Menu
RSS

საქართველოს ბანკმა რიგით მეოთხე საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა

სოციალური საწარმოების შესაქმნელად, 5 გამარჯვებული პროექტიდან თითოეული 50 000-ლარიან გრანტს მიიღებს!

საქართველოს ბანკმა საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა. ესაა სოციალური საწარმოების შექმნისა და ხელშეწყობის მიზნით ჩატარებული, რიგით მეოთხე საგრანტო კონკურსი. საგრანტო კონკურსის ორგანიზატორები არიან საქართველოს წამყვანი ბანკი და ფონდი ,,სიცოცხლის ხე''. ამ კონკურსის ფარგლებში, სოციალური საწარმოების პროექტის ისეთი იდეა ფინანსდება გრანტით, რომელიც სოციალურად აქტუალური საკითხების მოგვარებასა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირთა დასაქმებას უზრუნველყოფს.

საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის, კახა კიკნაველიძის განცხადებით, 2017 წელს, საგრანტო კონკურსში სოციალური საწარმოს 103 პროექტი მონაწილეობდა. ექსპერტებისგან დაკომპლექტებულმა დამოუკიდებელმა ჟიურიმ მათგან 11 ფინალისტი შეარჩია, ხოლო საბოლოოდ, 5 გამარჯვებული პროექტი გამოვლინდა. გამარჯვებული პროექტების განსახორციელებლად, თითოეული მათგანი საქართველოს ბანკისგან გრანტის სახით, 50 000 ლარს მიიღებს: 

,,ჩვენმა საქველმოქმედო ფონდმა ,,სიცოცხლის ხე'' და საქართველოს ბანკმა, სოციალური პროექტების რიგით მეოთხე კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა. ჩვენ ხუთი საუკეთესო სოციალური პროექტი შევარჩიეთ და გამარჯვებულებს გრანტის სახით _ 50 000 ლარს გადავცემთ. მოხარულები ვართ, რომ ამ კონკურსს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რადგან მასში ასზე მეტი პროექტი მონაწილეობდა, რომელთაგან დამოუკიდებელმა ჟიურიმ 5 გამარჯვებული გამოავლინა. ეს პროექტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განხორციელდება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ სოციალურ საწარმოებში შშმ პირები დასაქმდებიან'', _ განაცხადა კახა კიკნაველიძემ. 

რაც შეეხება საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ პროექტებს, ესენია: ფონდ ,,ექსესის'' პროექტი ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის შესახებ _ charte.ge. მისი მიზანია, განათლებასა და ინტერნეტზე წვდომის ხელშეწყობა, ასევე Crowdfunding პლატფორმის შექმნა. ამ პროექტის ფარგლებში, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს, მათ შორის, საზღვრისპირა სოფლებში, სასწავლო პროცესში დაუჭერენ მხარს. ეს ნიშნავს, რომ მისაღები გამოცდებისთვის ისინი კომპიუტერებს მიიღებენ, მათ ოჯახებში ინტერნეტს გაიყვანენ და რაც მთავარია, დისტანციური სასწავლო პროცესის შესაძლებლობაც მიეცემათ. 

მეორე გამარჯვებული პროექტია სოციალური საწარმო ,,მწვანე საჩუქარი, რომლის მისიაა გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარება. ამ მიზნით, საწარმო მიზნად ისახავს ქაღალდის ნარჩენების შეგროვება-გადამუშავებასა და პროდუქციის დამზადება-რეალიზებას. პროექტის ფარგლებში, საწარმო სპეციალური დანადგარებით აღიჭურვება, ხოლო შემდგომი დასაქმების მიზნით, ორი შშმ პირი სასწავლო პროცესში ჩაერთვება. ისინი ციფრულ ხატვასა და 2D გრაფიკულ დიზაინს შეისწავლიან. რაც მთავარია, საწარმოს საქმიანობის შედეგად, გარემოზე მავნე ზემოქმედება შემცირდება. 

მესამე გამარჯვებული პროექტია ორგანიზაცია ,,ვივა არტეს'' იდეა, რაც ქართული ცქრიალა ღვინის საწარმოს შექმნას გულისხმობს. კერძოდ, არტ-ვილა ,,გარიყულას'' ტერიტორიაზე, ფრანგული მეთოდით, ცქრიალა ღვინის დამამზადებელი სოციალური საწარმო შეიქმნება, სადაც კასპის რაიონში მცხოვრები შშმ პირები დასაქმდებიან. 

მეოთხე გამარჯვებული პროექტია განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის იდეა, რაც დასუფთავების სერვისს Perfect Clean-ს გულისხმობს. პროექტის ფარგლებში, სოფელ საგურამოში, აგარაკების დასუფთავებისა და გამწვანების სერვისს შესთავაზებენ, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე ამავე სოფელში მოქმედი შშმ პირთა დღის ცენტრის ბენეფიციარები. 

საგრანტო კონკურსის მეხუთე გამარჯვებულია ორგანიზაცია ,,ერთად რეალური ცვლილებებისთვის'' პროექტი, რაც სიღნაღის რაიონის სოფელ ნუკრიანში, შშმ პირებისთვის ადაპტირებული საცხობის შექმნას, ამ საცხობში მათ დასაქმებასა და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოებას გულისხმობს. მნიშვნელოვანია, რომ ეს საცხობი კახეთის ტურისტული მარშრუტის ნაწილი გახდება _ უცხოელ ვიზიტორებს ცხობის პროცესში ჩართვის შესაძლებლობა მიეცემათ. მეტიც, ეს საცხობი ნუკრიანში განთავსებულ დღის ცენტრს საკუთარი პროდუქციით სრულად მოამარაგებს. 

საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტების გამოვლენის შემდეგ, ერთ-ერთ მათგანს, ორგანიზაცია ,,ერთად რეალური ცვლილებებისთვის'' წარმომადგენელს, ნანა ლომაძეს გავესაუბრეთ: 

,,სოციალური პროექტებისა და ზოგადად, სოციალური საწარმოების მხარდაჭერა მეტად მნიშვნელოვანია. ამგვარი პროექტების საშუალებით, აქტიურად უნდა ჩავერთოთ და გადავჭრათ ის პრობლემები, რაც სწორედ იმ მოწყვლად, სამიზნე ჯგუფებს გააჩნიათ, რომლებსაც ჩვენ ვემსახურებით. კარგია, რომ ამ იდეს ბიზნესი, კერძოდ, “საქართველოს ბანკი'' და ფონდი ,,სიცოცხლის ხე'' უჭერენ მხარს. მათ სწორად დასვეს პრიორიტეტები და კარგი იქნება, თუ ეს სხვა ბიზნეს-სექტორისთვისაც მაგალითი იქნება. ასეთი მხარდაჭერის შედეგად, სოციალური სფერო მეტად გაძლიერდება და თემიც უფრო მყარად დადგება ფეხზე''. 

სოციალურ საწარმოებს საქართველოს ბანკი 2017 წლიდან აფინანსებს. მთლიანობაში, 10 სოციალური საწარმოს შესაქმნელად, ბანკმა 386 917 ლარის დაფინანსება გამოყო. 

მაია მიშელაძე

დაბრუნება დასაწყისში