Menu
RSS

პოლიტიკაში კანონიერი ქურდები ღიად ერთვებიან!

რატომ გამოუცხადეს ომი ფეთჰულაჰ გიულენს და გაათავისუფლებს თუ არა სასამართლო შაქრო კალაშოვს?!

ვერ გეტყვით, რამდენად იქნება შვება ეს ავთანდილ ხურციძის ოჯახისა თუ ახლობლებისთვის, მაგრამ ქურდულ სამყაროში „პრაგონი“ გატარდა, რომ ქართველ მოკრივეს, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ამერიკულმა სასამართლომ ათი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ციხეზე ყველა „კაი ბიჭმა“ თუ ქურდმა უნდა „დაუპადერჟკოს“.

საქმე ისაა, რომ რამდენიმე კვირის წინ, იმავე ამერიკულ ციხეში მომხდარი ჩხუბის დროს, როცა ერთ-ერთმა ლათინოამერიკულმა დაჯგუფებამ კანონიერი ქურდი, რაჟდენ შულაია, პრაქტიკულად, სასიკვდილოდ გაწირა, მას სწორედ ხურციძე გამოექომაგა და, როგორც ამერიკული მედია წერს, 30 კაცის წინააღმდეგ ჩხუბში ჩაება. უთანასწორო ბრძოლა ქართველების დაჭრით დასრულდა (იმავე მედიის მტკიცებით, ხურციძე მხოლოდ ცივი იარაღით გააჩერეს), თუმცა, საბედნიეროდ, ჭრილობები უმნიშვნელო აღმოჩნდა. არსებობს ვარაუდი, რომ ჩხუბი ერთგვარი პროვოკაცია იყო ქართველთა წინააღმდეგ, რათა ამას საბოლოო განაჩენზე ზეგავლენა მოეხდინა, რამეთუ ბოლო პროცესზე ბრალდების მხარემ სწორედ ეს ჩხუბიც ახსენა და განაცხადა, რომ ქართველები ციხეშიც არ იცავენ წესრიგს. იმედია, ქართველ ჩემპიონს ამერიკულ ციხეში ყოფნა ათი წელი არ მოუწევს... 

მანამდე კი, ყველაზე გავლენიანი ქურდები პოლიტიკაში ღიად ჩაერთვნენ. მოგეხსენებათ, რუსეთში მყოფმა ქურდებმა თავის ლიდერად ოლეგ შიშკანოვი, მეტსახელად „შიშკანი“ გამოაცხადეს, თუმცა ამ გადაწყვეტილებას ყველაზე გავლენიანი ქურდი, ნადირ სალიფოვი, იგივე „გულუ“ არ დაეთანხმა. საქმე ისაა, რომ „შიშკანის“ აღზევებით, „გულუს“ რუსეთში არსებული გავლენების დაკარგვის საფრთხე შეექმნა, მითუმეტეს, რომ რუსეთმა სალიფოვზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნა გამოაცხადა. 

პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ კაცი, რომელსაც რუსეთი წითელი ცირკულარით ეძებს, თურქეთში საკმაოდ კომფორტულად ცხოვრობს, დაცვით გადაადგილდება და რეალურად, მისი ადგილსამყოფელი ყველამ იცის. სავარაუდოდ, სწორედ თურქეთის ხელისუფლების კეთილგანწყობის განსამტკიცებლად, გასულ კვირას, სალიფოვმა ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომ ამიერიდან ის და მისი მეგობრები, ფეთჰულაჰ გიულენის დაუძინებელი მტრები იქნებიან და მის მომხრეებს მსოფლიოს მასშტაბით დაუწყებენ დევნას. 

ერთი შეხედვით, ქურდების „კარაბადინი“ პოლიტიკაში ჩარევას კრძალავს, მაგრამ დიდი ხანია, ქურდები პოლიტიკურ ამინდს ბევრ სახელმწიფოში ქმნიან და ეს პერიოდი საქართველომაც გაიარა. შესაბამისად, სალიფოვის გადაწყვეტილებას არავინ გააპროტესტებს, ყოველ შემთხვევაში მანამდე, სანამ მას ამ დონის გავლენა ექნება. 

არადა, როგორც ამბობენ, სალიფოვის თავისუფლებაზე გამოსვლიდან ერთი წელიც კი არ არის გასული და მისმა შემოსავალმა უკვე მილიარდს გადააჭარბა. მის სახელს უკავშირდება ხმაურიანი გატაცებები მოსკოვში და არავინ მალავს, რომ ამ გატაცებებით „გულუმ“ ათეულობით მილიონი იშოვა. საუბარია ბიზნესმენების ოჯახის წევრების გატაცებაზე (მათ შორის მცირეწლოვან ბავშვებზეც), რომელთა გათავისუფლების სანაცვლოდ, ბიზნესმენები დიდ ფულს იხდიდნენ. მეტიც, ამბობენ, რომ ერთ-ერთი ბიზნესმენი ფულის გადახდას არ აპირებდა, რის შემდეგაც შვილის მოჭრილი ხელი გაუგზავნეს. ასეთი სისასტიკის შემდეგ კი, გადახდას ყველა თანხმდება. 

სხვათა შორის, ბევრისთვის უცნობია, რომ „გულუ“ 1995 წელს დააკავეს აზერბაიჯანში და 15 წელი მიუსაჯეს. 22 წლის ბიჭისთვის ეს დიდი „სროკი“ არ იყო და ბევრი ვარაუდობდა, რომ იმ არეულ წლებში, სალიფოვი ციხეს მალე დატოვებდა, თუმცა, 2005 წელს, მას კიდევ 12 წელი დაუმატეს. მანამდე კი _ 2000 წელს, ბაქოს ციხეში „გულუ“ კანონიერ ქურდად „მონათლეს“ და მისი „ნათლიები“... რაულ ქირია (რაულ რუსტავსკი) და ჯეირან ასლანოვი (ჯეირან რუსტავსკი) იყვნენ, ანუ, რეალურად, დღეისათვის ყველაზე საშიში კანონიერი ქურდი რუსთაველების აღზევებულია. ციხეში მყოფი სალიფოვი უქმად ნამდვილად არ იყო _ გარდა იმისა როს ციხიდან ხელმძღვანელობდა არაერთ კრიმინალურ დაჯგუფებას, მას საკანში ერთგვარი „კაზინო“ ჰქონდა მოწყობილი, სადაც ყოველ საღამოს ათეულ ათასობით დოლარზე თამაშობდნენ და ფული თავისუფლებაზე არსებულ „გულუს“ საძმაკაცოს ანგარიშებზე ირიცხებოდა. სწორედ დიდი ფულის გამო იყო, რომ სალიფოვს პატარა მეფეს ეძახდნენ და ზონაზე მართლაც მეფესავით ცხოვრობდა _ საკვებზე რომ არაფერი ვთქვათ, მასთან ქალების, ან უბრალოდ, კარგი მეგობრების შესვლა და რამდენიმე დღით დარჩენა არანაირი პრობლემა არ იყო.

როგორც ამბობენ, ამ ეტაპზე თურქეთის ხელისუფლებას ყველაზე ნაკლებად სწორედ სალიფოვის დაპატიმრება აწყობს. ყველამ იცის, რომ კანონიერ ქურდს უზარმაზარი ფული აქვს და მან უკვე დააფინანსა არაერთი საქველმოქმედო პროექტი და, თურქი ექსპერტების გათვლით, იქაურ ეკონომიკაში 300 მილიონ დოლარზე მეტი დააბანდა, რაც თურქეთისთვის დღეისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. შედეგად, არც ის უკვირს არავის, რომ პირადი დაცვის გარდა, კრიმინალური ავტორიტეტის სახლთან სახელმწიფო დაცვის თანამშრომლებიც ხშირად ჩნდებიან და მის უსაფრთხოებაზე ზრუნავენ. 

„ზუსტად ვიცით, რომ რამდენჯერმე „გულუ“ უშუალოდ შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტსა და ყველაზე გავლენიან პოლიტიკოსს, რეჯებ ტაიპ ერდოღანს. სავარაუდოდ, მასთან შეუთანხმებლად სალიფოვი არც გიულენთან დაკავშირებულ განცხადებას გააკეთებდა და ახლა ველოდებით, რომ გიულენის რომელიმე აქტიურ მომხრეს, სადმე აზიაში ყელს გამოჭრიან, რასაც „გულუს“ ხალხს დააბრალებენ და ამას ოფიციალურად არც თვითონ უარყოფს“,_ გვიყვება თურქეთში მცხოვრები ქართველი. 

სხვათა შორის, რუსეთში მოღვაწე კანონიერი ქურდები სალიფოვს მოსკოვში დიდ „სხადნიაკზე“ ეპატიჟებიან. ქურდული წესებით, დაჭერის შიშით „სხადნიაკისთვის“ თავის არიდება არ შეიძლება, მაგრამ სალიფოვი თურქეთის დატოვებას ცოცხალი თავით არ აპირებს და რუს კოლეგებს პირიქით _ თურქეთში ეპატიჟება, თუმცა... 

„აბსოლუტურად ყველა კანონიერ ქურდს, რომელიც სალიფოვს არ ემორჩილება, ეშინია თურქეთში ჩასვლის, რადგან ყველას ეჭვი აქვს, რომ „გულუს“ ხალხი სასტიკად გაუსწორდება და დახოცავს. ამიტომ, კატა-თაგვობანას თამაში მანამ გაგრძელდება, სანამ რომელიმე მხარე შეცდომას არ დაუშვებს. ამასთან ერთად, ყველა მოუთმენლად ელოდება, ციხიდან ტარიელ ონიანის გამოსვლას. ფაქტია, რომ ონიანი ძველი გავლენის დაბრუნებას შეეცდება და ორი ვარიანტიდან ერთის არჩევა მოუწევს _ ან სალიფოვს უნდა დაეჯახოს, ან _ „შიშკანს“. ორივესთან დაჯახების რესურსი კი ამ ეტაპზე ონიანს ნამდვილად არ გააჩნია“, _ ასეთია რუსი კრიმინალის ექსპერტის მოსაზრება. 

რამდენად ელოდებიან ერთმანეთის შეცდომებს გავლენიანი კანონიერი ქურდები, ვერ გეტყვით, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ ონიანის ციხიდან გამოსვლას ერთგვარი აზარტითაც კი ელოდებიან როგორც კრიმინალურ სამყაროში, ისე სამართალდამცავ ორგანოებში. უკვე გადაწყვეტილია, რომ ონიანს რუსეთში 24 საათზე მეტი ხნით გაჩერების უფლება არ აქვს და საინტერესოა, რომელ ქვეყანას აირჩევს გავლენიანი ავტორიტეტი. 

და ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია _ ზახარ კალაშოვის ადვოკატებმა იმდენი მოახერხეს, რომ თავისი კლიენტის საქმე სააპელაციო სასამართლოს მიაღებინეს. კალაშოვს 9 წელი და 10 თვე აქვს მისჯილი, თუმცა ადვოკატებს იმედი აქვთ, რომ სააპელაციო სასამართლო ამ გადაწყვეტილებას შეცვლის და კანონიერი ქურდი თავისუფლებაზე გამოვა. სხდომა 26 სექტემბრისთვის არის ჩანიშნული და თუ ადვოკატების მოლოდინი გამართლდება, მაშინ კითხვა, ვინ არის ყველაზე გავლენიანი ქურდი, აღარ დაისმება _ კალაშოვის უპირატესობას „შიშკანიც“ აღიარებს და „გულუც“.

ბათო ჯაფარიძე

დაბრუნება დასაწყისში