Menu
RSS

დაინიშნება თუ არა აჭარის უმაღლესი საბჭოს ვადამდელი არჩევნები

რა ურთიერთობა ჰქონდა და გადაჰყვა თუ არა ზურაბ პატარაძე გიორგი კვირიკაშვილს

 

აჭარის მთავრობაში დიდი „პერეტრუბაციებია“, რაც იმას ნიშნავს, რომ ზურაბ პატარაძემ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თვმჯდომარის პოსტი დატოვა. როგორც პატარაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ეს გადაწყვეტილება საკუთარი ნებით მიიღო.

„დღეს მივიღე გადაწყვეტილება და ვტოვებ თანამდებობას, ეს გადაწყვეტილება მიღებულია გუნდურად,“ _ განაცხადა პატარაძემ და ხუთწუთიან გამოსამშვიდობებელ სიტყვაში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს -ბიძინა ივანიშვილის, ალბათ, იმის დასტურად, რომ მმართველ გუნდზე განაწყენებული არ არის, მადლობა რამდენჯერმე გადაუხადა. 

ამასთან, პატარაძემ აწ უკვე ყოფილ პრემიერს მიჰბაძა და, როგორც გიორგი კვირიკაშვილმა, ვიდრე იტყოდა, მივდივარო, იმ ეკონომიკურ მიღწევებზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც აჭარამ მისი თავმჯდომარეობის დროს მიაღწია. 

ეკონომიკური აღმავლობა-წინსვლისა რა მოგახსენოთ და, მას შემდეგ, რაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა, ბატონი პატარაძე რამდენჯერმე მინი-სკანდალში გაეხვა ანუ გასული წლის ზაფხულში ოპოზიციამ, კერძოდ, ნაციონალურმა მოძრაობამ პატარაძე, რომელიც აღმასრულებელ ხელისულებაში მოსვლამდე დიპლომატიურ სამსახურში იყო, ნეპოტიზმში ამხილა. მაშინ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ირწმუნებოდნენ, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სიდედრის, სიმამრისა და ცოლის სხვა ნათესავებსა თუ მეგობრებს თანამდებობებზე ნიშნავდა. 

„ამ მხრივ ყველაზე რთული ვითარება აჭარის განათლების სამინისტროშია, სადაც მაღალ თანამდებობებზე ზურაბ პატარაძის ერთდროულად რამდენიმე ნათესავი და მეგობარი მუშაობს,“ _ იუწყებოდნენ გასულ წელს ნაციონალები. 

აღსანიშნავია, რომ აჭარის მთავრობის აპარატში დასაქმებულთა ნაწილს პატარაძის ოჯახთან ახლობლობა არ უარუყვია, თუმცა დიდი მცდელობის მიუხედავად, ვერ გაიხსენა, თუ ვისი რეკომენდაციით დაიწყო მუშაობა სახელმწიფო უწყებაში. 

ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე 2016 წლის ზაფხულში გახდა. 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩენების შემდეგ კი, ამ თანამდებობაზე ის ხელმეორედ აირჩიეს. ფართო საზოგადოებისგან განსხვავებით, აჭარის მოსახლეობა პატარაძეს მეტ-ნაკლებად კარგად იცნობდა, რადგან, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, აწ უკვე ყოფილი ჩინოვნიკი ძირძველი ბათუმელია. 

„1994 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფინანსებისა და კრედიტების სპეციალობით და მიენიჭა ეკომინისტის კვალიფიკაცია. 2007 წელს დაამთავრა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით. 

1994-1996 წლებში მუშაობდა შემნახველი ბანკის ქალაქ ბათუმის განყოფილების ფილიალში, უფროსი რევიზორის თანამდებობაზე. 

1996-2000 წლებში იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლისა და სისხლის სამართლის სამძებრო სამსახურის ინსპექტორი. 

2000 წლის 10 აპრილიდან 1 მაისამდე მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. 

2000-2001 წლებში იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის სავიზო პოლიტიკისა და სავიზო ურთიერთობის სამმართველოს საკონსულო დაწესებულებათა ეკონომიკური და ფუნქციონალური საქმიანობის ანალიზის ჯგუფის მეორე მდივანი. 

2001-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის საერთო საკონსულო საკითხების სამმართველოს მეორე მდივნად, შემდეგ კი _ ამავე დეპარტამენტის საკონსულო ურთიერთობების სამმართველოს მეორე მდივნად. 

2004-2007 წლებში იყო რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოს მეორე მდივანი, შემდეგ კი _ მრჩეველი, რომელსაც ევალებოდა საკონსულო საქმიანობის ხელმძღვანელობა. 

2007-2009 წლებში მუშაობდა რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის კონსულად. 

2009 წლის 20 მაისიდან 1 ივნისამდე იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის მოქალაქეობისა და საპასპორტო საკითხთა სამმართველოს მრჩეველი. 

2009-2010 წლებში იყო ქალაქ სალონიკში საქართველოს გენერალური კონსული. 

2011 წელს იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საგანგებო დავალებათა ელჩი. 

2011-2012 წლებში მუშაობდა თურქეთის რესპუბლიკაში (ქ. სტამბოლი) საქართველოს გენერალური კონსულის თანამდებობაზე. 

2012 წლიდან 2013 წლის 1 მარტამდე იყო თურქეთის რესპუბლიკაში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. 

2013-დან 2016 წლამდე კი ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას იკავებდა. 

2012 წელს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. 

ფლობს ინგლისურ, თურქულ და რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი,“ _ ესაა ზურაბ პატარაძის ოფიციალური დოსიე, რომელშიც იმის შესახებ, რომ მას ახლო და მეგობრული ურთიერთობა აქვს გიორგი კვირკაშვილთან, ცხადია, არაფერია ნათქვამი. არადა, პოლიტიკურ კულუარებში იმთავითვე მუსირებდა აზრი, რომ პატარაძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა მხოლოდ მაშინდელ პრემიერთან ძმაკაცობის გამო მიიღო. 

ეს მოსაზრება იმანაც გაამყარა, რომ გადადგომის წინ, ბათუმში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ჩადის და პატარაძეს კონსპირაციულად, ერთ-ერთ სასტუმროში ხვდება. ცნობილია, რომ კობახიძესა და კვირკაშვილს კარგი ურთიერთობა არასოდეს ჰქონიათ. შესაბამისად, კობახიძის ბათუმური ვიზიტით გამყარდა გონივრული ეჭვი, რომ პატარაძე კვირიკაშვილს გადააყოლეს. 

საერთოდ, მას შემდეგ, რაც ასლან აბაშიძე გაიქცა და ნაციონალებმა, როგორც პრეზიდენტყოფილი მიხეილ სააკაშვილი იტყოდა, აჭარა გაათავისუფლეს, ბათუმის პოლიტიკური ელიტა ერთგვარად ცენტრალური ხელისუფლების დანამატად იქცა ანუ პოსტრევოლუციური აჭარის მმართველები მიშას და მისი პოლიტიკური ამფსონების დავალება-მითითებებს უსიტყვოდ ასრულებდნენ. ეს ლიტონი სიტყვები რომ არაა, იქიდანაც ჩანს, რომ წლების განმავლობაში აჭარას სააკაშვილის უახლესი მეგობრი, ლევან ვარშალომიძე განაგებდა, რომელსაც, როგორც ადგილობრივები ამბობენ, ცა ქუდად არ მიაჩნდა და დედამიწა _ ქალამნად, თუმცა პერიოდულად კულუარებიდან ის ხმაც ჟონავდა, რომ ვარშალომიძე ცალკეულ ნაციონალს თვალში არ მოსდიოდა. უფრო მეტიც, იმასაც ამბობდნენ, რომ ზურაბ ადეიშვილი, რომელიც ასევე, სააკაშვილის ნდობით აღჭურვილი პირი იყო, თავის დროზე თითქოს ლევან ვარშალომიძის დაჭერას აპირებდა. 

„ადეიშვილს ვარშალომიძის „ჩაძირვა“ უნდოდა, რომ მერე სააკაშვილთან თავი მოეწონებინა -ხომ ხედავ, ჩემს გარდა ყველა გყიდისო.... 2012 წლის არჩევნებამდე, ბიზნესის კუთხით, საქართველოში ფული აღარ შემოდიოდა, რადგან ბიზნესმენების ნაწილი „დაარეკეტეს“, ნაწილი კი, დაიჭირეს და სული ციხეში ამოხადეს, ამიტომ ნაციონალები ბიზნესმენებისგან ხეირს აღარ ელოდნენ და გადაწყვიტეს, თავიანთი გუნდის წევრები დაეყაჩაღებინათ... რომ არა ხელისუფლების ცვლილება, ლევან ვარშალომიძეს ან დააპატიმრებდნენ, ან დიდ თანხას მიატანინებდნენ. საერთოდ, როცა კომპრომატები არსებობს, ადამიანი ადვილი სამართავია და ამ კუთხით არც ვარშალომიძე დაინდეს. 

ზოგადად, ადეიშვილს ყველა ყოფილ მაღალჩინოსანზე აქვს კომპრომატები. ამასთან, იმასაც გეტყვით, რომ ნაცმოძრაობაში დიდი ინტრიგები ტრიალებდა და, კაცმა არ იცის, ვინ ვისზე ნადირობდა... სააკაშვილის ხელისუფლების მაღალჩინოსნებს აჭარაში ასლან აბაშიძეზე არანაკლები გავლენა ჰქონდათ. იმასაც ამბობენ, რომ ვარშალომიძეს ნაციონალებიდან წამოსვლა უნდოდა, მაგრამ კომპრომატებით ყურებით ჰყავდათ დაჭერილი. 

კიდევ ერთ რამეს გეტყვით: ვარშალომიძის თავმჯდომარების დროს, აჭარაში პროსტიტუცია გაიფურჩქნა. უდანაშაულობის პრეზუმფციას არ ვარღვევ და კონკრეტულად ხელს არავის დავადებ, მაგრამ როცა აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური ხარს და შენს რეგიონში ასეთი რამ ხდება, პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, გეკისრება. ამიტომ, ვარშალომიძის პასუხისმგებლობის საკითხი, მე თუ მკითხავთ, ამ კუთხითაც უნდა დაისვას, მაგრამ საინტერესოა, პროკურატურა მსგავსი შემთხვევებით რატომ არ ინტერესდება?“ _ რიტორიკულად კითხულობს „ვერსიასთან“ ტეტ-ა-ტეტ საუბრისას კონფიდენტი, რომელიც თავის დროზე ნაციონალებთან მეგობრობდა. 

ჩვენს წყაროს თუ დაეჯერება, აჭარაში ერთგვარი კლანური მმართველობა ახალი ხელისუფლების მერეც გაგრძელდა ანუ, როგორც კონფიდენტი ამბობს, ავტონომიურ რესპუბლიკაში მაღალ თანამდებობებზე ძირითადად ისინი ინიშნებოდნენ, რომლებსაც ქვეყნის ცენტრალურ ხელისუფლებაში „კრიშა“ ჰყავდათ. ეს შესაძლოა, მხოლოდ მოარული ინფორმაციაა და სიმართლესთან კავშირი საერთოდ არ აქვს, მაგრამ ის გარემოება, რომ კვირკაშვილთან ერთად თანამდებობიდან აჭარის მთავრობის თავმჯდომარეც გადადგა, გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს. 

რაც შეეხება პატარაძის შემცვლელს, „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა შესთავაზა. 

„მინდა დავაფიქსირო სრული მზაობა იმ კონკრეტული პასუხისმგებლობისთვის, რასაც ითვალისწინებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობა. როგორც თქვენთვის არის ცნობილი, ჩვენი კონსტიტუცია ითვალისწინებს გარკვეულ პროცედურებს, ეს გახლავთ პრეზიდენტის მიერ ჩემი კანდიდატურის წარდგენა. ამ წარდგენის შემთხვევაში, მე მზად ვარ, წარმოვადგინო მთავრობა, მთავრობის განახლებული შემადგენლობა და ასევე ის სამთავრობო პროგრამა, რომლითაც ჩვენ ვიმოქმედებთ აჭარის რეგიონში,“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ საგანგებო ბრიფინგზე. 

სხვათა შორის, მმართველ გუნდში ადასტურებენ, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ რამდენიმე კანდიდატურა განიხილებოდა, მათ შორის, მამუკა ვასაძისა და რესან ქიქავასი. 

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურაზე კონსულტაციები აჭარის უმაღლესი საბჭოს ყველა სუბიექტთან უნდა გამართოს და მხოლოდ ამის შემდეგ წარუდგინოს თავმჯდომარის კანდიდატურა უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად. 

კონსტიტუციითვე, პრეზიდენტს უფლება აქვს, აჭარის უმაღლეს საბჭოს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ არც ერთი პოლიტიკური ჯგუფის მიერ დასახლებული კანდიდატი არ წარუდგინოს. ასევე, უმაღლეს საბჭოსაც შეუძლია, პრეზიდენტის წარდგენილ კანდიდატურას მხარი არ დაუჭიროს. საგულისხმოა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი უმაღლესი საბჭო პრეზიდენტის მიერ წარდგენილ სუბიექტს მხარს ზედიზედ არ დაუჭერს, ქვეყნის მეთაურს კონსტიტუციური უფლება აქვს, რომ ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო დაითხოვოს და ვადამდელი არჩევნები დანიშნოს. არსებული ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი ამ საკითხზე აქტიურ კონსულტაციებს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან მომდევნო კვირაში ანუ ნატოს სამიტის შემდეგ გამართავს. 

წინასწარ იმის თქმა, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, ძნელია, თუმცა პოლიტიკურ კულუარებში არ გამორიცხავენ, რომ აჭარაში ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს. ამბობენ იმასაც, რომ ეს სცენარი მხოლოდ ოპოზიციისთვის კი არა, მმართველი გუნდისთვისაც მისაღებია. ისე, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე მინიშნებები „ოცნების“ უმრავლესობის წევრებმა უკვე გააკეთეს. ასე რომ, წინ პოლიტიკურად უცხელესი ივლისი და აგვისტო გველის...

 

ნათია დოლიძე

დაბრუნება დასაწყისში