Menu
RSS

ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის სკანდალური ფაქტები

მარადონა რუსეთში რჩება და თითოეულ თამაშზე დასწრებაში 13 ათას დოლარს მიიღებს!

ზოგადად, ფეხბურთი იმიტომ უყვართ ადამიანებს და იმიტომ სარგებლობს უკონკურენციო გულშემატკივრობით, რომ ძნელია გათვალო, ვინ ვის მოუგებს და ფავორიტის სტატუსი ხშირად არ ამართლებს. ასეა მსოფლიოს მიმდინარე ჩემპიონატზეც და თუ საფრანგეთთან არგენტინის მარცხი ისე თუ ასე, კანონზომიერებად ჩაითვალა, რუსეთის მიერ ესპანეთის დამარცხება აშკარა მოულოდნელობა გახლდათ.

რამდენიც არ უნდა იძახონ, რომ მსაჯმა პენალტი არ დადო, რომ ესპანელები თვითდაჯერებულები გამოვიდნენ, რომ უბრალოდ არ ეგონათ, რუსეთი 5 მცველით თუ ითამაშებდა, ფაქტია _ რუსეთი1/4-ფინალში დამსახურებულად გავიდა და, რაოდენ მწარეც არ უნდა იყოს, უნდა ვაღიაროთ _ ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი მსოფლიოს 8 საუკეთესო ნაკრებს შორის უკვე მოხვდა და თუ ხორვატიასაც მოუგებს, საუკეთესო ოთხეულში შეაბიჯებს, რაც რუსული ფეხბურთისთვის არნახული წარმატება იქნება. ნამატჩევს, ესპანელთა მთავარი მწვრთნელი ფერნანდო იერო წუწუნებდა, მეტოქემ 5 მცველით ითამაშა, ეს ანტიფეხბურთიაო, მაგრამ ისტორიას ანტიფეხბურთი კი არა, ის ემახსოვრება, რომ 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის 1/8-ფინალში რუსეთმა ესპანეთი დაამარცხა. უკვე გადაწყვეტილია, რომ იერო მთავარი მწვრთნელი აღარ იქნება და ეს იმის მიუხედავად, რომ ფეხბურთელები მის დარჩენას ითხოვენ. 

არგენტინა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის რანგში დაემშვიდობა მუნდიალს, მანამდე კი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, გერმანია გავიდა ჯგუფში ბოლო ადგილზე და ახლა მთელი ქვეყანა იმაზე ბჭობს, უნდა დარჩეს თუ არა გუნდის თავკაცი იოახიმ ლიოვი თანამდებობაზე. თავად ლიოვი დროს ითხოვს შოკიდან გამოსასვლელად და გაიძახის, გადაწყვეტილებას მერე მივიღებო, თუმცა ძალიან დიდი ალბათობით, ალემანები მთავარ მწვრთნელს არ შეცვლიან. საინტერესოა, რომ გადამწყვეტ შეხვედრაში გერმანელებმა სამხრეთ კორეასთან წააგეს და ეს მაშინ, როცა კორეელებს მოგება არ სჭირდებოდათ _ ისინი ნებისმიერ შემთხვევაში ჯგუფში რჩებოდნენ. ყველა ელოდა, რომ ამ ისტორიული გამარჯვების შემდეგ, კორეელებს სამშობლოში როგორც გმირებს, ისე დახვდებოდნენ, მაგრამ, ნურას უკაცრავად, გულშემატკივარმა მათ კვერცხები დაუშინა _ აქაოდა, თქვენგან მეტს ველოდითო. 

კვერცხები არ უსვრიათ, მაგრამ გერმანიის ნაკრებს ადგილობრივმა მედიამ ისეთი ფოტო დაუბეჭდა, მაგას კვერცხების სროლა სჯობდა. ფოტოზე კენგურუების სქესობრივი აქტია ასახული და... მოკლედ, წაგება წაგებად და, ასეთი რამ პიროვნულ შეურაცხყოფას უფრო ჰგავს, ვიდრე ღრმა ანალიზსა და პრობლემის ძიების გზას. 

სრულიად განსხვავებული სიტუაციაა არგენტინის ნაკრებში. მთავარი მწვრთნელი ხორხე სამპაოლი საკუთარი ნებით გადადგომას არ აპირებს და საამისოდ 20 მილიონი მიზეზი აქვს. მწვრთნელს ხელშეკრულებაში უწერია, რომ თუ კონტრაქტის ამოწურვამდე თანამდებობიდან საკუთარი სურვილით წავა, ვერაფერს მიიღებს, მოხსნის შემთხვევაში კი ფეხბურთის ადგილობრივი ფედერაციიდან 20 მილიონი ერგება. სწორედ ამიტომ, სამპაოლი ჯიუტად ამტკიცებს, სამსახურიდან არ წავალ, ვიცი, გუნდი როგორც უნდა ვათამაშოო, მისი მოხსნის მოთხოვნით კი არგენტინაში მრავალათასიანი აქცია უკვე გაიმართა, თუმცა 20 მილიონი ძალიან დიდი თანხაა იმისათვის, რომ ერთმა ადამიანმა გულშემატკივარს ბრმად დაუჯეროს. 

მსოფლიოს ჩემპიონატს დაემშვიდობა ევროპის მოქმედი ჩემპიონი და მიმდინარე გასული წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებული კრიშტიანუ რონალდუ. მისმა გუნდმა ურუგვაისთან წააგო, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როცა გულშემატკივრებს საყვედური არ დასცდენიათ _ პორტუგალიამ იომა და დამარცხდა. 

ალბათ ყველა გულშემატკივარმა ნახა, როგორ მხურვალედ ქომაგობდა არგენტინის ნაკრებს დიეგო მარადონა. ახლა კი ირკვევა, რომ დიეგო რუსეთში ისევ დარჩება, სხვა ნაკრებების შეხვედრებზე ივლის და... ამ ყველაფერში ფულს აიღებს. მართალია, თავიდან ეს ინფორმაცია კულუარული გახლდათ, თუმცა უეფას პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს ჰკითხეს და მანაც დაადასტურა, რომ ლეგენდარული არგენტინელი თითოეულ თამაშზე დასწრების სანაცვლოდ 13 ათას დოლარს ჩაიჯიბავს. რატომ? იმიტომ, რომ ინფანტინოს მიაჩნია, თითოეულ შეხვედრაზე ერთი ლეგენდარული ფეხბურთელი მაინც უნდა იყოს ტრიბუნაზე, რათა გულშემატკივარმა არ მოიწყინოს. საინტერესოა, რომ მარადონასთვის ფული არგენტინის ნაკრების თამაშებზე დასწრებისათვისაც მიუღია. სხვა მხრივ კი, ვინც მარადონას ქცევა დაინახა, დარწმუნდა, რომ ლეგენდარული ფეხბურთელი, პრაქტიკულად, ყველა თამაშზე, ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ არის. თავად დიეგო ამ ამბავს უარყოფს, თუმცა მისი არაადეკვატური ქცევა სხვა რამეზე მეტყველებს. 

ბრაზილიის ნაკრებს ქომაგები ისედაც არ აკლია, მაგრამ აგერ, იქაური მოდელები, იზაბელ გულარი და ალესანდრა ამბროზიო რუსეთში სწორედ საკუთარი ნაკრების საქომაგოდ ჩავიდნენ. თავიდან მოდელები სასტუმროში სულ სიცილ-კისკისით დაბინავდნენ და შოპინგზეც წავიდნენ, მაგრამ ზუსტად ნახევარ საათში პოლიცია გამოიძახეს, რათა თაყვანისმცემლებისგან დაეცვა. მათთან სურათის გადაღება იმდენ ადამიანს სურდა, რომ მოდელებმა თავს გაქცევით უშველეს, უფრო ზუსტად კი, პოლიციის კორდონით. ცნობისათვის, იზაბელ გულარი გერმანიის ნაკრების სათადარიგო მეკარის _ კევინ ტრაპის მეგობარი გოგონაა და... არ დასცალდათ გერმანელებს ბრაზილიასთან შეხვედრა, თორემ საინტერესოა, ვის უქომაგებდა ლათინოამერიკელი ლამაზმანი. 

პოლიცია ვახსენეთ და ისიც ვთქვათ, რომ არგენტინის ნაკრების მეკარემ, ვილი კაბალიერომ ხორვატიასთან მატჩში უხეში შეცდომა დაუშვა, რის შემდეგაც ელექტრონულ ფოსტაზე მუქარის შემცველი წერილები მიიღო. წერილების ავტორები მეკარეს მოკვლით, მის ცოლ-შვილს კი გაუპატიურებით ემუქრებოდნენ. გამოძიება უკვე დაწყებულია და სანამ რამე გაირკვევა, კაბალიეროს ოჯახს სახელმწიფომ პირადი დაცვა დაუნიშნა. 

რაც შეეხება შემოსავლებს. შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოს ჩემპიონატმა რუსეთს სულზე მიუსწრო. თანხები, რომელიც რუსულ ეკონომიკაში შევიდა, ასტრონომიულია და რაც მთავარია, კრიმინალის დონე მოსალოდნელზე დაბალია. მოსახლეობა მაქსიმუმის მიღებას ცდილობს მუნდიალიდან და ამას ახერხებს კიდეც. თავად განსაჯეთ, იმ სტადიონების ახლოს, სადაც თამაშები იმართება, ბინის ქირაობა ღამეში 4-დან 5 ათას დოლარამდე ღირს. რა თქმა უნდა, ამ ფასებთან შედარებით, სასტუმროები გაცილებით იაფია, მაგრამ სასტუმროში ცარიელი ნომრები უბრალოდ არ არის. არ არის ცარიელი ბინებიც, რადგან გარემონტებული ოთახები კი არა, სრულიად ურემონტო და უკომფორტო ბინებიც კი გაქირავებულია და გულშემატკივართა დიდ ნაწილს ღამე პარკებსა და სკვერებში სძინავთ. 

რუსეთის „მოძმე“ ერების წარმომადგენლებმა (მათ შორის საქართველოშიც), სოციალურ ქსელებში „მაკომპრომეტირებელი“ ვიდეოები ატვირთეს _ თუ როგორ ერთობიან ღამის კლუბებში რუს გოგონებთან ერთად ტურისტები და დაწერეს, რომ რუსეთში შობადობა მოიმატებს და რუსი ქალები სხვადასხვა ჯურის ბავშვებს გააჩენენ. საინტერესოა, რომ ამ მიმართულებას ძირითადად უკრაინელები და... ქართველები ავითარებენ _ აქაოდა, რუსეთი მტერია და უარესი ეკუთვნისო. რა თქმა უნდა, რუსეთის მეხოტბე არ ვართ, ჩრდილოელი მეზობელი ოკუპანტი და დამპყრობელია, მაგრამ სულ ერთი წუთით რომ წარმოვიდგინოთ, რა მოხდებოდა ღამის კლუბებში მსოფლიოს ჩამპიონატი საქართველოში ან უკრაინაში რომ ჩატარებულიყო... ჰო, სწორედ ეგ მოხდებოდა, ამიტომ კომპრომნატების ძიებას შეეშვით და ფეხბურთით ისიამოვნეთ, მუნდიალი ათ დღეში ოთხი წლით დაგვემშვიდობება.

ბათო ჯაფარიძე

დაბრუნება დასაწყისში