Menu
RSS

Multiplex_ საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფის საქმიანობა საქართველოში!

საერთაშორისო საფინანსო ჯგუფი Multiplexუკვე რამდენიმე წელია საქართველოში, სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა პროექტებს ახორციელებს. მათ შორის საინტერესოა ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი, რომელიც კავკასიის რეგიონსა და შუა აზიის ქვეყნებზეა გათვლილი. Multiplexჯგუფის საქმიანობის სპეციფიკასა და მიზნებზე, ,,ვერსიას'' სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, კონსტანტინე მხეიძე ესაუბრება.

 

_ ბატონო კონსტანტინე, რა საქმიანობას ეწევა Multiplex და რატომ აირჩია საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფმა მოღვაწეობის არეალად საქართველო? 

_ კომპანია, რომლის სრული სახელია Multiplex Petrolia Logistics  Solutions BV (MPLS), 2013 წელს, ლევან კაჭარავას ინიციატივითა და ძალისხმევით შეიქმნა. მას დიდი გამოცდილება აქვს ლოგისტიკის სფეროში ჯერ კიდევ ოთხმოცდაათიანი წლებიდან, როდესაც ,,სილქ როუდის'' (SILK ROAD GROUP) ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო. შესაბამისად, ჰოლანდიაში დაფუძნებულმა ჰოლდინგმა გააერთიანა საქართველოში მომუშავე რამდენიმე კომპანია და შექმნა ლოგისტიკური ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს საკონტეინერო გადაზიდვებს საქართველოს შავი ზღვის პორტებიდან, შუა აზიის ქვეყნებში. ყველასთვის ცნობილია, რომ საქართველოს საკვანძო მდებარეობა აქვს და ამ პოტენციალზე ბევრს აღარ ვისაუბრებ. სწორედ ამ იდეის რეალური ხორცშესხმა დავისახეთ მიზნად და ვფიქრობ, რომ ნამდვილად შევძელით. MPLS-ის შექმნის წინაპირობა ამ სფეროში კონკურენტული ალტერნატივების შეთავაზება იყო და სრული პასუხისმგებლობით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს გავლით, საერთაშორისო საკონტეინერო გადაზიდვების სრული საწარმოო ციკლი, ჩვენმა ჯგუფმა წარმატებით აამუშავა. 

_ რა არის თქვენი კომპანიის მიზანი? 

_ ვფიქრობთ, მიზანი ერთია _ საქართველოსა და ცენტრალური აზიიის რეგიონის მომარაგების, ამ რეგიონიდან ტვირთების დასავლეთის მიმართულებით გადაზიდვის ინფრასტუქტურის შექმნა და სერვისების სრულყოფა. შუა აზიის ქვეყნების მომარაგებაზე მოთხოვნა მაღალია. კონკრეტულად ამ რეგიონში, დაახლოებით, 60 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ეს დინამიურად განვითარებადი, მათ შორის დემოგრაფიულად მზარდი ქვეყნებია. ამ რეგიონის მომარაგების ორგანიზება, იაფი სერვისების მიწოდება, პროცესების მაღალტექნოლოგიურობა, გამჭვირვალობა და ეფექტურობა კი MPLS-ის კონკურენტუნარიანობის საფუძველია. 

Multiplex Petrolia Logistics  Solutions BV შექმნამდე, შუა აზიის რეგიონის ქვეყნების მომარაგება ამ რეგიონში შექმნილი დოვლათის ექსპორტი, სხვა სახის სატრანსპორტო გადაზიდვებით ხდებოდა. თუმცა სერვისის დონე, გადაზიდვების ოპერატიულობა და ადგილზე მიწოდების ვადებიც არსებულ მოთხოვნებს ვეღარ აკმაყოფილებდა. იმ დროს, საქართველოდან საკონტეინერო გადაზიდვები ამ მიმართულებით, პრაქტიკულად, არ არსებობდა, დღეისათვის კი საკონტეინერო გადაზიდვები საერთაშორისო ტვირთბრუნვის უმნიშვნელოვანესი სექტორია. ჩვენ შევძელით საქართველოში გამართული ლოგისტიკური ბიზნესის სრული ციკლის შექმნა და დანერგვა. 

_ თქვენი საუბრიდან გამომდინარე, თითქოს განსაკუთრებული არაფერია _ გაყინული პროდუქტი, რომელიც ფოთის პორტში შემოდის, შუა აზიაში გადაგაქვთ, რეალურად კი ბევრად დიდი საქმე გაკეთდა. თუ შეიძლება მოგვიყვეთ, Multiplex-ის ამ პროექტით, რომელ კონკრეტულ მარშრუტებს გაუწია საქართველომ კონკურენცია? 

_ MPLS-მა უწყვეტ ციკლად გააერთიანა საკონტეინერო ტვირთის მიღებისა და გადამუშავების, სპეციალიზირებულ სამაცივრე კომპლექსებში დასაწყობების, აღრიცხვისა და ტრანსპორტირების ბიზნესი. ამით, შუა აზიის რეგიონის მომარაგების ე.წ. ,,ჩრდილოეთის მარშრუტის'' ანუ კლაიპედასა და პეტერბურგის საზღვაო პორტებიდან, მომარაგების ალტერნატივა შეიქმნა. ყველაფერთან ერთად, ჩვენ საქართველოს გავლით, ორჯერ უფრო სწრაფად უზრუნველვყოფთ სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკიდან, შუა აზიის ქვეყნების მომარაგებას. ასევე, კომპანიის კუთვნილი საკონტეინერო გემი მუშაობს კასპიის ზღვის აკვატორიაში ტვირთების გადაზიდვაზე, მათ შორის, გვაქვს ავღანეთში არასამხედრო ტვირთებიზე მუშაობის კარგი გამოცდილება. ვფიქრობ, ეს არა მხოლოდ სიახლე და ბიზნესისთვის საინტერესო თემაა, არამედ შუა აზიის ქვეყნებისა და საქართველოს ეკონომიკისთვის რეალური და საშური საქმეა. ყოველივე ეს ნიშნავს, რომ MPLS-ს საერთაშორისო ბაზარზე მაღალი ნდობა აქვს. 

_ რა კომპანიები შედის Multiplex-ის ჯგუფში? 

Multiplex Petrolia Logistics  Solutions BV ჯგუფი აერთიანებს რამდენიმე კომპანიას, მათ შორისაა ,,ამერიქან მონოლითი'' – 10 000-ტონიანი სამაცივრე კომპლექსი ფოთში, ,,არკო'' _ 4 500-ტონიანი სამაცივრე კომპლექსი თბილისში, ,,ჰაზტინგ ენთერპრიზის'' _ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მფლობელი, რომელიც ამავდროულად, ბაქოში, ,,ჰოვსანის'' კერძო პორტის მართვას ახორციელებს და კომპანია ,,არ-ეფ-ჯი'' _ ტვირთების ლოგისტიკის განმახორციელებელი კომპანია. საწარმოო პროცესი ტექნოლოგიურად გამართულია. ამ საქმიანობისთვის საჭირო მთლიან ციკლს, ჩამოთვილილი კომპანიები ფარავენ. ფოთის სამაცივრე კომპლექსის მშენებლობა 2011 წელს, ხოლო თბილისის სამაცივრე კომპლექსის სრული რეკონსტრუქცია და გადაიარაღება კი 2014-ში დავასრულეთ. ამასთან ერთად, ფოთი ტრანზიტულ ტვირთებზე მუშაობს, თბილისი კი ადგილობრივ ბაზარის მოთხოვნებზეა ორიენტირებული. ამ ეტაპზე, ორივე კომპლექსი, ხარისხის კონტროლისა და ტვირთების აღრიცხვის კუთხით, სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს. 

მაია მიშელაძე

 

დაბრუნება დასაწყისში