Menu
RSS

გიორგი ვაშაძე: „მოსყიდული პარტიების მეშვეობით ხელისუფლების მიერ გავრცელებული სტერეოტიპების არ მეშინია!“

11 ივნისს რუსთაველის გამზირზე პროცესები რამდენჯერმე დაიძაბა. ადგილზე სამართალდამცავთა მრავალრიცხოვანი კონტიგენტი მობილიზდა, აქციაზე გაშლილი კარვები სამართალდამცავებმა დაშალეს და ადმინისტრაციული სამართლის დარღვევის მუხლით რამდენიმე ადამიანი დააკავეს, მათ შორის თბილისის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ირაკლი ნადირაძე და ნიკანორ მელია. სულ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ მიმდინარე წლის 11 ივნისს, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან გამართულ აქციაზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაკავებულია 19 პირი. დაკავებულთა შორისაა ,,ახალი საქართველოს'' წევრი გიორგი ხაბურზანიაც. პოლიტიკოსების დაკავება ძალის გადამეტებად შეაფასა პარტია ,,ახალი საქართველოს'' ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, რომელიც მალხაზ მაჩალიკაშვილისა და ზაზა სარალიძის გვერდით აქტიურად ჩნდება საპროტესტო აქციებზე. ,,ვერსია'' გიორგი ვაშაძეს ესაუბრა:

_ ხელისუფლება გადავიდა პირდაპირ ძალადობაზე და ამით სურს, დააშინოს მოსახლეობა. არც ერთ ხელისუფლებას არ გასვლია ძალადობა საქართველოში და არც ,,ქართულ ოცნებას'' გაუვა. რასაც აკეთებენ, კანონგარეშე ქმედებაა. სასამართლოში პირდაპირ ძალადობა მოხდა, რისი კადრებიც ვნახეთ. იძალადეს და დააკავეს დეპუტატები, ასევე ჩვენი პარტიის წევრი გიორგი ხაბურზანია, რასაც ექნება შესაბამისი პასუხი ჩვენი მხრიდან. 

_ ბატონო გიორგი, 10 და 11 ივნისს აქციებზე ხალხის რაოდენობა არ იყო ისეთი მრავალრიცხოვანი, როგორც პროტესტის დასაწყისში. ეს რამ განაპირობა? 

_ ეს იყო ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის აქცია, რომელსაც მხარს ვუჭერთ. რაც შეეხება ხალხის რაოდენობას, 10 დღეა, ათასობით ადამიანი მოდის. ეს დროში გაწელილი პროცესია და როცა მიიჩნევს ადამიანი თავს ვალდებულად, მაშინ მოვა. ხალხის მასშტაბურ რაოდენობაზე ნუ შეგვეჯიბრებიან, 10 ივნისს კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ პოლიტიკური მიზნებისთვის კი არ გვაინტერესებს ეს პროცესი, არამედ გვერდით ვუდგავართ ამ ადამიანებს. სპეკულაცია ხალხის რაოდენობის დათვლით, ცუდად დაუმთავრებია ბევრ ხელისუფლებას და ასევე ცუდად დაამთავრებს ,,ქართული ოცნება''. 

_ თქვენ, როგორც ,,ახალი საქართველოს'' ლიდერი, ამ პროცესების ავანგარდში ჩადექით, არ იმოქმედა თქვენზე საზოგადოების განწყობამ, რომ პოლიტიკოსები ქულების დასაწერად იყენებენ ამ პროცესს? 

_ მე არაფრის ავანგარდში არ ჩავმდგარვარ, მე მხარს ვუჭერ მაჩალიკაშვილსა და სარალიძეს და, თავს ვალდებულად ვთვლი, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე და სამი შვილის მამა, დავდგე მათ გვერდით. მოსყიდული პარტიების მეშვეობით ხელისუფლების მიერ გავრცელებული სტერეოტიპებისა და ფარსის კი არ მეშინია. მე ყოველთვის მაქვს ჩემი, დამოუკიდებელი პოზიცია და როცა მომიწოდეს ამ ხალხმა, მაშინ მივედი და დავუჭირე მხარი, განსხვავებით იმ პოლიტიკოსებისგან, რომლებიც პოლიტიკურ კომპონენტს აკრიტიკებდნენ და კეკლუცობდნენ ამ ტერიტორიიდან. 

_ კონკრეტულად ვის გულისხმობთ? 

_ ალეკო ელისაშვილი აქციიდან ერთვებოდა, პოლიტიკურ კომპონენტს აკრიტიკებდა და ამ ფონზე კეკლუცობდა, ასევე, ,,ევროპული საქართველოს'' ლიდერები და ბევრი სხვა ადამიანი. მათგან განსხვავებით, მე არ გამომიყენებია ეს ყველაფერი იმისთვის, რომ როგორმე პირდაპირ ეთერში გამოვჩენილიყავი. როცა პრინციპული საკითხია, არ ვარ ის ადამიანი, სირაქლემას პოზაში რომ ჩადგება. ეს დღეები ლაკმუსის ქაღალდია და მომავალში აბსოლუტურად ყველა ადამიანი აგებს პასუხს თავის ქმედებაზე. 

_ ბატონო გიორგი, ყოველთვის მოუწოდებდით კოლეგებს, პოპულისტური განცხადებების ნაცვლად, ქმედითი ნაბიჯები გადაედგათ და ახლა, როცა პარლამენტში ხორავას საქმის საგამოძიებო კომისიის მუშაობა იწყება, რატომ ვერ ხედავთ ამაში გამოსავალს -რატომ არ ენდობით ამ კომისიას? 

_ ვენდობი მაშინ, როცა ნდობით აღჭურვილი იქნება შვილმოკლული მამებისთვის. საპარლამენტო კომისიას ვეკითხები - მაჩალიკაშვილის საკითხი რატომ არ შეიტანეს? რატომ უნდათ, მიჩქმალონ ეს საკითხი ისევე, როგორც ეს პრემიერ-მინისტრს უნდოდა, როცა თავის განცხადებაში არც ახსენა ეს ადამიანი თავდაპირველად. არ მაქვს ამ კომისიის მიმართ ნდობა იქიდან გამომდინარე, რომ ერთი ერთში იმეორებს ხელისუფლების ნაბიჯებს. 

_ როგორია თქვენი გრძელვადიანი გეგმა? 

_ ჩვენი გეგმაა მაქსიმალური მობილიზება, ყველასთვის ,,ნიღბის ჩამოხსნა'', მათ შორის პოლიტიკური პარტიებისთვისაც, ამ პროცესის მშვიდობიანად დასრულება და არაძალადობრივი მექანიზმებით ყველა იმ მოთხოვნის შესრულება, რომელსაც ეს ხალხი ითხოვს.

თათია გოჩაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში