Menu
RSS

„შენ მართლა პრემიერი ხომ არ გგონია თავი, ბიჭო?“ _ პრემიერ-მინისტრის დაწყევლილი სავარძელი

რატომ ამთავრებენ კარიერას კრახით _ „კევის ბიზნესი“ და ქართველი პრემიერების სკანდალური X-ფაილი

ჩვენი ქვეყანაში სახელმწიფო უმაღლესი თანამდებობის პირები, კერძოდ, პრემიერ-მინისტრები ისე ხშირად იცვლებიან, რომ თუ ადამიანს დაკვირვებული თვალი არ აქვს, როგორც იტყვიან, სათვალავი აერევა და ხეირიანად ვერც გაიხსენებს, ვინ რამდენი ხნის განმავლობაში იკავებდა მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას. 

ისე, ჩვენში დარჩეს და, პრემიერების ხშირი ცვლა იმ ეჭვსაც კი აჩენს, რომ ეს თანამდებობა დაწყევლილია. ახლა, ამ შეფასებას მავანნი და მავანნი ცრურწმენას მიაწერენ, მაგრამ, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, დაწყევლის ვერსიას ზურაბ ჟვანიას დღემდე ბურუსით მოცული გარდაცვალებაც ამყარებს. 

რა მოხდა 2005 წლის 3 თებერვალს _ მართლა უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა ჟვანია თუ სისხლიან პოლიტიკურ ინტრიგებს შეეწირა? _ ამ კითხვაზე პასუხი მას შემდეგაც არ გასცემია, რაც საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა. არადა, 6 წლის წინ ანუ მაშინ, როცა ოპოზიციაში იყო და ხელისფლებაში მოსასვლელად ემზადებოდა, „ოცნება“ პირობას დებდა, რომ „ყბადაღებული 9 წლის განმავლობაში“ მომხდარი ყველა მკვლელობა გაიხსნებოდა და სამართლიანობა აუცილებლად აღსდგებოდა. 

საბურთალოს ქუჩის საიდუმლოს გახსნაზე ისიც მიანიშნებდა, რომ 2012 წელს, გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი პრემიერის ძმა, გოგა ჟვანია დეპუტატი „ოცნების“ სიით გახდა. აწ განსვენებული პრემიერის გადეპუტატებული ძმა საზოგადოებას თავს პერიოდულად ახსენებდა და აცხადებდა, ზურას მკვლელობაზე მალე შოკისმომგვრელი სიმართლე გახდება ცნობილიო, მაგრამ ეს „მალე“ აღარ მოვიდა. შესაბამისად, ზურაბ ჟვანიას საქმე დღესაც თაროზეა შემოდებული და საბურთალოს ქუჩის ტრაგედიაზე ჭორ-მართალი ერთმანეთშია არეული.

საბედნიეროდ, ზურაბ ჟვანიას ბედი მის სხვა კოლეგებს არ გაუზიარებიათ, მაგრამ საქართველოს უახლესი ისტორიისთვის თვალს ზერელე გადავლებაც მოწმობს, რომ კარგი რეპუტაციით ეს პოსტი ერთ პრემიერსაც არ დაუტვებია. არადა, თითქმის ყველა მათგანი დარწმუნებული იყო, რომ უბატონოდ ბუზსაც ვერავინ აუფრენდა. 

რაღა შორს წავიდეთ, განა, არ გახსოვთ, პატივცემული გიორგი კვირკაშვილი ჯერ კიდევ თვენახევრის წინ, როგორ რიხიანად აცხადებდა, ის ადამიანები, რომლებიც ყვავ-ყორნებივით დასტრიალებენ მთავრობის ადმინისტრაციის მეთერთმეტე სართულს და დაყენებული აქვთ ტაიმერები პრემიერ კვირიკაშვილის გადადგომაზე, მინდა დავარწმუნო, რომ ეს ტაიმერი რამდენიმე წელი მინიმუმ არ დარეკავს, ამიტომ დაისვენონ, მე მათი საცოდაობით აღარ ვარ, გამოიძინონ კარგად, სანამ საქართველო წინ წავაო. საქართველო წინ კი წავა, მაგრამ უკვე ცხადია, რომ ამ წინსვლაში კვირკაშვილს მთავარი როლი არ ექნება. ამას ისიც ადასტურებს, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით, ექსპრემიერი მმართველი პარტიიდან გარიცხეს. 

„ქართული ოცნების ოფიციალურ ვებგვერდზე _www.41.ge პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში გიორგი კვირიკაშვილი აღარ ირიცხება. აღსანიშნავია, რომ კვირიკაშვილი პოლიტიკური საბჭოს წევრად გადადგომამდე რამდენიმე თვით ადრე აირჩიეს“, _ ნათქვამია ქართული საინფორმაციო სააგენტო „ნიუპოსტის“ მიერ მიმდინარე წლის 5 ივლისს გავრცველებულ მოკლე ინფორმაციაში. 

მმართველი პარტიის წევრთა თქმით, კვირიკაშვილმა აღნიშნული თანამდებობა საკუთარი ნებით დატოვა. 

,,გიორგი კვირიკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს დატოვების შესახებ, რაც, ჩემი აზრით, ლოგიკური გადაწყვეტილებაა და მიმდინარეობს პროცედურები ახალი პრემიერით მისი ჩანაცვლების შესახებპ პლიტსაბჭოში“, _ აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა. 

მართალია, კულუარებში მუსირებს ვარაუდი, რომ ყოფილმა პრემიერმა შესაძლოა, პოლიტიკური პარტია შექმნას, მაგრამ ეს ინფორმაცია ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა. ასე რომ, დღევანდელი მონაცემებით, გიორგი კვირკაშვილი, თენგიზ სიგუას, ნიკო ლეკიშვილის, ვანო მერაბიშვილის, ნიკა გილაურის, ბაჩო ახალაიასა თუ სხვა ექსპრემიერების მსგავსად, საქართველოს პოლიტიკური ისტორიის საკუთრებაა. 

საერთოდ, ჩვენებურ პრემიერ-მინისტრის ინსტიტუტს ლამის საუკონოვანი ბეგრაუნდი აქვს. ეს თანამდებობა პირველად 1918 წელს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებისთანავე დაწესდა და მაშინ სუბიექტს, რომელიც ამ თანამდებობას იკავებდა, მთავრობის თავმჯდომარე ეწოდებოდა. 

„ამ პოსტზე მოღვაწეობდნენ ნოე რამიშვილი და ნოე ჟორდანია. თანამდებობა გაუქმდა სსრ კავშირის შემადგენლობაში საქართველოს შესვლის გამო. პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 1991 წლის აგვისტოში აღდგა და 1992 წლის თებერვლამდე, სამხედრო საბჭოს მიერ ძალაუფლების ხელში აღებამდე მოქმედებდა. 

1995 წელს მიღებული საქართველოს კონსტიტუციით, საქართველო საპრეზიდენტო რესპუბლიკა გახდა და, შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის თანამდებობა გაუქმდა. ახალშემოღებული სახელმწიფო მინისტრის პოსტი კი არც ფორმით და არც შინაარსობრივად არ იყო პრემიერ-მინისტრის თანამდებობის მსგავსი. 

2004 წლის 6 თებერვალს განხორციელებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა საქართველოში შემოიღო მთავრობის ინსტიტუტი, შესაბამისად, ხელახლა გაჩნდა მთავრობის თავმჯდომარის პოსტი და მას კვლავ პრემიერ-მინისტრი ეწოდა. 

მოქმედი კანონმდებლობით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს პარლამენტის შემადგენლობის გათვალისწინებით წამოაყენებს პრეზიდენტი, პარლამენტი კი მას ნდობას უცხადებს. პრემიერ-მინისტრი ნიშნავს და ათავისუფლებს მთავრობის დანარჩენ წევრებს (მინისტრებს),“ _ ნათქვამია ქართულ „ვიკიპედიაში“. 

როგორც აღვნიშნეთ, პირველი რესპუბლიკის პირველი პრემიერი ნოე რამიშვილი იყო, რომელსაც ეს პოსტი 1918 წლის 26 მაისიდან 24 ივლისამდე ეკავა. 24 ივლისს კი პრემიერობა ნოე ჟორდანიას გადაულოცა. ჟორდანია საქართველოს მთავრობას 1921 წლის 25 თებერვლამდე ლიდერობდა. 

„გაწითლებულ“ საქართველოში ცნება _ „პრემიერ-მინისტრი“ ქრება და მას „სახალხო კომისარიის საბჭოს თავმჯდომარე“ ანაცვლებს. საქართველოს სსრ-ს სახალხო კომისარიის საბჭოს პირველი ხელმძღვანელი პოლიკარპე მდივანია; ერთი წლის შემდეგ როტაცია ხორციელდება და ამ თანამდებობას ჯერ სერგო ქავთარაძე იკავებს, შემდეგ _ შალვა ელიავა. სხვადასხვა დროს, ამ თანამდებობაზე მუშაობდნენ ლავრენტი ქართველიშვილი; ფილიპე მახარაძე; ლევან სუხიშვილი; გერმანე მგალობლიშვილი და ვალერი ბაქარაძე. 

მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან ერთი წლის შემდეგ, კერძოდ, 1946 წლის 27 მარტს, სახალხო კომისარიის საბჭოს სახელი ეცვლება და მინისტრთა საბჭო ხდება, რომლის პირველი თავმჯდომარეც ვალერი ბაქრაძეა. 

საქართველოს სსრ-ს მინსტრთა საბჭოს სულ 11 თავმჯდომარე ჰყავდა, მათ შორის _ ზაქარია ჩხუბიანიშვილი; ზაქარია კეცხოველი; ვალერი ბაქარაძე; გივი ჯავახიშვილი; ზურაბ პატარიძე; დიმიტრი ქართველიშვილი; ოთარ ჩერქეზია; ზურაბ ჩხეიძე; ნოდარ ჭითანავა; თენგიზ სიგუა... 

1991 წლის 18 აგვისტოდან საქართველში კვლავ შემოდის პრემიერ-მინისტრის ცნება და ამ თანამდებობაზე ზვიად გამსახურდია მურმან ომანაძეს ნიშნავს, თუმცა რამდენიმე დღეში ომანაძეს ბესარიონ გუგუშვილი ცვლის, რომელსაც ეს თანამდებობა 1992 წლის 6 იანვრამდე უკავია. მას შემდეგ, რაც შეიარაღებული ამბოხებულები ეროვნულ ხელისუფლებას დაამხობენ და პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია სამშობლოს დატოვებს, პრემიერად თენგიზ სიგუა გვევლინება, რომელსაც ეს უმაღლესი თანამდებობა 1993 წლის 5 აგვისტომდე უკავია. 5 აგვისტოდან კი პრემიერის მოვალეობას, ზუსუტად 15 დღის განმავლობაში, ედუარდ შევარდნაძე ასრულებს. 

1993 წლის 20 აგვისტოს მინისტრთა ,,უსტაბაში'' ოთარ ფაცაცია ხდება. სხვათა შორის, ოთარ ფაცაცია, სხვა პრემიერების მსგავსად, სკანდალში რამდენჯერმე გაეხვევა. ყველაზე უხერხული სიტუაცია კი მაშინ შეიქმნება, როცა თურქეთში ვიზიტად მყოფი ფაცაცია, ოფიციალურ მიღებაზე, მომიტევეთ და, ცხვირში თითს შეიყოფს...

1995 წლის დეკემბრის პირველ დეკადაში პრემიერის პოსტი უქმდება და ახალი თანამდებობა _ სახელმწიფო მინისტრი იქმნება. ახალი სამთავრობო სავარძლის პირველი მფლობელი ნიკო ლეკიშვილია. შემდეგ, როტაციის გზით, მას ვაჟა ლორთქიფანიძე ცვლის; ვაჟა ლორთქიფანიძის „ზამენად“ ჯერ გია არსენიშვილი გვევლინება, შემდეგ _ ავთანდილ ჯორბენაძე. 

„ვარდების რევოლუცია“ სწორედ ჯორბენაძის სახელმწიფო მინისტრობის დროს ხდება. აქვე, შეგახსენებთ იმთავითვე მოარულ ხმას, რომ ჯორბენაძე თითქოს მიხეილ სააკაშვილთან ანუ რევოლუციონერებთან თანამშრომლობდა და სწორედ მისი ხელშეწყობით მოხდა შევარდნაძის მთავრობის ვარდებით დამხობა. 

„ვარდოსნები“ სახელმწიფი მინიტრს კვლავ პრემიერ-მინისტრს არქმევენ და 2003 წლის 27 ნოემბერს ე.წ. ახალი საქართველოს პირველი პრემიერი ზურაბ ჟვანია ხდება, რომელსაც აღნიშნული თანამდებობა სიცოცხლის ბოლომდე, ესე იგი, 2005 წლის 3 თებერვლამდე უკავია. 

ჟვანიას გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების შემდეგ, რამდენიმე კვირის განმავლობაში, პრემიერობას პრეზიდენტი სააკაშვილი ითავსებს. 2005 წლის 17 თებერვალს კი ამ პოსტის ,,მესაკუთრე'' ზურაბ ნოღაიდელი ხდება. 

საერთოდ, პრემიერების მაქსიმალური „პატალოკი“ ორი წელია. ამ „ტრადიციას“ ნოღაიდელიც არ არღვევს და 2007 წლის 22 ნოემბერს, თანამდებობას ლადო გურგენიძეს უთმობს, თუმცა შუალედში, რამდენიმე დღით, პრემიერ-მინისტრობას გია ბარამიძეც „აგემოვნებს. 

2008 წლის 1 ნოემბერს პრემიერის პოსტს უპარტიო გრიგოლ მგალობლიშვილი იკავებს. ერთი წლის შემდეგ კი _ ასევე, უპარტიო ნიკოლოზ გილაური, რომელიც მთავრობას 2012 წლის 30 ივნისამდე მეთაურობს. 30 ივნისს კი ამ თანამდებობაზე ვანო მერაბიშვილი ინიშნება. ეს უკვე ის დროა, როცა „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ ავანსცენაზეა გამოსული. პარალელურად, კულუარებიდან ჟონავს ინფორმაცია, რომ „ნაცებში“ დიდი განხეთქილებაა და ე.წ. ახალიაების ფრთა მერაბიშვილის მოცილებას ცდილობს. 

პრემიერობა შესაძლოა, შს მინისტრობაზე მაღალი თანამდებობაა, მაგრამ მერაბიშვილი, მოგეხსენებათ, ძალოვან უწყებას „ცეცხლითა და მახვილით“ მართავდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მას განუზომელი უფლებები ჰქონდა. შესაბამისად, შსს-დან მთავრობის კანცელარიაში გადაყვანა „ჩამოლაბორანტებას“ ნიშნავს, მით უმეტეს, რომ შსს ბაჩო ახალიას ხელში გადადის. 

2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნებში „ქართული ოცნება“ იმარჯვებს და არავის უკვირს, რომ მთავრობის მეთაური ბიძინა ივანიშვილი ხდება, თუმცა მეცენატი ერთი წლის შემდეგ აღნიშნულ პოსტს მოულოდნელად ტოვებს და შემცვლელად ირაკლი ღარიბაშვილს ასახელებს. 

ღარიბაშვილის პრემიერობაც, სხვების მსგავსად, ორ წელს გრძელდება. 2015 წლის დეკემბერში მას გიორგი კვირიკაშვილი ცვლის. ახლახანს კი, პრემიერის პოსტი 35 წლის მამუკა ბახტაძემ მიიღო. 

რა ხიბლი აქვს პრემიერობას? _ ეს რიტირიკული კითხვაა, თუმცა ერთ-ერთ საგაზეთო სტატიაში, რომელიც 2013 წლით თარიღდება, ვკითხულობთ: 

„...ამ პოსტმა განსაკუთრებული ყურადღება გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს მიიქცია და ისიც იმის გამო, რომ პოსტზე მყოფმა პერსონამ სკანდალური განცხადება გააკეთა. ,,სოვმინის'' თავმჯდომარემ ნოდარ ჭითანავამ მაღალი საბჭოთა ტრიბუნიდან საკმაოდ ემოციური სიტყვა წარმოთქვა, მნიშვნელოვანი აკორდები აკრიფა პატრიოტულ-ემოციურ ნოტებზე, საბჭოური წესისა და რიგის მიხედვით კომუნისტ ბელადებსაც მოეფერა და დამსწრე საზოგადოებას განუცხადა, ვერ შემირგეთ ეს სწავლული მეცნიერი, განათლებული ადამიანი? მაშინ მე ჩემი სამეგრელო დამიდგება მხარშიო. 

ბატონი ნოდარი მართლაც იყო ერთ-ერთი გამორჩეული ინტელექტუალი საბჭოთა საქართველოს ხელისუფლებაში, მაგრამ ეს იყო ისეთი პოლიტიკური შეცდომა, რომელიც არც პოლიტიკური და არც პატრიოტულ-ემოციური განწყობებით არ უნდა დაუშვას არც ერთმა მაღალი თანამდებობის პირმა. 

ხელისუფლებაში ზვიად გამსახურდიას მოსვლის შემდეგ პრემიერ-მინისტრად ნაკურთხმა თენგიზ სიგუამ რა როლი ითამაშა საქართველოსთვის, ამის შეფასებას დიდი დრო დასჭირდება, თუმცა მან საკმაოდ უმადურად დაასრულა საკუთარი მოღვაწეობა. არც ის დაგვავიწყდეს, რომ სიგუაც ინტელექტუალი, მეცნიერი კაცია და შედეგის მიხედვით ვერც მან შეძლო პოლიტიკოსობამდე ასულიყო. 

ბესარიონ გუგუშვილი დღესაც ემიგრაციაში იმყოფება და ამ პერსონისადმიც ქართული საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს ორმაგი დამოკიდებულება აქვს. ეს განცდა მოღალატე-პატრიოტს შორის გადებულ ბეწვის ხიდზე დარბის. გუგუშვილისთვის პიროვნულ ტრაგედიად ისიც კმარა, რომ საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ სწორედ მის გვერდით მოიკლა თავი. არ დაგვავიწყდეს, რომ არც ბატონ ბესარიონს აკლია სამეცნიერო ხარისხები, თუმცა პრემიერობის შემდეგ განვლილი ცხოვრებიდან და მისადმი მადლიერი თუ უმადური დამოკიდებულების გამო, ნამდვილად შეუძლია მიიწეროს თუ გაიმეოროს გურამიშვილისეული ,,თავო ჩემო, ბედი არ გიწერია...'' 

ალბათ, გახსოვთ შევარდნაძისდროინდელი მმართველობა და პრემიერის პოსტის გაუქმება, თუმცა სახელმწიფო მინისტრები (ვაჟა ლორთქიფანიძე, ნიკო ლეკიშვილი, ავთანდილ ჯორბენაძე, გია არსენიშვილი) რეალურად პრემიერ-მინისტრები იყვნენ საკუთარი გავლენებით. არც აქ გაუმართლა პერსონებში ქვეყანას. მხოლოდ ის რად ღირს გასახსენებლად და სიმწრით გასაცინად, რომ ედუარდ შევარდნაძე ავთანდილ ჯორბენაძეს ავალებდა ,,კევის ბიზნესში'' კორუფციის აღმოფხვრას. ამ დროს კი მთავრობის სხდომათა დარბაზში მყოფი თემურ შაშიაშვილი სწორედ ჯორბენაძეს სდებდა ბრალს ,,კევის მაფიაში''. 

ასეთი მაგალითები იმდროინდელ სახელმწიფო მინისტრებთან მიმართებაში არაერთი შეიძლება მოიძებნოს. 

ერთადერთი და გამორჩეული პერსონა იმ შემადგენლობაში ნიკო ლეკიშვილი იყო, რომელიც ჭითანავასეულად დაიმუქრა მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე, ამ კარებიდან გავალ და სხვა კარებიდან შემოვალო. შემოვიდა კიდეც და პარლამენტში იჯდა დიდი ხნის განმავლობაში ,,დონ კორლეონედ'' შერაცხული. ლეკიშვილის ფენომენი ნამდვილად განსაკუთრებულია საქართველოსთვის და ადამიანურად ისაა საინტერესო, თანამედროვე ქართველი მილიონრების დიდი ნაწილი თუ უმადლის ბატონ ნიკოს მათ დღევანდელ სტატუსს? სწორედ ლეკიშვილმა უწინამძღვრა მილიონებისკენ ხაზარაძიდან დაწყებული ჩხარტიშვილით დასრულებული მრავალ დამსახურებულად ნიჭიერ თუ კვაზიგენიოს პერსონას. განა, მხოლოდ ბიზნესწრეების ელიტა უნდა უმადლოდეს ლეკიშვილს საკუთარ სოციალურ სტატუსს, არამედ ბევრი პოლიტიკოსი და თვით მიხეილ სააკაშვილიც. ის ხომ მოქალაქეთა კავშირის რეფორმატორული გუნდის ხან ღია და ხან ფარული მხარდამჭერი იყო. იმდროინდელი რეფორმატორებისთვის რომ გეკითხათ, ყველაზე პროგრესულად მოაზროვნე ყოფილი კომუნისტური ნომენკლატურიდან სწორედ ლეკიშვილი იყო. აზროვნებას რაც შეხება, ,,თბილისელ კაცსა'' და ,,ნაღდ ქალაქელს'' ამას ნამდვილად ვერ დაუწუნებდა ადამიანი. უბრალოდ, მართლაც რომ საინტერესოა, მადლიერების რა კოეფიციენტს იჩენენ მის მიმართ ბიზნეს და პოლიტპროტეჟეები. 

„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ აღდგენილ პრემიერის ინსტიტუტს კი ცუდი ბედი ,,დაანათლა განგებამ''. როგორც იქნა, ამ პოსტზე პოლიტიკოსი აღმოჩნდა, ზურაბ ჟვანიას სახით და ის თავისი პიროვნული ავტორიტეტით ნამდვილად აბალანსებდა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებას. ახლა ბევრს ბჭობენ, გახდებოდა თუ არა სააკაშვილი უზურპატორი, ჟვანია რომ არ გარდაცვლილიყო, თუმცა ერთმნიშვნელოვანი პასუხი ამაზე არ არსებობს. ერთადერთი, რაც ნამდვილად ცხადია, ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება სხვა სახით განვითარდებოდა _ კარგად თუ ცუდად ამაზე მსჯელობაც უაზრობაა. ჟვანიასთან დაკავშირებით სააკაშვილის ხელისუფლების შეცდომა ნამდვილად იყო ის, რომ მან ვერ მოახერხა პრემიერის გარდაცვალების ფაქტისთვის კითხვის ნიშნები ჩამოეშორებინა, თუმცა ვეჭვობ, ეს კითხვის ნიშნები, რა სახითაც უნდა წარიმართოს სამომავლოდ ჟვანიას გარდაცვალების საქმის გამოძიება, ოდესმე მოიხსნას. 

აი, ჟვანიას შემცვლელი ზურაბ ნოღაიდელი კი მართლაც განსაკუთრებით საინტერესო ფიგურა იყო ამ პოსტისთვის. თავი დავანებოთ მის მიმართ ხალხში დამკვიდრებულ ეპითეტებსა და კახელების აღშფოთებას: ,,ე, მანდ წმინდა ცხოველს როგორ აკადრეთ ამ კაცის შედარებაო''. ნოღაიდელმა მხოლოდ ამით არ დაამახსოვრა თავი საქართველოსა და განსაკუთრებით საკუთარ თანაგუნდელებს. არც იმით, პუტინმა, რომ დასდო პატივი და მას გადადგომის შემდეგ რამდენჯერმე ჩამოართვა ხელი. არამედ, საკუთარი მინიმალური ავტორიტეტით. რა თქმა უნდა, ეს სააკაშვილს აწყობდა და სრულებითაც არ სურდა, რომ ამ პოსტზე პოლიტიკური ამბიციების მქონე პერსონა ჰყოლოდა, თუმცა 2006 წელს, შუალედური საპარლამენტო არჩევნების დროს, როდესაც ქობულეთში კენჭს კობა ხაბაზი იყრიდა, მეფუტკრე პოლიტიკოსმა იცით, სად წააგო არჩევნები? _ მხოლოდ ნოღაიდელის სოფელში. მაშინ სააკაშვილმა რამდენიმე კაცის თანდასწრებით ისეთი ,,დითირამბები'' უძღვნა პრემიერ-მინისტრს, რომ, როგორც ხალხში იტყვიან, ნოღაიდელს ეს ამბავი რომ ამცნეს, მინიმუმ, ერთი უნდა ეთავაზებინა ,,ჩაცუცქულთმოძულე'' სააკაშვილისთვის. მაგრამ რა ვუყოთ თანამდებობით ტკბობის სენს? თუმცა, ეს ქვეყანა ვის შერჩენია, რომ ნოღაიდელს შერჩენოდა და ისიც წავიდა. 

რაც შეეხება ლადო გურგენიძის პრემიერობას, ცოდვა გამხელილი სჯობს და მას ყველაზე ნაკლებად სურდა ამ პოსტზე ყოფნა. რამდენიმე თვის განმავლობაში გურგენიძემ პოლიტიკაში ყოფნით უფრო მეტი დაკარგა _ როგორც თავისთვის, ასევე ქართული საბანკო სექტორის განვითარების საზიანოდ, ვიდრე პრემიერობით შეიძინა. იმ დროისთვის, საქართველოს ყველაზე წარმატებული ბანკის პირველი პირის გაპრემიერებამ, გურგენიძეს მნიშვნელოვნად აურია პირადი გეგმები, თუმცა გურგენიძე მართლაც ერთადერთი პრემიერი იყო ,,ვარდების ხელისუფლების'' მმართველობის პერიოდში, რომელსაც, თუ მისი საქმეების აქტივებს გავანულებთ, არც არაფერი გაუფუჭებია. არ იყო ეს მისი საქმე და რა ძალისხმევა დაუჯდა პოსტიდან წასვლა, ამაზე საუბარი ახლა შორს წაგვიყვანს. 

გეგა მგალობლიშვილს პრემიერობა კი არათუ საქართველოსთვის, მისთვისაც საცოდაობა იყო. ეს ახალგაზრდა კაცი ნამდვილად იმსახურებს პიროვნულ სიმპათიას, მაგრამ, როდესაც პრემიერობას თანხმდებოდა, მინიმუმ იმას უნდა მიმხვდარიყო, რომ ,,ბავშვობიდან მანდ არ იჯდა''. მოვერიდები იმ პერიოდისთვის ხალხში მოარულ ხმებს და მხოლოდ ერთს გავიხსენებ: ,,შენ მართლა პრემიერი ხომ არ გგონია თავი, ბიჭო?'' მერე, 2009 წლის წინ ,,სამკურნალოდ წასვლა'' ამერიკაში და, როგორც იქნა, გეგამაც ამოისუნთქა. ის ნატო-ში საქართველოზე უფრო ადრე ,,შევიდა'', მართალია, ელჩის სტატუსით, მაგრამ ამით მინიმუმ ათასი უსიამოვნება აარიდა საკუთარ თავს და საჭორაო თემები _ საქართველოს ენაჭარტალათა დიდ არმიას. მგალობლიშვილის აქტივების დათვლა მართლაც რომ არ ღირს, რაც შეხება პასივებს, ეს უფრო პერსონალური ხასიათისაა და ამაზე საჯარო საუბარი ნამდვილად არ მიმაჩნია ეთიკურად. 

ნიკოლოზ გილაური, ანუ ნიკა... კარგი იუმორით, კარგი განათლებითა და იდეებით, მაგრამ არც გილაური ყოფილა პოლიტიკოსი. ენერგეტიკისა და ფინანსთა წარმატებული მინისტრი სრულიად ჩაიკარგა პრემიერის რანგში და ეს არც იყო გასაკვირი. ქვეყანას ხომ რეალურად სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი, ბოკერია და უგულავა მართავდნენ, თუმცა გილაურმა მართლაც მოახერხა, რომ საკუთარი თანმიმდევრული სტრატეგიით თეთრ ყვავად არ გამოჩენილიყო. ის არ ერეოდა პოლიტიკაში და მორჩილად უკრავდა თავს პოლიტლიდერებს. ,,თერგდალეული'' გილაური მაქსიმალურად ერიდებოდა მედიას, ნაკლებად მუშაობდა საკუთარ პიარზე, მაგრამ შიდა სამზარეულოში მან არაერთხელ გამოიყენა კარნეგის მეთოდი და პრეზიდენტი ბევრჯერ დაიყოლია ქვეყნისთვის სასიკეთო ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღებაზე ანუ თავის იდეებს სააკაშვილს მის ინიციატივად აცნობდა. გილაურის სიჭკვიანეზე ის ფაქტორიც მეტყველებს, რომ მის მიმართ, ფაქტობრივად, პრეტენზიები არ ჰქონია ახალ ხელისუფლებას. 

ვანო მერაბიშვილი _ ,,ვარდების ხელისუფლების'' უკანასკნელი პრემიერი. მისი გაპრემიერება სააკაშვილის ახირება იყო და არა _ მერაბიშვილის სურვილი. მაშინ ბევრს საუბრობდნენ იმაზე, რომ მიშამ ვანო დაასუსტა. რეალურად ვანო კი არა, საკუთარი თავი დაასუსტა. სააკაშვილს მინიმუმ უნდა გაეთვალა, რომ გამბიტი ,,მერაბიშვილი-ახალაია'' და ხელისუფლების შიგნით ამ ორი ,,ცენტრის'' შექმნა სასიკეთო შედეგებამდე არ მიიყვანდა. ჟვანიას შემდეგ მერაბიშვილი იყო ის პრემიერ-მინისტრი, რომელსაც პოლიტიკური წონა ჰქონდა. ახლა მერაბიშვილი გისოსებსმიღმა ზის... 

ბიძინა ივანიშვილი _ კაცი რომელმაც საქართველო შეცვალა... 

მოკლედ ასეა, პოლიტიკურად დამოუკიდებელი პრემიერ-მინისტრი საქართველოსთვის მხოლოდ გაელვებითი ხვედრი ყოფილა. სამომავლოდ რამდენად სასარგებლო, ეს უკვე მომავალი განსჯის საკითხია.“ 

სამართლიანობისთვის ერთიც უნდა აღინიშნოს: საზოგადოებას ყველაზე ნეგატიურად თენგზი სიგუას პრემიერობა დაამახსოვრდა. რატომ? 

ამ კითხვაზე პასუხს გაზეთ „მერიდიანში“ 1999 წელს გამოქვეყნებული სტატია სცემს, რომელშიც ვკითხულობთ (შეგახსენებთ _ 1999 წელს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. წინამდებარე წერილი სწორედ არჩევნების წინაა გამოქვეყნებული. აქვე, იმასაც აღვნიშნავთ, რომ ამ არჩევნებში თენგიზ სიგუა მონაწილეობას გეგმავდა): 

,,სიგუას უბედურება ის არის (რასაც თავად, რა თქმა უნდა, არასდროს შეურიგდება), რომ საქართველოს ისტორიაში იმ ეპოქას განასახიერებს, რომლის გახსენებაც აღარავის უნდა. 

რამდენიც უნდა ილაპარაკონ 1991-92 წლების მოვლენებში ედუარდ შევარდნაძის, თენგიზ კიტოვანის ან ჯაბა იოსელიანის ბრალეულობის შესახებ, ობიექტური დამკვირვებლისათვის ცხადია, რომ იმ დროს ცენტრალურ ფიგურას სწორედ თენგიზ სიგუა წარმოადგენდა. სწორედ ის ახდენდა იმ იდეების გენერირებას, რასაც შემდგომ თენგიზ კიტოვანი ახორციელებდა. სიგუა-კიტოვანის ტანდემი კი 1992 წლამდე გაცილებით უფრო ძლიერი გახლდათ, ვიდრე შევარდნაძე-იოსელიანისა. 

თენგიზ სიგუას ,,სახელისუფლო ფანატიზმი'' ბევრს აღიზიანებდა _ თვით ზვიად გამსახურდიას მოწინააღმდეგეთა შორისაც; მით უმეტეს, დღეს, როდესაც იმჟამინდელ მოვლენებთან დაკავშირებით ,,ანტიზვიადისტურ'' ბანაკშიც კი აღარ არის ერთგვაროვანი განწყობა _ გამორიცხულია, თენგიზ სიგუამ ,,ამ ინერციით'' ან რაიმე ,,ახალი იდეებით'' პოლიტიკური წონა მოიპოვოს; და, საერთოდ, დაბრუნდეს პოლიტიკაში. 

უფრო მეტიც, ყველა პოლიტიკური პარტია შეეცდება თენგიზ სიგუასთან დისტანცირებას, ვინაიდან მისი ფიგურა ამომრჩეველს მაინც შეახსენებს იმ მოვლენებს, რომელთა გახსენებაც არ უნდა _ განურჩევლად იმისა, ეთანხმებოდა მათ მაშინ თუ არა; 

,,ახალი პოლიტიკოსი'' სიგუა ვერასგზით ვერ გახდება _ იგი სამუდამოდ ,,მიება'' და მუდმივად იქნება ასოცირებული წარსულ ეპოქასთან. ისიც საკითხავია, რომელი ნიშა არსებობს (თეორიულადაც კი) სიგუასათვის ამჟამინდელი პოლიტიკურ ,,კარადაში''; სიგუა ზვიად გამსახურდიას დაუპირისპირდა. ვითომდა ,,მემარჯვენე პოზიციებიდან'' _ ანტიდასავლური პოლიტიკის და ,,სახელმწიფო კაპიტალიზმის'' გამო ეკონომიკის სფეროში _ აქაოდა, რეფორმებს არ ატარებს (,,როცა რუსეთი ამაში ხელს სრულებითაც არ უშლის''), სახელმწიფო კაპიტალიზმს (ესე იგი, განახლებულ სოციალიზმს) აშენებსო და ა.შ. 

აქედან გამომდინარე, სიგუას დღევანდელი ალიანსი აშკარად მემარცხენე ძალებთან, მაგალითად, გოგი თოფაძის მრეწველთა პარტიასთან, _ რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდს ლანძღვა-გინებით იკლებს _ აშკარად აბსურდული იქნება. აბსურდული იქნება ამომრჩევლის თვალში, თორემ თვითონ ორგზის ექსპრემიერისათვის ნორმალურ და გამართლებული იქნებოდა ყველაფერი, რაც პოლიტიკაში დააბრუნებს. 

,,მემარჯვენე ფლანგზე'' კი ყველა ადგილი დაკავებული და უკვე განაწილებულია. ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიასა და მასთან გაერთიანებულ რესპუბლიკელებთან თენგიზ სიგუა ვეღარ მივა _ არ მიიღებენ. ედპ-სთან მას ყოველთვის დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა _ ჯერ კიდევ გია ჭანტურიას დაპატიმრების დღიდან.... 1992-93 წლებში სწორედ ედპ_ ყოფილი მმართველი გუნდი იყო ინიციატორი ორი თენგიზის _ სიგუასა და კიტოვანის თანამდებობიდან გადაყენებისა. 

ნურც იმას დავივიწყებთ, რომ სიგუა თენგიზ კიტოვანის გარეშე, რომელიც უკვე თავისუფალია, ნაბიჯის გადადგმას ვერ გაბედავს. უაღრესად ნიშანდობლივი იყო ის ფაქტი, რომ სიგუა ,,მეგობარს'' ციხის კარებთან არ დახვდა. აქ ,,რაღაცაშია საქმე'' _ როგორც საქართველოში იტყვიან ხოლმე; თუ ,,რაშია საქმე'' კონკრეტულად უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. ნებისმიერ შემთხვევაში, ,,თენგიზების ტანდემი'' ქართულ პოლიტიკაში ვერ დაბრუნდება. მათი ადგილი მხოლოდ ისტორიაშია.“ 

მოკლედ, ასეთია საქართველოს მთავრობის თავმჯდომარეების ანუ მარტივად რომ ვთქვათ, პრემიერების მოკლე ანატომია. ისე, ერთ საგაზეთო წერილში ყველა ექსპრემიერის „საგმირო საქმეების“ გახსენება და აღწერა შეუძლებელია, მაგრამ თანამედროვე საქართველოს ქრონიკებზე თავის გავლენას ეს X-ფაილი, ალბათ, დატოვებს...

ვანო პავლიაშვილი

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში