაგიეროდ, ვიცით, რომ ანდრიაძე ყოველთვის ან თითქმის ყოველთვის იმ დროს აქტიურდება, როცა რაღაც განსაკუთრებული ხდება. ასე იყო, მაგალითად, „ციანიდის სკანდალის“ პირველ დეკადაშიც. სწორედ მაშინ ჩაწერა „ვერსიამ“ სკანდალური ინტერვიუ ანდრიაძესთან: 

_ ბატონო გიორგი, მართალია, სასულიერო პირი არ ხართ, მაგრამ ეკლესიის ცხოვრებაში აქტიურად მონაწილეობთ და ამიტომ საზოგადოების ინფორმირება მეტ-ნაკლებად თქვენი მოვალეობაცაა. ჰოდა, მითხარით, ეკლესიისთვის ტაბუდადებული თემები რატომ არსებობს? 

_ ჩემთვის ტაბუდადებული არაფერია. უბრალოდ, ზოგს რაღაცაზე პასუხის გაცემა შეიძლება, არ უნდა და ეს მისი უფლებაა. მაგალითად, აშშ-სა და ევროპაში რელიგიურ მრწამსზე არ საუბრობენ და ეს მათი უფლებაა ანუ რელიგიურ მრწამსზე საუბარი უკულტურობად ითვლება. 

_ მე თუ მკითხავთ, საქართველოშიც ასე უნდა იყოს, მაგრამ ჩვენ ხომ წესიერი ქვეყანა არ გვაქვს... გიორგი ბატონო, მართალია, სატელეფონო საუბრისას გითხარით, რომ საუბარი მხოლოდ ციანიდზე არ მსურდა, მაგრამ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე. ამ თემას ვერ გავექცევით. სხვათა შორის, მას შემდეგ რაც ეს სკანდალი აგორდა, ცოდვად არ ჩამითვალოთ და, საახლობლოში ტერმინი _ „ნაკურთხი ციანიდი“ დავამკვიდრე... 

_ ცოდვა არაა. კურთხევის თემაზე ხუმრობა არ შეიძლება, მაგრამ სიტუაცია სასაცილოა და ამ სპექტაკლს სწორედ ამ კუთხით უნდა ვუყუროთ! 

_ „ციანიდის საქმეს“ სპექტაკლს რატომ უწოდებთ? 

_ რატომ და, მისი მთავარი მიზანი ეკლესიის დისკრედიტაციაა, თორემ ჩემი აზრით, არავინ არავის კლავდა. 

_ მოდით, დეტალებში შევიდეთ და მითხარით, ეს სპექტაკლი ვინ დადგა? 

_ ზუსტად ვერ გეტყვით და პიროვნებებსაც ვერ დავასახელებ, რადგან მათი ვინაობა მხოლოდ ჩემთვის კი არა, შეიძლება, უშიშროების სამსახურისთვისაც უცნობია, მაგრამ ძალიან დიდი ანტიეკლესიური ძალები მოქმედებენ. 

_ სიტყვამ მოიტანა და, დაკავებული დეკანოზი ხელს სწორედ სპეცსამსახურებისკენ იშვერს და „ციანიდის სპექტაკლის“ „რეჟისორის“ გვარსაც ასახელებს... 

_ ადამიანი, როცა კუთხეშია მომწყვდეული, ხელს ყველასკენ გაიშვერს, მაგრამ ფაქტია: ჯერ ერთი, ციანიდის გადაცემა არ ფიქსირდება; მეორეც, არ არსებობს მოწმე, რომელიც იტყვის, რომ დეკანოზი მამალაძე ვინმეს კლავდა. ამ საქმის მთელი აბსურდი და პარადოქსი ესაა და შესაბამისად, ჩემთვის სრულიად ნათელია: ეს სპექტაკლი იმ მიზნითაა დადგმული, რომ ამ ფონზე სულ სხვა პროცესები განვითარებულიყო, რომელსაც ე.წ. ციანიდთან კავშირი არ აქვს. 

_ რას გულისხმობთ? 

_ მაგალითად, გაიჟღერა, რაღაც სექსუალური ურთიერთობის ფაქტებია და სასამართლო ამიტომ უნდა დავხუროთო. სხვათა შორის, საპატრიარქოს არც სასამართლოს დახურვა მოუთხოვია და არც სარჩელი დაუწერია. საქმე ირაკლი მამალაძის ვიდეოჩანაწერებზე აღიძრა, თუმცა დეკანოზს ირაკლი მამალაძეც ვერ ადებს ხელს, რომ კონკრეტულად ვინმეს კლავდა. 

_ გამოძიების მთავარი მოწმე, დიახაც, კონკრეტულად ამბობს, უმაღლესი სასულიერო პირის მოწამვლა იგეგმებოდაო... 

_ აი, მთელი აბსურდის თეატრი სწორედ ესაა _ მოწმე უმაღლეს სასულიერო პირზე საუბრობდა, მაგრამ მერე თემა ქალი თანამშრომლისკენ წავიდა, რომელიც არ ჩივის ანუ ძალიან ბევრი ლაფსუსია და საქართველოს სასამართლომ დეკანოზი მამალაძე რომც გაამტყუნოს, ჩემი აზრით, ევროპის სასამართლო აუცილებლად გაამართლებს. 

_ არ დაგიმალავთ და, მეორე ანუ დეკანოზთან დაპირისპირებული ბანაკის წარმომადგენელი მეგონეთ... 

_ ერთი მხარეც და მეორეც, სწორედ სპექტაკლის ნაწილია. მე კი თეატრალური ნიჭი არ მაქვს და, შესაბამისად, ვერც ერთ მხარეს ვითამაშებ და ვერც _ მეორე. 

_ თქვენი ვარაუდით, „ციანიდის სპექტაკლის“ პრემიერა რამდენ ხანს მზადდებოდა? 

_ არ ვიცი... დიდი ხნის დაგეგმილს არ ჰგავს... ყველაფერი, ჩემი აზრით, ეკლესიაში რევოლუციურ ცვლილებებს უკავშირდება. 

_ და ეს „რევოლუციური ცვლილებები“ რას ნიშნავს? 

_ რას და, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ლიბერალიზაცია უნდათ. შეიძლება, ისეთ რამეს ვამბობ, რაც აქამდე არავის მოუსმენია, მაგრამ ჩვენი სახელმწიფო ყველაფერში ევროატლანტიკურ სამყაროსთანაა ინტეგრირებული, არ დარჩა კანონი, რომელიც არ მიგვიღია, მათ შორის, ანტიდისკრიმინაციული. მხოლოდ ერთნაირსქესიანთა ქორწინების კანონის მიღებაღა დაგვრჩა... ამ ფონზე ჩვენი მართლმადიდებლური ეკლესია ყველა საერთაშორისო ეკლესიური გაერთიანებისგან დისტანცირებულია. მაგალითად, ჩვენი ეკლესია ძველ სტილზეა, ისინი ახალზე. ყველაფერი ეს კი ეკლესიის გარეთმყოფ ძალებში გაღიზიანებას იწვევს და სისტემატურად აპელირება სწორედ ამაზე ხდება. ერთი სიტყვით, უნდათ, ეკლესიაში იდეოლოგიური და მენტალური ცვლილება მოხდეს... 

_ გიორგი ბატონო, რამდენი ხანია, ეკლესიის წიაღში ხართ? 

_ 1988 წლიდან... ეროვნული მოძრაობის აქტიური და ოფიციალური წევრი, ასევე სტუდენტური ფრთის ხელმძღვანელი ვიყავი. მაშინ ეკლესიასთან ნომინალური შეხება მქონდა. ჩემი რელიგიური ცხოვრება კი 1991 წლიდან დაიწყო. 1993-დან საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ვარ. 

_ სასულიერო პირობაზე არ გიფიქრიათ? 

_ მიფიქრია, მაგრამ სასულიერო პირს, ჩემი აზრით, რიგით მართლმადიდებელზე მეტი ზნეობრივი ცხოვრება და ასკეტიზმი მოეთხოვება... სხვათა შორის, ნატო-ს შტაბბინაში დელეგაციის წევრად ვიყავი და, საერთოდ, ანტირუსული და ანტისომხური, პოლიტიკურ ნაწილს ვგულისხმობ, გამოსვლებით გამოვირჩევი; ამიტომ მეცინება, ვინმე ანტიდასავლურ თემას რომ მომაწერს ხოლმე. 

_ შორენა თეთრუაშვილიც საერო პირია... 

_ დიახ, მაგრამ ჩემი აზრით, ის შავი მუშაა. მისი ადვოკატი არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ კათალიკოს-პატრიარქმა თავის პირად მდივან-რეფერენტად დანიშნა და ეს ჩემთვის სრულიად საკმარისია, ისეთი მივიღო, როგორიც არის. 

_ მაშასადამე, საპატრიარქოში შორენას კი არ ჰყავს „ოქროს თევზები“, არამედ თვითონაა ვიღაცის „შავი მუშა“? 

_ ის პატრიარქის „შავი მუშაა“. შეიძლება, მეგობრის და ან დედა, რომელიც ცოტა ანჩხლია, არ მოგწონდეს, მაგრამ რადგან მეგობარს პატივს სცემ, ყველა, ვინც მის გვერდით დგას, განსაკუთრებით, ქალი უნდა აიტანო. ყოველ შემთხვევაში, მასზე საჯაროდ, ორღობეში არ უნდა ისაუბრო. ყველა ადგილიდან, რაც საპატრიარქოში დამიარსებია, წასვლა ზეწოლის გამო მომიხდა. 

_ ზეწოლას ვინ და რა ფორმით ახდენდა? 

_ ვინ და, ჯერ შევარდნაძის მთავრობა ახდენდა პატრიარქზე ზეწოლას, მერე _ სააკაშვილის, სამწუხაროდ, ახალი მთავრობაც _ საპატრიარქოს უნივერსიტეტიდან დისტანცირებული ვარ, ორი წელია, იქ სამუშაო ოთახი არ მაქვს... სხვათა შორის, საპატრიარქოს ტელევიზია ჩემი დაარსებულია და უნივერსიტეტიც ჩემი აწყობილი სქემით იმართება... მოკლედ, როცა რაღაც დაპირისპირება იწყება, სიტუაციას ვეცლები ხოლმე, რადგან არ მინდა, პატრიარქი უხერხულობაში ჩავარდეს... „ციანიდის საქმის“ თანმდევია ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია, რომელსაც ჯერ ათი წლის წინ მე ვითხოვდი. საერთოდ, მართლმადიდებლური მსოფლმხედველობა ჩვენი ახალგაზრდობის, ასე ვთქვათ, გარყვნას, ნარკოტიკი 

_ გიორგი ბატონო, შეიძლება, ვცდები, მაგრამ მეჩვენება, რომ ყველა სიტყვას გააზრებულად ამბობთ... 

_ (იღიმის) ყოველთვის ყველაფერს გააზრებულად ვამბობ. 

_ ანუ, წეღან შემთხვევით არც ფარული ჩანაწერები ახსენეთ და არც ნარკოტიკები, არა? მოკლედ, სექსს, ნარკოტიკებსა და „ციანიდის საქმეს“ შორის კავშირი არსებობს? 

_ ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია! 

_ მოდით, კარტი ბოლომდე გახსენით... 

_ რასაც მეკითხებით, გპასუხობთ, თორემ საუბარს კითხვებით „ჭრით“ და სხვადასხვა თემაზე „მახტუნავებთ“... 

_ ვცდილობ, დაგაბნიოთ და ბევრი საინტერესო გათქმევინოთ... 

_ დაბნევა რა საჭიროა? თანმიმდევრულად მივდივარ და გეუბნებით: ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციას 10 წლის წინ ვითხოვდი. სხვათა შორის, ამას პატრიარქიც ითხოვდა. ახლაც ამის მომხრე ვარ, მაგრამ დეკრიმინალიზციის ფონზე ჯანსაღი ცხოვრების აქტიური პროპაგანდა უნდა განვითარდეს ანუ პოლიციამ ახალგაზრდას ნარკოტიკი არ უნდა ჩაუდოს და ამით არ გაამწაროს, სწორედ ეს თემა უნდა მოვხსნათ, თორემ ნარკომანიის პროპაგანდა არ უნდა გავწიოთ... მოკლედ, სახელმწიფო ცალი ხელით მარიხუანასა თუ ბიოს მხარდაჭერას ახდენს _ მაგალითად, შუა დიდუბეში არსებობს ღამის კლუბი „ბასიანი“, სადაც ნარკოტიკები იყიდება. ამის ფონზე უნდა, 18-19 წლის ბიჭები ჯარში მონებად წავიდნენ და ღიპიან სამხედროებს ემსახურონ. ეს ანომალიაა და სწორედ ამის გამო შეიქმნა ,,გირჩის'' რელიგიური ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს დასცინის. საეკლესიო კანონით, თუ ადამიანს ხელს დაადებ და იტყვი, ასეთი და ასეთიაო, უნდა დაუმტკიცო, თორემ თავად დაისჯები _ პეტრემ ტელევიზიით დამაბრალა, უცხიმო კარაქს ამზადებდა და ქურდიაო. ეს კაცი ეპისკოპოსი აღარაა, რადგან ცილს მწამებს, თუმცა ვერ ამტკიცებს _ კარაქის წარმოებასთან შეხება არ მქონია. ლუდის წარმოება კი მინდა, მაგრამ ამის არც გამოცდილება მაქვს და არც ფული. 

_ გისმენთ და ძალიან დავიბენი _ ვერ გავიგე, საპატრიარქოში ვინ ვისი მომხრე და მოწინააღმდეგეა... 

_ თქვენ კი არა, მთელი საზოგადოებაა დაბნეული. 

_ მარტივად მითხარით: საპატრიარქოში რამდენი კლანია? 

_ არანაირი კლანი არაა. 

_ შეიძლება, მაგრამ პეტრე ცაავა და მღვდელი სარია ერთ ფრთას წარმოადგენენ, მეუფე იაკობი _ მეორეს. შორენაც მეორე კლანშია? 

_ შორენა კლანში კი არა, როგორც ჩანს, პატრიარქზეა მიბმული ანუ ის, რომ ამ შორენას აწვებიან, აწვებიან, მაგრამ პატრიარქი არ ათავისუფლებს. 

_ გამაგებინეთ: შორენა „გევასებათ“ თუ არა? 

_ რას ნიშნავს, „მევასება“ თუ არა? ამის თქმა არ მიყვარს, მაგრამ პატრიარქს თითქმის ვაღმერთებ და მის გვერდში მდგომ ყველა ადამიანს პატივს ვცემ. 

_ მესმის, მაგრამ თუკი ამ ადამიანთან დაკავშირებით კითხვები არსებობს, პატივი როგორ უნდა სცეთ? 

_ ასეთ დროს, ძმაკაცთან უნდა მიხვიდე და უთხრა, შენს გვერდით მდგარი ქალი _ დედაშენი, შენი და ან დეიდაშენი ასეთ და ასეთ რაღაცას აკეთებსო და თუ ამას ვერ მოაგვარებს, მაშინ ძმაკაცს თავი უნდა გაანებო... 

_ თავის დროზე საპატრიარქოს ტელევიზიის დირექტორად მეუფე პეტრეს დანიშვნას შორენა თეთრუაშვილი მართლა ეწინააღმდეგებოდა? 

_ არა, ბატონო, წინააღმდეგი არ ყოფილა. შორენაც, ცაავაც და მთელი ეპისკოპოსების გუნდი, რვა წლის განმავლობაში, ყველა დღესასწაულს სააკაშვილთან ერთად ხვდებოდნენ! ასე რომ, ცაავამ კბილები გაიხეხოს! 

_ თუკი ასე იყო, აბა, ცაავა შორენას რატომ დაუპირისპირდა? 

_ რატომ და სხვა დირექტივა მიიღო. ცაავა ახალაიების საძმაკაცოა და ამას არ მალავს. 

_ შორენაც ამ საძმაკაცოს წევრი იყო? 

_ არა, შორენა პატრიარქის გვერდით დგას, პატრიარქი კი ხელისუფლების მიმართ ყოველთვის ლოიალურია და ეკლესია სწორედ ასე უნდა იქცეოდეს _ სასულიერო პირი ასეთი უნდა იყოს. სასულიერო პირი ამიტომაც ვერ ვხდები _ ლოიალური არ ვარ, არც შევარდნაძე „მევასებოდა“, არც სააკაშვილი და დიდი სიმპათია არც „ოცნების“ ბიჭებთან მაქვს!.. მოკლედ, ახლა პეტრემ სხვა დავალება მიიღო _ იმ აჟიოტაჟის ატეხვა, რაც ახლა ხდება. 

_ ესე იგი, ირიბად მიანიშნებთ, რომ „ციანიდის საქმის“ უკან შესაძლოა, ახალაიები იდგნენ ანუ ახალაიები, ამ შემთხვევაში, რომელიმე ძალის კრებსითი სახელია? 

_ ამ ძალის კრებსითი სახელი „ლიბერალებია“, ახალაიები, როგორც პეტრე, ერთ-ერთი რგოლია, რომელმაც კონკრეტული დავალება შეასრულა. ისე, პეტრე მაშინ უფრო ძლიერი იყო, როცა რვა წლის განმავლობაში, ახალაიები ზენიტში იყვნენ! 

_ ცაავა, როგორც ცნობილია, „ოცნებელ“ ოთარ დანელიასთანაც მეგობრობდა... 

_ ესენი სურათებს ცვლიან ხოლმე: ჯერ ედიკას სურათი ეკიდათ, მერე მიშასი, მერე კი ბიძინასი! ასეა, ბატონო! 

_ თუკი ყველა მთავრობისთვის მიუღებელი იყავით და ხართ, ესე იგი, კომპრომატები თქვენზეც იარსებებს... 

_ თუ აქვთ, დადონ, ველოდები, მაგრამ ვერ დებენ! პეტრე, ჩემს სახელს რომ გაიგებს ხოლმე, ადგილზე ხტუნაობს, მაგრამ ვერაფერს ამბობს და მხოლოდ აბსურდული რაღაც დამაბრალა, უცხიმო კარაქს ამზადებდაო, მაგრამ მორჩა, ეგ კაცი აღარ არის და ვინც ამ სიცრუეში გვერდით დაუდგება, ეპისკოპოსი ისიც აღარ იქნება! 

_ ...სააკაშვილს ვებრძოდიო და, რატომ არ დაგიჭირეს? 

_ არ სჭირდებოდათ, თუმცა მკვლელობა დააპირეს და ამაზე საქმეცაა აღძრული, მაგრამ ღმერთი არსებობს და ღვთის წყალობით, გადავრჩი! 

_ ღმერთმა ყველა განსაცდელისგან გიხსნათ, ბატონო გიორგი!.. ისე, როგორ ფიქრობთ, პატრიარქი ინფორმაციულ ვაკუუმშია? 

_ არა. 

_ ესე იგი, უწმინდესმა იცის, რომ „ციანიდის საქმე“ სპექტაკლია? 

_ არა, ამას მხოლოდ მე ვამბობ! სხვათაშორის მასაც ვეუბნები. 

_ მერე, რას გპასუხობთ? 

_ მისმენს და სხვა თემაზე გადადის...'' 

ეს ინტერვიუ აწ უკვე პრეზიდენტობის კანდიდატ ანდრიაძეზე წარმოდგენის შესაქმენლად, ალბათ, საკმარისზე მეტიცაა. ისე, ანდრიაძეს, როგორც ცნობილია, კარგი ურთერთობები აქვს ლაზებთან. ეს იქიდანაც გამოჩნდა, რომ საინიაციატივო ჯგუფში, რომელმაც ანდრიაძე პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინა, ლაზებიც არიან. 

ერთი სიტყვით, ასეთია პრეზიდენტობის მეტ-ნაკლებად გავლენიანი და ცნობილი კანდიდატების X-ფაილები. დანარჩენებზე კი ჩვენ ვერაფერს გეტყვით, რადგან ზოგის ბიოგრაფიის მთავარი ღერძი, ალბათ, ისაა, რომ 20018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის!

ნათია დოლიძე

დაბრუნება დასაწყისში