Menu
RSS

გაერთიანებულ უწყებებს სტრუქტურული რეორგანიზაციისთვის სამთვიანი ვადა განუსაზღვრეს

ლევან ალაფიშვილი: „გარწმუნებთ, სამი თვის თავზე, ამ გადაწყვეტილების შეცვლა დასჭირდებათ, რადგან პროცედურებს ვერ დაასრულებენ!“

საქართველოს პარლამენტი მთავრობის ახალ კაბინეტს ნდობას 15 ივლისს, პლენარულ სხდომაზე გამოუცხადებს. მანამდე, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, დაჩქარებული წესით, სამი მოსმენით განიხილეს და დაამტკიცეს კანონპროექტი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ, საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე'', რასაც თანმდევი, 115 პროექტი ახლდა. როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ნათია მიქელაძემ განმარტა, ამ კანოპროექტით, უკვე მოწესრიგებულია ის უმთავრესი ფინანსური საკითხები, რაც ,,2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის'' საფუძველზე, სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებმა უნდა განკარგონ. მისივე თქმით, კანონპროექტების ამოქმედების შემდეგ, გაერთიანებულ უწყებებს სამთვიანი ვადა ექნებათ, რათა მათ უფლებამონაცვლე სამინისტროებში რეორგანიზაცია გეგმაზომიერად განახორციელონ. ,,ვერსია'' დაინტერესდა, რამდენად შეძლებს მთავრობის ახალი კაბინეტი სამი თვის ვადაში სტრუქტურული რეორგანიზაციის განხორციელებას? როგორ და რა ფორმით განესაზღვრება ახალ უწყებებში საბიუჯეტო დაფინანსება? შეიქმნება თუ არა ფინანსური პრობლემა უკვე დაწყებული პროექტების განხორციელებისას? ამ და სხვა კითხვებზე, ,,ვერსიას'' ექსპერტი, ლევან ალაფიშვილი ესაუბრება.

 

_ ბატონო ლევან, მთავრობის საპარლამენტო მდივანმა უკვე განაცხადა, რომ ახალ უწყებებს სამთვიანი ვადა აქვთ, რათა სტრუქტურული რეორგანიზაცია განახორციელონ, მაგრამ როგორ ფიქრობთ, ეს საკმარისი ვადაა ამგვარი ცვლილებებისთვის? 

_ კარგი იქნებოდა მთავრობას და იმ ჩინოვნიკებს, რომლებსაც ამ საკითხში გამოცდილება აქვთ, არა საჯაროდ, მაგრამ საკუთარი პოლიტიკური ხელმძღვანელებისთვის ეთქვათ, რომ ეს საკმაოდ რთული პროცესია. შეგახსენებთ, რომ გიორგი კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს, ამ ტიპის ცვლილება უკვე განხორციელდა, როდესაც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ასევე დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი საგარეო საქმეთა სამინისტროს შეურთდა, მაგრამ ეს პროცესი დღემდე არ დასრულებულა! ასე ადვილი არაა სტრუქტურების შერწყმა, რადგან იქ არის ქონებრივი, სამართლებრივი საკითხები, რომლებიც უნდა მოგვარდეს, გვაქვს შესყიდვები, როგორც დაკონტრაქტებული ანუ მიმდინარე პროექტების სახით, ასევე დასრულების ეტაპზე მყოფი, არის საბიუჯეტო და საკადრო საკითხები... სხვა არაფერზე რომ არ ვიმსჯელოთ, როდესაც უწყებებს პირობითად, სამთვიან ვადას ვაძლევთ, პერსონალთან დაკავშირებული პროცედურები როგორ უნდა დასრულდეს ამ ვადაში? კანონით განსაზღვრულია, რომ საჯარო მოხელე ერთი თვით ადრე უნდა გააფრთხილოთ, მერე კომპენსაციაც უნდა განუსაზღვროთ, მაინტერესებს, ეს პროცედურები როგორ უნდა წარიმართოს? თანამშრომლებს შვებულებაში არ გაუშვებენ? საკმაოდ უხეში მაგალითი მოგიყვანეთ, მაგრამ ეს არასწორი გადაწყვეტილებაა, მით უმეტეს, როდესაც რამდენიმე სამინისტროს შერწყმაზეა საუბარი. დარწმუნებული ვარ, თუ მაინც ამ გზას აირჩევენ, აუცილებლად დასჭირდებათ ამ გადაწყვეტილების კორექტირება, ვინაიდან საფუძველშივე არასწორია, როდესაც ასეთ მასშტაბური ბიუროკრატიული აპარატის რეორგანიზაციისთვის სტრუქტურებს სამთვიან ვადას აძლევთ. არსად, არცერთ განვითარებულ ქვეყანაში და არც საქართველოში, ლიკვიდაციასა და მასთან დაკავშირებულ რეორგანიზაციის საკითხებს, ვადას არ უსაზღვრავენ, შეუძლებელია და იმიტომ! წარმოიდგინეთ, მიმდინარეობს სასამართლო დავა, პირობითად, თანამდებობაზე აღდგენასთან დაკავშირებით, ჩვენ წინასწარ ხომ არ ვიცით, როდის დასრულდება ასეთი დავა? ქართულ ოცნებას საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰყავს და მმართველ გუნდს თავისუფლად შეუძლია, თეთრზე თქვას შავიაო, განსაზღვრავენ კიდეც ვადას, მაგრამ გარწმუნებთ, სამი თვის თავზე, ამ გადაწყვეტილების შეცვლა დასჭირდებათ, რადგან პროცედურებს ვერ დაასრულებენ! მერე თავის მართლება მოუწევთ და უკეთესი არაა, თავიდანვე სწორი გადაწყვეტილება მიიღონ? ახლა იმაზე ხომ არ ვმსჯელობთ, რამდენად სწორი და ოპტიმალურია ამ ტიპის შემცირება, მაგრამ მათ მიერვე არჩეული მიმართულების პროცედურებში ნუღარ დაუშვებენ შეცდომებს! 

_ სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებით და ამის მაგალითად, დევნილთა სამინისტრო ავიღოთ, სადაც ბევრი პროექტია დაწყებული. ამ პერიოდში, ეს პროექტები როგორ განხორციელდება? შესყიდვები ახსენეთ და უკვე გაფორმებული კონტრაქტები როგორ გაგრძელდება, ხელშეკრულებებში ცვლილებები უნდა შევიდეს, რათა სამინისტროს დასახელება შეცვალონ? 

_ უამრავი ასეთი კითხვა არსებობს, მაგრამ შესყიდვებთან დაკავშირებით, ყველაზე ნაკლები პრობლემებია, ვინაიდან უკვე დაწყებულ პროექტს სხვა უწყებას გადააბარებენ, რომელიც მისი უფლებამონაცვლე იქნება. თუმცა ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ვიდრე ლიკვიდაციის პროცესი მიმდინარეობს, უფლებამონაცვლეობის საკითხი არ დგება! უფლებამონაცვლეობა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როდესაც კონკრეტული დაწესებულება, თუ უწყება აღარ არსებობს! მხოლოდ ლიკვიდაციის პროცესის დასრულებისას შეიძლება, რომ კონტრაქტი რომელიმე, სხვა უწყებას გადაეცეს! დიდწილად, სწორედ ლიკვიდაციის პროცესის დასრულებაზეა დამოკიდებული საკადრო პოლიტიკაც, მაგრამ როდესაც სამინისტრო აღარ არსებობს, იმ სამი თვის განმავლობაში, თანამშრომლებს რას უზამენ? ისინი ისევ საჯარო მოხელეები იქნებიან, თუ არა? ხელფასს აიღებენ და თუ აიღებენ, რატომ, რის საფუძველზე? ბევრი ისეთი საკითხია, რომლებიც ერთობლიობაში, დიდ პრობლემას წარმოშობს და ამიტომ ხელისუფლებას ვურჩევ, თანმიმდევრულები იყვნენ! სინამდვილეში, თუ გავითვალისწინებთ, რომ 2018 წელი საარჩევნო წელია, ხოლო ყველაზე დიდი საარჩევნო რესურსი ყველა პოლიტიკურ ძალისთვის, სწორედ ბიუროკრატიაა, არ ვფიქრობ, ისინი გაანაწყენონ... 

_ რატომ? 

_ ამ ხელისუფლების პირობებში, ბიუროკრატია მნიშვნელოვნად გაიზარდა. მართალია, ერთიან მონაცემებს, თუ რამდენი დასაქმებულია საჯარო სექტორში, ცოცხალი თავით არ აქვეყნებენ, მაგრამ მიახლოებითი მონაცემები მაქვს. ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე, სამინისტროებში, მუნიციპალიტეტებში, სახელმწიფო და მუნიციპალურ საწარმოებში, ააიპ-ებსა და სსიპ-ებში დაახლოებით, 320 000 ადამიანია დასაქმებული. არჩევნებში მმართველ გუნდს ამის ნახევარმა რომ მისცეს ხმა, უკვე ბარიერი გადალახულია, მაგრამ ხომ დარწმუნებული ხართ, რომ უფრო მეტი მისცემს ხმას? ამას დაუმატეთ ოჯახის წევრები და ასეთი ამომრჩევლების რაოდენობა, როგორც მინიმუმ, ნახევარ მილიონამდე ადის! ესაა დიაგნოზი, თუ რატომ არ აპატარავებს ბიუროკრატიას ხელისუფლება, რადგან მისდამი ლოიალურად განწყობილი ამომრჩევლის განაწყენებას ერიდება, უკეთეს შემთხვევაში, ეს მისი დასაქმებული პარტაქტივია. დიაგნოზი კი ვუწოდე, მაგრამ სამწუხარო იცით, რა არის? ეს ჩვენთვისაც ცუდია, რადგან ჩემი, როგორც გადასახადების გადამხდელის ხარჯზე, მთავრობა საკუთარ პარტიულ აქტივს და პარტიულ ლოიალობას ყიდულობს. სინამდვილეში, ჩემი ფული საზოგადოებრივ სიკეთეს უნდა მოახმაროს და არა პარტიულს. 

_ გამოდის, მცირე მთავრობის იდეა მითია? 

_ იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოებას არ აქვს სრული ინფორმაცია, რას ნიშნავს მცირე მთავრობა, ამით სარგებლობს დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა. თავისთავად, პატარა ბიუროკრატია, ჩინოვნიკთა კორპუსის დაპატარავებას ნიშნავს, მაგრამ მცირე მთავრობა თავისი შინაარსით, მმართველობითი მოდელია, რომელიც აპრობირებულია განვითარებულ ქვეყნებში და მაქსიმალურ დეცენტრალიზაციას გულისხმობს! ეს ნიშნავს კომპეტენციების გადაცემას მუნიციპალიტეტებისთვის, სხვადასხვა სააგენტოებისთვის, თვით არასამთავრობო სექტორისთვისაც კი, რათა სხვადასხვა სერვისები განახორციელონ. ამის საპირისპიროდ, ვხედავთ, რომ მუნიციპალიტეტებს რა ფუნქციებიც ჰქონდათ, ისიც წაართვეს, კომპეტენციის გადაცემაზე კი საერთოდ არ საუბრობენ, რადგან მკაცრად ცენტრალიზებულ სისტემას ინარჩუნებენ. მცირე მთავრობის კონცეფცია გულისხმობს, რომ არსებით სერვისებში, მაგალითად, თავდაცვასა და საზოგადოებრივ უსაფრთხოებაში, პროექტების მართვა მთავრობის ხელშია შენარჩუნებული, მაგრამ ყველა დანარჩენ შემთხვევაში, სერვისების ძირითადი მიმწოდებლები ბიზნესი, არასამთავრობო სექტორი და მუნიციპალიტეტები არიან, რომლებიც კერძო და საჯარო პარტნიორობით, გამჭვირვალე და კონკურენტულ გარემოში მუშაობენ. მთავრობა არ ერევა და ამით ამომრჩეველი, მოქალაქე სარგებლობს, რადგან მისთვის საჭირო, სხვადასხვა სერვისს კონკურენციის პირობებში იღებს. აი, ამაზე არ მიდის ჩვენი მთავრობა და ბიუროკრატიას როგორ აპატარავებს, ამ პროცესს ყველა ერთად ვადევნებთ თვალს! კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ხელისუფლებას ვურჩევ, თანმიმდევრული იყოს და შეასრულოს ის ვალდებულებები, რაც ევროკავშირსა და საქართველოს შორის, ასოცირების ხელშეკრულებით გვაქვს ნაკისრი! ბოლო პერიოდში, ასოცირების თემა და ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დღის წესრიგიდან გაქრა, რაც გამალებული რუსული, იმერიალისტური პროპაგანდის ფონზე, შემაშფოთებელია! 

_ კონკრეტულად, რა გაქვთ მხედველობაში? 

_ საჯარო მმართველობის რეფორმა და დეცენტრალიზაცია საქართველოს მიერ, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებაა, რის საფუძველზეც მთავრობას, ჯერ კიდევ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს, დამტკიცებული აქვს სტრატეგია. ამ სტრატეგიის ძირითადი მიმართულებაა დეცენტრალიზაცია, საჯარო მმართველობის რეფორმა და ასე შემდეგ, რაც სამწუხაროდ, ქაღალდად აქციეს! ხელისუფლებას მოვუწოდებ, ეს ყველაფერი განახორციელონ, თორემ ევროკავშირი დიდხანს არ დაახანებს! სხვათა შორის, 2016 წლის ბოლოს, კვირიკაშვილს 30-მილიონიანი პრობლემა იმიტომ შეექმნა, რომ საჯარო მმართველობის რეფორმა ბოლომდე ვერ მიიყვანა. ევროკავშირი თანხას არ გვაძლევდა და ამბობდა, აამოქმედეთ კანონი საჯარო სამსახურის შესახებ, რაც თქვენი ვალდებულებააო. არ აამოქმედეს, მაგრამ სიტყვაზე ენდნენ მაშინდელ პრემიერს და ევროკავშირმა 30 მილიონი გადმორიცხა. თუმცა თუ ეს სტრატეგია თაროზე შემოდებულ ქაღალდად დარჩება, ბუნებრივია, ეს კარგს არაფერს მოგვიტანს. 

_ ისევ მთავარ თემას დავუბრუნდეთ, გამოდის, საბიუჯეტო კრიზისს ვერ ავცდებით? 

_ არა, საბიუჯეტო კრიზისს არ ველი. სხვათა შორის, მმართველობითი რეფორმის ერთ-ერთი მიმართულება, საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესება და ინსტიტუციონალური მოწესრიგებაა. როგორც წესი, საქართველოში ყოველთვის, ყველა ხელისუფლების პირობებში, ბიუჯეტის მართვა სუბიექტურ მოცემულობაზე იყო დამოკიდებული. ჩახედეთ ბიუჯეტს და ნახეთ, როგორ ხარჯავს მთავრობა ფულს? შედით შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე და ნახეთ, რამდენია დასახარჯი თანხა. ნახევარი წელი გაილია, მაგრამ ნახეთ, რამდენი ტენდერი არ გამოცხადებულა. ახლა რომ გამოცხადდება, უკეთეს შემთხვევაში, მის დასრულებამდე, ერთი თვე ხომ მაინც გავა? გეკითხებით, სექტემბერში, როდესაც დაზამთრებამდე ორი-სამი თვეა დარჩენილი, რომელი ინფრასტრუქტურული პროექტის დაწყება ან დამთავრება უნდა მოესწროს? ზუსტად ეს იწვევს საბიუჯეტო სახსრების არათანაბარ ხარჯვას, რასაც მოჰყვება ზეწოლა ეკონომიკასა და სხვათა შორის, ლარის კურსზე. საბოლოოდ, ჩვენ ვიღებთ საბიუჯეტო დეფიციტს სუბიექტურ გადაწყვეტილებებს, რომ ვიღაცას მიეცეს დაფინანსება, ვიღაცას _ არა. ცხადია, საბიუჯეტო კრიზისს არ ველი, რადგან მთავრობა ფულს არ ხარჯავს და ზუსტად ამის გამო, დარჩება თანხა, რათა კრიზისამდე არ მივიდეთ. ეს არდახარჯვა იცით, რაში აისახება? მაგალითად, მესტიაში, ხევსურეთსა და სხვა მაღალმთიან რეგიონში, პირობითად, დაუხარჯავი 1 000 ლარი, გაუკეთებელ გზას და სხვა ყოფით პრობლემებს ნიშნავს!

მაია მიშელაძე

დაბრუნება დასაწყისში