Menu
RSS

სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან ხორავას ქუჩის ტრაგედიამდე

რა პარალელები არსებობს გირგვლიანისა და მოზარდების საქმეებს შორის და იყენებს თუ არა ოპოზიცია შვილმოკლულ მშობლებს საკუთარი ინტერსებისთვის

ერთ მდინარეში, როგორც ამბობენ, ორჯერ არ შედიან, თუმცა ქართული პოლიტიკური ლოგიკა ამ, ასე ვთქვათ, სენტენციას არ აღიარებს. ყოველ შემთხვევაში, თუკი ჩვენს უახლეს ისტორიას თვალს ზერელედ მაინც გადავავლებთ, მივხვდებით, რომ თითქმის ყველა ხელისუფლება წინამორბედის დაშვებულ შეცდომებს კი არ ასწორებს, არამედ, ლამის ასპროცენტიანი სიზუსტით იმეორებს. ნათქვამის საილუსტრაციოდ უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება, თუმცა ყველაზე თვალსაჩინო, ალბათ, მაინც სანდრო გირგვლიანის მკვლელობა და ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევაა, რასაც ორი მოზარდის სიცოცხლე შეწირა. 

ბუნებრივია, გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც განაცხადებენ, ამ ორ მკვლელობას შორის საერთო არაფერია, რადგან სანდრო გირგვლიანი სისტემამ მოკლა, დავით სალარიძე და ლევან დადუნაშვილი კი თანატოლებთან სისხლიან გარჩევას შეეწირნენო. თუკი მშრალი ფაქტებით ვიმსჯელებთ, კი ბატონო, მართლაც ასეა, მაგრამ არსებობს ერთი „მაგრამ“. კერძოდ: სანდროს დედა, ცხონებული ირინა ენუქიძე ამბობდა, რომ მისი შვილის მკვლელებს პოლიტიკური ელიტა მფარველობდა. დავით სალარიძის მამა, ზაზა სალარიძეც, პრაქტიკულად, იგივეს ამბობს და სამართალს ეძებს! 

ირინა ენუქიძეს რკინის ქალამნები ეცვა, მაგრამ ზეცად ისე აღევლინა, რომ სამართალი ვერ იპოვა! 

ზაზა სარალიძესაც რკინის ქალამნები აცვია და, როგორც ქალბატონი ირინას გვერდით, მის გვერდითაც მთელი ქვეყანა დგას, მაგრამ ჯერჯერობით მაინც უპასუხოდ რჩება კითხვა _ დაისჯებიან თუ არა რეალური დამნაშავეები?

გირგვლიანის საქმე 

 

2006 წლის 12 თებერვალს, ტელეკომპანია „იმედი“, რომელიც ნაციონალურ ხელისუფლებას უკვე კრიჭაში უდგას, სკანდალურ ინფორმაციას ახმაურებს. კერძოდ, გადაცემა „დროებაში“ გადის ჟურნალისტ ნათია მიქიაშვილის სიუჟეტი, რომელშიც ნათქვამია, რომ 28 იანვარს, თბილისთან ახლოს, ოქროყანის სასაფლაოზე, გაერთიანებული ქართული ბანკის საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელის _ 28 წლის სანდრო გირგვლიანის ცხედარი იპოვეს. ცხედარს მრავალჯერადი დაზიანებები აღენიშნებოდა, რაც „იმედის“ ცნობით, სავარაუდოდ, ფიზიკური ძალადობის შედეგი უნდა ყოფილიყო. 

„იმედის“ სიუჟეტში, ასევე, ნათქვამი იყო, რომ 2006 წლის 27 იანვარს, სანდრო გირგვლიანმა, მეგობარ ლევან ბუხაიძესთან ერთად, „შარდენ ბარში“ მეგობარ გოგონას _ თამარ მაისურაძეს მიაკითხა, რომელიც იქ შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის მეუღლე თაკო სალაყაიასთან, შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარე დათა ახალაიასთან, შსს-ს გენინსპექციის უფროს ვასილ სანოძესა და შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროს გურამ დონაძესთან ერთად ქეიფობდა. ტელეკომპანიამ საზოგადოებას ისიც აუწყა, რომ „შარდენ ბარში“ ზემოხსენებული პირები, სავარაუდოდ, ვასილ სანოძის დაბადების დღეს აღნიშავდნენ. 

„გირგვლიანმა მეგობარი გოგონა გაკიცხა, უცნობ მამაკაცებთან რა გინდაო,“ _ ვარაუდობდა „იმედი“, თუმცა მოგვიანებით, თათია მაისურაძე სანდრო გირგვლიანთან საუბარს გაიხსენებს და სასამართლოზე იტყვის: 

_ მან მკითხა, თუ რატომ ვიჯექი უცნობ ხალხთან. ამაზე ვუპასუხე, რომ მნიშვნელობა არ ჰქონდა, თუ ვისთან ვიყავი და ვკითხე, მხოლოდ ამის საკითხავად ხარ მოსული-მეთქი... შემდეგ სანდრომ მკითხა, რატომ ზიხარ ამ „პედერასტთანო“... 

აღსანიშნავია, რომ ლევან ბუხაიძე, რომელიც „შარდენ ბარში“ მისულ სანდროს ახლდა, მაისაურაძის მონათხრობს არ დაადასტურებს. 

„ბარიდან გასვლის შემდეგ, გირგვლიანი და ბუხაიძე უცნობმა პირებმა ვერცხლისფერ ML კლასის მერსედეს-ბენცში შეყარეს და გაიტაცეს. გატაცებულები ოქროყანაში წაიყვანეს და სასტიკად სცემეს, რის შედეგადაც გირგვლიანი გარდაიცვალა, მისმა მეგობარმა კი გაქცევა მოახერხა. მეორე დილას გირგვლიანის ნაწამები და გაშიშვლებული ცხედარი სასაფლაოს მახლობლად იპოვეს,“ _ აუწყა, 2006 წლის 12 თებერვალს, ბადრი პატარკაციშვილის მედიასაშუალებამ. 

„იმედის“ ეთერში ზემოხსენებული სიუჟეტის გასვლიდან რამდენიმე დღეში, კერძოდ, 21 თებერვალს, სანდრო გირგვლიანის დედა _ ირინა ენუქიძე პრესკონფერენციაზე, რომელიც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდება, შს სამინისტროს თანამშრომლებს ბრალს შვილის მკვლელობის დაგეგმვაში დასდებს და იმ ოფიციალური პირების დაუყონებლივ დაკითხვას მოითხოვს, რომლებიც 27 იანვრის ღამეს, „შარდენ ბარში“ სანდროსთან ერთად იმყოფებოდნენ. 

22 თებერვალს, პარლამენტარი კობა დავითაშვილი და კოკა გუნცაძე, ასევე, საგანგებო პრესკონფერენციაზე მთავრობას გირგვლიანის საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას მოსთხოვენ. 

„იმ პირთა შორის, რომლებმაც გირგვლიანი და მისი მეგობარი გაიტაცეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ოლეგ მელნიკოვიც იყო,“ _ განუცხადებენ ჟურნალისტებს დავითაშვილი და გუნცაძე. 

25 თებერვალს, შს მაშინდელი მინისტრი, ივანე მერაბიშვილი გირგვლიანის საქმეზე პირველ კომენტარს გააკეთებს და მიანიშნებს, რომ საქმეში ნახსენები შსს-ს თანამშრომლები თანამდებობიდან არ გათავისუფლდებოდნენ. 

28 თებერვალს, პარლამენტის წევრი ზვიად ძიძიგური პრესკონფერენციაზე ლევან ბუხაიძის ინტერვიუს ვიდეოჩანაწერს გაახმაურებს. ინტერვიუ ბუხაიძესთან თავად ძიძიგურის მიერაა ჩაწერილი. ვიდეოს შინაარსი კი, დაახლოებით, ასეთია: ზვიად ძიძიგური ლევან ბუხაიძეს ახალგაზრდა მამაკაცის ფოტოსურათს აჩვენებს და მის ამოცნობას სთხოვს. ბუხაიძე ამბობს, რომ ფოტოზე აღბეჭდილი მამაკაცი „ძალიან ჰგავს“ იმ ოთხ მამაკაციდან ერთ-ერთს, რომელმაც გირგვლიანთან ერთად გაიტაცა და სცემა. ძიძიგური ამტკიცებს, რომ სურათზე აღბეჭდილი მამაკაცი შინაგან საქმეთა სამინისტროს აპარატის თანამშრომელი ოლეგ მელნიკოვია. 

„ყველაზე მნიშვნელოვანი ამ გამოძიებაში არის ის ფაქტი, რომ მათ არ უჩვენეს ლევან ბუხაიძეს ეს სურათი, რაც ეჭვქვეშ აყენებს გამოძიების პროცესს,“ _ ამბობს პრესკონფერენციაზე ზვიად ძიძიგური, რომელიც წლების შემდეგ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი სახე გახდება. 

28 თებერვალს საპარლამენტო მოსმენა გაიმართება, სადაც ივანე მერაბიშვილი იტყვის, გამოძიებას ფაქტობრივი მტკიცება, რომელიც „იმედის“ სიუჟეტში დასახელებული შს სამინისტროს თანამშრომლების გათავისუფლების საბაბი შეიძლება გახდეს, ჯერ არ აქვსო. 

„ამ საქმესთან შს თანამშრომლების დაკავშირება პოლიციის დისკრედიტაციის მცდელობაა... არის მცდელობები, ეს საქმე ჩემი ოჯახის წევრებს დაუკავშირონ. ეს მიზანმიმართულად კეთდება, რომ ჩემს ნერვებზე იმოქმედონ. რა თქმა უნდა, მე პასუხისმგებელი ვარ ყველაფერზე, რაც ჩემს ოჯახის წევრებს ან ჩემს თანამშრომლებს ეხებათ,“ _ განაცხადებს საპარლამენტო მოსმენაზე ივანე მერაბიშვილი, რომელიც ნაციონალური ხელისუფლების ხერხემლად ითვლება. 

შს მინისტრის ამ განცხადებას პარლამენტში ხმაური მოჰყვება ანუ ვიდრე მერაბიშვილი გამოსვლას დაასრულებს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, კერძოდ, მემარჯვენეები, რესპუბლიკელები, კონსერვატორები და დემოკრატიული ფრონტის წევრები სხდომათა დარბაზს პროტესტის ნიშნად დატოვებენ. ნაციონალური უმრავლესობა კი ივანე მერაბიშვილს კარგი მუშაობისთვის შეაქებს და მქუხარე ტაშითაც დააჯილდოვებს 

_ ოპოზიციის დემარში დადგმული შოუა. ოპოზიცია სპეკულირებს გირგვლიანის მკვლელობის საქმით და ცდილობს, ეს თავისი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენოს, რაც აბსოლუტურად დაუშვებელია, _ იტყვის გივი თარგამაძე, რომელიც იმხანად ჯერ კიდევ სააკაშვილის ფანია. მერე კი, წლები რომ გავა და ვიდრე მამალი სამჯერ იყივლებს, თარგამაძე მიშას დაგმობს და გიგა ბოკერიასა თუ სხვა მართლმორწმუნე ნაცებთან ერთად, ევროპულ საქართველოში გადაბარგდება. 

...უკვე მთელი ქვეყანა სანდრო გირგვლიანის მკვლელობაზე ლაპარაკობს. ისიც ნათელია, რომ ოქროყანის სასაფლაოს ტრაგედია, შესაძლოა, ნაცხელისუფლების დასასრულის დასაწყისად იქცეს. ამასთან, იმის გამორიცხვაც არ შეიძლება, რომ ოპოზიციამ გირგვლიანის საქმე პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის გამოიყენოს. ყოველ შემთხვევაში, უკვე ისმის მოთხოვნა, რომ მერაბიშვილმა შს მინისტრის თანამდებობა დატოვოს. 

_ ნათელი გახდა, რომ მერაბიშვილი ცდილობს, ხელი დააფაროს კრიმინალებს, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროში სხედან. ჩვენ, ოპოზიციამ, უნდა დავიწყოთ ქმედებები მერაბიშვილის გადასაყენებლად, _ განაცხადებს ,,ახალი მემარჯვენეების'' მაშინდელი ლიდერი დავით გამყრელიძე. 

ყოველივე ზემოთქმულიდან გავა არცთუ დიდი დრო და „იმედი“, როგორც იტყვიან, ცეცხლზე ნავთს დაასხამს, რაც იმას ნიშნავს, რომ პატარკაციშვილის ტელეკომპანია, 5 მარტს, გირგვლიანის მკვლელობას კიდევ ერთ სიუჟეტს მიუძღვნის და ნარკომანიასთან ბრძოლის ყოფილი განყოფილების თანამშრომლის, პოლიციელ გია თელიას გარდაცვალების ოფიციალური ვერსიას ეჭქვეშ დააყენებს ანუ მიანიშნებს, რომ თელიას მკვლელობაში შესაძლოა, შსს-ს თანამშრომელი იყოს გარეული. 

შეგახსენებთ: გია თელია, რომელმაც ძალოვანი უწყება, 2003 წელს დატოვა, სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან ერთ თვეში, 2006 წლის 16 თებერვალს შს სპეცოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომლებთან შეტაკებისას იღუპება. ოფიციალური ინფორმაციით, თელიას ბრალად ნარკოტიკებით ვაჭრობა ედებოდა და მას შემდეგ, რაც ცეცხლი გახსნა, პოლიცია იძულებული გახდა, მოეკლა. 

„იმედის“ სიუჟეტში თელიას ახლობლები აცხადებდნენ, რომ თელია შსს-ს თანამშრომელთა ნარკობიზნესში მონაწილეობაზე ინფორმაციას ფლობდა და ამიტომაც მოკლეს. სხვათა შორის, არსებობს 2005 წელს ჩაწერილ ინტერვიუ, სადაც თელია ამბობს, რომ პოლიცია, გამოგონილი ბრალდებების საფუძველზე, მის დაპატიმრებას აპირებდა _ თავს დაესხნენ და ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. მართალია, ამ ინტერვიუში გია თელიას კონკრეტული გვარები არ დაუსახელებია, თუმცა ეჭვობდა, რომ მისი ლიკვიდაციის ორგანიზებას სოდ-ის უფროსი, ირაკლი კოდუა ახდენდა. 

ყოველივე ზემოთქმულის პარალელურად, ოპოზიცია, კერძოდ, ე.წ. მემარჯვენე ოპოზიცია და ლეიბორისტები აანონსებენ, რომ ივანე მერაბიშვილის გადადგომის მოთხოვნით, საპროტესტო აქციებს გამართავენ. 

ნაციონალური ხელისუფლება, როგორც ჩანს, ხვდება, რომ კუთხეშია მიმწყვდეული, ამიტომაც „ერთი ბარტყის გადაგდების“ პრინციპზე გადადის _ 2006 წლის 6 მარტს ივანე მერაბიშვილი აცხადებს, რომ შს სამინისტროს ოთხი თანამშრომელი _ გია ალანია, ავთანდილ აფციაური, ალექსანდრე გაჩავა და მიხეილ ბიბილური, გირგვლიანის მკვლელობაში მონაწილეობის ბრალდებით, დააპატიმრეს. მერაბიშვილი გამოძიების დეტალებს არ უღრმავდება და ზერელედ ამბობს: _ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც მათ მკვლელობასთან კავშირს ადასტურებს. 

აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანია „იმედის“ მიერ მომზადებულ სიუჟეტში, რომელიც ეთერში 2006 წლის 12 თებერვალს გავიდა, ზემოხსენებული ოთხი ეჭვმიტანილის გვარი ნახსენები არ იყო. 

შსს-ს ოთხი მაღალჩინოსნის დაპატიმრებას ახალი მემარჯვენეები და საპარლამენტო ფრაქცია დემოკრატიული ფრონტის წევრები „კარგ პრეცედენტს“ უწოდებენ. 

_ გამოძიების მნიშვნელოვანი ნაწილი ჯერ კიდევ წინ არის. უნდა დაისაჯონ არა მხოლოდ ისინი, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა, არამედ ისინიც, ვინც ის შეუკვეთა, _ აცხადებს კობა დავითაშვილი და საგანგებო ბრიფნგზე ვანო მერაბიშვილის გადადგომას კიდევ ერთხელ ითხოვს.

ოთხი ეჭვმიტანილის დაპატიმრების შემდეგ, მოვლენები ფატალურად ვითარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მოულოდნელად თანამდებობას ატოვებინებენ შსს-ს პრესსამსახურის ხელმძღვანელს. დონაძის გათავისუფლების ოფიციალურ მოტივად რამდენიმე ჟურნალისტთან „კონფლიქტური ურთიერთობა“ სახელდება. 

„ერთი ბარტყის გადაგდებით“ შეგულიანებული ოპოზიცია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, დათა ახალიას გათავისუფლებას და მისი მოადგილის, ოლეგ მელნიკოვის დაპატიმრებას ითხოვს. 

გირგვლიანის საქმის მთავარი მოწმე, ლევან ბუხაიძე კი 9 მარტს ამბობს, რომ პოლიციაში, ოთხ ადამიანთა შორის, მელნიკოვი ვერ ამოიცნო, თუმცა ბუხაიძე „იმედთან“ საუბრისას აღნიშნავს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს პირი არ იყო იმ ოთხ მამაკაცს შორის, რომელმაც სანდროს სასიკვდილოდ სცემაო. სხვათა შორის, ბუხაიძე ეჭვქვეშ ერთ-ერთი დაპატიმრებულის _ გია ალანიას ჩვენებასაც აყენებს, რომლის თანახმადაც, ის ანუ ალანია გირგვლიანს „შარდენ ბარიდან“ გამოსვლისას შეხვდა. 

„მე და ჩემმა კოლეგებმა ყური მოვკარით გირგვლიანის მიერ დონაძის შეურაცხყოფას, რამაც გამაღიზიანა და ჩვენს შორის კონფლიქტი დაიწყო,“ _ ამბობს დაკავებული ალანია, თუმცა ბუხაიძე ირწმუნება, რომ ბარიდან გამოსვლისას კონფლიქტი არ მომხდარა. 

ამასობაში ცნობილი ხდება თათია მაისურაძის ჩვენების დეტალებიც, რომლის თანახმადაც, მელნიკოვმა, ბუხაიძისა და გირგვლიანის გასვლის შემდეგ, ბარი სიგარეტის ყიდვის საბაბით მყისვე დატოვა, უკან 40 წუთის შემდეგ დაბრუნდა და აღნიშნა, რომ ახლომდებარე მაღაზიაში სიგარეტის ყიდვა ვერ შეძლო და წასვლა შორს მდებარე სუპერმარკეტში მოუწია. 

_ მე ვუყურე იმ სუპერმარკეტის დაცვის ვიდეოკამერის ჩანაწერს, მაგრამ იქ მელნიკოვი არ ჩანს, _ განუცხადებს თათია მაისურაძე სასამართლოს. 

13 მარტს, ომბუდსმენი სოზარ სუბარი განცხადებას აქვეყნებს და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის გამოძიებას „მთავრობის სერიოზულ გამოცდას“ უწოდებს. ამასთან, სუბარი ამბობს, რომ შსს-ს ოთხი თანამშრომლის დაპატიმრებამ ვერ გააქარწყლა ეჭვები ამ მკვლელობასთან დაკავშირებით: ,,ის თანამშრომლები, რომლებსაც საზოგადოება ამ საქმეს უკავშირებს, ნებისმიერ დემოკრატიული ქვეყანაში, ან ქვეყანაში, რომელსაც დემოკრატიულობის ამბიცია აქვს, გადადგებოდნენ!'' 

არ გადის დიდი დრო და თანამდებობებს დათა ახალია და ვასილ სანოძე დროებით, იმ მოტივით ტოვებენ, რომ გამოძიებას ხელი არ შეუშალონ. 

,,ჩვენ არაფერი გვაქვს საერთო 28 იანვარს ჩადენილ დანაშაულთან, როგორც პირდაპირ, ასევე, ირიბად. ზოგიერთს გაუკვირდება, მაგრამ ამ საქმის გახსნა ჩვენი მცდელობის შედეგად მოხერხდა. ამის მიუხედავად, ვინაიდან ჩვენ მორალურად ვთვლით თავს პასუხიმსგებლად საზოგადოების, ჩვენი მთავრობისა და ჩვენი ოჯახების წინაშე, ჩვენ გადავწყვიტეთ, მივმართოთ შინაგან საქმეთა მინისტრს, რათა მან მოგვხსნას თანამდებობრივი უფლებები,'' _ ამბობს დათა ახალაია. 

ოპოზიცია ახალაიასა და სანოძის გადაწყვეტილებას მიესალმება და კობა დავითაშვილი აცხადებს: ,,ჩვენ მხოლოდ მივესალმებით ამ გადაწყვეტილებას, რომელიც უეჭველად შეამსუბუქებს პოლიტიკურ ვითარებას, მაგრამ ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, მივყვეთ ამ საქმის გამოძიებას, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველა, ვინც ეს მკვლელობა დაგეგმა, დასჯილია.'' 

„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ პირველად, 2006 წლის 16 მარტს, თბილისსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში ყველაზე მასშტაბური აქციები იმართება _ ავტომფლობელები, მერაბიშვილის გადაყენების მოთხოვნის ნიშნად, ხმოვან სიგნალს ერთდოურლად რთავენ. საპროტესტო აქციიდან არ გავა რამდენიმე საათი და პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამი ტელეარხის ჟურნალისტისთვის პრესკონფერენციას მართავს, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემა. სააკაშვილი მერაბიშვილის გათავისუფლების მოთხოვნას სასაცილოს უწოდებს და ამბობს, რომ ვანო კარგი მინისტრია და მას მხარს უჭერს. 

მეორე დღეს ანუ 17 მარტს, პრეზიდენტის რეზიდენციასთან შს მინისტრ მერაბიშვილის გადადგომისა და მკვლელობის მიუკერძოებელი გამოძიების მოთხოვნით, კვლავ აქცია გაიმართება. მართალია, აქციის ორგანიზატორები ადამიანის უფლებათა დამცველები არიან, მაგრამ აქციას რესპუბლიკელები, ახალი მემარჯვენეები, კონსერვატორები, ლეიბორისტები და პარტია ,,თავისუფლების'' წევრებიც უერთდებიან. აქციაზე, ასევე, მიდიან გარე მოვაჭრეები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ პოლიციის ძალადობას აპროტესტებენ. 

გავა, დაახლოებით, ორი თვე და, 23 მაისს, პარლამენტის წინ, თანასწორობის ინსტიტუტის აქტივისტები შიმშილობას დაიწყებენ, თუმცა პოლიცია მოშიმშილეებს იმავე ღამეს დაშლის... 

2011 წლის 26 აპრილს, გირგვლიანის საქმეზე, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს და ხელისუფლებას მოსარჩელეებისთვის, მორალური ზიანის ასანაზღაურებლად, 50 000 ევროს გადახდას აკისრებს. როგორც გადაწყვეტილებიდან ჩანს, ევროპული სასამართლო „გაოგნებულია იმ ფაქტის გამო, რომ არც პროკურატურა და არც ადგილობრივი სასამართლოები არ შეეცადნენ გაერკვიათ“ საქმის რამდენიმე ძირითადი გარემოება. 

სანდრო გირგვლიანის დედა, ირინა ენუქიძე ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას ვერ მოესწრება _ ქალბატონი ირინა 2007 წლის აგვისტოში გარდაიცვლება. გაჩნდება ეჭვი, რომ სანდრო გირგვლიანის დედა მოწამლეს. გავა დრო და ამ ეჭვს ირიბად ირინა ენუქიძის მოძღვარიც დაადასტურებს. დეკანოზი გრიგოლ გოგიჩაძე ერთ-ერთ ინტერვიუში იტყვის: 

„...იგი გრძნობდა, რომ მას დიდი ხნის სიცოცხლე არ ჰქონდა დარჩენილი... მან ზუსტად იცოდა, რომ რეჟიმის წინააღმდეგ ასე გალაშქრებას არ აპატიებდნენ. ის სულ მეუბნებოდა – მამაო, მე მომკლავენ, არ მაცოცხლებენო. როცა საპროტესტო აქციებს აწყობდა, ვეუბნებოდი, რომ დამშვიდებულიყო, მაგრამ მპასუხობდა: „რა მაქვს დასაწყნარებელი, ვიცი, მომკლავენ და რაც მალე წავალ ჩემს შვილთან, მით უფრო ბედნიერი ვიქნები“... 

...მან მითხრა, რომ ის მოწამლეს, თუმცა, მისი ოფიციალური დიაგნოზი პანკრეასის სიმსივნე იყო. საავადმყოფოში რაღაც პერიოდი გათიშული იყო, მერე გამოკეთდა; მე რამდენჯერმე ვიყავი მის სანახავად და როცა უკანასკნელად ვნახე, მითხრა: „მამაო, ამ ურჯულოებმა მეც მომკლეს… ჩემი და სანდროს სულისთვის ილოცე... სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში, ჩემს მკვლელობას არავინ გამოიძიებს და როცა ხელისუფლება შეიცვლება _ ახალ ხელისუფლებას სთხოვე, ჩემი მკვლელობის საქმეც გამოიძიოს. ესაა ჩემი უკანასკნელი სურვილი!“. 

აი, ეს დამიტოვა ანდერძად. დარწმუნებული იყო, რომ ქართველი ხალხი გამოიღვიძებდა და სააკაშვილის ხელისუფლება შეიცვლებოდა, თუმცა ძალიან გულნატკენი იყო, რომ მის შეძახილს საზოგადოების ფართო მასები არ გამოეხმაურა! 

მე მჯერა, რომ ახალი ხელისუფლება ირინა ენუქიძის ამ უკანასკნელ სურვილს უგულისყუროდ არ დატოვებს და მისი მკვლელობის საქმეს ნათელი მოეფინება! კონკრეტულად ჰქონდა ეჭვი... ამბობდა სახელებს, გვარებს, ვისგანაც, სავარაუდოდ, ამ საშინელებას მოელოდა... მაგრამ აქ მე ეჭვებს და ვარაუდებს ვერ გავაცხადებ...“ 

ხორავას ტრაგედია 

2017 წლის პირველ დეკემბერს საქართველოში ახალი სისხლიანი ერა დაიწყო _ ხორავას ქუჩაზე მოზარდებმა, საქმის გარჩევისას, ორი თანატოლი _ დავით სალარიძე და ლევან დადუნაშვილის მოკლეს. გამოძიების თანახმად, 51-ე სკოლის მე-9 და მე-11 კლასელებს შორის კონფლიქტი სკოლის საპირფარეშოში დაიწყო, მოგვიანებით, ხორავას ქუჩაზე გაგრძელდა. ამ დროს კონფლიქტში უკვე პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ... 

ხორავას ტრაგედიაზე ბევრი ითქვა და დაიწერა. 

სხვათა შორის, „ვერსია“ პირველი იყო, ვინც ამ საქმეზე დამოუკიდებელი ჟურნალისტური გამოძიება დაიწყო და საზოგადოებას მოზარდების მკვლელობის ბევრი უცნობი დეტალი ამცნო _ მათ შორის ისიც, რომ მირზა სუბელიანის შვილები ყოფილი დეპუტატის, ბორის კაკუბავას შვილიშვილები არიან... რომ საქმეში ფიგურირებს არაერთი მოწმე, რომელიც გამოძიებას სიმართლეს უმალავს. შაგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ხორავას ქუჩის საქმეში საქართველოს ყოფილი შს მინისტრის, აწ მსჯავრდებული ვანო მერაბიშვილის სახელმაც გაიჟღერა. გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხორავას საქმის ტრაგედიით მანიპულირებაში გარკვეული როლი მიხეილ სააკაშვილსა და ვანო მერაბიშვილსაც აქვთ... სავარაუდოდ, სწორედ ამას უკავშირდება ხელისუფლების განცხადებები იმის შესახებ, რომ ზაზა სალარიძისა და მისი მხრდამჭერების ქმედებები ნაციონალურ მოძრაობას უკავშირდება. 

ირინა ენუქიძის მსგავსად, გამოძიებას უნდობლობას ზაზა სალარიძეც უცხადებს და ამბობს, რომ პროკურატურა დამნაშავეებს ხელს აფარებს. სწორედ ამ მოტივით, ორი დღის წინ, რუსთაველზე მრავალათასიანი მიტინგი გაიმართა. მართალია, ეს მიტინგი სამოქალაქო საზოგადოების მიერ იყო ორგანიზებული, მაგრამ არსებობს მოსაზრება, რომ ოპოზიცია, კერძოდ, ნაციონალური მოძრაობა შვილმოკლულ მამას სათავისოდ იყენებს ანუ თუ ამ ვერსიას გავყვებით, შეიძლება, გარკვეული პარალელები სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ განვითარებულ მოვლენებთან გავავლოთ... 

სხვათა შორის, როგორც გირგვლიანის დროს, ახლაც მირზა სუბელიანმა, რომელიც დამნაშავეების მფარველობაშია ეჭვმიტანილი, თანამდებობა მას მერე დატოვა, რაც ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიაში მისი გვარი გაჟღერდა, თუმცა თანამდებობები, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ახალაიამ და სანოძემაც დატოვეს, მაგრამ მთავარი თანამდებობიდან წასვლა კი არა, საქმის ობიექტური გამოძიებაა! რა შეიძლება მოჰყვეს არაობიექტურ გამოძიებას, ამის ნათელი მაგალითია სანდრო გირგვლიანის მკვლელობა, რომელიც „ვერსიამ“ დეტალურად გაიხსენა... 

ასე რომ, კარგი იქნება, მათ, ვისაც ეს ეხება, ყოფილი ხელისუფლების 9-წლიან რეჟიმს კარგად გადახედონ და ის შეცდომა აღარ გაიმეორონ, რომელიც, წეღანდელი თქმისა არ იყოს, ნაცმოძრაობის დასასრულის დასაწყისად იქცა! 

სხვათა შორის, ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, ე.წ. ხორავას საქმეში ვიღაც ცეცხლზე ნავთის დასხმას შეგნებულად ცდილობს. 

,,ერთი რამ ცხადია, ხელისუფლებამ ვერ ააწყო ნორმალური კომუნიკაცია დაზარალებულთან. ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ ასეთ საქმეებში ნდობა უნდა იყოს მიახლოებული 100%-თან, სხვა შემთხვევაში, უსამართლობის განცდა ზვავივით შეიძლება წამოვიდეს და წალეკოს ყველა და ყველაფერი. ამის არაერთი პრეცედენტია საქართველოს უახლეს ისტორიაში. პროკურატურა ისე იქცევა, როგორც ,,საუკეთესო წლებში'' და ეს არის ყოვლადმიუღებელი. თუ ვამბობთ, რომ მირზა სუბელიანს არაფერი დაუფარავს, პროკურატურას შეუძლია თქვას, რომ მას არ აქვს მტკიცებულება, რომ სუბელიანმა იცოდა თუ არ იცოდა, მაგრამ ესეთი ქმედება, ჩემი აზრით, აბსოლუტურად არაადეკვატურია, თითქოს ვიღაცა შეგნებულად ცდილობს, ცეცხლზე ნავთი დაასხას. სხვა საკითხია, რომ ესეთ ვითარებას მერე პოლიტიკოსები იყენებენ იმისათვის, რომ სასურველი მიმართულება მისცენ და ეს ტრაგედია აღარავის აღარ ახსოვს და პოლიტიკური ხმალაობის სახე ეძლევა, რაც ძალიან სამწუხაროა,'' _ ამბობს ხუხაშვილი. 

P.S. ნებისმიერი ადამიანის მკვლელობა მისი ოჯახისთვის უდიდესი ტრაგედიაა! ასევე, არანაკლები ტრაგედიაა, როცა ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ ამ ტრაგედიას პოლიტიკოსები საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ! 

ასე რომ, ქალბატონებო და ბატონებო, დაფიქრდით! პოლიტიკური თანამდებობებისთვის ყველაფერზე წასვლა არ შეიძლება!

ნათია დოლიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში