Menu
RSS

სააკაშვილი საციხედ ბურჯანაძემ და ოქრუაშვილმა გაწირეს?!

„ადეიშვილმა და მერაბიშვილმა მითხრეს, კლავდნენო“ - რა ჩვენებები მისცეს ყოფილმა მეგობრებმა ექსპრეზიდენტზე - ორი გახმაურებული საქმის სკანდალური დეტალები

პოლიტიკური ღმერთებისა თუ პოლიტიკური სამოთხიდან განდევნილი ანგელოზების ხელშეწყობით, საქართველოს პრემიერყოფილი კვლავ განსაცდელის წინაშე დგას. იკითხავთ, მიხეილს ახლა რაღა შეემთხვაო? რა შეემთხვა და, ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის გამო, სააკაშვილს 6-წლიანი პატიმრობა შეეფარდა. ვინაიდან ყოფილი პრეზიდენტი საქართველოში არ იმყოფება, ეს პატიმრობა ვირტუალურია, მაგრამ თუკი მიხეილ ნიკოლოზის ძე გარისკავს და სამშობლოს სამანებს გადმოკვეთავს, ამ და სხვა სისხლის სამართლის საქმეების გამო აუცილებლად დააკავებენ და პირდაპირ „მატროსოვზე“, თავისი პოლიტიკური ძმების, ესე იგი, ვანო მერაბიშვილისა და ბაჩო ახლაიას გვერდით მიაბრძანებენ. მას შემდეგ, რაც განაჩენი გახდა ცნობილი, სააკაშვილმა ოკეანისგაღმიდან ანუ ამერიკის შეერთებული შტატებიდან, სადაც, თურმე, ვაჟის, ედუარდ სააკაშვილის ნიშნობა-ქორწილში იმყოფებოდა, დიდაქტიკურად განაცხადა, ივანიშვილი ყველაფერს აკეთებს, რომ მე, როგორც თანამედროვე ქართული სახელმწიფოს შემქმნელი, საქართველოში ვერ ჩამოვდიოდეო. მაშასადამე, რა გამოდის? სააკაშვილი ხვდება, რომ სამშობლოში არ ჩამოესვლება, რადგან მისდამი მხოლოდ კანონი კი არა, მოსახლეობის დიდი უმეტესობაც ანტაგონისტურადაა განწყობილი. მიუხედავად ამისა, შორიდან იმუქრება და, როგორც იტყვიან, გულზე მჯიღს იცემს. ყველაფერ ამის ფონზე ზოგს შესაძლოა, ერთი ქართული მულტფილმი _ „ყურშა გაყოყოჩდა“ გაახსენდეს, თუმცა ასეთ ალეგორიებზე დრო არ დავკარგოთ და მოდით, მოვლენები ქრონოლოგიურად გავიხსენოთ. საამისოდ კი, გვინდა თუ არა, ცოტა ხნით წარსულში უნდა დავბრუნდეთ.

მაშ, ასე: 2005 წელია, ივლისი. „ვარდოსნები“ ქვეყანას უკვე ორი წელია მართავენ... მართალია, ორი წლის წინ, მთელი ერი მიშას ფანი იყო, მაგრამ ვარდებმა ნელ-ნელა ჭკნობა დაიწყეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობას სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების მიმართ სულ უფრო მეტი და მეტი კითხვა უჩნდება. 

ერთი სიტყვით, 2005 წლის 14 ივლისს ცნობილი ხდება, რომ დეპუტატ ვალერი გელაშვილს თავს დაესხნენ და უმოწყალოდ სცემეს. თავდამსხმელები შეიარაღებულნი იყვნენ. სასტიკად ნაცემი დეპუტატი საავადმყოფოში პირდაპირ აცხადებს, ამ თავდასხმის უკან ხელისუფლება დგას. რას ერჩის „ვარდოსნული ხელისუფლება“ გელაშვილს? გელაშვილის განმარტებით, ძაღლის თავი პრეზიდენტის ავლაბრის მშენებარე რეზიდენციაშია „დამარხული“. 2005 წლის 15 ივლისს პორტალი ცივილ.გე სტატიას აქვეყნებს, რომელშიც ვკითხულობთ: 

„...პრეზიდენტის რეზიდენციასს გელაშვილის სამშენებლო კომპანია „ევრა“ აშენებს. 2002 წელს, ვალერი გელაშვილმა, რომელიც სამშენებლო კომპანია ,,ევრას“ ხელმძღვანელობს, ავლაბარში 2300 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი შეისყიდა და კერძო სახლის მშენებლობა დაიწყო. ეს ტერიტორია საგზაო პოლიციის ძველი შენობის გვერდით მდებარეობს. კომპანია „ევრას“ ვებ-გვერდის მიხედვით, 2004 წელს გელაშვილს ხელისუფლებამ სთხოვა, გადაეცა ეს შენობა სახელმწიფოსთვის, მას შემდეგ რაც მთავრობამ გადაწყვიტა გვერდზე განთავსებული საგზაო პოლიციის შენობა პრეზიდენტის რეზიდენციად გადაეკეთებინა. გელაშვილი დათანხმდა, თუმცა მოითხოვა პრეზიდენტის რეზიდენციის სამშენებლო სამუშაობის განხორციელების უფლება. ხელისუფლება დათანხმდა, რის შედეგადაც კომპანია „ევრა“ სამშენებლო სამუშაოებს შეუდგა. გასულ თვეს გელაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა უარს აცხადებს კომპანია „ევრასთვის“ ფულის გადახდაზე. ამ დაპირისპირების გამო გელაშვილმა, ხაშურის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გადაწყვიტა რესპუბლიკური პარტიის წევრი გამხდარიყო. 

შედეგად, ვებ-გვერდზე _ www.broker.ge გაჩნდა კომპანია „ევრას“ განცხადება, რომ კომპანია ყიდის ავლაბარში განთავსებულ სახლს, საერთო ფართით 1,345 კვ.მ. სახლს ბრონირებული ფანჯრები აქვს. საწყისი ფასი _ 5 000 000 აშშ დოლარი. კომპანია „ევრას“ ვებ-გვერდზე განთავსებულ კიდევ ერთ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ იგი მზად არის პრეზიდენტის რეზიდენციის მშენებლობის უფლება გადასცეს ინვესტორს, თუ ეს უკანასკნელი აანაზღაურებს იმ ხარჯებს, რაც კომპანიამ გაიღო. 

გელაშვილზე თავდასხმა 14 ივლისს, 14:00 საათისთვის მოხდა. მის კუთვნილ „მერსედესის“ ჯიპს ორმა მანქანამ გზა გადაუღობა. ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე შეიარაღებულმა ნიღბიანმა პირმა გელაშვილი და მისი ორი თანხმლები პირი _ დაცვა და კომპანია „ევრას“ თანამშრომელი _ მანქანიდან გადმოიყვანეს და დეპუტატი სასტიკად სცემეს.'' 

ერთი სიტყვით, ნაცებმა გელაშვილის ცემაზე, როგორც იტყვიან, დუმილის აღთქმა დადეს. სამაგიეროდ, მაშინდელი ოპოზიცია, როგორც კი პოლიტიკური ტემპერატურის აწევა დასჭირდებოდა, მაშინვე ამ თავდასხმას იხსენებდა და იქადნებოდა, ხელისუფლება როგორც კი შეიცვლება, მიშა ამ სისასტიკისთვის პასუხს უმკაცრესად აგებსო და დანაქადნი ახდა _ 2011 წლის მიწურულს, პოლიტიკურ ავანსცენაზე „ოცნება“ გამოჩნდა და ,,მეოცნებე'' ვალერი გელაშვილმა ბრძოლა ახალი შემართებით დაიწყო _ მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილის, ძმებ ახალაიების, დავით კეზერაშვილისა და სხვათა მიმართ სისხლის სამართლის საქმეების წარმოება ხელისუფლების შეცვლისთანავე დაიწყო. მერაბიშვილი სხვა ბრალდებით დააკავეს, მაგრამ 2016 წელს ბრალი ვალერი გელაშვილის ცემის გამოც წარუდგინეს, მასთან ერთად 

ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე ბრალი წარედგინა მიხეილ სააკაშვილსაც. 2014 წლის აგვისტოში პროკურატურაში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა, სადაც ითქვა: „პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილზე 2005 წელს მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის და მისი ცემის საქმეზე საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ მხილებულ იქნენ ამ დანაშაულის ორგანიზატორები: საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ივანე მერაბიშვილი. აქედან გამომდინარე, დღეს საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გამოტანილ იქნა დადგენილებები მიხეილ სააკაშვილის და ივანე მერაბიშვილის ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ. 

გამოძიებით დადგინდა შემდეგი: 2005 წლის 29 ივნისს, გაზეთ „რეზონანსში” გამოქვეყნდა საქართველოს პარლამენტის იმჟამინდელი წევრის ვალერი გელაშვილის სტატია სათაურით ,,ვალერი გელაშვილი თავის სახლს სააკაშვილს დაუთმობს”. აღნიშნულ სტატიაში ვალერი გელაშვილი გამოთქვამდა უკმაყოფილებას მოქმედი პრეზიდენტის მიმართ, კერძოდ იმასთან დაკავშირებით, რომ მას წაართვეს ქონება, რომლის ღირებულებასაც არ უნაზღაურებდნენ. ამავე სტატიაში მან შეურაცხმყოფელი ფორმით ისაუბრა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადი ცხოვრების შესახებ. აღნიშნული სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა ვალერი გელაშვილის სამაგალითოდ დასჯის მიზნით, პირადი შურისძიების მოტივით, საქართველოს თავდაცვის იმჟამინდელ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს დაავალა მოეხდინა ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება, რაზედაც ირაკლი ოქრუაშვილისაგან მიიღო უარი. ამის გამო, მიხეილ სააკაშვილმა ვალერი გელაშვილის ფიზიკური ანგარიშსწორება დაავალა საქართველოს შინაგან საქმეთა იმჟამინდელ მინისტრს ივანე მერაბიშვილს. 

დავალების მიღების შემდეგ ივანე მერაბიშვილმა მის დაქვემდებარებაში მყოფი სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის დირექტორის ერეკლე კოდუას ორგანიზებით უზრუნველყო მიხეილ საააკაშვილის დავალების ზედმიწევნით შესრულება, რომელიც განხორციელდა 2005 წლის 14 ივლისს. კერძოდ, სოდ-ის ოპერატიულმა თანამშრომლებმა და შეიარაღებული სპეციალური რაზმის მებრძოლებმა, ქ.თბილისში, მირცხულავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისას, მოახდინეს ვალერი გელაშვილის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ბლოკირება, რის შემდეგაც თავს დაესხნენ ვალერი გელაშვილს და მის თანმხლებ პირებს. ერეკლე კოდუას დავალებითა და სოდ-ის სამმართველოს უფროსის გიორგი სირაძის ხელმძღვანელობით, მოქმედმა სპეციალური რაზმის მებრძოლებმა ძალის გამოყენებით და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით ავტომანქანიდან თანმხლებ პირებთან ერთად გადმოიყვანეს ვალერი გელაშვილი, რომელიც დააწვინეს ასფალტზე და იარაღის კონდახებით სასტიკად ცემეს. 

დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ვალერი გელაშვილმა მიიღო: ქალა _ ტვინის ტრამვა, სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, ნახეთქი ჭრილობა ცხვირის და შუბლის არეში, ზედა და ქვედა ყბის ძვლების მოტეხილობა. 

ვალერი გელაშვილის მიმართ მომხდარი ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო 2005 წლის 14 ივლისს, თუმცა იმ პერიოდში საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად არ განხორციელებულა არცერთი ქმედითი საგამოძიებო მოქმედება და 2013 წელს საქმეზე გამოძიების განახლებამდე აღნიშნული ფაქტი იყო გაუხსნელი. 

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ხსენებულ ფაქტზე, 2014 წლის 24 აპრილს პასუხისგებაში მიეცნენ ერეკლე კოდუა და გიორგი სირაძე სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით, აგრეთვე 237-ე მუხლის მე-4 ნაწილით და ვინაიდან ისინი თავს არიდებენ გამოძიებას, მათ მიმართ გამოცხადებულია ძებნა. 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრის ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტი საქართველოს პროკურატურის მიერ სრულად გახსნილია და ამ დანაშაულისთვის ბრალდებები გამოტანილია მიხეილ სააკაშვილის, ივანე მერაბიშვილის, ერეკლე კოდუას და გია სირაძის მიმართ. 

მიხეილ სააკაშვილის და ივანე მერაბიშვილის მიმართ გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 8-წლამდე ვადით.“ 

ერთი სიტყვით, როგორც საქმის მასალებიდან იკვეთება და თავიდან ხმაც გავრცელდა, ბატონ გელაშვილს სასიკვდილოდ ბეჭდურ მედიაში გამოქვეყნებული ინტერვიუს გამო გაუსწორდნენ, თუმცა ამ ქეისში კიდევ რამდენიმე ნიუანსია საგულისხმო. კერძოდ, სააკაშვილის წინააღმდეგ სასამართლოს ჩვენებები ყოფილმა თანაგუნდელებმა _ ნინო ბურჯანაძემ და ირაკლი ოქრუაშვილმა მისცეს. არადა, ეს ორივე პერსონა მაშინ, როცა გელაშვილს სცემეს, მართლმორწმუნე „მიშისტი“ იყო და მის ყველა „ხუშტურს“ აპრავებდა. 

ქართული ინტერნეტმედიის არქივის თანახმად (2017 წლის სექტემბერი), „საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, პარტია დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენება მისცა. საქმე 2005 წელს პარლამენტის დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტს ეხება. 

ბურჯანაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით დაკითხეს, სადაც განაცხადა: ,,მე შევხვდი ვალერი გელაშვილს მაშინვე, როგორც კი ეს ამბავი მოხდა, როცა საავადმყოფოში გადაიყვანეს და ნათელი იყო, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი ცემის ფაქტი, არამედ, სპეცოპერაცია და ამასთან დაკავშირებით მე სააკაშვილთანაც მქონდა საუბარი, რომელსაც ეს არ უარუყვია. მას არ უთქვამს, რომ გელაშვილის ცემის დავალება მან გასცა, მაგრამ საქმის კურსში იყო და კითხვაც კი შემოგვიბრუნა; სააკაშვილმა თქვა, განა არ იყო საცემიო? სააკაშვილი საქმის კურსში იყო მის გარეშე ვერავინ ვერ სცემდა დეპუტატს“ 

ისე, სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ გელაშვილის ცემაზე ბრალი სწორედ ბურჯანაძის ჩვენების საფუძველზე წაუყენეს და ბურჯანაძემ ჩვენება მას შემდეგ მისცა, რაც რუსეთის პრეზიდენტს შეხვდა: 

„ჩემს წინააღმდეგ ე. წ. განაჩენი ძირითადად ეფუძნება ნინო ბურჯანაძის, პარლამენტის მაშინდელი სპიკერის ჩვენებას. მან თქვა, რომ დავიბარე ჩემთან და საიდუმლოდ გავანდე, რომ მე გავეცი ვალერი გელაშვილის ცემის განკარგულება და ამას მეტს აღარ ვიზამდი. ერთი წამით დავუშვით, რომ მართლაც, გავეცი ასეთი განკარგულება, რაც არის სრული სისულელე და აბსურდი _ რა ნიშნით უნდა გამენდო ეს ნინო ბურჯანძისთვის, რომელსაც არავინ ელაპარაკებოდა, არ აღიქვამდა სერიოზულად და არ ვენდობოდით მთელი ეს პერიოდი. ეს ყველამ იცის, ვინც შიდასამზარეულოში იყო ჩახედული. საერთოდ, რა ნიშნით უნდა გამენდო ეს ვინმესთვის?! ეს ხომ არის კომედია, სამართალზე დაცინვა ყველაფრით, რაც კანონთან არ არის დაკავშირებული?!'' 

სააკაშვილის ეს განცხადება ბურჯანაძემ უპასუხოდ, რასაკვირველია, არ დატოვა და ბრძანა: 

„მე ვიყავი ქვეყნის მეორე პირი და თუ სააკაშვილი არ მენდობოდა და არ მიჯერებდა, ეს არის მისი, როგორც პრეზიდენტის ძალიან დიდი მინუსი. ვადასტურებ იმ ფაქტს, რომ არ მიჯერებდა, კი ბატონო, მაგრამ რომ არ მიჯერებდა, ამის გამო მოუწია ქვეყნის დატოვება.. სააკაშვილს ყველა მოსახვევში პუტინი ელანდება. გარწმუნებთ, მე და პუტინს გელაშვილის ცემის ფაქტზე არ გვქონია საუბარი. არც ის მგონია, რომ რუსეთის პრეზიდენტი სააკაშვილის ყოველდღიური პრობლემებით იყოს დაინტერესებული.'' 

როგორც აღვნიშნეთ, სააკაშვილის წინააღმდეგ სასამართლოს ჩვენება ორი წლის წინ თავდაცვის ექსმინისტრმა და მიხეილის ექსმეგობარმა ირაკლი ოქრუაშვილმაც მისცა და აღნიშნა, რომ სააკაშვილს ვალერი გელაშვილის მიმართ გარკვეული წყენა ჰქონდა:„სააკაშვილი მთხოვდა ანგარიშსწორებას გელაშვილის მიმართ. ყველაფერი კი ისე უნდა მომხდარიყო, რომ მოტივი არ გამოჩენილიყო.

მე ამ თხოვნაზე უარი განვაცხადე და შემდეგ უკვე, როცა ფაქტი მოხდა და სააკაშვილს ვესაუბრე, დავრწმუნდი, რომ მისი თხოვნა ვანო მერაბიშვილმა შეასრულა... სააკაშვილთან ამ თემაზე რამდენიმე შეხვედრა იყო და ერთ-ერთს სამნი _ მე, ვანო მერაბიშვილი და მიხეილ სააკაშვილი ვესწრებოდით. ამ საუბრის შინაარსი მე უკვე მოგახსენეთ. ანგარიშისწორებას ითხოვდა ჩემგანნ, იმიტომ რომ მყავდა ისეთი ჯგუფი, რომელიც ერთგულების ნიშნით გამოირჩეოდა... მერაბიშვილი აგულიანებდა და ეუბნებოდა, თუ ასეთი რამ პრეზიდენტს ერთხელ ვინმემ გაუბედა, სხვებიც გაუბედავენო, რომ არ უნდა დარჩენილიყო ყურადღების მიღმა და გარკვეული ზომები უნდა მიგვეღო. ჩავთვალე, რომ მიხეილ სააკაშვილის გადარწმუნებას აზრი არ ჰქონდა. მეორე შეხვედრა იყო, როცა მე ვცდილობდი გადარწმუნებას, მესამე შეხვედრაზე კი პოსტფაქტუმ ვისაუბრეთ, როცა ვალერი გელაშვილზე ანგარიშსწორება განხორციელდა.“ ცნობისთვის: სანამ გელაშვილის ცემის საქმე სასამართლოში წავიდოდა, გამოძიებამ ოქრუაშვილი ორჯერ დაკითხა, მაგრამ ზემოხსენებულ დეტალებზე კრინტიც არ დაუძრავს. 

ვალერი გელაშვილი ერთადერთი პოლიტიკოსი არ ყოფილა, რომელიც იმ „ყბადაღებული 9 წლის“ დროს სცემეს. ნაციონალებმა კობა დავითაშვილიც „გაასილაქეს“ . 

2016 წლის ივლისში, მთავარმა პროკურატურამ დავითაშვილის ცემისა და გატაცების ფაქტი გახსნილად გამოაცხადა: 

„საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ გახსნილია 2007 წლის 07 ნოემბრის საპროტესტო აქციის დროს, კობა დავითაშვილის ცემისა და მისი თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტი. ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ კობა დავითაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ნაცემ მდგომარეობაში გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა განხორციელდა სპეცდანიშნულების რაზმის წევრების მიერ, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის დავით ქარსელაძის დანაშაულებრივი გეგმითა და ორგანიზებით. 

კერძოდ, დადგენილია, რომ 2007 წლის ნოემბერში, ქ. თბილისში რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობდა ოპოზიციის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციები. საქართველოს იმჟამინდელმა გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა, თავისთან კაბინეტში დაიბარა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე დავით ქარსელაძე და დაავალა, რომ მისდამი დაქვემდებარებულ სპეცდანიშნულების რაზმსა და ოპერატიულ დანაყოფებს გაეკონტროლებინათ ისეთი ხალხმრავალი ადგილები, როგორიც იყო ე.წ. „ელიავას“, „ვაგზლის“ და „ლილოს“ ბაზრობები და ადგილზე ოპოზიციის ლიდერების გამოჩენისთანავე აღეკვეთათ მათი მხრიდან ბაზრობის ტერიტორიაზე აგიტაციისა და მიტინგზე წასასვლელად ხალხის მობილიზების ფაქტები. 

ზურაბ ადეიშვილისგან მიღებული დავალების შესაბამისად, დავით ქარსელაძემ, 2007 წლის 07 ნოემბერს, დილის საათებიდან შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სპეცდანიშნულების რაზმის წევრები ,,ელიავას ბაზრობის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გადაანაწილა, სადაც მალევე აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი კობა დავითაშვილი მხარდამჭერებთან ერთად ელექტროგენერატორის შესაძენად მივიდა, რომელიც აქციის ორგანიზებისთვის ესაჭიროებოდათ. მას შემდეგ, რაც სამართალდამცავებმა კობა დავითაშვილი შენიშნეს, შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სპეცრაზმის უფროსმა ედიშერ კობახიძემ ამის შესახებ დავით ქარსელაძეს აცნობა, რომელიც თავის მხრივ შემდგომი მითითების მისაღებად ზურაბ ადეიშვილს დაუკავშირდა, რომლისგანაც მიიღო დავალება, რომ თავისუფლება აღეკვეთათ კობა დავითაშვილისთვის და გადაეყვანათ საგამოძიებო სამსახურის შენობაში. ამ დავალების შესაბამისად, ედიშერ კობახიძემ მის დაქვემდებარებაში მყოფ სპეცრაზმელებთან ერთად, ძალადობის გამოყენებით კობა დავითაშვილი იძულებით ჩასვა იქვე მდგარ თეთრი ფერის ,,ფორდი“-ს მარკის ავტომობილში, რის შემდეგაც გაერიდნენ ბაზრობის ტერიტორიას. ვინაიდან, კობა დავითაშვილს თავისუფლების აღკვეთისას, თავის არეში მიღებული ჰქონდა დაზიანებები და მოსდიოდა სისხლი, ედიშერ კობახიძე მობილური ტელეფონით დაუკავშირდა კვლავ დავით ქარსელაძეს, რომლის დავალებითაც, გატაცებული და ნაცემი კობა დავითაშვილი ნაცვლად საგამოძიებო სამსახურისა, გადაიყვანეს გორის ჰოსპიტალში, სადაც იგი მოთავსებული იყო მომდევნო დღის 08 საათამდე. 

აღნიშნულ საქმეზე, დღეს, თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზების და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ ზურაბ ადეიშვილი, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე დავით ქარსელაძე და ფინანსთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი უფროსი ედიშერ კობახიძე. საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 7 დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.“ 

კობა დავითაშვილი მაშინაც აცხადებდა და ახლაც აცხადებს, რომ მას _ არც მეტი, არც ნაკლები _ სააკაშვილის დავალებით სცემეს, თუმცა თავად მიხეილი ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს: 

„კობა დავითაშვილზე იყო ცნობილი ისტორია, ეს ისტორია ჩემს წიგნშიც მაქვს აღწერილი, როგორ მუშაობდნენ ჩვენ წინააღმდეგ. კობა დავითაშვილი გამოვიდა, ჩვენ წინააღმდეგ რაღაც სიბინძურეები ილაპარაკა, ჩემზე და ჩემს ოჯახზე და ამის შემდეგ მოხდა ეს ცნობილი ჩანაწერი. მაშინ ვიყავი ჩინეთში ოფიციალური ვიზიტით და ვანო მერაბიშვილს ველაპარაკებოდი სხვადასხვა თემებზე და მეუბნება, სხვათა შორის, რომ იცოდე, კობა დავითაშვილი პრაქტიკულად ჩათვალე, რომ მკვდარიაო, რას მეუბნები-თქო? ნუ, პოლიტიკურად მკვდარიაო. რას გულისხმობ-თქო? თუ არა და, აი, ნახავ მალე მოკვდება, ყველაფერს ახლა ვერ გეტყვიო. ეს რომ მითხრა, ეგრევე დავუკიდე ყურმილი, რა თქმა უნდა, ჩინელები უსმენდნენ და რუსეთზე გადიოდა და ისინი ყველაფერს იწერდნენ. მერე რა მოხდა? მერე იყო ცნობილი ისტორია, როდესაც 3 კვირის შემდეგ თუ 2 კვირის შემდეგ, კობა დავითაშვილი აცხადებს, რომ ჩემი მოკვლა ცადეს. 

რა თქმა უნდა, ასეთ სისულელეებს ბევრჯერ ამბობდნენ, ამიტომ არ ვაქცევდი ყურადღებას. მერე ადეიშვილმა და მერაბიშვილმა მითხრეს გაგეცინება, მაგრამ მართლა კლავდნენო. რუსებმა გამოაგზავნეს კუტაევი, მახსოვს, ჰქონდათ ეს ჩანაწერი. წარმოიდგინეთ, შემთხვევით გადარჩა. „ეფ-ეს-ბე“-ს ჰყავდა გამოგზავნილი. იმ წუთში რომ მოეკლათ დავითაშვილი, ვის დავუმტკიცებდი მსოფლიოში და საქართველოში განსაკუთრებით, რომ მე არაფერ შუაში ვარ?“ 

უნდა ვივარაუდოთ, რომ დავითაშვილის ცემის გამოც სააკაშვილს რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრება, ოღონდ, რასაკვირველია, იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოში ჩამოვა. 

ისე, ცხოვრება, მართლაც, მოულოდნელობებით არის სავსე _ კობა დავითაშვილი თავის დროზე სააკაშვილის „გადაბმული“ ძმაკაცი იყო, ოქრუაშვილის პოლიტიკურ სცენაზე „ამობრწყინებაც“ მიშას დამსახურებაა. ექსპრეზიდენტს გარკვეული წვლილი ბურჯანაძის პოლიტიმიჯის შექმნაშიც მიუძღვის _ თავის დროზე ქალბატონ ბურჯანაძეს „ყველა ფოლადზე გამძლე ფოლადის ლედს“ ეძახდა. ვალერი გელაშვილთან კი, როგორც ირკვევა, საქმიანი ურთერთობა ჰქონდა, მაგრამ... მოხდა ის, რაც მოხდა ანუ მიხეილ სააკაშვილი საციხედ სწორედ მეგობარყოფილებმა გაიმეტეს. ეს კი იმის ნათელი დადასტურებაა, რომ პოლიტიკაში მუდმივი არც მეგობრობა არსებობს და არც _ მტრობა...

ნათია დოლიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში