Menu
RSS

ოპერაცია „მიხეილის კიდობანი“ _ ნაციონალური რევანშის ჩაფლავების ქრონიკა

რატომ ითხოვს ნაციონალური მოძრაობა შს მინისტრის გადადგომას

თავიდან ყველაფერი, მართლაც, სპონტანურს ჰგავდა, მაგრამ მერე მოვლენები ისე დრამატულად განვითარდა, რომ „უხილავი რეჟისორის“ ხელის დანახვა აღარავის გასჭირვებია. ისე, „უხილავი რეჟისორი“ პირობითი ნათქვამია, თორემ სინამდვილეში, მისი სახელი ყველამ კარგად იცის. დიახ, არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ყველაფერ იმის კვალი, რაც მაისის შუა რიცხვებიდან საქართველოს დედაქალაქში ხდებოდა _ არც მეტი, არც ნაკლები _ მიხეილ ნიკოლოზის ძე სააკაშვილამდე მიდის. ეს გონივრული ეჭვი კი მას შემდეგ გაძლიერდა, რაც ლამის ახალი ეროვნული მოძრაობის გმირად შერაცხული ზვიად კუპრავა რამდენიმე დღით სამშობლოდან გაუჩინარდა. მართალია, საქართველოში დაბრუნებულმა კუპრავამ გვამცნო, დალაი ლამას შევხვდიო, მაგრამ რატომ უნდა გამოვრიცხოთ, რომ დალაი ლამა ექსპრეზიდენტის კოდური სახელია?

ასე იყო თუ ისე, ბოლოს ყველაფერს თავისი სახელი დაერქვა. „დალაი ლამას“ გეგმამ „ჩაილურის წყალი“ დალია და იმის ნაცვლად, რომ სამთავრობო სიკეთეებით დამტკბარიყო, იგივე ზვიად კუპრავა ორი კვირა წინასწარი დაკავების იზოლატორში გაატარებს _ 11 ივნისს, „სამართლიანობისთვის“ მებრძოლი „რაინდი“ ადმინისტრაციული წესით გაასამართლეს და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობისთვის გაწევის გამო, თავისუფლება 14 დღით აღუკვეთეს. 

ჰოდა, ახლა, როცა პოლიტიკური ვნებები მეტ-ნაკლებად დამცხრალია, მოდით, განვლილი დღეების ქრონიკას თვალი „კააა“-რგად გადავავლოთ და ვნახოთ, რა მოხდა, რატომ მოხდა და ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს გული მართლაც შვილმოკლულ მამებზე შესტკივათ თუ ადამიანურ ტრაგედიებს პირადი ინტერესებისთვის მოხერხებულად იყენებენ? 

ის, რომ ნაციონალურ მოძრაობის, კერძოდ, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნება ალადინის ზღაპარია და მეტი არაფერი, ამას ყველაზე უკეთესად, ალბათ, თავად მიხეილი ხვდება, მაგრამ ნათქვამია, ცდა ბედის მონახევრეაო. შესაბამისად, ადამიანი, რომელზეც არაერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, როგორც ჩანს, სწორედ ამ პრინციპით მოქმედებს, თან დასაკარგიც არაფერი აქვს _ თუ გამოუვა, გამოუვა, თუ არადა, თვითონ კი არის ბედნიერად ჰოლანდიაში და ხალხის, თუნდაც საკუთარი მომხრეების „დაბოლებისთვის“ პასუხს კი არავინ მოსთხოვს! 

ისე, მას შემდეგ, რაც ხელისუფლება დაკარგა, სააკაშვილმა მომხრეები არაერთხელ დააბოლა. ასე, მაგალითად, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, ვარდების მოედანზე შეკრებილ ნაცებს მიხეილმა მიმართა (მცირერიცხოვან მიტინგზე სააკაშვილის „გამოსვლა“ თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებებით მოხდა) და პირობა დადო, რომ რამდენიმე დღეში ზღვას გადმოცურავდა. 

„3 დღეში დგება სიმართლის ჟამი... ზუსტად 3 დღეში დასრულდება დიდი „ქოციანობა“. ზუსტად 3 დღეში აღარ ექნება მნიშვნელობა, ვინ როგორ მისცა ხმა 2012 წელს, ზუსტად 3 დღეა დარჩენილი ჩემთვის ამ ზღვის გადმოლახვამდე, ხოლო ჩვენთვის ეს არის 3 დღე გამარჯვებამდე. ხალხი დაიღალა დაპაუზებით და ჩვენ ვხედავთ, რომ ხალხს მოენატრა დრაივი, ტემპი. ჩვენ დავრწმუნდით, რომ ჩვენს ხალხს აღარ უნდა მუდმივად წარსულში ქექვა, მუდმივი დაჭერები, როდესაც ყველა შემდეგი მთავრობა იჭერს წინას. ხალხს უნდა წინსვლა და ესეც ჩვენი გამარჯვების საწინდარია. მინდა, ვუთხრა პოლიციელებს რომ ჩვენ ვამაყობთ თქვენით,“ _ განაცხადა მაშინ ვიდეოჩართვისას სააკაშვილმა და გულუბრყვილოებმაც დაიჯერეს, რომ მიხეილს კიდობანი ჰქონდა აშენებული, რომლითაც საქართველოს სამანებს სარფის მხრიდან მოუახლოვდებოდა, მაგრამ ამაო აღმოჩნდა ექსპრეზიდენტის დაპირება... 

ერთი სიტყვით, ოპერაცია _ „მიხეილის კიდობანი“ ჩავარდა. შესაბამისად, როგორც ჩანს, ახალი „ოპერაცია“ დაიგეგმა, თუმცა მორიგი შეტევის დასაწყებად ყოფილებს ორი წელი დასჭირდათ, თან ახალი „იერიშის“ მხოლოდ ტაქტიკა კი არა, არამედ, სტრატეგიაც შეიცვალა და ბელადადაც ისევ სააკაშვილი კი არა, ზვიად კუპრავა მოგვევლინა, თან ამჯერად რევოლუციის ან, სულაც, სახელმწიფო გადატრიალების საბაბად უფრო სენსიტიური თემა იქნა გამოყენებული _ სამართლიანობის აღდგენა, თუმცა ვიდრე ხალხი ქუჩაში შვილმოკლული მამების მხარდასაჭერად გამოვიდოდა, რუსთაველის გამზირი პროტესტანტი „ქლაბერებით“ გაივსო“, რომლებიც აღშფოთებას ვერ მალავდნენ, რომ „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებული სპეცოპერაციით, მათი ცეკვა-გართობის უფლება დაირღვა და ამიტომაც, ომახიანად ითხოვდნენ, სისტემა სასწრაფოდ უნდა დაინგრესო. 

21-ე საუკუნეა და, რასაკვირველია, იმაზე კამათი, რომ ადამიანის უფლებები დაცული უნდა იყოს, არ ღირს, მაგრამ ვისი უფლებები დაირღვა 12 მაისს, ღამის კლუბებში ჩატარებული სპეოპერაციის დროს? ვისი და, _ მოცეკვავე ფერადი გოგო-ბიჭებისო, _ იტყვის ზოგი. ცეკვა-გართობაც, ბუნებრივია, უფლებაა და ვისაც როგორ სად ეცეკვება, ისე უნდა იცეკვოს, მაგრამ ადამიანის უმთავრესი უფლება ხომ სიცოცხლეა?! ჰოდა, როცა გაურკვეველი ნარკოტიკით ახალგაზრდები იღუპებიან, სახელმწიფომ რა უნდა ქნას _ გულზე ხელები დაიკრიფოს? 

მოკლედ, ღამის კლუბების სპეცოპერაციის დროს შესაძლოა, გარკვეული ხარვეზები დაფიქსირდა, მაგრამ მას მერე ერთი თვე გავიდა და დღემდე არგუმენტირებულად ვერავინ ამბობს, თუ რატომ გამოვიდა ათასობით ახალგაზრდა ქუჩაში. შს მინისტრის ბოდიშმა პროტესტანტები არათუ დააწყნარა, არამედ, საქმე ისე წავიდა, რომ 12-13 მაისის მიტინგების მთავარი „უსტაბაშმა“, ბექა წიქარიშვილმა საქართველო დატოვა. 

სხვათა შორის, თავის დროზე კულუარებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზემოხსენებული პროტესტის სათავისოდ გამოყენებას ყოფილი ხელისუფლება გეგმავდა, მაგრამ გახარიას მიტინგზე მისვლით ეს გეგმა ჩავარდა. ამიტომ, როგორც „ვერსიას“ კონფიდენციალური წყარო ეუბნება, ნაცმოძრაობა სათადარიგო გეგმაზე გადავიდა, რაც იმას გულისხმობდა, რომ ფართომასშტაბიანი არეულობა 17 მაისს გამართულ ე.წ. ლგბტ თემის აქციას უნდა მოჰყოლოდა, თუმცა მოხდა ის, რაც მოხდა ანუ თემის აქტივისტებმა სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება მიიღეს და ჰომოფობიის საერთაშორისო დღის აღნიშვნაზე უარი განაცხადეს. მიუხედავად ამისა, 17-ში, კანცელარიის წინ გარკვეული ადამიანები მაინც შეიკრიბნენ და ისინი, უმეტესად, პოლიტაქტივისტები იყვნენ. ამ შეკრებამაც ექსცესების გარეშე ჩიარა, რადგან შსს-ს გადაწყვეტილები, აღნიშნულ ტერიტორიას ძალოვანები იცავდნენ, აქციის დასრულების შემდეგ კი, მისი მონაწილეები სახლებში ყვითელი ავტობუსებით დაარიგეს. 

წყარო „ვერსიას“ ეუბნება, რომ ყველაფერ ზემოთქმულის გამო, სააკაშვილი და მისი რამდენიმე ქართველი თანამოზარე წონასწორობიდან გამოვიდა, რადგან საქმე სახელმწიფო გადატრიალებამდე ვერ მიიყვანა. ამასობაში ანუ 31 მაისს სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე განაჩენი გამოაცხადა, რაც ნაციონალებს ტუზივით დაეცათ. განაჩენმა შვილმოკლული მამა და, ასევე, მთელი საზოგადოება აღაშფოთა და თუნდაც მთვარ პროკურატურასთან გამართული აქცია აბსოლუტურად ლოგიკური გახლდათ, მაგრამ მოგვიანებით ყველაფერმა პოლიტიკური ელფერი შეიძინა. 

მართალია, ზაზა სარალიძე პოლიტიკასთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს, მაგრამ ფაქტია: შილმოკლული მამის ემოციებს ვიღცეები პირადი მიზნებისთვის იყენებენ. ყოველ შემთხვევაში, უნდოდათ, რომ უსამართლობის განცდა რევოლუციაში გადაზრდილიყო და „სისტემა დამხობილიყო“, მაგრამ აქ ერთი გაურკვევლობა მოხდა. კერძოდ, თავდაპირველად აქციის მთვარი მოთხოვნა მთავრობის გადადგომა იყო, მოულოდნელად, ეს მოთხოვნა შეიცვალა და პროტესტანტებმა დღის წესრიგში შს მინისტრის გადადგომა მოითხოვეს. შესაბამისად, გაჩნდა ვერსია, რომ ოპოზიცა კონკრეტულად გიორგი გვახარიას ებრძვის. აქედან გამომდინარე, თამამად შეიძლება ითქვას, რომ სახეზეა პოლიტიკური თამაშები და იგივე რუსთაველის გამზირზე კარვების გაშლაც სწორედ ამ თამაშების შემადგენელი ნაწილი უნდა ყოფილიყო. სხვათა შორის, ამ კარვებმა ბევრს წარსული, კერძოდ, 2007 წლის 7 ნოემბრის დილა გაახსენა, როცა აქციაზე მყოფმა რამდენიმე ადამიანმა რუსთაველის გადაკეტვა მოუნდომა. სწორედ ამით დაიწყო ის სისხლიანი ვაკჰანალია, რომელიც საქართველოს უახლეს ისტორიაში შავ ლაქად შევიდა. 

როგორც ჩანს, ახლაც ვიღაცას უნდოდა, რომ ხელისუფლებას პარლამენტის წინ მდგარი რამდენიმე ადამიანი დაერბია და ამის შემდეგ ეთქვა, აი, „ოცნება“ ნაცმოძრაობის მსგავსად იქცევაო, მაგრამ მავანთ კოვზი ამჯერადაც ნაცარში ჩაუვარდათ და არც ის გამოვიდა, ხელზე რომ დაეხვიათ, აი, ოპოზიციის ლიდერები დაიჭირესო. მაგალითად, ნიკა მელია სამართალდამცავებმა რუსთაველის გამზირს, უბრალოდ, გაარიდეს და მთელი „სასტიკი დარბევაც“ ამით დამთავრდა. 

ნაციონალებმა 2009 წლის აპრილის მოვლენებიც გაიხსენეს, როცა რუსთაველზე ე.წ. საკნების კარვები იყო მოწყობილი. 

„ხელისუფლებას მივმართავ: ეს არ არის გრეჩიხას საკანი, ეს არის შვილმოკლული მამების პროტესტი და ნუ ცდილობთ, მათ იზოლირებას აქტიური მხარდამჭერებისაგან... წულუკიანი კი არა სააკაშვილი გადადგა საპროტესტო აქციების დროს და რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. 

დროზე გაათავისუფლეთ დაკავებულები და შეასრულეთ ხალხის მოთხოვნები!“ _ დაწერა უმრავლესობის წევრმა, ნაციონალმა რომან გოცირიძემ სოციალურ ქსელში მას შემდეგ, რაც სამართალდამცავებმა რუსთაველზე გაშლილი კარვების დემონტაჟი მოახდინეს და ამ სტატუსით გოცირიძემ, ალბათ, ყოფილების მთავარი საიდუმლოც გათქვა. 

მოკლედ, ასე იყო თუ ისე, რევოლუცია და ხელისუფლების შეცვლა არ შედგა. ამასთან, დღევანდელი მოვლენების თუნდაც „საკნების ქალაქთნ“ გაიგივება არ შეიძლება, რადგან მაშინ მთელი ქვეყანა მართლაც, საკანი იყო და ამას იმდრონდელი პრესაც მოწმობს. მაგალითდ, 2009 წლის აპრილის მოვლენებზე „რადიო თვისუფლების“ სტატიაში ნათქვამია: 

„2009 წელი საქართველოს, სხვა მოვლენებთან ერთად, მასშტაბური საპროტესტო აქციებით დაამახსოვრდა. პროტესტისთვის მზადების პროცესი ჯერ კიდევ 23 თებერვალს დაიწყო და ოპოზიციური სპექტრის დიდმა ნაწილმა საპროტესტო აქციების დაწყების თარიღად 9 აპრილი დაასახელა. ითქვა, რომ ეს იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუკი პრეზიდენტი სააკაშვილი პოსტიდან თავისი ნებით არ გადადგებოდა. პრეზიდენტი პოსტიდან არ გადადგა და აქციებიც დაიწყო. ორგანიზატორების მტკიცებით, 9 აპრილს გამართულ აქციაში 130 ათასი ადამიანი მონაწილეობდა, თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, რუსთაველის გამზირზე შეკრებილთა რიცხვი 25 ათასს არ აღემატებოდა. პირველი მიტინგი ოპოზიციის ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ გახსნა თავისი ცნობილი მიმართვით ,,მიშა, მოვედით!'', შემდეგ კი შეეცადა კონცენტრირებულად ეთქვა, თუ რატომ უნდა წავიდეს სააკაშვილი: 

,,ჩვენ გვიჭირს სიცოცხლე, სიყვარული გვიჭირს, ჩვენ გვიჭირს მუშაობა, ერთმანეთთან ურთიერთობა გვიჭირს, ჩვენი შვილების აღზრდა გვიჭირს... გვიჭირს იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ერთი შემოქმედის ხელშია, მიხეილ სააკაშვილის ხელშია. ამიტომაც მოვედით, რომ ვთქვათ _ გადადგეს, გადადგეს მიხეილ სააკაშვილი...“ 

ოპოზიციამ იმ დღეს პრეზიდენტ სააკაშვილს ულტიმატუმით მიმართა და გადადგომის გადაწყვეტილების მისაღებად ვადა 10 აპრილის 4 საათამდე მისცა. პასუხად, ხელისუფლებამ ულტიმატუმის ენით ლაპარაკს მიუღებელი უწოდა და, თავის მხრივ, დიალოგისთვის მზადყოფნა გამოთქვა, თუმცა ოპოზიციამ ულტიმატუმის ვადის ამოწურვის შემდეგ სამოქალაქო დაუმორჩილებლობა გამოაცხადა. 

ოპოზიციური ფლანგი „9 აპრილის“ სახელით ცნობილ საპროტესტო აქციების წარმართვისას ერთიანი იყო. ორგანიზატორთა შორის არ იყო, მაგრამ ხალხის პროტესტის გამოხატვის პროცესში აქტიურობდა გაერთიანება ალიანსი საქართველოსთვის, რომელიც ირაკლი ალასანიას გუნდმა, ახალმა მემარჯვენეებმა და რესპუბლიკელებმა 23 თებერვალს დააფუძნეს. 

9 აპრილს აღებული სტარტით კი, ქუჩის აქციები თბილისში რამდენიმე თვეს გაგრძელდა _ 21 აპრილიდან საკნები ეტაპობრივად დაიდგა პარლამენტის შენობის წინ, თავისუფლების მოედანზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან, პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან. გადაიკეტა რუსთაველისა და კოსტავას გამზირები. ოპოზიცია და მომიტინგეები უნდობლობას უცხადებდნენ საზოგადოებრივ მაუწყებელს და მის თანამშრომლებს ეგრეთ წოდებულ ”სირცხვილის დერეფნებში” ატარებდნენ. 

პროტესტის პროცესი პოლიციის მიმართ სასტიკი ბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა. ოპოზიცია იუწყებოდა მის აქტივისტებზე განხორციელებული თავდასხმების შესახებ და პერიოდულად თავდამსხმელთა ავტომანქანების ნომრებსა და ვინაობასაც ასახელებდა, თუმცა, ადამიანის უფლებათა დამცველების დაკვირვებით, სამართალდამცველები შეგნებულად აფარებდნენ ხელს დამნაშავეებს. თავის მხრივ, შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყებოდა, რომ ის მაქსიმალურ თავშეკავებას ცდილობს, ასე ვთქვათ, განზეა გამდგარი და მხოლოდ კანონდარღვევებზე რეაგირებს. მიუხედავად ამისა, საპროტესტო პროცესში მომიტინგეთა ორი მეტად ხმაურიანი დარბევის ფაქტი გამოვლინდა, ორივე შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს შენობის წინ. პირველი იყო 6 მაისს, როდესაც პოლიციამ პლასტიკური და რეზინის ტყვიები გამოიყენა და არაერთი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთმა თვალიც კი დაკარგა. 

ოდნავ მოგვიანებით ხელისუფლებამ აღიარა რეზინისა და პლასტიკური ტყვიების გამოყენების ფაქტი, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ უკანონო არაფერი მომხდარა. ეს თემა დიდხანს იყო სადავო ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის და მასზე ყურადღება ახალმა სახალხო დამცველმაც გაამახვილა 18 დეკემბერს, პარლამენტის ტრიბუნაზე გამოსვლისას. გიორგი ტუღუშმა, რომელმაც სოზარ სუბარისგან ომბუდსმენის უფლებამოსილება სექტემბერში გადმოიბარა, გარკვევით თქვა, რომ სამართალდამცველებმა 6 მაისს კანონი დაარღვიეს: 

„პლასტიკური და რეზინის ტყვიების გამოყენება შესაძლებელი გახდა პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის მე-12 მუხლში ცვლილებების შეტანის შემდეგ, რომელიც გამხორციელდა 2009 წლის 17 ივლისს. ხოლო 6 მაისისთვის პლასტიკური და რეზინის ტყვიები კანონით დაშვებული საშუალებების ჩამონათვალში არ შედიოდა.'' 

ხელისუფლების წარმომადგენლები ამგვარ მოსაზრებას არც ახლა იზიარებენ. თუმცა განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ 15 ივნისს ასევე შინაგან საქმეთა მთავარ სამმართველოსთან მომხდარი დარბევის ფაქტთან. საუბარია აქციაზე, რომელიც სამართალდამცველებმა დაწყებიდან დაახლოებით 10 წუთში ძალის გამოყენებით დაშალეს. აქციის მონაწილეების გარდა, პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტებსა და ოპერატორებს, რომლებსაც ჩამოართვეს სამუშაო ტექნიკა. ფაქტს რამდენიმე სამართალდამცველის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება და უფლებამოსილების შეჩერება მოჰყვა, თუმცა ადამიანის უფლებადამცველები და, რა თქმა უნდა, ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლების სადამსჯელო ღონისძიებას არასაკმარისად მიიჩნევენ.

9 აპრილის აქციების პროცესში ხელისუფლებამ ოპოზიციას დიალოგი რამდენჯერმე შესთავაზა, მაგრამ _ ძირითადად, ხალხის თვალში ავტორიტეტის დისკრედიტაციის შიშით _ ოპოზიციამ შეთავაზება არ მიიღო. ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ნდობის აღდგენასა და დიალოგის დაწყებას აქტიურად უწყობდა ხელს ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნები, რომელიც თბილისში რამდენჯერმე ჩამოვიდა და მოლაპარაკება ორივე მხარესთან გამართა. 

პირველი შეხვედრა ოპოზიციის წარმომადგენლებსა და პრეზიდენტს შორის 11 მაისს შედგა. შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში პრეზიდენტთან შესახვედრად ირაკლი ალასანია, სალომე ზურაბიშვილი, ლევან გაჩეჩილაძე და კახა შარტავა მივიდნენ. კონკრეტული შეთანხმება ვერ შედგა, თუმცა, ოპოზიციისგან განსხვავებით, პრეზიდენტი შეხვედრით კმაყოფილი ჩანდა: 

„ამდენი მძიმე გამონათქვამის, ამდენი, მათ შორის, შეურაცხმყოფელი მოქმედების შემდეგ, მოხერხდა ნაბიჯის გადადგმა უფრო კონსტრუქციული და უფრო ცივილური მოქმედებისთვის პოლიტიკაში. ჩვენ მივაღწიეთ თანხმობას, რომ არის საკითხები, რაზეც უნდა გავაგრძელოთ საუბარი. შეხვედრა შედგა და ეს კარგია, ვთანხმდებით იმაზე, რომ დიალოგი უნდა გაგრძელდეს. და ეს არის, რა თქმა უნდა, წინ გადადგმული ნაბიჯი.'' 

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლებს 11 მაისს გამართული შეხვედრის მსვლელობისას 5 პუნქტიანი გეგმა შესთავაზა, სადაც შედიოდა: საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე კომისიის შექმნა, რომლის თავმჯდომარეც ოპოზიციის წარმომადგენელი უნდა იყოს; საარჩევნო კოდექსზე ერთობლივი მუშაობა; სასამართლოს რეფორმირების პროცესში აქტიური ჩართვა; სხვადასხვა უწყების მუშაობაში ჩართვა; ოპოზიციის წარმომადგენლების ჩართვა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში და მე-2 არხის რეორგანიზება. 

 

თანამშრომლობის ნიშნები კიდევ კარგა ხანს ვერ გამოიკვეთა. ამასობაში იყო 26 მაისი და დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სახალხო აღლუმი. მასშტაბური თავყრილობა ეროვნულ სტადიონზე საპროტესტო აქციების ერთგვარ კულმინაციად იქცა და ეს იყო ასევე ოპოზიციურ ერთობაში ერთგვარი ბზარის გაჩენის დღეც. ტაქტიკურ საკითხებზე კოლეგებთან შეუთანხმებლობის გამო ქუჩის აქციების პროცესს გამოეყო „ეროვნული ფორუმი“ და პარტია „თავისუფლება“, ხოლო, მოგვიანებით, კონსტანტინე გამსახურდია, რომელმაც პრეზიდენტის საგანგებო შეთავაზების საფუძველზე პარლამენტის დეპუტატის ერთ დროს უარყოფილი მანდატი დაიბრუნა. 

ივნისში პრეზიდენტმა სალაპარაკოდ ოპოზიციის ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე მიიწვია. გაჩეჩილაძე შეხვედრაზე მივიდა, თუმცა მისმა გადაწყვეტილებამ გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვია არა მხოლოდ მომიტინგეთა, არამედ ოპოზიციის ნაწილშიც. ეს უკვე იყო პერიოდი, როდესაც თბილისის ქუჩებში თანდათან მცირდებოდა მომიტინგეებისა და საკნების რიცხვი. საავტომობილო მოძრაობა აღდგა ჯერ კოსტავას, ხოლო შემდეგ რუსთაველის გამზირზე. რუსთაველის გახსნა ამერიკის ახალი ადმინისტრაციის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტს დაემთხვა. ჯოზეფ ბაიდენი საქართველოში 22 ივლისს უკრაინიდან ჩამოვიდა და თბილისში გამართული შეხვედრების საკმაოდ დიდი დრო დაეთმო საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარებაზე საუბარს _ იქნებოდა ეს ხელისუფლების, ოპოზიციის თუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრები. 

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა გაიხსენა პრეზიდენტ სააკაშვილის დაპირება „დემოკრატიის ახალი ტალღის“ თაობაზე და საქართველოს ხელისუფლებას, მის ოპოზიციას და საქართველოს მთელ საზოგადოებას ურჩია, „პოლიტიკური პროცესები განვითარდეს პარლამენტის შენობაში და არა მარტო ქუჩაში; საქართველოს მთავრობის საქმიანობა გახდეს უფრო გამჭვირვალე; მედიის თავისუფლება განმტკიცდეს ისე, რომ მას შეეძლოს ხელისუფლების კონტროლი; გაძლიერდეს სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი.“ 

ვიდრე საქართველოს შიდაპოლიტიკურ სარბიელზე 2009 წლის მანძილზე განვითარებულ მოვლენებზე საუბარს გავაგრძელებდეთ, უნდა აღვნიშნოთ ის, რომ ბაიდენის ვიზიტი საქართველოში ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მტკიცე მხარდაჭერის ერთგვარ სიმბოლოდ აღიქმებოდა. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა არაერთხელ გამოხატა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ქვეყნის ნატოში გაწევრიანების სწრაფვასთან მიმართებით. მოდით, გავიხსენოთ რა თქვა მან 24 ივლისს საქართველოს პარლამენტის ტრიბუნაზე გამოსვლისას: 

„მე ვლაპარაკობ არა მარტო ჩემი სახელით, არამედ პრეზიდენტ ბარაკ ობამას სახელითაც. თბილისში ეს სტუმრობა, მართლაცდა, გამიზნულად მოჰყვა პრეზიდენტ ობამას მოსკოვში ვიზიტს. სწორედ ამიტომ გეგმავდა და სწორედ ამიტომ მომცა მეც დარიგება, თბილისში ვიზიტი დამეგეგმა. მე ვიცი, ბევრი წუხს და სვამს შეკითხვას, რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება საქართველოს ხარჯზე ხომ არ უნდა მოხდეს. ნება მიბოძეთ მკაფიოდ ვთქვა, რომ არა, საქართველოს ხარჯზე არ მოხდება რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება და რომ ეს შეუძლებელია. როგორც პრეზიდენტმა ობამამ ორი კვირის წინ დაადასტურა მოსკოვში, ჩვენ პრინციპების დამცველი ხალხი ვართ. ხალხებმა თვითონ უნდა აირჩიონ პარტნიორები, თვითონ უნდა გადაწყვიტონ თავიანთი ბედი. ჩვენ წინააღმდეგნი ვართ მე-19 საუკუნის ცნებებისა _ გავლენის სფეროების ადგილი არ არის 21-ე საუკუნეში.“ 

საქართველოს მიმართ გამოხატული ღია და მტკიცე მხარდაჭერის გამო წლის მანძილზე ჯოზეფ ბაიდენი და მისი ქვეყანა არაერთხელ გახდნენ კრემლის მაღალჩინოსნების კრიტიკის საგანი _ განსაკუთრებით ზაფხულში, როცა ექსპერტები ომის განმეორების საფრთხეზე ლაპარაკობდნენ, მოსკოვმა შეერთებული შტატები და ნატოს ქვეყნები არაერთხელ დაადანაშაულა საქართველოსთვის სარევანშოდ გამიზნული შეიარაღების მიწოდებაში. ბრალდება დასავლეთმა არაერთხელ უარყო სხვადასხვა ფორმითა და სხვადასხვა დონეზე _ იქნებოდა ეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონისა თუ ნატოს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის მოსკოვში ვიზიტი. ბევრჯერ ითქვა, რომ ამერიკელი ინსტრუქტორები ზაფხულის წვრთნებისას ქართველ სამხედროებს მხოლოდ და მხოლოდ ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად ამზადებდნენ. ნატოსა და შეერთებული შტატების მხრიდან ასევე ბევრჯერ გამოიხატა დიდი მადლიერება იმის გამო, რომ საქართველომ შემოდგომაზე უკვე გაგზავნა დაახლოებით 170-კაციანი სამშვიდობო ასეული ავღანეთში და რამდენიმე თვეში კიდევ, დაახლოებით, 800 სამხედროს გაგზავნის ყველაზე სახიფათო სამხრეთში, ჰელმანდის პროვინციაში. 

ასეთ მონდომებულ საქართველოს და მის უსაფრთხოებას საერთაშორისო თანამეგობრობამ მეტი ყურადღება რომ უნდა მიაქციოს, ეს ერთმნიშვნელოვნად მიაჩნია რესპუბლიკელ სენატორს რიჩარდ ლუგარს. სწორედ მისი წერილი ახლავს თან დეკემბრის მიწურულს შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში შესულ ანგარიშს, სახელწოდებით ”შეერთებული შტატების პოლიტიკა და სტაბილურობა საქართველოში”. ამ ანგარიშში ყველა საკითხი რუსეთის აგრესიის ჭრილში განიხილება და ისმის მოწოდება _ შემუშავდეს საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის სისტემური სტრატეგია და დაიწყოს საქართველოს თავდაცვითი გადაიარაღების საკითხის განხილვა. აქვეა ბრალდება რუსეთის მისამართით. ანგარიშში ვკითხულობთ: ”რუსეთის არმია, იმის ნაცვლად, რომ დაეხია უკან ომამდე არსებულ პოზიციებზე და შეემცირებინა სამხედრო წარმომადგენლობა, რასაც საფრანგეთის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მოითხოვს, აშენებს მუდმივ ბაზებს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში.” ექსპერტები ლუგარის ინიციატივას საქართველოსადმი ამერიკის მიდგომის კიდევ უფრო გააქტიურების სიმპტომად აღიქვამენ. აქვე გავიხსენოთ, რომ სწორედ 2009 წლის 9 იანვარს მოეწერა ხელი ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიას და დაიწყო მუშაობა კონკრეტული ხელშეკრულებების გარშემო. 

2009 წელს კრემლი აქტიურად განაგრძობდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავისი გავლენების მაქსიმალურ განმტკიცებას. ვეტოს გზით მან შეძლო ეუთოსა და გაეროს მისიების დახურვა საქართველოში და სეპარატისტული რეგიონები პრაქტიკულად უკონტროლო ტერიტორიებად აქცია. იქ შეღწევა ვერც 2009 წელს მოახერხა ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიამ, თუმცა მისთვის ხელმისაწვდომი გახდა სატელიტური ფოტოები. მართალია, მათი საშუალებით, მაგალითად, რუსი სამხედროების ზუსტი რიცხვის დადგენა ვერ ხერხდება, სამაგიეროდ, ზუსტად შეიძლება გადაადგილების ტრაექტორიის დადგენა. თუმცა ეს სულაც არ აღელვებს კრემლს, რომელიც მიზანმიმართულად განაგრძობს საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებების იგნორირებას და გამოხატავს სიხარულს იმით, რომ 2009 წელს საქართველოს სეპარატისტული რეგიონები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად კიდევ ორმა ქვეყანამ _ ვენესუელამ და ნაურუმ _ აღიარა. 

კრემლმა ასევე მხოლოდ სათავისოდ წაიკითხა რუსეთ-საქართველოს ომის მიზეზების დამდგენი საერთაშორისო კომისიის დასკვნის შინაარსი. ევროკავშირის ეგიდით მოქმედმა კომისიამ, რომელსაც ჰაიდი ტალიავინი ედგა სათავეში, დასკვნა 30 სექტემბერს გამოაქვეყნა. რუსეთმა ომის დაწყება მთლიანად პრეზიდენტ სააკაშვილს დააბრალა, მაშინ როცა, საქართველოს ხელისუფლების მტკიცებით, დასკვნა თვალნათლივ აღნიშნავს, რომ რუსეთი ომისთვის დიდი ხნის მანძილზე ემზადებოდა. თავად კომისიის ხელმძღვანელმა ჰაიდი ტალიავინიმ 1 ოქტომბერს ”ინტერნეიშენალ ჰერალდ ტრიბუნში“ გამოაქვეყნა ათასგვერდიანი დასკვნის ერთგვარი შეჯამება, სადაც ვკითხულობთ: ,,როგორც კატასტროფული მოვლენების უმრავლესობას, 2008 წლის აგვისტოს ომსაც რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. უშუალო მიზეზი 2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ძალების მიერ სეპარატისტული რეგიონის _ სამხრეთ ოსეთის _ დედაქალაქ ცხინვალის საარტილერიო დაბომბვა იყო, რასაც რუსეთის არაპროპორციული პასუხი მოჰყვა. კიდევ ერთი ფაქტორი იყო – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ”გაყინული კონფლიქტების” მოგვარებაში პროგრესის ნაკლებობა 15 წელზე მეტი ხნის მანძილზე”, _ წერდა ტალიავინი. 

ტალიავინის დასკვნამ არაერთგვაროვანი მოსაზრებები გამოიწვია საქართველოშიც. ოპოზიცია აქცენტს ცხინვალის დაბომბვასა და პრეზიდენტ სააკაშვილის შეცდომაზე აკეთებდა. მათი მხრიდან ბევრჯერ ითქვა, რომ ასეთი პრეზიდენტის პოსტიდან წასვლამდე საქართველოს არაფერი ეშველებ _ მათ შორის, არც დემოკრატიის განვითარების კუთხით. თუმცა ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ ოპოზიციურ ფლანგთან 2009 წელს გარკვეული თანამშრომლობა შედგა და ამის კონკრეტულ მაგალითებად სახელდება თუნდაც მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე კომისიის ამოქმედება და თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებული ცვლილებები. ხელისუფლებას მიაჩნია, რომ ოპოზიციასთან დიდ დათმობებზე წავიდა თუნდაც იმ კუთხით, რომ თვითმმართველობის არჩევნები რამდენიმე თვით ადრე გადმოიტანა, დედაქალაქის მერის პირდაპირი წესით არჩევაზე დათანხმდა, არჩევისთვის 30%-იანი ბარიერი დააწესა და საუბნო კომისიების მდივნების პოსტები ოპოზიციას შესთავაზა. საარჩევნო კოდექსის ცვლილებებთან დაკავშირებული პაკეტი საქართველოს პარლამენტმა მე-3 მოსმენით 28 დეკემბერს დაამტკიცა. 

მართალია, ცვლილებებს აბსოლუტურად არასაკმარისად მიიჩნევს, მაგრამ ოპოზიციური სპექტრის ნაწილი გაზაფხულის არჩევნებისთვის მაინც ემზადება. პოლიტიკური ძალები აცნობიერებენ, რომ დედაქალაქის მერის არჩევნებში გასამარჯვებლად ერთიანი კანდიდატით უნდა წარდგნენ, თუმცა ჯერჯერობით ცნობილი არ არის მოახერხებს თუ არა და რა გზით მოახერხებს ოპოზიცია ერთიანი კანდიდატის გამოვლენას. ამ ეტაპზე საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო ოპოზიციის მიერ დასახელებული კანდიდატების რიცხვი 6-ს შეადგენს. 

ოპოზიციური ფლანგის ნაწილი ბოიკოტს უცხადებს თვითმმართველობის არჩევნებს და საპროტესტო აქციების გაგრძელების იდეას ემხრობა. თუმცა ამ პოლიტიკურმა ძალებმაც კი მოაწერეს ხელი 30 დეკემბერს ოპოზიციური სპექტრის ერთიან მიმართვას გაეროს გენერალური მდივნისადმი. ხელმოწერა ლეიბორისტების ინიციატივით შედგა და საქართველოში არჩევნების გაეროს ეგიდით ჩატარების მოთხოვნას გულისხმობს. ხელმომწერთა შორის იყო პარტია ჩვენი საქართველო _ თავისუფალი დემოკრატებისა და გაერთიანების ალიანსი საქართთველოსთვის ლიდერი, დედაქალაქის მერობის ერთ-ერთი კანდიდატი ირაკლი ალასანია, საქართველოს ყოფილი მუდმივი წარმომადგენელი გაეროში. მისი პოლიტიკური გუნდი 2009 წელს გარკვეულ ეტაპზე მონაწილეობას იღებდა საარჩევნო კოდექსზე მუშაობის პროცესში: 

,,ჯერჯერობით საქართველოში არის არასამართლიანი გარემო არჩევნების ჩატარებისათვის და ამიტომაც მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, დაიწყოს კონსულტაციები მათი მონაწილეობით საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისათვის. მონაწილეობის მრავალი ფორმა არსებობს: ექსპერტული მხარდაჭერა, დამკვირვებლების მომზადება და თავადაც მონაწილეობის მიღება. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ მხოლოდ გაერომ ჩაატაროს არჩევნები.” 

ხელისუფლება არაადეკვატურად მიიჩნევს ოპოზიციური სპექტრის მიმართვას, რომელიც გაეროს გენერალურ მდივანს გადაეცემა. თავის მხრივ, საქართველოს ხელისუფლებამ 2010 წელს დაგეგმილი არჩევნების მეთვალყურეობის პროცესში ჩართვის მოთხოვნით ევროკავშირს მიმართა.“ 

რაც შეეხება შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნას, რომელიც ხორავას ქუჩაზე თანატოლების მიერ მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ გაახმოვანა, ისე ჩანს, რომ გახარიას წინააღმდეგ პირი მთელმა ნაცმოძრაობამ შეკრა. რატომ? _ იმიტომ, რომ გახარია აშკარად ძლიერი მინისტრია და ამასთან, დიპლომატიც, რომელსაც შეუძლია, თუნდაც ფეთქებადსაშიში ვითარება უბრალო ბოდიშით გაანეიტრალოს. მოგეხსენებათ, ნაციონალები ,,ოცნებას'' იმთავითვე უნიათოს ეძახიან. ამ ფონზე გახარია ,,ოცნების'' უნიათობის მითს ანგრევს, რაც ყოფილ ხელისუფლებას, რასაკვირველია, არ აწყობს. ამიტომაც, იერიში მასზე მიიტანეს, თუმცა ამ შემთხვევაშიც, ნაცების გეგმა ჩაფლავდა...

ნათია დოლიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში