Menu
RSS

„ოპოზიციის მხრიდან მარგველაშვილის კანდიდატად დასახელება პარაზიტის ქმედებას ჰგავს!“

ექსპერტები მარგველაშვილის პარლამენტიდან „გაქცევას“ აფასებენ

საპრეზიდენტო არჩევნები მოახლოვდა და პრეზიდენტობის რამდენიმე კანდიდატის ვინაობა უკვე ცნობილია. შალვა ნათელაშვილი, ნინო ბურჯანაძე, სანდრო ბრეგაძე და ,,გირჩელი'' ზურაბ ჯაფარიძე ქვეყნის პირველი პირის სტატუსისთვის იბრძოლებენ. კულუარებში კი ისევ აქტუალური რჩება თემა _ გიორგი მარგველაშვილი ოპოზიციის კანდიდატად... ზოგი ოპოზიციონერი ირწმუნება, რომ მარგველაშვილი საკუთარ თავს კანდიდატად მალე დაასახელებს, თუმცა ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ჯერ დუმს. თუმცა, სწორედ საარჩევნო პიარ-კამპანიის ნაწილად და დადგმულ შოუდ ჩათვალა ზოგმა პრეზიდენტის მიერ პარლამენტის დემარშით დატოვება. ამბობენ, მარგველაშვილმა ჩაგრულის ,,მანტია მოისხა'', რათა წინასაარჩევნოდ ხალხს შეებრალოს და ხმა მისცენო. ,,ვერსია'' დაინტერესდა, პრეზიდენტის მიერ პარლამენტის ბოიკოტის ნიშნად დატოვება და წლიური ანგარიშის შეწყვეტა წინასწარ დადგმული შოუ იყო, თუ მარგველაშვილმა, უბრალოდ, ემოციები ვერ გააკონტროლა? რამდენად მისაღები იყო ქვეყნის პირველი პირისგან, კონსტიტუციის გარანტისგან რეგლამენტის, ანუ კანონის დაჟინებით შეცვლის მცდელობა? როგორ იმოქმედებს მისი ეს ქმედება არჩევნების შედეგებზე თუ მან მეორე ვადით პრეზიდენტობა გადაწყვიტა? _ ამ კითხვებით პოლიტიკურ ექსპერტებს მივმართეთ:

გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურად სპონტანურად მიიღო: ,,მიუხედავად იმისა, რომ ეტყობოდა, ემზადებოდა ამგვარი დაპირისპირებისთვის, საქართველოში ხომ ასე ხდება _ ორი მონოლითი ეჯახება ერთმანეთს და შემდეგ ,,ნერვების თამაში'' ირთვება. როგორც პოლიტიკოსის მხრიდან, რბილად რომ ვთქვთ, ეს შეცდომა და არასწორი საქციელი იყო, რითაც დაადასტურა, რომ პოლიტიკოსის სტატუსი მისთვის მძიმე და არაკომფორტულია. ადამიანურად შემიძლია გავიგო მისი ემოციები ზღვარგადასულ უსამართლობაზე. რობოტები კი არა, ადამიანები ვართ და ასეთი რეაქცია ბუნებრივია. ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ პოლიტიკაში ყოფნა არ არის მარგველაშვილის ბუნებრივი მდგომარეობა. კრიტიკა შესაძლებელია, მაგრამ სხვა საკითხია, როცა ის ბრალდებაში გადადის. შეწყალების საკითხს რაც შეეხება, პრეზიდენტი, ლამის, ბარნოვზე მომხდარი საშინელი ტრაგედიის თანამონაწილედ გამოჰყავთ, რაც უსამართლობაა. როგორ შეიძლება, ასეთი მძიმე ბრალდებები წაუყენო ადამიანს და ,,შეახოცო ხელი'', როცა პრობლემა სისტემურია?!'' 

რაც შეეხება რეგლამენტის შეცვლის მოთხოვნას, ხუხაშვილი აცხადებს, რომ განსაკუთრებით აღმაშფოთებელი იყო არა პრეზიდენტის მოთხოვნა, არამედ ის, თუ როგორ მოიქცა ამის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე: ,,კანონის იმპერატიული მოთხოვნა იყო, რომ რეგლამენტის შეცვლა არ შეიძლეობდა და პარლამენტის თავმჯდომარემ კენჭი, ფაქტობრივად, იმას უყარა, კანონი დაერღვიათ თუ _ არა. რა ჩაიდინა მან, როგორ შეიძლებოდა კენჭისყრა იმაზე, კანონი დაერღვიათ თუ არა?! საბოლოო ჯამში სამართლებრივ აბსურდში შევიდა.'' 

თუ მარგველაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა, ეს ქმედება მისთვის კარგი არაფრის მომტანი იქნება: ,,საერთოდ არ ვურჩევდი არჩევნებში მონაწილეობას, ეს არაა მისი ბუნებრივი მდგომარეობა'', _ აცხადებს ხუხაშვილი და ოპოზიციის მცდელობას, საერთო კანდიდატად სწორედ გიორგი მარგველაშვილი დაასახელონ ასე ხსნის: ,,ოპოზიციაში საერთოდ არარაობები არიან, მარგველაშვილი კი რაღაცას მაინც წარმოადგენს. თვითონ ნულები არიან და ამით შეიძლება რამდენიმე პროცენტი მაინც მიიღონ. კლასიკური პარაზიტის საქციელია, რომელიც მკვებავ სხეულს უნდა მიებას, რაც არ უნდა სუსტი იყოს ის სხეული, რადგან სხვა არავინ არის.'' 

ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, პრეზიდენტის მიერ პარლამენტის ბოიკოტის წესით დატოვება წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი არ უნდა ყოფილიყო, რადგან ამ ნაბიჯით მან ქულები ვერ მოიპოვა, რაც უმრავლესობამ მის წინააღმდეგ გამოიყენა: ,,დებატების ფორმა შეთანხმებული იყო, ეს გაწერილია კანონით, რეგლამენტით და წინასწარ უნდა ყოფილიყო ამაზე საუბარი, შუა პროცესში რეგლამენტის შეცვლის მოთხოვნა, სწორი არაა. მითუმეტეს, ვფიქრობ, მას კარგი, კონსტრუქციული გამოსვლა ჰქონდა. პრაქტიკულად, ყველა საკითხს შეეხო და დეტალებში რომ წასულიყო, 3-4 საათი მაინც დასჭირდებოდა. ასეთი კარგი გამოსვლის შემდეგ, ჩემთვის მოულოდნელი იყო, მის მიერ დარბაზის დატოვება. გასაგებია, ძნელი მოსასმენია ის კრიტიკა, რაც მის მიმართ ისმოდა, მაგრამ ეს რომ მოსალოდნელი იყო, უნდა სცოდნოდა და მომზადებულიყო. მიმაჩნია, რომ იქ პოლიტიკური მომენტი გაცილებით მეტი იყო, ვიდრე _ სამართლებრივი და, თუ მოინდომებდა უმრავლესობა, რაღაც ფორმულირების მოძებნა ისე შეიძლებოდა, რომ რეგლამენტიც არ დარღვეულიყო. პრეზიდენტს რეპლიკის უფლება უნდა გამოეყენებინა, რაზეც არ წავიდა უმრავლესობა, პრეზიდენტმაც ჯიუტად სხვა ნაბიჯი გადადგა და მივიღეთ ის, რაც მოხდა.'' 

ძაბირაძე აცხადებს, რომ, ზოგადად, პრეზიდენტი პირდაპირი წესით არ უნდა იქნას არჩეული: ,,სულ მალე ვნახავთ, რა დღეში ჩავარდებიან კანდიდატები, როცა ამომრჩეველს უნდა დაპირდნენ იმას, რისი გაკეთების საშუალებაც არ ექნებათ. არსებული უფლებამოსილება პრეზიდენტს რეალურად არაფრის გაკეთების საშუალებას არ აძლევს, ამიტომ ეს არჩევნები საცოდაობა იქნება. თუ კანდიდატი გულწრფელი იქნება, უნდა თქვას, რომ იქნება ე.წ. არბიტრი და პოლიტიკური დამბალანსებელი, კონსტიტუციის გარანტი. ანუ უნდა ილაპარაკოს იმ თემებზე, რაც მოსახლეობას საერთოდ არ აინტერესებს. გამოდის, სანამ სახელმწიფოს მეთაურს ავირჩევთ, ვაიძულებთ, იცრუოს. ვინც გულწრფელი იქნება და იტყვის სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებს მე ვერ მოგიგვარებთ, ის უნდა აირჩიოს ხალხმა.'' 

ლევან ალაფიშვილის აზრით, ბოლო პერიოდში შექმნილი პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, ყველა ასეთი შეხვედრა დიდი პოლიტიკური შოუს ელემენტების თანხლებით მიმდინარეობს, რაც, ინსტიტუციური თვალსაზრისით, კარგი ნამდვილად არაა: ,,ეს არაა ის საკითხი, რაზეც უმაღლესი კონსტიტუციური ინსტიტუტები უნდა ექიშპებოდნენ ერთმანეთს. პრეზიდენტი პარლამენტში წელიწადში ერთხელ მიდის და თუ რამე დასარეგულირებელია, კეთილი ინებონ და ისე გააკეთონ, რომ ჩვენ არ დაგვანახონ. პრეზიდენტის ეს ქმედება გაუმართლებელი იყო. საერთოდ კატასტროფა მოხდა, როცა პარლამენტის თავმჯდომარემ რეგლამენტის შეცვლის საკითხი დააყენა კენჭისყრაზე და ამით ,,კუნთები აჩვენა'', რამდენი ვართო. მოვძებნოთ რეგლამენტში, თუ წერია სადმე, პრეზიდენტმა უნდა გასცეს თუ არა პასუხი და როდის უნდა გასცეს პასუხი?, _ თუ პოლიტიკური კულტურა არსებობს, ეს ძნელი გადასაწყეტი არ უნდა ყოფილიყო და საკითხი კენჭისყრამდე არ უნდა მისულიყო. სწორედ ამან გამოიწვია ოპოზიციის სამართლიანი შენიშვნა, კანონი ყველასთვის ერთიანია და არა _ ვიღაცისთვისო.'' 

ალაფიშვილი ,,ვერსიასთან'' საუბრისას პირველად აცხადებს, რომ თუ მარგველაშვილმა საარჩევნო კალენდარი დაამოკლა, ანუ გადადგა და ახლავე გახდა არჩევნების ჩატარება საჭირო, მას გამარჯვების შანსი აქვს: ,,გადადგომით შეუძლია, ძალიან ცუდ დღეში ჩააგდოს ,,ოცნება'', რადგან კანდიდატი არ ჰყავთ და ვერც ე.წ. დარასკრუტკებას მოასწრებენ. მისი პოზიციისა და ისტორიული მოცემულობის გათვალისწინებით, მე ამ ნაბიჯს გადავდგამდი და ვიფიქრებდი, როგორ განვითარდებოდა მოვლენები ჩემ გარეშე და ჩემთან ერთად. თუმცა მისი საუბრიდან ლოგიკურ თანმიმდევრობას ვერ ვსაზღვრავ და ძნელი გამოსაცნობია, რას აპირებს ის...'' 

არჩილ გამზარდია პრეზიდენტის ამგვარ ქცევას შოუს დადგმის მცდელობას არ უწოდებს და განმარტავს, რომ თუ მარგველაშვილს ამის გაკეთება სურდა, მაშინ მისი გამოსვლის პირველი ნაწილი ეფექტური უნდა ყოფილიყო: ,,ბევრად თავისუფლად შეეძლო პრეზიდენტს ხელისუფლების ეფექტური კრიტიკა. პრეზიდენტის მხრიდან მთავრობასა და პარლამენტზე ნეგატიური შეფასებების სივრცე ბევრად მეტია, ვიდრე თავად პრეზიდენტზე. პრეზიდენტი მომგებიან რეჟიმშია ამ კუთხით, მაგრამ ეს ვერ გამოიყენა და წმინდა ადამიანურად მის სისუსტეზე იმოქმედბეს, ემოციურ ნიადაგზე მოიქცა ასე. თუ რეგლამენტში ცვლილება უნდოდა, თავიდანვე უნდა ეთქვა. საერთოდ, კრიტიკაზე ბოლოს საპასუხო სიტყვის თქმა ძალიან კარგი საშუალებაა, რადგან იმ ყველაფერს იტყოდა, რასაც საჭიროდ ჩათვლიდა და მის შემდეგ აღარაფერი ითქმებოდა.'' 

არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში მარგველაშვილის გამარჯვების შანსი, გამზარდიას აზრით, იმაზე მეტია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს: ,,ამის თქმის მოტივაციას მაძლევს ის ნეიტრალური ამომრჩეველი, რომელიც არჩევნებზე არ დადის. ეს არის თითქმის 60%. თუ ამომრჩეველი გააქტიურდება, მოინდომებს, რომ პრეზიდენტი იყოს არა ,,ოცნების'' კანდიდატი, არამედ ,,ოცნების'' მიმართ კრიტიკულად განწყობილი პიროვნება, თუ მარგველაშვილი დაარწმუნებს საზოგადოებას, რომ მეორე ვადით არჩევის შემთხვევაში, ხელისუფლების აქტიური კრიტიკოსი იქნება, შანსი გაეზრდება. მას აქვს საკმაოდ კარგი გავლენა არასამთავრობო სექტორზეც. 

ბევრი ფაქტორია, რამაც შეიძლება შანსი მკვეთრად გაუზარდოს თუ, რა თქმა უნდა, საპრეზიდენტო კანდიდატად არ აღმოჩნდება ბიძინა ივანიშვილი. ახლა კანონი არ იძლევა ამის საშუალებას, მაგრამ ,,ოცნებას'' შეუძლია, შეცვალოს კანონი და ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირზე დროებით მაინც მოარგოს. სხვა ნებისმიერ შემთხვევაში, არ მეგულება კანდიდატი, რომელიც უკონკურენტო იქნება ადმინისტრაციული რესურსის გარეშე. მარგველაშვილს კი ეს რესურსი აქვს. ის რომ ,,ოცნება'' მის შანსებს აფასებს, კარგად ჩანს მიმდინარე აქტიური კამპანიიდან. თუ დავინახავთ, ,,ოცნება'' რაზეა ფოკუსირებული, მივხვდებით, ვის მიიჩნევს სერიოზულ კონკურენტად, რადგან ჯერ არ დასახელებული პრეზიდენტობის კანდიდატის მიმართ კამპანია უფრო მეტია, ვიდრე _ დასახელებულების მიმართ.''

თათია გოჩაძე

დაბრუნება დასაწყისში