Menu
RSS

„მარგველაშვილი ისევე „ავარდა“, როგორც სააკაშვილი _ პარლამენტში ჩემი გამოსვლის დროს!“

ჯონდი ბაღათურია „ვერსიას“ სააკაშვილის გარშემო შექმნილი კოალიციის სკანდალურ სქემას უმხელს

გიორგი მარგველაშვილმა მისი პრეზიდენტობის ბოლო მოხსენება პარლამენტში არ დაასრულა და პროტესტის ნიშნად საკანონმდებლო ორგანოს კარი, დიდი ალბათობით, საბოლოოდ გაიჯახუნა. ამ ინციდენტმა პოლიტიკური პროცესი გამოაცოცხლა და ისიც ითქვა, ისტორიაში პირველად მოხდა, პრეზიდენტმა პარლამენტი დემარშით დატოვაო, მაგრამ, როგორც საქართველოს მესამე პრეზიდენტი იტყოდა, ნურას უკაცრავად _ პარლამენტი პირველად პროტესტის ნიშნად მიხიელ სააკაშვილმა 2011 წელს დატოვა, როცა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ჯონდი ბაღათურიამ პრეზიდენტი და მისი ოჯახი კორუფციაში დაადანაშაულა. როგორ აფასებს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და პრეზიდენტ მარგველაშვილის ამ ქმედებას ,,ქართული დასის'' ლიდრი ჯონდი ბაღათურია?!

_ მარგველაშვილს, როგორც პრეზიდენტს, უარყოფითად ვაფასებს. ვერ შედგა პრეზიდენტად და უამრავი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა. მას აბსოლუტურად უპასუხისმგებლო დამოკიდებულება აქვს შეწყალების პროცესისა და იმ განცხადებების მიმართ, რომ ამბობს, აკრძალვა არ მუშაობს და ამიტომ ნარკოტიკების ლეგალიზაცია უნდა მოხდესო. ეს სირცხვილი კი არა, დანაშაულია, რადგან ახალგაზრდები უსმენენ მას. ხომ არ შეიძლება, პრეზიდენტი აჰყვეს ქუჩაში გამოსულ ნარკომოვაჭრეების ,,ხროვას'' ან ახალგაზრდების ძალიან მიამიტ სურვილს, ,,იკაიფონ''? უფროსებმა მაგალითი უნდა მივცეთ მათ. ან ის განცხადება რას ნიშნავდა, მრავალფეროვანი სექსუალური გამოცდილება მაქვსო რომ თქვა, ვის აინტერესებს ეს?! პრეზიდენტს ასეთი განცხადებები არ შეეფერება! 

_ პრეზიდენტის პოლიტიკურ საქმიანობას როგორ აფასებთ? 

_ ფიქრობ, თავადაც ვერ დაიჯერა, რომ პრეზიდენტია. ვერ მოირგო ეს საპატიო სტატუსი. ვერც ტონი დააყენა და ვერც _ მიხვრა-მოხვრა. არაა საპრეზიდენტო კაცი მარგველაშვილი. კაცმა უნდა იცოდეს, სად რა ილაპარაკოს, თუმცა კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის ,,ოცნების'' გამომსვლელების უმრავლესობის პოზიციაც. ისინი ისევე არსაიდან მოვიდნენ პოლიტიკაში, როგორც პრეზიდენტი. 

მარგველაშვილი რომ ამბობს, სააკაშვილის რეჟიმს ვებრძოდითო, არავისთან არასდროს უბრძოლია და როცა მილიარდერი და მაღალი ავტორიტეტის მქონე ივანიშვილი გამოჩნდა, თავისი ადგილი სიცრუით მოიპოვა. ივანიშვილს საკუთარი თავი ,,პლასტელინად'' მოაჩვენა, უთხრა, უპრეტენზიო კაცი ვარო და ჩათვალეს, რომ მორჩილი იქნებოდა. ზუსტად ისეთივე უბიოგრაფიო, არსაიდან მოსული ხალხია პარლამენტშიც. 

არ შეიძლება, ადამიანმა შრომის წიგნაკი დეპუტატობით გახსნას. ის განცდაც კი არ აქვთ, რომ ივანიშვილმა დანიშნა პარლამენტში, ამიტომ მათი ენის ტლიკინი ისეთივე მიუღებელი იყო, როგორც პრეზიდენტის საუბრები. 

თუმცა, აბსოლუტურად ობიექტური გამოსვლა ჰქონდა დიმიტრი ხუნდაძეს. მან პირდაპირ დასდო ბრალი ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის ლობირებაში. პრეზიდენტი ხვდებოდა ნარკომომხმარებლებისა და ნარკომავაჭრეების მხარეს და არც ერთხელ არ შეხვედრია მათ მოწინააღმდეგეებს. ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე მომუშავე ჯგუფში არიან ფსიქოლოგები, პედაგოგები, ინფექციონისტები, ნევროლოგები, ჩვენ _ პოლიტიკოსები, რომლებსაც ამ რეფორმაზე მუშაობის დიდი გამოცდილება გვაქვს. რეფორმის პაკეტი 2009 წელს სწორედ მე წარვადგინე. ამნისტია, რომლითაც ნარკომომხმარებლები გათავისუფლდნენ, ჩემი ინიცირებული იყო და პრეზიდენტს აზრადაც არ მოსვლია, შეგვხვედროდა. 

_ სწორედ ნარკოდანაშაულთან დაკავშირებული პირების შეწყალება გახდა პრეზიდენტის კრიტიკის ერთ-ერთი მიზეზი. ზოგადად, შეწყალების მისეულ პოლიტიკას თქვენც არასწორად მიიჩნევთ? 

_ მკვლელობაზე მძიმე დანაშაული ნარკოტიკებით ვაჭრობაა. ნარკომოვაჭრე ათასობით ახალგაზრდას კლავს, რომ გამდიდრდეს და პრეზიდენტმა მართლაც შეიწყალა ნარკოტიკებით ვაჭრობაში დადანაშაულებული პირები, რაც აბსოლუტურად უპასუხისმგებლო საქციელი იყო. სამართლიანი ეჭვი მიჩნდება, რომ შეწყალების კომისიაში, რომელსაც ზვიად ქორიძე ხელმძღვანელობს, ადგილი აქვს კორუფციას. ცილს ვერავის დავწამებ, მაგრამ ცუდი ხმები მოდის. შეწყალება სახელმწიფოს პრეროგატივაა და უნდა არსებობდეს, მაგრამ საქმე კარგად უნდა იქნას შესწავლილი. როცა მასობრივად თავისუფლდებიან ნარკომოვაჭრეები, ეს დანაშაულია. 

_ როგორ ფიქრობთ, მარგველაშვილის მიერ პარლამენტის ,,კარის გაჯახუნება'' საარჩევნო კამპანიის ნაწილი ხომ არ იყო? 

_ სლენგი რომ ვიხმარო, მარგველაშვილი ისევე ,,ავარდა'', როგორც სააკაშვილი _ ჩემი გამოსვლის დროს პარლამენტში და დატოვა დარბაზი. ეს არაა კარგი, მაგრამ არც ის ჩანდა კარგად, ერთი კაცი 150-ს რომ ,,ზედ აჯდა''. იმ პრეტენზიების აბსოლუტური უმრავლესობა, რაც ,,ოცნებამ'' პრეზიდენტს წაუყენა, ობიექტური იყო, ოღონდ მნიშვნელოვანია, ვინ ამბობს ამას _ ზოგს თავად აქვს უარესი ნაკეთები. მაცხოვარმა თქვა _ ქვა იმან ესროლეთ, ვისაც ცოდვა არ ჩაგიდენიათო. გუშინ თავად რომ იმ ,,ნეხვის ორმოში იწვნენ'', რის გამოც ახლა ქვას ისვრიან, დამაჯერებელი არაა. 

_ NDI-ს კვლევის მიხედვით, მარგველაშვილმა ცუდი შედეგი არ აქვს. თუ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, გამარჯვების შანსი ექნება? 

_ NDI-ს კვლევებს არ ვენდობი, ეს საზოგადოების აზრის კვლევა კი არა, შექმნაა და მას პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად იყენებენ. არ მგონია, მარგველაშვილს მაღალი რეიტინგი ჰქონდეს. 

ერთ რამეს გაგიმხელთ _ არსებობს აზრი, რომ მოხდეს ყველა ოპოზიციური ძალის სრული კონსოლიდაცია, რომ დააყენონ კანდიდატად პრეზიდენტი და მერე იყვირონ, არჩევნები გაყალბდაო. ხალხი ქუჩაში გამოიყვანონ და დასავლეთს აჩვენონ, თითქოს არჩევნები გაყალბდა და ,,წყალი აამღვრიონ''. 

ეს იდეა ამ ეტაპზე განუხორციელებელია, ვერ მოხერხდება ოპოზიციის გაერთიანება. მე და ნაციონალურმა მოძრაობამ ან გიგა ბოკერიამ როგორ უნდა წამოვაყენოთ ერთიანი კანდიდატურა მაშინ, როცა მიმაჩნია, რომ ესენი ციხეში უნდა ისხდნენ?! ამასთან, ოპოზიციაში არსებობს ხელისუფლების ,,სატელიტი'' პარტიები, მაგალითად, ,,ევროპული საქართველო'' და სხვ. მათი ფუნქცია ოპოზიციის ოპონირებაა, ხმები რომ ,,დაჩეხონ'', მერე მიულოცონ გამარჯვება და ამით ლეგიტიმაცია მიანიჭონ. პრინციპში, ახლა ემზადებიან იმისათვის, რომ არჩევნები გამოცხადდეს არალეგიტიმურად, რადგან ყველამ იცის, რომ წააგებენ. ამისთვის ყველაზე კარგად გამოდგება მარგველაშვილი და, სავარაუდოდ, ნაციონალური მოძრაობა და მასთან გაერთიანებული ჯგუფი მარგველაშვილის კანდიდატურაზე შეთანხმდებიან. 

_ წინასწარ იციან, მარგველაშვილი ვერ გაიმარჯვებს და წაგებისთვის ამზადებენ, რათა არჩევნების გაყალბების მიზეზით, ხალხი ქუჩაში გამოიყვანონ? 

_ რა თქმა უნდა, მიზანი ისაა, რომ ხალხი ქუჩაში გამოვიდეს. მეც მიმაჩნია, რომ არჩევნების გზით, შეუძლებელია ხელისუფლების ცვლილება, რადგან მას უზურპირებული აქვს საარჩევნო კანონმდებლობა, ფინანსური რესურსი, მედია. რჩება მშვიდობიანი, მაგრამ ქუჩაში გამოსვლის გზა, რისთვისაც საზოგადოება ჯერ მზად არაა. მიუხედავად იმისა, რომ 10-დან 8 ადამიანი ხელისუფლების მოწინააღმდეგეა, ჯერ სიძულვილი ისეთი მაღალი არაა, რომ უფულოდ მოახერხო ხელისუფლების ცვლილება. ვფიქრობ, 2020 წლისთვის საზოგადოებაში აგრესია ისე მოიმატებს, ეს შესაძლებელი გახდება. 

_ თქვენც აპირებთ აქციებში მონაწილეობას? 

_ ხალხი ქუჩაში უნდა გამოვიდეს არა იმისთვის, რომ სააკაშვილი მოვიდეს, არამედ იმისთვის, რომ პასუხი აგონ სააკაშვილმა და ხელისუფლების იმ ნაწილმა, რომელმაც უღალატა ხალხის ინტერესებს. 

_ ბატონო ჯონდი, ხელისუფლებას ალტერნატივა არ ჰყავს. არ მეთანხმებით? 

_ გეთანხმებით, რადგან არ არსებობს რესურსი. დღეს რომ ერთი ტელეარხი მაინც არსებობდეს, რომელიც სამართლიანად გააშუქებს პროცესებს და მინიმალური ფინანსური რესურსი იყოს, რაც საკმარისი იქნება საწვავის ჩასასხმელად და ბუკლეტების დასაბეჭდად, ხელისუფლებას ორ თვეში კანონიერად და მშვიდობიანად შევცვლიდი. 

_ ამისთვის ადამიანური რესურსი გაქვთ? შეგახსენებთ, რომ ერთკაციან პარტიებს გიწოდებთ ბევრი, მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარეც. 

_ ნაწილობრივ ვეთანხმები, ბევრი სახე არაა პარტიებში, თუმცა კობახიძეს უნდა ესმოდეს, რომ თუ მათ ალტერნატივა არ ჰყავთ, ეს მათი დანაშაულია. როცა პარტიას განვითარების რესურსი არ აქვს, უჭირს სახეების მოზიდვა. სხვათა შორის, კობახიძეს პოლიტიკაში თავი არ შეუქმნია. ბიძინა ივანიშვილის ხათრითაა დანიშნული. იგი ჩემი მეგობრის შვილია, განათლებული კაცია და დიდი პერსპექტივა აქვს, კარგი პოლიტიკოსი დადგეს, მაგრამ ასეთი განცხადებებით საზოგადოებას აღიაზიანებს. 

_ ბატონო ჯონდი, საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს ნინო ბურჯანაძეს დაუჭერთ? 

_ არა, მან თავისი შანსი გაუშვა. მე და ბურჯანაძემ კოალიცია 2014 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში შევქმენით და 11%-ზე მეტი ავიღეთ. ამ გადმოსახედიდან არ იყო დაბალი მაჩვენებელი და განვითარება შეიძლებოდა, მაგრამ ყველაფერი ქნა ბურჯანაძემ, სანამ 1%-ზე არ დაიყვანა. საერთოდ, საპრეზიდენტო არჩევნების მიმართ ოპტიმისტურად არ ვარ განწყობილი. დიდი შანსი აქვს ოპოზიციას, მაგრამ არ იყენებს, რადგან ჩემს კოლეგებს უყვართ არა საქართველო, არამედ _ საკუთარი თავი საქართველოში. თავის სარგებელს ვერ ხედავენ ან არაადეკვატურად აფასებენ და ამიტომაა ეს ქვეყანა ასეთ დღეში.

თათია გოჩაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში