Menu
RSS

„ასეთი ინფორმაციის გავრცელებაში დესტაბილიზაციის შექმნისა და პანკისელების დისკრედიტაციის მცდელობას ვხედავ!“

მამუკა არეშიძე სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს

თბილისში გამართულ საპროტესტო აქციას, პანკისში ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა -მალხაზ მაჩალიკაშვილი შეუერთდა. მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, რომ თუ შვილის მკვლელობასთან დაკავშირებით ხელისუფლებისგან კონკრეტულ პასუხებს ვერ მიიღებს, მასშტაბურ აქციებს გამართავს. მან და მისმა ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა პანკისის მოსახლეობას აქციებში მონაწილეობისთვის მოუწოდეს. ამ განცხადებების შემდეგ მალხაზ მაჩალიკაშვილი, ადვოკატთან ერთად, პრემიერ-მინისტრს შეხვდა და, როგორც კუბლაშვილმა განმარტა, გიორგი კვირიკაშვილმა მაჩალიკაშვილს პირობა მისცა, რომ ამ საქმის გამოძიებას კონტროლზე აიყვანს და საკუთარი მეთვალყურეობის ქვეშ წარმართავს. 

შვილმოკლული მამა სახელმწიფოსგან ობიექტური გამოძიების ჩატარებასა და მკვლელების სამართლიანად დასჯას ითხოვს. თუმცა გაჩნდა მოსაზრება, რომ ამ ფონზე საეჭვოდ გააქტიურდნენ გარკვეული პოლიტიკური ძალები. აქტიურად მიდის საუბარი, რომ შვილმკვდარი მშობლების ტრაგედიას გარკვეული ძალები, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, ბოროტად, დესტაბილიზაციის შესაქმნელად იყენებენ. ამ საკითხზე გაავრცელა ინფორმაცია კონფლიქტოლოგმა მამუკა არეშიძემ. ექსპერტი აცხადებს, რომ პანკისში გარკვეულ ჯგუფთან მიდის მოლაპარაკება, რომ მოხდეს ზაზა სარალიძის გატაცება ქვეყანაში არეულობისა და დესტაბილიზაციის შესაქმნელად. ,,ვერსია'' მამუკა არეშიძეს ესაუბრა:

 

_ ეს მოარული ხმებია და დადასტურებული ინფორმაცია, სიმართლეა თუ არა, რასაკვირველია, არ მაქვს. ასეთი ტიპის ინფორმაციის გავრცელებაში დესტაბილიზაციისა და არაჯანსაღი აჟიოტაჟის შექმნის, ასევე პანკისელების დისკრედიტაციის მცდელობას ვხედავ. რაშიც ნამდვილად რუსული კვალი ჩანს. მე მხოლოდ ხმების გავრცელებას ვგულისხმობ და თუ მართლა ასე უნდა მოხდეს, უარესად ყოფილა საქმე. 

_ გამორიცხავთ, რომ პანკისიდან დესტაბილიზაციის შექმნა ქვეყნის შიგნით არსებულ გარკვეულ პოლიტიკურ ძალებსაც აწყობდეთ? 

_ არ გამოვრიცხავ. თუ ეს მხოლოდ გავრცელებული ხმები და ჭორებია, მაშინ რუსულ კვალს ვხედავ, მაგრამ თუ რეალურად დაგეგმილი ღონისძიებაა, შეიძლება, რუსულ კვალთან ერთად რომელიმე პოლიტიკური ორგანიზაციის, მათ შორის, ნაციონალური მოძრაობის, კვალიც იყოს. ვერაფერს გამოვრიცხავ. სხვათა შორის, სახელსა და გვარსაც ამბობენ, ვინც გასცა ამის ბრძანება ნაციონალური მოძრაობიდან, მაგრამ არ მაქვს მტკიცებულება, რომ ეს დავიჯერო და ამიტომ ვერ დავასახელებ. 

_ ბატონო მამუკა, ახლა პანკისში ამგვარი პროცესი სახიფათო იმიტომაა, რომ ზაზა სარალიძის მიერ წამოწყებულ პროცესში აქტიურად ჩაერთო თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი. საპროტესტო მუხტი პანკისში მაღალია და შესაძლებელია, დაინტერესებულმა მხარემ ეს მუხტი ბოროტად გამოიყენოს? 

_ რადგან ამაზე ვსაუბრობთ და პრესა ამ საკითხით დაინტერესდა, უკვე არ მგონია, თუ ასეთი რამ რეალურად არსებობს, მოხდეს. როცა ამ ყველაფერზე ვსაუბრობთ, ფაქტობრივად, პრევენციაზე ვმუშაობთ, ამიტომ ასეთი ღონისძიების ჩატარების ალბათობა მცირდება. 

_ თქვენი ინფორმაციით, პანკისში როგორი ვითარებაა ახლა? 

_ პანკისში არის საზოგადოება, ძირითადად, მაჩალიკაშვილის ოჯახის სანათესაო და საახლობლო, რომელიც გაღიზიანებულია იმ ფაქტით, რომ მათ მოთხოვნებს შედეგი არ მოჰყვა. დანარჩენი ნეიტრალური მხარეა, ბუნებრივია, ყველა ერთნაირად არ ფიქრობს. ასეთ სიტუაციას სჭირდება გარკვევა და წერტილის დასმა. 

_ რამდენიმე დღის წინ, აქციაზე, მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, ასობით კაცს ფიცი გვქონდა დადებული, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში თავი აგვეფეთქებინა, თუმცა გადავიფიქრეთ, რადგან უდანაშაულო ხალხი არ დაზიანებულიყოო. ეს ნათქვამი თქვენ როგორ გაიგეთ? 

_ მგონია, რომ ეს ემოციური ნათქვამი იყო, რადგან ჩემი წყაროები არ მაძლევენ იმის თქმის საშუალებას, რომ ასეულობით კაცი იღებდა ამაში მონაწილეობას. შეიძლება, პატარა ჯგუფს გადაწყვეტილი ჰქონდა, აღშფოთება და განაწყენება რაღაც ფორმით გამოეხატა, მაგრამ აფეთქება სუს-ის თუ სხვა რომელიმე სახელმწიფო დაწესებულებაში, ტერორისტული აქტია და, დარწმუნებული ვარ, ამას ძალიან კარგად აცნობიერებს მაჩალიკაშვილიცა და მისი გარემოცვაც. რამდენადაც მაქვს მალხაზ მაჩალიკაშვილის შესახებ ინფორმაცია, არ არის ეს კაცი ასეთი ნაბიჯის გადამდგმელი _ იმიტომ კი არა, რომ ვერ შეძლებს და მშიშარაა, უბრალოდ, საკმაოდ გონიერია იმისათვის, რომ ეს ნაბიჯი არ გადადგას. აქედან გამომდინარე, ემოციურ ნათქვამად ვუთვლი. 

რაც შეეხება იმას, არსებობს თუ არა საშიშროება, მაინც მგონია, რომ ეს საშიშროება გაზვიადებულია. ალბათ, გახსოვთ ნაციონალური მოძრაობის დროს იმდენი პანკისელი ახალგაზრდა რომ დახოცეს და გვამები დაუმალეს, რაც ქისტისთვის განსაკუთრებული შეურაცხყოფაა, დამარხვის საშუალება არ მისცეს. მაშინ არ ყოფილა ასეთი ექსცესები და მიუხედევად იმისა, რომ ამ ოჯახს უზარმაზარი ტრაგედია შეემთხვა, მაინც მგონია, რასაც ვისმენთ, ეს სასოწარკვეთილი ადამიანის ნალაპარაკევია და არა _ რეალურ ქმედებაზე გათვლილი ნათქვამი. 

_ თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეში ბუნდოვანებაა, სახელმწიფოსგან არ ჩანს კონკრეტული პასუხი. ეს ფაქტი ხომ არ იქნება მაპროვოცირებელი დესტაბილიზაციის შესაქმნელად? 

_ ბუნდოვანება ცოტა ხელოვნურად იქმნება, რადგან ბევრისათვის ნათელია, რაც მოხდა. პანკისში ორი ვერსიაა _ ერთი, რომ სახლი შეეშალათ და მეორე _ როცა შევიდნენ სპეცრაზმელები ოთახში, თემირლან მაჩალიკაშვილი ტელეფონზე ლაპარაკობდა და ბუნებრივი რეაქცია ჰქონდა, ხელი გაიქნია და ფიქრობენ, ეტყობა, სპეცრაზმელს ეგონა, რომ ხელში ასაფეთქებელი ეჭირა და ამაზე ჰქონდა რეაქციაო. ეს არის უბედური შემთხვევა, თუმცა ოჯახისთვის, რასაკვირველია, ეს შეფასება საკმარისი არაა, რადგან მათთვის უდიდესი ტრაგედია მოხდა. შეცდომა იყო, რომ დროზე არ იქნა ეს ყველაფერი გამოძიებული, შეფასებული და მალხაზ მაჩალიკაშვილისთვის ახსნილი. 

_ ახლა, როცა ვითარება დაიძაბა, ხელისუფლებამ რა უნდა მოიმოქმედოს? 

_ ახლა უკვე ისეთი მდგომარეობა შეიქმნა, რომ უნდა ჩატარდეს ობიექტური გამოძიება, დაიდოს კონკრეტული შედეგი და შეფასება იმაზე, რაც მოხდა. მე მოგიყევით იმ ვერსიებზე, რაც ხეობაში ვრცელდება. რასაკვირველია, არსებობს სხვა ტიპის ვერსიებიც, ბევრად უფრო კვალიფიცირებული სისხლის სამართლებრივად. 

ალბათ, გახსოვთ, თემირლან მაჩალიკაშვილისა და ჩატაევის ხალხის ურთიერთობის ამსახველი კადრები რომ გამოქვეყნდა, სხვა ინფორმაციაც არის, რომელიც ხელთ არ მაქვს. ეს ბიჭი რომ ტერორისტი არ ყოფილა, ეს არავისში ეჭვს არ იწვევს, მაგრამ გარკვეული საეჭვო ურთიერთობები ჰქონდა ამ პიროვნებებთან. ეს ყველაფერი უნდა აეხსნას მისი ოჯახის წევრებს, თემს, სანათესაოს და ეთქვას, როგორც იყო ყველაფერი. შეფასება უნდა გაკეთდეს, შეიძლება იყოს მკაცრი, მაგრამ მისაღები. ეს უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, არ შეიძლება, ჰაერში გამოკიდებული დატოვოს ეს საკითხი.

თათია გოჩაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში