Menu
RSS

ხათუნა ლაგაზიძე: „გიორგი გახარიამ ამ ნაბიჯით ივანიშვილს დროის მოგებისა და შემდეგი მოქმედებების დაგეგმვის საშუალება მისცა!“

კლუბებში „ბასიანსა“ და „კაფე-გალერიში“ ხელისუფლების მიერ ნარკორეალიზატორების დაკავების მიზნით, სპეცრაზმის შეყვანამ ახალგაზრდობა აღაშფოთა და საპროტესტო მუხტი იმდენად მაღალი აღმოჩნდა, რომ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, რამდენიმე ათასმა ახლაგაზრდამ ძალიან მცირე დროში მოიყარა თავი. საზოგადოების ნაწილმა ჩათვალა, რომ ისინი მხოლოდ საკუთარი ნარკომოხმარების თავისუფლებას ითხოვდნენ. სოციალური ქსელები აჭრელდა ახალგაზრდების მიმართ დისკრიმინაციული მიმართვებით. რუსთაველზე ამ აქციის კონტრაქცია მოჰყვა. ,,ქართულმა მარშმა'' და ნაცისტური ელფერის მქონე მოძრაობებმა ახალგაზრდების დარბევა სცადეს და ეს ქმედება ეროვნული ღირსების დაცვად ,,მონათლეს''. ყველასთვის მოულოდნელი კი აქციაზე შს მინისტრის მისვლა აღმოჩნდა. გიორგი გახარიამ მომავალ თაობასთან საუბარი ბოდიშის მოხდით დაიწყო და განაცხადა, რომ ხელისუფლება არ დაუშვებს ძალის გადემეტებას ახალგაზრდების მიმართ. აქცია რამდენიმე წუთში დაიშალა. ,,ვერსიამ'' განვითარებული მოვლენების შეფასება ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძეს სთხოვა.

_ ცალსახად დადებითი შედეგი მივიღეთ, ვგულისხმობ, ახალგაზრდების აქციას და მასზე ხელისუფლების რეაგირებას. 2012 წლის შემდეგ, როცა სწორედ ახალგაზრდა თაობა და სტუდენტობა დადგა ,,ნაციონალურ მოძრაობასთან'' ბრძოლის წინა ხაზზე, ეს პირველი მასშტაბური აქცია იყო. ამ რიგში ვერ განვიხილავ თბილისის 13 ივნისის აქციას, რადგან მაშინ ახალგაზრდებმა მთელ ქვეყანას აჩვენეს სამოქალაქო პასუხისმგებლობის უნიკალური მაგალითები. 

ეს აქცია იყო ახალგაზრდების მიერ ძალების მოსინჯვის პირველი შემთხვევა. რა თქმა უნდა, საზოგადოებას ამაზე ცალსახა გამოხმაურება არ ჰქონდა, რადგან, გამოცდილებიდან გამომდინარე, ახალგაზრდებმა ისე ვერ დაალაგეს მოთხოვნები, ყველა ფენისთვის რომ მოსაწონი ყოფილიყო, თუმცა გამოიკვეთა ორი მოთხოვნა _ ნარკოპოლიკიტიკის ლიბერალიზაცია და ბრძოლა ძალადობის, ძალის გადამეტების წინააღმდეგ, რაც სრულიად გასაგებია. მოითხოვდნენ, რომ სახელმწიფოს, შსს-ს მოქმედება ყოფილიყო კანონის ფარგლებში. სრულიად ბუნებრივი და მისასალმებელია, რომ საზოგადოება აპროტესტებს ძალადობას. ის ფაქტი, რომ ახალგაზრდობა ,,გამოფხიზლდა'' ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შედეგია. მთავარია, მათ ეს აქცია საკუთარ დამარცხებად არ ჩათვალონ და აპათიაში არ გადავარდნენ, როგორც უფროსი თაობები და ფარ-ხმალი არ დაყარონ, თორმე კიდევ ერთ ,,დაკარგულ თაობას'' მივიღებთ. მათშია განახლებისა და ბრძოლის ჟინი. მთავარია, ეს ისეთი მოთხოვნებისკენ მიმართონ, როგორიცაა განათლების რადიკალური რეფორმა, სოციალური და ეკონომიკური ფუნდამენტური ცვლილებები და ა.შ. 

აქვე უფროს თაობას მივმართავ _ ნუ ვიფიქრებთ, რომ მომავალი თაობის მოთხოვნები მხოლოდ ნარკოტიკების ლიბერალიზაციით შემოფარგლება. მთავარია, ძალადობას აპროტესტებენ და არ გუობენ არანაირ ,,ბორკილებს''. რაც უფრო გაფართოვდება მათი მოთხოვნები, მით უფრო მეტ შედეგს მიიღებენ ხელისუფლებისგან. მას შემდეგ, რაც 1978 წელს ედუარდ შევარდნაძე ქართული ენის დაცვის მოთხოვნით შეკრებილ ახლაგაზრდებთან გამოვიდა, არავის ახსოვს საზოგადოებასთან აქციაზე მისული, მითუმეტეს ბოდიშმოხდილი ხელისუფალი და ეს სწორედ ამ ახალგაზრდების დამსახურებაა. კარგია, თუ იგრძნობენ საკუთარ ძალას და ამას ქვეყნისთვის სასიკეთო ცვლილებებისკენ მიმართავენ. 

_ ქალბატონო ხათუნა, რა შედეგის მომტანი იქნება მოვლენების ამგვარად განვითარება მმართველ ძალისთვის? 

_ ხელისუფლებისთვის ეს იმიჯის განახლებისა თუ ,,რეინკარნაციის'' საოცრად კარგი შანსი გამოდგა, რადგან რამდენიმე ათწლიანი ,,ვაკუუმის'' შემდეგ, პირველად მოხდა პრეცედენტი, რომ ხელისუფალი გავიდა ხალხთან, ახალგაზრდობასთან და ბოდიში მოიხადა. აღფრთოვანება, რომელიც გახარაიას ამ ნაბიჯს მოჰყვა, არა მარტო მოსაწონი, არამედ დამაფიქრებელია, რადგან ეს ადასტურებს, თუ რამდენად ენატრება ხალხს საკუთარი ხელისუფლებისგან ადამიანური დამოკიდებულება. 

_ როგორ ფიქრობთ, გიორგი გახარიას ეს ქმედება რამ განაპირობა და რა შედეგი მოჰყვება ამას? 

_ უპირველეს ყოვლისა იმან, რომ საქმე ახალგაზრდობასთან ჰქონდა და არა ,,გაცვეთილ'' პოლიტიკურ სპექტრთან. მან მონახა მომავალ თაობასთან საუბრის ყველაზე ადეკვატური გზა. ეს სიტუაციის განტვირთვისა და პროტესტის დაშლის ყველაზე ეფექტური გზა იყო. ამასთან, ის ამ ნაბიჯით შს მინისტრისგან ერთ წუთში იქცა პოლიტიკური წონის ფიგურად და ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილის შემდეგ ,,პირველ ვიოლინოდ''. სწორედ გახარიას ამ ნაბიჯის წყალობით, როგორც კომპიუტერული თამაშები კრეფენ ,,სიცოცხლეს'', ისე აკრიფა მეორე ,,პოლიტიკური სიცოცხლე'' ბიძინა ივანიშვილმაც და ,,ქართულმა ოცნებამაც''. ივანიშვილის გამოსვლის შემდეგ ვმსჯელობდით, რა უნდა გაეკეთებინა, რომ მისი და მისი პარტიის მიმართ საზოგადოებაში შემცირებული მხარდაჭერა გაზრდილიყო. გახარაიამ ამ ნაბიჯით ივანიშვილს დროის მოგებისა და შემდეგი მოქმედებების დაგეგმვის საშუალება მისცა, რაც ცალსახად პოზიტიურია ახალგზარდებისთვისაც და ქვეყნისთვისაც. 

_ ახალგაზრდების მიმართ საზოგადოების დიდი ნაწილისგან უარყოფითი მუხტი წამოვიდა. როგორ ფიქრობთ, ეს ადკევატური იყო? 

_ კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ, რომ ვინც აქციაზე იყო, ყველას ის საშინელი კლიშეები მიაწერონ, რაც ამ დღეებში ფაცებოოკ-ზე ხდებოდა. იქ ბევრი ისეთი ახალგაზრდა იდგა, ვინც კლუბებშიც კი არ ყოფილა. Aაქციაზე კი იმიტომ მივიდა, რომ მეგობრის შეშინებული თვალები დაინახა სპეცოპერაციისას და პროტესტის გრძნობა გაუჩნდა. ძალიან კარგია, რომ გადამეტებულ ძალას ასეთი რეაქცია მოჰყვა ახალგაზრდებისგან, თუმცა ხელისუფლება მუდმივად უნდა იყოს ფრთხილად, ნარკომაფიამ და ნარკოკარტელმა რომ ვერ შეძლოს საკუთარი მიზნების ლობირება. ესეც დიდი რისკია და ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გაუსწოროს თვალი. არც საზოგადოებამ და არც ხელისუფლებამ ეს არ უნდა გამოიყენოს ახალგაზრდების იმიჯის შესალახად. ეს მაინც არ გამოუვათ, რადგან ბუნების კანონია _ ყველაფერი შეიძლება, დაამარცხო მომავალი თაობის გარდა. 

_ ოპოზიციის განაწყენება გამოიწვია იმან, რომ აქციის მონაწილეებმა მათ ტრიბუნა არ დაუთმეს და არ ჩართეს ოპოზიცია ამ პროცესში. როგორ ფიქრობთ, ახალგაზრდები სწორად მოიქცნენ? 

_ ეს იყო ყველაზე ზუსტი სოციოლოგიური კვლევა, რითაც ნათლად გამოჩნდა, რომ ახლაგაზრდები არ ენდობიან ოპოზიციური სპექტრს და ისინი ყველაზე უკეთ გრძნობენ, სად არის პერსპექტივა. ხვდებიან, რომ არსებულმა პოლიტიკურმა ელიტამ საკუთარი რესურსი ამოწურა და არ უნდოდათ, ვინმეს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოეყენებინა. ესეც ჭკუის სასწავლებელია ოპოზიციური სპექტრისთვის. 

_ სამოქალაქო დაპირპირების საშიშროება გაჩნდა, როცა ნაცისტურმა ჯგუფებმა აგრესიული კონტრაქცია გამართეს. როგორ ფიქრობთ, ვინ დგას ამ ჯგუფების უკან და არსებობს თუ არა დაპირისპირების საფრთხე რეალურად? 

_ საზოგადოების უმრავლესობა ასეთი ჯგუფებისგან მომავალ საფრთხეს ყოველთვის ხედავს. 

თხოვნა მაქვს მედიასთან, ნუ მოვახდენთ გაიგივებას ნაციონალისტურ იდეებთან, რადგან საზოგადოება არ შევიყვანოთ შეცდომაში. ეროვნული იდეები არ ნიშნავს ფაშისტურ იდეებს. შეხედეთ ამ ადამიანებს, მათ არანაირი იდეა არ აერთიანებთ, გარდა დაფინანსებისა და გარემხარდაჭერისა. როგორც წესი, ასეთ ჯგუფებს სადამსჯელო ჯგუფებად იყენებენ, მაგრამ თუ ძალა იგრძნეს, შეიძლება, პოლიტიკური ამბიციებიც კი გაუჩნდეთ. მითუმეტეს ისეთ საზოგადოებაში, სადაც ნაციონალისტური იდეების მიმართ ნდობა მაღალია. 

ხელისუფლებას პასუხისმგებლობა ეკისრება იმის გამო, რომ ისინი მიუშვეს ახალგაზრდების აქციასთან ახლოს. შესაბამისად გაჩნდა ვერსია, ხელისუფლებამ ხომ არ გამოიყენა ისინი ახლაგაზრდებზე ფსიქოლოგიური ზეწოლისთვის? ასეა თუ ისე, ნებისმიერ შემთხვევაში, პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, რადგან ფაშისტური იდეოლოგიის ტირაჟირება ყველა ქვეყანაში იზღუდება. სხვადასხვა ქვეყანაში ასეთ ჯგუფებს ქმნიან ხელისუფლებები და იარაღად იყენებენ მათ. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ასეთ ნაციონალისტურ მოძრაობებს ხელისუფლებები იყენებენ მიგრაციული ტალღების შესაჩერებლად, მაგრამ შემდეგ ეს რადიკალური ჯგუუფები გადიან კონტროლიდან და ხელისუფლებებს უტევენ. მთავარი, ხელისუფლებას არ გაუჩნდეს ცდუნება, ამგვარი ჯგუფები საზოგადოების დაშინების იარაღად გამოიყენოს. ამისთვის კი არსებობს ეფექტური მექანიზმი _ საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდაცია ქვეყნის შიგნით. 

დღეს სასჯელს იხდის ,,ქართული მარშის'' რამდენიმე წევრი და ეს სწორედ საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით მოხდა. საგულისხმოა ისიც, რომ ამ ტიპის ჯგუფებს სხვადასხვა ქვეყანაში არამარტო ხელისუფლება, არამედ სხვა პოლიტიკური და არაპოლიტიკური მოთამაშეებიც იყენებენ და არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ საქართველოშიც გაუჩნდეს ვიღაცას ასეთი ცდუნება. ასე რომ, ეს საფრთხილო თემაა, რადგან აქ ჩანს საგარეო ინტერესიც და დაფინასებაც. ამიტომაც არ უნდა გავამარტივოთ საქმე. საზოგადოება უნდა იყოს ფხიზლად, ეძებოს ის, ვინ დგას ასეთი ჯგუფების უკან და არ დაეზაროს პასუხი მოთხოვოს მათ. 

_ ამ ფონზე მოვლენათა როგორ განვითარებას პროგნოზირებთ? 

_ ახალგაზრდობამ იგრძნო საკუთარი ძალა და იმედია, ეს ჭკუის სასწავლებელი იქნება ხელისუფლებისთვის, რომელიც ნირვანაში იყო ,,ჩაძირული''. აპათიური საზოგადოება, განულებული ოპოზიციური სპექტრი მას უქმნიდა მშვიდი ცხოვრების ილუზიას და უეცრად, მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით ავარდა ეს პროცესი. იმაზე საუბარი, რომ მათ უკან ვიღაც იდგა, თავის მოტყუებაა. დღეს თუ ერთი ლიდერი განეიტრალდება, ხვალ მეორე გამოჩნდება. მთავარი ისაა, რომ განწყობა არსებობს, რასაც ხელისუფლებამ არ უნდა მოუხუჭოს თვალი. 

რაც მთავარია, ცალსახად დადებითია ის ფორმა, რაც გახარიამ გამონახა ახალაგზრდებთან ურთიერთობისთვის. შევადაროთ, რა მოხდებოდა წლების წინ და როგორი იქნებოდა ხელისუფლების პასუხი ამ ახალგაზრდების მიმართ. იმედი გამოვთქვათ, რომ ეს არა ერთჯერადი აქტი, არამედ სწორი ხედვების ჩამოყალიბების საშუალებაა. იმას არ ვგულისხმობ, რომ ყველაფერზე ბოდიში იხადონ, რადგან ძალოვან სტრუქტურებს საკუთარი იმიჯის შენარჩუნება აუცილებლად სჭირდება, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ ეს ახალი ხედვის გამოხატვა იყო.

თათია გოჩაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში