Menu
RSS

ამირან სალუქვაძე: „გაწვევის დროს, ფაქტობრივად, დივერსიას აქვს ადგილი და ხელს უშლიან არმიის დაკომპლექტებას, რაც პირდაპირ თავდაცვისუნარიანობას ურტყამს!“

,,ხაშურში ჯარში გამოძახებული 150 ახალგაზრდიდან 145-მა ,,გირჩის'' მღვდელმსახურის ცნობა წარადგინა. სამშობლოს დასაცავად არ გვცალიაო, გასაბერ ,,ეკლესიებში'' მარიჰუანლიტურგიებს ვატარებთ'', _ ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად კვაჭანტირაძემ გაავრცელა. 

საქმე ისაა, რომ მას შემდეგ რაც, 2017 წლის 21 აპრილს, პოლიტიკურმა მოძრაობამ ,,გირჩი'', რელიგია ,,ბიბლიური თავისუფლება'' დააარსა, ორგანიზაციას შეუძლია, გასცეს მღვდელთმსახურის მოწმობა, რითაც წვევამდელები სამხედრო სავალდებულო სამსახურს აარიდებენ თავს. მაგალითად, ქუთაისში, 2018 წლის საგაზაფხულო გაწვევის შემდეგ ამ მოწმობით 245-მა, ხოლო 2017 წელს _ 255-მა წვევამდელმა ისარგებლა. მონაცემები რომ საგანგაშოა, ამაზე ხელისუფლებაცა და საექსპერტო საზოგადოებაც თანხმდება, თუმცა მნიშვნელოვანია იმ ძირეული პრობლემის აღმოჩენა და შემდეგ მოგვარება, რის გამოც ახალგაზრდები, ფაქტობრივად, ყველაფერს აკეთებენ, რომ საკუთარი სახელმწიფოს დაცვის სამსახურს აარიდონ თავი. სწორედ ამ პრობლემასა და მისი მოგვარების გზებზე ვესაუბრეთ ექსპერტს სამხედრო საკითხებში _ ბრიგადის გენერალს ამირან სალუქვაძეს:

 

_ დავიწყოთ იმით, რომ წვევამდელები სავალდებულო სამსახურს თავს არიდებენ ისეთ სახელმწიფოებში, სადაც ვერ მოხერხდა ისეთი პირობების შექმნა, რომ ჯარში სამსახური პრესტიჟული იყოს. ერთი წელი კი არა, ერთი თვეც რომ იყოს, ახალგაზრდა იფიქრებს, რატომ დავკარგოს ეს დროო. მეოთხედი საუკუნის განმავლობაში ვერ შევქმენით ისეთი სისტემა, რომ ძალოვან სტრუქტურებში სამსახური ყველასთვის იყოს მიმზიდველი. ამაში ბრალი ყველა ხელისუფლებას და, რა თქმა უნდა, საზოგადოებას, მათ შორის პოლიტიკოსებს, მესამე სექტორს, მედიას მიუძღვის, რადგან ამ პრობლემას არავინ უღრმავდება. არ ვგულისხმობ ცალკეულ შემთხვევებს, თქვენ რომ სიღრმისეულად მეკითხებით, უკვე ვხედავ თქვენს დაინტერესებას ამ პრობლემით, თუმცა ეს გამონაკლისია. ავხმაურდებით და შემდეგ თემა გვავიწყდება. ისევე, როგორც აგვისტოს ომი, 7-დან 12 აგვისტომდე ვიწყებთ ამ პრობელემაზე საუბარს და 13 აგვისტოდან აღარავის ახსოვს. 

_ დიდი ხანია, მიმდინარეობს დისკუსია გაწვევის სისტემასთან დაკავშირებით. ზოგი მიიჩნევს, რომ სამხედრო სამსახური სავალდებულო კი არა, ნებაყოფლობითი უნდა იყოს. რას ფიქრობთ ამ საკითხზე? 

_ არმია სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი ფუნდამენტი, ხერხემალია და პრესტიჟული, საპატიო რომ იყოს, ახალგაზრდებს დაძახება კი არ დაჭირდებათ, რიგები დადგება. აი, როცა ამის ფუფუნება გვექნება, მაშინ შეგვეძლება, ავირჩიოთ, გაწვევის რომელი სისტემა სჯობს _ სავალდებულო, ნებაყოფლობითი, საკონტრაქტო, თუ _ შერეული. როცა საფრთხეები თავზე გვემხობა, ამ საკითხზე არ უნდა ვსაუბრობდეთ და ეს კარგად უნდა ესმოდეს მედიას, პოლიტიკოსებს, საექსპერტო საზოგადოებას და ნებისმიერ მოქალაქეს. 

_ როგორ ფიქრობთ, რა უშლის ხელს ისეთი სისტემის შექმნას, როგორზეც თქვენ საუბრობთ? 

_ ამ მეოთხედი საუკუნის განმავლობაში ვერ მოვახერხეთ, რომ თავდაცვის საკითხებში გამოცდილება და რესურსები როგორმე თანხვედრაში ყოფილიყო. გარკვეულ წლებში, მეც მომიწია თავდაცვის სამინისტროში სამსახური. მაშინ საკმაოდ შეზღუდული რესურსები გვქონდა და შეუძლებელი იყო ქმედითი რეფორმების გატარება. როცა ბიუჯეტი 40-ჯერ გაიზარდა, ამას დაემთხვა მასშტაბური საკადრო წმენდა. ამ წლებში ყველანაირი საშუალება იყო, მიგვეღწია ჯარში ნებისმიერი სტატუსით სამსახურის პრესტიჟულობისთვის. რატომ ვერ ხერხდება, ამის ახსნას ამ ფორმატში ვერ ჩავატევთ. 

_ ფიქრობთ, დღეს თავდაცვის სისტემაში გამოცდილების ნაკლებობაა თუ ბიუჯეტის სიმწირეს უჩივიან? 

_ დღეს რესურსის ნაკლებობა ნამდვილად არაა. შეიძლება 18 და 660 მლნ ლარი ერთმანეთს შევადაროთ? 2005 წლიდან ჩვენს არმიაში უკონტროლო და მავნე საკადრო წმენდა განხორციელდა. არმიიდან გაუშვეს ასობით კვალიფიციური ოფიცერი, რაც გამოცდილებასთან ერთად, სამსახურის პრესტიჟულობასაც აყენებს ზიანს. ოფიცრობის დათრგუნვა ხდება და ისინი ინიციატივის უნარს კარგავენ. 

_ სამხედრო სამსახურში გაწვევის როგორი სისტემა მიგაჩნიათ საქართველოსთვის მიზანშეწონილად? 

_ ვფიქრობ, საქართველოს შერეული სისტემა სჭირდება, ანუ საკონტრაქტო და სავალდებულო გაწვევა ერთად. სამხედრო სამსახური შეიძლება, ნებაყოფლობითიც გავხადოთ, მაგრამ ეს შეუძლებელია, როცა გამწვევ პუნქტებთან არათუ რიგები არ დგას, ჯარიდან თავის აცილების პროპაგანდაა გაჩაღებული. ამ პროპაგანდას ხელისუფლება წინ ქმედითი ნაბიჯებით უნდა აღუდგეს. სახელმწიფო ბალეტის სკოლა არაა! 

_ მხოლოდ საკონტრაქტო სამსახურზე გადასვლას რატომ არ ემხრობით? 

_ ეს არის პოპულიზმი, ჩვენნაირ სახელმწიფოს საკონტრაქტო არმია ვერ უშველის თუ ომს ვაპირებთ. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ომი გვინდა, არამედ იმას, რომ თუ მოხდა აგრესია საიდანმე, ორი გზაა _ ან უნდა იომო, ან _ ჩაბარდე. თუ ჩაბარებას ვაპირებთ, არმია საერთოდ არ გვჭირდება და ტყუილად ვხარჯავთ 600 მილიონს. ხოლო აგრესიის შემთხვევაში თუ ომს ვაპირებთ, საკონტრაქტო არმია საკმარისი არ იქნება, რადგან პირველივე დღეებში არმიას დასჭირდება შევსება, რაც რეზერვიდან უნდა მოხდეს. რეზერვის მომზადების ერთ-ერთი სწრაფი მეთოდი კი გაწვევის სამსახურია. შევსების საჭიროება იქნება არ მხოლოდ პირველ დღეებში მიღებული დანაკარგების გამო, არამედ სახმელეთო კომპონენტის ეს რიცხოვნობა არ იქნება საკმარისი აგრესიის შეაკავებლად. 

_ ჯარში წასვლის თავიდან არიდების ერთ-ერთ არგუმენტად ახალგაზრდებს ე.წ. საყარულო სამსახური მოჰყავთ. საუბარია იმაზე, რომ წვევამდელებს სამხედრო წვრთნებს კი არ უტარებენ, დარაჯებად აყენებენ... 

_ როცა ასე ხელისწამოკვრით საუბრობენ საყარაულო სამსახურზე, საერთოდ არ ესმით, რა პრობლემების წინაშე დადგება სახელმწიფო, თუ რეალური, ხანგრძლივი ომი დაიწყო. ასეთ დროს ფრონტის ხაზზე ერთი პრობლემაა გადასაწყვეტი, დანარჩენ ადგილებში _ სხვა. ამ ხალხს სჭირდება სათანადო მომზადება. ,,გირჩის'' გადასაწყვეტი კი ნამდვილად არაა, რა გვჭირდება და რა _ არა. საყარაულო სამასახური, კანონმდებლობით, მთელ მსოფლიოში ითვლება საბრძოლო ამოცანის შესრულებად. ჯარში არსებობს საგარნიზონო და საყარაულო სამსახურის წესდება, რომელსაც კანონის ძალა აქვს. 

_ და რა საბრძოლო უნარებს იძენს ჯარისკაცი დარაჯად დგომის დროს? 

_ იმისათვის, რომ დარაჯად დააყენო, უნდა გაიაროს შესაბამისი მომზადება. ყველაზე ნათელი მაგალითი იმისა, რისთვის არსებობს ე.წ. საყარაულო სამსახური, არის საქართველოს მისია ავღანეთში. ქართველები იქ ზუსტად საყარაულო სამსახურში დგანან და იცავენ ბაზას. ეს რომ ცუდად ორგანიზებული იყოს, შეტევები იქნება ყოველდღე. ნებისმიერ სახელმწიფოს სჭირდება მნიშვნელოვანი ობიექტების დაცვა, ჯარში ეს სამხედრო ობიექტებია. საბრძოლო მასალების საცავებს, ავტოპარკს, სადაც ტანკებია, საბრძოლო მანქანებია, არტილერიაა, იარაღით დაცვა სჭირდება და იქ ვერ დააყენებ დაცვის პოლიციას, ან რომელიმე დაცვის სამსახურს. თავდაცვისუნარიანობაზე პასუხს აგებს ჯარი თავისი კუთვნილი ტექნიკით, რაც მას ანდო სახელმწიფომ და ამაში ფულს ვუხდით. გამშვებ პუნქტზე ვიღაც ხომ უნდა იდგეს, ყაზარმაში, სადაც ჯარისკაცებს სძინავთ, ჯარისკაცი დგას და მორიგეობს. აბა, ვინ დავაყენოთ იქ, დამლაგებელი ცოცხით? იქ ხომ ჯარისკაცი უნდა იდგეს?! 

ხალხი არ ჰყოფნით ბრიგადებში და ამას ისიც დაემატა, რომ გაწვევის დროს, ფაქტობრივად, დივერსიას აქვს ადგილი და ხელს უშლიან არმიის დაკომპლექტებას, რაც პირდაპირ თავდაცვისუნარიანობას ურტყამს. ეს პრობლემა მთავრობასთან ერთად, თავდაცვის სამინისტროს და გენერალური შტაბის მოსაგვარებელია. ისინი უნდა იყვნენ პრობლემათა მოგვარების ინიციატორები. 

ერთ-ერთმა პირველმა დავიწყე საუბარი, რომ ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები ჩართულიყვნენ სამხედრო მომზადებაში, რომ მუდმივად არ იყოს სალაპარაკო, ჯარში მხოლოდ ე.წ. ყარაულისთვის იწვევენო. მივიდა თავდაცვის სამინისტრო ამ კონდიციამდე და შარშან გადაწყვიტეს, რომ ნებისმიერი გაწვეული ვადიანი სამხედრო მოსამსახურე, გაივლის ე.წ. ბი-სი-თის, ორთვენახევრიან საბაზისო სამხედრო მომზადების პროგრამას. ეს კარგი გადაწყვეტილებაა, თუმცა, როგორც ჩანს, გარკვეული პრობლემები არსებობს და ყველა არ გადის ამ პროგრამას. საბაზისო მომზადება თვენახევრამდე უნდა ჩამოვიდეს და შემდეგ გაგრძელდეს საბრძოლო მომზადების ერთიან ციკლში მათი მომზადება. დღეისათვის სალაპარაკო აღარაა, რომ მხოლოდ ე.წ. ყარაულში დგანან ჯარისკაცები, რადგან საბრძოლო მომზადების ციკლში ვადიან მოსამსახურეთა ჩართულობის მხრივ ვითარება გაუმჯობესდა ანუ ,,გირჩს'' საზოგადოება შეცდომაში შეჰყვავს. 

_ ბატონო ამირან, რა უნდა გაკეთდეს, რომ არმია საქართველოში პრესტიჟული და საპატიო გახდეს ახალგაზრდისთვის? 

_ ამისათვის მხოლოდ ანაზღაურება და ლამაზი ფორმა არაა საკმარისი. საჭიროა სტიმულირების და შეზღუდვების ქმედითი ზომების მთელი კომპლექსი, რაც მიღწევადია. ბევრ სახელმწიფოში, მაგალითად, აშშ-ში, შვეიცარიაში, ავსტრიაში და ა.შ. გაწვევა ნებაყოფლობითია, მაგრამ თუ სახელმწიფო გადაწყვეტს, შეუძლიათ, სავალდებულო გახადონ. ჩატარდა გამოკითხვა _ უნდა იყოს თუ არა სავალდებულო სამხედრო სამსახური და შვეიცარიის მოსახლეობის 73%-მა, ხოლო ავსტრიიის მოსახლეობის 59%-მა დააფიქსირა, რომ სავალდებულო სამსახური აუცილებელია. როგორ მიაღწიეს ამ განწყობას, შესასწავლია. ჩვენ კი ასეთი სახელმწიფოებრიობის განცდა არ გაგვაჩნია. 

_ ერთ-ერთმა ექსპერტმა განაცხადა, რომ ეს ჰიბრიდული ომისა და რუსეთის მცდელობის შედეგია, ეთანხმებით? 

_ ესაა 200 წლიანი ოკუპაციის გავლენის შედეგი. საქმე ისაა, რომ მხოლოდ რუსეთი არ ახორციელებს ამას. ,,გირჩს'' ხომ საკუთარი თავი ყველაზე პროგრესულად მოაზროვნე, დასავლური ღირებულებების მქონე ძალად მიაჩნია? არადა, პირდაპირ ურტყამს სახელმწიფოებრიობის ფუნდამენტურ ღირებულებებს. ის, რაც ,,გირჩის'' მიწოდებით, საკონსტიტუციო სასამართლომ გააკეთა მარიხუანას ლეგალიზებასთან დაკავშირებით, ხალხისთვის კონსტიტუციის თავზე გადახევას ნიშნავს. ის პრობლემები ,,გადაგვახიეს'' თავზე, რომლებიც სახელმწიფოს წინაშე არსებობს და ამ გადაწყვეტილებით ამ ორგანომ ჩემთვის ლეგიტიმაცია დაკარგა. პრობლემას უნდა ვებრძოლოთ როგორც ნარკოტიკების, ასევე სამხედრო სამსახურში გაწვევის საკითხში. ,,გირჩი'' კი სახელმწიფოებრიობის ფუნდამენტალურ ფასეულობებს ებრძვის. აყალიბებს განცდას, რომ მოქალაქე და სახელმწიფო განცალკევებული ცნებებია. ებრძვიან ფუნდამენტურ ღირებულებებს _ რელიგიას, თავდაცვისუნარიანობას, სამობილიზაციო რესურსს, დემოგრაფიის განვითარებას. თან ასეთი ორგანიზაციის ლიდერს პრეზიდენტობა, ანუ მთავარსარდლობა უნდა! 

_ ბატონო ამირან, დღეს ჯარისკაცის კვება, ჩაცმულობა და დაზღვევა დამაკმაყოფილებელია? 

_ დღეს ჯარისკაცი ისეა ჩაცმული, რასაც 90-იან წლებში ვნატრობდით. კვების პრობლემაც არაა, შეიძლება, სადღაც რაღაც პრობლემა არსებობს, მაგრამ მთლიანობაში დღეს ეს საკითხი არ დგას. დაზღვევის სისტემაც მუშაობს ჯარში, მაგრამ პრესტიჟულობა კიდევ ბევრი სხვა რამისგან შედგება. მხოლოდ ხელფასით პრესტიჟის გაზრდას ვერ მიაღწევ, აუცილებლად უნდა იმუშავოს სახელმწიფო იდეოლოგიამ და სხვადასხვა სისტემურმა მიდგომებმა. მივიჩნევ, რომ საჯარო სამსახურში ვერ უნდა ირიცხებოდეს პირი, რომელმაც თავი აარიდა სამხედრო სავალდებულო სამსახურს. წინა ხელისუფლებას ჰქონდა ნებისმიერი თემის პიკამდე აყვანის უნარი. მოისურვეს, რომ პატრულის სამსახური ყოფილიყო პრესტიჟული? _ ასეც მოხდა. პრესტიჟული რომ გახდეს ჯარში სამსახური კომპლექსური მიდგომაა საჭირო. ამ მავნე ვირუსს, რაც ახლა ვრცელდება, სასწრაფო მკურნალობა ესაჭიროება.

თათია გოჩაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში