Menu
RSS

კობა ხაბაზი: „მე პირადად წინააღმდეგი ვარ, ამ პირობებში, საქართველოში, მიხეილ სააკაშვილი ჩამოვიდეს!“

მოზარდების მკვლელობის საქმეზე დაწყებული პროტესტი ხალხმა რუსთაველზე მრავალჯერადი აქციით გამოხატა. შვილმკვდარი მამები _ ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი სისტემის ნგრევას ითხოვენ, თუმცა ექსპერტები და საზოგადოების ნაწილი აბსურდად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ სისტემის ნგრევას ნაციონალური მოძრაობა ითხოვს ანუ ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ეს ,,სისტემა'' შექმნა. ამბობენ იმასაც, რომ მიხეილ სააკაშვილი მოზარდების მკვლელობის საქმეებს ფარად იყენებს და საკუთარ პარტიას ქვეყანაში ხელოვნურად ქაოსისა და დესტაბილიზაციის შექმნისკენ მოუწოდებს. ,,ვერსია'' ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს, კობა ხაბაზს ესაუბრა.

_ ამბობენ, რომ ნაციონალურ მოძრაობას პროცესი რევოლუციის, ქაოსის და დესტაბილიზაციისკენ მიჰყავს... 

_ არც ერთი ოპოზიცია რევოლუცას არ აწყობს. გადატრიალებას ხელისუფლება უწყობს საკუთარ თავს. ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, ნათელყოფს, რომ ეს ხელისუფლება უნდა მოშორდეს. რა თქმა უნდა, სასურველია, ეს კანონიერი გზით მოხდეს, მაგრამ როგორი ფორმა იქნება შერჩეული, ამას გვაჩვენებს დრო, ხალხის აქტივობა და სხვ. საერთოდ, ასეთი რამ არ იგეგმება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ დამოკიდებულია ხალხზე. აშშ-ს თავისუფლების დეკლარაციაში პირველი უმთავრესი, ფუნდამენტური დებულებაა _ თუ ხელისუფლება სჩადის ძალადობას, არ არის დემოკრატიული და თავისი არსით სამართლიანობას ეწინააღმდეგება, ხალხი ვალდებულია, გამოვიდეს და ეს ხელისუფლება შეცვალოს. იგულისხმება აბსოლუტურად ყველა კანონიერი მეთოდი, რომლითაც ხელისუფლების შეცვლაა შესაძლებელი. სწორედ ესაა ჩვენი სამოქმედო გეგმა და ამ ხელისუფლებას აუცილებლად გავუშვებთ ,,პოლიტიკურ სანაგვეზე''. 

_ როცა ნაციონალურმა მოძრაობამ ზაზა სარალიძესთან ერთად დაიწყო სისტემის ნგრევის მოთხოვნა, ბევრმა განაცხადა, რომ ამ პარტიის წევრებს ამის მორალური უფლება არ გაქვთ. რატომ მიიღო თქვენმა პარტიამ ამ პროცესებში ჩართვის გადაწყვეტილება? 

_ მარტივ კითხვას დავსვამ იმ ადამიანების გასაგონად, ვინც ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობის გვერდით არ დადგება. მაინტერესებს, წულუკიანის, ბესელიას, ვოლსკის, სამშობლოს გამყიდველების გვერდით დადგებით?! უშიშროების ნომრიანი ეგენტის გვერდით იდექით, ეს არ გრცხვენოდათ და დღეს გრცხვენიათ ნაციონალური მოძრაობის გვერდით დგომა?! _ ეს ხომ ბლეფია. მოდი, გავიხსენოთ, როგორ განვითარდა მოვლენები. პირველი დღეები იყო დაძაბული, ხელისუფლება ეძებდა გამოსავალს და დაახლოებით 2 დღე დასჭირდათ, მოეფიქრებინათ, რა ეთქვათ და როგორ მოქცეულიყვნენ. შემდეგ თავისი აგენტურის მეშვეობით, გაუშვეს ეს განწყობა, თითქოს ნაციონალების გვერდით არ დავდგებითო, ეს არის დანაშაულებრივი ჯგუფის მოქმედებების შედეგი და თავის გამართლების საშუალება მათთვის, ვისაც არ უნდა აქ მოსვლა. ზაზა სარალიძის გვერდით დგომისას აქციაზე მოთხოვნა არის სისტემის შეცვლა, სისტემა კი არაა ერთი ადამიანი, ეს არის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება და ორივე უნდა შეიცვალოს. 

_ ,,ევროპულმა საქართველომ'' საპარლამენტო საგამოძიებო კომისის სადავეები აიღო ხელში. როგორ აფასებთ თქვენი ყოფილი თანაგუნდელების ჩართულობას ამ საქმეში? 

_ პირველ დღეს, როცა ,,ევროპულმა საქართველომ'' გააკეთა განცხადება საპარლამენტო კომისიის შექმნის შესახებ, გვახსოვს ოთარ კახიძის გამოსვლები ტელევიზიით _ რაში უშლის ხელს, კომისიაც იყოს და ერთადაც დავდგეთ, მოივითხოვოთ სამართლიანობაო. მას შემდეგ, რაც ამ კომისიის თავმჯდომარეობა მიიღეს, გამოაცხადეს, ამ აქციებში მონაწილეობას არ ვიღებთო. თურმე უშლის ხელს, არა?!... ეს იცით, რას მაგონებს? _ ერთხელ მითხრეს, მტერს რომ იარაღი დაუვარდეს, უნდა აიღო და ესროლო თუ არაო? _ მარტივად ვუპასუხე, მტერმა თუ ისეთი იარაღი დააგდო, რომელიც ხელში აგიფეთქდება, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა აიღო-მეთქი. ეს იყო ივანიშვილის რეჟიმის მიერ გადმოგდებული ,,ასაფეთქებელი ნაღმი'', რომელზეც ჩვენ უნდა წამოვგებულიყავით, თორემ ,,ევროპული საქართველო'' კარგა ხანია, ამ ,,ნაღმში'' კომფორტულად გრძნობს თავს და ,,აფეთქებას'' კი არ აპირებს, პირიქით, სხვას უდებენ ნაღმს. 

_ ვრცელდება მოსაზრება, რომ ამ პროცესებს მიხეილ სააკაშვილი მართავს და თქვენი პარტია კონკრეტულ დავალებებს იღებს ყოფილი პრეზიდენტისგან. 

_ მიხეილ სააკაშვილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე არ არის, მაგრამ პარტიის აბსოლუტურ უმრავლესობას თავის ლიდერად მიაჩნია. არანაირ დავალებებს სააკაშვილი არ იძლევა, კონსულტაციებს, რა თქმა უნდა, გავდივართ მასთან ხშირად. ვიღაცისთვის შეიძლება სხვაგვარადაა, მაგრამ ჩვენთვის მიხეილ სააკაშვილი არ არის მხოლოდ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი _ მან გარკვეული სიმბოლური დატვირთვა შეიძინა საქართველოს აღმშენებელობისა, შესაბამისად, როცა რაღაც მნიშვნელოვანი ხდება, ბუნებრივია, მასთან კონსულტაციებს გავდივართ. მიხეილ სააკაშვილს მიაჩნია, რომ ვისაც საქართველოს მომავალზე შესტკივა გული, ივანიშვილის სამარცხვინო რეჟიმს ქვეყანა არ უნდა დავუთმოთ და ვიაქტიუროთ. 

_ ხელისუფლების შესაცვლელად ქვეყანაში ქაოსისა და დესტაბილიზაციის შექმნის მცდელობაც მიზნის მიღწევის საშუალებაა? 

_ არა. ვიმეორებ, ქაოსსა და დესტაბილიზაციას თავად ხელისუფლება, ის ძალა ქმნის, რომელიც მკვლელებსა და ჯალათებს არ აპატიმრებს; კრემლის აგენტურას გამოუშვებს და პოლიტ-პატიმრის სტატუსს ანიჭებს, რუსულ დაკრულზე ცეკვავს... ხალხი არ ქმ¬ნის დესტაბილიზაციას, ხალხს უნდა უკეთეს ქვეყანაში ცხოვრება. 

_ ბატონო კობა, მიხეილ სააკაშვილი ხომ არ აპირებს საქართველოში დაბრუნებას? 

_ მე პირადად წინააღმდეგი ვარ, ამ პირობებში, საქართველოში, მიხეილ სააკაშვილი ჩამოვიდეს, რადგან საქართველოს ჰყავს ავანტურისტული და პუტინისგან პირდაპირ მართული ხელისუფლება. ყველას გვახსოვს, რა დაიქადნა პუტინმა როცა მიხიელ სააკაშვილს ციხითა და ერთი ადგილით დაკიდებით დაემუქრა და ის ვერასდროს იქნება თავისივე ხალხის თვალში ძლიერი, სანამ თავის დანაპირებს არ შეასრულებს. ამიტომ ზუსტად ვიცით, რომც არ უნდოდეს ივანიშვილს, ის პირდაპირ მიიღებს ინსტრუქციას, დააკავოს სააკაშვილი და დიდი ეჭვი მაქვს, მოხდეს ის, რაც აწყობს პუტინს საქართველოში. მიმაჩნია, რომ ჩვენ უნდა შევძლოთ ამ სამარცხვინო რეჟიმის დასრულება უნდა ჩამოვიყვანოთ მიხეილ სააკაშვილი და მიეცეს საშუალება, თავისი კოლოსალური ნიჭი და ენერგია მოახმაროს თავის სამშობლოს.

თათია გოჩაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში