Menu
RSS

ზაზა სალარიძე: „ერთ კვირაში რამადანი მთავრდება და მერე მთელი პანკისი გვერდით დაგვიდგება!“

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ საპროტესტო აქციები ერთი კვირით შეაჩერა და მანამდე ხელისუფლებას სამართლიანობის დადგენისთვის ვადა მისცა. ეს გადაწყვეტილება სარალიძემ მას შემდეგ გამოაცხადა, რაც საქალაქო სასამართლოში სამართალდამცავებსა და ზვიად კუპრავას შორის დაპირისპირება მოხდა. 11 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლო დაკავებული კუპრავას აღმკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობდა. სასამართლომ ზვიად კუპრავას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო 14 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა შესვენებაზე კუპრავა და სარალიძე სასამართლოს სასადილოში ჩავიდნენ. კუპრავა სადილობდა, რა დროსაც მასთან სამართამდაცავები მივიდნენ და სასამართლო დარბაზში დაბრუნება სთხოვეს. კუპრავა გაღიზიანდა. სამართალმდაცველებმა იგი აიძულეს, ბუფეტის ძალით დაეტოვებინა, რასაც ზაზა სარალიძის გაღიზიანება მოჰყვა. მან გენერალურ ინსპექციას მიმართა სამართალდამცავთა ძალის გადამეტების ფაქტზე. ,,ვერსია'' ზაზა სარალიძეს ესაუბრა:

_ ბატონო ზაზა, გუშინ იმყოფებოდით გენინსპექციაში სასამართლოს ინციდენტთან დაკავშირებით. დაინტერესდნენ ამ საქმით? 

_ სასამართლოს სასადილოში განვითარებულ ინციდენტთან დაკავშირებით დეტალები მივაწოდე და ვნახოთ, რას მოიმოქმედებენ. მზად არიან, ითანამშრომლონ და ეს პროცესი სამართლიანად წარმართონ. დაველოდოთ, მოვლენების განვითარებას. 

_ საპროტესტო აქციები ერთი კვირით შეაჩერეთ, რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება? 

_ ვისაც უნდა, გააგრძელებს აქციებს ჩვეულებრივად, მაგრამ მე გამოძიებასთან უნდა ვითანამშრომლო და აქციაზე რომ დავდგე, ვერც გენინსპექციაში მივალ და ვერც სხვაგან. ამასთან გავითვალისწინე მალხაზ მაჩალიკაშვილის მდგომარეობა, რომ მათთან რამადანია ახლა. დაახლოებით, ერთ კვირაში მთავრდება და მერე მთელი პანკისი გვერდით დაგვიდგება. 

_ ანუ, თქვენს აქციას პანკისის მოსახლეობაც შეუერთდება? 

_ დიახ, უბრალოდ, მათი სარწმუნოებიდან გამომდინარე, რამადანის თვეში იკრძალება საპროტესტო გამოსვლები. როგორც კი დამთავრდება, მაშინვე გამოვლენ. 

_ ბატონო ზაზა, 13 ივნისს იწყებს მუშაობას პარლამენტის საგამოძიებო კომისია ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე. ენდობით ამ კომისიას? 

_ აბსოლუტურ მზაობას გამოხატავენ და მაქსიმალურად ცდილობენ, გამოკეთონ ყველაფერი. ნდობას რაც შეეხება, მხოლოდ ეკა ბესელიას არ ვენდობი ამ კომისიაში, რადგან იმ ადამიანს, რომელიც მე შემეხება, უკვე აღარ ვენდობი. კომისიის დანარჩენი წევრებისგან ჯერჯერობით ვერ ვიგრძენი ვერაფერი საწინააღმდეგო. ცდილობენ, გამოიძიონ ეს საქმე და ვნახოთ, რა გამოუვათ. 

_ ბატონო ზაზა, იცით, რომ ,,ვერსია'' თავიდანვე აქტიურად წერდა ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე. გვახსოვს, რომ თქვენი ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა იყო მირზა სუბელიანის დაკავება. ახლა, როდესაც ეს ფაქტი დადგა, საზოგადოება ელოდებოდა, რომ ამით ერთგვარად კმაყოფილი დარჩებოდით და ის განცდა გაგიჩნდებოდათ, რომ პროცესი სამართლიანობისკენ დაიძრა, მაგრამ ასე არ მოხდა და აქციებს აგრძელებთ, რატომ? 

_ მე ვითხოვდი, რომ თუნდაც ამ ფაქტის გამო იყო მირზა სუბელიანი დასაკავებელი. 6 თვის განმავლობაში ვითხოვდი და სანამ ქუჩაში არ გამოვედი, საპროტესტო აქციები არ გავმართე, არ გადავაყირავე, ასე რომ ვთქვათ, ყველაფერი, მანამდე არ მიიღეს ეს გადაწყვეტილება. კი ბატონო, მივესალმები შსს-ს გადაწყვეტილებას მირზა სუბელიანის დაკავებასთან დაკავშირებით, მაგრამ მაშინ ვინ არ დააკავა 1 დეკემბერს დასაკავებელი მირზა სუბელიანი, ვიღაცამ ხომ ხელი დააფარა, არა?! თუ მირზა სუბელიანი დააკავეს, მაშინ მისი მფარველები რატომ არ არიან დაკავებული? კმაყოფილი მაშინ ვიქნები, როდესაც ყველა რეალურ ბრალდებაზე აგებს პასუხს მირზა სუბელიანი ანდა მისი შვილი რატომ არაა დაკავებული დანაშაულის დაფარვის გამო? 

_ ისე, როცა განაცხადეთ, რატომ არ მოხდა სუბელიანის ცოლისა და შვილის დაკავებაო, საზოგადოების ნაწილმა გაგაკრიტიკათ და ზედმეტ მოთხოვნად მიიღო ეს თქვენგან... 

_ მირზა სუბელიანი თუ დააკავეს იმ ფაქტზე, რომ ნახა ბრალდებული, მაშინ მისმა მეუღლემ და შვილმაც ხომ ნახეს? უბრალოდ, აქამდე არ ვამახვილებდი ყურადღებას ქალბატონებზე და არც ახლა ვამახვილებ, უბრალოდ, ერთი-ორჯერ ვახსენე. 

_ რამდენად ხშირი კონტაქტი გაქვთ გამოძიებასთან? 

_ შსს-ს გამოძიებასთან არანაირი კონტაქტი არ მაქვს. არავინ შემხმიანებია. არ ვენდობი მაგ გამოძიებას, რადგან შსს-მ თავიდანვე დაიწყო ამ საქმის გაყალბება და ახლა რა, სწორად წაიყვანენ საქმეს? თუნდაც მერაბ მორჩაძის დაკავება, რა სისულელე იყო! ვინ არის ეს მორჩაძე, საერთოდ არ ვიცი. საერთოდ არ ჩანს საქმის მასალებში და თითქოს რაღაც აღმოჩენა გააკეთა შსს-მ. 

_ მერაბ მორჩაძე მოწმეზე ზეწოლის ბრალდებით დააკავეს. თქვენ ფიქრობთ, სხვა მიზეზის გამო მოხდა ეს? 

_ დარწმუნებული ვარ, რომ მორჩაძის დაკავებით ,,აპრავებენ'' მიხეილ კალანდიას ქმედებებს, მას რომ არ შეეხონ. მიხეილ კალანდიამ შეცვალა ჩვენებები სასამართლოში და აურ-დაურია ყველაფერი. ზუსტად ამასთან დაკავშირებით ,,გააპრავებენ'' ისე, რომ თითქოს მორჩაძე ახდენდა ზეწოლას კალანდიაზე და ზეწოლის ქვეშ მისცა ჩვენება, რაც აბსოლუტურად ამართლებს კალანდიას. იცით, ვინ არიან მორჩაძის საქმეზე მოწმეები? _ მიხეილ კალანდია, მისი ძმა _ ლუკა კალანდია, მათი ბებია და მირზა სუბელიანი. ამით ხომ ყველაფერი ნათელია? ეს ეჭვს აჩენს, რომ შსს-ში ხელახლა ,,შეკერეს'' ეს საქმე. ამ საქმის გამოძიება და გაყალბება პირველივე ეტაპზე თავდაპირველადაც შსს-მ დაიწყო. 

_ ბატონო ზაზა, დაუდასტურებელი ინფორმაციით, ზოგიერთმა მოწმემ შეცვალა ჩვენება ხელახალ გამოძიებაში. რაიმე დეტალი არის თქვენთვის ცნობილი? 

_ არ ვიცი, არანაირ დეტალებს არ მაცნობენ, ჩუმად მიჰყავთ პროცესი ისე, რომ ხელახლა ,,შეკერონ'' საქმე. სკოლის დირექტორი დაიბარეს დაკითხვაზე, რომელიც საერთოდ არ იყო თბილისში და საქმის არც ერთი პროკურორი არ დაუბარებიათ ჯერ. მისულები ყოფილან ხორავას ქუჩაზე და დაუწყიათ ხელახლა გაზომვა. 6 თვის შემდეგ სისულელეებს აკეთებენ და ეს არის უბედურება. 

_ როცა აქციას განაახლებთ, რა კონკრეტული მოთხოვნები გექნებათ? 

_ აბსოლუტურად იგივე ყველაფერი _ სამართლიანობა აღდგეს, თანამდებობა დატოვოს გიორგი გახარიამ, რომელმაც 11 ივნისსაც დაამტკიცა, რომ შეუფერებელია თანამდებობისთვის. ასევე ვითხოვ თეა წულუკიანის გადადგომას _ 5 თუ 6 პროკურორი დანიშნა და არც ერთმა გაამართლა, ე.ი. არც ეს ადამიანია თანამდებობისთვის შესაფერისი. 

_ ბატონო ზაზა, 10 ივნისს გამართულ აქციაზე არ გამოვიდა ბევრი ადამიანი, როგორ ფიქრობთ, რატომ? 

_ დააშინეს ხალხი. ჩემი სოფლიდან ჩემი ნათესავები ჩამოვიდნენ, მაგრამ ჩემს სოფლელებს მოუწოდა გამგებელმა თუ ვიღაცამ, რომ არ წახვიდეთ აქციაზეო. ფეროშენადნობი ქარხნის დირექტორმა 100 კაცი შეკრიბა და კონტრაქციაზე წაიყვანა, ჩვენს აქციაზე წამოსვლა ყველას აუკრძალა. აშინებენ ხალხს, ზეწოლას ახორციელებენ და პოლიტიკური სახე ამით თვითონ მისცეს, თორემ მე მაქსიმალურად ვცდილობდი, პოლიტიკოსები არ ჩარეულიყვნენ ამ საქმეში. ახლა კი პირიქით, მოვუწოდებ, ჩაერიონ და მიიყვანონ ეს საქმე ბოლომდე.

თათია გოჩაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში