Menu
RSS

მართვადი ქაოსის ანატომია

რა ფარული გეგმები აქვს სააკაშვილს და რატომ ემტერება ბოკერიას გუნდი ნაციონალებს

„მზის და ვარდების“ ქვეყნის ანუ საქართველოს დედაქალაქ თბილისში კიდევ ერთმა საპროტესტო ტალღამ იფეთქა. საერთოდ, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, მიტინგები და აქციები არ გვიკვირს, შესაბამისად, იმის გამოცდილებაც გვაქვს, რომ ბუნებრივი პროტესტი ე.წ. მართული ქაოსისგან განვასხვავოთ. ამ ფონზე, ცხადია, ჩნდება კითხვა _ ის, რაც ბოლო დღეებში თბილისში ხდება, ბუნებრივი პოროტესტია თუ საქმე ე.წ. მართულ ქაოსთან გვაქვს?

დავიწყოთ იმით, რომ საზოგადოებაში „უკმაყოფილების მარცვალი“ ბუნებრივად არსებობს _ დროში გაწელილმა სამართლიანობის აღდგენამ ბევრს კითხვის ნიშნები გაუჩინა, რასაც არცთუ სახარბიელო სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაც დაერთო ანუ ელექტორატში უკმაყოფილების საბაბი რეალურად არსებობს, რაც ოპოზიციას, კერძოდ, ნაციონალურ მოძრაობას, ცხადია, არ გამოჰპარვია და სააკაშვილის პოლიტიკურმა და-ძმებმა, როგორც ჩანს, გადაწყვიტეს, კარგად აპრობირებული ხერხისთვის მიემართათ და, რევანშის იმედით, ეს უკმაყოფილება სათავისოდ გამოეყენებინათ. 

ახლა, ეს შეფასება შესაძლოა, ვინმეს გადაჭარბებულად მოეჩვენოს, მაგრამ არსებობს ერთი „მაგრამ“. კერძოდ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის დროს მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის სოლიდარობის პარალელურად, თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეები გაიფიცნენ. 

მათ, ვინც პოლიტიკის კულუარებში კარგად ერკვევიან, უწყიან, რომ პოლიტიკაში უბრალო დამთხვევები არ არსებობს ანუ უფრო მარტივად და გასაგებად რომ ვთქვათ, ცუდს ცუდი დომინოს პრინციპივით მოჰყვება ხოლმე. 

რასაკვირველია, იმას არ ვამტკიცებთ, რომ აქციის _ „ნუ მომკლავ“ და მეტროს მემანქანეების პროტესტს შორის პირდაპირი ბმა არსებობს, მაგრამ იგივე სოციალურ ქსელში უკვე აქტიურად მიანიშნებენ, რომ სახეზეა კლასიკური საბოტაჟისა და შანტაჟის ნიშნები. 

სხვათა შორის, შანტაჟზე მინიშნება თბილისის მერმა, კახა კალაძემაც გააკეთა. კერძოდ, მემანქანეების უმთავრესი მოთხოვნა ხელფასების მომატებაა. თბილისის მერი კი ამბობს, რომ ამ ეტაპზე ხელფასების მომატებაზე საუბარი შეუძლებელია: 

„დღეს შეუძლებელია ხელფასების მომატებაზე საუბარი. სატრანსპორტო კომპანია ყოველწლიურად, დაახლოებით, 16 მლნ ლარით გადის მინუსში და ეს სერიოზული პროლემაა. მემანქანეების ხელფასი 1400-დან 1800-მდე მერყეობს. დღეს ისინი გამოდიან და შანტაჟის ენით გველაპარაკებიან. ეს შანტაჟი მე არ მეხება, ამ ენით მემანქანეები თბილისის მოსახლეობას ელაპარაკებიან. 400 ათას ადამიანს, ვინც ყოველდღიურად მეტროთი გადაადგილდება. მემანქანეები მათ ეუბნებიან, რომ ეს 1400, 1600 და 1800 ლარი ჩემთვის საკმარისი არ არის და ხელფასი 45%-ით მოგვიმატეთო. ძალიან მარტივ კითხვას ვსვამ, ვკითხოთ იმ ადამიანებს, იმ 400 ათას ადამიანს, ვინც მეტროთი გადაადგილდება, რამდენია მათი საშუალო ხელფასი. მგონია, რომ ამით ყველაფერი ნათქვამი იქნება. არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ შანტაჟის ენით საუბარს, რადგან ეს არის თითოეული ადამიანის ხელფასიდან გადახდილი გადასახადი, რომელიც მიდის ცენტრალურ ბიუჯეტში და შემდეგ ეს მოდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. ჩვენ ამ თანხების მენეჯმენტი გვევალება. ამ ეტაპზე არანაირი შესაძლებლობა არ არის იმის, რომ მათ, ვისაც 1400-დან 1800 ლარამდე აქვთ ხელფასი, 45%-ით მოვუმატოთ.“ 

მისთვის, რომ მართული ქაოსის ანატომიაში უკეთ გავერკვეთ, ალბათ, უმჯობესი იქნება, „დროის მანქანით“ წარსულში, სახელდობრ, 2000-იანი წლების საქართველოში გადავინაცვლოთ. მოგეხსენებათ, ეს ის დროა, როცა მთელი საქართველო წყვდიადსა და სიბნელეშია გახვეული. ჰოდა, ხალხიც, როგორც წესი, ამ წყვდიადს აპროტესტებდა. 

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ელექტროენერგიის დეფიციტი სწორედ იმ მიზნით იქმნებოდა, რომ მოსახლეობა გაბრაზებულიყო. სხვათა შორის, ტერმინი _ „გაბრაზებული ხალხი“ 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნების შემდეგ პირველად მაშინდელი ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ყოფილმა სპიკერმა ზურაბ ჟვანია გამოიყენა ანუ ცხონებული ჟვანია შევარდნაძესა და იმდროინდელ მმართველ ელიტას, ესე იგი, მოქკავშირს დაემუქრა, თუ გინდა რევოლუცია, თბილისში მილიონ გაბრაზებულ ადამიანს ჩამოვიყვანთო. მოკლედ, იმთავითვე ნათელი იყო, რომ მოვლენები, რომელიც საქართველოს უახლეს ისტორიაში „ვარდების რევოლუციის“ სახელით შევიდა, მართვადი იყო, თუმცა მოდით, მოვლენების განვითარებას ქრონოლოგიურად მივყვეთ. 

მაშ, ასე: 2003 წლის ნოემბერში, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება. ამ დროისთვის მაშინდელი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის ძალაუფლება უკვე მნიშვნელოვნადაა შესუსტებული. მართალია, 1999 წელს, საპარლამენტო არჩევნები მოქკავშირმა ისევ „ტრიუმფით“ მოიგო, მაგრამ ერთ წლის შემდეგ, ესე იგი, 2000 წელს, მმართველი პარტია დაშლას იწყებს და საქმე იქამდეც მიდის, რომ 2002 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მოქალაქეთა კავშირი მარცხდება _ თბილისში არჩევნებს ლეიბორისტული პარტია და ნაციონალური მოძრაობა იგებენ, ქვეყნის დანარჩენ თვითმმართველ ერთეულებში კი _ მემარჯვენეები. 

სამივე ოპოზიციური პარტია ცალ-ცალკე ირწმუნება, რომ 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გამარჯვების ფორტუნა მას გაუღიმებს... 

ამასობაში ოპოზიციურ ბაზარზე კიდევ ერთი ძალა ჩნდება, რომელსაც სათავეში ექსსპიკერი ზურაბ ჟვანია უდგება. მართალია, 2002 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ,,გაერთიანებული დემოკრატები'' 

მარცხდებიან, მაგრამ 2003 წლის დასაწყისიდან, ჟვანიასთან ალიანსს აკაკი ასათიანის ,,ტრადიციონალისტთა კავშირი'' და პარლამენტის ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე კრავენ. 

2003 წლის დასაწყისიდან, მოქალაქეთა კავშირი საკუთარი პოზიციების გაძლიერებას ცდილობს და ალიანსს _ ,,ახალი საქართველოსთვის'' ქმნის, რომელშიც, რაოდენ დაუჯერებელიც უნდა იყოს, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია და საქართველოს სოციალისტური პარტიაც ერთიანდებიან. 

უფრო მეტიც, ედპ-ს იმდროინდელი ლიდერი ირინა სარიშვილი შევარდნაძის სამთავრობო ბლოკის სპიკერადაც გვევლინება. 

საპარლამენტო არჩევნებში ასლან აბაშიძის ,,დემოკრატიული აღორძინების კავშირიც'' მონაწილეობს, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მმართველი ძალაა და ამ რეგიონში გამარჯვება, ტრადიციულად, განაღდებული აქვს ხოლმე. 

ყველა ხვდება, რომ 2003 საპარლამენტო არჩევნები საპრეზიდენტო არჩევნების გენერალური რეპეტიციაა ანუ ორი წლის შემდეგ, ესე იგი, 2005 წელს, ქვეყანამ ახალი პრეზიდენტი უნდა აირჩიოს. ედუარდ შევარდნაძეს მესამე ვადით გაპრეზიდენტებას კონსტიტუცია უკრძალავს. ჰოდა, ყველა ან თითქმის ყველა პოლიტიკური ლიდერი ცდილობს, რომ შევარდნაძემ ფსონი მასზე დადოს და ხალხს მიანიშნოს, რომ საკუთარ მემკვიდრედ მას ტოვებს. 

2003 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ნაცმოძრაობა უკვე ფორმირებული აქვს, ღიად აცხადებს, რომ ქვეყნის პირველკაცობა უნდა... 

2003 წლის 2 ნოემბერს, საარჩევნო უბნები იხურება თუ არა, ნაციონალები გრიბოედოევის თეატრში იკრიბებიან და გამარჯვებას ზეიმობენ. ზეიმის საფუძველი კი ეგზიტპოლი ხდება, რომლის თანახმადაც ნაციონალურმა მოძრაობამ ხმათა 20,8% აიღო და პირველ ადგილზე გავიდა, მეორე და მესამე ადგილები კი სამთავრობო გუნდმა და ლეიბორისტებმა გაიყვეს. 

ამ მონაცემების შესაბამისად, ჟვანია თამაშგარე მდგომარეობაში რჩება, თუმცა მიშას სიხარული ამაო აღმოჩნდება _ შუაღამისას ცესკო პირველად ოფიციალური მონაცემებს აქვეყნებს და ნათელი ხდება, რომ ნაცმოძრაობა პირველ კი არა, მეორე ადგილზეა. 

3 ნოემბერს ხმების პარალელური დათვლის შედეგები ქვეყნდება და ირკვევა, რომ პარლამენტში მოსახვედრად საჭირო 7%-იანი ბარიერი სულ 5-მა პოლიტიკურმა სუბიექტმა _ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა (26,26%), ახალი საქართველოსთვის (18,92%), საქართველოს ლეიბორისტული პარტია (17,36%), ბურჯანაძე-დემოკრატები (10,15%), დემოკრატიული აღორძინების კავშირი (8,13%), ახალი მემარჯვენეები (7,99%) _ გადალახა. 

საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები, მათ შორის, ეუთო აცხადებს, რომ არჩევნები დარღვევებით ჩატრადა. დსთ-ს სადამკვირვებელო ჯგუფი კი არჩევნებს „სამართლიანსა და დემოკრატიულს“ უწოდებს. 

ბურჯანაძე-ჟვანიას ტანდემი ნაციონალების გამარჯვებას აღიარებს. პარალელურად, სააკაშვილი არ გამორიცხავს, რომ ხალხი შესაძლოა, ქუჩაში გამოიყვანოს. 

ერთი სიტყვით, მართვადი ქაოსის პირველი კონტურები უკვე იკვეთება და 4 ნოემბერს თბილისში პირველი დემონსტრაციაც

ტარდება. ნაციონალების სატელევიზიო მოწოდებას დემოკრატები ეხმაურებიან _ ფილარმონიაში შეკრებილი ჟვანია-ბურჯანაძის მხარდამჭერები გეზს ძველი მერიისკენ იღებენ, სადაც სააკაშვილია გამაგრებული. მერე, წლები რომ გავა, ანალიტიკოსები იტყვიან, ჟვანია და სააკაშილი ცალ-ცალკე იმიტომ შეიკრიბნენ, რომ დასავლეთისთვის თვალში ნაცარი შეეყარათ და ეთქვათ, აი, ოპოზიციამ, რომელიც დემოკრატიისთვის იბრძვის, გაერთიანება მოახერხაო. 

ჟვანია-სააკაშვილი 4 ნოემბრის აქციას „გამაფრთხილებელ გასეირნებას“ უწოდებენ და ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მყოფ მოქკავშირს ულტიმატუმს უყენებენ, 5 ნოემბრის 12 საათამდე ჩვენი ანუ ოპოზიციის გამარჯვება აღიარე, თორემ კანცელარიასთან ფართომასშტაბიან მიტინგს გავმართავთო. 

სხვათა შორის, კარგად თუ დავაკვირდებით, მოვლენები დღესაც თითქმის ამ სცენარით ვითარდება ანუ კვირას, 3 ივნისს, პარლამენტის წინ შეკრებილ მომიტინგეებს გიორგი ვაშაძემ ამცნო, თუ ხელისუფლება ჩვენს მოთხოვნებს არ შეასრულებს, მაშინ ერთი კვირის შემდეგ, 10 ივნისს დიდი საპროტესტო ტალღას „მიიღებსო“. 

ეს დრო ე.წ. გაერთიანებულ ოპოზიციას, როგროც ჩანს, ძალების მობილიზებისთვის სჭირდება, თან ნაცადი ხერხია _ 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ წინაც, მაშინდელმა ოპოზიციამ ტაიმ-აუტი რამდენჯერმე აიღო. განსხვავება ისაა, რომ მაშინ ხელისუფლებამ ქუჩაში სპეცდანიშნულების რაზმები და შინაგანი ჯარის ნაწილები გამოიყვანა, რომლებიც უმეტესად, სახელმწიფო კანცელარიისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან იყვნენ კონცენტრირებულნი. 

ედუარდ შევარდნაძემ ოპოზიციას დიალოგისკენ მოუწოდა. შინაგან საქმეთა მინისტრმა, კობა ნარჩემაშვილმა კი განცხადა, საჭიროების შემთხვევაში, ძალას გამოვიყენებთო. 

ისე, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძესა და პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს პრემიერი გიორგი კვირკაშვილიც შეხვდა, რაც შეიძლება, მოლაპარაკების მცდელობად ჩავთვალოთ. 

5 ნოემბერს, ნაციონალები და დემოკრატები, რომლებიც თავს „წინააღმდეგობის ერთიან ფრონტს“ უწოდებენ, დემონსტრაციას მართავენ და მარნეულის, ბოლნისის, ტყიბულის, ბათუმის, ქობულეთისა და საზღვარგარეთის საარჩევნო ოლქებში არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვენ. 

ამასთან, ოპოზიცია ქობულეთში დაკავებული 21 წლის დამკვირვებლის გათავისუფლებასა და ყველა გამგებლის, გუბერნატორისა და პოლიციის უფროსის თანამდებობებიდან გადაყენებას ითხოვს. 

ამ მოთხოვნების შესასრულებლად ჟვანია-სააკაშვილი ხელისუფლებას ვადას 7 ნოემბრამდე აძლევს. 

ამასობაში, ოპოზიციურ ფლანგზე ახალი მოძრაობა იწყება. კერძოდ, ლეიბორისტები და ახალი მემარჯვენეები მიტინგებს გმობენ. მოგვიანებით კი, ასლან აბაშიძის მომხრეები თბილისში, პარლამენტის წინ, კონტრაქციას მართავენ. 

კონტრაქციები დღევანდელ საქართველოშიც ერთობ მოდური და აქტუალურია: ასე, მაგალითად, 12-13 მაისის მოვლენების შემდეგ, რუსთაველზე შეკრიბლ პროტესტანტი „ქლაბერების“ საპირწონედ, კონტრაქციები ქართულმა მარშმა და ე.წ. ნეოფაშიტებმა გამართეს. ასევე, ზაზა სარალიძის სოლიდარობის მიზნით, კონტრაქციები ვაკის პარკშიც იმართება ანუ შეიარაღებელი თვალითაც ნათელია, რომ ვიღაც, წარსულის გამოცდილებაზე დაყრდნობით, ქვეყანაშ მართვადი ქაოსის შექმნას ცდილობს. 

რისთვისაა საჭირო მართვადი ქაოსი? 

იმის ილუზია, რომ ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია, რომლის ლოკომოტივიც, დიდი ალბათობით, ნაციონალური მოძრაობაა, რევოლუციას მოახდენს და ხელისუფლებას შეცვლის, ბუნებრივია, თავად მიხეილ სააკაშილსაც არ ექნება, მაგრამ როგორც „ვერსიას“ კონფიდენტები ეუბნებიან, ამ ქაოსის მიზანი სამომავლოა. 

კერძოდ, სააკაშვილი ცდილობს, რომ „ოცნებას“ მოძალადის იარლიყი მიაკეროს და ამით, მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატის გამარჯვების შანსები შეასუსტოს. იმ შემთხვევაში კი, თუ შემოდგომაზე, საპრეზიდენტო არჩევნებს მმართველი ძალის კი არა, არამედ, ოპოზიციის კანდიდატი მოიგებს, ახალი პრეზიდენტი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავს. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები, როგორც ანალიტიკოსები მიიჩნევენ, ერთგვარად პოლიტიკური ფორს-მაჟორია. შესაბამისად, იმის ალბათობა, რომ რომელიმე ძალა საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობით მოვა, არ არსებობს, თუმცა როგორც ანალიტიკოსთა ნაწილი ამბობს, ნაცოძრაობა შეეცდება, რომ მოვლენების ამ სცენარით განვითარების შემთხვევაში, მართვის სადავეები იგდოს ხელთ და ქვეყანა მუდმივად „შენელებული ნაღმის“ პრინციპით აცხოვროს ანუ ჟანტაშისა და საბოტაჟის ელემენტების გამოყენებით, ყველა სხვა პოლიტიკური ძალა კუთხეში მიამწყვდიოს და პოლიტიკური მუსიკა თავად შეუკვეთოს, თუმცა ძნელი დასაჯარებელია, რომ მიზანმა საშუალება გაამართლოს. 

ისე, მას შემდეგ, რაც სახელისუფლო ბერკეტები დაკარგა, მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანაში ,,მართვადი ქაოსისა'' და იმის ილუზიის შექმნა, რომ სახელმწიფო უფსკრულისკენ მიექანება, არაერთხელ სცადა. 

ასე, მაგალითად, კარგად გვახსოვს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მომხდარი ინციდენტი, როცა ჩიორა თაქთაქიშვილს ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა. ეს ნაცებმა ხელზე დაიხვიეს და ატკვარცალდნენ, ,,ოცნება'' ოპოზიციაზე ძალადობსო. არადა, სიმართლე რომ ითქვას, ყოფილი ხელისუფლება და მისი ფანები ძალადობაზე სიტყვასაც არ უნდა სძრავდნენ, რადგან მოკლე მეხსიერება შეიძლება, თვითონ აქვთ, თორემ ხალხს კარგად ახსოვს ის ყბადაღებული 9 წელი, როცა ნაციონალების შიშით მიწაზე ჭიანჭველა ვერ დადიოდა და ცაში ჩიტი ვერ დაფრინავდა. 

ან რომელ ძალადობაზეა საუბარი, როცა იგივე სანდრო გირგვლიანის მკვლელობა სააკაშვილის ხელისუფლების დასასრულის დასაწყისად იქცა. უფრო მეტიც, სწორედ გირგვლიანის მკვლელობა იყო ის ,,ქეისი'', რომელზეც ევროსასამართლომ ყოფილ ხელისუფლებას, პრაქტიკულად, ბრალი წაუყენა და თქვა, საქმის მასალების მიჩქმალვაში ყველა სახელისუფლებო შტო იყო ჩართულიო. 

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: მართალია, ევროპული საქართველო ანუ ბოკერიას გუნდი ოპოზიციაა, მაგრამ ყველაფერ იმაში, რაც ბოლო დროს თბილისში ხდება, ევროსაქები (ამ პოლიტიკურ ჯგუფს პოლიტიკურ კულუარებში ასე ეძახიან), არ ერევიან. უფრო მეტიც, მაგალითად, გიგა ბოკერიას მეუღლე ნაცებსა და მათ მოკავშირეებს ენერგიულად აკრიტიკებს. ყოველ შემთხვევაში, თამარ ჩერგოლეიშვილმა ნიკა გვარამიას, რომელიც რევოლუციური პროცესების ერთ-ერთ მედროშედ გვევლინება და სააკაშვილის მიმართ საკუთარ სიმპათიას არც მალავეს, ცეცხლი რამდენჯერმე გაუხსნა. 

ამასწინათ კი ქალბატონმა ჩერგოლეიშვილმა გვარამიას მისამართით სოციალურ ქსელში ასეთი რამ დაწერა: 

,,საიდუმლო ჯგუფში საუბრის სქრინების გამოდება და საკუთარი მოკავშირეების უხერხულ მდგომარეობაში ჩაგდება სასოწარკვეთის ისეთი საფეხურია, ტიტველი რომ შევარდეს ეთერში, აღარ გამიკვირდება. 

მე რა? საჯაროდაც ცნობილია, რომ გვარამიას უნახავ ხამად ვთვლი. 

პ.ს. სხვის პირად კომუნიკაციას რომ აქვეყნებ, აქედან ერთი ნაბიჯია, სხვისი პირადი ცხოვრების კადრების გამოქვეყნებამდე.'' 

ისე, არცთუ შორეულ წარსულში, ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ბოკერია და სააკაშვილი ერთმანეთის ,,მოსისხლე მტრები'' გახდებოდნენ, მაგრამ მოგეხსენებათ, პოლიტიკაში მთავარი მეგობრობა კი არა, არამედ, მიზნებია, მიზნები, რომელთა მისაღწევადაც პოლიტიკოსი, ალბათ, ეშმაკსაც შეეკვრება. 

ჰოდა, ახლა, როგროც ჩანს, სწორედ ის მომენტია, როცა ბოკერიას საკუთარი პოლიტინტერესები აქვს და უკან არაფერზე დაიხევს, რომ პოტენციური კონკურენტები, მაგალითად, ნაციონალები მიწაში ცოცხლად ჩააწვინოს. 

მოკლედ, პოლიტიკა ის ,,მეცნიერებაა'', რომელიც ლოგიკას არ ექვემდებარება, თუმცა ყველაფერ ამაში ყველაზე ცუდი და, ალბათ, არაეთიკურიც ის გახლავთ, რომ პოლიტიკური ჯგუფები ადამიანების პირადი ტრაგედიებით მანიპულიერბენ და, მაგალითად, შვილმოკლული მშობლების ემოციების პირადი მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობენ. 

ასე იყო, მაგალითად, სააკაშვილის მმართველობსი დროსაც, როცა სანდრო გირგვლიანის დედის, ირინა ენუქიძის გვერდით მაშინდელი ოპოზიცია დადგა. მართალია, ქალბატონი ირინას გარშემო გაერთიანებული ოპოზიცია მთელი ხელისუფლების გადადგომას არ ითხოვდა და კონკრეტული თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხს აყენებდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, დღეს შეიძლება ითქვას, რომ გირგვლიანის საქმემ, იმდროინდელი ოპოზიციის აქტიური მეცადინეობით, ნაცხელისუფლება აღსასრულამდე მიიყვანა, თუმცა მაშინ ანტინაციონალებმა მმართვადი ქაოსის შექმნა ვერ შეძლეს, რადგან სააკაშვილი და მისი გარემოცვა ყველას, ვინც ხმას ამოიღებდა, ,,კბილებს ამტვრევდა'' და ნებისმიერ პროტესტს სისხლში ახრჩობდა. 

დღეს მსგავსი სცენარი გამორიცხულია, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ყველაფერი ,,ნერვების ომია'' და წაგებულიც ის მხარე დარჩება, რომელიც ემოციების გაკონტროლებას ვეღარ შეძლებს და შეცდომას დაუშვებს! 

ყველაფერ ზემოთქმულის ერთგვარი რეზიუმე კი ისაა, რომ პოლიტიკური ელიტები ხალხით მანიპულირებენ, რაც გასაკვირიც არ გახლავთ, რადგან პოლიტიკა ხალხით მანიპულირების ,,ხელოვნებაა'' და მეტი არაფერი!

ნათია დოლიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში